უცხოეთი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა, თუმცა დუდას სურს, რომ მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირება სცადოს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მთავრობას გადადგომა შესთავაზა. ახლად არჩეული პარლამენტი პოლონეთში პირველად შეიკრიბა. პრო-ევროპული პარტიების ალიანსმა, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების აღდგენის პირობას დებს, საპარლამენტო უმრავლესობა 15 ოქტომბრის არჩევნებზე მოიპოვა. სავარაუდოდ, სწორედ ის გადაიბარებს ხელისუფლებას, მაგრამ შესაძლოა, ეს პროცეს ოთხ კვირამდე გაგრძელდეს. ალიანსის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ცენტრისტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკია. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა, რომელიც მორავეცკის “კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის მოკავშირეა, მორავეცკის სთხოვს, სხვა მთავრობის ფორმირებას ეცადოს და ორშაბათს საღამოს მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ხელახლა დანიშნავს. მორავეცკიმ ახალი მთავრობის ფორმირების სურვილი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას დააფიქსირა, თუმცა მისმა ოპონენტებმა ამ ნაბიჯს არასერიოზული უწოდეს. ტუსკი და მისი მოკავშირეები დუდას ამომრჩეველთა ნების უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. მისი კოალიცია ასევე პირობას დებს, რომ გააძლიერებს საგარეო ალიანსებს და უსაფრთხოებას მეზობელ უკრაინაში ომის დროს. პოლონეთის ძირითადი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური შეთანხმება 10 ნოემბერს გააფორმეს. მორავეცკის კონსერვატიულმა პარტიამ, „კანონმა და სამართალმა“, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე უფრო მეტი ხმა (35.38%) მიიღო, მაგრამ მთავრობის ფორმირებისათვის საკმარისი მანდატების რაოდენობა არ აქვს.  

ნორვეგია უკრაინას $89,7 მილიონის მოცულობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია უკრაინას 89,7 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსებას გამოუყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს განაცხადა. სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ნორვეგიამ უკრაინას და რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ სხვა ქვეყნებს 4,5 მილიარდი კრონის (404 მილიონი დოლარი) ჰუმანიტარული დახმარება გაუწია  ამ ქვეყნებისთვის დახმარების ჯამურმა ღირებულებამ 2022 წელს 10,7 მილიარდი კრონი (961 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა. ოსლომ კიდევ 75 მილიარდი კრონი (6,7 მილიარდი აშშ დოლარი) ტრანშების სახით, 2023-2027 წლებში დაგეგმა.  

ბერბოკი: გერმანია უკრაინის მხარდაჭერას არამხოლოდ გააგრძელებს, არამედ გააფართოებს

გერმანია არამხოლოდ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, ის გააართოვებს ასეთ დახმარებას ზამთრის თვეებში და მთელი მომავალი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბაერბოკმა ბრიუსელში განაცხადა. გერმანული დიპლომატიის ხელმძღვანელი ევროკავშირის გაფართოების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს თავად ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ინტერესებში შედის. სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრისას, მან მოუწოდა რეგიონულ აქტორებს, გამოიყენონ ევროპული პლატფორმა მშვიდობიანი გადაწყვეტის მოსაძებნად, რადგან სწორედ ევროკავშირია დაინტერესებული რეგიონში რეალური მშვიდობითა და უსაფრთხოებით.  

პისტორიუსი ადასტურებს, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაორმაგებას გეგმავს

გერმანია უკრაინას 2024 წლისთვის სამხედრო დახმარებას გაუორმაგებს და ამ მაჩვენებელს 4 მილიარდი ევროდან (4,3 მილიარდი დოლარი) 8 მილიარდ ევრომდე (8,6 მილიარდი აშშ დოლარი) გაზრდის. შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა გერმანულ მაუწყებელ ARD-თან ინტერვიუში გააკეთა. „ეს არის ძლიერი სიგნალი უკრაინისთვის, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ მასზე უარს არ ვამბობთ,“ - განაცხადა პისტორიუსმა, მზარდი შეშფოთების ფონზე, რომ დასავლეთის ყურადღება გადატანილია ისრაელ - “ჰამასის“ ომზე. გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს. გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.  

სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეციალურმა ძალებმა ერთობლივი წვრთნები გამართეს

საბერძნეთის ეროვნული თავდაცვის გენერალური შტაბის ინფორმაციით, სომხეთის, საბერძნეთისა და კვიპროსის სპეცრაზმმა 6-დან 10 ნოემბრამდე ერთობლივი წვრთნა ატიკაში, ნეა პერამუში გამართა. ერთობლივი ტრენინგი საბერძნეთ-კვიპროს-სომხეთის ერთობლივი სამოქმედო გეგმის ნაწილია 2023 წლისთვის, რათა ხელი შეუწყოს მონაწილე ძალებს შორის ურთიერთგაგების დონის ამაღლებას, შესაძლებლობების განვითარებას და ცოდნის გაზიარებას.  

ბორელი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს აანონსებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ისრაელს და კიდევ 5 ქვეყანას ეწვევა. „ამ კვირაში გავემგზავრები ისრაელში, პალესტინაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში, რათა განვიხილო ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისა და დახმარების საკითხები, ასევე, პოლიტიკური საკითხები რეგიონის ლიდერებთან. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ჰორიზონტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ. ამის მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი,“ - წერს ბორელი X-ზე.  

დევიდ ქემერონი დიდი ბრიტანეთის მთავრობაში დაბრუნდა

რიში სუნაკმა დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი შეცვალა. BBC წერს, რომ მთავარი მოულოდნელობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის დევიდ ქემერონის დაბრუნებაა. ქემერონი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი იყო 2010 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 13 ივლისამდე. მან ახლა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ჩაიბარა. ჯეიმს კლევერლიმ შსს-ს მინისტრად გადაინაცვლა. მანამდე პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ქემერონი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება სუნაკის მიერ მიღებულ „ზოგიერთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას“, მას მიაჩნია, რომ პრემიერი ძლიერი და უნარიანი ლიდერია. ცნობისთვის, სუელა ბრავერმანი შინაგან საქმეთა მინისტრად ლიზ ტრასმა 2022 წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ გადადგომა მოუწია იმის გამო, რომ ოფიციალური დოკუმენტი პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, რაც მინისტრის წესების დარღვევად ითვლება. რიში სუნაკმა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ექვსი დღის შემდეგ დააბრუნა. ბრავერმანმა ორი დღის წინ, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ლონდონის პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აგრესიულ მემარჯვენე მომიტინგეებს სამართლიანად შეხვდნენ მკაცრი პასუხით, ხოლო პალესტინის მომხრეები, ძირითადად, უგულებელყოფილნი იყვნენ. ოფიციალურად ჯერჯერობით, უცნობია, რას უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრის გათავისუფლება.  

შოლცი: პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს გამართვა შესაძლებელია ვლადიმერ პუტინთან, თუ რუსეთის ლიდერი უკრაინიდან თავის ჯარებს გაიყვანს. Heilbronner Stimme-თან ინტერვიუში შოლცმა აღნიშნა, რომ წარსულში იყო დისკუსიები რუსეთის პრეზიდენტთან და მომავალშიც გაგრძელდება, თუმცა „რუსეთმა მოლაპარაკებების წინ გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას: “გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.“ გერმანია შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინის სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორეა. უკრაინის მოკავშირეები უკრაინის სამშვიდობო ფორმულის მიღმა რუსეთთან მოლაპარაკებებს ოფიციალურად მხარს არ უჭერენ. 10-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბერში წარადგინა, ოკუპირებული უკრაინის მიწებიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას გულისხმობს.  

გაერო ღაზის სექტორში 100-ზე მეტი თანამშრომლის დაღუპვას გლოვობს

გაეროს მუშაკებმა ღაზის სექტოში ისრაელ - “ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ დაღუპულ 100-ზე მეტ თანამშრომელს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ნახევრად დაუშვეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშები. გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის სააგენტომ (UNRWA) 10 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში მისი 100-ზე მეტი თანამშრომელია დაღუპული.

F16-ის უკრაინელი პილოტებისთვის რუმინეთში სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

რუმინეთი და ნიდერლანდები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ. რუმინეთში, ფეტესტის სამხედრო საჰაერო ბაზაზე F-16-ის სასწავლო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრი ბუქარესტის აღმოსავლეთით, დაახლოებით, 150 კილომეტრში მდებარეობს. პილოტებისთვის სასწავლო კურსი სავარაუდოდ, ექვს თვეს გაგრძელდება. ნიდერლანდები და დანია უკრაინისთვის მეოთხე თაობის ამერიკული თვითმფრინავების მიწოდების მიზნით, მოკავშირეების ძალისხმევას ხელმძღვანელობენ. მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ, უკრაინა ნიდერლანდისგან 42, ხოლო დანიისგან 19 გამანადგურებელ თვითმფრინავს მიიღებს. ზელენსკი: ნიდერლანდების F-16-ები უკვე რუმინეთის სასწავლო ცენტრში არიან  

რუსეთი გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის გარეშე დარჩა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უარი განაცხადა, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლედ რუსეთის წარმომადგენელი კირილ გევორგიანი მეორე ვადით აერჩია. სასამართლოს შექმნიდან, 1946 წლიდან პირველად, რუსეთს გაეროს ამ ერთ-ერთ მთავარ ორგანოში წარმომადგენელი აღარ ეყოლება. საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც 15 რესპუბლიკის ამ გაერთიანებას გაეროს სასამართლოში ყოველთვის რუსი წარმომადგენელი ჰყავდა. კირილ გევორგიანი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლიდან იყო. გევორგიანი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის კვოტით გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭისყრა, რუმინეთის წარმომადგენელთან ბოგდან-ლუჩიანუ აურესკუსთან დამარცხდა. 9 ნოემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგად აურესკუ 117 ხმით აირჩიეს. მას მხარი დაუჭირა გაეროს უშიშროების საბჭოს 15-დან 9 წევრმაც. 15 მოსამართლისგან შემდგარი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში მდებარეობს. ის გაეროს 6 მთავარი ორგანოდან ერთ-ერთია. მოსამართლეებს 9 წლის ვადით ირჩევენ გაეროს გენერალური ასამბლეა და უშიშროების საბჭო. ყოველ 3 წელიწადში ერთხელ კი, 5 მოსამართლის ხელახლა არჩევა ხდება. რამდენიმე ვადით კენჭისყრა აკრძალული არ არის. ამჟამად მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საჩივრებს განიხილავს. ეს ეხება 2014 წელს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების ქმედებებს და ყირიმის ანექსიას - ასევე, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას.  

ბაქო: საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ჯავშანტექნიკის მიწოდებას ვგმობთ

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს სომხეთისთვის იარაღის მიწოდების გამო აკრიტიკებს. უწყების პრესსპიკერმა აიხან ჰაჯიზადამ აღნიშნა, რომ “სამხედრო ტექნიკის გადაცემა მოემსახურება რეგიონში დესტრუქციული მოქმედებებისა და სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიების ნაწილს ოკუპაციის ქვეშ აქცევს თითქმის 30 წლის განმავლობაში და დღემდე არ იკავებს თავს აგრესიული პოლიტიკისგან.“ „საფრანგეთის ეს ნაბიჯები, რომელიც თავს საერთაშორისო სამართლის დამცველად და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდამჭერად წარმოაჩენს, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ძალისხმევას ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ, რომელიც რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისო საზღვრების პატივისცემასა და აღიარებას ეფუძნება. საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის წინააღმდეგ შემაძრწუნებელი კამპანიისა და დესტრუქციული ქმედებების ფონზე, ეს ნაბიჯები, რომლებიც სომხეთის მილიტარიზაციის პოლიტიკას ემატება, რეგიონში საფრანგეთის გზასაცდენილ ინტერესებს ადასტურებს,“ - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სომხეთმა და საფრანგეთმა უნდა დაასრულონ შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკა რეგიონში და საბოლოოდ გააცნობიერონ, რომ მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში ალტერნატივა არ აქვს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ საფრანგეთმა სომხეთს ჯავშანტექნიკა მიაწოდა. სომხურ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. საპასუხო განცხადება არც საფრანგეთს გაუვრცელებია. 23 ოქტომბერს სომხეთმა და საფრანგეთმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმება სომხეთისთვის Thales-ის მიერ წარმოებული სამი რადარის მიწოდებას და ფრანგული „მისტრალის“ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების მომავალში გადაცემას ითვალისწინებს.  

ISW ვარაუდობს, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთში სამიზნეებზე თავდასხმებს აძლიერებს

უკრაინა ოკუპირებულ უკრაინასა და რუსეთში, რუსეთის სამხედრო, ლოგისტიკური და სხვა სამიზნეების წინააღმდეგ თავდასხმებს აძლიერებს. ამის შესახებ აშშ-ში დაფუძნებული ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) თავის ბოლო შეფასებაში წერს. გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე სამი რუსი ოფიცერი დაიღუპა მელიტოპოლში 11 ნოემბერს ადგილობრივი პროუკრაინული წინააღმდეგობის მიერ მოწყობილი აფეთქების შედეგად, იტყობინება უკრაინის სამხედრო დაზვერვა (HUR). ერთი დღით ადრე, HUR-მა განაცხადა, რომ უკრაინის ზედაპირული თვითმფრინავების თავდასხმამ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან ორი რუსული ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი ჩაიძირა. ბოლო თავდასხმები ასევე მოიცავდა მოსკოვში „დანიშნული“ მარიონეტი ხელმძღვანელისა და ყოფილი სამხედრო მეთაურის, მიხაილ ფილიპონენკოს მკვლელობას 8 ნოემბერს ოკუპირებულ ლუგანსკში ან სარაკეტო დარტყმას ოკუპირებულ სკადოვსკზე 9 ნოემბერს, რამაც სავარაუდოდ, რამდენიმე მაღალი რანგის რუსი ოფიცერი გაანადგურა. The Washington Post 23 ოქტომბერს ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) და HUR, სავარაუდოდ, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსული სამიზნეების წინააღმდეგ იერიშის დროს ათობით მკვლელობის უკან დგანან.  

პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა

პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან ახალი სატანკო ბატალიონი განათავსა, რომელიც სამხრეთ კორეაში წარმოებული K2-ის ტიპის ტანკებით არის აღჭურვილი. იტყობინება პოლონეთის თავდაცვის სამინისტრო. ახალი სატანკო ბატალიონი ბრესტის რეგიონში, ბელარუსთან საზღვარზე მდებარე დასახლებაში განლაგდება. „ჩვენ ვიცით საფრთხეების შესახებ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ კრემლის მმართველებმა დაიწყეს ომი, რადგან მათ სურთ რუსეთის იმპერიის აღდგენა... ამიტომ ვაძლიერებთ არმიას, რათა თავიდან ავიცილოთ ჩვენს სამშობლოზე თავდასხმა .. ვაფუძნებთ ახალ სამხედრო ნაწილებს,“ - განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა. ცნობილია, რომ აღმოსავლეთიდან საფრთხის შემთხვევაში, ახალი ქვედანაყოფის ამოცანა იქნება ეფექტიანი ბარიერის შექმნა მტრის შეტევითი მოქმედებების შესაჩერებლად. შეგახსენებთ, ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს. ვარშავა უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. რუსეთისა და ბელორუსისგან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, პოლონეთის არმიის რაოდენობა თითქმის გააორმაგა  

ერმაკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანი უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულის განხილვა და უკრაინის თავდაცვის გაძლიერებაა. „მე მექნება შეხვედრები თეთრ სახლში, კონგრესში, ანალიტიკურ ცენტრებში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან,“ - წერს ერმაკი X-ზე. ერმაკის თქმით, დღის წესრიგშია - უკრაინის პრეზიდენტის მშვიდობის ფორმულა, უკრაინის თავდაცვის გაძლიერება, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გაღრმავება და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი თემა. 11 ნოემბერს სატელეფონო საუბრისას, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრი ერმაკმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კიევისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის დროული მიწოდების აუცილებლობა განიხილეს.  

გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა - მედია

გერმანიის მმართველმა კოალიციამ უკრაინის სამხედრო დახმარების გაორმაგება გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი და Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ. 2024 წელს გერმანია უკრაინისთვის 8 მილიარდი ევროს (8. 5 მილიარდი დოლარის) სამხედრო დახმარების გაწევას გეგმავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მმართველმა კოალიციამ დაამტკიცა და ახლა პარლამენტმა უნდა მიიღოს. Bloomberg-ს წყარომ განუცხადა, რომ ეს შესაძლოა, მომავალ კვირაში მოხდეს. გერმანია უკრაინის უმსხვილესი სამხედრო სპონსორია ევროპაში, მსოფლიოში კი, შეერთებული შტატების შემდეგ მეორე. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიამ უკრაინას 17 მილიარდ ევროზე მეტი სამხედრო დახმარება გაუგზავნა.  

რასმუსენმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც, უკრაინას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე NATO-ში გაწევრიანება უნდა შესთავაზონ

NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ უკრაინა სამხედრო ალიანსს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე უნდა შეუერთდეს. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. ყოფილი გენერალური მდივანი ამბობს, რომ ნაწილობრივი წევრობა რუსეთისთვის გაფრთხილება იქნება, რომ მას არ შეუძლია, შეაჩეროს უკრაინის ალიანსში გაწევრიანება. რასმუსენმა განმარტა, რომ უკრაინის ნაწილობრივი გაწევრიანების გეგმა კონფლიქტის გაყინვის სიმბოლიზებას არ მოახდენს. „მოვიდა დრო, გადავდგათ შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ გვჭირდება ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სადაც უკრაინა NATO-ს გულშია," - განაცხადა რასმუსენმა. ის ფიქრობს, რომ მე-5 მუხლი შეაკავებს რუსეთს NATO-ს შიგნით, უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებისგან. მან ასევე დაასახელა სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც, უკრაინას წევრობა უნდა შესთავაზონ. უპირველეს ყოვლისა, NATO-ს შიგნით უკრაინა შეასრულებს ერთგვარი საყრდენის ფუნქციას ჯერ კიდევ აგრესიული რუსეთის წინააღმდეგ. „მეორე: ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნაცრისფერი ზონები სახიფათო ზონაა. ნეიტრალიტეტი სამყაროს ძველი გაგებით აღარ არსებობს. რუხი ზონები პუტინისთვის თავდასხმის ცდუნებად იქცევა." და ბოლოს, უკრაინის არმია ახლა ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმიაა ევროპაში და ის იქნება აქტივი, მაგალითი სხვა ევროპული ძალებისთვის,“ - განაცხადა რასმუსენმა. ანდერს ფოგ რასმუსენი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან მუშაობდა ანდრი ერმაკთან ერთად, NATO-ს ბოლო სამიტის წინ, სადაც უკრაინის MAP-ის ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე გაწევრიანება გადაწყდა. რასმუსენი NATO-ს გენერალური მდივანი 2009-2014 წლებში იყო. ალიანსი მომავალ ზაფხულს ვაშინგტონში, 75-ე საიუბილეო სამიტს გამართავს. რასმუსენის შეფასებით, უკრაინის გაწევრიანების გადავადება მომავალ წელს აღარ შეიძლება.  

ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს მიიღებს

ფინეთი ისრაელისგან ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებს (David’s Sling) შეისყიდის. დაახლოებით, 317 მილიონი ევროს მოცულობის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა. ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების, ასევე თვითმფრინავების და დრონების გადატაცების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილის სისტემაა მსოფლიოში. მას შეუძლია, სამიზნე 300 კილომეტრში გადაიტაცოს. უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ფინეთი თავისი საჰაერო თავდაცვის სისტემის განახლებას ცდილობს. 2023 წლის აპრილში ფინეთი ალიანსის 31-ე წევრი გახდა.  

ჩინეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთი ქვეყანა ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ

ჩინეთი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ხუთ ქვეყანასთან ერთად სამხედრო წვრთნებს გამართავს. სწავლება ნოემბრის შუა რიცხვებში გაიმართება. წვრთნები, რომელიც ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანგდონში ჩატარდება, კამბოჯის, ლაოსის, მალაიზიის, ტაილანისა და ვიეტნამის ძალების ჩართულობას მოიცავს. წვრთნები კონტრტერორიზმსა და საზღვაო უსაფრთხოებაზე იქნება ორიენტირებული.  

„დიდგორი 2023-ს“ ახალი კომპონენტი დაემატა

„დიდგორი 2023-ის“ ფარგლებში გამართული საველე სწავლებები საზოგადოებრივი და მოხალისეთა ორგანიზაციების ჩართულობით პირველად თამაშდება. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ სხვადასხვა საველე კომპონენტის ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს. წელს „დიდგორი 2023-ის“ ერთ-ერთი სიახლე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოხალისეთა რაზმების ჩართვასაც ითვალისწინებს. უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ,,დიდგორი 2023’’ წინა სწავლებებთან შედარებით უფრო მასშტაბურია „კრიზისულ სიტუაციებში კოორდინირებულად თანამშრომლობისა და ეფექტიანად მოქმედებების მიზნით, საჩხერეში წყალდიდობის სცენარის მიხედვით სიმულაციური სწავლება გათამაშდა. ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის ასეულმა და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქვედანაყოფებმა საზოგადოებრივი ორგანიზაციების„ვემსახურები საქართველოს“ და „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის“ წარმომადგენლებთან ერთად სამაშველო ოპერაციები კოორდინირებულად ჩაატარეს. „დიდგორი 2023“-ის საველე კომპონენტების ერთ-ერთ მიზანს, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ბუნებრივ კატასტროფაზე რეაგირება, მოხალისეთა ორგანიზაციის კონტროლი, რეზერვისტთა მიღების, აღჭურვისა და მომზადების პროცედურების და უწყებათაშორისი კომუნიკაციის დახვეწა იყო,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ ნოემბერს დაიწყო.