ბულგარეთის მთავრობამ ოთხშაბათს გამართულ შეხვედრაზე გადაწყვიტა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 150 000 ევრო გამოუყოს.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეს არის ბულგარეთის თანმიმდევრული პოზიციის დადასტურება ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს ტანჯვის შემსუბუქებას და უკრაინის მოსახლეობის დახმარებას.
ბულგარეთის ჰუმანიტარული დახმარება სამ ნაწილად გადაეცემა გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისს, გაეროს ბავშვთა ფონდს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს.
დაფინანსება ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული ბიუჯეტიდან გამოიყოფა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბულგარეთი უკრაინას დაახლოებით, 100 ერთეულ ჯავშანმანქანას მიაწვდის.
ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ბულგარული მხარე ჯავშანტექნიკას პირდაპირ კიევს გადასცემს და არა შუამავლების მეშვეობით, როგორც ამას ადრე აკეთებდა.
ბულგარეთის ამჟამინდელმა პროდასავლურმა მთავრობამ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაუჭირა მხარი უკრაინის NATO-ში შესვლას.
ბულგარეთი უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების დეკლარაციას შეუერთდა.
ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას. მას ბრალი დასდეს პრორუსულ პოზიციაში მას შემდეგ, რაც 2021 წლის საპრეზიდენტო დებატების დროს, ყირიმს „რუსული“ უწოდა.
პარლამენტმა კიევისთვის იარაღის მიწოდება გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა. სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი დროებითმა კაბინეტმა უზრუნველყო, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, შემდგომი დახმარება, სწორედ რადევმა დაბლოკა.
„თუმცა, ახალი მთავრობა, რომელიც ივნისის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრ მიკოლა დენკოვის დროს ჩამოყალიბდა, როგორც ჩანს, აქტიურ ნაბიჯებს დგამს, რათა დაეხმაროს უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში“, - წერს უკრაინული მედია kyivindependent-ი.
ბულგარეთმა უკრინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შესახებ ოფიციალურად პირველად 14 ივლისს განაცხადა.
-
ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს ნათქვამი შეუსწორა: ეს კონფლიქტი კი არა, ომია
-
უკრაინა აკრიტიკებს ბულგარეთის პრეზიდენტს, რომელიც ომში კიევს ადანაშაულებს - Politico