როგორ აფასებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები საქართველოში მიმდინარე პროცესებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებენ. ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს აქვს ევროპული ოცნება და ევროპული მომავალი.


ის სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს.

„ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა და ყოველთვის დაუჭერს მხარს დემოკრატიული საქართველოს ევროპულ გზას. ჩემი სრული სოლიდარობა საქართველოს ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მშვიდობიანი დემონსტრაციებისა და პროტესტის უფლებას სრულიად უნდა სცენ პატივი,” - წერს რინკევიჩსი.


ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი „იმედგაცრუებულია ვარ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი - ხალხის ნების საწინააღმდეგოდ.“


„ჩვენ კვლავ ვხედავთ ქართველი ხალხის მომავალს თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. საქართველო ევროპაა," - ელინა ვალტონენი.


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „იმედგაცრუებულია საქართველოს ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, შეაჩერონ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე“ საუბარი. პოლონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, პოლონეთი საქართველოს საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ერთგული რჩება.


„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას,” - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ვაგნერმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.


მან აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა გადაწყვეტს, მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს, ევროკავშირის კარი ღია რჩება.

„რაც შეეხება თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებს, ირკვევა, რომ ქვეყნის ბევრი მცხოვრები არ იზიარებს ხელისუფლების კურსს. აშკარაა ფაქტი, რომ მოსახლეობის არც ისე ცოტა ნაწილს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ამ ხალხს საკუთარი მოთხოვნების მხარდასაჭერად გამოსვლის სრული უფლება აქვს. სამართალდამცავი ორგანოებისგან თავშეკავებულობასა და ძალადობაზე უარს ველით,“ – განაცხადა ვაგნერმა.


ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა.


შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.


განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.


ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.


სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირიდაკავებული.


მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.


პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა.

29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს.


თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“


განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს.

29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება.

თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს.