პაველ ჰერჩინსკი: იმედი მაქვს, რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის რეკომენდაციები დადებითი იქნება.

„მსურს გითხრათ, თუ რა არის შედეგი, მაგრამ სამწუხაროდ, მე ეს არ შემიძლია. არა იმიტომ, რომ არ მინდა, უბრალოდ, არ ვიცი. ამ წუთებში, ბრიუსელში ჩემი უფროსები მუშაობენ საქართველოსთვის გაფართოების პირველი ანგარიშის დასასრულებლად, რომელიც წევრი სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს.


იმედი მაქვს, რომ ეს რეკომენდაციები დადებითი იქნება და ევროკომისია, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო, საქართველოს ევროკავშირის გზაზე წინსვლისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

სამწუხაროდ, ჩვენ 8 ნოემბერს უნდა დაველოდოთ. გაფართოების ანგარიში საქართველოსთვის და სხვა ცხრა სახელმწიფოსთვის საჯარო იქნება და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი პოზიტიური მიმართულებით წარიმართება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.



შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს გამოქვეყნდა აშშ-ევროკავშირის სამიტის ერთობლივი განცხადება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. მასში ასევე ხაზგასმულია, რომ ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება. აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი.


  • „ჩვენ სრულად ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვადასტურებთ ჩვენს საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისადმი, ჩვენს მხარდაჭერას რეგიონის ევროკავშირის პერსპექტივისადმი. ყველა პარტნიორმა უნდა გააგრძელოს ევროპული გზაზე წინსვლისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ევროპული საბჭოს სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევას.

„ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან და საქართველოსთან მჭიდროდ მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას,” - ნათქვამია დასკვნით განცხადებაში, რომელიც 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა.


ცნობისთვის, გასული წლის 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.


23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.