უცხოეთი

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ზამთრისთვის საჭირო დამატებითი დახმარება გაუგზავნა

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინულ ძალებს ზამთრისთვის შესაბამისი დახმარება მიაწოდა. უკრაინელმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთისგან 82000-ზე მეტი ჩაფხუტი, 25000 ზამთრის ტანსაცმლის კომპლექტი, 10000 ჯავშანი და 70000 ოპერატიული რაციონის პაკეტი მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.  „ზამთრის თვეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, კიევს მივაწოდეთ სხვადასხვა აუცილებელი ტანსაცმელი და ნაკრები,“ - ნათქვამია X-ზე განთავსებულ ინფორმაციაში.  

აშშ უკრაინას იორდანიისგან გამოსყიდულ 60 GEPARD-ს გადასცემს - მედია

უკრაინა ახლო მომავალში 60 ერთეულ Gepard-ის ტიპის თვითმავალი საზენიტო სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს. ინფორმაციას ნიდერლანდების გამოცემა De Telegraaf-ი ავრცელებს. გერმანული წარმოების სამხედრო მანქანები 2013 წელს ნიდერლანდებმა იორდანიას 21 მილიონ ევროდ მიყიდა. უკანასკნელი ასეთი Gepard-ი ნიდერლანდებმა 2016 წელს გაყიდა. ახლა აშშ-მ გადაწყვიტა, 110 მილიონ ევროდ გამოისყიდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები იორდანიისგან და ისინი უკრაინას გადასცეს. უკრაინის ძალები Gepard-ს რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოსაგდებად აქტიურად იყენებენ.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სომხეთში მისიის გაფართოებასა და ვიზალიბერალიზაციაზე დისკუსიის გააქტიურებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, სომხეთში მისია გაზარდოს. ბორელის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც „აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე“ მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის. „ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება და ამას ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე მძიმე შედეგები ექნება,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა და სომხეთის მოქალაქეებისთვის „ვიზა ლიბერალიზაციის ვარიანტი.“ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ეს გადაწყვეტილება ევროკომისიას შესაბამის დროში წარედგინება, რის შემდეგაც კომისიამ უნდა შეიმუშაოს წინადადებები გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ამ წინადადებებით გაირკვევა, რამდენად და რა ფორმით გაფართოვდება სომხეთში განთავსებული ევროკავშირის მისია (EUMA), და რა ტიპის დახმარებას მიიღებს ერევანი ბრიუსელისგან. ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, ბლოკის 27-ვე წევრმა უნდა გაუკეთოს რატიფიცირება.  

უკრაინამ რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, რუს ოლიგარქ მიხაილ ფრიდმანთან დაკავშირებული 9 კომპანიას სანქციები დაეკისრა. პრეზიდენტის ბრძანება 9 ნოემბერს გამოიცა. სანქცირებულია ფრიდმანთან კავშირში მყოფი შემდეგი კომპანიები: ლიხტენშტეინში დაფუძნებული Sogeral Foundation და ლუქსემბურგში დაფუძნებული CTF Holdings S.A; კვიპროსში დაფუძნებული Haberfield Limited, Alfa Finance Holdings Limited, Slavisilla Holdings Limited, Erasmony Limited, Rissa Investments Limited, International Distribution Systems Limited, და Dendar Investment Fund Limited.  

FT: აშშ-ის სანქციებმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის ძირითადი პროექტი პირველად დააზარალა

შეერთებული შტატები რუსული თხევადი გაზის ექსპორტის შეზღუდვას ცდილობს. ნოემბრის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა რუსეთის პროექტზე (Arctic LNG 2), რომელსაც რუსული კომპანია Novatek-ი ხელმძღვანელობს. Arctic LNG 2 არქტიკაში, გიდანის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, რომლის მიზანიც ბუნებრივი აირის მსოფლიო ბაზრებზე გატანაა. Reuters-ს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მაირმა განუცხადა, რომ აშშ-ის სანქციები რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ძირითადი პროექტის წინააღმდეგ, რომელშიც ფრანგული მწარმოებელი TotalEnergies (TTEF.PA) აქციონერია, არ წარმოადგენს დიდ რისკს ევროპის გაზის მიწოდებისთვის. TotalEnergies-ი 10%-იან წილს ფლობს Arctic LNG 2-ში. კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ფრანგული ნავთობის ფირმა საწარმოში, ლე მაირმა უპასუხა, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა. „ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ვაფასებთ აშშ-ის გადაწყვეტილების შედეგებს. ამ საკითხზე ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ აშშ-ს ხელისუფლებასთან,“- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა. FT-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც LNG-ის რუსული პროექტი პირდაპირ სანქციების დაწესების შედეგად დაზარალდა. ევროკავშირს რუსული LNG-ზე სანქციები არ დაუწესებია. მიუხედავად იმისა, რომ მილსადენებით ევროპაში გაზის იმპორტი მკვეთრად შემცირდა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის საპასუხოდ, ევროკავშირის ქვეყნებმა 2023 წელს რუსული LNG-ის რეკორდული რაოდენობა შეიძინეს. Bloomberg-ის თანახმად, ევროკავშირის წევრებმა რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2022 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ხუთჯერ მეტი - 12,5 მილიარდი ევრო დახარჯეს, ვიდრე 2021 წლის იმავე პერიოდში. გაზისა და ნავთობის სფეროში მოგება რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რაც მოსკოვს უკრაინაში ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს.  

დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ წინადადებებს წარადგენს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებებს წარადგენს.  „თქვენ იცით, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბოლო ევროპულ საბჭოზე დავალებად მომცეს, რომ შემექმნა ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის მიმართ. ამაზე წევრ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ. მომდევნო თვის დასაწყისში, უკრაინაში, ჩვენი წინადადებების განსახილველად, მისიას გავგზავნი," - განაცხადა ბორელმა.  

ვაშინგტონმა და სეულმა ჩრდილოეთ კორეის შეკავების სტრატეგია განაახლეს

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქმა პენტაგონის ხელმძღვანელის, ლოიდ ოსტინსა და სამხრეთ კორეის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, შინ ვონ-სიკს შორის მოლაპარაკებებს უმასპინძლა. ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ ხელახლა განიხილეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან მზარდი ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების შეკავებას ისახავს მიზნად. სეულში მოლაპარაკებების დროს პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა შინ ვონ-სიკმა შეკავების განახლებულ სტრატეგიას (TDS) მოაწერეს ხელი. შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ერთობლივი წვრთნების გააქტიურებაზე, ასევე იაპონიასთან თანამშრომლობაზე, რათა შეაკავონ DPRK და მოემზადონ მისი მხრიდან შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად. შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის თავდაცვის ლიდერებმა ჩრდილოეთ კორეის რაკეტებთან დაკავშირებული ინფორმაციის რეალურ დროში გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის შესახებ ახალ მონაცემებს ატლანტიკური საბჭოს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ანგარიში შეიცავს. დოკუმენტი, რომელიც 100-ზე მეტმა ექსპერტმა მოამზადა, ფხენიანის სამხედრო მოქმედებების მზარდ საფრთხეზე მიუთითებს, მათ შორის, ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე. კვირას, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სეოკ-იოლმა განაცხადა, რომ მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციისთვის, მათ შორის "ჰამასის“ ტიპის მოულოდნელი თავდასხმისთვის."  

გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას მიაწვდის

გერმანია უკრაინას დამატებით, IRIS-T საჰაერო თავდაცვის ორ სისტემას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის ელჩმა განაცხადა. გერმანიის მთავრობამ 27 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცა საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM, ასევე რაკეტები. დამატებით ოთხი IRIS-T სისტემა კიევს მანამდე მიეწოდა.  პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ნოემბრის საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვა, უკრაინის მოკავშირეების მიერ მოწოდებული სისტემების, მათ შორის, IRIS-T-ის წყალობით ბევრად უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე ის წინა წელს იყო.  

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, თუმცა დუდას სურს, რომ მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირება სცადოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობას გადადგომა შესთავაზა. ახლად არჩეული პარლამენტი პოლონეთში პირველად შეიკრიბა. პრო-ევროპული პარტიების ალიანსმა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის პირობას დებს, საპარლამენტო უმრავლესობა 15 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა. სავარაუდოდ, სწორედ ის გადაიბარებს ხელისუფლებას, მაგრამ შესაძლოა, ეს პროცეს ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ცენტრისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რომელიც მორავეცკის “კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მოკავშირეა, მორავეცკის სთხოვს, სხვა მთავრობის ფორმირებას ეცადოს და ორშაბათს საღამოს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ხელახლა დანიშნავს. მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირების სურვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დააფიქსირა, თუმცა მისმა ოპონენტებმა ამ ნაბიჯს არასერიოზული უწოდეს. ტუსკი და მისი მოკავშირეები დუდას ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მისი კოალიცია ასევე პირობას დებს, რომ გააძლიერებს საგარეო ალიანსებს და უსაფრთხოებას მეზობელ უკრაინაში ომის დროს. პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება 10 ნოემბერს გააფორმეს. მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს.  

ნორვეგია უკრაინას $89,7 მილიონის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია უკრაინას 89,7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განაცხადა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინას და რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაუწია  ამ ქვეყნებისთვის დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 10,7 მილიარდი კრონი (961 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ოსლომ კიდევ 75 მილიარდი კრონი (6,7 მილიარდი აშშ დოლარი) ტრანშების სახით, 2023-2027 წლებში დაგეგმა.  

ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს

გერმანია არამხოლოდ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ის გააართოვებს ასეთ დახმარებას ზამთრის თვეებში და მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ბრიუსელში განაცხადა. გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელი ევროკავშირის გაფართოების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრისას, მან მოუწოდა რეგიონულ აქტორებს, გამოიყენონ ევროპული პლატფორმა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რადგან სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული რეგიონში რეალური მშვიდობითა და უსაფრთხოებით.  

პისტორიუსი ადასტურებს, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს

გერმანია უკრაინას 2024 წლისთვის სამხედრო დახმარებას გაუორმაგებს და ამ მაჩვენებელს 4 მილიარდი ევროდან (4,3 მილიარდი დოლარი) 8 მილიარდ ევრომდე (8,6 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის. შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანულ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში გააკეთა. „ეს არის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ მასზე უარს არ ვამბობთ,“ - განაცხადა პისტორიუსმა, მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ დასავლეთის ყურადღება გადატანილია ისრაელ - “ჰამასის“ ომზე. გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს. გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.  

სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეციალურმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა 6-დან 10 ნოემბრამდე ერთობლივი წვრთნა ატიკაში, ნეა პერამუში გამართა. ერთობლივი ტრენინგი საბერძნეთ-კვიპროს-სომხეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია 2023 წლისთვის, რათა ხელი შეუწყოს მონაწილე ძალებს შორის ურთიერთგაგების დონის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და ცოდნის გაზიარებას.  

ბორელი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს აანონსებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ისრაელს და კიდევ 5 ქვეყანას ეწვევა. „ამ კვირაში გავემგზავრები ისრაელში, პალესტინაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში, რათა განვიხილო ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისა და დახმარების საკითხები, ასევე, პოლიტიკური საკითხები რეგიონის ლიდერებთან. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ჰორიზონტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ. ამის მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი,“ - წერს ბორელი X-ზე.  

დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის მთავრობაში დაბრუნდა

რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. BBC წერს, რომ მთავარი მოულოდნელობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის დაბრუნებაა. ქემერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო 2010 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 13 ივლისამდე. მან ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა. ჯეიმს კლევერლიმ შსს-ს მინისტრად გადაინაცვლა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქემერონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება სუნაკის მიერ მიღებულ „ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, მას მიაჩნია, რომ პრემიერი ძლიერი და უნარიანი ლიდერია. ცნობისთვის, სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრად ლიზ ტრასმა 2022 წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ გადადგომა მოუწია იმის გამო, რომ ოფიციალური დოკუმენტი პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევად ითვლება. რიში სუნაკმა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ექვსი დღის შემდეგ დააბრუნა. ბრავერმანმა ორი დღის წინ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აგრესიულ მემარჯვენე მომიტინგეებს სამართლიანად შეხვდნენ მკაცრი პასუხით, ხოლო პალესტინის მომხრეები, ძირითადად, უგულებელყოფილნი იყვნენ. ოფიციალურად ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება.  

შოლცი: პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გამართვა შესაძლებელია ვლადიმერ პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი უკრაინიდან თავის ჯარებს გაიყვანს. Heilbronner Stimme-თან ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ წარსულში იყო დისკუსიები რუსეთის პრეზიდენტთან და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა „რუსეთმა მოლაპარაკებების წინ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას: “გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.“ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორეა. უკრაინის მოკავშირეები უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მიღმა რუსეთთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად მხარს არ უჭერენ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში წარადგინა, ოკუპირებული უკრაინის მიწებიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.  

გაერო ღაზის სექტორში 100-ზე მეტი თანამშრომლის დაღუპვას გლოვობს

გაეროს მუშაკებმა ღაზის სექტოში ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულ 100-ზე მეტ თანამშრომელს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ნახევრად დაუშვეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშები. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის სააგენტომ (UNRWA) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში მისი 100-ზე მეტი თანამშრომელია დაღუპული.

F16-ის უკრაინელი პილოტებისთვის რუმინეთში სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

რუმინეთი და ნიდერლანდები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. რუმინეთში, ფეტესტის სამხედრო საჰაერო ბაზაზე F-16-ის სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი ბუქარესტის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 150 კილომეტრში მდებარეობს. პილოტებისთვის სასწავლო კურსი სავარაუდოდ, ექვს თვეს გაგრძელდება. ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. ზელენსკი: ნიდერლანდების F-16-ები უკვე რუმინეთის სასწავლო ცენტრში არიან  

რუსეთი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის გარეშე დარჩა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი განაცხადა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლედ რუსეთის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი მეორე ვადით აერჩია. სასამართლოს შექმნიდან, 1946 წლიდან პირველად, რუსეთს გაეროს ამ ერთ-ერთ მთავარ ორგანოში წარმომადგენელი აღარ ეყოლება. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც 15 რესპუბლიკის ამ გაერთიანებას გაეროს სასამართლოში ყოველთვის რუსი წარმომადგენელი ჰყავდა. კირილ გევორგიანი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლიდან იყო. გევორგიანი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კვოტით გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭისყრა, რუმინეთის წარმომადგენელთან ბოგდან-ლუჩიანუ აურესკუსთან დამარცხდა. 9 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად აურესკუ 117 ხმით აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრმაც. 15 მოსამართლისგან შემდგარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში მდებარეობს. ის გაეროს 6 მთავარი ორგანოდან ერთ-ერთია. მოსამართლეებს 9 წლის ვადით ირჩევენ გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ კი, 5 მოსამართლის ხელახლა არჩევა ხდება. რამდენიმე ვადით კენჭისყრა აკრძალული არ არის. ამჟამად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საჩივრებს განიხილავს. ეს ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ქმედებებს და ყირიმის ანექსიას - ასევე, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას.  

ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ “სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოემსახურება რეგიონში დესტრუქციული მოქმედებებისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილს ოკუპაციის ქვეშ აქცევს თითქმის 30 წლის განმავლობაში და დღემდე არ იკავებს თავს აგრესიული პოლიტიკისგან.“ „საფრანგეთის ეს ნაბიჯები, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, რომელიც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების პატივისცემასა და აღიარებას ეფუძნება. საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემაძრწუნებელი კამპანიისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას ემატება, რეგიონში საფრანგეთის გზასაცდენილ ინტერესებს ადასტურებს,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში და საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საფრანგეთმა სომხეთს ჯავშანტექნიკა მიაწოდა. სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საპასუხო განცხადება არც საფრანგეთს გაუვრცელებია. 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.