აშშ უკრაინელი მფრინავების წვრთნას ამერიკული წარმოების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, ეროვნული გვარდიის ბაზაზე დაიწყებს. Associated Press-ის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონმა ხუთშაბათს, 24 აგვისტოს განაცხადა.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართა.
ტრენინგი მორისის საჰაერო ბაზაზე, ტუსონში, არიზონას შტატში ჩატარდება.
სექტემბერში კი მფრინავები პირველ რიგში ლაკლენდის საჰაერო ძალების ბაზაზე სან ანტონიოში, ტეხასში ჩავლენ, რათა ინსტრუქციები ინგლისურად აითვისონ და თვითმფრინავის ექსპლუატაციისთვის საჭირო ცოდნის დონე აიმაღლონ. ამის შემდეგ კი, აშშ დაიწყებს უკრაინელების წვრთნას უკვე F-16 საბრძოლო თვითმფრინავების ფრენისთვის.
„გამოცდილი პილოტებისთვის ტრენინგი შეიძლება, დაახლოებით ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდეს,“განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა პეტ რაიდერმა.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს. სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უკრაინულ მედიას 19 აგვისტოს განუცხადა.
რეზნიკოვის თქმით, მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის.