ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
პრეზიდენტი "მოქალაქეობის შესახებ კანონში" ცვლილებებს აკრიტიკებს
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოქალაქეობის შესახებ კანონში შესულ ცვლილებები რეალურად მოქალაქეობის მიღებას არ ამარტივებს. სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სამოქალაქო პლატფორმა „შინ მომავლისთვის“ პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, მთავარი მიზანი უნდა იყოს ის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ. პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა. "თავის დროზე, მე საზღვარგარეთიდან, სადაც იმ დროს ვიმყოფებოდი, დავიწყე სხვა დიასპორის წევრებთან მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ამ ქვეყანას მიეღო ორმაგი მოქალაქეობის კანონი, რაც რამდენიმე წლის მერე მოხდა. დღევანდელი, თანამედროვე ქვეყნების ყველაზე დიდ ნაწილს იგივე ტიპის კანონი აქვთ. ჩვენს შემთხვევაში ამ კანონის მიღების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ ეს ძალიან მარტივი ყოფილიყო და პრაქტიკულად, ჩვენ ვყოფილიყავით ძრავა იმის, რომ ყველასთვის დაგვებრუნება მოქალაქეობა და მათი შვილებისთვის გაგვეადვილებინა მოქალაქეობის მინიჭება, მიუხედავად ძალიან ბევრი ძალისხმევისა, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლიდან ჩემმა ადმინისტრაციამ და პირადად მე მინისტრებთან დაწყებული მქონდა ამ საკითხზე მოლაპარაკებები, თუ როგორ განგვემარტივებინა პროცედურები, რაც შექნილი იყო, ეს გამარტივება არ მოხდა. ჩემი აზრით, ეს ხელს უშლიდა რეალურად დიასპორაში მცხოვრებ ადამიანებს, რომ დაებრუნებინათ საქართველოს მოქალაქეობა. მე ამას დღეს ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ ამ დღეებში მიღებულ იქნა პარლამენტში ახალი ცვლილებები მოქალაქეობის ორგანულ კანონში, რომელიც რეალურად, არცერთ ცვლილებას და გამარტივებას არ წარმოადგენს. მე ამას წინსწრებით ვამბობ იმიტომ, რომ ალბათ, ამაზე დიდი პროპაგანდა იქნება, რომ ჩვენ მოვახდინეთ ამ ცვლილებებით პროცედურების დიდი გამარტივება, თუმცა არც არაფერი. ჩვენი თანამემამულეების მთავარი მოთხოვნები, რომ გამარტივდეს ტესტირება, მითუმეტეს ახალგაზრდებისთვის, ვინც საზღვარგარეთ არიან დაბადებული, თუნდაც ენის ტესტირება იყოს გამარტივებული და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მარტივად მოხდეს, საფასურიც იყოს განულებული იმიტომ, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოქალაქეობას ვუბრუნებთ, ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღეს. მხოლოდ ერთი სერიოზული რამ შეიცვალა, ეს არის ის, რომ ტესტირება რამდენჯერაც გინდათ შეგიძლიათ ჩააბაროთ და ნებისმიერ დროს გადაიხადოთ საფასური. ეს არის მთავარი ცვლილება. ასევე მეორე კუთხით, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს, ის გეოპოლიტიკური გარემოება, რის გამოც ადამიანები, რომლებიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტირიებზე ან საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ სხვა ქვეყანაში, მათი მოლოდინი და მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიმართ, არის ძალიან გაზრდილი. ჩვენ თუ რამე ოდნავ სტრატეგია და ხედვა გაგვაჩნია იმის, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ხვალინდელი ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ჩვენ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ავტომატურად ვუბრუნებთ მოქალაქეობას ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაბადებული არის საქართველოს ტერიტორიაზე. ყველაფრის მიუხედავად და არანაირი პროცედურების გათვალისწინებით. ეს იყო მოთხოვნა, რომელიც მე მგონი, სახელმწიფოს უნდა დაეკმაყოფილებინა. მე ცვლილებებზე ვეტოც არ დავადე, რადგან ეს არ არის სავეტო ცვლილებები. მთავარია ის, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ეს ნამდვილი ცვლილებები, არსებითი ცვლილებები მიყვანილი იყოს ბოლომდე. ჩვენ თუ გვინდა, რომ დიასპორებს მივმართოთ და გავაგებინოთ, მე მინდა მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც შეუძლია, რომ ინიციატივა მიიღოს პარლამენტში, რომ ამ კუთხით შეიტანონ ინიციატივა იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც, მე მგონი, ყველას ეხება. რომ ჩვენ ვთვლით, ისინი ჩვენი ქვეყნის ნაწილი არიან და ჩვენ გვინდა, რომ მათ მიიღონ სრული მონაწილეობა ამ ქვეყნის ცხოვრებაში, ეს იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჩვენ უნდა გადავდგათ ეს პირველი ნაბიჯი, რომ დიახ, ჩვენ გცნობთ და გვინდა, რომ გახდეთ საქართველოს მოქალაქეები დაიბრუნოთ და აღიდგინოთ მოქალაქეობა. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი და თქვენი ერთობლივი მომავალი. მინდა გისურვოთ, რომ ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, იყოს ძალიან წარმატებული. გაიშალოს ყველა იმ ქვეყნებზე, სადაც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ და სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ელოდებიან ჩვენგან(ჩვენ ველოდებით მათგან) მეტ გააქტიურებას და ერთად დაწყებას ახალი ინიციატივების. ჩვენ გვაქვს ერთად ძალიან დიდი მომავალი და გისურვებთ, რომ „შინ მომავლისთვის“ წარმატებული იყოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს მოქალაქეობის მიღება მარტივდება
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი: აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის
აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიქმეთ ჰაჯიევი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, სამანტა პაუერს აკრიტიკებს. ალიევის ადმინისტრაციის კრიტიკა მოჰყვა სამანტა პაუერის განცხადებას, როდესაც აშშ-ის მიერ მთიანი-ყარაბაღიდან დევნილებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფაზე საუბრისას აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციამ 100 ათასი ადამიანი ყარაბაღიდან სომხეთში დევნილად აქცია. „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის მიწის 30-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში, როდესაც მილიონზე მეტმა აზერბაიჯანელმა განიცადა სისხლიანი ეთნიკური წმენდა, აშშ აგრესორი სახელმწიფოს, სომხეთის გვერდით იდგა. დღეს, იგივე პოლიტიკა იგივე ფორმით გრძელდება. „გაეროს უშიშროების საბჭოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის პოსტზე მას არასოდეს დაუყენებია საკითხი აზერბაიჯანელი დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სავალალო მდგომარეობაზე და არ მოუთხოვია გაეროს რეზოლუციების შესრულება. პრემია Aurora-ს მინიჭებით, ის გაერთიანდა ამ ფონდის დამფუძნებელთან, ცნობილ ოლიგარქთან და “ბინძური ფულის” გამთეთრებელთან რუბენ ვარდანიანთან. აზერბაიჯანფობია, თურქოფობია, პოლიტიკური კორუფცია და სპეკულაციები პრემია Aurora-ს პროექტის ფარგლებში, როგორც ჩანს, რუბენ ვარდანიანისა და სამანტა ფაუერის საერთო ღირებულებები და ინტერესებია. ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობისთვის ადგილი აღარ არის,” – აცხადებს გაჯიევი. „ავრორას პრიზი“ საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯილდოა, რომელიც გადაეცემა მე-20 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობების დროს გადარჩენილთა სახელით. პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მილიარდერი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ე.წ. მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო მინისტრი იყო. ის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სექტემბერში ლაჩინის დერეფანში, ყარაბაღის დატოვებისას დააკავა. სამანტა პაუერი „ავრორას პრიზის“ შესარჩევ კომიტეტს 2017 წელს შეუერთდა. ვაშინგტონში აღიარებენ, რომ არ არიან კმაყოფილნი იმით, რაც მოხდა მთიან ყარაბაღში. ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაბრუნება. ამის დასტურად მოჰყავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო’ბრაიენის გამოსვლა კონგრესის მოსმენაზე, რასაც ბაქოს მწვავე რეაქცია მოჰყვა, თუმცა ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ბლინკენის თანაშემწის განცხადებები უსაფრთხოებისკენ საუკეთესო გზას ასახავს. ვაშინგტონი ბაქოს პროტესტის ფონზე, ო’ბრაიენის პოზიციას ამყარებს. „მისი (ო’ბრაიენის) მოლაპარაკებები არის გზა გრძელვადიანი უსაფრთხოებისაკენ როგორც სომხეთისთვის, ასევე, აზერბაიჯანისთვის და, გულწრფელად რომ ვთქვათ, საქართველოს სასარგებლოდაც. განვითარებისა და გაფართოების საუკეთესო გზა იქნება, თუ ჩვენ რეალურად შევძლებთ მშვიდობის დამყარებას ამ ორ ქვეყანას შორის. ეს არის ის, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი, რომ შევძლებთ, დავუბრუნდეთ სამშვიდობო მოლაპარაკებებს - ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, დავიწყოთ უკეთესი სამხრეთ კავკასიის მშენებლობა ყველა ქვეყნისთვის, რადგან სტაბილურობა კარგია არამხოლოდ სომხეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, არამედ, საქართველოსთვისაც, უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის შესახებ მიზეზთა გამო,“ - განუცხადა Europetime-ს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
პრეზიდენტი ახალგაზრდებს: ევროკომისიის გადაწყვეტილებაში თქვენი დიდი წვლილია
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას ,,ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ამ ქვეყნის ევროპული მომავალი არის ის, რაც ჩვენ, ყველას გვაერთიანებს და ერთად ვეცდებით რომ კარი გავუხსნათ მას. ამას ემსახურება ხელმოწერების ეს კამპანია, რომელიც არანაირად არ არის პოლიტიკური კამპანია, ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან, ან მიმდინარეობასთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, რადგან დღეს ჩვენ ყველა კარგად ვგრძნობთ, რომ ჩვენ ამ გზის გადამწყვეტ მომენტში ვართ. მართალია, ჩვენ ყველა ძალიან გახარებული ვიყავით, როცა კომისიამ 8 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო, ეს არის პირველი ასეთი გამარჯვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ყველაფერი უკვე გამყარებული და გადაწყვეტილია. ამიტომ თქვენი მობილიზაცია აუცილებელია 15 დეკემბრის გადაწყვეტილებისთვის, რომელიც იქნება უშუალოდ მთავარი გადაწყვეტილება, ევროპული საბჭოს 27 ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელიც ყველას გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ასევე დადებითი გადაწყვეტილება იქნება და მგონი, რომ იმის ძალიან დიდი შანსია, მაგრამ არასოდეს უნდა ჩავთვალოთ, რომ გადაწყვეტილება წინასწარ მიღებულია და რაღაცნაირად მოვდუნდეთ. მოდუნების უფლება არ გაგვაჩნია, არც მე და არც თქვენ. თქვენ ხართ ამ ქვეყანაში მთავარი ძალა და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ როგორი მომავალი გინდათ. გინდათ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსი მომავალი ჰქონდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ყველა პრობლემა გადაწყვეტილია, რომ ეს არის რაღაცნაირი სამოთხე. ცხადია, ევროპაშიც ბევრი პრობლემაა, ძალიან ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი, მაგრამ ჩვენ ქვეყანას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია, თუ არა ის, რომ იყოს იმ ოჯახში, რომელიც თავისუფალი ქვეყნების, თავისუფალი საზოგადოებების ერთობაა და ვიყოთ იქ, სადაც რეალურად ვიქნებით დაცული ჩვენი პარტნიორების მიერ. ეს ჩვენთვის უალტერნატივოა! სადაც ჩვენ ვართ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებით, ჩვენ სხვა პერსპექტივა არ გაგვაჩნია! ვინმე თუ ხედავს სხვაგან პერსპექტივას, გვითხრან, სად არის ის პერსპექტივა და რატომ უნდა ვენდოთ ასეთ პერსპექტივას. მე ვიცი, რომ ახალგაზრდები ამას ბევრად უფრო კარგად ხვდებიან, რამეთუ თვითონ იციან, როგორი ცხოვრება უნდათ, რა ღირებულებებით და ისიც იციან, რომ ის, რასაც ზოგიერთი პროპაგანდა გვეუბნება და უნდათ, რომ დავიჯეროთ: თითქოს, ეს ჩვენი იდენტობის დაკარგვა ან რაღაცნაირად გადაგვარებაა - არ არის სწორი. ჩვენი იდენტობა სწორედ ტოლერანტობა, ჩვენი იდენტობა არის სწორედ თავისუფლება, თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი იდენტობა მრავალფეროვნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი იყო და ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვენი იდენტობა იყოს გაძლიერებული, გამყარებული, სწორედ ევროპაა ის სივრცე, სადაც პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მეტი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენ ეს იდენტობა გავიტანოთ, სხვებს დავაფასებინოთ და ჩვენც ჩვენი თავი დავაფასოთ. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს არაფრის, ჩვენ ჩვენს თავში დაჯერებულნი უნდა ვიყოთ და ესეც სწორედ ისაა, რაც თქვენ ყველაზე კარგად შეგიძლიათ. ეს [ტაში] თქვენ გეკუთვნით, რადგან თქვენ უკვე აჩვენეთ, ის, რაც გინდათ და რისთვისაც მზად ხართ, რომ იბრძოლოთ. მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა ახლა, დავიწყო, ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს დიდი თავისუფლების ტალღა, ალბათ, შეიძლება, ცოტა დაფიქრდებოდნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია. მადლობა ყველას, რომ ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, მაგრამ ეს პეტიცია არ არის ჩემი და არ არის ჩემთვის. ეს არის თქვენი პეტიცია და ერთი ხელმოწერა არაფერს არ წყვეტს. თქვენ ეს უნდა გააზიაროთ, მონახოთ ადამიანები, რომლებიც ასევე გააზიარებენ. აქ მე მგონი 35 ორგანიზაციაა მოსული, თქვენი ორგანიზაციები უნდა იყვენენ ჩართული ამაში, ეს მართლა უნდა გახდეს თქვენი პეტიცია ევროკავშირისადმი, ასევე, 6 უნივერისტეტის და აქ, 7 რეგიონის წარმომადგენლები ხართ. ეს პროცესი ყველგან უნდა გაიშალოს, თუ გვინდა, რომ დავანახოთ, რომ ეს ნამდვილად სრულიად საქართველოს მიმართვაა და არა რაღაც, პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ეს საწყის ეტაპზე იყო - ახლა ეს თქვენი ინიციატივაა, გადმოგეცით მე ეს თქვენ და თქვენ იცით, ამას როგორ გააცოცხლებთ და კიდევ გაზრდით და ბოლომდე მიიტანთ. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ არც 15 დეკემბერს არ მთავრდება ეს გზა. 15 დეკემბერი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ამ ეტაპისთვის გადამწყვეტი, მაგრამ მერე იწყება, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება და ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ და ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს. აქ მე პოლიტიკურ განცხადებას არ ვაკეთებ. ეს ყველას სურვილია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ. თუ ამას ვერ გავაკეთებთ, მაშინ ვერ ვიქნებით შემდეგი ეტაპის ღირსი, რომელიც იმ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაა, რომელიც ძალიან რთული და დიდი პროცესია, სადაც ამ საშუალებას დიდი ალბათობით მისცემენ უკრაინას და შესაძლებელია, მოლდოვას უკვე დეკემბერში, მაგრამ ეს ჯერ საბოლოოდ არავინ იცის. მაგრამ ეს არის ის გზა, რაც სამივე ქვეყანამ უნდა გაიაროს, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან სამივე ქვეყანას დაახლოებით იგივე გამოწვევები აქვს, ჩვენ გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ. ცხადია, უკრაინა ბევრად რთულ ვითარებაშია, ვიდრე მოლდოვა, ან საქართველო, მაგრამ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არანაკლებად მძიმე სიტუაციაა და დრო არ ითმენს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისათვის, (რეალურად არ ჩანს, რომ ვინმეს რამე რეალური სტრატეგია გააჩნია), რეალური გამოსავალი ასევე ევროპაა, ევროპასთან მიერთება და ევროპის გზის გახსნაა. ეს ასევე, მათი გზაა თავისუფლებისკენ და ევროპის ამ გზაზე ჩვენგან უნდა გავიდნენ, ცხადია სხვა საშუალება არ აქვთ. ამიტომ ეკონომიკა, სოციალური მდგომარეობა, ყველანაირი თავისუფლება, ყველანაირი უსაფრთხოება: დაწყებული სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებით, ძალადობის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დაცვით - ეს ყველაფერი დევს იმ რეკომენდაციებში, დევს იმ შესასრულებელ ნაბიჯებში, რაც ევროპამდე მიგვიყვანს. არ არსებობს არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის არ არის საჭირო და რომ იყოს ისეთი რამ, რაც ჩვენ არ გვინდა, ვერავინ გვაიძულებს და არავინ არ უნდა გვაიძულოს. მე ვფიქრობ და საერთოდ ეს არის ჩემი მიდგომა, რომ ბევრად აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართულნი ამ პროცესში. ანუ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ეს უნდა იყოს თანასწორი და ამის ყველა საშუალება არსებობს, თუ ჩვენ ვიქნებით ჩართულნი, თუ ჩვენ გვეცოდინება რეალურად რა გვინდა და არ დაველოდებით, რომ ვიღაცამ გვითხრას:- რა გვინდა და რა არ გვინდა. ამიტომ, საზოგადოება ამ შემთხვევაში, ამ ყველაფრის მთავარი აქტორია და საზოგადოება, პირველ რიგში, თქვენ ხართ იმიტომ, რომ ამ საზოგადოების ყველაზე აქტიური, ყველაზე დინამიური ნაწილი თქვენ ხართ. იმ შემთხვევაში და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ამას აიღებთ თქვენ თავზე. თუ თქვენ მხოლოდ იმაზე იფიქრებთ, როდის უნდა დატოვოთ ქვეყანა, დაკარგოთ იმედი და წახვიდეთ სხვაგან, მაშინ ეს საზოგადოება თვითონ იქნება უიმედო, რადგან საზოგადოება, რომელშიც ახალგაზრდებს თავიანთი მომავლის იმედი აღარ აქვთ, ის საზოგადოება ძალიან მძიმე დღეშია და ის თავის თავზე ვერაფერს აიღებს. ვიცი, ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი თავი სადღაც მონახოს, თავისი პერსპექტივა, თავისი თავი განავითაროს და ცხადია, ხშირ შემთხევვაში, ეს ხდება იმით, რომ უნდა გახვიდე საზღვარგარეთ, იქ მიიღო მეტი განათლება, მეტი გამოცდილება - ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენი ადგილი, თქვენი იმედი და თქვენი პერსეპქტივა ამ ქვეყანაში არ არის. იგივეს ვიტყვი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც აქ არ არიან და დღეს სწავლობენ და მუშაობენ საზღვარგარეთ, ან დღეს წასულები არიან ცოტა უფრო დიდი ხნით უცხოეთში, მათი მომავალიც აქ არის, სადაც თქვენ ყველაზე უფრო დაფასებულები იქნებით, მე არ ვამბობ, რომ დღეს ხართ, მაგრამ სადაც ყველაზე უფრო დაფასებული, ყველაზე უფრო საჭირო იქნებით არის თქვენი ქვეყანა. დამიჯერეთ, სხვაგან ყოველთვის უცხოელი და ნაკლებად დაფასებულნი იქნებით, ნაკლებად თქვენ ადგილას. ძალიან წარმატებული ადამიანებიც არიან, რომლებიც სადაც არ უნდა იყვნენ მსოფლიოში იმ სიმაღლეზე არიან, რომელიც უკვე სხვა კატეგორიას განეკუთვნება და ყველას გისურვებთ, რომ მიაღწიოთ იმ მწვერვალებს რომელსაც ზოგიერთმა სპორტსმენმა, მუსიკოსმა და შემოქმედმა მიაღწია. მაგრამ ეს ქვეყანა პატარა ქვეყანაა. ამ ქვეყანას ძალიან სჭირდებით, მოდით და ერთად ვცადოთ, რომ ამ ქვეყანას კიდევ ერთი შანსი მივცეთ!“ განაცხადა ზურაბიშვილმა. ხელმოწერების კამპანია 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნით ევროკავშირის ლიდერებისადმი მიმართვას ითვალისწინებს. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ მხარდაჭერას გამოხატავენ.
ლატვიის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი უკრაინაში ჩავიდა, ეწვია კიევსა და ჩერნიგოვის ოლქში, რომლის აღდგენაშიც ლატვიაა ჩართული. ამისთვის ქვეყანამ $5,5 მილიონზე მეტი უკვე გაიღო. ზელენსკიმ ლატვიელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტმა რინკევიჩსმა გაიმეორა ლატვიის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის, მათ შორის სამხედრო დახმარების მიმართ,“ დაწერა ზელენსკიმ სოციალურ მედიაში და აღნიშნა, რომ მან და რინკევიჩსმა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების საკითხი განიხილეს. ლატვიის მეზობელი ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე კიევში ასევე 24 ნოემბერს ჩავიდა.
შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა
შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. ალენ ბერსე აპირებს, განიხილოს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე რუსეთის აგრესიული ომის გავლენა და უკრაინის მიმართ შვეიცარიის გრძელვადიანი მხარდაჭერა. ბერსეს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის უკრაინაში სასურსათო უსაფრთხოების საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
პრეზიდენტი: არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევდეთ
არ შეიძლება, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის დახმარებას ვთხოვდეთ და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ჩვენი ხმა ევროპას" კამპანიის ფარგლებში მეცნიერებსა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზღვარგარეთ მყოფმა მოქალაქეებმა უნდა დაინახონ, რომ მის პოლიტიკურ ჩართულობაზეც არის დამოკიდებული ქვეყანა. „არ არის საკმარისი იქ წასვლა და სწავლა, თუ არ არის შინაგანი მოთხოვნილება, რომ ამ ქვეყანას ნაწილობრივ მაინც დავუბრუნო ჩემი ახალი ცოდნა და მოვახმარო. ეს არ ნიშნავს ფიზიკურ დაბრუნებას. მაგალითად, გია დვალი თუ მაქს პლანკის ინსტიტუტშია, ეს ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ გამორიცხავს ჩამოდიოდეს და მისი ცოდნა გაზიარებული იყოს ახალგაზრდებთან. ასეთი თანამშრომლობა გვჭირდება. ამას ემსახურება ორმაგი მოქალაქეობის კანონი, ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა დარგისთვის. არამხოლოდ ცოდნის, ეკონომიკურ დარგშიც. იქ {საზღვარგარეთ} ვინც ცხოვრობს ჩვენი თანამემამულე, უნდა დაინახოს და იცოდეს, რომ ეს ქვეყანა მის ჩართულობაზეა დამოკიდებული, პოლიტიკურ ჩართულობაზე. არ შეიძლება ვთხოვდეთ უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს, ახალგაზრდებს, თუ ხანშიშესულ ადამიანებს მუდმივად ოჯახების თუ ქვეყნის სხვა ფორმით დახმარებას და არ ვაძლევდეთ მათ ელემენტარულ უფლებას, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ დაცული იყოს საქართველოს იდენტობა, ის, რაც ყველაზე ძვირფასია, ამ იდენტობას სჭირდება ის თავისუფლება, რომელიც მხოლოდ ევროპასა და ევროსტრუქტურებშია დაცული. „არცერთი სხვა ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს, რომელში გაწევრიანებულებიც მხოლოდ ნებაყოფლობით არიან. ისტორიამ არ იცის სხვა ასეთი ორგანიზაცია. ისტორიამ იცის იმპერიები. ძალიან კარგად ვიცით, თუ რა იმპერიები იყო ჩვენს ირგვლივ, რა შედეგი მოუტანა ამ ქვეყანას. ვხედავთ და ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის ის, რომ ევროპის კარები გაიხსნა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ვიზალიბერალიზაცია არის ის მთავარი, რაც მივიღეთ, მაგრამ არამხოლოდ, „ერასმუსი“ არის ერთ-ერთი დიდი მიღწევა, რითაც ძალიან ბევრი ჩვენი ახალგაზრდა სარგებლობს, ასევე სხვა მიზნობრივი პროგრამები. „ჰორაიზონ ევროპაც“ ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის, „შემოქმედებითი ევროპა“ კულტურის სფეროს ნაწილისთვის. ჩვენ ვიყავით ფრანკფურტში, როგორც მასპინძელი ქვეყანა, დღეს ვართ „ევროპალიის“ მასპინძელი ქვეყანა. ის, რომ მეტი შეიძლება ეს ჩვენზეა დამოკიდებული და არა იმათზე, ვინც ამ საშუალებას გვაძლევს, ზოგჯერ ჩვენ თავში ჩაკეტილები, ვერ ვახერხებთ გამოვიყენოთ ისე, როგორც საჭიროა. ევროპა ასევე არის ჩვენი მომავალი, ეს არის საშუალება, რომ განვითარდეს ის, რაც მთავარია, ეს არის ჩვენი ადამიანური რესურსის, პოტენციალის განვითარება. განვითარება ნიშნავს, არამხოლოდ პიროვნულ განვითარებას, არამედ ნიშნავს პროფესიონალიზმს, იმ დარგების დაბრუნებას, რომელიც პრაქტიკულად ქრება საქართველოში. გეოლოგები, ვეტერინარები, არქეოლოგები - მეტი გვჭირდება. ძალიან ბევრი დარგია, სადაც ბევრად მეტი სპეციალისტი გვჭირდება. გავიარეთ შოვის ტრაგედია, ალბათ, ბევრად მეტი მყინვართმცოდნე გვჭირდება, 1-2 გვყავს და ასეთ ქვეყანაში წარმოუდგენელია. უამრავი გეოლოგი გვყავდა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ასევე არიან გარემოსდაცვითი მცოდნეები, ყველა ეს მიმართულება, რაც ქვეყნის დაცულობას ნიშნავს, არის ის, რაც უნდა განვავითაროთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ყვარელში: გამაოგნებელია, რომ ღონისძიებაზე ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ყვარლის ევროკლუბის” დაარსების 4 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა. „მთავრობა, ლიდერები, მოდიან და მიდიან, მაგრამ რჩება საზოგადოება და საზოგადოება თუ თავის თავში დარწმუნებულია, თუ საზოგადოებამ იცის რეალურად როგორი მომავალი უნდა, რა უნდა თავისი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს თავისას და ეს იწყება ყოველივე ქალაქში, სოფელში, თემში, იქიდან წამოწყებული ყველა ინიციატივა ყველაზე ძლიერია და საქართველოს ისტორიამ ეს ძალიან კარგად იცის, რომ ყველაზე რთულ პერიოდებში სწორედ იმიტომ გადარჩა, რომ ყველა ადგილს ჰქონდა ეს თავისი ძალა, თავისი იდენტობა, ეს თავდაჯერებულობა და შეიძლება რაღაც პერიოდებში არ იყო რაღაც ცენტრალური მმართველობა, რომელიც ყველაფერს განაგებდა, მაგრამ იყვნენ ადგილობრივი ძალები, რომლებიც გადაურჩნენ, ზოგჯერ შეეგუვნენ ძალიან რთულ პირობებს, მაგრამ ზოგჯერ ერთობლივი იყო ეს გზა და ერთობლივი იყო ის გზა რაზედაც მივდიოდით და დღესაც მივდივართ. მინდა დღესაც ვთქვა როცა აქ, ილიასთან ვდგევართ და რეალურად ვიცით, თუ რა ფასი აქვს მის მოღვაწეობას და მის ნაკარნახევ გზას; ჩვენ დამოკიდებული ვართ იმაზე, რომ ასეთი ადამიანები გვასწავლიდნენ, აზიარებდნენ ცოდნას, აზიარებდნენ იმას, რაც არის ამ ქვეყნის კულტურა, და ამ ქვეყნის იდენტობა. ჩვენ არა მხოლოდ ილიას დაბადების ქალაქში ვართ დღეს, ასევე ძალიან ახლოს ვართ იყალთოს აკადემიასთან, რომელიც ამ რეგიონისათვის ცოდნისა და რწმენის კერააა. ესეც ჩვენი იდენტობაა. და როცა თქვენგან გავიგეთ, რომ თურმე ყვარელში ბიბლიოთეკაც არ არის, ძალიან შემაშფოთებელია. ის, რომ დღეს აქ, [ღონისძიებაზე] ადგილობრივი მმართველობა არ მოსულა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ესეც გამაოგნებელია, როცა ასეთი საზოგადოება თბილისიდან ჩამოვიდა და პატივს სცემს თქვენს წამოწყებას. ეს პირველ რიგში, ადგილობრივი ინიციატივა, ახალგაზრდების ინიციატივა, სამოქალაქო ჩართულობაა, რომლის გარეშე არცერთი ქვეყანა, არცერთი სახელმწიფო არ დგას თავის მყარ საფუძველბზე,“ — განაცხადა ზურაბიშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით ეწვია
საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის (ADB) პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ეწვია. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მაღალი რანგის სტუმარს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დახვდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. „აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი თბილისში სიტყვით გამოვა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფორუმზე. დაგეგმილია მისი შეხვედრები მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან. თბილისში ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა კოლეგებთან ერთად გაეცნობა 2024 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის საორგანიზაციო სამუშაოს,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი: ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკი მტკიცედ უჭერს მხარს წევრი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს კოლექტიურ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია კლიმატური ცვლილებების შემსუბუქებისა და ადაპტაციისკენ. „არსებული პროგრამის ფარგლებში, 2 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით. ახალი ინიციატივებია საჭირო და ჩვენ მზად ვართ მათ მხარდასაჭერად. რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივა ჩვენს ქარტიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ეს გახლავთ ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოცანები და მიზნები ყველგან. ჩვენ აქტიურად და დიდი ენთუზიაზმით ვუჭერთ მხარს ეკონომიკურ აქტივობებს,“ – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა. ასაკავას თქმით, საქართველოს გადამწყვეტი როლი აქვს შუა დერეფნის განვითარებისთვის. „ჩვენ მოწოდებული ვართ, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როდესაც ეს ქვეყანა აძლიერებს სოციალურ სერვისებს და აფართოებს სატრანსპორტო ქსელებს. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს გადამწყვეტ როლს შუა დერეფნის განვითარებისთვის,“ – ამბობს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი შეერთებული შტატები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მტკიცე მხარდამჭერია - ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან
თსუ-ს რექტორისთვის „პრეზიდენტის პრეტენზიები გაუგებარია“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ თსუ-ს რექტორი სტუდენტებს არ აძლევს უფლებას ,მაგიდები გაშალონ და პეტიციას ხელი მოაწერონ. ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველასთვის ღიაა, მათ შორის პეტიციისთვის ხელის მოწერის მსურველებისთვის, მაგრამ ამასთან, არსებობს პროტოკოლი, რომლის დაცვაც სასურველია. „არანაირი ოფიციალური წერილიც კი არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული. ვიღაცას ხომ უნდა გაეკეთებინა ამის ორგანიზება. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ეს იყო პრეზიდენტის იმ ინიციატივის გაგრძელება, რასაც ის ახორციელებს ორბელიანების სასახლეში, მაშინ ხომ წესია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტონომიის მქონე უნივერსიტეტს ერთი ფარატინა ქაღალდი მაინც გამოუგზავნოს, რომ ამაში მხარდაჭერა გამოგვიცხადეთ? ხომ არის წესი და რიგი? ერთი ფურცელი არ არის შემოსული! ცოტა სხვა პროვოკაციის თემაა იმიტომ, რომ მე ვერ ვხდები, რას ნიშნავს ეს. ერთი თხოვნის ფურცელი და მომართვა არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენთან შემოსული,“ - განაცხადა სამუშიამ IPN-თან საუბრისას. მისივე განცხადებით, უნივერსიტეტს თავისი მართვის ორგანო ჰყავს. „არის სენატი, არის აკადემიური საბჭო, გადაწყვეტილებებში უნდა ჩვენს კოლეგებსაც ვკითხოთ. მე ეს მინდოდა მეთქვა, რომ არ არსებობს ასეთი მომართვიანობა, რაზე აქვთ პრეტენზია ვერ გავიგე? რამე მთხოვა და არ გავაკეთე? და მეორე, უნივერსიტეტი აბსოლუტურად ღიაა, ნებისმიერს შეუძლია შემოსვლა, აიღოს და მოაწეროს ხელი, ვინმე რამეს ზღუდავს? პირიქით, მთელი უნივერსიტეტი ელოდება 15 დეკემბერს, რომ ეს ისტორიული შანსი ყველამ ერთად იზეიმოს,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ. პრეზიდენტის განცხადებით, მას არ ესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ძალიან მარტივ განცხადებას.
პრეზიდენტი "საელჩოების ირგვლივ მოკალათებული" ხალხის არჩევნებში მონაწილეობას საკმარისად არ მიიჩნევს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ. ამის შესახებ მანდ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნებში პოლიტიკური მონაწილეობის საკითხების შესახებ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდგომ გეგმას შეეხებოდა. პრეზიდენტის თქმით, ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის შიში აქვთ არალეგალ ქართველებს, თუმცა, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამაზეც შეიძლება მოლაპარაკება პარტნიორებთან, რომ მათ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ ადგილი პოლიციისგან საფრთხე არ იგრძნონ. „დიასპორა და არჩევნები ჩემი თემაა, სულ მაწუხებდა ეს იმიტომ, რომ იქ ვხედავდი სხვადასხვა არჩევნების დროს თუ რამდენად არასერიოზული ასახვაა შედეგებზე იმისა თუ რა განწყობაა ემიგრაციაში. არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ მაინც, მე რომ წავაგე არჩევნები პარიზში ცოტა მაინც უცნაური უნდა იყოს. მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრების გარეთ, მათ შორის, ძალიან ბევრი არალეგალია და არაფერი არ კეთდება, არც ერთი ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესდა იმით, რომ არჩევნებში მონაწილე ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა გაიზარდოს. პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, მონაწილეობა არჩევნებში ითვლებოდა როგორც სრულიად საკმარისი და ყველა ხელისუფლება ფიქრობდა: „რატომ ავიტკივოთ თავი და დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნება.“ ერთი რამ არის აქაც ძალიან ნიშანდობლივი, რომ ის ადამიანები, რომლებიც გარეთ ცხოვრობენ და დამოუკიდებლად მუშაობენ, მოღვაწეობენ, მათზე პოლიტიკური გავლენების მოპოვება ბევრად უფრო რთულია. ამათ ვერ იჭერ შენი ხელფასით, გავლენით, შვილებით, მეუღლით და ა.შ. ასე რომ ეს არის ბევრად უფრო თავისუფალი, ცოცხალი ნაწილი ჩვენი ამომრჩევლებისა და მათი მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დისკუსია ახლა უნდა დაიწყოს და ვარ მოხარული, რომ იწყება სხვადასხვა წრეში და ეს ნიშნავს, რომ თემა არის აქტუალური. ბევრი სხვადასხვა საშუალება არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან, რომ ბევრად მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია, მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი მით უმეტეს დიდ ქვეყნებში, სადაც რთულია ჩვენი მოქალაქეებისთვის მონაწილეობა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანა უკვე მზად არის ამ პროცესში საქართველოსთვის დახმარების გასაწევად. „ვიცი, რომ ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყანა მზად არის, რომ ამაში დაგვეხმაროს იმისთვის რომ გაიხსნას უსაფრთხო ასეთი უბნები ამ ქვეყნებში. მეორე საკითხია, რომ არალეგალებს ყოველთვის ეშინიათ, რომ მისვლა საელჩოსთან ან საარჩევნო უბანთან იქნება აღნიშნული ადგილობრივი პოლიციის მიერ და მათ რაღაცა საფრთხე შეექმნებათ. ეს საკითხი ასევე გადაწყვეტილია ბევრ ქვეყანას შორის. მე, მაგალითად, საფრანგეთის გამოცდილებიდან ვიცი, რომ ალჟირელები მონაწილეობენ ძალიან დიდი რაოდენობით, იმდენად, რომ ალჟირელის არჩევნები წყდება საფრანგეთიდან და რიგები არის მათ საელჩოებთან და საარჩევნო უბნებთან, მაგრამ იქ არანაირი პოლიციის ჩარევა არ არსებობს. ამაზე ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი პარტნიორებისგან წინასწარ შეთანხმებები და გარანტიები, რომ ეს არ მოხდება და ჩვენ წინასწარ უნდა მოვამზადოთ ჩვენი მოსახლეობა, რომ ამაში არ არის საფრთხე,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი: რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მისი თქმით, რაც უფრო მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. „რაც შეიძლება შორს უნდა დაიჭიროს თავი პოლიტიკამ ბიზნესისგან. ორივე ერთობლივად უნდა ავითარებდეს ქვეყანას, მაგრამ რაც შეიძლება დამოუკიდებლად. ესეც ერთ-ერთი ევროპული წესია. მთელ მსოფლიოში ისიც არსებობს, რომ დიდი ბიზნესი და პოლიტიკა არ არიან ერთმანეთისგან ჩამოშორებული, მაგრამ, რაც მეტი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იარსებებს, მით უფრო გაშლის ფრთებს ბიზნესი. ეს არის ის, რაც შემიძლია თქვენ გისურვოთ,“ - აღნიშნა პრეზიდენტმა. მანვე განმარტა, რომ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. „ვიცი, აქ ვინც ხართ, ახსნაც არ არის საჭირო, თუ რამდენად სჭირდება ამ ქვეყანას ევროპასთან დაახლოება, გზის ბოლოს კი ევროკავშირში გაწევრიანება. თქვენ სწორედ იმ ქართული ბიზნესის წარმომადგენლები ხართ, რომლის მომავალი და განვითარება დამოკიდებულია, ერთი მხრივ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანასთან მჭიდრო კავშირზე, ასევე მათ აქ შემოსვლაზე, ევროკავშირის ბაზარზე უფრო აქტიურად გასვლაზე. ჩვენ კი გვაქვს თეორიულად მოცემულობა, რომ ჩვენი პროდუქცია გავიტანოთ, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, რომ პრაქტიკაში ეს არ არის ისე გამოყენებული, როგორც ამის შესაძლებლობა არსებობს. მეტი დაფინანსება სჭირდება, მეტი მხარდაჭერა, რომ ევროკავშირის სტანდარტები იყოს შესრულებული. უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს ის სტანდარტები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროკავშირის ბაზარმა მიიღოს ჩვენი პროდუქტი. ამ ყველაფერს მეტი გავრცობა უნდა და ბიზნესის ინფორმირება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს
ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს „ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს,“ - განაცხადა ნიინისტომ. ნიინისტოს შეფასებით, მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არამხოლოდ ფინეთში, არამედ, ევროპაშიც იწვევს და ეს შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.
ბრაზილიის პრეზიდენტი პუტინს დაპატიმრებისგან დაცვის გარანტიას ვერ აძლევს
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა აცხადებს, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში, უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ბრაზილია საერთაშორისო ხელშეკრულების, რომის სტატუტის მონაწილეა და შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. ქვეყანა 2024 წელს უმასპინძლებს „დიდი ოცეულის“(G20) ლიდერთა სამიტს. რუსეთი ამ გაერთიანების წევრია, საერთაშორისო სასამართლოს კი, პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული. DW წერს, რომ 4 დეკემბერს, ბერლინში, გერმანიის და ბრაზილიის მთავრობათა კონსულტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლულა და სილვას ჰკითხეს, დააპატიმრებენ თუ არა პუტინს ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში. ბრაზილიის პრეზიდენტმა არცერთი ვარიანტი არ გამორიცხა და აღნიშნა რომ ამას სასამართლო ორგანოები გადაწყვეტენ. ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სილვა კრემლთან კარგ ურთიერთობებ ინარჩუნებს. ის 2023 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მის ქვეყანაში რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, მოგვიანებით განცხადა, რომ საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
პრეზიდენტი: ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან, ქართულ ღირსებას წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის დროს, სულ ამ დრომდე 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. „მოხალისეები არიან ქართველი მეომრები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან, ისინი ნებაყოფლობით, თავისი არჩევანით წარმოადგენენ იქ ქართულ ღირსებას. მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ იმ ბიჭებს, რომლებმაც იქ თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და ჩვენთვის ძალიან ღირებული არიან,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მოხალისეთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე. ზურაბიშვილის განცხადებით, ნებაყოფლობითი მოხალისეობა მოქალაქეობის ნამდვილი გამოვლენაა. „თქვენ წარმოადგენთ სწორედ ძალიან დიდი ძალას, რომელსაც ვერავინ ვერ შეაკავებს იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ძალა. არა მხოლოდ „თქვენი ხმა ევროპას“, არამედ თქვენ ხართ ევროპა იმიტომ, რომ ესაა ევროპა: თავისუფლება, თავისუფალი ინიციატივა, თავისუფალი გაგება იმისა, თუ რა სჭირდება თქვენს ირგვლივ საზოგადოებას და ქვეყანას,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მოხალისეობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და ხელმოწერების ევროპული კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში მოხალისეებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა დღეს საქართველოში მოხალისეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ამ მიზნით გამოვლენილი მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა „ცოდნის კაფეს“ თანაშემქმნელები და მოხალისეები დავით ბერიაშვილი და და-ძმა გიორგი და სოფი ყარალაშვილები, რომლებიც შოვის ტრაგედიას ემსხვერპლნენ.
პრეზიდენტი ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრას გამართავს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში 10 დეკემბერს, პრეზიდენტი Zoom პლატფორმის მეშვეობით შეხვედრას გამართავს ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებთან. „შეხვედრის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ემიგრანტმა საქართველოდან მიაწვდინოს ხმა ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ქვეყნების ლიდერებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თხოვნით. კამპანიის მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ ევროპას ჩვენი საზოგადოების ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, ერთ-ერთი განცხადებაში, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ.
პრეზიდენტი: სპორტს სჭირდება თავისუფლება, შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ
სპორტი ის სფეროა, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა და თავისუფლება - ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არა უშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია,“ - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინიციატივა ხორციელდება, რათა საქართველოს ევროპულობის შესახებ ევროპაში ერთობლივი განაცხადი გაკეთდეს. „ჯერ მივესალმე ყველაზე ახალგაზრდა თაობას, რომელიც წარმოადგენს ჩვენს სპორტულ მომავალს. დარწმუნებული ვარ, მათ საშუალება ექნებათ, იხილონ საქართველო ევროკავშირის წევრად. სანამ ეს მოხდება და დარწმუნებული ვარ, მალე მოხდება, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპორტული სამყარო შესულია ევროკავშირში, იქ უკვე წარმოადგენთ გამარჯვებულ საქართველოს, წარმატებულ საქართველოს, რომელსაც უკვე სპორტულ სამყაროში ყველა იცნობს სხვადასხვა სახეობით და წარმატებით ყველა სახეობაში. საქართველო პრაქტიკულად არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც უსაზღვრო რაოდენობით მოაქვს მედლები შინ. ამისთვის ნამდვილად ხართ იმის ღირსი, რომ საზოგადოებამ და საზოგადოების სახელით თქვენმა პრეზიდენტმა მადლობა გითხრათ. სპორტი, ალბათ, არის ის სფერო, რომელსაც ყველაზე მეტად ორი რამ სჭირდება: დისციპლინა - ეს რომ არ გქონდეთ, წარმატებული არ იქნებოდით; მეორე კი არის თავისუფლება. ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ შეიძლება, ამ კუთხით ცოტა ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს, თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია, რაც ყოველდღიურად მოიპოვება და ჩვენზე, ყველაზეა დამოკიდებული. საზოგადოება ამ შემთხვევაში ყოველდღიურად აშენებს თავის მომავალსა და თავის თავისუფლებას. ამიტომ, მინდა ყველას გისურვოთ მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება. ვიცი, რომ თქვენს ხმას ევროპა გაიგონებს, რადგან თქვენი წარმატებებით უკვე ესმით თქვენი ხმა. საჭიროა ეს უფრო ხმამაღლა ვთქვათ, რათა ყველამ გაიგოს და ეს იყოს საქართველოდან ჩვენი საერთო ხმა. ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი: 9 დეკემბერს არასამთავრობოების მარშს ვუერთდებით
საქართველოს პრეზიდენტი 9 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ სახალხო მარშს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდა სპორტსმენების მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მარშს შეუერთდებიან, რათა ეს იყოს საქართველოს ევროპულობის ერთობლივი განაცხადი. „ვიცი, ბევრ ადგილზეა სხვადასხვა ინიციატივაა, რომელიც ერთად გროვდება. ესეც საზოგადოების ნიშანია, როდესაც ცალ-ცალკე და ერთად, ერთ გზავნილს ვუგზავნით ევროპას. ამ კუთხით 9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ჩვენ ვუერთდებით, როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რათა ეს იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულობის, როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს ევროპისგან. გაუმარჯოს ჩვენს ევროპულ მომავალს!“ - განაცხადა პრეზიდენტმა. თბილისში, 9 დეკემბერს, სახალხო მარში იგეგმება. დემოკრატიის მცველების“ დირექტორმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მარშის მთავარი მიზანია, სტატუსის მონიჭებამდე, ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მიაწვდინოს საკუთარი ხმა ევროპას. მშვენიერაძის თქმით, მარში 9 დეკემბრის 14:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და ევროპის მოედანზე გადაინაცვლებენ, სადაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა გაიშლება.
ზელენსკიმ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ფიოდორ ვენისლავსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენელი, ფიოდორ ვენისლავსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებაში ნათქვამია, რომ 7 დეკემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადაში პრეზიდენტის წარმომადგენლის, ვენისლავსკის თანამდებობიდან გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი. ვოლოდიმირ ზელენსკის მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ცნობისთვის, ფიოდორ ვენისლავსკი, ასევე, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის წევრია.
მედია: ზელენსკი ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება, რომელიც დეკემბერშია დაგეგმილი. ამის შესახებ არგენტინული გამოცემა TN წერს. მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. არგენტინული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ზელენსკის ოფისში კომენტარი არ გაუკეთებიათ.