ძებნის რეზულტატი:

NATO-ს წევრებმა აშშ-სგან უკრაინისთვის $2 მილიარდის იარაღი შეისყიდეს

აგვისტოს დასაწყისიდან NATO-ს წევრმა ქვეყნებმა აშშ-სგან უკრაინისთვის 2 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი შეიძინეს. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. უკრაინას იარაღი აგვისტოს დასაწყისში დაწყებული სქემის ფარგლებში მიეწოდა.  

რუტე: ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები, ყველანი რუსების პირდაპირი საფრთხის ქვეშ ვართ

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ალიანსის მოკავშირეები გააფრთხილა, რომ რუსული უახლესი სარაკეტო ტექნოლოგიების გამო, საფრთხე ემუქრებათ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც რუსეთს პირდაპირ არ ესაზღვრებიან. ამის შესახებ რუტემ ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ბევრმა ქვეყანამ, მაგალითად ლუქსემბურგმა, გაზარდა თავდაცვის ხარჯები. როგორ უზრუნველყოფთ, რომ NATO-ს ყველა ქვეყანა ერთი და იგივე მიზნისკენ ისწრაფვოდეს, ერთი მიმართულებით მოძრაობდეს? ამ კითხვით მიმართა მედიამ რუტეს. „ჩვენ ვიმუშავებთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ხარჯები გავათანაბროთ აშშ-ს ხარჯებთან. ვფიქრობ, რომ ალიანსის სიძლიერის შესანარჩუნებლად, უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი პარტნიორი არ ხარჯავდეს სხვებზე ბევრად მეტს. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ რუსების მხრიდან საფრთხე ყოველდღიურად იზრდება. ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები ამ საკითხში. შესაძლოა, ერთ დღეს, ეს ლუქსემბურგსაც და ჩემს ქვეყანასაც, ნიდერლანდებსაც, შეეხოს. ამჟამად, ყველანი უსაფრთხოდ ვართ, გვგონია, რომ რუსეთიდან შორს ვართ, მაგრამ ძალიან ახლოს ვართ და მაგალითად, უახლესი რუსული სარაკეტო ტექნოლოგია... ლიეტუვასა და ლუქსემბურგს, ჰააგას, ან მადრიდს შორის სხვაობა ახლა ხუთიდან ათ წუთამდეა - ზუსტად ამდენი დრო სჭირდება რაკეტას, რომ მიაღწიოს ევროპის ამ ნაწილებს. ასე რომ, ჩვენ ყველანი რუსების პირდაპირი საფრთხის ქვეშ ვართ. ახლა ყველანი აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ, ლონდონში ცხოვრობთ თუ ტალინში, განსხვავება აღარ არსებობს,“ - აღნიშნა რუტემ. მან ხაზი გაუსვა, რომ უსაფრთხო შეერთებულ შტატებს სჭირდება უსაფრთხო ატლანტიკური ოკეანე, უსაფრთხო ევროპა და უსაფრთხო არქტიკა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად ამერიკის შეერთებული შტატებიც რისკის ქვეშ აღმოჩნდება.  

პოლონეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს

პოლონეთმა წლის ყველაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნები, „რკინის დამცველი-25“ ექტემბერს დაიწყო. ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის ცნობით, პოლონეთისა და მიის მოკავშირეების წვრთნებში დაახლოებით 30 000 ჯარისკაცი მონაწილეობს. მანევრებში ჩაერთვება 600 ერთეული ტექნიკა. პოლონეთს ბელორუსთან, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნები 31 აგვისტოს დაიწყო, ასევე, რუსეთის მძიმედ მილიტარიზებულ კალინინგრადის ანკლავთან 418 კილომეტრიანი (260 მილის) საზღვარი აკავშირებს. სექტემბრისთვის ასევე დაგეგმილია რუსეთ-ბელორუსიის მასშტაბური წვრთნები „დასავლეთი-2025.“ „წვრთნების მთავარი მიზანია პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედების შემოწმება მრავალდომენიან გარემოში. წვრთნებში ასევე იქნება გათვალისწინებული უკრაინაში მიმდინარე ომისგან მიღებული გაკვეთილები,“ - აცხადებს პოლონური მხარე.  

NATO-მ ფინეთში, რუსეთის საზღვართან, სახმელეთო ძალების სარდლობა შექმნა

პირველ სექტემბერს ფინეთში NATO-ს ახალი სარდლობის ცენტრმა ფუნქციონირება დაიწყო. ობიექტი რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგიდან დაახლოებით, 250 კილომეტრში (150 მილში) მდებარეობს. ალიანსის მრავალკორპუსიანი სახმელეთო კომპონენტის სარდლობა (MCLCC) ქალაქ მიკელში, ფინეთის სამხედროებთან თანამშრომლობით შეიქმნა, რითაც ალიანსის ახალ წევრ სახელმწიფოში NATO-ს გავლენა ძლიერდება.  ეს ობიექტი ასევე, რუსეთსა და ალიანსს შორის პოტენციური შეტაკების შესახებ შეშფოთების ფონზე, აღმოსავლეთ ფლანგზე NATO-ს თავდაცვით პოზიციას აძლიერებს. სარდლობის შემადგენლობა თავდაპირველად 10 ადამიანისგან შედგება, მაგრამ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს რიცხვი 50-მდე გაიზრდება, მათ შორის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების სამხედრო პერსონალიც იქნება. ახალი ობიექტი, რომელიც ფინეთ-რუსეთის საზღვრიდან დაახლოებით 100 კილომეტრში (დაახლოებით 60 მილის) მდებარეობს, NATO-ს ძალების სარდლობას, მის კონტროლს და ჩრდილოეთ რეგიონში ეროვნული სახმელეთო ძალების სინქრონიზაციას გაუწევს ზედამხედველობას. „ეს, სხვა საკითხებთან ერთად, ალიანსის კომბინირებული სასწავლო აქტივობების დაგეგმვას, მომზადებასა და ხელმძღვანელობას ნიშნავს,“ - განაცხადა ფინურმა მხარემ. სარდლობა რუსეთის საზღვართან მდებარე უახლოეს NATO-ს შტაბ-ბინებს შორის იქნება. ფინეთი ალიანსს გასულ წელს შეუერთდა 2022 წელს მეზობელი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ. ფინურმა მხარემ მაისში განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, 1340 კილომეტრიან (830 მილის) საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერებას ელიან.  

კვლევა: როგორია წევრი ქვეყნების მოსახლეობის განწყობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე

ევროკავშირში გამოკითხულთა შორის, საქართველოს გაწევრების მომხრეები მოწინააღმდეგეებს მცირედით სჭარბობენ. კერძოდ, „ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს, ხოლო 43% წინააღმდეგია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტად მხარს შვედეთის (71%), ლიეტუვის (62%), დანიისა (61%) და ლატვიის (61%) მოსახლეობა უჭერს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა (14 ქვეყანა) გაწევრიანების ყველაზე სასურველ კანდიდატად უკრაინას ასახელებს. მეორე ადგილს მონტენეგრო იკავებს და მას შვიდი სახელმწიფოს მოსახლეობა ყველაზე სასურველ კანდიდატად თვლის. საქართველოს ყველაზე სასურველ კანდიდატად ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის არცერთი არ ასახელებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას ყველაზე ნაკლებად ჩეხეთსა (29%) და ავსტრიაში (29%) უჭერენ მხარს. ასევე, გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გამოკითხვა კანდიდატ და პოტენციურ კანდიდატ ქვეყნებშიც ჩატარდა. საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 74% უჭერს მხარს, ალბანეთში 91%, ჩრდილოეთ მაკედონიაში 69%, სერბეთში 33%, უკრაინაში კი 68%. ევროკავშირის შესახებ ყველაზე დადებითი წარმოდგენა ალბანეთის მოსახლეობას აქვს (82%). აღნიშნული მაჩვენებელი საქართველოში 43%-ია, უკრაინაში 49%, მოლდოვაში 55%, ხოლო სერბეთში ყველაზე ნაკლები - 38%. სულ, გაფართოების მომხრე ევროკავშირის მოსახლეობის 56%-ია. გამოკითხულთა შორის, 15-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანების ორი მესამედი თვლის, რომ (პოტენციური) კანდიდატები ევროკავშირში მას შემდეგ უნდა გაწევრიანდნენ, როდესაც ისინი საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.  

მამუკა მდინარაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დაიკავა

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. მდინარაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა საკითხის განხილვის გარეშე ჩატარდა. მანამდე მდინარაძეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში მოუსმინეს.  პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა პარლამენტი სუს-ის უფროსს უფლებამოსილების 6 წლის ვადით ირჩევს. სუს-ს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა. ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2025 წლის აპრილში აირჩია, თუმცა მან აგვისტოში გადადგომის თაობაზე განაცხადა.  

მწვანე ენერგიის დერეფნის ინიციატივები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს - საკრედიტო სააგენტო

საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის ცნობით, კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპამდე მწვანე ენერგიის დერეფნის ინიციატივები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს. სარეიტინგო სააგენტო ხაზს უსვამს, რომ 2024 წლის ნოემბერში მხარეთა 29-ე კონფერენციაზე (COP29) აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და უზბეკეთმა ხელი მოაწერეს სტრატეგიულ პარტნიორობას კასპიის მწვანე ენერგიის დერეფნის განვითარების მიზნით. ეს პროექტი ქარისა და მზის ენერგიაზე გამომუშავებული ენერგიის კასპიის ზღვაზე ტრანსპორტირების გზით, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს დამაკავშირებელი 400 კილომეტრიანი წყალქვეშა კაბელის მეშვეობით, ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის (Ba3 სტაბილური) და ევროკავშირის (Aaa სტაბილური) დაკავშირებას ისახავს მიზნად. „ევროკომისიამ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის 2.3 მილიარდი ევრო გამოყო, ხოლო ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისთვის იგეგმება. „მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიციატივები მნიშვნელოვან პერსპექტივას იძლევა ევროპაში მზის და ქარის ენერგიის პოტენციური ექსპორტისთვის, ისინი მნიშვნელოვან ინვესტიციებს მოითხოვს“, - ნათქვამია ანგარიშში.  

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი, ჯო ჰილი უკრაინაში ჩავიდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრი ბრიტანელ კოლეგას კიევის რკინიგზის სადგურზე დახვდა დენის შმიგალის თქმით, შეხვედრისას კოორდინაციას გაუწევენ „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრის ძირითად საკითხებს“, რომელიც ლონდონში გაიმართება. „ვამზადებთ მნიშვნელოვან ორმხრივ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების თავდაცვის პოტენციალს,“ - წერს შმიგალი.  

აშშ-მ საქართველოში თავდაცვის სფეროს ახალი გუნდი წარადგინა

„3 სექტემბერს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა ვიცე-პრემიერს, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე - პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი - ლეიტენანტ-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“ წერს ამერიკის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის ატაშესთან  

11 დემონსტრანტს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლეს მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია, მან პირდაპირ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. გალუსტაშვილის განმარტებით, დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. 8 დემონსტრანტის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა  

მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც მან განაჩენი გამოაცხადა. ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, 1 მილიარდი ფუნტ სტერლინგზე მეტი დახმარება გადასცა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, იარაღისა და სხვა სამხედრო დახმარების შესაძენად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადასცა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა. მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული დახმარებით შესაძლებელი გახდა უკრაინისთვის ასობით ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის, ასობით საზენიტო რაკეტის, იარაღის სათადარიგო ნაწილების მიწოდება, ასევე აღჭურვილობისა და სამხედრო ტრანსპორტის მოვლისა და შეკეთების მიზნით ახალი კონტრაქტების დადება. „ბოლო 50 დღის განმავლობაში უკრაინამ დიდი ბრიტანეთისგან მიიღო 4.7 მილიონი ვაზნა მცირეკალიბრიანი იარაღისთვის, 60 ათასი საარტილერიო ჭურვი, რაკეტა და სარაკეტო სისტემა, 2.5 ათასზე მეტი დრონი, 200-ზე მეტი რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემა, 100 ერთეული მსუბუქი შეიარაღება, 30 სატრანსპორტო საშუალება და დამატებითი აღჭურვილობა დრონებისა და საჰაერო თავდაცვის წინააღმდეგ საბრძოლველად,“ - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 4.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა. „თავდაცვის მინისტრმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ნათლად განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოება უკრაინაში იწყება. გაერთიანებული სამეფო კვლავ ერთგული რჩება უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფის მიმართ და წელს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 4.5 მილიარდი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.  

ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულების კორეული სცენარი შესაძლებელია, მაგრამ ის უსაფრთხოების საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

სამხრეთ კორეის მიერ უკრაინაში ომის დასრულების მოდელის გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ის უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებებს არ აკმაყოფილებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ გამოცემა „Le Point“-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კორეული მოდელი უკრაინისთვის წარმოუდგენელია, ჩრდილოეთ კორეის მიერ შექმნილი საფრთხის შედარება არ შეიძლება რუსეთის საფრთხესთან და სამხრეთ კორეას უფრო ძლიერი უსაფრთხოების გარანტიები აქვს. „ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სამხრეთ კორეას ჰყავს მთავარი მოკავშირე - შეერთებული შტატები. დამიჯერეთ, მათ აქვთ მრავალი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინა ცდილობს, მიიღოს უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, როგორიცაა Patriot-is სისტემები, რომლებიც სამხრეთ კორეას აქვს. თუმცა ამ შედარებასაც აქვს თავისი საზღვრები: ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობა 20 მილიონზე ოდნავ მეტია, ხოლო რუსეთის - 140 მილიონზე მეტი. რუსეთის მხრიდან საფრთხეები ხუთჯერ, ექვსჯერ, თუნდაც ათჯერ მეტია. სამხრეთ კორეის მოდელის ზუსტი რეპლიკა ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საჭიროებები დააკმაყოფილებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ის დიდად აღფრთოვანებულია სამხრეთ კორეის ეკონომიკური მოდელით.  

მაკრონი: ევროპა მზადაა, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა მზადაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის დღეს. პარიზში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ გარანტიებისთვის მზადება დასრულებულია. „ახლა კითხვა ისმის, გულწრფელია თუ არა რუსეთი თავის თანმიმდევრულ ვალდებულებებში, როდესაც მან ამერიკის შეერთებულ შტატებს მშვიდობა შესთავაზა,“ - აღნიშნა მაკრონმა. ევროპელი ლიდერები ხუთშაბათს, პარიზში ზელენსკის შეხვდებიან, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს გამართავენ. მონაწილეებს შორის არიან ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.  

ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საერთაშორისო მედია, კომპანია Armani Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს. იტალიელი მილიარდერი, დღეს, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „Armani Group-ი უსაზღვრო მწუხარებით აცხადებს თავისი შემქმნელის, დამფუძნებლისა და მამოძრავებელი ძალის, ჯორჯო არმანის გარდაცვალების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. „ის იტალიური სტილისა და ელეგანტურობის არქეტიპი იყო, თანამედროვე აუდიტორიისთვის კაცისა და ქალის კოსტიუმებს ახლებურად წარმოიდგენდა. არმანიმ საქმიანობა მოდის სფეროდან დაიწყო, თუმცა გაფართოვდა სილამაზის, სუნამოების, მუსიკის, სპორტისა და სასტუმროების მიმართულებით. მას ასევე პატივს სცემდნენ როგორც ბიზნესმენს, რომლის კომპანიაც წელიწადში 2 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტ შემოსავალს იღებდა,“ წერს BBC ჯორჯო არმანის შესახებ. არმანის მოდის იმპერია 10 მილიარდ დოლარზე მეტად იყო შეფასებული. ცნობილი დიზაინერის საკუთრებაში იყო რამდენიმე ბარი, კლუბი და საკალათბურთო გუნდი EA7 Emporio Armani Milan.   

რუსეთის ეკონომიკა „ტექნიკურ სტაგნაციაშია“ - „სბერბანკის“ ხელმძღვანელი

რუსული „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა „ტექნიკური სტაგნაციის“ ეტაპზეა. მისი განმარტებით, 2025 წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლები შეიძლება, ტექნიკურ სტაგნაციად ჩაითვალოს.   მეორე კვარტალი ფაქტობრივად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტექნიკური სტაგნაცია. ივლისი და აგვისტო აჩვენებს საკმაო სიმპტომებს, რომ ნულოვან ნიშნულს ვუახლოვდებით,“ – განაცხადა გრეფმა. მისი თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს რუსეთის ბანკის განაკვეთი დაახლოებით 14% იქნება, რაც სიტუაციის შესაცვლელად საკმარისი არ არის. „ინფლაციის არსებული დონის გათვალისწინებით, ეკონომიკის გამოცოცხლების იმედი შეიძლება გვქონდეს 12%-იან და უფრო დაბალ განაკვეთზე. ამიტომ, ამ ნიშნულის მიღწევის დროს ჩვენ, დიდი ალბათობით, დავინახავთ ეკონომიკის გამოცოცხლებას,“ – განაცხადა „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა.    

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწ,ყვიტონ. კერძოდ, სააგენტო თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსებაში ეხმარება. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებითვე, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათ „რუსეთის ომის დაფინანსების გამო ჩინეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა მოახდინონ.“ „პრეზიდენტმა მაკრონმა და ევროპელმა ლიდერებმა პრეზიდენტ ტრამპს „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრისას დაურეკეს. ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროპამ რუსული ნავთობის შეძენა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს ომის დაფინანსებას ახდენს. რუსეთმა ბოლო ერთ წელიწადში საწვავის გაყიდვით ევროკავშირისგან 1,1 მილიარდი ევრო მიიღო,“ - განუცხადა Reuters-ს თეთრი სახლის წარმომადგენელმა.  

რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, გერმანია ბალტიისპირეთში სამხედრო წვრთნებს ხელმძღვანელობს

გერმანია ატარებს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს, რომლებიც ფოკუსირებულია ლიეტუვაში ჯარებისა და აღჭურვილობის გადაყვანაზე. გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობა ხუთშაბათს როსტოკის პორტში ბალტიის ქვეყნების ელჩებთან და სხვა ქვეყნების ოფიცრებთან ერთად დაესწრო ნავსადგურიდან სამხედრო მანქანებით დატვირთული ბორნის გასვლას, რომელიც ლიეტუვაში, კლაიპედაში მიემართებოდა პოლიციის, კორვეტის, ნაღმმტყორცნისა და ვერტმფრენის თანხლებით. Quadriga-ს სახელით ცნობილ წვრთნებს გერმანიის საზღვაო ფლოტი ხელმძღვანელობს და მის სხვადასხვა კომპონენტში არმია და საჰაერო ძალებიც ერთვებიან. მასში 14 ქვეყნიდან 8000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. მათ შორის არის NATO-ს ყველა მოკავშირე ქვეყანა, რომლებსაც ბალტიის ზღვაზე აქვთ გასასვლელი, ასევე აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და კანადა. გერმანიის სამხედრო ძალების ცნობით, წვრთნებში 40 გემი, 20 თვითმფრინავი და 1800-ზე მეტი საგზაო სატრანსპორტო საშუალება მონაწილეობს. „კვადრიგა“ რამდენიმე კვირას გრძელდება და მოსალოდნელია, რომ მისი ნაწილი დროში, თუმცა არა გეოგრაფიულად, დაემთხვევა რუსეთისა და ბელარუსის მიერ თვის ბოლოს დაგეგმილ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს. ამ წვრთნებში, სავარაუდოდ, 13 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. გერმანია საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას ცდილობს. მაისში, ლიეტუვაში, რომელიც რუსეთის კალინინგრადის ანკლავს და მოსკოვის მოკავშირე ბელორუსს ესაზღვრება, ბერლინმა ბრიგადა განალაგა, რადგან რუსული აგრესიის შესახებ შეშფოთება კვლავ გრძელდება.  

„ტრამპის მარშრუტის“ განსახილველად, აშშ-ის დელეგაცია სომხეთს ეწვევა - მედია

აშშ-ის სხვადასხვა წრის წარმომადგენლები მომავალ კვირას სომხეთს ეწვევიან, რათა პროექტი - „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP, ზანგეზურის დერეფანი) განიხილონ. აშშ-ის დელეგაცია, სავარაუდოდ, დერეფნის როგორც ტექნიკურ, ასევე, პოლიტიკურ ასპექტებს შეისწავლის, იუწყება The Caspian Post სომხური მედიის საშუალებით. განხილვები ასევე შეეხება ინვესტიციების მოცულობას, პროექტის პრიორიტეტებს და მშენებლობის დაწყების დაგეგმილ ვადებს. მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში გაიმართება და მიღებული გადაწყვეტილებები, სავარაუდოდ, გადამწყვეტ როლს შეასრულებს ახალი რეგიონული ლოგისტიკური ჩარჩოს ჩამოყალიბებაში. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია  

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში“ - თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფასლან ბაირაქტარმა ნავთობის გლობალურ მიწოდებაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა. „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს გლობალურ ნავთობმომარაგებაში. ბოლოდროინდელი პროექტით, რომელიც თურქეთის ბუნებრივი აირის ქსელს სირიასთან აკავშირებს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ მნიშვნელოვან ინიციატივაზე, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც სირიის ენერგეტიკულ საჭიროებებს, ასევე, ხელს შეუწყობს იქ ცხოვრების ნორმალიზებას. ერთად, ჩვენს ორ ქვეყანას წვლილი შეაქვს არამხოლოდ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, არამედ, გლობალური მიწოდების სისტემაშიც. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მნიშვნელოვანი და სამაგალითო თანამშრომლობაა,“ – განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა. თურქული მედიის ცნობით, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით შექმნილ მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ სამომავლოდ, ძალინ მნიშვნელოვანი მიზნებია დასახული. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ენერგეტიკულ კავშორებს ელექტროგადამცემი ხაზებით, გაზსადენებითა და ნავთობსადენებით, რითიც რეალური წვლილი შეგვაქვს როგორც ჩვენი ქვეყნების, ისე რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში. ჩვენ ვაძლიერებთ ელექტროგადამცემ ხაზებს ოთხმრივი მწვანე ენერგეტიკული დერეფნით, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მიერ. ჩვენს ორ ქვეყანას შორის უზარმაზარი ჰარმონია, პოტენციალი და არსებული პროექტებია. სამომავლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი მიზნები გვაქვს,“ – თქვა ბაირაქტარმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. დღესვე,  აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა იზმირში თურქეთ-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ფორუმის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი სირიისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად ერთობლივ მუშაობაზე შეთანხმდნენ. სირიაში, თურქეთისა და საქართველოს გავლით, აზერბაიჯანული გაზის ექსპორტი დაიწყო