სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ჩადის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი განაგრძობს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში, პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი, ვილნიუსში ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას,“ - წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.

ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს. 


საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.

6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.

პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.