საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს.
პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება უადგილოა, „იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება.“
„თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, „ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.“
„ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი.
ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.
საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა.
6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.
7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.