სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 260 მონახულებული პირიდან, პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 188 მოქალაქე მიუთითებს. ლევან იოსელიანი პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებსაც გამოეხმაურა და საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდა, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.
„მინდა, გამოვეხმაურო ქვეყანაში არსებულ ზოგად მდგომარეობას. პოლარიზაციამ და დაპირისპირებამ უაღრესად საშიშ ნიშნულს მიაღწია. საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ პატარა საზოგადოება ვართ და ასეთ პირობებში, დაპირისპირება სოციუმის ყველა რგოლში აღწევს. ამ დროს ყველა ჩვენგანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგვაჩნია.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გააჩნია, მაგრამ ჩვენ, როგორც ამ საზოგადოების ნაწილს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. განსაკუთრებული როლი აკისრია მედიას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების აზრის ფორმირებას, მათ უნდა გაავრცელონ ობიექტური და სიძულვილის ენისგან დაცლილი ინფორმაცია.
ასევე, ინდივიდუალურ დონეზე, სადაც გამოვთქვამთ ჩვენს აზრს, ის არ უნდა იყოს გაჟღენთილი სიძულვილის ენით, სხვისი დაკნინებისა და დამუნათების სურვილით. ჩვენ ყველანი, მათ შორის საჯარო მოსამსახურეები თანასწორი ვართ კანონის წინაშე.
ყველას გვაქვს აზრის გამოხატვის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია, დაიცავს ეს ფუნდამენტური უფლებები. რაც შეხება გუშინ მედიით გავრცელებულ კადრებს, სადაც პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიტიკური პარტიებისა და სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებები, საკითხის მნიშვნელობიდან და სენსიტიურობიდან გამომდინარე, მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოებს, მიმდინარე გამოძიების პროცესი წარმართონ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ზედმიწევნით დაიცვან თითოეული პირის საპროცესო უფლება, გარანტიები და მოახდინონ საზოგადოების დროული ინფორმირება.
მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ სახალხო დამცველის აპარატი უწყვეტად განაგრძობს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირების მონახულების პროცესს. ამ დროისთვის, ჩემმა რწმუნებულებმა 260 პირი მოინახულეს. სამწუხაროა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს 188 მოქალაქე. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ოზურგეთში, გორში, ბაღდადში, ზესტაფონში, სამტრედიაში, მცხეთაში, ბაკურიანში, ხაშურში, გურჯაანში, სიღნაღში, საგარეჯოსა და დუშეთში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამოქალაქო კლინიკებში,“ - განაცხადა იოსელიანმა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტეენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციებია რეგიონებშიც. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ცნობისთვის, პოლიცია თბილისში აქციის მონაწილეთა დასაშლელად წყლის ჭავლსა და ცრემლმდენ აირს იყენებს. აქციებიდან კლინიკებში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული დაშავებული ადამიანი გადაჰყავთ. 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა პოლიტიკური პარტიებისა და აქტივისტების სახლებში და „ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დააკავა.“
5 დეკემბერს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე, სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები.
უფლებამდამცველები და სახალხო დამცველი აქციის მონაწილეთა მიმართ განსაკუთრებულ სისასტიკეზე მიუთითებენ. პრემიერის განცხადებით, პოლიცია პროპორციულობის პრინციპით მოქმედებს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ „დემონსტრანტების დაშლა უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, შესაბამისი დეესკალაციის მცდელობების შემდეგ.“ ამასთან, „მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა დემონსტრანტმა ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ეს არ ამართლებს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას.“
- „ყველა სამართალდამცველმა თვალსაჩინოდ უნდა ატაროს სათანადო იდენტიფიკაციის საშუალება, რათა შესაძლებელი იყოს ძალადობის ჩამდენი პირების სამართლებრივი დევნა და დასჯა, როგორც ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით,“ ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი. საპროტესტო აქციები იმართება რეგიონებშიც. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
საპასუხოდ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. ეს იყო უკვე მეორე ფაქტი, როდესაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განცხადება ოპოზიციასთან ერთად გააკეთა. პირველ შემთხვევაში - 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.
29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.
პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“
5 დეკემბერს, „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი დამატებითი სანქციების გამოსაყებნებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.“ დღესვე, 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა. მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.