ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ბულგარეთის პარლამენტმა უკრაინის დახმარებაზე პრეზიდენტ რუმენ რადევის ვეტო დაძლია. 162 ბულგარელმა დეპუტატმა კვლავ მხარი დაუჭირა შეთანხმების რატიფიკაციის კანონპროექტს, ხოლო 55 წინააღმდეგი წავიდა. პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს უკრაინაში ჯავშანტექნიკის გადაცემის განზრახვა, გაიმეორეს პრეზიდენტის თეზისები იმის შესახებ, რომ ჯავშანტრანსპორტიორი შეიძლება, ბულგარეთის საზღვრის დასაცავად იყოს გამოყენებული. ბულგარეთის პრეზიდენტმა უკრაინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გაგზავნას ვეტო დაადო
პრეზიდენტი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა: ჩვენ გვინდა ევროპა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ევროპულ მარშს“ შეუერთდა. სალომე ზურაბიშვილმა ადგილზე მედიას განუცხადა, რომ ევროპაში ადამიანებს და ადამიანის აზრს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, აქედან გამომდინარე ის იმედოვნებს, რომ 15 დეკემბერს ზეიმის შესაძლებლობა გვექნება. „ამდენი ხალხი მოდის და ამდენმა ხალხმა თავისი ხმა მიაწვდინა ევროპას. ევროპა არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს აქვთ უდიდესი მნიშვნელობა, სადაც მათ თავისუფალ აზრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ ეს თავისუფალი აზრი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ შევძლებთ 15 დეკემბრის მერე კიდევ ერთხელ ზეიმს და მერე მომზადებას შემდეგი წლისთვის, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჩვენი ხმა ევროკავშირს“ – ამ სახელწოდებით დედაქალაქში მარში გაიმართა. მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და მონაწილეები ევროპის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც რეკორდული მასშტაბის ევროკავშირის დროშა გაიშალა. ორგანიზატორები, არსამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დროშაზე გამოსახული თითოეული ვარსკვლავი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია დამზადებული, რაც ევროპული ინტეგრაციისადმი მთელი საზოგადოების მისწრაფებას გამოხატავს. მარშში, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივით იმართება, რიგით მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭო 14/15 დეკემბერს მიიღებს.
ზელენსკი არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად გაემგზავრა
არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციაზე დასწრებამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი შეხვედრა გამართა კაბო ვერდეს პრემიერ-მინისტრთან ხოსე ულისეს კორეია ე სილვასთან. შესაბამისი პოსტი ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განათავსა. უკრაინული მედის ცნობით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა სილვას უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის, კერძოდ, 2022 წლის 2 მარტს გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. სილვამ და ზელენსკიმ განიხილეს კონტინენტთან ჩართულობისა და თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმების საშუალებით. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში კონტაქტებს გააგრძელებენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 10 დეკემბერს არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას დაესწრება. მილეიმ არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთთან და ჩინეთთან კავშირების შემცირებას შეეცდება. მან გააკრიტიკა არგენტინის მთავრობა და ომის მიმართ მის პოზიციას სუსტი უწოდა. ზელენსკიმ მილეის გამარჯვება მიულოცა. ორმა ლიდერმა კენჭისყრიდან მალევე ტელეფონითაც ისაუბრა. მილეიმ აღნიშნა, რომ მან ზელენსკის უკრაინასა და ლათინურ ამერიკას შორის სამიტის მასპინძლობა შესთავაზა. რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ინაუგურაციას არგენტინაში რუსეთის ელჩი დიმიტრი ფეოქტისტოვიც დაესწრება. „დოიჩე ველეს“ ცნობით, ინაუგურაციას ასევე დაესწრება რამდენიმე ლიდერი, მათ შორისაა ესპანეთის მეფე ფელიპე VI, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, რომელიც მილეის პოლიტიკასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ამჟამინდელი პრეზიდენტი ლულა. ევროკავშირში უკრიანის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, ზელენსკი შესაძლოა, ორბანს შეხვდეს
ბულგარეთის პრეზიდენტი: ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება
ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა განაცხადა, რომ დღეს ევროპის ენერგეტიკული რუკა იცვლება და შემთხვევითი არ არის, რომ სერბეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი არის საერთო ინტერესების პროექტი. ამის შესახებ მან ინტერკონექტორის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა. სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი ხაზის მშენებლობა ერთ წელიწადში დასრულდა, რის შემდეგაც ქვეყანა აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს განახორციელებს. აზერბაიჯანმა და სერბეთმა ბუნებრივი აირის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტი გააფორმეს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა პარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ „სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები ქმნის საფუძველს გაზის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, პირველად, აზერბაიჯანიდან სერბეთში გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს. ცნობისთვის, სერბეთმა აზერბაიჯანთან 2024 წლიდან წელიწადში 400 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. AFP: სერბეთს აზერბაიჯანთან გაფორმებული შეთანხმება, რუსულ გაზზე დამოკიდებულების დასრულებისკენ გზას უხსნის
პრეზიდენტი: ოკუპირებულ აფხაზეთში კარბაიას დაღუპვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი მოპყრობის შედეგად, საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. „ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, კარბაიას სიცოცხლე ემსხვერპლა ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას. ეს ტრაგიკული მოვლენა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის კიდევ ერთი შეხსენებაა. სამწუხაროა, რომ ასეთი მოვლენები ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავზეც ხდება,“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ზელენსკი ორბანს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ხანმოკლე საუბარი ჰქონდა არგენტინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს. ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს. ინაუგურაცია არგენტინის პარლამენტში იმართება. დამატებითი დეტალები და ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ მანამდე, არგენტინიდან გამართა სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, რომელმაც ორბანს ელისეის სასახლეში რამდენიმე დღის წინ უმასპინძლა. ამ შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის პოზიცია მკაფიო რჩება. შეგახსენებთ, უნგრეთი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ უჭერს. საერთაშორისო მედია აქტიურად წერს, რომ შესაძლოა, ევროკავშირმა უნგრეთს ის თანხები განუბლოკოს, რომელიც კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეუჩერა. ევროკავშირის ლიდერები 14/15 დეკემბერს შეიკრიბებიან და გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც ამ პერიოდში გახდება ცნობილი.
როგორ აფასებენ NDI-ის მიერ გამოკითხულები პრეზიდენტისა და პრემიერის საქმიანობას
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, უმრავლესობა პრეზიდენტის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება მსგავსია სხვადასხვა ჯგუფს შორის, თუმცა სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას კაცები უფრო კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე ქალები. უფრო კონკრეტულად, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხები ასე განაწილდა: 16% - კარგად 41% - საშუალოდ 30% - ცუდად 11% - უარი პასუხზე 1% - არ ვიცი კითხვას როგორ შეაფასებდით პრემიერ-მინისტრის საქმიანობას, მიმდინარე წლის ოქტომბრის მონაცემებით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა დადებითად 29%-მა შეაფასა, 37%-მა საშუალოდ, 26%-მა კი ცუდად შეაფასა. მარტის თვესთან შედარებით, გამოკითხვის მაჩვენებლები მცირედით არის შეცვლილი. NDI-ს შეფასებით, თბილისელები, ახალგაზრდები და ოპოზიციის მხარდამჭერები პრემიერს ოდნავ უფრო კრიტიკულად აფასებენ. ყველაზე კარგად კი პრემიერის საქმიანობას სოფელში აფასებენ, აქ მის საქმიანობას 36% იწონებს, 36% საშუალოდ აფასებს და მხოლოდ 22%-ს არ მოსწონს. სოფლების შემდეგ პრემიერის მუშაობით ყველაზე კმაყოფილები პატარა ქალაქებში არიან, სადაც მან გამოკითხულთა 34%-ის დადებითი შეფასება დაიმსახურა, 38%- მის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 24% კი -ცუდად. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიას, პრემიერ მუშაობა ყველაზე მეტად 55 წელს ზემოთ მყოფ გამოკითხულებს მოსწონთ, რომელთა 37% მთავრობის მეთაურის მუშაობას კარგად აფასებს. რომ ოპოზიციის ამომრჩევლების თითქმის ნახევარი და გადაუწყვეტელი ამომრჩევლების უმრავლესობა პრემიერის საქმიანობას საშუალოდ ან კარგად აფასებს. კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
ჩეხეთის პრეზიდენტი: ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა მკაფიო მხარდაჭერა დააფიქსირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში და საქართველოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. „ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ევროპულ ქვეყანას, რომლებიც ჯერჯერობით ამ სისტემის მიღმა არიან და მივცეთ იმედი,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჩეხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც საქართველო-ჩეხეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების პერიოდში, პირველი ოფიციალური ვიზიტია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, რომელიც პრაღის სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. „შეხვედრებზე საუბარი შეეხო ევროკავშირის გაფართოებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროპული საბჭოსგან სულ რამდენიმე დღეში ელოდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრეზიდენტი: არ გვაქვს უფლება, დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს
„ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის - არ გვაქვს უფლება, დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს,“ მიმართა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, აურიოს გეგმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მცდელობები 15 დეკემბერს უშედეგო აღმოჩნდება. „ჩვენ 15 დეკემბერს გადაწყვეტილებას ველოდებით. ველოდებით იმ გაგებით, რომ ჯერ კიდევ არის ძალიან ბევრი გამოწვევა. მართალია, კომისიის რეკომენდაცია ძალიან ძლიერია და ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ იქნება შესრულებული, იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი ბოლომდე, ყველაფერს ცდილობს, რომ აურიოს ეს გეგმა. ეს მისთვის ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა, ეს სივრცე მართლაც შევა ევროპულ ოჯახში და ეს უკვე ახალი სიცოცხლის დაწყებაა, ამიტომ არის მცდელობები, რასაც ვხედავთ დღეს, გუშინ. იმედი მაქვს, ეს უშედეგო აღმოჩნდება 15 დეკემბერს, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ეს გადაწყვეტილება იქნება, ასევე, პოზიტიური არა მხოლოდ საქართველოსთვის, ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ იქნება მოლდოვასა და უკრაინისთვისაც. იმიტომ, რომ ნებისმიერი უკუსვლა, ერთი ნაბიჯი უკან, არის ერთი ნაბიჯი წინ რუსეთისთვის. ეს არის გზავნილი, რაც მინდა გავიდეს ჩვენ ევროპელ მეგობრებთან, ასევე, ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან, რამეთუ მათი გადაწყვეტილებები, ასევე, ამ დღეებში უკრაინის ომის მიმართ, იქნება ძალიან სერიოზული გზავნილი. ჩვენ, არცერთს - არც აქ ჩვენ, არც თქვენ იქ, სადაც ხართ, არ გვაქვს უფლება, რომ დღეს რამე დავუთმოთ რუსეთს. ამიტომ დღეს გზაჯვარედინია საქართველოსთვის, ძალიან მნიშვნელოვანი დღე და იმედი მაქვს, რომ ორ დღეში ვიზეიმებთ, როგორც დავიწყეთ ზეიმი 8 ნოემბერს, გავაგრძელებთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის კამპანიას - „ჩვენი ხმა ევროპას“, სააკაშვილი და მარგველაშვილიც შეუერთდნენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ პეტიციაზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა არის, პეტიციას ხელი თავადაც მოაწერა. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა. „მე მიმაჩნია ანომალიად, რომ ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს მოქმედი პრეზიდენტი თუ ყოფილი პრეზიდენტი. აქ არ აქვს მნიშვნელობა, მოგვწონს თუ არა პოლიტიკოსი. ინსტიტუტების პატივისცემა გულისხმობს არა უბრალოდ პოლიტიკოსების, არამედ ამ ინსტიტუტების დამკავებელი პოლიტიკოსებისთვის შესაძლებლობის მიცემას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა. "ახლა არ არის პოლიტიკური ინტრიგების დრო",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ვივამედიდან" გავრცელებულ გზავნილში წერს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პეტიციაზე "ჩვენი ხმა ევროპას" ხელმოწერას ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის ამავე კამპანიის ფარგლებში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა ხელმოწერები სიმბოლურად გადასცა.
პრეზიდენტი: პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი, ვუერთდები ამ ზეიმს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. „პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას ხვალ, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე იწვევს, რათა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული ფაქტი იზეიმონ. აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამასთან, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.
პრეზიდენტის თქმით, მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილიც მიიწვია. სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. თუმცა ცნობილია, რომ ღონისძიებას, რომელიც პრეზიდენტის „ევროპული კამპანიის“ დასკვნითი ფაზა იყო, ყოფილი პრემიერ მინისტრი და „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი არ დასწრებია. თავისუფლების მოედანზე, სადაც საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღსანიშნავ ღონისძიებას მართავს, პრეზიდენტიც მივიდა. ის ელოდება, რომ მას მოქალაქეებისადმი მიმართვის საშუალებას მისცემენ. ადგილზე მივიდა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი შეკრებილებს სიტყვით ცოტა ხანში მიმართავს.
პრეზიდენტი „სახალხო ზეიმზე“ სიტყვით ვერ გამოვიდა: „ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის“
საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის აღნიშვნის ღონისძიებაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა. მან აღნიშნა, რომ „მადლობები არ სჭირდება.“ „არც მწყინს და არც მიხარია. მიხარია ის, რაც ხალხში ხდება. ამ მხიარულებას ვერავინ შემიცვლის, ამიტომ, გილოცავთ,“ განუცხადა მან მედიას თავისუფლების მოედანზე. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ელჩმა მიმართვა პრეზიდენტისადმი მისალმებით დაიწყო. შეკრებილებს მანამდე მმმართველი გუნდის ლიდერებმა მიმართეს. ლევან დავითაშვილი: მივესალმები, თუ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს უერთდება
ჩეხეთის პრეზიდენტი: 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე ომში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვნახავთ
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, რომ 2024 წელს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში მნიშვნელოვან ცვლილებებს ვიხილავთ. პაველის თქმით, დასავლეთი ახალ ვითარებას უნდა გაუმკლავდეს. „უკრაინაში კონფლიქტის განვითარება გვიჩვენებს, რომ მომავალ წელს, სავარაუდოდ, გარკვეულ მნიშვნელოვან ცვლილებას ვიხილავთ. შეიქმნება ახალი ვითარება, რომელსაც ჩვენ უნდა გავუმკლავდეთ,“ - განაცხადა პეტრ პაველმა. პაველი რუსეთსა და აშშ-ში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა. „მოსალოდნელია, რომ არჩევნების მოლოდინი ბრძოლის ველზე გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს. ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად აჩვენა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება, შედგეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი,“ - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ხავიერ კოლომინას შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, NATO - საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებს. ხავიერ კოლომინამ საქართველოს პრეზიდენტს პირადად მიულოცა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტების აქტიურად ჩართულობის მნიშვნელობას, ასევე, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას. შეხვედრისას აღიშნა, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თვალსაზრისით, ქვეყნისათვის მომავალი წელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რათა არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერტორიული მთლიანობის ურყევი მხრდაჭერა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმარს ინფორმაცია მიაწოდა მცოცავი ოკუპაციისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს უკავშირდება და რომელზეც საერთაშორისო საზოგადოებამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს NATO - საქართველოს ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითრების საკითხებზე, აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მომავალ წელს ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო უმაღლეს დონეზე იყოს წარმოდგენილი.
პრეზიდენტი: მართლმსაჯულების არარსებობა ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში დაესწრო მართლმსაჯულების სახლის გახსნას, რომლის დამფუძნებელიც ეკა ბესელიაა. სალომე ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვაქვს ამ წლის ბოლოსთვის. შეიძლება, მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში, მართლაც ყველასთვის ძალიან სასიხარულოა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, საქართველომ რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე, შემდეგ დიდხანს ვიმსჯელებთ, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. ცხოვრებაში არაფერი ხდება ისე, მარტივად, ალბათ ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, ხალხის და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინტერესი, რადგან ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რამე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის რაღაც ინერციაში, არასაინტერესო, არაქმედითი ხდება. ამიტომ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი, რადგან სასამართლო, მართლმსაჯულება არის ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს, რისი არარსებობაც ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას, ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის, არა ეკონომიკური და ყოფითი საკითხები, უფრო უსამართლობა. თქვენს მომავალ საქმეში, კარიერაში გისურვებთ, რომ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება, სასამართლო იქნება იმგვარი, როგორიც გვინდა, როგორზეც ვოცნებობთ ჩვენ და არამხოლოდ ჩვენ, ჩვენი წინა თაობები. იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდი, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იმის შემდეგ ისევ დავიწყეთ სწავლა, მიჩვევა, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მივდივართ ამ გზით. იყო პროგრესი, რეგრესი, ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს, რადგან ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილე იქნებით თქვენ ყველა. ამისთვის ამ სახლის, ამ ფილიალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ აქ, იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს, რადგან არ შეიძლება ჩვენი დაყოფა. ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს, ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
პრეზიდენტი პატრიარქს: ერის თქვენდამი სიყვარული და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს ქვეყნისა და თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში
„დაე, თქვენი ლოცვით, დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე,“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მისალოც წერილშია ნათქვამი. „უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს, თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამწყსოს, სრულიად საქართველოს. ეს წლები, რომლებიც თქვენ, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარეთ, რთული იყო საქართველოსთვის და ასევე, რთული იყო თქვენთვის, საქართველოს სულიერი მამისთვის. თქვენი ლოცვა და თანადგომა აძლიერებდა და განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, გვანუგეშებდა ძნელბედობისას. დღესაც თქვენი მზრუნველობა სწვდება ყველას, ეროვნებისა და აღმსარებლობის მიუხედავად და შთააგონებს სიკეთისა და სამართლიანობის, მშვიდობისა და პატივისცემის იდეალებს. ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში. სულ ახლახან, ჩვენმა სამშობლომ გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სანუკვარი მიზნისაკენ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ვესწრაფოდით. კვლავ თქვენი ლოცვითა და თანადგომით, ღირსეულად განვაგრძობთ ამ გზას და განვამტკიცებთ ჩვენი საზოგადოების ერთობას, შემწყნარებლობასა და ურთიერთსიყვარულს. სრულიად საქართველოს სახელით გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. დაე, თქვენი ლოცვით დაისადგუროს სიმშვიდემ ჩვენს გულებში, კეთილდღეობამ ჩვენს სახლებში, მშვიდობამ მთელ დედამიწაზე. მრავალი ბედნიერი ახალი წელი ეზეიმოს თქვენი ლოცვითა და მზრუნველობით გაძლიერებულ საქართველოს,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი მისალოც წერილში.
მედია: ირანის პრეზიდენტი თურქეთს შესაძლოა, იანვარში ეწვიოს
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი შესაძლოა, თურქეთში 4 იანვარს ჩავიდეს. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს. რაისის ჩასვლა თურქეთში 28 ნოემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო. მედია წერს, რომ ვიზიტის დროს მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა იქნება.
რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება
საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რატომ არ იყო პრეზიდენტი მიწვეული ელჩების კონფერენციაზე. დარჩიაშვილის თქმით, ელჩების კონფერენცია აწყობილი იყო ლოგიკით, რომ ხელისუფლების ორი შტო: საქართველოს მთავრობა და საქართველოს პარლამენტი ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდნენ შედეგის მისაღწევად და შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირმა მიმართ ელჩებს. „წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას - შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით, ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, მუშაობდნენ ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი,“ - განაცხადა მინისტრმა. ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია - ადმინისტრაცია
გამიხარდებოდა, პრეზიდენტი ამბასადორიალზე რომ მენახა - საფრანგეთში საქართველოს ელჩი
საქართველოს ელჩი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი აცხადებს, კანდიდატის სტატუსის მიღება არის ყველას შედეგი და ყველას ეკუთვნის მადლობა. „ეს შედეგი [კანდიდატის სტატუსის მიღება] არის ყველას შედეგი და პრემიერმაც ყველას გადაუხადა მადლობა. მეც მიმაჩნია, რომ ყველას ეკუთვნის მადლობა, ვინც გუშინ, დღეს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების დაწყებული ეს მიზანი მისულიყო ბოლომდე. მე ვფიქრობ, ყველამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშა ამაში. მე გამიხარდებოდა, რომ აქ მენახა [პრეზიდენტი], მაგრამ ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი,” — განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა. რატომ არ მიიწვის პრეზიდენტი ამბასადორიალზე — მინისტრის განმარტება