ძებნის რეზულტატი:
ერდოღანი: ზანგეზურის დერეფანი თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთგვარი შერიგების პროექტია
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანი თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთგვარი შერიგების პროექტია. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ 224-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომლის მშენებლობასაც საფუძველი 22 აგვისტოს ჩაეყარა, თურქეთისთვის საამაყოა. ამ დერეფნის გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთი იქნება და ის 5,5 მილიონი მგზავრს მოემსახურება. ერდოღანი: თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა
აზერბაიჯანმა საქართველოში ბუნებრივი აირის ექსპორტი გააორმაგა
2025 წლის 6 თვეში აზერბაიჯანმა საქართველოში ბუნებრივი აირის ექსპორტი გააორმაგა. 2025 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანმა საქართველოში დაახლოებით 1.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ექსპორტი განახორციელა. ამავე პერიოდში ქვეყანამ აწარმოა დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი, ძირითადად, აზერი-ჩირაგ-გუნაშლის, შაჰ-დენიზისა და აბშერონის საბადოებიდან, ასევე, SOCAR-ის წილობრივი მონაწილეობით.
გერმანიამ და კანადამ კრიტიკული მინერალების შესახებ შეთანხმება გააფორმეს
გერმანია და კანადა ეკონომიკურ თანამშრომლობას ნედლეულის შესახებ ახალი შეთანხმების ხელმოწერით გააძლიერებენ. ბერლინში კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მათ სურთ, გააძლიერონ სავაჭრო კავშირები, თანამშრომლობა ახალ ტექნოლოგიებსა და თავდაცვის ინდუსტრიაში. „დღეს ჩვენი მინისტრები ხელს აწერენ ნედლეულის სექტორში თანამშრომლობის განზრახვის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის თანამშრომლობა, რომელსაც მე ძალიან მივესალმები და სრულად ვუჭერ მხარს. ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და უსაფრთხოებისკენ,“ - განაცხადა მერცმა. თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა კარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადა და გერმანია ძირითად სფეროებში აძლიერებენ თანამშრომლობას, რათა მზარდი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური ცვლილებების დროს, სტაბილურობას ხელი შეუწყონ. კარნიმ განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში კანადის ძირითადი მინერალების სფერო (ნიკელი და კობალტი) განუვითარებელი იყო, ხოლო ჩინეთი და რუსეთი გლობალურ ბაზარზე დომინირებდნენ. კრიტიკული მინერალები მნიშვნელოვანია ახალი ენერგეტიკული და თავდაცვის ტექნოლოგიებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ გერმანია ევროპაში ლიდერი გახდა, რადგან ის ჩინეთისა და რუსეთისგან დივერსიფიკაციისკენ ისწრაფვის. „კანადას შეუძლია, ამ დივერსიფიკაციის დაჩქარებაში გერმანიისა და ევროპისთვის დიდი როლი შეასრულოს,“ - განაცხადა კარნიმ. გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკაა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კრიტიკული მინერალების იმპორტზე. გერმანიასა და კანადას შორის შეთანხმება ხაზს უსვამს კრიტიკული მინერალების სტრატეგიულ მნიშვნელობას ორივე ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის. მასში ხაზგასმულია, რომ ორი მთავრობა მხარს დაუჭერს ერთობლივ პროექტებს ამ სექტორებში და ხელს შეუწყობს პარტნიორობას კანადურ და გერმანულ კომპანიებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის.
სომხეთი და დიდი ბრიტანეთი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე შეთანხმდნენ
26 აგვისტოს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰან კოსტანიანმა და ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუტიმ ერევანში, სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის მეორე რაუნდი გამართეს. სომხურმა მხარემ ბრიტანელ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული ტრანსფორმაციის შესახებ, მათ შორის, დემოკრატიის განმტკიცების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გაძლიერების მცდელობების შესახებ. სომხეთის საგარეო უწყების ცნობით, გაერთიანებულმა სამეფომ სომხეთის პროგრესი შეაქო და კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ამ რეფორმების გაგრძელების მიმართ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდეს. ორივე მხარემ განიხილა თანამშრომლობის გაფართოება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში, მათ შორის, სამომავლოდ, მაღალი დონის შეხვედრები და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში. ურთიერთობების გაუმჯობესების კონტექსტში, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. „მხარეები მოუთმენლად ელიან ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას და ზრდის ხელშეწყობას თანამშრომლობის გზით, მათ შორის, სომხეთის ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების, რეფორმებისა და დივერსიფიკაციის მხარდაჭერის მხარდაჭერის ჩათვლით, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან პარტნიორობით. მხარეებმა განიხილეს სომხეთ-დიდი ბრიტანეთის ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის შეთანხმება (CEPA). სომხეთმა აღიარა გაერთიანებული სამეფოს ექსპორტის დაფინანსების (UKEF) პოტენციალი ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი განვითარებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხრეთ კავკასიას. გაერთიანებული სამეფო მიესალმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ბოლო დროს მიღწეულ შეთანხმებებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის გადამწყვეტ ნაბიჯი ქვეყნებს შორის ურთიერთობების სრული ნორმალიზაციისკენ,“ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მისივე თანახმად, მხარეებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კომუნიკაციების გახსნის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ასევე, მხარეებმა განიხილეს „მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივა - როგორც რეგიონული კავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების პლატფორმა.
ავსტრალია გზის სახიფათო მონაკვეთზე ავარიების შემცირების ტექნოლოგიას ცდის
ავსტრალიაში, გზაზე შექმნეს სპეციალური ხაზები, რომლებიც ღამით ანათებს, რომ მძღოლებმა გზა უკეთ დაინახონ. ჯერ ერთ მონაკვეთზე სცადეს და 6 თვეში ავარიების რიცხვი 67%-ით შემცირდა. ახლა სურთ, რომ ეს „მანათობელი“ ხაზები სხვა გზებზეც სცადონ, რადგან ეფექტიანია და უსაფრთხოებას ზრდის. გამოკითხული მძღოლების 83-მა პროცენტმა განაცხადა, რომ „ჭკვიანი ტექნოლოგია“ შტატის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზის მონაკვეთზე „მზარდ სიმშვიდეს“ უზრუნველყოფს. ნაგებობა ბულლის უღელტეხილზე, სიდნეის სამხრეთით, დეკემბერში დამონტაჟდა. ეს ტერიტორია შეირჩა მას შემდეგ, რაც 12 თვის განმავლობაში თითქმის ავარიის 125 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ უღელტეხილს ინტენსიურად იყენებენ დიდი სატვირთო მანქანებისა და მოტოციკლების მძღოლები - ახალი მონიშვნები „ციცაბო დაღმართის შუა ნაწილში დამონტაჟდა, რათა მკვეთრი მოსახვევის შესახებ ცნობიერება გაზარდონ.“ ავსტრალიაში უსაფრთხო გზისთვის ახალ ტექნოლოგიას ტესტავენ — საგზაო ნიშნები და საფარი სპეციალური ფოტოლუმინესცენტური საღებავით დაფარეს. ეს საღებავი დღის განმავლობაში მზის ენერგიას შთანთქავს და ღამით რბილ ნათებას გამოჰყოფს, რაც გზის ხილვადობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ელექტროენერგიის გარეშე - „მანათობელი“ გზები მანქანების უსაფრთხო მოძრაობას ხელს უწყობს, განსაკუთრებით - ღამის საათებში - ამცირებს გარე განათების საჭიროებას, რაც ხარჯებს მნიშვნელოვნად კვეცს. თუ პროექტი წარმატებით დასრულდება, ეს ინოვაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უფრო უსაფრთხო და მდგრადი გზების განვითარების მიმართულებით. ინოვაციური მეთოდი თავდაპირველად, ავსტრალიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატში, ახალი სამხრეთ უელსის სახიფათო გზატკეცილის 200 მეტრიან მონაკვეთზე გამოსცადეს, რათა მძღოლების უსაფრთხოება გაეზარდათ და დახმარებოდნენ მათ, რომ დაბალი ხილვადობის მქონე გზებზე, მონიშვნები უკეთესად დაენახათ.
გაერთიანებულ სამეფოში წყალბადზე მომუშავე სატვირთო გემი გამოსცადეს
წყალბადზე მომუშავე უპილოტო გემმა - Pioneer 24-საათიანი საზღვაო მისია, სრულიად დისტანციურად და გამონაბოლქვის გარეშე (ე.წ. ნულოვანი ემისიები) წარმატებით განახორციელა. გემი ბრიტანულ კომპანია ACUA Ocean-ს ეკუთვნის. კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, ეს პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზღვაო ტრანსპორტის გამწვანებისკენ და აჩვენებს, რომ საზღვაო სფეროში წყალბადის ენერგიას ეკოლოგიურად სუფთა მომავლის შექმნა შეუძლია. ეს მსოფლიოში დისტანციურად მართვადი და წყალბადზე მომუშავე გემის ოფიციალურად პირველი სერტიფიცირებაა. Pioneer არის მრავალფუნქციური, ეკოლოგიურად სუფთა და ტექნოლოგიურად მოწინავე უპილოტო გემი, რომელიც განკუთვნილია: მაღალი ხარისხის მონაცემთა შეგროვებისთვის და გარემოს ადაპტაციისთვის; საფრთხეებისა და რთული პირობების პირობებში საზღვაო საქმიანობისთვის; სამეცნიერო კვლევებისა და ინფრასტრუქტურის უწყვეტი მონიტორინგისთვის; გრძელ დროსა და დაბალი ბიუჯეტით შესრულებული ოპერაციებისთვის.
საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მოლდოვას ეწვევიან
AFP-ის ცნობით, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები 27 აგვისტოს მოლდოვას ეწვევიან, რათა საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დაწყებამდე მხარდაჭერა გამოხატონ. 27 აგვისტოს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღეა. სანდუს პროევროპული მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია (PAS) მომავალ არჩევნებში პრორუსული სოციალისტური პარტიისა და მისი მოკავშირეების გამოწვევას აწყდება. მოლდოვის პრეზიდენტმა გასულ წელს ხელახალი არჩევნები მცირე უპირატესობით მოიგო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 4 ივლისს პირობა დადო, რომ ევროკავშირი დაეხმარება მოლდოვას, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ავტოკრატიის აგენტების“ ჰიბრიდული საფრთხეებისგან თავი დაიცვას. სანდუ: რუსეთი მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში უპრეცედენტო ჩარევისთვის ემზადება
გერმანია სამხედროების რაოდენობის გაზრდას გეგმავს
გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. გერმანიის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული კანონპროექტი ძალაში 2026 წლის იანვარში შევა, თუ მას მხარს პარლამენტი დაუჭერს. გერმანიის თავდაცვის სამინისტრო იმედოვნებს, რომ ექვსთვიანი ნებაყოფლობითი პროგრამა გაწვრთნილი რეზერვისტების რაოდენობას გააორმაგებს, ხოლო მათი ნაწილი სამხედრო სამსახურში კარიერის გაგრძელებას გადაწყვეტს. ბორის პისტორიუსს სურს, რომ 2030 წლისთვის გერმანელი სამხედროების რაოდენობა 180 000-დან 260 000-მდე გაიზარდოს. „ბუნდესვერი უნდა გაიზარდოს. საერთაშორისო უსაფრთხოების მდგომარეობა, განსაკუთრებით კი რუსეთის აგრესიული პოზიცია ამას აუცილებელს ხდის. ჩვენ მხოლოდ კარგად აღჭურვილი სამხედროები არ გვჭირდება, ჩვენ ბუნდესვერი გვჭირდება, რომელიც პერსონალის რაოდენობითაც ძლიერი იქნება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება რუსეთის წინაშე შეკავება ყველაზე საიმედო“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა. კანონპროექტის თანახმად თავდაცვის სამინისტრომ 2026 წელს 20 000 მოხალისე უნდა მიიღოს, ხოლო თუ დადგენილი მაჩვენებლების მიღწევა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოხდება, მაშინ გერმანიის მთავრობამ შესაძლოა 2011 წელს გაუქმებული სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის საკითხიც განიხილოს.
გერმანია ყირგიზეთს ტრანზიტისა და ლოგისტიკის განვითარებაში დაეხმარება
გერმანიამ და ყირგიზეთმა ტრანზიტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს. გერმანული კომპანია Rhenus SE & Co. KG ყირგიზეთის რკინიგზისა და მისი ლოგისტიკური ცენტრების ეფექტიანად გამოყენებას ხელს შეუწყობს. დოკუმენტს ყირგიზეთ-გერმანიის ბიზნეს საბჭოს მეოთხე სესიაზე მოეწერა ხელი. ღონისძიებაში ორივე ქვეყნის ბიზნეს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ყირგიზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ ადილბეკ კასიმალიევმა აღნიშნა, რომ გერმანული ინვესტიციები, ტექნოლოგიები და ინოვაციები ხელს შეუწყობს ინდუსტრიების მოდერნიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ექსპორტის გაზრდას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მწვანე ენერგიას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და ფინანსურ სექტორს, ასევე, გარემოსდაცვით და კლიმატურ საკითხებს.
ალიევი: 1920 წლის აპრილში რუსეთის არმია აზერბაიჯანში შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ „ალ არაბიასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 1920 წლის აპრილში რუსეთის არმია აზერბაიჯანი შეიჭრა და მისი ოკუპაცია მოახდინა. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც რუსეთის იმპერია 1917 წელს დაიშალა, აზერბაიჯანმა დემოკრატიული რესპუბლიკა დააარსა. „ბოლშევიკებმა, რომლებმაც 1917 წელს რევოლუცია მოახდინეს, ხალხს მოატყუეს. მათი ლოზუნგები იყო „ქარხნები მუშებს, მიწა ფერმერებს, თავისუფლება ხალხისთვის.“ ჩვენ შევქმენით ჩვენი სახელმწიფო, მაგრამ ბოლშევიკებმა ის წაგვართვეს,“ - აღნიშნა ალიევმა. „1920 წლის ნოემბერში, სულ რაღაც რამდენიმე თვეში, საბჭოთა რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა ზანგეზური — ის, რასაც ჩვენ დასავლეთ ზანგეზურს ვუწოდებთ — აზერბაიჯანისგან წაერთმია და სომხეთისთვის გადაეცა. ასე გაიყო აზერბაიჯანი ორ ნაწილად: მატერიკულ და ნახიჩევანის ნაწილად, დასავლეთ ზანგეზური კი, შუაში იყო. საბჭოთა კავშირის დროს ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან არ იყო საზღვრები და არც ომები. ადამიანებს შეეძლოთ, თავისუფლად გადაადგილებულიყვნენ მანქანით ან რკინიგზით მატერიკიდან ნახიჩევანში. მაგრამ მას შემდეგ, რაც სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, მათ ეს დამაკავშირებელი ხაზი გაჭრეს. მათ დერეფანი გაჭრეს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
Politico: ტრამპმა ორბანი დაარწმუნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას აღარ შეეწინააღმდეგოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაარწმუნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას აღარ შეეწინააღმდეგოს. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა politico წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. Politico-სთან საუბარში ორმა ევროპელმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ, ბუდაპეშტზე ზეწოლის გათვალისწინებით, უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩიხის გარღვევა მომავალ თვეებში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ევროკავშირი კიევისა და კიშინიოვის განაცხადების განხილვის გამიჯვნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა უკრაინის პრობლემებმა მეზობლის ევროპულ ინტეგრაციას ხელი არ შეუშალოს. გასულ კვირას Bloomberg-ი წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს დაურეკა, რათა განეხილა, რატომ ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ დაურეკა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა შორი რადიუსის რაკეტა Flamingo-ს მასობრივ წარმოებას ზამთარში დაიწყებს
უკრაინა საკუთარი, ადგილობრივი წარმოების, შორი რადიუსის მქონე ფრთოსანი რაკეტის, „ფლამინგოს“ მასობრივი წარმოების დაწყებას ამ ზამთარში გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ფლამინგომ“ წარმატებით გაიარა ტესტები. უკრაინის პრეზიდენტმა „ფლამინგო“ „ყველაზე წარმატებულ“ რაკეტად მოიხსენია, რაც ამჟამად უკრაინას აქვს. მისი თქმით, „ფლამინგოს“ რაკეტას 3000 კილომეტრამდე (1864 მილი) ფრენა შეუძლია. „დეკემბრისთვის მეტი ასეთი რაკეტა გვექნება. დეკემბრის ბოლოსთვის ან იანვარ-თებერვალში მასობრივი წარმოება უნდა დაიწყოს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. Flamingo-ს რაკეტა პირველად საჯაროდ 17 აგვისტოს გამოჩნდა, როდესაც Associated Press-ის (AP) ფოტოჟურნალისტმა ეფრემ ლუკაცკიმ მისი ფოტო გამოაქვეყნა. ზელენსკიმ უფრო ადრე განაცხადა, რომ უკრაინამ კიდევ ერთი ადგილობრივი იარაღი, ჰიბრიდული რაკეტა-დრონი „პალიანიცია“ შეიმუშავა.
"საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა“ "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“ შეიძინა
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტმა“ (სეუ)" "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" (IBSU) $12 მილიონად შეიძინა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 100%-ის წილის მფლობელი 2025 წლის 27 აგვისტომდე, კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა შენგელია იყო. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი გია კავთელიშვილმა დააფუძნა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, SEU საქართველოს „ტოპ 5“ უნივერსიტეტებს შორისაა. საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებასა და მათ კარიერულ წინსვლაზე, კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახური ზრუნავს. უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე როგორც აკადემიური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შესაბამისი სწავლისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ევროპული სტანდარტების ცოდნას, გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში, სტაჟირებებს, მასტერკლასებს. „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ საერთაშორისო პარტნიორებს შორის ევროპული და ამერიკული უნივერსიტებები არიან. SEU-ში მოქმედებს ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის კვლევითი ლაბორატორიები. ამასთან, უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი ტექ და სამეწარმეო ცენტრი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიური განათლების განვითარებას, ინოვაციური პროექტების შექმნის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებში მეწარმეობის კულტურის გაძლიერებას. გარდა ამისა, SEU-ში, უნიკალური პლატფორმა Orbit მსოფლიოს N1 უნივერსიტეტის - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის MIT ულტრაინოვაციური ციფრული პლატფორმაა, რაც სტარტაპერებს იდეის განვითარების პროცესს უადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. Orbit გამოიყენება MIT-ის სტარტაპების განვითარების მთავარ ინსტრუმენტად. Orbit-ში ინტეგრირებულია ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ იდეების განვითარებაში ეხმარება. SEU ერთადერთი უნივერსიტეტია რეგიონში, რომლის სტუდენტებსა და ლექტორებს ულიმიტო წვდომა აქვთ Orbit-ზე. ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტის, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან პარტნიორობის ფარგლებში SEU MIT-ის სამეწარმეო ცენტრის - Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია მსოფლიოს 4 უნივერსიტეტთან ერთად. თანამშრომლობის ფარგლებში SEU, ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, აგზავნის ლექტორებს MIT-ის კამპუსში გადამზადების ანტრეპრენერულ პროგრამაზე. გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. SEU ყოველწლიურად, სტუდენტებს სრული დაფინანსებით, აგზავნის მასაჩუსეტსში, სადაც ისინი სამი კვირის განმავლობაში MIT-ის სტუდენტებთან ერთად, MIT-ის კამპუსში StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაზე მუშაობენ. SEU, მსოფლიოს სხვა 4 უნივერსიტეტთან ერთად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი გლობალური ქსელის Global Leaders of the Entrepreneurship Educators Network (GLEEN) თანადამფუძნებელია. GLEEN ეს არის ინოვაციური ქსელი, რომელიც გლობალური მასშტაბით, ანტრეპრენერული განათლების გაძლიერებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ის აერთიანებს საქართველოს, კანადის, ავსტრიის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის და აშშ-ს მეწარმეობის და ინოვაციების განმავითარებელი ქსელის წევრებს, რაც გულისხმობს ერთობლივი კვლევითი პროექტების შექმნას, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას, საგანმანათლებლო ლიტერატურის შემუშავებას, რის შედეგადაც გაჩნდება მეტი წარმატებული სტარტაპი და მეწარმე ჩვენს რეგიონში. ასევე, ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობს ინტერდისციპლინური მიმართულებით და მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული ინტეგრაციის კვლევითი და სასწავლო პროცესის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას.
გაერთიანებული სამეფოს ავიამზიდი იაპონიაში ჩავიდა
იაპონიასა და ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობამ „უპრეცედენტო“ დონეს მიაღწია, განაცხადა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა 28 აგვისტოს, როდესაც გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ავიამზიდი ტოკიოში ჩავიდა. „იაპონია და დიდი ბრიტანეთი, როგორც ერთმანეთის უახლოესი უსაფრთხოების პარტნიორები აზიასა და ევროპაში, სტაბილურად აძლიერებენ თანამშრომლობას,“ - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა გენ ნაკატანიმ ჟურნალისტებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ჯონ ჰილისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. Reuters-ი წერს, რომ ტოკიო ცდილობს, შეერთებულ შტატებთან ალიანსის მიღმა უსაფრთხოების კავშირები გააფართოოს, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთის მზარდ გავლენას. ამასობაში, ლონდონი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში თავისი როლის გაფართოებაზე მუშაობს, რადგან რეგიონი გლობალური ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა სულ უფრო მეტად ხდება. გაერთიანებული სამეფოს ავიამზიდი Prince of Wales იაპონიას 12 ქვეყნისგან შემდგარი დარტყმის ჯგუფის ფარგლებში სტუმრობს, რომელშიც 4,000 სამხედროა და რეგიონში რვათვიან მისიას ახორციელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უცხოური ავიამზიდი ტოკიოს პორტში შედის.
რუსეთის თავდასხმის შედეგად, კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა
რუსეთის დარტყმების შედეგად კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ამ სასტიკ თავდასხმებს მკაცრად ვგმობ. ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი მშვიდობაზე უარს აცხადებს და ტერორს ირჩევს. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლებს, მათ ოჯახებსა და ყველა უკრაინელს, ვინც ამ აგრესიას უძლებს,“ - წერს მარტა კოსი. განახლება: კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარ პრესსპიკერ ანიტა ჰიპერზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, „თავდასხმის სამიზნე არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა გახდეს.“ „რუსეთის დაუნდობელი დაბომბვების კიდევ ერთი ღამე, რის შედეგადაც, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპა. ასევე, დაზიანდა კიევში ჩვენი წარმომადგენლობა. ჩვენი წარმომადგენლობის თანამშრომლები კარგად არიან. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განურჩევლად თავდასხმები ახლავე უნდა შეწყვიტოს და სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს უნდა შეუერთდეს,“ - წერს თავის მხრივ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე. კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
რა საკითხები განიხილა ალან პერსელმა ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. „აღინიშნა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ - სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. მინისტრმა ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რომელმაც განვითარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მისი თქმით, მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის კუთხით. ორივე მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს. ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. შეხვედრას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრის შესახებ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა ამერიკულმა მხარემ. კერძოდ, ამერიკის საელჩოს ცნობით, „ოთხშაბათს, [27 აგვისტოს, რედ.] ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა.“
თურქეთი და სირია 24-საათიან სატრანზიტო ვაჭრობას იწყებენ ორ საბაჟო გამშვებ პუნქტზე
თურქეთი და სირია დღეიდან იწყებენ 24-საათიან უფასო სატრანზიტო ვაჭრობას საერთო საზღვრებზე არსებულ ორ საბაჟო გამსვლელ პუნქტზე. „24-საათიანი სატრანზიტო ვაჭრობა უფასო იქნება ორ საბაჟო გასასვლელზე: თურქეთის ჩილვეგოზუსა და ონჯუპინარში, ასევე, სირიის ბაბელ ეარსა და ბაბუსელამში,“ - განაცხადა ომერ ბოლატმა. ბოლატმა განაცხადა, რომ ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ერთობლივი საბაჟო კომიტეტის შექმნას, საბაჟო თანამშრომლობას და ტრენინგებს.
დაზვერვა: უკრაინამ ოკუპირებული ყირიმის სიახლოვეს რუსული სარაკეტო ხომალდი დააზიანა
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ (HUR) 28 აგვისტოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის მახლობლად, აზოვის ზღვაში, რუსული ბუიან-M კლასის მცირე ზომის სარაკეტო ხომალდი, Kalibr-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადამზიდავი დააზიანა, იტყობინება HUR. სააგენტოს ცნობით, ოპერაციის დროს, HUR-ის სპეციალური დანიშნულების რაზმის „პრიმარის“ მებრძოლებმა დრონის დარტყმით, გემის რადარის სისტემა დააზიანეს, ხოლო სპეცრაზმმა პირდაპირ სარაკეტო გადამზიდავზე თავდასხმა განახორციელა. HUR-ის ცნობით, სარაკეტო ხომალდი, რომელიც ტემრიუკის ყურეში იყო განლაგებული და კალიბრის რაკეტების გასაშვებად ემზადებოდა, თავდასხმის შემდეგ, დაზიანდა და და იძულებული გახდა, საბრძოლო მოვალეობის ზონა დაეტოვებინა. სააგენტომ სავარაუდოდ, დრონით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა.
ფაშინიანი: სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლა შესაძლებელია
ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების მიზნით, სომხეთი რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კავშირის დატოვებას არ გამორიცხავს. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში [ЕАЭС] ერთდროული ყოფნა შეუძლებელია. „როდესაც დადგება ის მომენტი, როდესაც არჩევანი საბოლოო და გარდაუვალი გახდება, ჩვენ შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. თუ ამას ოფიციალურ დონეზე გამოვაცხადებთ, მაშინ გასვლა შესაძლებელია. ნებისმიერი სცენარი შესაძლებელია, ის სხვა საკითხებთან ერთად, დაკავშირებულია ჩვენი ხალხის გამოხატულ ნებასთან, ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობასთან და მოლაპარაკებების პროცესებთან, ასევე, სიტუაციის, შესაძლებლობებისა და ალტერნატივების ანალიზის შედეგებთან და პერსპექტივებთან,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ეს შესაძლებლობა დამოკიდებულია ხალხის ნებაზე, მიმდინარე ვითარებაზე, მოლაპარაკებების პროცესებზე, ასევე, სიტუაციის ანალიზზე, შესაძლებლობებსა და ალტერნატივებზე. მას შემდეგ, რაც სომხეთის პარლამენტმა მიიღო ევროკავშირის შესახებ კანონპროექტი, რუსმა ოფიციალურმა პირებმა გააფრთხილეს ერევანი, რომ სომხეთი ერთდროულად ვერ იქნებოდა ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ევროკავშირის წევრი და რომ ქვეყანას მოუწევდა არჩევანის გაკეთება. სომხეთის პრემიერი განმარტავს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის საკითხი „საყოველთაო რეფერენდუმის გზით“ უნდა გადაწყდეს. მიმდინარე წლის 4 აპრილს სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების პროცესის დაწყების შესახებ.
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენა დაიწყეს
Reuters-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება დიპლომატიის დასასრულს არ ნიშნავს. ირანის ოფიციალურმა პირებმა გადაწყვეტილებას უკანონო უწოდეს. თეირანმა ევროპის „სამეული“ დიპლომატიისთვის ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, აშშ მიესალმა ევროპის „სამეულის“ გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღდგენის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით. „საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღდგენის პროცესი. სანქციების აღდგენა ირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პირდაპირი პასუხია. აშშ მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ირანს, ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად,“ – წერს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო.