პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნებში, თუ იმაზე მეტი მფრინავის მომზადება იქნება საჭირო, ვიდრე ევროპელებს შეუძლიათ მოამზადონ. მისი თქმით, მფრინავების საერთო რაოდენობას, რომლებსაც წვრთნები დასჭირდებათ, უკრაინელები დაადგენენ.
„აშშ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს უკრაინელი მფრინავების წვრთნაში, თუ მათი რიცხვი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ევროპის ქვეყნებს შეუძლიათ მოამზადონ. ეს არის პირობა. თუ დანია და ნიდერლანდები უხელმძღვანელებენ წვრთნებს და მათ უბრალოდ არ ექნებათ შესაძლებლობა, მოამზადონ იმდენი მფრინავი, რამდენის გაგზავნასაც უკრაინა აპირებს, მაშინ ჩვენ დავეხმარებით," - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.
რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს.