ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. პაველი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებულია.“
„ახლახან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ”, - წერს პეტრ პაველი.
თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჩეხ კოლეგას საქართველოს, ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ამ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა მაკრონის შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან და სამმხრივი დისკუსია საქართველოს პრეზიდენტს, ემანუელა მაკრონსა და დონალდ ტრამპს შორის. საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა. ზურაბიშვილის თქმით, მას ასევე, ჰქონდა სადილი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან და ყველას მკაფიო მესიჯები გადასცა თავიანთი დედაქალაქებისთვის.
„დღეს, რადგან 10 დეკემბერია და ეს ტრადიციულად ხდებოდა, მქონდა სადილი 27 ელჩთან (27-ვე არ არის საქართველოში, 22 თუ 23 იყო). ყველას ძალიან მკაფიო მესიჯი გადავეცი თავიანთი დედაქალაქებისთვის, რომ ამ ყველაფრის მიმართ რეაგირებით დღეს წყდება არამხოლოდ საქართველოს მომავალი, არამედ, ამ რეგიონის მომავალი, ვრცელი რეგიონის – ჩვენ ვნახეთ, სხვა ქვეყნებში რა შეიძლება, კიდევაც მოხდეს – ევროკავშირის პოლიტიკის და მის მიმართ ნდობის მომავალიც, რადგან არ შეიძლება, რაღაცები ისაუბრო, დიდი განცხადებები აკეთო დღითი დღე და შემდეგ, არ იყოს მიღებული ის მთავარი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნამდვილად ახდენს გავლენას ქვეყნის მომავალსა და ჩვენი მოსახლეობის შემართებაზე.
ისიც უნდა ვთქვა, რომ ამ დღეებში, წინა კვირიდან 30 თუ 32 ინტერვიუ მივეცი სხვადასხვა ევროპულ თუ ამერიკულ მედიაწარმომადგენლებს, სადაც ასევე ასახულია დღევანდელი მდგომარეობა. შემიძლია, გამოვიტანო ერთადერთი დასკვნა, რომ ამის შემდეგ ვერავინ, ვერცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და პარტნიორი ქვეყნის მეთაური, ვერავინ იტყვის, რომ არ ვიცოდი, ყველამ ყველაფერი იცის და ეს იყო ჩემი მოვალეობა,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა უკვე 10 დეკემბერს.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო. იმავე დღეს, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. რიგი საჯარო მოხელეები და ელჩები თანამდებობებს ტოვებენ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქმე გვაქვს „წაკითხულის გააზრების პრობლემასთან“ და მთავრობას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.
პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ 5 დეკემბერს, უკრაინამ ივანიშვილსა და კიდევ 18 პირს სანქციები დაუწესა.
5 დეკებერს ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ დამატებითი სანქციების გამოსაყენებლად ემზადება, პასუხს აგებენ ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში.
მანამდე, სანქციების შესახებ გამოაცხადეს ბალტიის ქვეყნებმა, ხოლო ანალოგიური ზომა დააანონსა კანადამაც.