რა უპირატესობის მოპოვებას ელოდება უკრაინა F-16-ის მიღებით და რას შეცვლის დასავლური ავიაგამანადგურებელი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპკერის, იური იგნატის განმარტებით, უკრაინაში დასავლური წარმოების თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავებს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით განსაკუთრებული პრობლემები არ აქვთ.

იგნატის თქმით, თვითმფრინავები ევრო 2012-ის ფარგლებში უკრაინაში დაეშვნენ და უკრაინელი პილოტები მას უკვე იცნობენ. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის სპკერის თქმით, ტრენინგები 2018 წელსაც ჩატარდა, როდესაც უკრაინელ პილოტებს გამოცდილება გაუზიარეს.

ის ხაზს უსვამს, რომ დასავლურ F-16-ის ტიპის მებრძოლებს შეუძლიათ, შეცვალონ მოვლენების მიმდინარეობა საკონტაქტო ხაზზე, რადგან საჰაერო ფარი სახმელეთო ოპერაციების წარმატების გასაღებია. 


„მე ვთქვი, რომ ჩვენ მოვიგებთ ომს (F-16-ებით). ჩვენ მაშინვე არ გავიმარჯვებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ F-16-ებს შეუძლიათ, შეცვალონ მოვლენების მიმდინარეობა; მათ შეუძლიათ, მოგვცენ ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება: საჰაერო უპირატესობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - ამბობს იგნატი.


ის აღნიშნავს, რომ მაგალითად, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაახლოებით რვა-ცხრა რუსული მებრძოლია, რომლებიც ამ წამებში მართვად საჰაერო ბომბებს და საავიაციო რაკეტებს უშვებენ“.

„ისინი ამის გაკეთებას ვეღაც შეძლებენ. საჰაერო უპირატესობა არის წარმატების გასაღები ადგილზე; ჩვენ ყველამ უნდა გვესმოდეს ეს,“ - განმარტა იგნატმა.


ამასთან, იური იგნატის განცხადებით, საჰაერო სივრცეში უპირატესობის მოპოვებისთვის ქვეყანას 128 მრავალმიზნობრივი გამანადგურებელი სჭირდება.

„უკრაინის საჰაერო ძალების ხედვით, რომელიც გადაიარაღებასაც გულისხმობს, ლაპარაკია 128 ასეთ გამანადგურებელზე, რაც საკმარისი იქნებოდა ტექნიკის მოძველებული პარკის შეცვლისთვის და გადანაწილებისთვის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს, დაახლოებით, 4 საავიაციო ბრიგადაა," - ამბობს იგნატი.


შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.

თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.


უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.


რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.

ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.


ინფორმაციისთვის, F-16 არის ამერიკული ერთძრავიანი ზებგერითი მრავალფუნქციური გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომელიც თავდაპირველად General Dynamics-ის მიერ შეერთებული შტატების საჰაერო ძალებისთვის (USAF) შეიქმნა. წარადგინეს როგორც საჰაერო უპირატესობის დღის გამანადგურებელი, თუმცა იქცა ყველა ამინდის პირობებში მრავალფუნქციურ თვითმფრინავად. 4600-ზე მეტი თვითმფრინავი შეიქმნა მას შემდეგ, რაც მისი წარმოება 1976 წელს დამტკიცდა.