თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ რისკებს გათვალისწინებით, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივის“ ალტერნატივა სხვა ვარიანტი ვერ გახდება.
მან ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების აღდგენისთვის ძალისხმევას განაგრძობს.
„ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ეძებენ ალტერნატიულ გზებს მარცვლეულის ექსპორტისთვის. თუმცა ასევე ვხედავთ, რომ ეს გზები არ შეიძლება, ალტერნატივად განიხილებოდეს, რადგან ეს რისკებს შეიცავს,“ - განაცხადა ფიდანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
თურქმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის საშუალებით, 33 მილიონ ტონაზე მეტმა მარცვლეულმა და საკვები პროდუქტმა საერთაშორისო ბაზრებს მიაღწია.
„ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ყველა მხარესთან ყველა დონეზე“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ინიციატივის აღდგენა თურქეთისთვის პრიორიტეტულია.
„მარცვლეულის ინიციატივას“ განსაკუთრებული ადგილი უკავია გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული ძალისხმევისთვის. თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „ძალიან სისტემატურად“ მუშაობს,“ - აღნიშნა ფიდანმა.
მან მადლობა გადაუხადა უკრაინელებს ამ საკითხთან მიმართებით „კონსტრუქციული მხარდაჭერისთვის.“
-
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: მჯერა, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია
-
ზელენსკი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შეგახსენებთ, მარცვლეულის დერეფნის მუშაობის შეწყვეტის შემდეგ, მოსკოვი სამხედრო სამიზნედ განიხილავს უკრაინის პორტებში მიმავალ სავაჭრო გემებს. თავის მხრივ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2023 წლის 21 ივლისს 00:00 საათიდან ყველა გემი, რომელიც მიემართება შავი ზღვის წყლებში რუსეთის ფედერაციის საზღვაო პორტებისა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საზღვაო ნავსადგურების მიმართულებით, უკრაინამ შეიძლება, სამხედრო ტვირთის გადამზიდად ჩათვალოს. ვაშინგტონი ამ ფონზე აცხადებდა, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ:
დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა.
დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.
კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს.