სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სომხეთისა და აზერბაიჯანის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. რა ადგილს იკავებს ამ მოლაპარაკებებში მთიანი ყარაბაღის საკითხი - ეს თემა განიხილა აშშ-ის ელჩმა ეუთოში მაიკლ კარპენტერმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა.
კარპენტერმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს, რაც სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.
„ჩვენ, შეერთებული შტატებში, მუდმივად ვამბობდით, რომ გვსურს, ვიხილოთ ურთიერთობების ნორმალიზაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარი დავუჭირეთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გასული წლის განმავლობაში არაერთ მოლაპარაკებას. მდივანი ბლინკენი პირადად იყო ჩართული ამ ძალისხმევაში სამშვიდობო შეთანხმების მცდელობაში, რომელიც გზას გაუხსნის ურთიერთობების ნორმალიზაციას, ღია კომუნიკაციებს და ვაჭრობას მთელ რეგიონში, რაც, ჩვენი აზრით, სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყნის ინტერესებშია.
ჩვენ გავაგრძელებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეხვედრების მხარდაჭერას. საბოლოო ჯამში, მხარეებზეა დამოკიდებული, ისარგებლონ ამ კარგი შუამავლობის შეთავაზებებით, რათა მხარი დაუჭირონ ძალისხმევას ნორმალიზაციის შესახებ შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ ჩვენ ამას გავაგრძელებთ. რაც შეეხება ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მდგრადი რეინტეგრაციის საერთაშორისო პრინციპს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც დავუჭერთ მხარს,“ - აღნიშნა კარპენტერმა.
28 ნოემბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ აშშ-ის განცხადებებმა სერიოზული ზიანი მიაყენა აზერბაიჯან-ამერიკის ურთიერთობებს. შეგახსენებთ, ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ბაქოს პროტესტი მოჰყვა ბლინკენის თანაშემწის ჯიმ ო'ბრაიანის მიერ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, „ნორმალურად ვერ იქნება ვერაფერი აზერბაიჯანთან, 19 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, ვიდრე არ დაინახავენ პროგრესს სამშვიდობო გზაზე."
„ჩვენ გავაუქმეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი, დავგმეთ [ბაქოს] ქმედებები“, აღნიშნა ო'ბრაიანმა.
შეგახსენებთ, ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა, რომელიც Europetime-ს ანონიმურობის დაცვის პირობით, ვრცელ ინტერვიუში ესაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. 16 ნოემბერს ბაქომ, ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ, აშშ-მ აზერბაიჯანს და სომხეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ კვლავ მოუწოდა.
- „ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები აჩვენებს გზას გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც მუშაობას გავაგვრძელებთ და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო.“