ძებნის რეზულტატი:

უკრაინამ ცის დასაცავად, აშშ-ს, სპეციალური ფორმატი შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს უკრაინის ცის დასაცავად „სპეციალური ფორმატი“ შესთავაზა. „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ხანგრძლივი და დეტალური სატელეფონო საუბარი ჰქონდა. „პირველ რიგში, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ მივიდეთ რეალურ მშვიდობამდე. სხვადასხვა ვარიანტები განვიხილეთ, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ზეწოლაა. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას ფულსა და რესურსებზე წვდომა არ ჰქონდეს,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „უკრაინის ცის მაქსიმალურ დაცვაზე ისაუბრეს.“ „მშვიდობის მიღწევამდე, უკრაინელები რუსეთის თავდასხმების ქვეშ არ უნდა იყვნენ. რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა სიცოცხლე არ უნდა შეიწირონ. უკრაინამ ცის დასაცავად, აშშ-ს, სპეციალური ფორმატი შესთავაზა. ჩვენი ხალხის მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მადლობას ვუხდი. ჩვენ შემდგომ კონტაქტებზე შევთანხმდით,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.  

„რუსეთის სამხედრო მანქანის“ შეჩერებისთვის, აშშ და ევროპა „ორ სამიზნეს“ განიხილავენ

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებთან დაკავშირებით, აშშ-მ და ევროპამ ერთად იმოქმედონ. „ტრამპის მიდგომაა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ერთად ვიმოქმედოთ და ვიპოვოთ გზები, რათა რუსეთის სამხედრო მანქანა ეკონომიკური საშუალებებით შევაჩეროთ,“ - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა. სტუბის თქმით, დამატებითი სანქციები რუსული ნავთობისა და გაზის წინააღმდეგ განიხილება. „ამ შემთხვევაში ორი სამიზნეა, გაზი და ნავთობი. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლები ამ საკითხს მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილავენ,“ - აღნიშნა სტუბმა.  

ზელენსკი პუტინის განცხადებაზე: როცა შეხვედრა არ გინდა, მოსკოვში უნდა მიმიწვიო

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განხადებით, პარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე მოსკოვში მიიწვია. „როდესაც შეხვედრა არ გინდა, მოსკოვში მიწვევ,“ - განაცხადა ზელენსკიმ პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ამერიკელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ პუტინმა მოსკოვში მიმიწვია. იცით, რას ვფიქრობ - როდესაც შეხვედრა არ გინდა, მაშინ მე მოსკოვში უნდა მიმიწვიო,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ხაზი გაუსვა, რომ „ომის დასასრულებლად, რუსეთის ვერანაირ სურვილს ვერ ხედავს.“  

მიხეილ ყაველაშვილი: მივიღე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში. პარტიაში აცხადებენ, რომ შეწყალების მოთხოვნით პატიმრებს ყაველაშვილისთვის არ მიუმართავთ.  ყაველაშვილის განცხადებაში ნათქვამია, "მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება." “გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია - „ძლიერი საქართველო - ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს,” - აღნიშნულია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.  

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს - კვლევა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, 2025 წლის ყოველწლიური კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. კვლევის მიხედვით, დღეს რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, 74% მხარს დაუჭერდა ევროკავშირში გაწევრიანებას, ხოლო 80% მიიჩნევს, რომ ეს ქვეყანას მეტ სარგებელს მოუტანს, ვიდრე ზიანს. ევროკავშირი რჩება საქართველოს ყველაზე სანდო საერთაშორისო პარტნიორად, მას ენდობა მოქალაქეების 67%. ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ ცნობადობა კვლავ მაღალია და 70%-ს აღემატება. ციფრების მიღმა, მოქალაქეები ევროკავშირის წევრობას აღიქვამენ როგორც გზას მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, შვილების უკეთესი მომავლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ. „ეს შედეგები ცხადყოფს, რომ ევროკავშირი–საქართველოს პარტნიორობა მხოლოდ პოლიტიკური არაა, ის ეფუძნება საქართველოს მოსახლეობის სურვილსა და მისწრაფებებს,“ - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს. კვლევა: როგორია წევრი ქვეყნების მოსახლეობის განწყობა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე  

აშშ, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ 15 სექტემბრიდან ყოველწლიურ თავდაცვით წვრთნებს ჩაატარებენ, რათა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ საჰაერო, საზღვაო და კიბეროპერაციული შესაძლებლობები გააუმჯობესონ. ამის შესახებ Reuters-ი სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, „თავისუფლების ზღვარი“ ყოველწლიური წვრთნაა, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის არის შექმნილი.  Reuters-ი წერს, რომ სამხედროებმა წვრთნების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაამჟღავნეს, მათ შორის - არც მანევრებში ჩართული ჯარისკაცების რაოდენობისა და აღჭურვილობის ტიპების შესახებ.  

აზერბაიჯანი რეგიონში, ბატარეის ენერგიის შესანახი უდიდესი სისტემების მშენებლობას აანონსებს

აზერბაიჯანი რეგიონში, ბატარეის ენერგიის შესანახ ყველაზე დიდ სისტემებს (BESS) ქმნის.  ამის შესახებ აზერბაიჯანში ელექტროენერგიის უმსხვილესი მწარმოებელი OJSC Azerenerji აცხადებს. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიის ცნობით, აზერბაიჯანი ენერგეტიკის სექტორში ახალ ეტაპზე გადადის. ქვეყანაში განახლებადი ენერგიის წყაროების (RES) სწრაფი განვითარებისთვის მასშტაბური BESS-ების შექმნა დაიწყო. AzerEnerji ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 220-კილოვოლტიანი, აღდაშის ქვესადგურისა და დედაქალაქთან მდებარე 500-კილოვოლტიანი აფშერონის ქვესადგურის ტერიტორიაზე აშენებს ბატარეის ენერგიის შენახვის სისტემებს (BESS), რომელთა ჯამური გენერაციის სიმძლავრე 250 მეგავატია, ხოლო შენახვის მოცულობა — 500 მეგავატ-საათი. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ამ მასშტაბის სისტემების დანერგვა პირველი იქნება არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ, მთელ რეგიონში.  

ევროკავშირში, TPO-ს შემცველი ფრჩხილის ლაქისა და გასამაგრებელი გელის გამოყენება აიკრძალა

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში TPO-ს (ტრიმეთილბენზოილი და დიფენილფოსფორინის) კერძოდ, კარცინოგენების შემცველი ფრჩხილის ლაქისა და გასამაგრებელი გელის გამოყენება აიკრძალა. TPO ეხმარება ფრჩხილის ლაქს გრძელვადიანი ეფექტის შენარჩუნებასა და ულტრაიისფერი სხივური პროცედურისას სწრაფ გამაგრებაში ეხმარება. ევროკავშირი მას ახლა ტოქკიკურ ნივთიებას უწოდებს. New York Times-ის ინფორმაციით, TPO-ზე ჩატარებული კვლევები არ აჩვენებს პირდაპირ კავშირს ნივთიერების მოხმარების გრძელვადიან ეფექტებთან და ადამიანის ჯანმრთელობის რისკებთან მიმართებით, თუმცა მასთან ხშირმა და ხანგრძლივმა კონტაქტმა, მღრღნელებზე ჩატარებული კვლევის შედეგებმა, მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ნაყოფიერების პრობლემები აჩვენა. ამდენად, ნებისმიერი TPO შემცველი პროდუქტი, რომელიც ჯერ კიდევ მარაგშია, ბაზრიდან უნდა ამოიღონ და TPO შემცველი ახალი პროდუქტები ბაზარზე არ უნდა განთავსდეს. მსგავსი შეზღუდვები, გაერთიანებულ სამეფოში სავარაუდოდ, მომავალ წელს ამოქმედდება, მაგრამ TPO შეერთებულ შტატებში, კოსმეტიკურ პროდუქტებში კვლავ რჩება, თუმცა „კანონდარღვევაა ისეთი ინგრედიენტის გამოყენება, რომელიც კოსმეტიკურ საშუალებებს დანიშნულებისამებრ გამოყენებისას მავნეს ხდის. კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებლებს იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავიანთი პროდუქციის უსაფრთხოებასა და ეტიკეტირებაზე.  

შუა დერეფნის გასწვრივ, კონტეინერების გადამუშავების მოცულობა 865 000 TEU-მდე გაიზრდება - აზერბაიჯანის რკინიგზა

აზერბაიჯანის რკინიგზის კომუნიკაციების დირექტორატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ბახტიარ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ, კონტეინერების გადამუშავების მოცულობა 2040 წლისთვის 865 000 TEU-მდე გაიზრდება. მანვე აღნიშნა, რომ მზარდი სავაჭრო კავშირები აძლიერებს მარშრუტის სტრატეგიულ როლს და მასზე ტრანსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. „მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ორგანიზაციის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროგნოზებით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ტრანსპორტი 11 მილიონ ტონას მიაღწევს, ხოლო 2040 წლისთვის კონტეინერების გადაზიდვა 865 000 TEU-ს მიაღწევს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზანგეზურის დერეფნის („ტრამპის მარშრუტი“) გაშვება, რომელიც არამხოლოდ შუა დერეფნის საკვანძო რგოლი გახდება, არამედ, საერთაშორისო ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო მარშრუტის ნაწილიც. ეს დერეფანი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს ინდოეთიდან და ირანიდან ჩრდილოეთით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების მიწოდებისთვის. კერძოდ, ირანიდან შემოსული ტვირთი შეძლებს ნახიჩევანის გავლით თურქეთში და შემდეგ ჩრდილოეთ ევროპაში გადაადგილებას,“ - აღნიშნა ჰაჯიევმა.  

რუმინეთის ელჩის თქმით, შავი ზღვის რეგიონის დიდი პოტენციალი ჯერ კიდევ აუთვისებელია

რუმინეთის ელჩმა საქართველოში რაზვან როტუნდუმ, ორმხრივი კავშირების გაფართოების დიდ პოტენციალზე ისაუბრა. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ფოთის პორტსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლის მნიშვნელობას, რაც ჯერ კიდევ არასაკმარისად გამოიყენება. გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა რუმინეთის მხარდაჭერას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმართ, რომელიც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ერთობლივი ინიციატივაა და, მოსალოდნელია, რომ ის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონული ენერგეტიკული ცენტრის შექმნას შეუწყობს ხელს. „რუმინეთი და საქართველო შავი ზღვის მეზობელი ქვეყნები არიან, ამიტომ, პოტენციალი უზარმაზარია. ვფიქრობ, რომ არსებობს მსგავსება კულტურასა და მენტალიტეტში, რაც ასევე ძალიან გვეხმარება. საჭიროა ბიზნეს სექტორებს შორის მეტი კონტაქტი და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოსი, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ამ შეხვედრის ორგანიზებაში. ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ასე გავაგრძელოთ,“ - განაცხადა როტუნდუმ. სავაჭრო ურთიერთობები ეკონომიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის ვაჭრობა წარმატებულია. 2025 წლის იანვარ-ივლისში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 188.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, 134.9 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ვაჭრობის ძირითადი ნაწილი რუმინეთიდან იმპორტი იყო, რომელმაც 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 166.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ნავთობი და ნავთობპროდუქტები დომინირებდა 132.6 მილიონი აშშ დოლარით, რაც რუმინეთს რუსეთის შემდეგ საქართველოში ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებლად აქცევს. სხვა იმპორტში შედის თამბაქოს წარმოება (6.1 მილიონი აშშ დოლარი), რეზინის საბურავები (3.6 მილიონი აშშ დოლარი), მედიკამენტები (2.2 მილიონი აშშ დოლარი) და მსუბუქი ავტომობილები (1.9 მილიონი აშშ დოლარი). რუმინეთში ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ 21.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ოდნავ ნაკლებია 2024 წლის 24.5 მილიონ აშშ დოლართან შედარებით. სასუქები წამყვანი საექსპორტო კატეგორია იყო - 16.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით. ვაჭრობის წლიური მაჩვენებლები თანმიმდევრულ მოცულობებს აჩვენებს: 246.9 მილიონი აშშ დოლარი 2024 წელს, 244.2 მილიონი აშშ დოლარი 2023 წელს და 314.7 მილიონი აშშ დოლარი 2022 წელს. რუმინეთს სურს, ევროკავშირის შავი ზღვის უსაფრთხოების ცენტრი საკუთარ ტერიტორიაზე განათავსოს  

ზელენსკი: პუტინს შეუძლია, კიევში ჩამოვიდეს, ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მისი მოსკოვში მიწვევით შეხვედრის გადადებას ცდილობს.  „მოსკოვში წასვლა არ შემიძლია მაშინ, როცა ჩემი ქვეყანა ყოველდღიურად რაკეტებისა და თავდასხმების ქვეშ არის. ამ ტერორისტის დედაქალაქში ვერ ჩავალ და პუტინი ამას ხვდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკის თქმით, „პუტინის ნდობა არ შეიძლება და ის აშშ-ს ეთამაშება.“ „თუ ადამიანს ომის დროს შეხვედრა არ სურს, რა თქმა უნდა, მას შეუძლია, ისეთი რამ შემოგვთავაზოს, რაც ჩემთვის ან სხვებისთვის მიუღებელი იქნება,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი პუტინის განცხადებაზე: როცა შეხვედრა არ გინდა, მოსკოვში უნდა მიმიწვიო  

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს ომის დეპარტამენტი ერქმევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის დეპარტამენტს „ომის დეპარტამენტი“ ერქმევა. ეს ნაბიჯი აღადგენს სახელწოდებას, რომელიც სააგენტოს ბოლოს 1940-იან წლებში ეკუთვნოდა - ბრძანების ტექსტის თანახმად, სახელის დაბრუნების მიზანია „ძალისა და სიმტკიცის დემონსტრირება.“ „ვფიქრობ, ეს ბევრად უფრო შესაფერისი სახელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ სად არის ამჟამად მსოფლიო. ჩვენ გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები,“ - განაცხადა ტრამპმა ბრძანების ხელმოწერამდე. თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, რომელიც პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სახელის შეცვლა „მხოლოდ სახელის შეცვლას არ ეხება, არამედ აღდგენას.“ ჰეგსეთმა დასძიმა, რომ ქვეყანა „მეომრებს აღზრდის და არა მხოლოდ დამცველებს.“ ეს დეპარტამენტის თავდაპირველი სახელწოდება იყო, რომელიც 1789 წლიდან 1947 წლამდე გამოიყენებოდა. ომის დეპარტამენტი ჯორჯ ვაშინგტონმა დააარსა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რებრენდინგი განხორციელდა. თეთრი სახლი ჯერ არ ამბობს, რა დაჯდება რებრენდინგი, მაგრამ ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ასობით სააგენტოს, ემბლემის, ელექტრონული ფოსტის მისამართებისა და უნიფორმების განახლების ხარჯი მილიარდ დოლარს შეადგენს. სახელის შეცვლის იდეა ტრამპმა არაერთხელ წამოჭრა და განაცხადა, რომ წინა სახელწოდებით, აშშ-ს, ორივე მსოფლიო ომში „გამარჯვების დაუჯერებელი ისტორია“ აქვს.  

სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ერთმანეთის ტერიტორიებს ეწვივნენ

8 აგვისტოს, ვაშინგტონში, დონალდ ტრამპის მედიაციით მიღწეული შეთანხმების შემდეგ, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები სასაზღვრო ზონაში შეხვდნენ. სომხეთის დელეგაციას ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი, აზერბაიჯანისას კი - ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ხელმძღვანელობდა. უშუალოდ რომელ სასაზღვრო რაიონებში იმყოფებოდნენ სომეხი და აზერბაიჯანელი ოფიციალური პირები, ვის შეხვდნენ და კიდევ ვინ შედიოდა დელეგაციებში ვიცე-პრემიერების გარდა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. უცნობია, დელეგაციები ერთობლივად ეწვივნენ თუ არა სიუნიქის რეგიონს, - იმ ადგილს, სადაც შეთანხმების თანახმად უნდა გაიაროს „ტრამპის მარშრუტმა.“ „8 აგვისტოს ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებების შესაბამისად, მხარეებმა განვიხილეთ სასაზღვრო ხაზის შესაბამისი მონაკვეთების/სექციების დემარკაციასთან და განაღმვასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე განვიხილეღ საჭირო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობასთან და [აღდგენა-მშენებლობის] ვადებთან დაკავშირებული საკითხები, კომუნიკაციების შექმნის სფეროში მოქმედებების სინქრონიზაციის მიზნით,“ - წერია სომხეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. მუსტაფაევი და გრიგორიანი ამავე დროს ხელმძღვანელობენ თავიანთი ქვეყნების კომისიებს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვის დელიმიტაციის საკითხებში. საგარეო უწყებების განცხადების თანახმად, პოლიტიკოსებმა „გაცვალეს მოსაზრებები“, თუ როდის შეიძლება, ჩატარდეს ერთობლივი კომისიის მორიგი სხდომა. რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია  

სომხეთის პრემიერის თვითმფრინავმა 30 წლის შემდეგ, აზერბაიჯანს პირველად გადაუფრინა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა 30 წლის შემდეგ, პირველად გამოიყენა აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელი ბაღდასარიანმა Facebook-ზე დაწერა. 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და შეთანხმების შემდეგ, სომხეთის შესაბამისმა ორგანოებმა აზერბაიჯანს საჰაერო დერეფნის გახსნა სთხოვეს და დადებითი პასუხი მიიღეს. „ჩვენ ამ ფაქტს რეგიონული კომუნიკაციების გახსნის, მშვიდობის დღის წესრიგის პოპულარიზაციისა და ურთიერთნდობის გარემოს ხელშეწყობისკენ გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯად მივიჩნევთ,“ განაცხადა ბაღდასარიანმა. სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები ერთმანეთის ტერიტორიებს ეწვივნენ რას მოიცავს 8 აგვისტოს თეთრ სახლში გაფორმებული დეკლარაცია  

უზბეკეთისა და აშშ-ის ლიდერები სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ

უზბეკეთის პრეზიდენტის ცნობით, პარასკევს, 5 სექტემბერს გამართული სატელეფონო საუბრისას, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიიოევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ტრამპმა უზბეკეთის „შეუქცევადი რეფორმები“ შეაქო, ხოლო მირზიიოევმა მას აშშ-ის ადმინისტრაციის „შიდა და საგარეო პოლიტიკის შთამბეჭდავი შედეგები“ მიულოცა. ორივე ლიდერმა სფეროების ფართო სპექტრი, მათ შორის ბიზნეს პარტნიორობა, უსაფრთხოების კავშირები, კულტურული გაცვლა და რეგიონული თანამშრომლობა განიხილა. მათ ხაზი გაუსვეს სავაჭრო მოცულობის ზრდას, რომელიც 2024 წელს 15%-ით გაიზარდა, ასევე, სამოქალაქო ავიაციის, კრიტიკული მინერალების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ციფრული ტექნოლოგიების, ფინანსების, ინოვაციებისა და განათლების სფეროში პროექტების წინსვლას. „ამ თვეში, წამყვან ამერიკულ კომპანიებთან და ორგანიზაციებთან გრძელვადიანი და მდგრადი პარტნიორობის დასამყარებლად, ორმხრივი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების სერია გაიმართება,“ - განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა. პრეზიდენტებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებზე, მათ შორის C5+1 ფორმატში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რომელიც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და აშშ-ს აერთიანებს. მირზიიოევმა ტრამპი უზბეკეთში, ხელსაყრელ დროს ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, ხოლო ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ერთობლივი პროექტების წინსვლის მიზნით, მაღალი დონის კონტაქტებს გააგრძელებდნენ. უზბეკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარი „ღია, კონსტრუქციულ და მეგობრულ ატმოსფეროში“ გაიმართა.  

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

რიგაში, ევრობასკეტის მერვედფინალში საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა. საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში, ისტორიაში პირველად ითამაშებს. ანგარიში 80:70 დასრულდა.  

აშშ არასაიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცედურებს ამკაცრებს

აშშ-ის მთავრობამ უცხოელებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების, მათ შორის, B1/B2 ტურისტული ვიზების გაცემის წესებს ამკაცრებს. ბრძანების თანახმად, რომლის შესახებაც სახელმწიფო დეპარტამენტმა შაბათს, 6 სექტემბერს გამოაცხადა, ვიზების მიღების მსურველებს დოკუმენტების წარდგენა მხოლოდ იმ ქვეყნებში შეეძლებათ, რომლის მოქალაქეებიც არიან ან ამ ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლება აქვთ. ამავდროულად, 17 ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის, სადაც ასეთი ვიზების გაცემა შეჩერებულია, განისაზღვრა კონკრეტული საელჩოები და საკონსულოები, სადაც მათ განაცხადების წარდგენა შეუძლიათ. ამრიგად, რუსებს ამის გაკეთება მხოლოდ აშშ-ის საელჩოებში შეეძლებათ ასტანასა და ვარშავაში, ბელორუსის მოქალაქეებს - ვარშავაში ან ვილნიუსში, ხოლო უკრაინელებს - ვარშავასა და კრაკოვში. ამ დრომდე აშშ-ის ტურისტული ვიზის მიღება ნებისმიერ ქვეყანაში იყო შესაძლებელი. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტეს, რომ უკვე დანიშნული გასაუბრებები არ გაუქმდება.  ახალი წესები არ გავრცელდება A, G, C-2, C-3, NATO-ს წარმომადგენლების ვიზებსა და დიპლომატიურ ან სამსახურებრივი ნებისმიერი ტიპის ვიზაზე. იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა, დაშვებული იყოს გამონაკლისი ჰუმანიტარული, სამედიცინო ან საგარეო პოლიტიკური საკითხების გათვალისწინებით.      

იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ გიდეონ საარის განცხადებით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.  ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ. ნეთანიაჰუმ, რომელიც სროლის ადგილზე მივიდა, სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულების ოჯახებს და იმედი გამოთქვა, რომ დაჭრილები სწრაფად გამოჯანმრთელდებიან. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელმა წელს ასობით თავდასხმა აღკვეთა, თუმცა დღეს დილით ამის გაკეთება ვერ შეძლო. ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგის განცხადებით, იერუსალიმში დღეს მტკივნეული და რთული დღეა. „უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები, ცივსისხლიანად მოკლეს და დაჭრეს ქალაქის გულში მდებარე ავტობუსში. თავდასხმა გვახსენებს, რომ ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას და მსოფლიომ უნდა გაიგოს, რის წინაშე ვდგავართ,“ - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.  

ჩინეთის ექსპორტი რუსეთში, აგვისტოში მკვეთრად დაეცა

აგვისტოში, ჩინეთის მიერ რუსეთიდან საქონლის შესყიდვები წლიურად 17.8%-ით შემცირდა, იტყობინება Reuters-ი ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით. ჩინური საქონლის რუსეთის ბაზარზე მიწოდება წლიურად 16.4%-ით შემცირდა, რაც ორჯერ მეტია ივლისის მაჩვენებელზე, როდესაც კლება 8.6%-ს შეადგენდა. მიმდინარე წლის პირველ 8 თვეში რუსეთ-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 9%-ით შემცირდა და 1.03 ტრილიონი იუანი, ანუ 145 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთის ექსპორტი ჩინეთში 8.8%-ით შემცირდა, ხოლო ჩინეთის ექსპორტი რუსეთში - 8.2%-ით. Reuters-ის წყაროების ცნობით, რუსეთის მთავარ პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვის შემცირებამ კრემლში შეშფოთება გამოიწვია. „ჩინეთთან ვაჭრობის შემცირება ასევე სანქციებით არის განპირობებული,“ განაცხადა მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ანტონ ალიხანოვმა აგვისტოში. მისი თქმით, გავლენა იქონია „გარედან ეკონომიკურმა ზეწოლამ“, ბაზრის არასტაბილურობამ და „შიდა ეკონომიკურმა პროცესებმა როგორც რუსეთში, ასევე - ჩინეთში.“  

ზელენსკი: რუსები თავს დაესხნენ ხალხს, როდესაც ისინი პენსიებს იღებდნენ, ეს არის ტერორიზმი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსებმა დონეცკის ოლქში, პენსიის მისაღებად რიგში მყოფ ხალხზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაროვაიაში საავიაციო ბომბი ჩამოაგდეს. „რუსეთის სასტიკი საჰაერო დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე. ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეებზე. ზუსტად იმ დროს, როდესაც პენსიები გაიცემოდა. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა,“ - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ „მსგავსი დარტყმები მსოფლიოს მიერ რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.“ „რუსები სიცოცხლის განადგურებას აგრძელებენ, თუმცა სანქციებს თავს არიდებენ. მსოფლიო უმოქმედოდ არ უნდა დარჩეს. საჭიროა აშშ-ისა და ევროპის მხრიდან რეაგირება,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.