ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის ათმა ქვეყანამ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის შეცვლა მოითხოვა - Bloomberg

ევროკავშირის ათმა ქვეყანამ საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პრინციპის შეცვლა მოითხოვა, რაც ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობით დამტკიცებაზე გადასვლას ნიშნავს. ამის შესახებ Bloomberg წერს. ამის მიზეზი უნგრეთის პოზიცია იყო, რომელიც არაერთხელ ეწინააღმდეგებოდა უკრაინასთან დაკავშირებულ ინიციატივებს: უნგრეთი არ აძლევს ბლოკს სახსრების გამოყოფის საშუალებას და ხელს უშლის ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას. ეს იწვევს დაძაბულ დიპლომატიურ დავებსა და ხანგრძლივ მოლაპარაკებებს, მათ შორის, ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივება. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა, განაცხადა, რომ უნგრეთი კვლავ ბლოკავს სამშვიდობო ფონდიდან 6.6 მილიარდი ევროს გამოყოფას. ეს თანხა ევროკავშირის წევრებს უკრაინაში ამერიკული იარაღის გადარიცხვის ხარჯების კომპენსაციას გაუწევდა. კალასმა აღნიშნა, რომ თანხების გამოყენება შესაძლებელია NATO-სთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმებული ინიციატივის ფარგლებში.  ორბანმა თავადაც განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ უნგრეთს შეუძლია ევროკავშირიდან გასვლა, თუ წევრობა მისთვის სარგებელს აღარ მოიტანს. მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, „ცვლილებებისთვის, შიგნიდან ბრძოლას აპირებს.“ Politico: ტრამპმა ორბანი დაარწმუნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას აღარ შეეწინააღმდეგოს  

რომის პაპი გამოვიდა მოწოდებით, დასრულდეს „იარაღის პანდემია“

რომის პაპი ლეონ XIV „იარაღის პანდემიის“ დასრულების მოწოდებით გამოვიდა და ილოცა „უამრავი“ ბავშვისთვის, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღით და კონფლიქტების დროს იღუპებიან მთელ მსოფლიოში. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რომის პაპმა ასევე გაიხსენა აშშ-ის ქალაქ მინესოტაში, სკოლაში წირვის დროს მომხდარი სროლა, რომლის დროსაც, ორი ბავშვი მოკლეს. „ჩვენს ლოცვაში მოვიხსენიებთ ყოველდღიურად მოკლულ და დაშავებულ უამრავ ბავშვს მთელ მსოფლიოში. შევევედროთ ღმერთს, რომ შეაჩეროს იარაღის პანდემია - დიდი თუ მცირე - რომლითაც დააავადა ჩვენი სამყარო.” უკრაინასთან დაკავშირებით პაპმა განაცხადა, რომ მოუწოდებს მსოფლიოს, „ნუ იქნება გულგრილი“ და კიდევ ერთხელ გაიმეორა „დაჟინებული მოწოდება ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და დიალოგის სერიოზული ვალდებულებისკენ.“ „დროა მათ, ვინც ამაზე პასუხისმგებლები არიან, უარი თქვან იარაღის ლოგიკაზე და მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზას დაადგნენ, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით,“ - განაცხადა რომის პაპმა.  

„მნიშვნელოვანია ერთობლივად მოქმედება „შუა დერეფნისა“ და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ჰარმონიზაციისთვის“ - ერდოღანი სი ძინპინთან შეხვედრაზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ სი ძინპინმა კვირას გამართულ შეხვედრაზე, შუა დერეფანი და „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივა, ასევე, სხვა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. შეხვედრა ერდოღანის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა. ერდოღანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სახელმწიფო მეთაურთა საბჭოს 25-ე შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა „შუა დერეფნისა“ და „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ჰარმონიზაციისთვის. შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იყო ღაზაში ბოლო დროს შექმნილი ვითარება, რუსეთ-უკრაინის ომი და „სირიის განვითარებისკენ გადადგმული ერთობლივი ნაბიჯები.“  შეთანხმდნენ, რომ თურქეთსა და ჩინეთს შორის არსებული კონსულტაციებისა და თანამშრომლობის მექანიზმები რეგულარულად იმუშავებს. ლიდერებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა. ერდოღანმა განაცხადა, რომ ორმხრივი ვაჭრობა ინვესტიციებით უნდა იყოს მხარდაჭერილი, რათა დაცული იყოს მისი ბალანსი და მდგრადობა. ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისადმი ანკარის ერთგულებაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით, ერდოღანმა ასევე აღნიშნა ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიული განზომილება.    

უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერის მკვლელობაში „რუსული კვალია" - ეროვნული პოლიციის უფროსი

უკრაინის პარლამენტის ვერხოვნა რადას დეპუტატის, ყოფილი სპიკერის ანდრი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ივან ვიჰივსკიმ განაცხადა, რომ ამ დანაშაულში „რუსული კვალია.“ ვიჰივსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მკვლელობა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი.  მან არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა „რუსულ კვალში“ და არ გაამჟღავნა ინფორმაცია ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. „უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა მომახსენეს ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და კოორდინირებული მუშაობისთვის. ამ საშინელი მკვლელობის ყველა გარემოება უნდა გაირკვეს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  

FT: ლაიენის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის ჩარევის შედეგად, GPS გაეთიშა

Finacial Times-ის ცნობით, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ბულგარეთში დაშვებისას GPS-ის სიგნალის გარეშე დარჩა, რაც სავარაუდოდ, რუსული ჩარევის (GPS-ის დაბლოკვის) შედეგი იყო. ამის გამო, პილოტები იძულებულნი გახდნენ, ძველი მეთოდით – ქაღალდის რუკების გამოყონებით დაესვათ თვითმფრინავი. საბოლოოდ, ფრენა მშვიდობიანად დასრულდა. FT ინფორმაციას სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაცია გაავრცელა CNN-მაც.  ევროკომისიის სპიკერის თქით, კომისიამ "ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ნავიგაცია სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან აშკარა ჩარევის შედეგად გაითიშა.“ "ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურყევ ვალდებულებას, გავაძლიეროთ როგორც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, ასევე, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ," - აღნიშნა სპიკერმა.  

საქართველოდან აზერბაიჯანში ავტომობილების ექსპორტი 35%-ით შემცირდა

2025 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში, საქართველომ აზერბაიჯანში 5,079 ავტომობილის ექსპორტი განახორციელა, რომელთა ღირებულება 142.5 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეს წინა წელთან შედარებით, შესაბამისად, 35%-ით და 10%-ით კლებაზე მიუთითებს. შემცირების მიუხედავად, აზერბაიჯანი საქართველოდან ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზე იყო. 7 თვეში საქართველომ უცხო ქვეყნებში სულ 60,442 ავტომობილის ექსპორტი განახორციელა, რომელთა ღირებულება 1.48 მილიარდი აშშ დოლარია - ეს ღირებულების 24%-იანი და მოცულობის 5.5%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში საქართველომ ყირგიზეთს მიაწოდა 23,624 ავტომობილი, რომლის ღირებულება 759 მილიონი აშშ დოლარია; - ყაზახეთს: 24,812 ავტომობილი, რომლის ღირებულება 426 მილიონი აშშ დოლარია; - ტაჯიკეთს: 2,301 ავტომობილი, რომლის ღირებულება 48.3 მილიონი აშშ დოლარია; - სომხეთს: 1,454 ავტომობილი, რომლის ღირებულება 31.2 მილიონი აშშ დოლარია. შედარებისთვის, 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 2.43 მილიარდი დოლარის ღირებულების 106 051 ავტომობილი გაიტანა, საიდანაც აზერბაიჯანში 290 მილიონი დოლარის ღირებულების 12 849 ავტომობილი იყო მიწოდებული.  

მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი დიდხანს გაგრძელდება

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის ვარაუდით, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული დიდხანს გაგრძელდება, რადგან ომების უმეტესობა სამხედრო დამარცხებით ან ეკონომიკური კოლაფსით მთავრდება - ამ სცენარს ის ვერც რუსეთისთვის და ვერც უკრაინისთვის პროგნოზირებს. „მე შინაგანად ვემზადები იმისთვის, რომ ეს ომი დიდხანს გაგრძელდება,“ - განუცხადა მერცმა გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-ს. მერცმა ასევე აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია „უკრაინის კაპიტულაციის ფასად“ და გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთი ამ შემთხვევაში უბრალოდ ხვალ სხვა ქვეყანას დაესხმება თავს. ეს განცხადებები აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრისთვის დაწესებული ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა. „ორ კვირაში გავიგებთ, იქნება თუ არა მშვიდობა უკრაინაში. ამის შემდეგ, შესაძლოა, სხვა ტაქტიკა გამოვიყენოთ,“ - განაცხადა ტრამპმა 21 აგვისტოს. ლაიენი: პუტინი არ შეიცვლება, ის მტაცებელია  

ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დაჩქარდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დაჩქარდება, რათა უკრაინამ რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისგან თავი დაიცვას. უკრაინის პრეზიდენტს კონკრეტული შეთანხმება არ უხსენებია. ეს განცხადება რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ გაძლიერებულ დარტყმებს, მათ შორის, 28 აგვისტოს კიევზე თავდასხმას მოჰყვა. ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს დაავალა, კოორდინაცია გაეწია ოფიციალურ პირებთან, რეგიონულ ხელისუფლებასთან და ენერგეტიკულ კომპანიებთან, რათა კიევმა მეტი მოკლე და საშუალო რადიუსის სისტემა შეიძინოს და დრონების მწარმოებლებისთვის დაფინანსება გაზარდოს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რაკეტების, დრონებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების ადგილობრივ მწარმოებლებთან, ტექნოლოგიური შტაბის შეხვედრა გაიმართება.  

აზერბაიჯანი-საქართველოს სარკინიგზო დერეფნის მონაკვეთის ციფრული განახლება დასრულდა

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სარკინიგზო დერეფნის ძირითადი მონაკვეთის დიგიტალიზაცია დასრულდა. შედეგად, სამგზავრო მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ-დან 140 კმ/სთ-მდე გაიზრდება, ხოლო სატვირთო მატარებლებს 120 კმ/სთ-მდე სიჩქარით გადაადგილება შეეძლებათ, ადრინდელი - 80 კმ/სთ-ის ნაცვლად. მომავალში, ამ მარშრუტზე მატარებლების მოძრაობის ინტერვალები 20 წუთიდან მხოლოდ 8 წუთამდე შემცირდება. განახლდა უჯარ-ჰაჯიგაბულის მონაკვეთი, სადაც მოძველებული სარელეო სისტემები მოწინავე ციფრული ავტომატიზაციით შეიცვალა. ახალი სისტემით, სადგურის დისპეტჩერებს შეეძლებათ, კომპიუტერის საშუალებით, დისტანციურად აკონტროლონ გადამრთველები და სიგნალები, დაადგინონ მარშრუტები, აკონტროლონ აღჭურვილობის პარამეტრები და აღმოაჩინონ პოტენციური გაუმართაობის ადრეული ნიშნები. ახალი ციფრული სისტემა ოპერაციებს ექვს სადგურზე, 19 რკინიგზის გადასასვლელსა და 120-ზე მეტ ლიანდაგზე გადამრთველზე მართავს.  

მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხელოვანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ავრცელებენ. „ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა,“ - წერს მანანა მენაბდის დისშვილი, მსახიობი განო მელითაური სოციალურ ქსელში. მანანა მენაბდე ბოლო თვეებში მძიმე დაავადებას ებრძოდა. მანანა მენაბდის მუსიკალური ნაწარმოებები პირველად ქართველი რეჟისორის, ლანა ღოღობერიძის ფილმში „დღეს ღამე უთენებია“ აჟღერდა, რომელმაც 1982 წელს კანის კინოფესტივალზე მაყურებლის პრიზი დაიმსახურა. ფილმში მანანა მენაბდე თვითონვე მღეროდა საკუთარ სიმღერებს და ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა. მუსიკოსმა 1986 წელს მთავარი როლი მიიღო მუსიკალურ საგმირო ეპოსში, ნანა ხატისკაცისა და თენგიზ მაღალაშვილის ფილმში „არსენას ლექსი“, სადაც ის არსენას (ლადო ბურდული) დედის როლს ასახიერებს. 1991 წელს ნანა ხატისკაცმა ისევ გადაიღო მომღერალი მხატვრულ ტელეფილმში „სიბრძნე სიცრუისა.“ მანანა მენაბდე თანამშრომლობდა ქართულ ფოლკლორულ ჯაზჯგუფებთან „შინ“ და „ადიო.“ იყო საქართველოს რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის მუსიკალური რედაქციის რეჟისორი.  

რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს

რუმინეთს სურს, რომ შავი ზღვის რეგიონში ევროკავშირის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათვსოს. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  კერძოდ, უსაფრთხოების ცენტრი შეიძლება, განთავსდეს კონსტანცაში. მანვე ისაუბრა შავი ზღვის მნიშვნელობაზე ევროპის უსაფრთხოებისთვის. „ჩვენი ქვეყანა აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარეობს, რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარე ევროპის ნაწილია. აქ ჩვენ დამატებითი გამოწვევების წინაშე ვართ. ჩვენ ასევე შავი ზღვის ქვეყანა ვართ, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რუმინეთისთვის და ევროპისთვის. ის მნიშვნელოვანია, რადგან 2027 წლიდან რუმინეთი გაზის მოპოვებას დაიწყებს და ეს ხელს შეუწყობს როგორც რუმინეთის, ისე ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ის ასევე არის მნიშვნელოვანი, რადგან არის კომუნიკაციის ყველაზე მარტივი და პირდაპირი გზა ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის, როგორც კი ის უსაფრთხო გახდება,“ – აღნიშნა ნიკუშორ დანმა. შეგახსენებთ, ევროკავშირმა შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრის შექმნის ინიციატივა მაისში წარადგინა. ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჰაბი იქნება შავ ზღვაში გაფრთხილების ადრეული სისტემა. „ის დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, როგორებიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ჰაბი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში“, – აღნიშნა კალასმა. კაია კალასმა ასევე განაცხადა, შავი ზღვის რეგიონი არის სტრატეგიული მნიშვნელობის ევროკავშირისთვის, რადგან ის აკავშირებს ევროპასა და ცენტრალურ აზიას. შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის. ევროპელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვის ახალი სტრატეგია არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთგვარი მიწვევა თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. კაია კალასის განმარტებით, ამ სტრატეგიის შედეგად სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია. ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს. „შავი ზღვის მნიშვნელობა უახლოეს წლებში მხოლოდ გაიზრდება“ - აშშ პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ურთიერთობის გაძლიერებაზე მუშაობს რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია  

თურქეთმა თავისი მერვე გემი წარადგინა

თურქეთში, იალოვას ჩრდილო-დასავლეთ პროვინციაში, სეფინეს გემთსაშენ ქარხანაში გამართულ ცერემონიაზე ანკარამ თავისი მერვე ეროვნული წარმოების გემი, მრავალფუნქციური ფრეგატი TCG Icel (F-518) წარადგინა. TCG Icel-ს  სათვალთვალო, სადაზვერვო პატრულირება, წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო საბრძოლო მოქმედებები, საჰაერო თავდაცვა, თავდაცვისა და საძიებო-სამაშველო მისიები ყველა ამინდის პირობებში შეუძლია. ფრეგატს ზღვაში დარჩენა სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში შეუძლია, ხოლო გემბანზე 10-ტონიანი ვერტმფრენების ან უპილოტო საფრენი აპარატების განთავსება იქნება შესაძლებელი. TCG Icel-ს აქვს ადგილობრივი წარმოების იარაღის სისტემები, სენსორები და პროგრამული უზრუნველყოფა. თურქული ფირმა MKE-ს მიერ წარმოებული 76 მილიმეტრიანი ქვემეხი, Gokdeniz-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა, Midlas-ის ვერტიკალური გამშვები სისტემა და Atmaca-ს ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს შორისაა. იარაღთან ასევე ინტეგრირებული იქნება 3D საჰაერო და ზედაპირული საძიებო რადარი, ცეცხლის მართვის რადარი, ელექტროოპტიკური საძიებო და თვალთვალის სისტემა, ელექტრონული ომის სისტემა და ქსელური საბრძოლო მართვის სისტემა ADVENT.   

მარტა კოსი: არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები ევროკავშირში გასაწევრიანებლად. კოპენჰაგენში ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალი მიმდინარეობს. კოსის თქმით, დღეს განიხილავენ, თუ როგორ შეგვიძლიათ, გააგრძელონ მუშაობა მოლდოვასთან და უკრაინასთან დაკავშირებით. „ორ ქვეყანასთან, რომლებმაც შეასრულეს ყველაფერი, რაც საჭირო იყო.“ ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ხსენებულმა ქვეყნებმა შეასრულეს საშინაო დავალება. ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინასთან და მოლდოვასთან ე.წ. სკრინინგის პროცესი წელსვე დაასრულოს. „უკრაინასთან და მოლდოვასთან, შესაძლოა, დავასრულოთ სკრინინგის პროცესი ექვსივე კლასტერისთვის წელსვე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ არსებობს გეოპოლიტიკური შეღავათები ან მოკლე გზები, კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ადამიანის უფლებები გაწევრიანების პროცესის ხერხემალია და სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ ძალისხმევას გავწევთ, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ დააკმაყოფილოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმები,“ - აღნიშნა მარტა კოსმა.  

8 დემონსტრანტის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი, 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და სცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

ერდოღანმა თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება დააანონსა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ჩინეთის ქალაქ ტიანძინში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ვიდეო გამოაქვეყნა. სომხური მხარის ცნობით, თანამოსაუბრეებმა რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯები გაამახვილეს ყურადღება. მხარეები შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ასევე, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვეს კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობას, რათა შეიქმნას ურთიერთნდობის ატმოსფერო და რეგიონული კომუნიკაციები განვითარდეს. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თურქეთ-სომხეთის ურთიერთობები, სამხრეთ კავკასიაში მდგრადი სტაბილურობისა და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით.  ერდოღანმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესის გამო, ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების მიმართ და განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ამ პროცესში წვლილის შეტანას. ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ განიხილება თურქეთსა და სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები. ერდოღანი SCO-ს 25-ე სამიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და რეგიონული სტაბილურობისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.  ალიევთან შეხვედრის დროს განიხილეს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური საკითხები. ერდოღანმა ხაზი გაუსვა თურქეთისა და აზერბაიჯანის მიერ რეგიონული განვითარების ინიციატივების კოორდინირებულად ჩამოყალიბების მნიშვნელობას. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გააგრძელებენ ნაბიჯების გადადგმას თანამშრომლობის განვითარებისთვის მრავალ სფეროში, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში.   

ჩინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელ უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლება 15 სექტემბრიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის, ჩვეულებრივი საერთაშორისო პასპორტის მფლობელი პირებისთვის 30-დღიან საცდელ უვიზო რეჟიმს შემოიღებს. „ჩინურმა მხარემ გადაწყვიტა, გააფართოოს იმ ქვეყნების წრე, რომელთა მოქალაქეებსაც აქვთ უვიზო შემოსვლის უფლება. 2025 წლის 15 სექტემბრიდან 2026 წლის 14 სექტემბრამდე ჩვეულებრივი პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საცდელი უვიზო რეჟიმი ამოქმედდება,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ბრიფინგზე. ამჟამად ჩინეთში უვიზოდ ჩასვლა მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ. გარდა ამისა, პეკინსა და მოსკოვს შორის გაფორმებულია შეთანხმება ჯგუფური ტურისტული მოგზაურობის მონაწილეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. ცნობისთვის, 31 აგვისტოს ჩინეთში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩავიდა. 2 სექტემბერს პუტინი ორმხრივ მოლაპარაკებებს მართავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან.  

„თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია“ - პუტინი ფიცოს ჩინეთში შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში სლოვაკეთის პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტს ჰკითხა : „როგორ ხართ?“ - რაზეც პუტინმა უპასუხა: „თუ ცოცხალი ვარ, ეს უკვე კარგია.“ შეხვედრის დროს რუსეთის ლიდერმა უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრა და ამტკიცებდა, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის, ასევე, ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ხორციელდება. „ჩვენ სხვა მიზნები არ გვაქვს, ჩვენი ინტერესების დაცვის გარდა,“ - განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე მიიღო მონაწილეობა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტში და პეკინში გაემგზავრა. რუსეთის პრეზიდენტი 3 სექტემბერს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმს დაესწრება. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს.  

ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტები - რეიტინგი

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ [Eurocontrol] ევროპის ავიაციის ყოველკვირეული მონაცემები გამოაქვეყნა. შედეგად, თურქეთის სტამბოლის აეროპორტი ევროპაში ყველაზე დატვირთული იყო. 18-24 აგვისტოს, საშუალოდ 1,635 ყოველდღიური რეისი შესრულდა. სტამბოლის აეროპორტს მოსდევს ამსტერდამი 1,450 ყოველდღიური რეისით, პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი 1,432 რეისით, ფრანკფურტის აეროპორტი 1,384 რეისით და ლონდონის ჰითროუს აეროპორტი 1,346 რეისით. ანტალიის აეროპორტი, 1,055 ყოველდღიური რეისით, ევროპაში მერვე ყველაზე დატვირთული აეროპორტია.  

რუსთაველზე, აქციაზე 20 პირი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ. „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 20 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

სი ძინპინი ირანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: ძალის გამოყენება დავების გადაჭრის არასწორი გზაა

ჩინეთი უთანხმოებების მოსაგვარებლად ძალის გამოყენებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დღეს ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის CCTV-ის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ძალის გამოყენება დავების მოგვარების არასწორი გზაა. „კომუნიკაცია და დიალოგი მდგრადი მშვიდობის მიღწევის სწორი გზაა,“ - განაცხადა სი ძინპინმა პეზეშკიანთან პეკინში გამართული მოლაპარაკებების დროს.