ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი: უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის დარტყმა ევროპასა და პრეზიდენტ ტრამპზე დარტყმაა. „ეს [28 აგვისტოს] დარტყმა სრულიად მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ შეცვლილა. მათ ომი სურთ და ურტყამენ არამხოლოდ ჩვენს ხალხს, არამხოლოდ ჩვენს ქალაქებს, ჩვენს სოფლებს, რუსეთი ახლა ურტყამს ყველას მსოფლიოში, ვინც მშვიდობისკენ მიისწრაფის,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს დარტყმაა ევროპაზე, ასევე ეს რუსეთის დარტყმაა პრეზიდენტ ტრამპზე, სხვა გლობალურ სუბიექტებზე. „ვაშინგტონში ჩვენ გვესმოდა, რომ პუტინი თითქოსდა მზად არის ომის დასრულებისთვის - ლიდერების დონეზე შეხვედრისთვისა და საკვანძო საკითხების მოგვარებისთვის. მაგრამ ის ბალისტიკურ რაკეტებს ირჩევს მშვიდობისკენ რაიმე რეალური ნაბიჯების ნაცვლად. ის ბავშვებს კლავს, რათა არ ილაპარაკოს იმაზე თუ, როდის და როგორ იქნება მშვიდობა. პრობლემა იმაშია, რომ მას არ ეშინია ასე დარტყმა იმ ლიდერებზე, რომლებსაც ის რაღაცას ჰპირდება,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მერცის თქმით, აშკარაა, რომ ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა არ გაიმართება
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა არ გაიმართება. საფრანგეთის პრეზიდენტმაემანუელ მაკრონმა მერცი სამხრეთ საფრანგეთში, ბრეგანსონის ციხესიმაგრეში სამუშაო ვახშამზე მიიღო, სადაც ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე პრესისთვის განცხადება გააკეთეს. „ცხადია, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრა არ შედგება, რაც განსხვავდება იმისგან, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას, ჩვენი ვაშინგტონში ვიზიტის დროს შეთანხმდნენ,“ – განაცხადა მერცმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას. მერცმა განაცხადა, რომ ის და მაკრონი ორმხრივ დისკუსიებს გამართავენ რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ ვითარებასა და ევროპის დებიუროკრატიზაციაზე. ცნობისთვის, ამ კვირის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც ეჭვი შეიტანა ზელენსკის და პუტინის შეხვედრის გამართვის შესაძლებლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ადრე განაცხადა, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის „შეხვედრის ორგანიზება“ დაწყებულია. 28 აგვისტოს, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა. „კიევზე მასიური დარტყმების შემდეგ, რომელმაც ჩვენი ოფისები დააზიანა, ახლახან პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ კი, დონალდ ტრამპს ვესაუბრე. პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. ჩვენ უკრაინისთვის მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველვყოთ, რაც ქვეყანას „ფოლადის ზღარბად“ აქცევს,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. ლაიენის თქმით, „ევროპა თავის როლს სრულად შეასრულებს“.
რუტე: პუტინთან დაკავშირებით გულუბრყვილოები ვერ ვიქნებით, გუშინდელი ღამე ამის დასტურია
უკრაინის ქალაქებზე, მათ შორის, კიევზე, რუსეთის თავდასხმების შემდეგ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ მსოფლიო არ შეიძლება, გულუბრყვილო იყოს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინის მიმართ. რუტეს თქმით, გუშინდელი ღამე ამის დასტურია. „უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა კვლავ მასიურად დაზარალდნენ რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმების შედეგად,“ - აღნიშნა რუტემ. 27აგვისტოს, კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.
საბერძნეთის სასამართლომ ოლიგარქ პლახოტნიუკის მოლდოვაში ექსტრადირება დასაშვებად ცნო
საბერძნეთის სააპელაციო სასამართლომ "მოლდოვის დემოკრატიული პარტიის" ყოფილი ლიდერის ვლადიმირ პლაჰოტნიუკის ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. ამის შესახებ 28 აგვისტოს, მოლდოვური გამოცემა Point.md წერს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოლიგარქი მოლდოვას უნდა გადასცენ. მოლდოველი ოლიგარქი სხდომაზე იძულებით მიიყვანეს. მანამდე ის დაჟინებით მოითხოვდა, რომ მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება დაუსწრებლად განეხილათ. საბერძნეთში მოლდოველი ოლიგარქი ვლადიმერ პლახოტნიუკი დააკავეს
ამერიკამ უკრაინისთვის 3 000-ზე მეტი ERAM-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის მთავრობისთვის საჰაერო გზით მისაწოდებელი საბრძოლო მასალისა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვის თაობაზე გადაწყვეტილება დაამტკიცა. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, 825 მილიონი დოლარის აღჭურვილობის მიყიდვაზე, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ კონგრესს შესაბამისი სერტიფიკატი წარუდგინა. უკრაინის მთავრობამ 3 350-მდე გაფართოებული რადიუსის შეტევითი საბრძოლო მასალის (ERAM) რაკეტის და ასევე იმავე რაოდენობის GPS და INS ნავიგაციის სისტემების შეძენას გაყალბებისგან დაცვის მოდულით (SAASM), Y-Code-ით ან M-Code-ით. პაკეტი ასევე მოიცავს რაკეტების კონტეინერებს, კომპონენტებსა და დამხმარე აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებს, სახარჯ მასალებს, ასევე ტექნიკურ მომსახურებას. გარდა ამისა, პაკეტი ითვალისწინებს პერსონალის მომზადების პროგრამებს, საინჟინრო და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას. ამ კონტრაქტის დასაფინანსებლად უკრაინა იყენებს დანიის, ნიდერლანდების და ნორვეგიის მიერ გამოყოფილ სახსრებს, ასევე, შეერთებული შტატების საგარეო სამხედრო დაფინანსებას. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ERAM-ის პროგრამა NATO-ს მოკავშირეებთან ერთობლივი მუშაობის მაგალითია ეფექტური და მასშტაბური სისტემის შესაქმნელად, რომლის მიწოდებაც უმოკლეს დროში იქნება შესაძლებელი. პროექტის მთავარი კონტრაქტორები არიან: Zone 5 Technologies და CoAspire.
რუსეთში კოღოს ნაკბენით გადამდები ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
„როსპოტრებნადზორის“ ცნობით, რუსეთში წელს ჩიკუნგუნიას ცხელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტოს ცნობით, ვირუსის მატარებელი აცი იყო, რომელიც მოსკოვში შრი-ლანკიდან ჩავიდა, სადაც ის შვებულებაში იმყოფებოდა. ჩასვლიდან მეორე დღეს მოქალაქემ სამედიცინო დახმარება მოითხოვა. თავდაპირველად, დენგეს ცხელებაზე მიიტანეს ეჭვი და ის ინფექციური დაავადებების განყოფილებაში მოათავსეს, თუმცა გამოკვლევის შედეგებმა ჩიკუნგუნიას ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. „როსპოტრებნადზორმა“ აღნიშნა, რომ რუსეთში ინფექციის გავრცელების რისკი არ არსებობს, რადგან ჩიკუნგუნია მხოლოდ კოღოს ნაკბენით გადადის და არა ადამიანიდან ადამიანზე. ამავდროულად, სააგენტოს ცნობით, რუსეთში ცხელების მატარებელთა რაოდენობა ეპიდემიოლოგიურ საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩიკუნგუნიას ცხელება მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომლის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ინფექციის შემთხვევაში აღინიშნება მაღალი ტემპერატურა (40 გრადუსამდე), სახსრებისა და კუნთების ძლიერი ტკივილი და შესაძლოა, გამონაყარიც. დაავადების შემდეგ შეიძლება, განვითარდეს ქრონიკული ართრიტი, რაც იწვევს ძლიერ ტკივილს, სახსრების შეშუპებას და ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვან დაქვეითებას. ჩიკუნგუნიას ცხელების აფეთქებები ყველაზე ხშირად ფიქსირდება სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. წელს დაავადება ვრცელდება სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ინდოეთის ოკეანის კუნძულებზე, მადაგასკარში, სომალისა და კენიაში. ცოტა ხნის წინ, დაავადების აფეთქება დაფიქსირდა ჩინეთშიც, სადაც გუანდუნის პროვინციის ხელისუფლებამ ხელახლა დააწესა მკაცრი სანიტარული შეზღუდვები COVID-19 პანდემიის შემდეგ. გარდა ამისა, გუანდუნის მიღმა ზოგიერთ რეგიონში გადაადგილებაზე კონტროლი გამკაცრდა. შემოიღეს ჯანმრთელობის 14-დღიანი მონიტორინგი. მოქალაქეებმა უნდა აკონტროლონ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიცხე, თავის ტკივილი და სახსრების ტკივილი და ასეთი გამოვლინებების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. წელს 16 ქვეყანაში, ჩიკუნგუნიას ვირუსის 240 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
უკრაინისა და საქართველოს პორტები ერთმანეთს შუა დერეფნის გავლით, ახალი საბორნე მარშრუტით დაუკავშირდებიან
ბელგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტმა და შპს „ბათუმის საერთაშორისო კონტეინერების ტერმინალმა“ (BICT) უკრაინისა და საქართველოს პორტებს შორის, შუა დერეფნის გავლით ახალი საბორნე მარშრუტით დაკავშირებაზე მემორანდუმს ხელი მოაწერა. ამის შესახებ Facebook-ზე ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტის გენერალურმა მენეჯერმა ოქსანა კიკტენკომ დაწერა. ეს რიგით მეორე მემორანდუმია, რომელიც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), „შუა დერეფნის“ განვითარებაში ბელგოროდ-დნესტროვსკის პორტის თანამშრომლობას ეხება. „შეთანხმების მიზანია „შუა დერეფნის“ მეშვეობით ტვირთების გადაზიდვის მოზიდვა. მოსალოდნელია, რომ უკრაინისა და საქართველოს პორტების ტერმინალები ერთმანეთს ახალი საბორნე მარშრუტითა და საბორნე კომპლექსით დაუკავშირდებიან, რომელსაც უკრაინის პორტის ახალი მფლობელი, TITR ტვირთების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ავითარებს,“ - განაცხადა კიკტენკომ. კიკტენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბელგოროდ-დნესტროვსკის საზღვაო პორტი მარშრუტის ევროპულ ნაწილში TITR-ის უდიდესი ჰაბი უნდა გახდეს.
თურქეთმა ისრაელის წინააღმდეგ შეზღუდვების შესახებ გამოაცხადა
ანკარამ ისრაელთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების სრული შეწყვეტის, ასევე, ისრაელის თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ისაუბრა. „ჩვენ მთლიანად შევწყვიტეთ ვაჭრობა ისრაელთან, არ ვუშვებთ თურქულ გემებს ისრაელის პორტებში. არ ვუშვებთ ისრაელის თვითმფრინავებს ჩვენს საჰაერო სივრცეში. არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელმაც სრულად შეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობები ისრაელთან,“ - განაცხადა ფიდანმა თურქეთის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ღაზის სექტორში არსებული ვითარება განიხილება. The Jerusalem Post-ის ცნობით, ისრაელიდან საქართველოში, აზერბაიჯანსა და სხვა ქვეყნებში ფრენები შესაძლოა, თითქმის ორი საათით გაგრძელდეს თურქეთის გვერდის ავლით ფრენების აკრძალვის გამო. ისრაელი კვლავ სკეპტიკურად უყურებს ანკარის მუქარას. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ თურქეთმა ადრე გამოაცხადა ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის შესახებ, მაგრამ ისინი მაინც გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, რეგიონში სიტუაცია იძაბება. გასული წლის ნოემბერში, თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა. თურქეთის სავაჭრო მინისტრმა ჯერ კიდებ 2024 წლის მაისში განაცხადა, რომ თურქეთმა ისრაელთან სავაჭრო ურთიერთობები შეაჩერა. ერდოღანმა შოლცთან შეხვედრაზე ისრაელი გააკრიტიკა
აშშ-მ უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და Starlink-ის სერვისების პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და მათთან დაკავშირებული აღჭურვილობი, ასევე, 150 მილიონი დოლარის ღირებულების Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების სერვისებისა და მისი აღჭურვილობის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო იუწყება. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 179,1 მილიონი დოლარის ღირებულების Patriot-ის სისტემების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომელიც საიდუმლო და არასაიდუმლო სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, პროგრამულ უზრუნველყოფას, განახლებებს, მოდიფიკაციებს, ტრენინგებს, შეკეთებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს. „შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მიზნებსა და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესების გზით. ასევე, გააძლიერებს უკრაინის უნარს, გაუმკლავდეს არსებულ და მომავალ საფრთხეებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა. ამერიკამ უკრაინისთვის 3 000-ზე მეტი ERAM-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტის პოტენციური მიყიდვა დაამტკიცა
მაკრონი პუტინზე: როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამია დგას, ამას გრძნობენ ქართველებიც, უკრაინელებიც და სხვა ხალხებიც
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტზე თავის სიტყვებს, რომელსაც მან მტაცებელი და კაციჭამია უწოდა, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ის “ვულგარულობისთვის” გააკრიტიკა. 29 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს.” “საერთაშორისო სამიტებზე ვლადიმირ პუტინის პოზიციებსა და ადგილზე რეალობას შორის სხვაობა აჩვენებს რამდენად არაგულწრფელია ის,” - განაცხადა მაკრონმა. „ამგვარ აღწერას უარვყოფ. მე არასოდეს ვარ უხეში ან ვულგარული. მაგრამ როცა ვამბობთ, რომ ევროპის კარიბჭესთან კაციჭამიაა, ესაა სურათი, რომელსაც ბევრი იზიარებს - ვფიქრობ, ეს აღწერს რას გრძნობენ მკაფიოდ ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ხალხი. ანუ კაცი, რომელმაც გადაწყვიტა იმოძრაოს ავტორიტარული, ავტოკრატიული მიმართულებით და უხელმძღვანელოს საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს," - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, ზელენსკი 29 აგვისტოს გამოვიდა შეხსენებით, რომ ბოლო ვადა, რომელიც ტრამპმა რუსეთს შეთანხმების მიღწევისთვის მისცა, არის ორშაბათი, პირველი სექტემბერი. მაკრონის თქმით, თუ პუტინი პირველ სექტემბრამდე არ დათანხმდება შეხვედრის გამართვას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ეს ნიშნავს, რომ მან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააცურა, რაც, მაკრონის აზრით, რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
NATO-ში აშშ-ის ელჩი: თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია
თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია. NATO-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტეკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს გამოსაყენებლად „კიდევ ბევრი სხვა ბერკეტი“ აქვს, თუმცა დონალდ ტრამპმა იცის, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების შანსი უნდა შენარჩუნდეს. „ეს ერთ ღამეში არ მოხდება. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვდგავართ, რადგან მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც კარგია,“ - აღნიშნა NATO-ში აშშ-ის ელჩმა. „ტრამპი მუშაობს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს, მათ შორის, მას უფრო ღრმა დარტყმებისთვის გარკვეულ შესაძლებლობას აძლევს, რაც აშკარაა, რომ ეს შეიძლება მათ შეტევით მოქმედებებში დაეხმაროს. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში, უკრაინელებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% მწყობრიდან გამოიყვანეს,“- განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.
უკრაინის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ანდრი პარუბი მოკლეს
ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი თავმჯდომარე ანდრი პარუბი მოკლეს. პარუბი მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, გამოძიება დაწყებულია და სამართალდამცველები მკვლელის ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად მუშაობენ. პარუბის მკვლელობას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა მკვლელობის გარემოებების შესახებ ცნობები მიაწოდეს. ზელენსკიმ მოკლულის ოჯახს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიებას ყველა საჭირო რესურსი მოხმარდება. ანდრეი პარუბი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე 2016 წლის 14 აპრილიდან 2019 წლის 28 აგვისტომდე იყო. ასევე იყო მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევების პარლამენტის წევრი.
ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც უკრაინაში „რაშიზმის“ ცნება კანონით განმტკიცდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს „უკრაინული ერის ეროვნული მეხსიერების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ.“ მასში ოფიციალურ დონეზე დამკვიდრდა ცნება „რაშიზმი.“ კანონის თანახმად, „რაშიზმი“ განისაზღვრება როგორც „ტოტალიტარული იდეოლოგიისა და პრაქტიკის ახალი სახე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო-აგრესორის (რუსეთის) რეჟიმის საფუძველს და ეფუძნება რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის ტრადიციებს, საბჭოთა კავშირის კომუნისტური რეჟიმის და ნაციონალ-სოციალიზმის (ნაციზმის) პრაქტიკას.“ კანონში განმტკიცებულია უკრაინელების, უკრაინული ენისა და უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის მეხსიერების დაცვის მექანიზმები და განხილულია უკრაინის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ნაწილად. „რაშიზმთან“ დაკავშირებით უკრაინის პარლამენტს [2023 წელს] დამტკიცებული აქვს სპეციალური განცხადებაც, რომელმაც "რაშიზმს" რუსეთის ოფიციალური იდეოლოგია უწოდა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, ეს ტერმინი, სხვადასხვა დროს, საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსა თუ დოკუმენტებში მოხვდა. „რაშიზმთან“ დაკავშირებული კანონი უკრაინის რადამ 21 აგვისტოს დაამტკიცა.
რუსეთში ბენზინის დეფიციტის არეალი ფართოვდება - BBC
რუსეთში ბენზინის დეფიციტის არეალი ფართოვდება, საფონდო ბირჟაზე ფასები ამ თვეში რამდენჯერმე აღწევდა ისტორიულ მაქსიმუმს. კრიზისი მოთხოვნის ტრადიციული სეზონური ზრდისა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სხვა საწვავის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უკრაინის მიერ სულ უფრო ხშირი თავდასხმების ფონზე ვითარდება. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, აგვისტოში სულ მცირე 17 თავდასხმა განხორციელდა, რაც გასული წლის აგვისტოში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. 2025 წლის აგვისტოში, რუსეთის სამხრეთისა და შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე ქალაქში საწვავის დეფიციტი დაიწყო. დეფიციტი ყველაზე მწვავეა იმ რეგიონებში, სადაც მცირე რაოდენობით დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია. სახალინის ოლქის კურილის ოლქში, AI-92-ის მარკის ბენზინის გაყიდვა დროებით სრულად შეჩერდა, დარჩენილი საწვავი კი, მხოლოდ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებებისთვის იყო განკუთვნილი, განაცხადა მუნიციპალური ოლქის ხელმძღვანელმა, კონსტანტინ ისტომინმა. პრიმორეში, მძღოლები ბენზინგასამართ სადგურებზე რიგში საათობით დგანან. ტრანსბაიკალიისა და ანექსირებული ყირიმის ზოგიერთ რაიონში საწვავი ახლა მხოლოდ ბიზნესებისთვის იყიდება და ინტერნეტში ბენზინის აუქციონი ტარდება - ლიტრზე 300 რუბლამდე. დიზელის საწვავი კვლავ ხელმისაწვდომია. შედარებისთვის: როსსტატის უახლესი მონაცემებით, რუსეთში ბენზინის საშუალო სამომხმარებლო ფასი 25 აგვისტოს ლიტრზე 62.08 რუბლს შეადგენდა. წლის დასაწყისთან შედარებით, ფასები 6%-ზე მეტით გაიზარდა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩმა NATO-ში მეთიუ უიტეკერმა, 29 აგვისტოს, “FOX NEWS”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინამ მწყობრიდან უკვე გამოიყვანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20%.
ლიეტუვა ახალ სამხედრო ქალაქს ააშენებს
ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო ლიეტუვის შეიარაღებული ძალების ქვეითი ბრიგადის შესაძლებლობების გასაძლიერებლად მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ განვითარების პროექტებს იწყებს, იუწყება Trend. კლაიპედას ოლქში, კაირიაიში, ახალი სამხედრო ქალაქი აშენდება, რომლის ინვესტიცია დაახლოებით 520 მილიონი ევრო იქნება, რაც მოიცავს დიზაინს, მშენებლობას, 12 წლიან მოვლა-პატრონობას და დაფინანსების ხარჯებს. 2030 წლისთვის დასრულების შემდეგ, ქალაქი 1500 ჯარისკაცს უმასპინძლებს. ამასობაში, კლაიპედასა და ტაურაგეს ოლქებში ბატალიონების ინფრასტრუქტურის განახლებაში 60 მილიონ ევროზე მეტი ჩაიდება, ხოლო სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების უმეტესობა ორ წელიწადში დასრულდება. „ეროვნული თავდაცვის სამინისტრო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ლიეტუვაში 4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო ინფრასტრუქტურას განავითარებს.
ალიევი სამუშაო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკი.ს პრეზიდენტის სი ძინპინის მოწვევით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი 30 აგვისტოს სამუშაო ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. Report-ის ცნობით, ტიანძინში, ალიევს და პირველ ლედის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. 31 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი, ჩინეთში პოლიტიკურად დატვირთულია. ჯერ იმართება „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (SCO) მორიგი სამიტი ქალაქ ტიანძინში, შემდეგ კი, დედაქალაქ პეკინში - გამარჯვების დღის აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამარჯვების დღეს 3 სექტემბერს აღნიშნავენ. ეს დღე აღინიშნება, როგორც „ჩინელი ხალხის ომის გამარჯვების დღე იაპონელი აგრესორების წინააღმდეგ და [გამარჯვების დღე] ანტიფაშისტურ მსოფლიო ომში.“ 28 აგვისტოს საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწემ, ხონგ ლეიმ ჩამოთვალა იმ 26 ქვეყნის პირველი პირების ვინაობა, რომლებიც პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით დაესწრებიან აღლუმს. მათ შორის არიან აზერბაიჯანი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთი - პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი CSO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 2025 წლის ივლისში სომხეთმა განაცხადა, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს. დამსწრეთა შორის იქნებიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი; ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი; ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი. ღონისძიებას დაესწრებიან „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი სახელმწიფოს ლიდერები: კერძოდ, ცენტრალური აზიის ლიდერები: ყაზახეთი - პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი; ტაჯიკეთი - პრეზიდენტი ემამოლი რაჰმონი; ყირგიზეთი - პრემიერ-მინისტრი სადირ ჟაპაროვი; თურქმენეთი - პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი; უზბეკეთი - პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი. ცნობისთვის, ჩინეთმა კავკასიის რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა ორ ქვეყანასთან - საქართველოსთან 2023 წელს და აზერბაიჯანთან 2025 წელს. საქართველოც და აზერბაიჯანიც ნაწილია „შუა დერეფნისა“, რომელიც ჩინეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნების გავლით ატარებს ტვირთებს ევროპის მიმართულებით. საქართველო ზემოთ ხსენებულ ღონისძიებაზე მიწვეული არ არის. სლოვაკეთი ერთადერთია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომელიც პეკინში, აღლუმს ესწრება. 31 აგვისტოსა და პირველ სექტემბერს დაგეგმილ "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" (SCO) მორიგ სამიტს დაესწრება ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი.
ლაიენი: პუტინი არ შეიცვლება, ის მტაცებელია
„პუტინი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ის მტაცებელია და ბოლო 25 წლის განმავლობაში ოთხი ომი დაიწყო: ჩეჩნეთში, საქართველოში, ყირიმში და სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში,“ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ლაიენის თქმით, ვლადიმერ პუტინის შეკავება მხოლოდ ძლიერი საშუალებით არის შესაძლებელი. „გამოცდილებიდან ვიცით, რომ მისი შეკავება მხოლოდ შეკავების ძლიერი საშუალებით არის შესაძლებელი და ამიტომ, ევროკავშირში და კერძოდ, წინა ხაზზე ჩვენი თავდაცვის პოზიციის გაძლიერებასთან დაკავშირებით კოორდინირებული, ზუსტი და სწრაფი უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, მომდევნო კვირების განმავლობაში მოვამზადებთ გზამკვლევს, თუ როგორ ჩავდოთ დამატებითი თავდაცვის თანხები ევროპაში ჩვენს თავდაცვის პოზიციაში“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში თავდაცვის პირველი ხაზი ძლიერი უკრაინული არმიაა. „მე ხშირად ვადარებ მას ფოლადის ზღარბს, რომელიც პოტენციური დამპყრობლებისთვის მოუნელებელია. თავდაცვის მეორე ხაზი მრავალეროვნული ჯგუფია, „მსურველთა კოალიცია“, ამერიკელების მხარდაჭერით, ხოლო მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის ხაზი ჩვენივე თავდაცვითი პოზიციაა და არ დაგვავიწყდეს უკრაინის ევროკავშირში წევრობაზე მუშაობა“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ზელენსკის განცხადებით, უკრაინა თავდაცვის მიზნით აქტიურ ოპერაციებს გააგრძელებს და დაგეგმილია რუსეთის სიღრმეში დარტყმები
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ქვეყნის თავდაცვის მიზნით აქტიურ ოპერაციებს გააგრძელებს და ასევე დაგეგმილია რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელება. „დეტალურად გავაანალიზეთ ზაპოროჟიეს მიმართულებით არსებული ვითარება და მოწინააღმდეგის განზრახვები. ასევე, სუმისა და ხარკოვის ოლქების სასაზღვრო რაიონებში არსებული ვითარება. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს ზუსტად ისე, როგორც ეს საჭიროა უკრაინის თავდაცვისთვის. ძალები და რესურსები მზადაა. ასევე დაგეგმილია ახალი ღრმა დარტყმები,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ.
ჩინეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს
ჩინეთმა და სომხეთმა კვირას, ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ ტიანძინში გამართულ შეხვედრაზე სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს განუცხადა, რომ ჩინეთმა და სომხეთმა მტკიცედ უნდა დაუჭირონ მხარი ერთმანეთს და გააღრმავონ თანამშრომლობა ყველა სფეროში. სომხური მედიის ცნობით, სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეები ხელმძღვანელობენ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპებით, რომელიც ეფუძნება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემას, თავდაუსხმელობას, შიდა საქმეებში ჩაურევლობას, თანასწორობას, ორმხრივ სარგებელსა და მშვიდობიან თანაარსებობას. „მხარეები პატივს სცემენ მეორე მხარის მიერ არჩეულ განვითარების გზებს ეროვნული თავისებურებების შესაბამისად და ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკაში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას. მხარეები მოქმედებენ ისე, როგორც ერთმანეთისთვის საიმედო პარტნიორები, თავს იკავებენ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ზიანს აყენებს მეორე მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს, ან ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც არღვევს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობას და ხალხებს შორის მეგობრობას,“ - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების თანახმად, სომხური მხარე ადასტურებს თავის პოზიციას „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდასაჭერად, აღიარებს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთია და ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი კანონიერი მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს; მტკიცედ ეწინააღმდეგება „ტაივანის დამოუკიდებლობის“ ნებისმიერ ფორმას და მხარს უჭერს ჩინეთის მიერ ეროვნული გაერთიანებისკენ მიმართულ ძალისხმევას. ამასთან, ჩინური მხარე ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას სომხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის მიმართ, მხარს უჭერს სომხური მხარის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო დღის წესრიგს და მიესალმება „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივას. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მხარეები მიიჩნევენ - კონფრონტაციის ხელშეწყობისკენ მიმართული გეოპოლიტიკური ინტრიგები აზრს მოკლებული იქნება და ერთობლივად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც რეგიონის დესტაბილიზაციას და ახალ ესკალაციას იწვევს. „მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, მოიწვიონ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის და გააფართოვონ კომუნიკაცია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის, ასევე პოლიტიკურ პარტიებს შორის გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, განცხადების თანახმად, მხარეები გააგრძელებენ პოლიტიკური და ხელშეკრულებებზე დაფუძნებული სამართლებრივი ჩარჩოების გამდიდრებას სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის ტიანძინში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ცნობისთვის, 8 აგვისტოს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ.“ რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია
რუსული მედია: სახალინის ყოფილი გუბერნატორი, რომელსაც 15-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ომში წასვლას ითხოვს
სახალინის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე ხოროშავინი, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს და 15 წლიან სასჯელს იხდის, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავს, იუწყება „რია ნოვოსტი“ საქმის მასალებზე დაყრდნობით. მისივე ცნობით, რეგიონის ყოფილმა ხელმძღვანელმა განცხადება დაწერა, რომელშიც ფრონტზე გაგზავნას ითხოვდა. ზუსტად როდის შეიტანეს შუამდგომლობა, არ არის მითითებული. ამჟამად, 66 წლის ხოროშავინი ხაბაროვსკის მხარის სასჯელაღსრულების კოლონიაში იხდის სასჯელს. მანამდე მან დარჩენილი სასჯელის იძულებითი შრომით შეცვლა მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. სახალინის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 2015 წლის მარტში დააკავეს. ის ისტორიაში შევიდა, როგორც რუსეთის რეგიონის პირველი მოქმედი ხელმძღვანელი, რომელიც დააკავეს. BBC-ის რუსული სამსახურის გამოთვლებით, 2025 წლის 25 თებერვლის მონაცემებით, 100-ზე მეტმა თანამდებობის პირმა, მოადგილემ და უსაფრთხოების ოფიცერმა ომში წასვლის სურვილი გამოთქვეს, რათა სასჯელისგან თავი აერიდებინათ. თუმცა, მათ შორის არცერთი მაღალი რანგის ფედერალური თანამდებობის პირი არ არის.