ნიდერლანდებიდან უკრაინაში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება მომავალ წელს დაიწყება, განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლლონგრენმა MSNBC-სთან ინტერვიუში 26 სექტემბერს.
მინისტრის შეფასებით, მეოთხე თაობის რეაქტიულ თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების მომზადებას შეიძლება ექვს-რვა თვე დასჭირდეს, რაც ჰოლანდიელი პილოტების ჩვეულ წვრთნაზე უფრო მოკლე პერიოდია.
თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზუსტი ვადები არ არის ნათელი და რომ სხვა პერსონალმა, როგორებიც არიან ტექნიკოსები, ასევე უნდა გაიარონ ტრენინგი. ოლონგრენმა განაცხადა, რომ დანიამ უკვე დაიწყო უკრაინელი მფრინავების სწავლება, მალე კი, აშშ-შიც დაიწყება წვრთნები, ხოლო ნიდერლანდები რუმინეთში სასწავლო ცენტრს ამზადებს.
კოპენჰაგენმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინა ახალი წლისთვის მიიღებს ექვს დანიური F-16-ის პირველ პარტიას.
თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.
უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინერებმა და ტექნიკოსებმა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნა დაიწყეს.
მომზადების მინიმალური ვადა 6 თვეს შეადგენს. უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.
ნიდერლანდების პრემიერმა, მარკ რუტემ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეინდჰოვენის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ნიდერლანდებში ვიზიტისას ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ კიევი 42 ერთეულ F-16-ს მიიღებს. ნიდერლანდებს რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
ნიდერლანდებიდან ზელენსკი დანიაში ჩავიდა. დანიაში მისი ვიზიტისას გამოცხადდა, რომ კოპენჰაგენი უკრაინას F-16-ის ტიპის 19 თვითმფრინავს გადასცემს. 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინას F-16-ის ტიპის თვითმფრინავებს ნორვეგიაც გაუგზავნის. აშშ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებისთვის უკრაინელი მფრინავების წვრთნას შემოდგომაზე დაიწყებს.