უცხოეთი

არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით - ირანის პრეზიდენტი

არ გვიხარია ბაიდენის მოსვლა, თუმცა მოხარულები ვართ ტრამპის წასვლით, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა სამთავრობო საბჭოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ჰასან როუჰანის თქმით, აშშ-ში ყველაზე ურჩი და კანონის დამრღვევი ადამიანი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც მორალურ და ადამიანურ პრინციპებს მოკლებულია. „ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ეს ტირანი, რომელიც არაფრის მიმართ არ გრძნობდა ვალდებულებას, ჩამოაგდეს. ამერიკელი ხალხის ხმა არის ხელშეკრულების ერთგულება და არა ხელშეკრულების დარღვევა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელი ხალხის ნება შესრულდება. ჩვენ გვსურს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა მთელ მსოფლიოში და კონსტრუქციული ურთიერთობა ყველასთან, რომელთაც სურთ, აირჩიონ ურთიერთქმედების გზა“, - აღნიშნა როუჰანმა. როგორც ცნობილია, ირანი აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშაა 2018 წლიდან, როდესაც ტრამპი ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა. ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ შეთანხმებაში დაბრუნდება და მოხსნის სანქციებს, თუ ირანი შეასრულებს მის პირობებს, მაგრამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა მოლაპარაკებები ირანის რაკეტების პროგრამისა და რეგიონული საქმიანობის მოსაგვარებლად.

ექსპერტთა ჯგუფი, უხანში, კორონავირუსის წყაროს შესასწავლად ჩავა

"გარდიანის" ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანში, კორონავირუსის წარმოშობის წყაროს შესასწავლად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, იანვარში ჩავლენ. ექსპერტთა ჯგუფი შეეცდება, დაადგინოს, ვირუსი პირველად ცხოველებიდან გადაედოთ ადამიანებს თუ არა, ასევე ხომ არ დაფიქსირებულა ვირუსი უფრო ადრე, ქვეყნის რომელიმე სხვა რეგიონში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 10-კაციანი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ფაბიან ლინდერცი იქნება, რომელიც რობერტ კოხის ინსტიტუტის ერთ-ერთი წამყვანი ბიოლოგია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გუნდი, ჩინელ მეცნიერებთან ერთად, ოთხი-ხუთი კვირის განმავლობაში იმუშავებს. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

იაპონიაში ფრინველის გრიპს ებრძვიან

"როიტერის" ინფორმაციით, იაპონიაში, 47-დან 11 პრეფექტურაში, ფრინველის გრიპს ებრძვიან. გამოცემის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გრიპი კიდევ ორ პრეფექტურაში დაფიქსირდა, სადაც დაინფიცირებული ფრინველების განადგურება აქტიურად მიმდინარეობს. ფერმებში, სადაც ვირუსი დაფიქსირდა, კარანტინია გამოცხადებული. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ დავირუსებული ფრინველის ხორცის ან კვერცხის ჭამის შემთხვევაში ადამიანი დაინფიცირება შეუძლებელია. იაპონიაში ფრინველის გრიპის პირველი შემთხვევა ნოემბრის დასაწყისში დაფიქსირდა.

BBC: ევროპის ქვეყნები შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებენ

ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნიდერლანდებში ხუთკვირიანი ლოკდაუნი გამოცხადდა. ყველა მაღაზია, თეატრი და სპორტული დარბაზი დაიხურა. შეზღუდვები უფრო გაამკაცრა გერმანიამ და მკაცრი ლოკდაური გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია. დაიხურა სკოლები და მაღაზიები. ნოემბრიდან უკვე გაჩერებულია რესტორნები, ბარები და დასასვენებელი ცენტრები. შეზღუდვები 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაგრძელდება, მაგრამ შობის დღე მცირე შეღავათი იქნება. ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) 21 დეკემბერს აპირებს შეკრებას, რათა განიხილონ, გერმანიის მიერ Pfizer-BioNTech ვაქცინის შემოტანის საკითხი. ეს ვაქცინა უკვე დამტკიცებულია დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მარეგულირებლის მიერ. საფრანგეთშიც რთული სიტუაციაა, ამიტომ დაიხურა თეატრები, კინოთეატრები, ბარები და რესტორნები. 20:00 საათიდან 06:00 საათამდე დაწესდება ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათიც. კომენდანტის საათი გაუქმდება შობის ღამეს, მაგრამ არა ახალი წლის ღამეს. რაც შეეხება იტალიას, იტალიაში დღიურად დაღუპულთა რიცხვი 500-ს უახლოვდება. მთავრობა შობასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრებას განიხილავს. ჯერ ზუსტი დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ შეზღუდვები გამკაცრდება შობისა და ახალი წლის ღამის მონაკვეთში. პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პოტენციური ჩაკეტვა აღწერა როგორც "ახალი შესუსტება". ვირუსის ინფექციის ზრდის გამო, შეზღუდვებს ამკაცრებს ესპანეთის მთავრობაც. შეზღუდვები გამკაცრდება 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე. დაშვებული იქნება მხოლოდ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სტუმრობა. ხოლო სოციალური შეხვედრები შემოიფარგლება მხოლოდ 10 ადამიანით.

FDA აცხადებს, რომ Moderna-ს ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხოა

Moderna-ს ვაქცინა უსაფრთხო და 94% ეფექტურია - აცხადებენ ამერიკელი ექსპერტები. ამის შესახებ ინფორმაციას კი BBC ავრცელებს. როგორც სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, ეს შეიძლება გახდეს კორონავირუსის მეორე ვაქცინა, რომელიც დაშვებული იქნება აშშ – ში. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამერიკელებმა დაიწყეს Pfizer-BioNTech ვაქცინის გამოყენება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა.

მზად ვარ ურთიერთობისა და კონტაქტისთვის - პუტინმა ბაიდენს გამარჯვება მოულოცა

რუსული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მოულოცა. რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგას პოლიტიკაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს, მიუხედავად განსხვავებებისა, წვლილის შეტანა მრავალი პრობლემის მოგვარებაში შეუძლიათ. "მე მზად ვარ თქვენთან ურთიერთობისა და კონტაქტებისთვის”, - ნათქვამია პუტინის მისალოც წერილში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად 14 დეკემბერს დაამტკიცა.

გერმანია ევროპის წამლის სააგენტოს მოუწოდებს, Pfizer-ისა და Biontech-ის ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს

"სიენენის" ინფორმაციით, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი ევროპის წამლის სააგენტოს მოუწოდებს, „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა შობამდე დაამტკიცოს. „ჩვენი მიზანია, ვაქცინამ ავტორიზაცია შობამდე მოიპოვოს და მოსახლეობის ვაქცინაცია ამ წელსვე დავიწყოთ“, - განაცხადა იენს შპანმა. პარალელურად, გერმანიის ექიმთა ასოციციამ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ ევროპის წამლის სააგენტომ ამ დრომდე ვერ მოახერხა ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭება, ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტომ კი გაცილებით მცირე დროში დაამტკიცა ვაქცინა. ექიმები მთავრობას მოუწოდებენ, რომ თუ პროცესი გაჭიანურდება, გერმანიის მთავრობამ „ფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილ ვაქცინას დამოკუდებლად მიანიჭოს ავტორიზაცია. გერმანიაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე „კოვიდ-19“- ის ერთ მილიოზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 22 ათასზე მეტი ადამიანი.

თურქეთი საახალწლო დღეებში კომენდანტის საათს აწესებს

თურქეთი საახალწლო დღეებში კომენდანტის საათს აწესებს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომენდანტის საათი 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე იმოქმედებს. კერძოდ კი, მოსახლეობას სახლიდან გასვლა 21:00 საათიდან 04:00 საათამდე აეკრძალება. "უკვე არსებულმა შეზღუდვებმა თურქეთის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისთვის დადებითი შედეგები მოიტანა. მთავრობა ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად ღონისძიებების გატარებას განაგრძობს", - განაცხადა პრეზიდენტმა. თურქეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 1.86 მილიონს მიაღწია. ვირუსს 16 646 ადამიანი ემსხვერპლა.

ჰოლანდიამ, სტუმრების მიღებაზე ზღვარი დააწესა

ჰოლანდიაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტეს განცხადებით, ქვეყანაში არააუცილებელი პროდუქტით მოვაჭრე მაღაზიები, მუზეუმები და სპორტდარბაზები დღეიდან 19 იანვრამდე დაიხურება, სკოლები და უნივერსიტეტები კი ოთხშაბათიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, სტუმრად დღის განმავლობაში 13 წელს გადაცილებული მაქსიმუმ ორი ადამიანი მიიღონ, შობის დღეებში, 24-დან 26 დეკემბრამდე, ეს შეზღუდვა შედარებით მსუბუქდება და ოჯახებს სამი ადამიანის სტუმრად მიღების შესაძლებლობაც ექნებათ.

ინგლისში კორონავირუსის ახალი სახეობა დაფიქსირდა

ინგლისში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელიც ინგლისის ზოგიერთ მხარეში უფრო სწრაფად ვრცელდება. - აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ჯანდაცვის მდივანმა მეტ ჰენკოკმა თქვა, სულ მცირე 60 სხვადასხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააფიქსირეს კოვიიდური ინფექციები, რომლებიც ახალი სახით არის წარმოდგენილი. მათ ამის შესახებ აცნობეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას და ბრიტანელი მეცნიერები დეტალურ კვლევებს აკეთებენ. ”ამჟამად ამ ვირუსის 1000 – ზე მეტი შემთხვევა გამოვავლინეთ, ინგლისის სამხრეთ ნაწილში. თუმცა შემთხვევები გამოვლენილია ადგილობრივი თვითმმართველობის თითქმის 60 სხვადასხვა უბანში.ჩვენ არ ვიცით როგორ და რატომ გავრცელდა ეს ვირუსი, მარამ დროულად უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები." - ნათქვამია ჯანდაცვის მდივნის განცხადებაში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი სახეობა სერიოზულ გავლენას ახდენს ვირუსის სტრუქტურაზე. „ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ეს მუტაცია განსხვავებულად იქცევა. თუმცა, სიტუაციის შეფასებაში სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. ყურადღებით ვაკვირდებით, ექნება თუ არა მუტაციას ცვლილებები, რამაც შეიძლება ანტისხეულები გაანეიტრალოს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსზე რეაგირების ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.

პოლიციამ ნიუ-იორკის საკათედრო ტაძარში შეიარაღებული კაცი მოკლა

ნიუ-იორკის საკათედრო ტაძართან ცეცხლის გახსნის შემდეგ პოლიციამ შეიარაღებული კაცი მოკლა.- ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ოფიცრების თქმით, შემთხვევა კვირას, მანჰეტენში, წმინდა იოანეს საკათედრო ტაძარში, საშობაო კონცერტის მსვლელობისას მოხდა. როდესაც ტაძარში შეიარაღებული პირი შევიდა და გაისროლა, ამის შესახებ საკათედრო ტაძრის თანამშრომლებმა Facebook- ზე დაწერეს. მოკლული კაცი, რომელიც სროლის დაწყებისთანავე ყვიროდა - "მომკალით" - იდენტიფიცირებული არ არის. ინციდენტის დროს ტაძარში ხალხი იმყოფებოდა, მაგრამ მათგან არავინ დაშავებულა.

აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400-ის შეძენის გამო, აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. აღნიშნული ინფორმაციას შესახებ აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში განაცხადეს. „ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა რუსეთისგან С-400-ის სისტემა შეიძინა. თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოსთვის დაწესებული დღევანდელი სანქციები ცხადყოფს, რომ აშშ სრულად განახორციელებს „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონს. აე მოვითმენთ რუსეთის თავდაცვის სექტორთან მნიშვნელოვანი გარიგებების დადებას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ. „სანქციების მეშვეობით ამერიკის მოწინააღმდეგეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის“ კანონის ფარგლებში აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სამმართველოს, მის ხელმძღვანელს, ისმაილ დემირსა და თურქეთის კიდევ სამ მოქალაქეს. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, აშშ-ის განზრახვა, რუსული С-400-ის შეძენის გამო თურქეთს სანქციები დაუწესოს, ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორის უპატივცემულობაა. „თურქეთი ნატოს წევრი სახელმწიფოა. ამერიკაც ნატოს წევრი სახელმწიფოა. თურქეთი ალიანსის წამყვანი ქვეყნების ხუთეულში შედის. თუ ადრე ტრამპი ან ობამა ამბობდნენ, რონ ნატოში ისეთი ქვეყანაა, როგორიც თურქეთია, ახლა აშშ სანქციებზე საუბრობს. ეს ნატოს ფარგლებში პარტნიორის უპატივცემულობაა. მე ამას ასე ვხედავ“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმიანება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტო.თურქეთი საჭირო ნაბიჯებს გადადგამს აშშ-ის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციების წინააღმდეგ. „თურქეთი აშშ-ს მოუწოდებს, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს და შექმნილი სიტუაციის დარეგიულირება დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოხდეს. თურქეთი თავს არ შეიკავებს ისეთი ზომების მიღებისგან, რასაც საჭიროდ მიიჩნევს თავისი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა ვაქცინა

ნიუ-იორკში, მედდა გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს. კრიტიკული თერაპიის სპეციალისტისს, სანდრა ლინდსისს ინექცია ლონგ აილენდის სამედიცინო ცენტრში ჩაუტარდა. პირველი ვაქცინაცია პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

დონალდ ტრამპი: ვულოცავ აშშ-ს, ვულოცავ მსოფლიოს

„პირველი ვაქცინა გაკეთდა. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გამოყენება დაიწყო. როგორც The Independent-ი ავრცელებს, ნიუ-იორკში, მედდა გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც საჯაროდ გაიკეთა კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინა.

მსოფლიოში პირველად, ტრანსპლანტაციისთვის კოვიდინფიცირებულის ფილტვი გამოიყენეს

ბელგიაში, ლუვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მსოფლიოში პირველად, ტრანსპლანტაციისთვის კოვიდინფიცირებულის ფილტვი გამოიყენეს. როგორც პაციენტის სამედიცინო ისტორიაში არის მითითებული, 70 წლის ქალს კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები აპრილში დაეწყო, როდესაც ბელგია COVID19-ის პირველი ტალღის პიკს უახლოდებოდა. პაციენტს ბელგიაში ლაბორატორიებში გადატვირთული რეჟიმის გამო ტესტი არ ჩაუტარდა და სახლში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ბელგიის მოქალაქე საავადყოფოში ივლისში მოათავსეს. პაციენტი ჰემორაგიული ინსულტით კლინიკაში რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. COVID19-ზე კლინიკაში გაკეთებულმაანალიზმა მის სისხლში ანტისხეულები აჩვენა და ამით გაზაფხულზე პაციენტის კორონავირუსით ინფიცირება დადასტურდა. ჩატარერბული ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცლილის ფილტვები დაზიანებული არ იყო და ორგანოები მომავალი ტრანსპლანტაციისთვის ყველა პარამეტრს აკმაყოფილებდა. „ამ უმძიმესი კრიზისის დროს უმნიშვნელოვანესი ოპერაცია ჩატარდა. ვწუხვართ ქალის გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებთ ოჯახს. ჩვენთვის იმედის მომცემი იყო ექსპერტიზის შედეგი. მოკლე ხანში ფილტვებმა აღდგენა შეძლეს. ორგანო მზად იყო ტრანსპლანტაციისთვის და კოვიდპაციენტმა სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ვფიქრობთ ლუვენის საუნივერსიტეტო კლიკინაში ჩატარებული ოპერაცია სხვა კლინიკებისა და ტრანსპლანტაციის ცენტრებისთვისაც მაგალითი იქნება“, - განაცხადა ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ლაურენს სეულემანსმა. კლინიკის ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ პაციენტს რამდენჯერმე ჩაუტარდა ტესტი COVID19-ზე და ყველა ტესტის პასუხი უარყოფით იყო. გართულებებს ადგილი არ ჰქონია და პაციენტი თავს კარგად გრძნობს. წყარო - „იმედინიუსი“

შობას ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, პანდემია ჯერ არ დასრულებულა - ნიკოლა სტარჯეონი

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტარჯეონმა მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, შობას ერთად არ შეხვდნენ, რადგან პანდემია ჯერ არ დასრულებულა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. „იმედი მაქვს, მომავალ წელს ეს ყველაფერი მხოლოდ ცუდ მოგონებად გაგვახსენდება, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი საყვარელი ადამიანები დავიცვათ, წესები უნდა შევასრულოთ“, - განაცხადა სტარჯეონმა. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობის გაუფერულებისთვის ბოდიში მოუხადა.

Youtube-ი და Gmail-ი შეფერხებით მუშაობს

Youtube-ი, Gmail-ი, Drive და Google-ის სხვა სერვისები მსოფლიოს მასშტაბით, შეფერხებით მუშაობს. არ მუშაობს ამ პლატფორმების როგორც დესკტოპ, ასევე მობილური აპლიკაციები. მომხმარებლებს ეკრანზე შემდეგი ტიპის წარწერები ხვდებათ: "something went wrong" და "oops". გათიშვა არ შეხებია Google-ის საძიებო სისტემას, რომელიც შეუფერხებლად მუშაობს. კომპანიას სერვერების გათიშვის მიზეზების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

დღეს აშშ-ში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება

"როიტერის" ინფორმაციით, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამომრჩეველთა კოლეგიის კენჭისყრა გაიმართება. როგორც გამოცემა წერს, ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ მიცემული ხმები კონგრესს დღესვე გადაეგზავნება, სადაც 6 იანვარს ხმები ოფიციალურად დაითვლება და ამით არჩევნების შედეგების გამოცხადების პროცედურა ოფიციალურად დასრულდება. ცნობისთვის, ქვეყნის პირველ პირს ამომრჩეველთა კოლეგია ირჩევს, რომელიც 538 წევრისგან შედგება. არჩევნების შედეგების მიხედვით, დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 306 წევრის მხარდაჭერა აქვს, დონალდ ტრამპს კი 232-ის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ქვეყნის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დაგეგმილ ფორუმს ბოიკოტი გამოუცხადეს

ირანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის რუჰოლა ზამის სიკვდილით დასჯის გამო საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალიამ და ავსტრიამ თეირანში დღეისთვის დაგეგმილ ევროპა-ირანის ონლაინ ბიზნეს ფორუმს, ბოიკოტი გამოუცხადეს. მედიის ინფორმაციით, ფორუმის ორგანიზატორებმა ღონისძიების გადადების გადაწყვეტილება მიიღეს. საპასუხოდ, ირანმა საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საგარეო უწყებაში დაიბარა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი რუჰოლა ზამი, რომელიც პოპულარულ ანტისამთავრობო ვებგვერდ Amad News-ს ხელმძღვანელობდა, შაბათს დილით სიკვდილით დასაჯეს. ის 2019 წლის ოქტომბერში დააკავეს, სიკვდილით დასჯა კი მიმდინარე წლის ივნისში მიუსაჯეს. ჟურნალისტი „გლობალურ კორუფციაში“, ჯაშუშობასა და ირანის მთავრობის დამხობის მცდელობაში დაადანაშაულეს. ირანის ხელისუფლება რუჰოლა ზამს 2017 წლის მასობრივი საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორად და სულისჩამდგმელად მიიჩნევდა. ზამი საკუთარ ვებგვერდ AmadNews-სა და „ტელეგრამის“ არხზე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებდა.

ტრამპი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ჯერ არ გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კორონავორუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ჯერ არ გეგმავს და აცხადებს, რომ შესაფერის დროს დაელოდება. „თეთრ სახლში მომუშავე ადამიანები, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ვაქცინას მოგვიანებით მიიღებენ. მე ვითხოვე ამის კორექტირება. ჯერჯერობით არ ვგეგმავ ვაქცინის გაკეთებას, დაველოდები შესაფერის დროს", - წერს დონალდ ტრამპი "ტვიტერზე". ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, კორონავირუსი რამდენიმე თვის წინ გადაიტანა. People working in the White House should receive the vaccine somewhat later in the program, unless specifically necessary. I have asked that this adjustment be made. I am not scheduled to take the vaccine, but look forward to doing so at the appropriate time. Thank you! — Donald J. Trump (@realDonaldTrump) December 14, 2020