ძებნის რეზულტატი:

ისრაელს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ისრაელის ახალი ელჩი ვალიდ აბუ ჰაია იქნება.    „დიდი პატივია მივესალმოთ ისრაელის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ბატონ ვალიდ აბუ ჰაიას. დღეს მან რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ბატონ ზურაბ დარჩიაშვილს.   ელჩი აბუ ჰაია, რომელიც დრუზი ისრაელელია, თავის მისიას იწყებს ურყევი მზადყოფნით, რათა კიდევ უფრო განამტკიცოს მეგობრობა და პარტნიორობა ისრაელსა და საქართველოს შორის,“წერს საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.   2022 წლიდან ამ დრომდე ელჩის პოზიციას ჰადას მეიცადი იკავებდა.  

ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის €4 მილიარდს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისიის პრესსამსახური ავრცელებს. „უკრაინის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავისთვის, რომელიც 24 აგვისტოს აღინიშნება, ევროკავშირი ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ ძლიერ სიგნალს გასცემს ქვეყნისთვის 4.05 მილიარდი ევროს გადაცემით. ეს მოიცავს 3.05 მილიარდ ევროს Ukraine Facility ფარგლებში და 1 მილიარდ ევროს ევროკომისიის განსაკუთრებული მიკროფინანსური დახმარების ფარგლებში,“ - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინისთვის 4 მილიარდი ევროს გადაცემაზე კომენტარი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გააკეთა. „იმ დღეს, როდესაც უკრაინა დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავს აღნიშნავს, ევროკავშირი მკაფიო სიგნალს აგზავნის: უკრაინასთან ჩვენი სოლიდარობა ურყევია. 4 მილიარდი ევროს გამოყოფა ჩვენი მტკიცე ერთგულების დასტურია. ეს ახალი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას არა მხოლოდ უკრაინის აღდგენისადმი, არამედ მისი როგორც სუვერენული და დემოკრატიული ქვეყნის მომავლისადმი. ვინაიდან, როდესაც უკრაინა ძლიერია, ევროკავშირის უფრო ძლიერია,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ამავდროულად, ევროკომისია აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის ახალი თანხის გამოყოფა ქვეყნის პროგრესის ფონზე ხდება იმ რეფორმებში, რომლებიც ევროკავშირის გაწევრიანებისთვის არის საჭირო. კერძოდ, აღინიშნება უკრაინის უმაღლესი რადას მიერ 31 ივლისს ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობის აღდგენა.  

ზელენსკი: თურქეთმა უკრაინას შავ ზღვაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარება შესთავაზა

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის ფორმატები ჯერ კიდევ განიხილება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 აგვისტოს, NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან მხარდაჭერის სხვადასხვა შესაძლო ვარიანტი დაასახელა: სამხედრო, დაზვერვა, დაფინანსება, განაღმვაში მონაწილეობა. თურქეთმა „მსურველთა კოალიციის“ ბოლო შეხვედრაზე განაცხადა: ჩვენ გვსურს, ვიყოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი შავ ზღვაში. ჩვენ პროფესიონალები ვართ, ვიცით, როგორ დაგეხმაროთ შავ ზღვაში, ამას განვიხილავთ,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ გარანტიების ინფრასტრუქტურა გაიწერება და შემდეგ გავიგებთ, ვის როგორ შეუძლია დახმარება. კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები ომის დასრულების მცდელობებში მთავარი საკითხია და დისკუსიები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ევროპელ კოლეგებს შეხვდა.  

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება

ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ "საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმი 2025 წლის პირველ სექტემბერს ავტომატურად არ გაუქმდება." ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში უპასუხა რადიო თავისუფლების წერილობით შეკითხვებს, რომლებიც საქართველოს მხრიდან რეკომენდაციების შესრულებას და უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით მოსალოდნელ მსჯელობას, ასევე, ამ საკითხზე წევრი სახელმწიფოების პოზიციებს შეეხება. 2025 წლის 31 აგვისტო არის ბოლო ვადა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს განახლებული ინფორმაცია 2024 წლის 6 დეკემბრის ვიზის შეჩერების მექანიზმის მე-7 ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ და მიიღოს შესაბამისი ზომები წამოჭრილი საკითხების მოსაგვარებლად. "კომისია რეკომენდაციების შესრულებას შეაფასებს შემდეგი ანგარიშის ფარგლებში, რომელიც 2025 წლის ბოლოს გამოქვეყნდება. ამ შეფასების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე სავარაუდო გადაწყვეტილება მიიღება წინასწარ განსაზღვრული მრავალსაფეხურიანი პროცესის შესაბამისად, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით," - ნათქვამია ევროკავშირის საელჩოდან მიღებულ წერილში.  

აზერბაიჯანი, უზბეკეთი და თურქმენეთი ვაჭრობის გასაძლიერებლად, ერთობლივ საწარმოებს ქმნიან

აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიიოევმა და თურქმენეთის „ჰალკ მასლახატი“-ს თავმჯდომარემ გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა 22 აგვისტოს თურქმენბაშიში გამართული სამმხრივი სამიტის შემდეგ მიიღეს.  თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნულია მხარეთა საერთო შეხედულება სამ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის აუცილებლობის შესახებ. ამ კონტექსტში, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ თავიანთი ქვეყნების ბიზნეს საზოგადოებებს შორის პირდაპირ კავშირებს შეუწყონ ხელი.  მათ ასევე გამოთქვეს მხარდაჭერა სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პრაქტიკული ძალისხმევის გააქტიურებისა და ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიმართ, რომლებიც მათი ერების ინტერესებს ემსახურება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმოებისა და ინდუსტრიული თანამშრომლობის გაფართოებაზე. სამივე ლიდერმა მიაღწია შეთანხმებას - ტექსტილის, ქიმიური, სამშენებლო და სხვა სამრეწველო სექტორებში ერთობლივი საწარმოების შექმნის გზით - გრძელვადიანი, ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაგრძელების შესახებ. გარდა ამისა, უზბეკეთი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის გემთმშენებელი ქარხნებიდან გემების შეძენის შესაძლებლობას იკვლევს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახამოვმა თურქმენეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის სამმხრივი სამიტის დროს გააკეთა. „ისევე, როგორც აზერბაიჯანში, თურქმენეთშიც არის გემთმშენებელი ქარხანა. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაანალიზებთ ამ ობიექტებიდან გემების შეძენის შესაძლებლობას. ყველა ტექნიკური ასპექტი უნდა შემუშავდეს,“ - აღნიშნა მახამოვმა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უზბეკეთი კასპიის ზღვაში საკუთარი ბორნების ექსპლუატაციას გეგმავს, რაც გამოწვეულია ტვირთების მოცულობის მკვეთრი ზრდით და არსებული შეფერხებებით, რომლებიც შეიძლება, 30-დან 40 დღემდე გაგრძელდეს.  

საფრანგეთის ელჩად ოლივიე კურტო დაინიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლივიე კურტო დანიშნა. შესაბამისი განკარგულება 7 აგვისტოთი თარიღდება. ახალი ელჩი შერაზ გასრის შეცვლის, რომელიც ამ თანამდებობაზე 2023 წლის დასაწყისიდან მსახურობს. მან ცოტა ხნის წინ გამოაცხადა უფლებამოსილების ვადის დასრულების შესახებ. განკარგულების თანახმად, ოლვიე კურტო აქამდე უფროსი ადმინისტრატორის პოზიციას იკავებდა. ოლივიე კურტო საფრანგეთის სამთავრობო უწყებებში დაზვერვისა და უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობდა.  ფრანგული მედიის ცნობით, კურტო მუშაობდა ლისაბონში საფრანგეთის საელჩოს პირველ მდივნად. 2005-2009 წლებში იყო თავდაცვის სამინისტროში ევროპის საკითხებში მრჩეველი, ასევე, საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორის შტაბის უფროსი. ასევე, 2015 წლისთვის, იორდანიაში საფრანგეთის საელჩოში პირველი მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.  

პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა. კობახიძის თქმით, კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. ამასთან, პრემიერმა ოხანაშვილს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. „პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე," - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.  

ტრამპი უკრაინელებს: აშშ-ს სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ამერიკელი ხალხის სახელით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და „უკრაინის მამაც ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.“ უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34-ე წლისთავს აღნიშნავს. „უკრაინელ ხალხს გაუტეხელი სული აქვს და თქვენი ქვეყნის გამბედაობა ბევრისთვის შთაგონების წყაროა. ამ მნიშვნელოვან დღეს, იცოდეთ, რომ შეერთებული შტატები პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს სცემს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი, როგორც დამოუკიდებელი ერის მომავლის,“ - აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოლაპარაკებებს ისეთი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც გამოიწვევს ხანგრძლივ, მდგრად მშვიდობას, დაასრულებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას,“ - წერს ტრამპი.   

იაპონია შუა დერეფნის ფარგლებში, აქტაუს პორტში საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას მხარს უჭერს

იაპონია მხარს დაუჭერს აქტაუს პორტში საბაჟო მომსახურების დიგიტალიზაციას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR, შუა დერეფანი) გასწვრივ. ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ნურტლეუმ ასტანაში იაპონელ კოლეგასთან, ტაკაში ივაიასთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა. იაპონურ მხარესთან მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს, იშვიათი ლითონების მოპოვებასა და დამუშავებას, ასევე, თანამშრომლობას სემიპალატინსკის ბირთვული საცდელი პოლიგონის განვითარების ხელშეყობას. „იაპონიის მთავრობამ მხარდაჭერა გამოთქვა აქტაუს პორტში საბაჟო მომსახურების დიგიტალიზაციისთვის TITR-ის გასწვრივ. გარდა ამისა, დიდი პერსპექტივები აქვს თანამშრომლობას ბირთვული ენერგიის, ბირთვული საწვავის წარმოებისა და ექსპორტის, ასევე, ბირთვული მედიცინის სფეროში,“ - აღნიშნა ნურტლეუმ. ნურტლეუმ ასევე დაადასტურა დიალოგის  - „ცენტრალური აზია და იაპონია“ შემდგომი განვითარების ორმხრივი განზრახვა. მხარეები აგრძელებენ კონსულტაციებს „ცენტრალური აზია + იაპონია“ სამიტის თარიღსა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. 2024 წლის ბოლოსთვის ყაზახეთსა და იაპონიას შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

სომხური ბანკები რუსეთის მოქალაქეებზე საგადასახადო რეზიდენტობის შესახებ ინფორმაციას შეაგროვებენ

სომხეთში ბანკებმა და ბროკერებმა რუსეთთან ფინანსური ინფორმაციის ავტომატური გაცვლისთვის, ქვეყანაში ანგარიშების მქონე რუსეთის მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებისგან საგადასახადო რეზიდენტობის დოკუმენტების მოთხოვნა დაიწყეს. მონაცემთა ავტომატური გაცვლის ამოქმედების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისა და მათ საკუთრებაში არსებული კომპანიების შემოსავლებისა და აქტივების შესახებ მონაცემები ხილული გახდება რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის მოქალაქეები მოთხოვნილ ინფორმაციას დამალავენ, მათი საბანკო ანგარიშის მომსახურება შეჩერდება. საგადასახადო რეჟიმი საგადასახადო რეზიდენტობაზეა დამოკიდებული. რუსეთის ხელისუფლება, როგორც წესი, რუსეთის საგადასახადო რეზიდენტებად მიიჩნევს იმ პირებს, რომლებიც ქვეყანაში წელიწადში 183 დღეზე მეტხანს იმყოფებიან. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ათიათასობით რუსი გაემგზავრა სომხეთში, რომელთაგან ბევრმა ქვეყანაში ანგარიში გახსნა. თუმცა სომხურ ბანკებში ანგარიშებს ასევე ხსნიან ისინი, ვინც აგრძელებენ რუსეთში ცხოვრებას და შესაბამისად, საგადასახადო რეზიდენტებად რჩებიან. ფინანსური ინფორმაციის გაცვლა სომხეთსა და რუსეთს შორის, სავარაუდოდ, 2025 წლის სექტემბერში დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ სომხეთში, რუსების აქტივების შესახებ ინფორმაცია რუსეთის ფედერალური საგადასახადო სამსახურისთვის (FTS) ხილული გახდება. გაცვლის დაწყებით, სომხეთი ასრულებს „საგადასახადო ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ზომების განხორციელების შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნებს. RBK წერს, რომ სომხეთი წელიწადში ერთხელ, დაახლოებით, 120 ქვეყანასთან გაცვლის საბანკო კლიენტების ფინანსურ ანგარიშებს. რუსეთი ფინანსური ინფორმაციის გაცვლაში 2018 წლიდან მონაწილეობს, მაგრამ 2022 წელს ომის დაწყების შემდეგ, ბევრმა დასავლურმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთთან ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გაგრძელებაზე.  

თურქეთმა მაღალსიჩქარიანი დრონის სისტემა - Simsek-ი წარმატებით გამოსცადა

თურქეთის თავდაცვის სისტემის მაღალსიჩქარიანი დრონების სისტემა - „სიმსეკი“ წარმატებით გამოსცადეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „ჩვენმა თავდაცვის ინდუსტრიამ კიდევ ერთი კრიტიკული შესაძლებლობა შეჰმატა თავის არსენალს,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების მაღალჩინოსანმა.  ანკარის შეფასებით, ეს ნაბიჯი ტექნოლოგიური მიღწების კონკრეტულ დემონსტრირებაა, რაც მთლიანად ეროვნული შესაძლებლობებით არის შემუშავებული, ეს კი, აძლიერებს თურქეთის ოპერატიულ მოქნილობას და აძლიერებს შეკავების უნარს.  „სიმსეკი“ Turkish Aerospace Inc.-მა (TAI) შექმნა.   

პაკისტანის რკინიგზის განახლებას ჩინეთის ნაცვლად, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს - Reuters

აზიის განვითარების ბანკი პაკისტანის დაზიანებული რკინიგზის სისტემის ნაწილის განახლებას დააფინანსებს, რითაც ჩინეთს ჩაანაცვლებს მას შემდეგ, რაც პეკინისგან დაფინანსების მოპოვება ხანგრძლივად შეფერხდა. Reuters-ის წყაროების ცნობით, ეს დაბრკოლება სტრატეგიული სამთო მოპოვების პროექტს საფრთხეს უქმნის. საუბარია ქვეყნის სამხრეთით მდებარე სარკინიგზო ხაზის 500 კმ-იანი მონაკვეთის განახლებაზე, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდი დოლარია. რკინიგზის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია ჩინეთმა პაკისტანში, 2015 წელს, „ერთ სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში გამოცხადებული 60 მილიარდი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროგრამის ცენტრალური ნაწილი იყო.  თუმცა ათწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, რკინიგზის განახლების დაფინანსების პაკეტი არ შემუშავებულა. ამასობაში, პაკისტანი სხვა პროექტებისთვის ჩინეთის მიერ გადასახდელი ვალის დაფარვას ცდილობს.  პაკისტანის რკინიგზაში კომენტარი არ გაკეთებულა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი, Reuters-თან განაცხადა, რომ „ჩინეთისა და პაკისტანის მეგობრობა რკინასავით მტკიცეა და ისინი ყველა პირობებში სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან.“ აზიის განვითარების ბანკმა ფინანსური პაკეტის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა ფინანსურ ინსტიტუტში განაცხადეს, რომ პაკისტანის მთავრობა და რეგიონული კრედიტორი „რეგულარულ დისკუსიებს აწარმოებენ რკინიგზის სექტორის განვითარებაზე.“ Reuters-ი წერს, რომ გარიგების შესახებ ამ თვის ბოლოს გამოცხადდება. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკი უხელმძღვანელებს კონსორციუმს, რომელიც პროექტს დააფინანსებს.  

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი საქართველოშია

ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი საქართველოშია. ისრაელის საელჩოს ცნობით, ხსენებული ვიზიტი ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო კავშირებს ასახავს. საელჩოს წერს, რომ ისრაელი „მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაფართოებას და საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებას საკვანძო სფეროებში.“ შსს-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას. უწყების განცხადებით, ქართული მხარე „მზად არის ისრაელის მხარესთან სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოებისთვის.“ ეს პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს და ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. გავრცელებული ცნობით, ბენ გვირი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესაც შეხვდა.  იტამარ ბენ-გვირისთვის 2025 წლიდან სანქციები აქვს დაწესებული გაერთიანებულ სამეფოს, კანადას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიასა და ნორვეგიას - ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე „პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობის წახალისების“ მიტივით.  

საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზები შუა დერეფნის მმართველ კომპანიაში ჩინური CRCT-ის ჩართვაზე შეთანხმდნენ

ბაქოში, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარეს როვშან რუსტამოვს, საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს დავით აბაშიძესა და ყაზახეთის საბჭოს თავმჯდომარეს თემირ ჟოლი ტალგატ ალდიბერგენოვს შორის შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა ერთობლივი საწარმოს (Middle Corridor Multimodal Ltd) საქმიანობა განიხილეს. მთავარი საკითხი პროექტში China Railway Container Transport Corp. Ltd.-ის (CRCT) მიერთება იყო, რომელიც China Railway-ის შვილობილი კომპანიაა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ მისი მონაწილეობა გააძლიერებს აღმოსავლეთ-დასავლეთ-აღმოსავლეთის ტვირთბრუნვას და გაზრდის შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ საწარმოში CRCT-ის შესვლის შესახებ ოქმს ხელი მოეწერა. აზერბაიჯანის რკინიგზის ცნობით, მარშრუტზე ტრანსპორტირება სწრაფად იზრდება: იანვარ-ივლისში, ჩინეთიდან აზერბაიჯანის გავლით, 225 ბლოკ-მატარებელმა (24 ათასი TEU) იმოძრავა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2025 წლის ბოლომდე 400-ზე მეტი მატარებლის გადაადგილებაა მოსალოდნელი. ცნობისთვის, Middle Corridor Multimodal-ი ერთობლივი კომპანიაა, რომელიც "შუა დერეფანს" მართავს და ავითარებს.  ეს არის ლოგისტიკური კომპანია, რომელიც კოორდინაციას უწევს გადაზიდვებს შუა დერეფანში რკინიგზით, ზღვითა და სხვა ტრანსპორტით. შუა დერეფანი წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც გადის რეგიონის რიგ ქვეყნებში. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.  

ერდოღანი: თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა

თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეს მიაღწევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობას ზანგეზურის დერეფნის პროექტის სრული განხორციელება მოიტანს. ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში, თურქეთში რკინიგზის მშენებლობა დაიწყო  

ავსტრალიამ ირანის ელჩი გააძევა

ავსტრალიის ხელისუფლებამ თეირანი ანტისემიტურ თავდასხმებში დაადანაშაულა და ირანის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცა. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანიზმა განაცხადა, რომ ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციამ მოიპოვა ინფორმაცია, რომ ირანს კავშირი აქვს ცეცხლის განზრახ გაჩენის, სულ მცირე ორ შემთხვევასთან, სიდნეისა და მელბურნში.  დეკემბერში, მელბურნის გარეუბანში ერთ-ერთი სინაგოგისთვის ცეცხლის წაკიდების საქმეზე ორ კაცს წაუყენეს ბრალი. მეორე შემთხვევა იანვარში მოხდა, როდესაც ხანძარი სიდნეის გარეუბანში, კოშერულ რესტორანში გაჩნდა. ავსტრალიის უსაფრთხოების სააგენტოს ცნობით, სავარაუდოდ, ირანი ხელმძღვანელობდა მომდევნო თავდასხმებსაც. „ეს იყო აგრესიის განსაკუთრებული და საშიში აქტები, რომლებიც უცხო ქვეყნის მიერ ავსტრალიის მიწაზე იყო ორგანიზებული. ეს იყო სოციალური ერთიანობისთვის ძირის გამოთხრისა და ჩვენს საზოგადოებაში უთანხმოების დათესვის მცდელობები,“ – განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტმა. მთავრობა ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ენტონი ალბანიზის განცხადებით, ავსტრალიამ თეირანში თავისი საელჩოს მუშაობა შეაჩერა და ყველა თავისი დიპლომატი უსაფრთხოდ გადაყვანილია მესამე ქვეყანაში. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ პენი ვონგის განცხადებით, ირანის ელჩს აჰმად სადეგისა და ირანის საელჩოს სამ თანამშრომელს ქვეყნის დასატოვებლად შვიდდღიანი ვადა მისცეს. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათი ელჩის გაძევების გადაწყვეტილება „ავსტრალიის შიდა პოლიტიკით იყო განპირობებული“.  ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავსტრალიიდან ირანის ელჩის პირველი ამგვარი გაძევებაა. Reuters-ი წერს, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმისა და ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ ავსტრალიაში საცხოვრებელ სახლებზე, სინაგოგებზე, სკოლებსა და მანქანებზე ანტისემიტური თავდასხმები განხორციელდა. ასევე, გაიზარდა ისლამოფობიური შემთხვევების რაოდენობა.  

უკრაინამ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ნეპტუნი“ განაახლა

უკრაინამ „ნეპტუნის“ ფრთოსანი რაკეტის მოდერნიზებული ვერსია წარადგინა. „ნეპტინს“ 1000 კილომეტრამდე (621 მილის) მანძილზე დარტყმა შეუძლია. თავდაპირველად, „ნეპტუნი“ უკრაინის ხმელეთიდან გაშვებული, ადგილობრივი წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა იყო, რომლის მაქსიმალური დიაპაზონი 300 კილომეტრს შეადგენდა. უკრაინული მედიის ცნობით, კიევმა ეს იარარი 2022 წლის აპრილში რუსეთის შავი ზღვის ფლაგმანის, „მოსკვას“ ჩაძირვისთვის გამოიყენა.  

Spotify შეტყობინებების ფუნქციას ამატებს

სტრიმინგსერვისების პლატფორმა Spotify ახალ ფუნქციას ამატებს. Spotify Technology-მ განაცხადა, რომ შეტყობინებების ფუნქციის დანერგვას ამ კვირაში დაიწყებს. ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც უფასო, ასევე პრემიუმ გამოწერის მფლობელებისთვის.  

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია სირიაში ჩავიდა

ოკუპირებული აფხაზეთის "დელეგაცია" დამასკოს 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში ჩავიდა. გამოფენა 27 აგვისტოს გაიხსნება და ბოლო ექვსი წლის განმავლობაში პირველად გაიმართება. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით "დელეგაციის" შემადგებლობაში, რომელსაც ხელმძღვანელობს "მინისტრი" ოლეგ ბარციცი, შედიან ასევე "ეკონომიკის მინისტრი" თეიმურაზ მიქვაბია, "კულტურის მინისტრი" დაურ კოვე, "საგარეო საქმეთა მინისტრის" მოადგილე ირაკლი ტუჟბა, "აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის" პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეკონომიკური საკითხებში მაქსიმ ღვინჯლია, "სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს" მთავარი სპეციალისტი საიდ სანგულია და "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის დეპარტამენტის უფროსი არტურ გაგულია. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ ბარციცი ივნისში "სამუშაო ვიზიტით" უკვე იმყოფება სირიაში. ის შეხვდა სირიის საგარეო საქმეთა მინისტს ასად ჰასან ალ-შაიბანის და „მადლობა გადაუხადა სირიელ კოლეგას სირიის ხელმძღვანელობის საკმაოდ მკაფიო და ცალსახა პოზიციისთვის აფხაზეთთან სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების საკითხებში.“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერენ. სირიის არაბულმა რესპუბლიკამ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა. "აფხაზეთის საელჩო" დამასკოში 2020 წელს გაიხსნა. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას მხოლოდ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, სირია და ნაურუ აღიარებენ. ვანუატუმ და ტუვალუმ აღიარება უკან წაიღეს. სირიაში ასადის 50-წლიანი მმართველობა გასული წლის დეკემბერში დასრულდა. 2025 წლის 31 იანვარს ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოდან, რომლებიც არ აღიარებენ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში, სირიას მიმართა, გაიწვიოს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.  „ქართული ოცნების“ განცხადებით, თურქეთში მათი ლიდერების ვიზიტისას, საქართველოს ხელისუფლებამ თურქულ მხარეს სთხოვა სირიასთან შუამდგომლობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაწვევასთან დაკავშირებით. 18 ივნისს, პარლამენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე თურქ კოლეგას - თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ფუატ ოქტაის შეხვდა.  

აშშ თურქმენეთთან ეკონომიკურ კავშირებს გააფართოებს

20 აგვისტოს, ვაშინგტონში, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა. მოლაპარაკებები ორმხრივი კავშირების განმტკიცების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა და შემდგომი თანამშრომლობა დაიგეგმა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები კონომიკური და კომერციული კავშირების გაფართოებას, ასევე - რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობას - C5+1 დიპლომატიური პლატფორმის მეშვეობით  განაგრძობს. ვაშინგტონში თურქმენეთსა და აშშ-ს შორის ყოველწლიური პოლიტიკური კონსულტაციების მეთერთმეტე რაუნდი გაიმართა. მედია წერს, რომ ამ შეხვედრამ თურქმენეთ-აშშ-ს ურთიერთობებში ახალი დინამიკა აჩვენა, სადაც ძირითად სფეროებად ეკონომიკა, უსაფრთხოება და C5+1 პარტნიორობის ფორმატის განვითარება რჩება. C5+1 ფორმატი, რომელიც ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უზბეკეთს და აშშ-ს მოიცავს, ცენტრალურ აზიასა და ვაშინგტონს შორის დიალოგის გასაძლიერებლად შეიქმნა. 2015 წლიდან ასეთი შეხვედრები რეგულარული გახდა, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მათი ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. 2024 წელს ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებმა აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად, პირველი ერთობლივი სამიტი გამართეს, რამაც ხაზი გაუსვა რეგიონის მზარდ მნიშვნელობას ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. თურქმენეთისთვის C5+1 ფორმატში მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ქვეყანა ნეიტრალიტეტის პოლიტიკას მისდევს, თუმცა ამავდროულად, აქტიურად ეძებს ახალ პარტნიორობას საერთაშორისო პოზიციების გასაძლიერებლად. მერედოვ-რუბიოს შეხვედრა კიდევ ერთი სიგნალი იყო იმისა, რომ აშხაბადი მეზობლებთან და სხვა მსხვილ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში ბალანსის შენარჩუნების ფონზე, ვაშინგტონთან თანამშრომლობის სპექტრის გაფართოებას გეგმავს. 2024 წლის ბოლოსთვის, აშშ-სა და თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 218,5 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით, 93,8 პროცენტით მეტია. თურქმენეთის ექსპორტი ძირითადად ტექსტილის, ქიმიური პროდუქტებისა და ნავთობისა და გაზის აღჭურვილობის წარმოებაა, ხოლო აშშ ამ ქვეყანას ამარაგებს საავიაციო ტექნოლოგიებით, ელექტრონიკითა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. ვაშინგტონმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის ახალი სფეროების განვითარების ინტერესს, ძირითადად ენერგეტიკისა და ლოგისტიკის სფეროში. თურქმენეთი, რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის სიდიდით მეოთხე მარაგს ფლობს, რეგიონში ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან მოთამაშედ ითვლება. 2024 წელს ქვეყანამ 40,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გამოიმუშავა, საიდანაც დაახლოებით, 20 მილიარდი კუბური მეტრი ექსპორტირებულია. კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა ციფრული ეკონომიკა. 2024 წელს თურქმენეთმა „თურქმენეთის ციფრული ეკონომიკის განვითარების 2019-2025 წლების კონცეფციის“ ფარგლებში რეგისტრირებული IT კომპანიების რაოდენობა 15 პროცენტით გაზარდა. ამერიკულმა კომპანიებმა გამოთქვეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ ტრანსკასპიური ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ხაზის მშენებლობის პროექტში, რომელიც კასპიის ზღვის გავლით ევროპასა და აზიას დააკავშირებს. აშხაბადსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობა ეკონომიკურ ფარგლებს სცდება. მზარდი არასტაბილურობის ფონზე, მხარეები რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების გზებს განიხილავენ. თურქმენეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს, როგორც ქვეყანა, რომელსაც ავღანეთთან გრძელი საზღვარი აქვს. ანალიტიკოსების შეფასებით, სასაზღვრო რეგიონებში ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის განვითარების პროექტების მხარდაჭერა რეგიონისთვის რისკებს ამცირებს და ამავდროულად, თურქმენეთის ეკონომიკას აძლიერებს.  აშშ ასევე ყურადღებას ამახვილებს გარემოსდაცვით და წყლის რესურსების საკითხებზე. 2024 წელს ცენტრალურ აზიაში წყლის მდგრადი მართვისთვის რამდენიმე ერთობლივი პროგრამა დაიწყო. თურქმენეთისთვის, სადაც ამუ დარიას მდინარეს რაციონალური გამოყენება სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ასეთი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს ხსნის.  თურქმენეთსა და აშშ-ს შორის დღევანდელი დიალოგი აჩვენებს, რომ პარტნიორობა ახალ დონეს აღწევს მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე წლის წინ თანამშრომლობა იზოლირებული პროექტებით შემოიფარგლებოდა, ორივე მხარე ახლა გრძელვადიან გეგმებს აწყობს, სადაც მთელი ცენტრალური აზიის რეგიონის ინტერესებს ითვალისწინებენ. ჯო ბაიდენმა ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს შუა დერეფნის განვითარების ინიციატივა გააცნო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს შუა დერეფნის მეშვეობით, ცენტრალური აზიის ევროპასთან დაკავშირებაში