ძებნის რეზულტატი:

"ლელომ" და პარტიამ - "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

"ლელო-ძლიერმა საქართველომ" და პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, "ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა. დედაქალაქის მერობის კანდიდატი წარდგენის დროს სლოგანად გამოჩნდა - „ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“ და „ერთად დავიბრუნოთ ჩვენი ქალაქები და სოდლები.“ ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, კახა კალაძე 31 ივლისს დაასახელა. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს იმართება. არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სხვა თანამოაზრეები.   

რას შეიძლება, მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის

„ძლიერი უკრაინული არმია, ამერიკული იარაღი, უკრაინული დრონები“ - რას შეიძლება, მოიცავდეს უსაფრთხოების გარანტიები კიევისთვის 18 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტისა და უკრაინის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში, დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გამართეს. უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის ლიდერთან შეხვედრას საუკეთესო უწოდა. ტრამპმა მოლაპარაკებებს „ძალიან კარგი“ უწოდა. ევროპელ ლიდერებთან და ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაურეკა და მასთან საუბარში განიხილა რუსეთის პრეზიდენტისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრის საკითხი. ტრამპის სიტყვებით, ვაშინგტონის სამიტის შემდეგ, უკვე უნდა შედგეს სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, უკრაინისა და აშშ- ის პრეზიდენტების მონაწილეობით. ტრამპმა აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც რუსეთთან ომის დასრულების გეგმის ნაწილი. ტრამპის თქმით, გარანტიებს ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.  ზელენსკისთანაც და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის პირობა. დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ სასურველი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა, თუმცა ეს ახლა შესაძლებელი არ არის. BBC წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ზელენსკის აღარ უხსენებია, რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ უკრაინული მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მოქნილ პოზიციას დაიჭერს. ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის „ნათელი სიგნალი“ შეერთებული შტატების მზადყოფნის შესახებ, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ევროპული ქვეყნები განიხილავენ 90 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შეძენას, შემდგომში უკრაინის არმიისთვის გადაცემის მიზნით. უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის BBC წერს, რომ ამ დრომდე აშშ ერიდებოდა კონკრეტული ვალდებულების აღებას, მაგრამ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ეს უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება, დაკმაყოფილდეს ევროპული ქვეყნების მიერ „შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.“ მანვე აღნიშნა, რომ აშშ „დაეხმარება“ ევროპას უკრაინისთვის დაცვის შეთავაზებაში. თუმცა დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს სინამდვილეში ეს გარანტიები და რამდენად ძლიერი შეიძლება, იყოს ის, ჯერ კიდევ გაურკვეველია. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიანიშნა, რომ „პირველი უსაფრთხოების გარანტია, რომელზეც „ჩვენ ვმუშაობთ“ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ძლიერი უკრაინული არმიაა, რომელიც შედგება რამდენიმე ასეული ათასი კაცისგან, კარგად აღჭურვილი, თავდაცვის სისტემებითა და უფრო მაღალი სტანდარტებით.“ „მეორე არის ბრიტანელების, ფრანგების, გერმანელების, თურქების და სამშვიდობო ძალების ყოლა — არა ფრონტის ხაზზე, არა პროვოკაციული გზით, არამედ ჰაერში, ზღვასა და ხმელეთზე სამშვიდობო ოპერაციების ჩატარება. მიზანია სტრატეგიული სიგნალის გაგზავნა: უკრაინაში მშვიდობა ჩვენი საზრუნავიცაა,“ - განუცხადა მაკრონმა ფრანგულ მაუწყებელ TF1-LCI-ს. მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ევროპელი ლიდერები შეთანხმდნენ „ძლიერი უკრაინული არმიის“ აუცილებლობაზე, რომელსაც შეუძლია, ნებისმიერ თავდასხმას გაუძლოს და რომ მას არ ექნება „შეიარაღების რაოდენობაზე ან შესაძლებლობებზე შეზღუდვა.“ „ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია ბოლო რამდენიმე დღეში, რომ ახლა აშშ მზადაა, ამის ნაწილი იყოს. გასულ თებერვალს, ავიღეთ ვალდებულება და შევქმენით მსურველთა კოალიცია, რაც იყო რეაქცია ჩვენს იმ განცდაზე, რომ შეგვეძლო სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, თუმცა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების გარეშე და ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს - ჯერ იყო საქართველო 2008-ში, ყირიმი - 2014-ში. და, უდავოა, რომ თუ სამშვიდობო შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიების გარეშე დადებ, რუსეთი არასდროს შეასრულებს სიტყვას, არასდროს შეასრულებს მის მიერვე აღებულ ვალდებულებებს,“ აღნიშნა მაკრონმა. AFP-ის ცნობით, მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს თეთრ სახლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის ტერიტორიული დათმობების საკითხი არ განხილულა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი განხილვის საგანი არ არის, თუმცა მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მიმდინარეობს. „სიტუაცია შემდეგია - აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. NATO-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, NATO-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ,“ - განაცხადა მარკ რუტემ. თავის მხრივ, ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების კიდევ ერთი გარანტია უნდა გახდეს შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, კიევი აშშ-სგან ევროპის დახმარებით, $100 მილიარდის ღირებულების იარაღს შეიძენს. მანვე აღნიშნა, რომ ძლიერი არმია უკრაინის უსაფრთხოების საფუძველი უნდა იყოს. „მეორე პუნქტი ეხება აშშ-ის შეიარაღების პაკეტს, რომელიც მოიცავს სისტემებს, რომლებიც ჩვენ არ გვაქვს, ძირითადად თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ა.შ. ნამდვილად არსებობს ჩვენი წინადადებებით შედგენილი პაკეტი, რომლის ღირებულება 90 მილიარდი დოლარია,“ - აღნიშნა ზელენსკიმ. გარდა ამისა, უკრაინამ მიაღწია შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან, რომ „როგორც კი ჩვენი ექსპორტი განახლდება, ისინი შეიძენენ უკრაინულ დრონებს.“ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მომავალი კვირის შუა რიცხვებისთვის პარტნიორებისგან წერილს მიიღებს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. კერძოდ, უსაფრთხოების გარანტიების პაკეტი წერილობით ჩამოყალიბდება და დეტალები მომავალ 7-10 დღეში გახდება ცნობილი. ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრა  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, პუტინის შეხვედრის თარიღი დადგენილი არ არის.  ზელენსკიმ აღნიშმა, რომ არ სურს შეხვედრაზე პირობების დაწესება, რადგან პუტინი საკუთარ პირობებს დაიცავს. „მე მჯერა, რომ უპირობოდ უნდა შევხვდეთ და ვიფიქროთ ომის დასრულებისკენ მიმავალი ამ გზის შემდგომ განვითარებაზე,“ ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა პუტინთან შეხვედრაზე „ნებისმიერი ფორმატისთვის.“ ტერიტორიებთან დაკავშირებულ შეკითხვაზე საპასუხოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს საკითხი მასა და პუტინს შორის არის განსახილველი. თავის მხრივ, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან „დაიწყო პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, რომელიც განსაზღვრულ ადგილას გაიმართება. ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ როდის გაიმართება შეხვედრა. მან ხაზი გაუსვა, რომ 18 აგვისტოს შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, რომლებსაც „სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.“ „ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთ-უკრაინის მშვიდობის შესაძლებლობით,“ - დაწერა ტრამპმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერის შეფასებით, თეთრ სახლში გამართულმა შეხვედრამ ევროპელ ლიდერებს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის „ერთიანობის რეალური განცდა“ აჩვენა.  საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის სამშვიდობო პროცესზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს. მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და უკრაინა უახლოეს დღეებში განაახლებენ კონტაქტს, ხოლო ორ-სამ კვირაში ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის მონაწილეობით სამმხრივი სამიტი გაიმართება.  

ზელენსკი: ტერიტორიულ საკითხებს ჩემსა და პუტინს შორის დავტოვებთ

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ტერიტორიულ საკითხს პირდაპირ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილავს, უკრაინა მოლაპარაკებების უპირობოდ ჩატარების მოწოდებით გამოდის.  „ტერიტორიის საკითხი ის საკითხია, რომელსაც ჩემსა და პუტინს შორის დავტოვებთ. უსაფრთხოების გარანტიებზე, სავარაუდოდ, ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკება მოხდება,“ - განუცხადა ზელენსკიმ თეთრი სახლის წინ შეკრებილ მედიას ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. მან თქვა, რომ საუბარი „საკმარისად ხანგრძლივი“ იყო და რომ ის მოიცავდა აშშ-სა და უკრაინის მიერ მომზადებულ რუკებზე პირდაპირ მუშაობას. ზელენსკიმ განმარტა, რომ აღმოსავლეთ უკრაინისა და ყირიმის ნაწილები ოკუპირებული იყო არა მძიმე ბრძოლების, არამედ, ამ ტერიტორიებზე სამხედრო მოქმედებების არარსებობის გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეცდომაში შემყვანი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ დიდი ტერიტორიები დაიკარგა მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძლიერების გამო. „უკრაინის ზოგიერთი ნაწილი სამხედრო ძალით არ იყო ოკუპირებული და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული სამშვიდობო მოლაპარაკებებში,“ განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის მოთხოვნის ფონზე, შეინარჩუნოს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორია. „ყირიმში მასიური საომარი მოქმედებები არ ყოფილა. ამიტომ, არ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დიდი ნაწილი ოკუპირებული იყო იმიტომ, რომ რუსებს ძლიერი არმია ჰყავდათ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  

მერცის თქმით, დონბასის დათმობა იგივეა, რაც ამერიკამ დათმოს ფლორიდა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მედიასთან თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ დონბასის დათმობა იგივეა, რომ აშშ-ს მოუწიოს ფლორიდის დათმობა. მან ხაზი გაუსვა, რომ სუვერენულ სახელმწიფოს უბრალოდ, არ შეუძლია, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. „რუსეთის მოთხოვნა, რომ კიევმა დათმოს დონბასის თავისუფალი ნაწილები, წარმოდგენაში რომ ვთქვათ, იგივეა, რაც აშშ-მა უნდა დათმოს ფლორიდა,“ - განაცხადა მერცმა. გერმანიის კანცლერმა ასევე ისაუბრა ჟურნალისტებთან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე. „აბსოლუტურად ნათელია, რომ ამაში მთელმა ევროპამ უნდა მიიღოს მონაწილეობა,“ - განუცხადა მერცმა მედიას.  

რუტეს თქმით, უკრაინისთვის NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები განიხილება

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი განხილვის საგანი არ არის, თუმცა მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მიმდინარეობს. „სიტუაცია შემდეგია - აშშ და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. NATO-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, NATO-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ,“ - განაცხადა მარკ რუტემ.  

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების ახალ შეთანხმებებზე მუშაობს

უკრაინა აზერბაიჯანთან ბუნებრივი გაზის მომდევნო მიწოდებებზე მოლაპარაკებებს განაგრძობს. ასევე, უკრაინულ-ამერიკული რეკონსტრუქციის ფონდის ფარგლებში, არარეზიდენტებისთვის, მიწისქვეშა საცავებში გაზის ჩატუმბვისა და მოპოვების შესაძლებლობა განიხილება. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა სვიტლანა ჰრინჩუკმა განაცხადა. Interfax-Ukraine-ს ცნობით, მინისტრმა ჰრინჩუკმა დაადასტურა, რომ კიევი აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის ახალ მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. განხილვები ასევე მოიცავს უცხოური კომპანიებისთვის უკრაინის მიწისქვეშა ობიექტებში გაზის შენახვის ნებართვის მიცემას და ამერიკულ-უკრაინული რეკონსტრუქციის ფონდის ფარგლებში, უფრო ფართო თანამშრომლობას. ახალი მარაგი უკრაინამ შესაძლოა, ზამთრის გათბობის სეზონამდეც კი მიიღოს, თუ მხარეები დროულად მიაღწევენ შეთანხმებას. ტრანსბალკანური დერეფნის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის მიწოდების საცდელი ეტაპი უკვე დასრულდა და ორივე მხარე ამჟამად გრძელვადიანი, ორმხრივი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ოფიციალური პირები აღიარებენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის შემდგომი დარტყმების რისკებს, ისინი ასევეხაზს უსვამენ მიწოდების დივერსიფიკაციისა და სანდო მოკავშირეებთან პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობას. ცნობისთვის, ორშაბათს, 18 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინის ოდესის რეგიონში, SOCAR-ის ნავთობსაცავზე დრონებით მიიტანა იერიში. ეს აზერბაიჯანის საკუთრებაში არსებულ ენერგეტიკულ ობიექტებზე ათი დღის განმავლობაში მეორე თავდასხმა იყო. პირველი თავდასხმა 8 აგვისტოს მოხდა. დარტყმის შედეგად, განადგურდა საწვავის 17 შესანახი ავზი, სატუმბი სადგური და სხვა ტექნიკური საშუალებები.   აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ოდესაში, SOCAR-ის საცავზე რუსეთის პირველი დარტყმიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა ალიევმა ზელენსკის აცნობა, რომ აზერბაიჯანი უკრაინას დამატებით 2 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევდა. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა აჩქარებს.   უკრაინამ აზერბაიჯანიდან ახალი მარშრუტით ბუნებრივი აირი პირველად მიიღო ზელენსკისთან საუბრისას, ალიევმა Socar-ის ნავთობის საცავ ობიექტზე რუსეთის იერიში დაგმო  

ზელენსკიმ პუტინთან მოსკოვში შეხვედრაზე უარი თქვა - მედია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მოსკოვში შეხვედრა შესთავაზა, ზელენსკიმ უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი და საინფორმაციო სააგენტო AFP-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა BBC-ის განუცხადა, რომ უკრაინამ “დაუყოვნებლივ უარყო” ვლადიმერ პუტინის წინადადება, რომ ლიდერები ერთმანეთს მოსკოვში შეხვედროდნენ. უფრო ადრე, AFP-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ პუტინმა მსგავსი წინადადება დონალდ ტრამპთან ორშაბათს გამართული საუბრის დროს გააჟღერა. „როგორ რეაქციას ელით ჩვენგან? მან [პუტინმა] თქვა ეს, ყველამ დაუყოვნებლივ უარყო, და გუშინ უკვე გავცდით ამ თემას,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა დმიტრო ლიტვინმა BBC-სთან საუბარში. 19 აგვისტოს შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინიაციო კასისმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი და ზელენსკი შვეიცარიაში გადაწყვეტენ შეხვედრას, ის რუსეთის პრეზიდენტს იმუნიტეტს შესთავაზებს, რომელიც მას ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დევნისგან დაიცავს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ცდილობს ამგვარი შეხვედრის ორგანიზებას. გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა ევროპაში უნდა შედგეს. Reuters-ი იტყობინება, რომ შეხვედრა შეიძლება შედგეს ბუდაპეშტში, რადგან უნგრეთმა სისხლის სამართლის სასამართლო დატოვა და ის არ აღიარებს მის ორდერებს სახელმწიფოთა მეთაურების წინააღმდეგ.  

ისტორიაში პირველად, იაპონიის თავდაცვის მინისტრი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა სამშაბათს, 19 აგვისტოს, ანკარაში ვიზიტის დროს თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა და თურქული წარმოების დრონების შესაძლო შესყიდვა განიხილა, რაც ტოკიოს შეიარაღებულ ძალებში უპილოტო სისტემების როლს აფართოებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გენ ნაკატანი იაპონიის თავდაცვის პირველი მინისტრია, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვია - NATO-ს წევრ ქვეყანას, რომელიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ ეკონომიკური და სხვა სახის კავშირების გაფართოებას ცდილობს. თურქეთი და იაპონია აშშ-ის მოკავშირეები არიან. ნაკატანი თურქ კოლეგას იაშარ გიულერს შეხვდა, რათა თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, თურქული წარმოების დრონების შესაძლო მიწოდების შესახებ ესაუბრათ.  თურქული მედიის ცნობი, ვიზიტის დროს ნაკატანი თურქეთის თავდაცვის კომპანიებსა და ობიექტებს დაათვალიერებს, მათ შორის, თურქეთის აერონავტიკის მრეწველობას (TAI), საზღვაო გემთსაშენებს და დრონების მწარმოებელ Baykar-ს, რომლის პროდუქციასაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს, კიევისთვის მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. „თურქულმა ფირმებმა დრონები რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის, უკრაინას მიაწოდეს, ხოლო იაპონია თავის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებში უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების გასაფართოებლად ემზადება,“ წერს მედია. დიპლომატიური წყაროს ცნობით, იაპონია თურქულ დრონებს განიხილავს, როგორც ამ ძალისხმევის ერთ-ერთ პოტენციურ ვარიანტს. ნაკატანის ვიზიტი თურქეთში 17-დან 22 აგვისტომდე დაგეგმილი რეგიონული ტურნეს ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ჯიბუტსა და იორდანიასაც.  

NATO-ს შემდეგი სამიტი თურქეთში გაიმართება

2026 წლის 7-8 ივლისს, NATO-ს სამიტს თურქეთი უმასპინძლებს. 2004 წლის შემდეგ, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც თურქეთი NATO-ს სამიტს მასპინძლობს.  „მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთს ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის მასპინძლობისთვის. თურქეთი 70 წელზე მეტია, NATO-ს ძლიერი მოკავშირეა და მას ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში,“ განაცხადა ალიანსის გენმდივანმა მაკრ რუტემ. 2025 წლის NATO-ს სამიტი 24-25 ივნისს ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში გაიმართა. 2027 წელს NATO-ს სამიტს ალიანსის შედარებით ახალი წევრი ალბანეთი უმასპინძლებს.    

Bloomberg: დაახლოებით 10 ქვეყანა უკრაინაში ჯარების გასაგზავნად მზადაა

Bloomberg-ის ცნობით, დაახლოებით ათი ქვეყანა მზადაა, უკრაინაში თავისი ჯარები გაგზავნოს. ეს მოხდება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში. წყაროების ცნობით, მათ შორის გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი არიან. სააგენტო წერს, რომ ევროპელმა ლიდერებმა 19 აგვისტოს ონლაინ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე კიევსა და მოსკოვს შორის სამომავლო სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ბრიტანული და ფრანგული ჯარების უკრაინაში გაგზავნის გეგმა განიხილეს. გამოცემის წყაროების განცხადებით, ევროპელების მიერ შემუშავებული გეგმის პირველი ეტაპი გულისხმობს უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნითა და მათი პერსონალის შევსებით. გამოცემა წერს, რომ ამას, სავარაუდოდ, ძირითადად ევროპული ჯარისკაცებისგან დაკომპლექტებული მრავალეროვნული ჯგუფი, მათ შორის ასობით ბრიტანელი და ფრანგი ჯარისკაცი განახორციელებს, რომლებიც უკრაინაში ფრონტის ხაზიდან შორს განთავსდებიან. Bloomberg-ის ცნობით, გეგმის კიდევ ერთი ნაწილი ითვალისწინებს შეერთებული შტატების მხარდაჭერას, რაც მოიცავს სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას, საზღვრის მეთვალყურეობას, იარაღის მიწოდებას და, შესაძლოა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ონლაინ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „მსურველთა კოალიციის“ დაგეგმვის ჯგუფი უახლოეს დღეებში შეხვდება ამერიკელ კოლეგებს, რათა განიხილონ „უსაფრთხოების სანდო გარანტიები და დამხმარე ძალების განლაგების მზადება საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემთხვევაში.“ Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპაში NATO-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების უმაღლესი სარდალი, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები.  

რუსეთი ფინანსური კრიზისის გამო, ირანთან საზღვაო არხის გაფართოებაზე უარს ამბობს — მედია

რუსეთის მთავრობა ვოლგა-კასპიის ზღვის ნავიგაციის არხის (ВКМСК) განვითარებაზე უარს ამბობს. ეს არხი ამოიყენება, მათ შორის, ირანთან სავაჭრო მიმოსვლისთვის. მედია წერს, რომ გადაწყვეტილების შესახებ ვიცე-პრემიერ ვიტალი საველიევმა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ივლისში აცნობა.  2023 წელს პროექტი დაიწყო და უკვე დახარჯულია 7.59 მილიარდი რუბლი, 2025 წელს კი, დამატებით 3.53 მილიარდის ხარჯვა იყო დაგეგმილი. თუმცა კასპიის ზღვის დონემ ბოლო წლებში მკვეთრად დაიწია, რის გამოც სამუშაოს ღირებულება გაიზარდა, ხოლო „როსმორპორტის“ ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. მთავრობის მონაცემებით, 4.2-4.5 მეტრის გარჩევის მქონე ხომალდები არხზე გადაადგილების მხოლოდ 6%-ს შეადგენენ, ამიტომ, გაფართოება აღარაა რენტაბელური და 4.2 მეტრამდე მიმოსვლა საკმარისია სატვირთო ბრუნვის შენარჩუნებისთვის. ირანის გეგმები ასევე გულისხმობს რუსეთის ხორბლის გადატანას კასპიის გზით, რაც ტვირთების რაოდენობას გაზრდის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტიციები რთულად დასაბუთებადია დაბალი მოთხოვნის გამო, მაგრამ სახელმწიფომ უნდა შექმნას განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები. ხსენებული არხი ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო გზა იყო ირანთან სავაჭრო ურთიერთობებისთვის.   

ტრამპი: ობამას დროს ყირიმი წაიღეს, საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს, ჩემ დროს არაფერი წაუღიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუს დროს საქართველოც ახსენა. მან მსოფლიოში ტერიტორიული საკითხების კონტექსტში წინამორბედების მმართველობა გაიხსენა. „ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. ეს მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული დამოკიდებულება აქვს. მე ყირიმი მისთვის არ მიმიცია. ყირიმი უზარმაზარია. ვიტყოდი, რომ ტეხასის ზომის არის. ის ულამაზესია და ობამას გამო დათმეს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. „ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი კი — ბუშის დროს. მაგრამ ჩემ დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ ეს [რუსეთ-უკრაინის ომი] მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანებოდა. ეს აღარ მოხდება. ამაზე არ ინერვიულოთ. ვნახოთ, რა მოხდება და როგორ მოგვარდება,“ - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

სიბიჰა: რუსეთმა უკრაინაში ამერიკული საწარმო დაბომბა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ მუკაჩევოზე რუსული დარტყმის სამიზნე ელექტრონიკის მწარმოებელი ამერიკული ქარხანა იყო. სიბიჰას თანახმად, საწარმო „სრულად სამოქალაქო ობიექტი იყო, რომელსაც არაფერი აქვს საერთო თავდაცვასთან ან არმიასთან.“ „ეს არ არის პირველი რუსული თავდასხმა ამერიკულ საწარმოებზე უკრაინაში, წელს კიევში Boeing-ის ოფისებზე დარტყმების და სხვა თავდასხმების შემდეგ,“ - წერს სიბიჰა. „არანაირი სამხედრო ლოგიკა ან აუცილებლობა, უბრალოდ ტერორი ადამიანების, ბიზნესისა და ჩვენს ქვეყანაში ნორმალური ცხოვრების წინააღმდეგ,“ წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. „უკრაინელი ოფიციალური პირები რუსეთის მიერ ამერიკულ საწარმოებზე დარტყმების შესახებ იუწყებიან, იმ ფონზე, რომ აშშ-ის ამჟამინდელი მთავრობა უკრაინაში თავისი ბიზნესების ყოფნას ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიად მიიჩნევს. რუსეთის სამხედროებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი მუკაჩევოზე დარტყმაზე,“ წერს BBC. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაბომბვის შედეგად, მუკაჩევოში 15 ადამიანი დაშავდა. მუკაჩევო ზაკარპატიეს ოლქის ქალაქია, რომელიც უნგრეთის საზღვრიდან 35 კილომეტრში მდებარეობს.  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამერიკული საწარმო, რომელიც რუსული დაბომბვის სამიზნე გახდა, საყოფაცხოვრებო საქონელს - ყავის აპარატებს აწარმოებდა. ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამოქალაქო საწარმო, ამერიკული ინვესტიცია. „გუშინ ღამით, რუსეთის არმიამ თავისი ერთ-ერთი გიჟური ანტირეკორდი დაამყარა. მათ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწარმოები, საცხოვრებელი შენობები, ჩვენი ხალხი დაბომბეს.“ „რუსებმა ეს დარტყმა ისე განახორციელეს, თითქოს, არაფერი იცვლებოდა. თითქოს, მსოფლიო არანაირ ძალისხმევას არ იჩენდეს ამ ომის შესაჩერებლად. ამაზე რეაგირებაა საჭირო. მოსკოვისგან ჯერ კიდევ არ არსებობს სიგნალი იმისა, რომ ისინი ნამდვილად აპირებენ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას და ამ ომის დასრულებას. საჭიროა ზეწოლა. მკაცრი სანქციები, ძლიერი ტარიფები. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.  

ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში, თურქეთში რკინიგზის მშენებლობა დაიწყო

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა, რომ დაიწყო 2.4 მილიარდი დოლარის ღირებულების სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, რომელიც ყარსს აზერბაიჯანის ნახიჩევანთან ზანგეზურის დერეფნის გავლით დააკავშირებს და რომლის დასრულებაც ხუთ წელიწადშია მოსალოდნელი. თურქული მედია წერს, რომ 224-კილომეტრიანი ხაზი ყარსიდან იგდირის გავლით დილუჯუს სასაზღვრო პუნქტამდე მოგზაურობის საშუალებას იძლევა და ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. დაგეგმილია წელიწადში 5.5 მილიონი მგზავრის გადაყვანა და 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას აქვს გამტარუნარიანობა და როდესაც ეს გამტარუნარიანობა შეივსება, ახალი დერეფნები იქნება საჭირო,“ — განმარტა მინისტრმა. თურქეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ყარსიდან დილუჯუმდე, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყო, რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ყარსს აზერბაიჯანის ნახიჩევანის რესპუბლიკასთან დააკავშირებს. 224-კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის მშენებლობის დაწყების ღონისძიებას თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ურალოღლუ ესწრებოდა. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ რკინიგზა ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხუთი მილიონი მგზავრის გადაყვანას და 15 მილიონი ტვირთის გადაზიდვას. რკინიგზის მშენებლობა 2029 წლის ბოლოს დასრულდება. „ამ რკინიგზის მშენებლობის დაწყებით ჩვენ პირველ კონკრეტულ ნაბიჯს ვდგამთ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის შექმნის გზაზე,“ – განაცხადა ურალოღლუმ. პროექტის ღირებულება 2,4 მილიარდ ევროდ არის შეფასებული და ის საგარეო ვალის ხარჯზე დაფინანსდება. ე.წ. ზანგეზურის დერეფნის ფარგლებში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დაგეგმილია 150 კილომეტრის სიგრძის რკინიგზის რეკონსტრუქცია და 20-კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა. თურქეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ პროექტის ფარგლებში სამუშაოები თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ერთდროულად დასრულდება. „დღეს ჩვენ სავსე ვართ აღუწერელი სიხარულითა და სიამაყით, როდესაც ვაღებთ ზანგეზურის დერეფნის კარებს, რაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალ ეპოქას დაიწყებს,“ – განაცხადა აბდულქადირ ურალოღლუმ. თურქული მედია წერს, რომ „ზანგეზურის დერეფანი“ სტრატეგიულ სატრანსპორტო არტერიად ითვლება, რომელიც თურქეთს აზერბაიჯანთან ნახიჩევანის ანკლავის გავლით დააკავშირებს და ევრაზიულ მარშრუტებზე წვდომას უზრუნველყოფს. „ამ პროექტის განხორციელებამ უნდა გაამყაროს თურქეთის, როგორც მთავარი ლოგისტიკური ცენტრის პოზიცია, გაზარდოს აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვის ეფექტიანობა და რეგიონს დამატებითი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა შესძინოს,“ წერს მედია. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია  

კალასი: უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობების შეთავაზება პუტინის ხაფანგია, რომელშიც ჩვენი გაბმა სურს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინა არ უნდა აიძულონ, მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს. „რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნების უფლების მიცემა ხაფანგია, რომელშიც პუტინს სურს, რომ გავებათ,“ - აღნიშნა კალასმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა უკრაინის სანდო და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა. „უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის ძლიერი არმიაა,“ - განაცხადა კალასმა და ხაზი გაუსვა ისეთი გარანტიების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც „მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება.“ ალასკის სამიტზე საუბრისას კალასმა განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო ყველაფერი, რაც სურდა. „მას ისე თბილად დახვდნენ და სურდა, რომ სანქციები არ დაეწესებინათ, რასაც ასევე მიაღწია. პუტინი უბრალოდ იცინის, მკვლელობებს კი არ წყვეტს, არამედ უფრო მეტს სჩადის. გვავიწყდება, რომ რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წავიდა,“ - აღნიშნა კალასმა.  

ტრამპი: შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე

„შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე, ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის.“ შესაბამის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია პლატფორმა Truth Social-ზე აქვეყნებს. “შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთულია ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე დარტყმების გარეშე. სპორტში კარგი გუნდის მაგვარია, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევის თამაშის უფლება არ გააჩნია, მოგების შანსი არ არის! უკრაინასთან და რუსეთთანაც მსგავსი რაღაცაა. კორუმპირებული და ძალიან არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ იმუშავა ამან? ამისდა მიუხედავად, ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი - ნული შანსი. საინტერესო დროა წინ!!!”, - წერს ტრამპი.  

აშშ კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები კომერციული სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის ყველა სამუშაო ვიზის გაცემას აჩერებს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „აშშ-ის გზებზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მართვის მქონე უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს,“ - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არაერთი ნაბიჯი გადადგა სატვირთო მანქანების იმ მძღოლებთან დაკავშირებით, რომლებიც ინგლისურად ვერ საუბრობენ. აპრილში ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას იმ წესის აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში მძღოლებისგან ინგლისური ენის ცოდნის სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს.  

აშშ-მ ირანული ნავთობით ვაჭრობისთვის სანქციები დააწესა

აშშ-მ სანქციები დააწესა კომპანიებისა და ხომალდების ქსელის წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი არიან ირანული ნავთობის ტრანსპორტირებასა და გაყიდვაში. ახალი სანქციები შეეხება 13 ორგანიზაციას, რომლებიც განლაგებულია ჰონგ-კონგში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და მარშალის კუნძულებზე, ასევე – რვა ხომალდს. სანქციები დაუწესდა საბერძნეთის მოქალაქეს, ანტონიოს მარგარიტისს და მის კომპანიებსა და ხომალდების ქსელს, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ჩართული იყვნენ ირანული ნავთობის ტრანსპორტირებაში სანქციების გვერდის ავლით. „დღევანდელი ღონისძიებები მარგარიტისისა და მისი ქსელის წინააღმდეგ ასუსტებს თეირანის უნარს, დააფინანსოს თავისი თანამედროვე შეიარაღების განვითარების პროგრამები, მხარი დაუჭიროს ტერორისტულ ჯგუფებს და საფრთხე შეუქმნას ჩვენი ჯარისა და მოკავშირეების უსაფრთხოებას,“ – განაცხადა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა.  

Reuters: უსაფრთხოების გარანტიის სახით, აშშ ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის საჰაერო სივრცის სრულად დახურვას განიხილავს

Reuters-ის ინფორმაციით, უსაფრთხოების გარანტიის სახით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინის საჰაერო სივრცის სრულად დახურვას განიხილავს. კერძოდ, ომის დასრულების შემდეგ, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეძლებენ, უზრუნველყონ ქვეყნის საჰაერო სივრცის საიმედო დაცვა. ბრიტანული სააგენტო წერს, რომ აშშ-ისა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელებმა დაასრულეს უკრაინის საკითხზე უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ვარიანტების შემუშავება და ახლა ამ ვარიანტებს თავიანთ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს წარუდგენენ. აშშ-ის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების შეხვედრები ვაშინგტონში 19-21 აგვისტოს გაიმართა.