უცხოეთი

ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა

ცნობილმა უელსელმა არბიტრმა, ნაიჯელ ოუენსმა საერთაშორისო კარიერა დაასრულა და სანაკრებო შეხვედრებზე აღარ იმუშავებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ოუენსმა, „ტვიტერზე“ გაავრცელა. ოუენსმა გასულ თვეში, მე-100 საერთაშორისო შეხვედრაზე, „შემოდგომის ერთა თასზე“, საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე იმსაჯა. აღნიშნული თამაში უელსელი რეფერის საერთაშორისო კარიერაში ბოლო იქნება. ოუენსი 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალური მატჩის მთავარი არბიტრი იყო და როგორც აცხადებს, კვლავ იმუშავებს „პრო 14“-ისა (PRO14) და უელსის შიდა ჩემპიონატის მატჩებზე. 49 წლის არბიტრის საერთაშორისო დებიუტი 2003 წელს, „ბორჯღალოსნების“ თამაშზე შედგა, როცა საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა. With a heavy heart, the time has come to hang up the whistle and boots at international level. I owe more to rugby than rugby will ever owe to me. Thank you for all the support over the many years. 🏉🏴󠁧󠁢󠁷󠁬󠁳󠁿☺️Diolch o galon a hwyl fawr. https://t.co/230HqhLswL — Nigel Owens MBE (@Nigelrefowens) December 11, 2020

ლიეტუვა შეეცდება, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს - სეიმი

ლიეტუვის სეიმმა საგარეო და ევროპული პოლიტიკის გრძელვადიანი ორიენტირების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის პოლიტიკის პრიორიტეტები საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერასაც ითვალსწინებს. ლიეტუვის სეიმის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭოში 2025 და 2027 წელს პოლონეთისა და ლიეტუვის თავჯდომარეობის პერიოდში ლიეტუვის პარლამენტი შეეცდება, რომ ევროკავშირის ასოცირებულმა პარტნიორებმა - მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს მათთან ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებები. დღესვე, ქვეყნის ახალმა მთავრობამ, ინგრიდა შიმონიტეს მეთაურობით, ფიცი დადო და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაამტკიცა, რომელიც საქართველოს მარდაჭერასაც ითვალისწინებს. „ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების აქტიურ მხარდაჭერას. ჩვენ აქტიურ როლს შევასრულებთ ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ სამეზობლოში, გვექნება ძლიერი ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რა დროსაც დავეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას შეიარაღებული ძალების ტრანსფორმირებაში, ასევე ჰიბრიდული და კიბერსაფრთხეების წინაშე მათი მდგრადობის გაძლიერებაში“, – ნათქვამია ლიეტუვის ახალი მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ლიეტუვის ახალი მთავრობა მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ. „ჩვენ უნდა შევქმნათ თანამოაზრე დემოკრატიული ქვეყნების უფრო ფართო კოალიციები, ტრანსატლანტიკური და საერთაშორისო კავშირები, რათა დავეხმაროთ ბელარუსებს თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ასევე, გავაძლიეროთ მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის პერსპექტივები 2027 წელს ევროკავშირის საბჭოში თავმჯდომარეობამდე“, - ნათქვამია დოკუმენტში. ლიეტუვის ახალი მთავრობა მხარს უჭერს რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მიზნობრივ და ეკონომიკურ სანქციებს. „ჩვენ არა მხოლოდ დავუჭერთ მხარს მოლდოვის, საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების ევროკავშირისა და ნატო-სკენ სწრაფვას, არამედ ასევე გრძელვადიანი პერსპექტივაში დავეხმარებით მათ, დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტორიები“, - წერია ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში, რომელიც სეიმმა დღეს დაამტკიცა.

გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა

„ბიბისის“ ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში თვითიზოლაციის პერიოდი 14-დან 10 დღემდე შემცირდა, ცვლილება კი ძალაში შემდეგი კვირიდან შევა. ცვლილებები „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული პირების კონტაქტებს, ასევე, სხვა ქვეყნებიდან შესულ მგზავრებს შეეხებათ. გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების განცხადებით, თვითიზოლაციის დღეების რაოდენობის შემცირება საფრთხეს არ გამოიწვევს.

საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება

"ბიბისის" ინფორმაციით, საბერძნეთში საშობაოდ ეკლესიები გაიხსნება, ხოლო კარანტინის პერიოდი შემცირდება. როგორც გამოცემა წერს, 18 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ქვეყანაში შესულ მგზავრებს კარანტინში ყოფნა სამი დღის განმავლობაში მოუწევთ. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკლესიები შობის დღესასწაულისთვის ისევ გაიხსნება, თუმცა 13 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კომენდანტის საათის იქნება ძალაში. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, საბერძნეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 121 253 შემთხვევა, მათ შორის 3 370 პაციენტი გარდაიცვალა.

აშშ-მა შესაძლოა, თურქეთს სანქციები დაუწესოს

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, აშშ თურქეთისთვის სანქციების დაწესებას აპირებს, რაც თურქეთის მიერ რუსეთისგან „С-400“-ს შესყიდვასთანაა დაკავშირებული. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე მოაწერა ხელი ზომების პაკეტს, სახელმწიფო მდივანის მაიკ პომპეოს რეკომენდაციით. თუმცა, სააგენტოს წყარო არ ასახელებს, რა იგულისხმება სანქციებში. მანამდე კი სააგენტო „როიტერსი“ წერდა, რომ სანქციები, შესაძლოა, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს, მათ შორის, თავდაცვითი შესყიდვების უმაღლესი სააგენტოს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაწესდეს.

ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის საქმიანობასთან დაკავშირებით სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში. „ევროკავშირი წევრი ქვეყნების ინტერესების დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნების ერთგული რჩება“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში. ლიდერები მიმართავენ ევროკავშირის საბჭოს, შეიმუშაონ სიები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში თურქეთის არასანქცირებულ ქმედებებთან დაკავშირებით შემზღუდავი ზომების დასაწესებლად. გარდა ამისა, ევროპელი ლიდერები ევროკომისიასა და საგარეო პლიიტკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს ავალებენ, 2021 წლის მატამდე წარადგინოს ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით ქმედებების ვარიანტები. „სამწუხაროდ, თურქეთი ჩართულია ცალმხრივ ქმედებებსა და პროვოკაციებში, ევროკავშირის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ევროპელი ლიდერების წინააღმდეგ რიტორიკას აძლიერებს. თურქეთის ცალმხრივი და პროვოკაციული საქმიანობა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კვლავ გრძელდება, მათ შორის კვიპროსის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს თურქეთის მიერ ხომალდ „ორუკ რეისის“ გაყვანას და ითხოვს მდგრად დეესკალაციას, ასევე საბერძნეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელებას“, - ნათქვამია დოკუმენტში. ამავე დროს, საბჭო ადასტურებს, რომ ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს თურქეთან თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირს თურქეთთან პასუხისმგებლიანი თანამშრომლობა სურს.

მასობრივი ვაქცინაციის შემთხვევაში, ამერიკა ნორმალურ ცხოვრებას გაზაფხულ-შემოდგომაზე დაუბრუნდება - ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ თუ აშშ-ში ვაქცინას ყველა გაიკეთებს, ქვეყანა 2021 წლის ზაფხულზე ან შემოდგომაზე, ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. როგორც მან "სიენენთან" საუბარში აღნიშნა, ამ შემთხვევაში შემოდგომაზე სკოლები ისევ გაიხსნება და ინფიცირების რისკები ძალიან დაბალი იქნება. „ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას და რამდენად სწრაფად. თუ უხარვეზო ვაქცინაციის პროგრამა გვექნება და ვაქცინას ყველა დროულად გაიკეთებს, ნორმალურ ცხოვრებას ნაწილობრივ სავარაუდოდ ზაფხულისთვის, ხოლო შემოდგომაზე დანამდვილებით დავუბრუნდებით“, - განაცხადა აშშ-ს მთავარმა ეპიდემიოლოგმა.

ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი წლის ადამიანებად დასახელდნენ

ამერიკულმა ჟურნალმა „თაიმმა“ 2020 წლის „წლის ადამიანად“ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დაასახელა. ჟურნალის „წლის ადამიანის“ წოდების მოპოვებისთვის კონკურსში ფინალისტებს შორის ასევე იყო მოქმედი პრეზიდენტი“დონალდ ტრამპი, რომელიც გამოცემამ „წლის ადამიანად“ 2016 წელს დაასახელა. ასევე, ფინალისტებს შორის იყვნენ ჯანდაცვის სფეროს მუშაკები, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე არიან. სიაში იყვნენ, მინეაპოლისში, მაისში პოლიციის მხრიდან ძალადობის შედეგად ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტირასისტული მოძრაობის წევრებიც. „თაიმი“ წლის ადამიანს 1927 წლიდან ასახელებს. გასულ წელ საპატიო ტიტული გარემოს დამცველმა ახალგაზრდა აქტივისტმა გრეტა ტუნბერგმა მოიპოვა.

საფრანგეთში 15 დეკემბრიდან კომენდანტის საათი წესდება

საფრანგეთში 15 დეკემბრიდან კომენდანტის საათი წესდება "ბიბისის" ინფორმაციით, კომენდანტის საათის პირობებში, მოსახლეობას 20:00-დან 06:00 საათამდე სახლების დატოვების უფლება არ ექნება. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ჟან კასტექსის თქმით, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რიცხვი არ შემცირებულა, როგორც ამას ქვეყნის მთავრობა ვარაუდობდა. მასობრივი შეკრებების პრევენციის მიზნით, ახალი წლის პერიოდში შეზღუდვები არ მოიხსნება. მოლოდინის მიუხედავად, საფრანგეთში მუზეუმები, კინოთეატრები, სპორტული დაწესებულებები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კვლავ დახურული იქნება. 20 იანვრამდე არ გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები. შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება ახალი წლის ღამეს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონვირუსის 2.3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის, 57 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ევროკავშირმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერებმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცეს. როგორც გამოცემა წერს, ბლოკმა ბიუჯეტის დამტკიცება მას შემდეგ შეძლო, რაც უნგრეთმა და პოლონეთმა, რომლებიც ბიუჯეტს ეწინააღმდეგებოდნენ, ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვეს. ბიუჯეტის დამტკიცების ფაქტი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა. „ახლა ჩვენ შეგვიძლია განხორციელება დავიწყოთ და ეკონომიკა აღვადგინოთ,“ - წერს მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“. ბიუჯეტის დამტკიცებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპა წინ მიიწევს“. „1.8 ტრილიონი ევრო ეკონომიკური გაჯანსაღების უზრუნველსაყოფად და უფრო მდგრადი, მწვანე და ციფრული ევროკავშირის შესაქმნელად”, - წერს ევროკომისიის ხელმძღვანელი „ტვიტერში“. ცნობისთვის, ბიუჯეტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდნენ უნგრეთი და პოლონეთი. მათ თავდაპირველად ვეტოს უფლებაც გამოიყენეს, მაგრამ საბოლოოდ, გერმანიასთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვეტილება შეცვალეს. 1.8 ტრილიონი ევროს პაკეტი მოიცავს მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოს (MFF) - ევროკავშირის შვიდწლიან ბიუჯეტს, რომლის მოცულობა 1.1 ტრილიონ ევროს შეადგენს, 750 მილიარდი ევრო კი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას მოხმარდება.

მსოფლიოს მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა - დევიდ ბიზლი

მსოფლიოს მასშტაბით, 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა, რაც დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც გერმანიის, ბრიტანთის, საფრანგეთისა და იტალიის მოსახლეობა ერთად აღებული, - ამის შესახებ გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძვანელმა, დევიდ ბიზლიმ ნობელის პრემიის მიღების დროს განაცხადა. „ამდენი ომის, კლიმატური ცვლილებების და ფართოდ გავრცელებული შიმშილის გამო, რომელიც პოლიტიკური და სამხედრო იარაღია, ასევე გლობალური ჯანდაცვის პანდემის ფონზე, რომელიც ყველაფერს ორმაგად ამძაფრებს - 270 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილებაში თუ კრახს განვიცდით, ეს შიმშილის პანდემიას გამოიწვევს. ამ 270 მილიონი ადამიანიდან 30 მილიონის სიცოცხლე ჩვენზე 100 პროცენტითაა დამოკიდებული“, - განაცხადა ბიზლიმ. 2020 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გაერო-ს მსოფლიო სასაურსათო პროგრამა გახდა. ორგანიზაციამ ჯილდო შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიიღო. გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისი რომში მდებარეობს. პანდემიის გამო, წელს ნობელის პრემიის დაჯილდოება ოსლოში არ გაიმართა.

კოვიდვაქცინით აცრილი ისრაელის მოქალაქეები, მწვანე პასპორტს მიიღებენ

ისრაელი, კომპანია „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ, „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაციას, 27 დეკემბრიდან დაიწყებს. პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ყველა ადამიანი, ვინც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს, მწვანე პასპორტს მიიღებს და მას თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნება. „რაც უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას, მით უფრო მეტად გაიხსნება ეკონომიკა. უახლოეს დღეებში დავიწყებთ ვაქცინაციას, ეს კარგი ახალი ამბავია ეკონომიკისთვის და ხალხისთვის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, იული ელდეშტეინმა. ისრაელმა „კოვიდ -19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინა გუშინ მიიღო. ვაქცინას პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აეროპორტში დახვდა. „მე მჯერა ამ ვაქცინის. ველოდები, რომ ის შესაფერის ნებართვას მიიღებს და მსურს, მოსახლეობამ ის გაიკეთოს. მე ვიქნები მათთვის მაგალითი და ქვეყანაში პირველი ადამიანი, ვინც ამ ვაქცინას გაიკეთებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ისრაელში „კოვიდ-19“- ის 351 104 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 3 934 ადამიანი.

ბელარუსის ხელისუფლებამ სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გადაწვეტილება მიიღო

ბელარუსის ხელისუფლებამ სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გადაწვეტილება მიიღო. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოქალაქეებს ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებული მიზეზის არსებობის შემთხვევაში ექნებათ. ბელარუსის მთავრობამ პანდემიასთან ბრძოლაში ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოზე მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის დატოვების უფლება სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და საზღვარგარეთ დროებითი ცხოვრების უფლების მქონე ადამიანებს ექნებათ. ბელარუსის მოქალაქეებს სხვა ქვეყანაში გამგზავრება მკურნალობის მიღების ან ნათესავის გარდაცვალების გამო შეეძლებათ. ამასთან, ექვს თვეში ერთხელ ბელარუსიდან გასვლა სწავლისა და სამსახურის მიზეზით გახდება შესაძლებელი. ბელაურისის სახმელეთო საზღვრების დროებით ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დოკუმენტის ხელმოწერიდან 10 დღეში შევა.

ავღანეთში ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მალალაი მაივანდი მოკლეს

„როიტერის“ ინფორმაციით, ავღანეთში ქალი ჟურნალისტი და ქალთა უფლებადამცველი აქტივისტი მალალაი მაივანდი მოკლეს. როგორც პროვინციის გუბერნატორის პრესსპიკერმა განაცხადა, ჟურნალისტი ოფისისკენ მიდიოდა, როდესაც თავდასხმა განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა დაჯგუფების თავდასხმასთან კავშირი უარყო. მალალაი მაივანდი მეათე ჟურნალისტი გახდა, რომელიც მიმდინარე წელს ავღანეთში მოკლეს. აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის წინ შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს მაივანდის დედა, რომელიც ასევე უფლებადამცველი აქტივისტი იყო.

CNN - აშშ-ის 50-ვე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად დაამოწმა

აშშ-ის 50-ვე შტატმა და კოლუმბიის ოლქმა საპრეზიდენტო არჩევნების საკუთარი შედეგები ოფიციალურად დაამოწმა,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, დასავლეთ ვირჯინია გახდა უკანასკნელი შტატი, რომელმაც ოთხშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები დაადასტურა, ანუ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სარჩევნო კოლეგიაში შტატის ხუთი ხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საარჩევნო კოლეგიის შეკრებაა, რომელიც, კანონის თანახმად, 14 დეკემბერს უნდა გაიმართოს. საარჩევნო კოლეგიის წევრების ხმებს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ითვლიან, რომელიც 6 იანვარს გაიმართება. CNN-ი იუწყება, რომ წინასწარი პროგნოზით არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა მოაგროვა, ხოლო დონალდ ტრამპმა - 232. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 270 ხმაა საჭირო.

Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს

Wizz Air-ი საქართველოში ოპერირების განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს. როგორც კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ანდრაშ რადომ „ბიზნესპარტნიორთან“ ისაუბრა, გეგმაში იმ 40-მდე მიმართულების ფრენების აღდგენაა, რომელზეც Wizz Air-ი ​პანდემიამდე დაფრინავდა. “ჩვენ მთავრობასთან დიალოგის მუდმივ რეჟიმში ვართ. ყოველთვის გვაქვს მათთან მოლაპარაკებები. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ძალიან მოხარულები ვართ იმით, რომ შეგვიძლია დაბრუნება და ოპერირების განახლება. ოპერირების განახლებას ჩვენ მარტში ვგეგმავთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ყველაფერი მაინც იმ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული, რომელიც იმ დროისთვის იმოქმედებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჩვენ ქუთაისიდან ჩვეულებრივი პირობების დროს, დაახლოებით 30-40 მიმართულებით დავფრინავდით. გვსურს, რომ ყველა მიმართულება აღვადგინოთ და რამდენიმე ახალიც დავამატოთ. თუმცა ამაზე საუბარი რელევანტური მარტში იქნება“, - დასძინა ავიაკომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა.

ვაქცინა კოვიდგადატანილმა პირებმაც უნდა გაიკეთონ - ფაუჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ვაქცინა იმ ადამიანებმაც უნდა გაიკეთონ, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა. „ცნობილი არ არის, ვირუსის გადატანის შემდეგ, რამდენი ხანი გრძელდება იმუნიტეტი. ტიპიურად, სხვა დაავადებების შემთხვევაში, როდესაც ინფიცირდები, იმუნიტეტს გამოიმუშავებ, შესაძლოა, ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. კორონავირუსის ისტორიით ვხვდებით, რომ იმუნიტეტი შედარებით ხანმოკლეა“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზეზით, კარგი იქნება, თუ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ვირუსგადატანილი ადამიანებიც გაიკეთებენ.

მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი უწყება ალერგიის მქონე მოქალაქეებს ურჩევს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ გაიკეთონ. ბრიტანული "გარდიანის" ინფორმაციით, უწყებამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ფაიზერი“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ორ ადამიანს ალერგიული რეაქცია გამოუვლინდა. „ეს ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც საქმე ახალ ვაქცინებს ეხება. იმ ადამიანების სიცოცხლეს, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ალერგიული რეაქცია გამოუვლინდათ, საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მედიკამენტების მარეგულირებელ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 8 დეკემბერს დაიწყო.

ბაიდენი მოსახლეობას პრეზიდენტობის 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი დოზა ვაქცინის გაკეთებას ჰპირდება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოსახლეობას ჰპირდება, რომ თეთრ სახლში მისვლიდან პირველ 100 დღეში, „კოვიდ-19“-ის 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდება. როგორც ჯო ბაიდენი აღნიშნავს, მისი გუნდი პანდემიის დამარცხებას პირველ თვეებში ცხადია, ვერ მოახერხებს, თუმცა შესაძლებელი იქნება მისი კურსის შეცვლა. „ჩემი პირველი 100 დღე არ დაასრულებს „კოვიდ-19“-ის ვირუსს, ამას ვერ დაგპირდებით, თუმცა ამაში სწრაფად არ აღმოვჩენილვართ და ვერც მისგან დავაღწევთ თავს მალე“, -განაცხადა ბაიდენმა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია უკვე განიხილავს ფაიზერ/ბიოენტეკის ვაქცინას და სავარაუდოდ, ავტორიზაციას ხუთშაბათისთვის გასცემს. პირველი ვაქცინაცია კი, მომდევნო კვირიდან დაიწყება. დღეისთვის აშშ-ში 15 მილიონზე მეტი ინფიცირებული და 285 000- ზე მეტი გარდაცვლილია.

BBC - ევერესტის სიმაღლე 0.86 მეტრით გაიზარდა

ნეპალი და ჩინეთი ერთობლივ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებენ, რომლის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე მაღალი მთა ევერესტი 0.86 მეტრით მაღალია. ამის შესახებ BBC წერს. ნეპალის და ჩინეთის განახლებული მონაცემებით, ევერესტის ახალი სიმაღლე 8,848.86 მეტრს შეადგენს. საქმე იმაშია, რომ გასულ წელს ნეპალის დედაქალაქში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ დედამიწის უმაღლესი მწვერვალის შესახებ საერთო დასკვნამდე მივიდოდნენ. ევერესტის "სიმაღლეში ზრდაც“ სწორედ ამან გამოიწვია. ჩინეთი ამდრომდე ევერესტს ზომავდა მისი უმაღლესი წვერის მიხედვით, ოღონდ თოვლის გარეშე. ნეპალი კი - თოვლიანად. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის მიზეზი. მეცნიერები ამბობენ, რომ ევერესტი საუკუნის განმავლობაში, დაახლოებით, ნახევარი მეტრით იზრდება. გეოლოგები ასევე ამბობენ, რომ 2015 წელს ნეპალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგადაც მოიმატა ევერესტმა სიმაღლეში. ევერესტი დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალია და ის ნეპალის და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობს.