ძებნის რეზულტატი:

ჰოჯესი – ბათუმის პორტის ტერმინალზე: „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“

ამერიკელი გენერლის ბენ ჰოჯესის განცხადებით, ბათუმის პორტის ტერმინალი „ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურობას და ნატო–სთან უფრო დაახლოებას“. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა „აქცენტთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები საქართველოში, ნიშნავს, რომ ვაშინგტონი და ევროპა მეტ ყურადღებას დაუთმობენ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს და რუსეთს გაურთულდება, განაგრძოს უკანონო ქმედებები. „კრემლმა იცის, რომ თუ აშშ და ევროპული ქვეყნები საქართველოში დიდ ინვესტიციებს განახორციელებენ, ეს სახელმწიფოები უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევენ უსაფრთხოების კუთხით რუსეთიდან მომავალ საფრთხეებს, მაგალითად, როგორიცაა უკანონო ოკუპაცია, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში დღემდე გრძელდება. ამასთან, ისინი უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ რუსეთის პრეტენზიებს ტერიტორიული წყლებისა და ყირიმის გარშემო ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე. ეს გაზრდილი ყურადღება და ინტერესი კი რუსეთს გაურთულებს, გააგრძელოს უკანონო მოქმედებები შავი ზღვის რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობამ კრემლის ზეგავლენით ქვეყანაში დასავლეთის ბიზნესის განვითარებას ხელი შეუშალა. ამას კი მხოლოდ ზიანი მოაქვს ქართველი ხალხისთვის“, – განაცხდა ჰოჯესმა. კითხვაზე, ბათუმის პორტის ტერმინალი ანაკლიის პროექტთან ერთად, დაეხმარება თუ არა საქართველოს ნატო–სთან უფრო დაახლოებაში და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში?“, ამერიკელმა გენერალმა შემდეგი განაცხადა: „რა თქმა უნდა, მაგრამ, დასავლეთის ინვესტიციებით საქართველოს ეკონომიკის განვითარება დამოკიდებულია ქვეყანაში სტაბილურობაზე, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობაზე. საქართველოს ხელშია, შექმნას ქვეყანაში ასეთი გარემო“. მისივე თქმით, აშშ მოელის, რომ საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს: „კონგრესის კომიტეტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შესაძლო შემცირების კანონპროექტი. ეს არის გზავნილი, რომ აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება და რომ ჩვენ ვაფასებთ ამ ურთიერთობას. ამასთან, ნიშნავს, რომ გვაქვს მოლოდინი, საქართველო მის მიერ გაცხადებული ლიბერალური დემოკრატიის კურსით სვლას განაგრძობს. ეს კი მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ბოროტულ ზეგავლენას (კორუფცია, დეზინფორმაცია და მუქარები). ამ კუთხით მარცხის მაგალითი ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებაა, რომელმაც სწორედ კრემლის ზეგავლენის გამო ვერ წაიწია წინ. აშშ–ის კონგრესი მოელის, რომ ქვეყანაში იქნება უფრო ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და გამჭვირვალეობა, რომელიც საქართველოს დაეხმარება, წინააღმდეგობა გაუწიოს კრემლის ზეგავლენას და იმ ზოგიერთ ქართველ ოფიციალურ პირებს, რომელიც ამ ზეგავლენის მომხრეა“. ცნობისთვის: ბათუმის პორტში „კარბამიდის ტერმინალის" მშენებლობას კომპანია “Wondernet Exspress Investment Group” და ამერიკული უმსხვილესი ტრეიდული კომპანია “Trammo” ახორციელებენ. ტერმინალის ასაშენებლად 20 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ტერმინალი აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიით და წლის განმავლობაში 1 200 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბათუმის ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და წლის ბოლოსთვის იგი უკვე სრულ მზადყოფნაში იქნება. „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიების სიაში 56-ე ადგილს იკავებს.

კონდოლიზა რაისი: "საქართველომ დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს"

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარება შეუძლია. "როგორ უნდა გაართვას თავი საქართველომ რუსეთის მზარდ აგრესიას, ქვეყანაში რუსეთის შეჭრიდან 12 წლის შემდეგ?", – ამ კითხვით მიმართა „ამერიკის ხმამ“ რაისს „ასპენის უსაფრთხოების ფორუმზე“. საპასუხოდ აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა შემდეგი განაცხადა: „საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა, საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია“. რაც შეეხება რუსეთს, კონდოლიზა რაისის თქმით, პირველ რიგში, უნდა განისაზღვროს, სად უნდა მოხდეს პუტინის შეკავება: "ის უნდა შეკავდეს. ამის გამო, ვფიქრობ, რომ გერმანიიდან ჯარის [ნაწილის] გაყვანა და უფრო აღმოსავლეთით განთავსება კარგი იდეაა. სიმართლე ისაა, თუნდაც საბჭოთა კავშირის შესაკავებლად მხოლოდ იმაზე არასოდეს ვყოფილვართ დამოკიდებული, თუ რას ამბობს პრეზიდენტი. საბჭოთა კავშირს ამერიკელი ჯარისკაცები აკავებდნენ, რომლებიც საფრთხის წინაშე იდგნენ გერმანიაში. მე მწამს, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია ნატო–ში შეკავებისთვის. ვფიქრობ, შეგვიძლია მეტი გავაკეთოთ იმ ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც რუსეთის [საფრთხის] წინაშე არიან". ამასთან, რაისმა ისაუბრა "რუსი ხალხის მზარდ უკმაყოფილებაზეც, რასაც ხაბაროვსკში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო გამოსვლებიც ადასტურებს". ყოფილი სახელმწიფო მდივნის შეფასებით, რუსეთში ბევრი ადამიანია, რომელიც დასავლურ ღირებულებებს იზიარებენ და საჭიროა მათი წახალისება, ვისაც სხვანაირი რუსეთის ხილვა სურს. ამასთან, ყოფილი სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ შესაძლოა, საჭირო იყოს პუტინის ხელისუფლებიდან წასვლას დაველოდოთ: „იმას მოცემულობად არ მივიღებდი, რომ ის შეიძლება იმდენ ხანს დარჩეს [პრეზიდენტად] რამდენ ხანსაც თვითონ ისურვებდა. ასეთი რეჟიმები უფრო მყიფეა“. კონდოლიზა რაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეკავა. 2008 წლის 15 აგვისტოს რაისი თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

18 წლამდე მოქალაქეები 200–ლარიან დახმარებას მიიღებენ

საქართველოს 18 წლამდე მოქალაქეები ერთჯერადად 200 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გახარიას თქმით, ბავშვებისთვის სოციალური დახმარება გაიცემა სასწავლო წლის დაწყებისას. "ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში 17 წლის ჩათვლით ბავშვებს სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით და ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვების კრიზისში, სასწავლო წლის დაწყებამდე და დაწყების პროცესში. რომ შევაჯამოთ, საქართველოს ყველა მოქალაქე 17 წლის ჩათვლით ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს ორასი ლარის დახმარებას ერთჯერადად. დახმარება განხორციელდება კრიზისში არასრულწლოვნების სოციალური მხარდაჭერის და სასწავლო წლის დაწყების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, რომელშიც რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ოკუპაციის შედეგებზეა საუბარი. განცხადებაში კიდევ ერთხელაა ხაზგასმული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების მიუღებლობა. „ამ კვირაში აღინიშნება 12 წელი 2008 წლის რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დაწყებიდან. გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ იქნა მიღწეული. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგის ნორმებს. ის კიდევ უფრო ჰყოფს საზოგადოებას და რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვასა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. უკიდურესად შეშფოთებული ვართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციით ბოლო წლის განმავლობაში, მათ შორის „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის დროს. ამ ისედაც სირთულებიით სავსე დროს, დე ფაქტო ხელისუფლებები ეფექტურად ახორციელებენ სასაზღვრო კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და განაგრძობენ თვითნებურ დაკავებებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ დეზინფორმაციული კამპანიის გამო პანდემიასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე, როგორც ყალბი პროპაგანდის გამო, ლუგარის ცენტრის მიერ გაწეულ სამსახურთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა“, – ვკითხულობთ განცხადებაში. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახანგრძლივებული კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების განხორციელებასა და უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მოქალაქეების ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე, რითაც მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. „12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება მოიცავს რუსეთის მხრიდან ვალდებულებას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასევე ავალდებულებს მხარეებს, დაამყარონ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები“. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების მიმართ. ხაზს უსვამენ სახლებში მათი უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. „ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საკითხი. მიუხედავად შერიგების თაობაზე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მიცემული თავდაპირველი დაპირებისა, ჩვენ ვწუხვართ რუსეთის მხრიდან ვალდებულებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში პროგრესის არარსებობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებებს, უზრუნველყონ შეუფერხებელი წვდომა ამ რეგიონებთან შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლება დამცველ აქტორებისთვის და სხვა პირებისთვის“, – ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადებაში. ცნობისთვის: შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“მადლობა ყველას, ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი"

“მადლობა ყველას, ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი“, – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ 8 ქვეყნის მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ განცხადებას. "მინდა გამოვეხმაურო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ყველა იმ ქვყენას, ვინც ეს განცხადება მიიღო გაეროში, ან ცალკე ,,ტვიტერზე“ გამოგვეხმაურა; ვისაც არ ავიწყდება 2008 წლის ომი, ვისაც არ ავიწყდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მადლობა ყველას! ეს იმის ნიშანია, რომ არც ჩვენ და არც მსოფლიო ამას არ ეგუება და მსოფლიო საქართველოს გვერდით დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, მოვძებნოთ ის გზები, რომლებიც გააერთიანებს საქართველოს და რომლებიც ამ ყველაფერს ისტორიის ფურცლებზე გადაიტანს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

გენპროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძესთან თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებისა და ოჯახის ადვოკატის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მოუსმინა და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ფეისბუქ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. მონაცემების შენახვა მოთხოვნილ იქნა „ფეისბუქ“ მომხმარებლის პროფილის შექმნის დღიდან 24 ივლისის ჩათვლით (ის რისი შენახვის მაქსიმალური შესაძლებლობა არსებობს). „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საერთაშორისო სამართლებრივი არხებით მოთხოვნის მიღება იმავე დღეს დაადასტურა და გვაცნობა, რომ მონაცემები შენახული იქნებოდა მოთხოვნის შესაბამისად. 27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას ასევე მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „ინსტაგრამ“ მონაცემების შენახვის მოთხოვნით. 27 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აშშ-ში კომპანია „გუგლის“ ადმინისტრაციას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის „გუგლის“ მომსახურებების (ელექტრონული ფოსტა, ინტერნეტში შესვლის ისტორია, იუთუბი) მონაცემების შენახვის მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შესრულება „გუგლმა“ პროკურატურას 31 ივლისს დაუდასტურა. 28 ივლისს (ფეისბუქ ანგარიშის წაშლის დღე) საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კვლავ მიმართა აშშ-ში კომპანია „ფეისბუქს“ 25 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით მონაცემების შენახვის მოთხოვნით. „ფეისბუქმა“ იმავე დღეს დაადასტურა, რომ შეინახა მონაცემები, იმის მიუხედავად, რომ მომხმარებელი აღარ იძებნებოდა საჯაროდ. 28 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ კომპანია „ფეისბუქის“ სამართალდამცავებთან თანამშრომლობის რეგიონულ კოორდინატორს მიმართა განმარტებისთვის, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო მომხმარებლის წაშლის მიზეზი. „ფეისბუქმა“ განმარტა, რომ გარდაცვლილი პირის მონაცემს კომპანიის ადმინისტრაცია არ შლის, არამედ ადებს „ხსოვნის“ წარწერას. ის თუ ვინ წაშალა (ან საჯაროდ ხელმიუწვდომელი გახადა) მომხმარებელი ამის შესახებ ინფორმაციას მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიიღებდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები. რაც შეეხება მონაცემების გამოთხოვას, 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში კომპანია „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას (რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში) მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის არაშინაარსობრივი მონაცემების (თუ როდის და რომელი IP მისამართის გამოყენებით შევიდა მომხმარებელი პროფილზე, IP მისამართის დადგენის შემდეგ შესაძლებელია ინტერნეტის მომხმარებლის რეალური ვინაობის დადგენა) მოწოდების მოთხოვნით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს პირველი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. მონაცემების გამოთხოვისთვის საქართველოს პროკურატურამ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება. 5 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტს მიმართა „ფეისბუქ“ და „ინსტაგრამ“ მომხმარებლის შინაარსობრივი მონაცემების მოპოვების შუამდგომლობით. გამოთხოვილი მონაცემები მოიცავს პირველი თებერვლიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდს. შეხვედრაზე ოჯახის წევრებს განემარტათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საქართველოს პროკურატურა გამოთქვამს მზაობას, მომავალშიც საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს პარტნიორი ქვეყნების საგამოძიებო უწყებებს და უცხო სახელმწიფოს შესაბამის საექსპერტო დაწესებულებებს საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების თხოვნით. საქართველოს პროკურატურა სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ინტენსიურად მიაწვდის სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროკურატურა ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“,- აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. მომხდარის შედეგად ავტომანქანაში მყოფი 3 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საფრანგეთში, ბანკში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 6 პირი მძევლად აიყვანა

საფრანგეთის ქალაქ ჰავრის ერთ-ერთი ბანკის ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და 6 პირი მძევლად აიყვანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შემთხვევის ადგილზე ჰავრის პოლიციის ყველა განყოფილებაა მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ–ჯერობით უცნობია.

აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მიღწეულია შეთანხმება „ეგეოსის ავიახაზებთან“ და აგვისტოს ბოლომდე ათენსა და თბილისს შორის ერთი ფრენა შესრულდება. „ძალიან მადლიერები ვართ, საბერძნეთის მთავრობის. ამ პერიოდის განმავლობაში, აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ჩვენი და საბერძნეთის პოლიტიკური, ტურისტული, ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან მყარი და პოზიტიურია და მას არანაირი ჩრდილი არ მიადგება იმის მიუხედავად, თუ რას ილაპარაკებს რომელიმე არაკეთილგანწყობილი ოპოზიციონერი თუ რომელიმე სხვა პირი. რაც შეეხება საბერძნეთთან ფრენებს, არც იქაა მარტივი ეპიდემიოლოგიური ვითარება და გარკვეულ ზომებს იღებენ, ასევე ჩვენც, ხედავთ, რომ საკმაოდ აქტიურად გავხსენით საზღვრები. ფრენები ხორციელდება, არა ისე, როგორც გვინდა და შარშან იყო, ისე როგორც შეეფერება ამოცანას, რომ უსაფრთხო ეპიდემიოლოგიური ვითარება შევინარჩუნოთ, ამ ფონზე ფრთხილად ვუდგებით. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოებდა მოლაპარაკება „ეგეოსის ავიახაზებთან“. ახლა დავასრულეთ მოლაპარაკება და როგორც მინიმუმ, აგვისტოს ბოლომდე ერთი ფრენა ათენსა და თბილისს შორის შესრულდება. ესაა ის ოპტიმალური რაოდენობა, რაც დღეს აწყობს საქართველოსაც და საბერძნეთსაც“,-განაცხადა თურნავამ. იხილეთ ასევე: საბერძნეთის ელჩი: „ახსნას ვერ ვპოულობთ, რატომ არ გაუხსნა საქართველომ საბერძნეთს საზღვარი“

ფინანსთა მინისტრი: "ზამთარი იოლი არ იქნება“

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს მთავრობის მიერ სოციალური დახმარების ახალი პაკეტის დაანონსებას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა. როგორც მინისტრი ამბობს, ზამთარი „არ იქნება იოლი“, ტურიზმი კი ნაწილობრი მასშტაბითაც ვერ აღდგება. "ზამთარი, ჩვენი ხედვით და მოსაზრებით, არ იქნება იოლი: ეკონომიკური პროცესის აღდგენა წავა წლის მეორე ნახევარში, რასაკვირველია, ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო. ვარაუდი იყო, რომ 1 ივლისიდან შეიძლებოდა, ქვეყანა სრულად გახსნილიყო, თუმცა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში პირველი ტალღა გაგრძელდა, ევროპის ქვეყნებში მეორე ტალღა წამოვიდა. ამან ცხადი გახადა, რომ წლის ბოლომდე სრული მასშტაბით, თუგინდ ნაწილობრივი მასშტაბით ვერ აღდგება ტურიზმი და ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები. შესაბამისად, ზუსტად მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით", - განაცხადა მაჭავარიანმა. ცნობისთვის: არსებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 5%–ით შემცირდება. 6 აგვისტოს პრემიერ–მინისტრმა დახმარებების ახალი პაკეტი დააანონსა: თვითდასაქმებულები, რომლებმაც საკმარისი დოკუმენტების შეგროვება ვერ შეძლეს, სახელმწიფოსგან 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ;ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, მთავრობა კომუნალურ გადასახადებს დაასუბსიდირებს;18 წლამდე ბავშვები და მოზარდები ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ;სოციალურად დაუცველი სტუდენტების ნაწილს ერთი სემესტრის და ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება.

"ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

ლატვიურმა ავიაკომპანია „ეარბალტიკამ“ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავჯორჯიას“ ინფორმაციით, რიგიდან თბილისში 126 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან რიგის მიმართულებით 141 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, „ტავის“ ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ. ავიაკომპანია 20 აგვისტომდე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს: რიგა – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს, ხოლო თბილისი – რიგა, ყოველ ხუთშაბათს. 20 აგვისტოდან ფრენები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება: რიგა – თბილისი, ოთხშაბათსა და კვირას, თბილისი – რიგა, ხუთშაბათსა და ორშაბათს. ფრენები Airbus A 220 – 300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: "რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია"

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბიგანმა, დავით ზალკალიანთან ერთად, ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის ქართულ-ამერიკული საბჭოს ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ კონფერენციაში - "Georgia and its Neighborhood" მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოსა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. "2008 წლის აგვისტოში რუსეთის მხრიდან საქართველოში შეჭრის წლისთავი არის შეხსენება იმისა, თუ რა ძალისხმევა გვესაჭიროება რათა რეგიონი გათავისუფლდეს კონფლიქტებისგან. ასობით მოქალაქემ, რომელიც დაიღუპა ან დაშავდა რუსული აგრესიის შედეგად, უნდა გვაიძულოს, რათა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა და მოვთხოვოთ რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავისი ყველა მეზობლის, განსაკუთრებით კი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოსა და ჩვენს რეგიონულ პარტნიორებთან ურთიერთიბაში კი, ჩვენი ვალდებულება დემოკრატიის წინაშე, უპირატესია", - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა. მისივე თქმით, აშშ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთან ერთად მუშაობას საერთო ხედვის განსახორციელებლად, რათა ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონი გახდეს უსაფრთხო, გათავისუფლდეს ზიანის მომტანი გავლენებისგან და ფოკუსირება მოახდინოს დემოკრატიულ მმართველობასა და ეკონომიკურ ზრდაზე. სიტყვით გამოსვლისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ისაუბრა ლევან მიქელაძეზე და ხაზი გაუსვა ქართველი დიპლომატის სახელობის ფონდის მნიშვნელობას საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. ბიგანმა ასევე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორიცაა: ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

IRI: მოსახლეობაში ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქის შემდეგ გამყრელიძე სარგებლობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, ყველაზე მაღალი სანდოობით პატრიარქი ილია მეორე სარგებლობს. პატრიარქის მიმართ 89% არის კეთილგანწყობილი. მეორე ადგილს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 74%-ით იკავებს. საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საზოგადოების 63%-სთვის არის მისაღები პიროვნება. საზოგადოების 57%-სთვის თბილისის მერი კახა კალაძე არის ფავორიტი პიროვნება, ხოლო 53 %-სთვის ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძეა. ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.

IRI- 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში გაზრდილია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უკანასკნელი კვლევის თანახმად, 2019 წლის ოქტომბრის კვლევის შედარებით, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა საქართველოში გაზრდილია. კერძოდ, უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ევროკავშირში გაწევრიანებას რესპონდენტთა 87% უჭერს მხარს, 2019 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 80% იყო. რაც შეეხება ნატო–ს, უკანასკნელი კვლევის მონაცემებით, ალიანსში გაწევრიანებას გამოკითხულთა 78% ემხრობა, 2019 წლის ოქტომბერში მათი რაოდენობა 71% იყო. ცნობისთვის: კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 66 პროცენტი.

აშშ - პოლონეთის თავდაცვის ახალი პაქტის თანახმად, პოლონეთში დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება

აშშ – პოლონეთის თავდაცვის ახალი პაქტის თანახმად, პოლონეთში დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. „გაძლიერებული თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებას“ ხელი ვარშავაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა პოლონეთში 5 500 ჯარისკაცამდე გაიზრდება. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შესაძლოა უმოკლეს დროში 20 000-მდე გაიზარდოს, თუ საფრთხე ამას გაამართლებს. ამჟამად პოლონეთში 4 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. აშშ-ს არმიის მე-5 კორპუსის შტაბი ასევე გადავა გერმანიიდან პოლონეთში.

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. „თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რა ხდება ქვეყანაში. ნელ-ნელა ცდილობენ და აგრძელებენ სიტუაციის არევას. ახლა შრომით კოლექტივებს მიადგნენ. მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ აქედან არაფერი გამოვა. ქვეყანას არავის დავუთმობთ. სიტუაციას დავიჭერთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ შეხვედრაზე. მისივე თქმით, საზღვარგარეთ ბელარუსს „რაღაც თანამშრომლობას სთავაზობენ და აყალიბებენ ბელარუსის ალტერნატიულ მთავრობას“. „ჩვენ გვაქვს ნორმალური მთავრობა, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ჩამოყალიბდა. ჩვენ საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები. ისე რომ, არ ვაწყენინო ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობას, ვეტყვი – წესრიგი თქვენთან დაამყარეთ“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტისას დაღუპული სამხედროები დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ორი სამხედრო პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკრძალვას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე დაესწრნენ. დაკრძალვის ცერემონიალზე, ასევე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები და დაღუპულთა ოჯახების წევრები იმყოფებოდნენ. სამგლოვიარო სიტყვით მიმართვაში ოფიციალურმა პირებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და თანადგომა გამოუცხადეს. აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული და იდენტიფიცირებულია 1992-93 წლების აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული 13 პირის ნეშტი, მათ შორის, რვა სამხედროს და ხუთი მშვიდობიანი მოქალაქის. ნეშტები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით მოიძიეს, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა ნეშტებს, მათი ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაკრძალავენ.

ქუთაისის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტით გათვალისწინებულია ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. აუზის კომპლექსი ითვალისწინებს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას როგორც აუზის მომხმარებლებისათვის, ისე მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, დაგეგმილია სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეების მოწყობა. „ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მნიშვნელოვანია წყლის სპორტის მიმართულებით ქუთაისში არსებული ტრადიციების განვითარებისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

რუსეთი მტერია და მას ერთი სახე აქვს - აგვისტოს ომის გმირის მეუღლე

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, დაიჭრა - 1747, სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია. EUROPETIME.EU საკუთარ ვებგვერდზე სპეციალურ რუბრიკას მიუძღვნის ომში დაღუპულ გმირებსა და მათ ოჯახებს. წლის განმავლობაში შემოგთავაზებთ, თუ როგორ აგრძელებენ ცხოვრებას გმირების ოჯახები, რა აწუხებთ და რა უხარიათ. მოგითხრობთ მათ შვილებზე. რუბრიკას ვიწყებთ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძისა და აგვისტოს ომის კიდევ ერთი გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის მეუღლეების ინტერვიუებით. საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მაკა ჩიკვილაძე გვიყვება, როგორი იყო მისი და გიორგის თანაცხოვრების პერიოდი. "სულ ორი წელი ვიყავით ერთად, როცა ის დაიღუპა პირველი შვილი ლევანი 10 თვის იყო ხოლო მე სამი თვის ორსული, გიორგი ვერ მოესწრო ანას დაბადებას,მაგრამ მისი დაბადებით ნატვრა აუხდა,ის გოგოს დაბადებაზე ოცნებობდა" - ყვება გმირის მეუღლე. მაკა ამბობს რომ დღემდე ვერ შეძლო ბოლომდე ენახა ის კადრები,თუ როგორ აწამებენ ოკუპანტები გიორგის.. ამოსაცნობად სულ რამოდენიმე წამი აქვს ნანახი.. შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე გვიყვება, როგორი იყო მისი ცხოვრება მეუღლესთან და მისი დაკარგვის შემდეგ. „საქართველოს დამოუკიდებლობა მისთვის ძალიან ღირებული იყო. სამეგობროც ასეთი ჰყავდა, პატრიოტი ბიჭები. როცა გავიგე, რომ ტყვედ ჩავარდა, მაშინ მივხვდი, რომ ის იქიდან ცოცხალი ვერ დაბრუნდებოდა. ის თავისი ღირსებისთვის ბოლომდე იბრძოლებდა“ - ყვება თეა ტაბატაძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველამ გაითავისოს ის ფაქ ტი, რომ რუსეთი ჩვენი ყველასი საერთო დიდი მტერია. „მინდა ამ საკითხზე არასდროს ვიკამათოთ. საზოგადოება იყოს ერთიანი. რუსეთს ერთი სახე აქვს, რომელსაც სულ გვიჩვენებს, გავიხსენებ შარშანდელ ფაქტს, როცა ზაფხულში ფრენა აკრძალა რუსეთ-საქართველოს შორის ტურისტულ სეზონზე და ამ კუთხით საქართველოს დაზარალება კიდევ ერთხელ სცადა. ამიტომ რუსეთი ერთია და ის მტერია"- ამბობს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპილი შმაგი ტაბატაძის მეუღლე.

"აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას"

"აშშ აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიისკენ სვლის მხარდაჭერას", - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში "ტვიტერში" პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, ამერიკა არადროს სცნობს, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას: "12 წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე. მას შემდეგ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია".