უკრაინის საზღვაო ძალების პრესსპიკერის, დმიტრო პლეტენჩუკის განცხადებით, ამ დრომდე შავი ზღვის დროებითი დერეფნის გავლით, ოდესის პორტები შვიდმა გემმა დატოვა.
საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს მოიცავს ხუთ ხომალდს, რომლებიც ოდესის პორტებში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე იყო გაჩერებული და ასევე, ორ ხომალდს, რომლებიც პორტში ახლახან შევიდნენ.
სპიკერმა აღნიშნა, რომ შავი ზღვის გავლით გემების ტრანზიტის საფრთხე ძირითადად გამოწვეულია რუსული ავიაციისა და სარაკეტო დარტყმებით.
პლეტენჩუკის თქმით, რუსეთი ღია ზღვაში თავისი ხომალდების განლაგებისგან თავს იკავებს, უკრაინული ძალების მიერ მათი განადგურების შიშის გამო.
შეგახსენებთ, დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.
ცნობისთვის, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.
თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა მიმდინარე წლის 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.
უკრაინამ 10 აგვისტოს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში სამოქალაქო გემებისთვის „დროებითი დერეფანი“ შექმნა.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, იასარ გულერმა 13 აგვისტოს განაცხადა, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენას ცდილობს. გულერი დარწმუნებულია, რომ თურქეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენა შეუძლია.
ასევე წაიკითხეთ:
დროებითი დერეფნის ამოქმედების შემდეგ, ოდესის პორტი პირველმა გემმა 16 აგვისტოს დატოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 აგვისტოს განაცხადა, რომ ოდესის პორტიდან გასულმა პირველმა სამოქალაქო გემმა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი გაიარა.
დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.
კონტეინერმზიდი „იოზეფ შულტე“ სტამბოლის პორტში შევიდა. ამას ადასტურებს MarineTraffic-ის იმ სამსახურის მონაცემებიდან, რომელიც გემების მოძრაობას აკონტროლებს.