უცხოეთი

მიშელი კიევში: თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო მომავლისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.   „კარგი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან. განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს - ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დეკემბერში ძლიერი გადაწყვეტილების იმედი გვაქვს. გმადლობთ უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის!" - განაცხადა ზელენსკიმ. მიშელი სამშაბათს, 21 ნოემბერს, მოულოდნელი ვიზიტით ეწვია კიევს. ევროკავშირი ემზადება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, შესაბამისი რეკომენდაცია ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა. გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი. სამშაბათს კიევს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი და მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ეწვივნენ.    „მინდა, დავაფიქსირო ევროკავშირის სრული მხარდაჭერა - თქვენ იბრძვით ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის, საერთო მომავლისთვის,“ - აღნიშნა თავის მხრივ, მიშელმა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე 21 ნოემბერს უკრაინაში ღირსებისა და თავისუფლების დღე აღინიშნება. 2013 წელს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებამ შეაჩერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის პროცესი. 21 ნოემბერს კიევში, თავისუფლების მოედანზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. აქციები 2014 წლის თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა და იანუკოვიჩის რუსეთში გაქცევით დასრულდა. 2013-2014 წლების საპროტესტო გამოსვლებზე ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

პისტორიუსმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში ვიზიტისას უკრაინისთვის 1,3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ მან უკრაინელ კოლეგასთან რუსტემ უმეროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოხარული ვარ, აქ ვიზიტისას, გამოვაცხადო ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავს დამატებით 4 IRIS-T SLM-ის სისტემას, 155 მმ ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს. ამ პაკეტის  ჯამური ღირებულება 1,3 მილიარდ ევროს შეადგენს," - განაცხადა პისტორიუსმა.  

ილჰამ ალიევი: საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. ამის შესახებ ალიევმა ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება დროს, სიტყვით მიმართვისას განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, ორმ საუკუნეებიგავიდა,  „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები დღესაც გრძელდება, არ შეცვლილა მათი პოლიტიკა და აზროვნების ფორმა.“ „საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის. ამავდროულად, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობას მისი მიკერძოებული პოლიტიკით, სხვადასხვა რეგიონებში გეოპოლიტიკური ინტრიგების გაღვივებით და ასევე, ცდილობს გამოიყენეს დასავლური ორგანიზაციები სხვადასხვა სახელმწიფოზე ზეწოლისთვის," - აღნიშნა ალიევმა. ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ  

ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში, ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება განაახლეს

ფილიპინებისა და აშშ-ის სამხედრო ძალებმა ტაივანის მახლობლად მდებარე წყლებში ერთობლივი საზღვაო და საჰაერო პატრულირება დაიწყეს. ინფორმაციას ფილიპინების პრეზიდენტი, ფერდინანდ მარკოს უმცროსი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, პატრულირება კუნძულ მავულისზე, ფილიპინების ყველაზე ჩრდილოეთ წერტილში დაიწყება, რომელიც ტაივანიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარეობს. „ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა ადასტურებს ჩვენს ვალდებულებას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო ძალების თავსებადობა საზღვაო და საჰაერო პატრულირების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი ხალხისთვის უფრო უსაფრთხო და სტაბილური გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს,“ - წერს ფერდინანდ მარკოს უმცროსი Twitter-ის გვერდზე.  

გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის ლიკვიდაციის შანსს - ზელენსკის პასუხი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Sun-თან ინტერვიუში უპასუხა კითხვას იმის შესახებ, გამოიყენებდა თუ არა უკრაინა პუტინის მოკვლის შანსს, თუ ასეთი შესაძლებლობა გამოჩნდებოდა. „ეს ომია და უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას თავისი მიწა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.  რუსეთის მიერ მის წინააღმდეგ ორგანიზებულ თავდასხმის მცდელობებზე საუბრისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ასეთი 5-6 მცდელობა მაინც ყოფილა. ზელენსკის სიტყვებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. „უკრაინიდან, სხვადასხვა დონეზე, არაერთხელ ყოფილა სიტყვიერი მუქარა პუტინის წინააღმდეგ. ჩვენ ეს კარგად ვიცით და მათ არაფერი გამოუვათ,“ - განაცხადა პესკოვმა.  

აზერბაიჯანი უკრაინას მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნის

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ 2023 წლის 17 ივლისს ხელმოწერილი ბრძანების შესაბსამიდ, უკრაინაში ელექტროტექნიკისგან შემდგარი ჰუმანიტარული დახმარების მეორე ნაწილი გაიგზავნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ჰუმანიტარული დახმარება მოიცავს 900 000 მეტრზე მეტ ელექტრო კაბელს და მავთულს, ასევე, 18 ტრანსფორმატორს და სრულ სატრანსფორმატორო ქვესადგურებს. აზერბაიჯანი 23 სატვირთო მანქანისგან შემდგარმა სატვირთო კოლონამ დატოვა.

სანდუ უკრაინაშია

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაშია. ვიზიტის ფარგლებში მან ევრომაიდნის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. 21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებს ზუსტად 10 წელი შეუსრულდა. რაც შეეხება სანდუს ვიზიტს, მისი თქმით, დღის წესრიგშია მოლდოვისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომი ნაბიჯების განხილვა, რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა რეფორმებისა და განვითარების მიმართ.  

თოყაევი აზერბაიჯანში ჩადის

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 24 ნოემბერს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. თოყაევი მონაწილეობას მიიღებს გაეროს მიერ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის შემუშავებული სპეციალური პროგრამის (SPECA) სამიტში, რომელიც ბაქოში გაიმართება.  

კალასი: ბრძოლაა იმისთვის, რა მართავს მსოფლიოს მომავალში - თავისუფლება თუ ავტოკრატია

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში უნდა დამარცხდეს"იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, დღეს მსოფლიოში ბრძოლა მიმდინარეობს იმისთვის, თუ რა ღირებულებებით გაგრძელდება მსოფლიოში მმართველობა - თავისუფლებით თუ ავტოკრატიით. „ჩვენ ურთიერთ-დასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არის არა ჩიხი, არამედ - დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი - გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს. მაგრამ მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი რუსეთს აჯობებს. ხალხის თვალსაზრისით - ევროპა ამზადებს 30-40 ათას ჯარისკაცს. თუ ამერიკაც იმავეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი იმ წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან აგზავნიან. ასე რომ, ჩვენ ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ. რესურსების თვალსაზრისით - ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ. სამხედრო დახმარების კუთხით კი - თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ. და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო დიდია, ვიდრე - რუსეთისა. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების,“ - განაცხადა კალასმა “ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან  

ბუჩასა და ანდრეევკაში ომის დანაშაულების ჩამდენ რუს სახმედრო პირებს აშშ-მ სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუს სამხედრო პირებს, რომლებმაც ბუჩასა და ანდრეევკაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს, სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, აზატბეკ ომურბეკოვი, რომელიც ცნობილია როგორც „ბუჩის ჯალათი“ და კაპრალი დანიილ ფროკინი, უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის სანქციების სიაში შეიყვანა. „ოფიცრების ქმედებები ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს,“ - განაცხადა ბლინკენმა. აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მიხედვით, ომურბეკოვს, ფროკინსა და მათ ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.  

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელთან დროებით ზავს შესაძლოა, მალე მიაღწიონ

„ჰამასის“ ე.წ. პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე აცხადებს, რომ ისრაელი და ჰამასი ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან „ჩვენ ახლოს ვართ ზავის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან“, - წერს ჰანიე „ტელეგრამის“ არხზე. მედიის ცნობით, სავარაუდო შეთანხმება ხუთდღიან ზავს გულისხმობს და „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დაკავებულ 50-დან 100-მდე მძევალს გაათავისუფლებს. ხოლო ისრაელი, შეთავაზებული შეთანხმების თანახმად, 300 პალესტინელ პატიმარს „ჰამასს“ გადასცემს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა, მაგრამ უარი თქვა დამატებითი დეტალების გაზიარებაზე.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. შეგახსენებთ, 20 ნოემბერს კიევში ასეევ ჩავიდნენ ლოიდ ოსტინი და კრისტოფერ კავოლი.  

ჯონ კირბი: „ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია - მათ სურთ, ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიზანი ისრაელის გენოციდია. კირბიმ აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მიერ უდანაშაულო ადამიანების დახოცვას, მხოლოდ „გენოციდის განზრახვა“ შეიძლება, ეწოდოს. „ეჭვგარეშეა, რომ „ჰამასის“ მიზანი გენოციდია. მათ სურთ ისრაელი მსოფლიო რუკიდან წაშალონ. მათ ამაზე საჯაროდ არაერთხელ ისაუბრეს. მათ თქვეს, რომ არ გაჩერდებიან. ასე რომ, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, ისევ და ისევ განმეორდება. ისრაელი ცდილობს, თავი გენოციდის ტერორისტული საფრთხისგან დაიცვას,“ - აღნიშნა კირბიმ.  

რას მოიცავს $100 მილიონიანი სამხედრო დახმარება, რომელიც აშშ-მ უკრაინისთვის გამოყო

აშშ-მ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. ახალი დახმარება მოიცავს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) და დამატებით საბრძოლო მასალებს. ახალ პაკეტში შედის Stinger-ის ტიპის საზენიტო რაკეტები, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვები, Javelin-ი და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, 3 მილიონზე მეტი ტყვია. პაკეტში ასევე შედის ცივი ამინდის აღჭურვილობა, სათადარიგო ნაწილები და საბრძოლო მასალები დაბრკოლებების გადასალახად. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ეს პაკეტი წინასწარ იყო შეთანხმებული. „პაკეტი უკრაინას დაეხმარება ბრძოლის ველზე არსებულ საჭიროებებზე რეაგირებაში, თავისი სუვერენული ტერიტორიის დაბრუნებისთვის წარმოებულ ბრძოლაში. მნიშვნელოვანია კონგრესმა დაამტკიცოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თხოვნა უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე,“ - განაცხადა ბლინკენმა.   

უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ზელენსკის აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. „ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რაც ახლა საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას.  

რა საკითხები მოექცა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და არაბული ქვეყნების ოფიციალური პირების ფოკუსში

ოფიციალური პირები საუდის არაბეთიდან, იორდანიიდან, ეგვიპტიდან, ინდონეზიიდან, პალესტინიდან და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციიდან დღეს, 20 ნოემბერს, პეკინში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვან ის შეხვდნენ და ისრაელ - „ჰამასის“ კონფლიქტზე ისაუბრეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის თქმით, პეკინი არაბული და მუსლიმური ქვეყნების „კარგი მეგობარი და ძმაა" და რომ მისი ქვეყანა „ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს პალესტინელი ხალხის სამართლიან საქმეს, აღადგინონ მათი ლეგიტიმური ეროვნული უფლებები და ინტერესები.“ „ჩვენი მოწოდებაა ორი სახელმწიფოს გადაწყვეტაზე დაბრუნება და პალესტინის საკითხის ყოვლისმომცველი, სამართლიანი და გრძელვადიანი მოგვარების რეალიზაცია. 11 ნოემბერს ისლამურმა არაბულმა ქვეყნებმა მოიწვიეს ერთობლივი რიგგარეშე სამიტი პალესტინა-ისრაელის სიტუაციის შესახებ მკაფიო და ძლიერი საერთო განცხადების გასაკეთებლად და მხარი დაუჭირეს ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას, ჰუმანიტარულ დახმარებას და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის განხორციელებას. ჩინეთი სრულად უჭერს მხარს ამას. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ძმებთან და დებთან ერთად არაბულ და ისლამურ ქვეყნებში, რათა უზრუნველვყოთ შეუწყვეტელი ძალისხმევა ღაზაში ბრძოლების შეძლებისდაგვარად სწრაფად დასასრულებლად, ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისთვის და პალესტინის საკითხის ადრეული, ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. „ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ ბრძოლა და მკვლელობები, სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ ჰუმანიტარული მარაგები ღაზას,“ - განაცხადა თავის მხრივ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდმა. მისი თქმით, ჩინეთი იმუშავებს იმისათვის, რომ „რაც შეიძლება მალე ჩაახშოს ბრძოლა ღაზის სექტორში, შეამსუბუქოს ჰუმანიტარული კრიზისი და ხელი შეუწყოს პალესტინის საკითხის სწრაფ, ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მოგვარებას.“  

დოქერტი ფაშინიანს: დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, ლეო დოქერტი მიიღო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისი იუწყება. პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები აქტიურ ფაზაშია. მან ხაზი გაუსვა სომხეთ-დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას, რომელიც ახლახან გაიმართა. ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთ-ბრიტანულ თანამშრომლობას დიდი პოტენციალი აქვს და მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები ხელს შეუწყობს მის სრულად რეალიზებას. თავის მხრივ, დოქერტიმ ხაზი გაუსვა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ბოლო ოფიციალურ ვიზიტს დიდ ბრიტანეთში, რამაც ახალი ბიძგი მისცა ორმხრივი კავშირების გაფართოებასა და გაღრმავებას. მინისტრმა ხაზი გაუსვა დიდი ბრიტანეთის ინტერესს სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. მხარეებმა ასევე განიხილეს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი. მან ხაზი გაუსვა 14 მაისს და 15 ივლისს ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრების შემდეგ შეთანხმებულ პრინციპებზე დაფუძნებული სამშვიდობო პროცესის გაგრძელების მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის საკითხზე და აზრები გაცვალეს რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობის, ასევე ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე. დოქერტი თბილისში ხვალ, 21 ნოემბერს ჩამოდის. ინფორმაცია Europetime-ს დიდი ბრიტანეთის საელჩოში დაუდასტურეს. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში დოქერტი ეწვევა სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს. მინისტრი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს განიხილავს და ხაზს გაუსვამს ქვეყნებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების გადაუდებელ აუცილებლობას, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად. ლეო დოქერტის განცხადებით, სამხრეთ კავკასია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე დგას, რაც რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის.  

უკრაინელმა სპეციალისტებმა ელექტრონული ომის მიმართ მდგრადი, თავდასხმის დრონი შეიმუშავეს

Brave1 პროექტის ფარგლებში, უკრაინელმა სპეციალისტებმა ელექტრონული ომის მიმართ მდგრადი, თავდასხმის დრონი შეიმუშავეს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების საკითხებში და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. „ამ უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია 35 კილომეტრამდე ფრენა, მტრის ხაზების უკან და რუსულ არტილერიაზე, ლოგისტიკის კერებზე, მტრის საცავებსა და სამეთაურო პუნქტებზე დარტყმაში დიდი წვლილის შეატანა შეუძლია," - აღნიშნა მთავრობის წარმომადგენელმა.  ფედოროვმა აღნიშნა, რომ Backfire-ი ტესტირებას გადის და კარგ შედეგებს აჩვენებს.       

სტოლტენბერგი გამოდის გაფრთხილებით ბალკანეთში რუსეთის გავლენებზე

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოვიდა გაფრთხილებით "სეპარატისტული და დაყოფის გამომწვევი რიტორიკის" შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინაში და "მავნებლურ ჩარევაზე უცხოეთიდან", კერძოდ, რუსეთიდან. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მან დასავლეთ ბალკანეთში ტურნე დაიწყო. NATO-ს ხელმძღვანელი 20 ნოემბერს, მოგვიანებით, კოსოვოში ჩავა. ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეები "ძლიერად უჭერენ მხარს ბოსნია-ჰერცეგოვინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას" - მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ მოსკოვი ცდილობს რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, რათა ყურადღება გადაიტანოს უკრაინაში მის მიერ წარმოებული ომიდან. „მოსკოვის ჩარევა "ქმნის სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის და რეფორმების შესუსტების საფრთხეს," - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1992-95 წლების ბოსნიის ომის დასრულებაში და აშშ-ის შუამავლობით სამშვიდობო გეგმის მიღწევაში, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დაიყო სერბთა ერთეულად - რეპუბლიკა სრპსკად - და ბოსნიაკთა და ხორვატთა ფედერაციად. სამი ათწლეულის წინ, ყოფილი იუგოსლავიის დაშლისას სამოქალაქო ომის მიერ გამოწვეული ნგრევის შემდეგ ბოსნია ცდილობს, ეთნიკური ნიშნით დაყოფას გაუმკლავდეს.   

ლოიდ ოსტინი ზელენსკის: აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა ხანგრძლივად გაგრძელდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.  ოსტინმა ზელენსკის, 20 ნოემბერს განუცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა კიევისადმი, „ხანგრძლივად გაგრძელდება." როგორც ოსტინი Twitter-ზე წერს, მისთვის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა კიდევ ერთი შესაძლებლობა იყო, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა დაედასტურებინა. „მე მქონდა პატივი, დღეს, კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შევხვედროდი, რათა უკრაინის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დამედასტურებინა. ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მხარდაჭერას, რათა უკრაინის ბრძოლის ველზე, კიევისთვის არსებულ გადაუდებელ საჭიროებებსა და თავდაცვის გრძელვადიან მოთხოვნებს ვუპასუხოთ,“ - წერს ოსტინი. ოსტინი კიევში უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. ვიზიტი შედგა იმ ფონზე, როცა უკრაინისადმი აშშ-ის დახმარების საკითხი, კონგრესში აზრთა სხვადასხვაობას აწყდება. 20 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 105 მილიარდი დოლარის ერთობლივი დაფინანსების კანონპროექტი წარადგინა, რომელიც შეიცავს თავდაცვის დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე ისრაელისთვის, მაგრამ ის კონგრესში დამტკიცდა. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, სავარაუდოდ, შემცირდება და ევროკავშირს უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მზაობა, გააგრძელოს დახმარების გაგზავნა კიევისთვის. ამ შაბათ-კვირას, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ ის უკრაინისა და ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შემდგომი პაკეტების გადაცემის შობამდე დამტკიცებას უჭერს მხარს. ზელენსკი: გვჭირდება სიგნალი რუსეთისთვის, რომ მსოფლიო უკრაინის მხარდაჭერით არ დაიღლება