ზელენსკი დანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლლოდიმირ ზელენსკი შვედეთისა და ნიდერლანდების შემდეგ დანიას ეწვია. როგორც ზელენსკის Twitter-ზე განთვსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის პრეზიდენტი დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიქსენს შეხვდება. დაგეგმილია მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც.

„ჩვენ ვაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას, ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს ჩვენი მეომრებისთვის და წინ ვწევთ F-16-ების საკითხს,“ - წერია Twitter-ზე ზელენსკის სახელით განთავსებულ პოსტში.


შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.

თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია, სადაც განაცხადა, რომ უკრაინა F16-ის ტიპის 42 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს. უკრაინის პრეზიდენტი დღეს, 20 აგვისტოს ნიდერლანდების პრეზიდენტს, მარკ რუტეს ეინთჰოვენში, ნიდერლანდების საჰაერო ბაზაზე შეხვდა.


თავის მხრივ, ნიდერლანდებმა და დანიამ ერთობლივი განცხადებით დაადასტურეს, რომ უკრაინას F16-ის ტიპის თვითმფრინავებს გადასცემენ, თუმცა ზუსტი რაოდენობა არც ამ განცხადებაშია მითითებული. შეკითხვას, თუ რამდენი თვითმფრინავი მიეწოდება უკრაინას, თავის მხრივ, მარკ რუტემ უპასუხა, რომ ნიდერლანდებს ამჟამად F-16-ის ტიპის 42 თვითმფრინავი ჰყავს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ იტყვის, რამდენი მათგანი გადაეცემა უკრაინას.