პოლიტიკა

რა წერია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოზე

საქართველოში 2025 წელს ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა რეპრესიული ქმედებებითა და კანონებით. ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ევროკავშირის ყოველწლიურ ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ქმედებები არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის თანასწორობასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, ასევე პირადი ცხოვრების, ოჯახური ცხოვრების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას. „სამართალდამცავი ორგანოების მიერ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ არასათანადო მოპყრობა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში წამებას ან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას უტოლდებოდა, ფართოდ იყო გავრცელებული 2025 წელს,“ - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, არცერთი დამნაშავე არ დასჯილა, რამაც ხელი შეუწყო დაუსჯელობის გარემოს შექმნას. „თვითნებური დაკავებების შემთხვევები, წინასწარი პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არაპროპორციულად მკაცრი სასჯელები შეშფოთებას იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ დემონსტრაციებში მონაწილე ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის, სექსუალური შევიწროების და გაუპატიურების ან სიკვდილით მუქარის შემთხვევები. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალმა კანონმდებლობამ, მათ შორის მაუწყებლობის შესახებ კანონში, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონსა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტში შეტანილმა ცვლილებებმა, უარყოფითად იმოქმედა გამოხატვის თავისუფლების უფლებასა და მედიის თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობაზე. „ფართოდ ვრცელდებოდა ცნობები ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ დაშინების, მუქარის, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე თვითნებური დაკავებების შესახებ. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა მნიშვნელოვანი უკუსვლით ხასიათდებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები გაატარა, რომლებიც სერიოზულად უთხრის ძირს დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღებასა და პროცესებს და ფაქტობრივად გააუქმა მოქალაქეთა მონაწილეობა და კონტროლისა და ბალანსის სისტემა,“ - აღნიშნულია დოკუმენტში. ანგარიშის თანახმად, რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის (CSO) საბანკო ანგარიშების გაყინვით, ხელისუფლებამ მართლმსაჯულების სისტემა რეპრესიისა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენა, რათა ორგანიზაციებისთვის აუცილებელ ფინანსურ რესურსებზე წვდომა შეეზღუდა და განსხვავებული მოსაზრების მქონე ხმები ჩაეხშო. „სამოქალაქო საზოგადოება და კრიტიკული ხმები ასევე დაშინების წინაშე აღმოჩნდნენ - სულ უფრო ხშირად ვრცელდებოდა მტრული რიტორიკა, მუქარა და ძალადობა. პოლიტიკური პლურალიზმი საფრთხის ქვეშ დადგა, რადგან მმართველი პარტია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ცდილობს. სამოქალაქო საზოგადოების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციის ლიდერების დაკავება ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა,“ - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ 2025 წლის დეკემბერში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს არ აკმაყოფილებს; ასევე, 2025 წელს ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებთან საქართველოს შესაბამისობის შეფასებას განაგრძობდა. მისივე თანახმად, ევროკავშირი 2025 წელს მუდმივად მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლის კურსი და გაეუქმებინა რეპრესიული კანონმდებლობა.  

ალიევი: გვინდა, ევროპაში ელექტროენერგიითაც გავიდეთ — დღეს გზა თბილისსა და ანკარაზე გადის

აზერბაიჯანი ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტიც ამჟამად საქართველოსა და თურქეთზე გადის. „ჩვენს რეგიონში, ჩვენ გარდა, არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსების ასეთი მოცულობით მარაგით იყოს უზრუნველყოფილი - იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებით, ევროპულ ბაზარზეც გავალთ. რადგან ამჟამად ევროპულ ბაზარზე უკვე გავდივართ ჩვენი ნავთობითა და გაზით, თუმცა გვინდა, იქ ელექტროენერგიითაც გავიდეთ. დღეს ერთადერთი მარშრუტი არის საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. კერძოდ, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა. თუმცა მეორე გადამცემი ხაზი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, როგორც ალბათ გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან ერთად შევთანხმდით კასპიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანაზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას,“ – განაცხადა ალიევმა. ჩვენ ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ. კერძოდ, უკვე მზად არის შავი ზღვის ენერგოკაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. თუმცა, მეორე გადამცემი ხაზის არსებობა მხოლოდ განამტკიცებს ჩვენს პოტენციალს,“ - განაცხადა ალიევმა.  

ვინ შეასრულებს აშშ-ის ელჩის მოვალეობას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი ვ. დიაზი იქნება. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძოლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი). მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა). აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა საქართველო ერთი კვირის წინ დატოვა.  

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა

„ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოდან საწვავის შეტანის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით ასეთ რამეს უშვებს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო, მათ შორის “ოკუპაციის შესახებ კანონიც.” „თუ რაიმე ასეთი ნაბიჯი გადაიდგა და გადაიდგმება, ყველა ასეთი ნაბიჯი გადაიდგმება “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში. ჩვენ თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ გავაკეთებთ “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში. ჩვენ გვაქვს მათ შორის პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც განკუთვნილია სწორედ იქ მცხოვრები მოსახლეობის, არა მარტო ქართული, ასევე აფხაზური მოსახლეობის მხარდაჭერისთვის. ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა. თუკი რაიმე ასეთი ნაბიჯი იდგმება, იდგმება “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში,“ - განაცხადა პრემიერმა. ცნობისთვის, ტურისტული სეზონის პიკზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტია. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხებაა, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდება. „ჩვენ ვიღებთ ზომებს საწვავის სხვა მიმართულებებიდან, მათ შორის სხვა ქვეყნებიდან, შემოტანის მიზნით, მათ შორის საზღვაო გზით. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს კოლეგებთან, თუმცა, შავი ზღვის აკვატორიაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ყველა მიმწოდებელი, ჩვენთვის ცნობილი მიზეზების გამო, მზად არ არის საწვავის მოწოდებისთვის. ლოგისტიკური სირთულეები არსებობს, თუმცა მუშაობა არ ჩერდება,“ - ამბობდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ბადრა გუნბა 10 აგვისტოს. ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ მხოლოდ ნიკარაგუას, ვენესუელასა და სირიას. თავდაპირველად ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ, ტუვალუმ და ნაურუმ, თუმცა საბოლოოდ მათ აღიარება უკან წაიღეს.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: გავაგრძელებთ მუშაობას სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სტრატეგიული პოზიციის გასაძლიერებლად

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ალისონ ჰუკერმა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ელნურ მამედოვსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვაჰან კოსტანიანს უმასპინძლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 2025 წლის 8 აგვისტოს მიღწეული ისტორიული მშვიდობის წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა. „მოუთმენლად ველი ჩვენი მნიშვნელოვანი სამუშაოს გაგრძელებას სამხრეთ კავკასიისთვის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად, ამავდროულად, ამ მნიშვნელოვან რეგიონში ამერიკის სტრატეგიული პოზიციის გაძლიერების მიზნით,“ - აცხადებს ჰუკერი. აშშ-მ TRIPP-თან დაკავშირებული ფონდის დაფინანსება გააორმაგა  

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებები: კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა - 2008 წლის ამ დღეს, რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები წამოიწყო, რითაც კიდევ უფრო შელახა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მოახდინა საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, - ამის შესახებ წერია საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადებაში. მისივე მიხედვით, რუსული აგრესიიდან 18 წლის შემდეგ, კვლავ ადასტურებენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. “მივესალმებით ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, გაიწვიოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება. მოვუწოდებთ იმ სახელმწიფოებს, რომლებმაც ამ ერთეულებთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარეს, მიყვნენ ამ მაგალითს. კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონალურ და ევროპულ სტაბილურობას. 2025 წლის ოქტომბერში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ რეგიონებში ჩადენილი არაერთი დარღვევისთვის, მათ შორის ძალის გადამეტებისთვის, არასათანადო მოპყრობისთვის, უკანონო დაკავებებისთვის და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილების უკანონო შეზღუდვისთვის. მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს ნაკისრი ვალდებულებები. შეშფოთებულნი ვართ სამხრეთ ოსეთში ბოლოდროინდელი მოვლენებით. 2026 წლის 9 მაისს მოსკოვსა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის ხელმოწერილი „ალიანსისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმება“ კიდევ უფრო არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას. ეს დოკუმენტი, ისევე როგორც რეგიონის სათავეში რუსეთის მოქალაქის დანიშვნა, აძლიერებს შეშფოთებას რეგიონის შესაძლო სრულმასშტაბიანი ანექსიის თაობაზე, რაც უპასუხოდ არ დარჩება. ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას „ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების“ (GID) პლატფორმის მიმართ, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ ევროკავშირი, ეუთო და გაერო. ეს არის ერთადერთი ფორმატი, რომელიც მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაზე მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. ვაფასებთ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობას და მომავალშიც გავაგრძელებთ მისიის როლის მხარდაჭერას,“ - ნათქვამია საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადებაში.    

თურქეთს უკრაინაში ახალი ელჩი ჰყავს

თურქეთმა უკრაინაში ახალი ელჩი დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას თურქეთის პრეზიდენტი აწერს ხელს. ახალ ელჩად უკრაინაში ფატმა ჯერენ იაზგანი დაინიშნა. მანამდე ის ნიდერლანდებში თურქეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე კი, საქართველოში თურქეთის ელჩი იყო. თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი  

ამერიკის საელჩო: აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით

​საქართველოში აშშ-ის საელჩო სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და გამოხატავს ერთგულებას „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ."  საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის მეთვრამეტე წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაში „ხაზს უსვამს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას.“ „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას. სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას,“ - წერია განცხადებაში. საქართველოს პარტნიორი ოთხი ქვეყნის საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე კვლავ გამოხატავენ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

ირაკლი კობახახიძემ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა.  პრემიერი ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გაეცნო.  ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.  „ობიექტების შესაძლებლობებსა და სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმებს გავეცანი. ხაზი გავუსვი ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურისა და ტერმინალების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა სარეკორდო მაჩვენებელზეა ასული. პირველი 7 თვის მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი წელი ბათუმის პორტისთვის სარეკორდო იქნება ტვირთბრუნვის კუთხით. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვითარდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფოთის პორტი. აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის შექმნაზე. 2029 წლისთვის უკვე დაგეგმილია ანაკლიის პორტში პირველი გემების მიღება და პირველი ფაზის საპროექტო სამუშაოების დასრულება,“ - წერს ირაკლი კობახიძე Facebook-ზე. ცნობისთვის, 2021 წლის 11 ივნისს, ბათუმში პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი გაიხსნა, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ბაზართან აკავშირებს. ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის ინვესტორია ამერიკული გიგანტი Trammo, რომლის მიერ განხორციელებული პროექტიც აჭარაში პირველ მსხვილ ამერიკულ პირდაპირ ინვესტიციას წარმოადგენს. მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი წარმოადგენს სტრატეგიული ლოგისტიკური კვანძია, რომელიც შუა დერეფნის (Middle Corridor) სატრანზიტო მარშრუტის განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ტერმინალი წელიწადში 1 500 000 ტონა მინერალურ სასუქს გადაამუშავებს. ბათუმის მინერალური სასუქების მულტიმოდალური ტერმინალი არის უმსხვილესი პროექტი, რომელიც აშშ-ის, უზბეკეთისა და საქართველოს პარტნიორობის სიმბიოზია.  

რუმინეთი ოკუპირებულ სოხუმში ჯგუფ Morandi-ის დაგეგმილ კონცერტს ეწინააღმდეგება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუმინული ჯგუფის Morandi-ს 7 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტს სოხუმში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში. ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. რუმინეთი კიდევ ერთხელ მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას. „რუმინეთი, რომელიც ურყევად ინარჩუნებს არაღიარების პოლიტიკას, მტკიცედ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,” – ნათქვამია რუმინეთის საგარეო უწყების განცხადებაში. რუმინული პოპ-დენს დუეტი Morandi 2004 წელს ბუქარესტში ჩამოყალიბდა.  

აზერბაიჯანი მზადაა, უკრაინას ბუნებრივი აირი მიაწოდოს

აზერბაიჯანი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში უკრაინას ბუნებრივი აირი მიაწოდოს. ბაქო რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავის გამოყენების შესაძლებლობებს იკვლევს. ამის შესახებ განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, რომელიც უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. როგორც ბაირამოვმა კიევში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზ განაცხადა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უკრაინის ბაზარზე დიდი ხნის განმავლობაში იყო წარმოდგენილი, ქვეყანაში აქტიურად ოპერირებდა და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების ფართო გეგმები ჰქონდა. ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და უკრაინა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობისთვის აქტიურ დიალოგს აწარმოებენ. მან ასევე ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის სტრატეგიულ როლს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამჟამად ბუნებრივ გაზს 12 ევროპულ ქვეყანას აწვდის, მათ შორის ევროკავშირის 10 წევრ სახელმწიფოს. ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მზად იქნება, საჭიროების შემთხვევაში, უკრაინას გაზი მიაწოდოს. ბაირამოვმა განმარტა, რომ უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების შესაძლო გამოყენება შეიძლება, ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ ერთი პერსპექტიული სფერო გახდეს, რაც ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. მანვე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ამ საკითხს მომავალში თანამშრომლობის უაღრესად პერსპექტიულ მიმართულებად მიიჩნევს. თავის მხრივ, სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინა დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ენერგომომარაგების დივერსიფიკაციით და კიევმა აზერბაიჯანული მხარისთვის წინადადებების პაკეტიც მოამზადა. სიბიჰამ განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული განზომილება აქვს, როგორც მიმდინარე პროექტების, ასევე სამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული ბიზნესები დიდი ხანია, აქტიურად არიან წარმოდგენილნი უკრაინაში და რომ კიევი აზერბაიჯანული ინვესტიციების შემდგომ გაფართოებას მიესალმება. სიბიჰამ დასძინა, რომ უკრაინამ მოამზადა წინადადებების პაკეტი თავისი აზერბაიჯანელი პარტნიორებისთვის და დაინტერესებულია ქვეყნის ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გზით. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანს უწოდა ძლიერი და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში და რომ ბაქოს ხმას ომის დასრულების მცდელობებში მნიშვნელოვანი წონა აქვს. უკრაინულმა მხარემ აზერბაიჯანს მიაწოდა ინფორმაცია კიევის სამშვიდობო ინიციატივების შესახებ და მშვიდობის ხელშეწყობისა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით ბაქოს მნიშვნელოვან როლს გაუსვა ხაზი.   სიბიჰამ ასევე „მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანს პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს რუსეთ-უკრაინის ომის პირველი დღეებიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მხარდაჭერა მოიცავდა ირპინში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ენერგეტიკული ობიექტების აღჭურვას და დახმარების სხვა ფორმებს.“ სიბიჰას შეფასებით, აზერბაიჯანის როლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, მთლიანად ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. მან გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს და კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ თანამშრომლობას. სიბიჰამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინა აზერბაიჯანთან თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ მიმართული ფართო ძალისხმევის ნაწილად მიიჩნევს. მისი თქმით, მინისტრებმა ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაფართოება, მათ შორის შუა დერეფნის პერსპექტივები განიხილეს.   სიბიჰამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია სამხრეთ კავკასიასთან და ცენტრალურ აზიასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და რომ ეს სავაჭრო მარშრუტები ასევე დაკავშირებულია ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობასთან. მინისტრების მიერ განხილული საკითხები მოიცავდა: რეგიონულ უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში; ასევე, უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მცდელობებს. ორივე მხარემ ასევე განიხილა სატრანსპორტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.  ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია, კიევი დაინტერესებულია, რომ ორმხრივი ვაჭრობის დონე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე არსებულ მონაცემს დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებისთვის ელექტრონული ნებართვების სისტემა აამოქმედეს

აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ელექტრონული ნებართვის (e-Permit) სისტემის დანერგვა დაიწყეს. ამის აზერბაიჯანის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (AYNA) იუწყება. შეთანხმების თანახმად, ორივე ქვეყნის წარმომადგენლებისგან შემდგარმა ერთობლივმა სამუშაო ჯგუფმა პირველ მაისს დაიწყო ტექნიკური ინტეგრაციის სამუშაო, სამუშაო პროცესი წარმატებით დასრულდა. e-Permit სისტემა წარმატებით გამოიყენება თურქეთთან, უზბეკეთთან, ყირგიზეთთან და ყაზახეთთან.  

ზელენსკი: დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის ყოფნა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობას ნიშნავს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას აპირებს. ამის შესახებ მან თავის Telegram არხზე დაწერა. „პუტინის ამოცანაა, დააბრუნოს ის, რაც უკვე დაიშალა. რაც უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი იქნებიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, მით უფრო გაუჭირდება მას ამის გაკეთება,“ — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. „აქ მთავარი გასაღები უკრაინაა. მას ჩვენი გატეხვა სურს. ეს რომ შეძლებოდა, პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთანაც ბევრად გაუადვილდებოდა მოქმედება — სრული პატივისცემით ყველა ქვეყნის მიმართ. ყველამ იცის და ყველა ძალიან აფასებს უკრაინის წვლილს, რომელიც უკრაინამ საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის ფასად შეიტანა სხვა ქვეყნების დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. ჩვენ უნდა ავაშენოთ მყარი ურთიერთობები დამოუკიდებელ აზერბაიჯანთან. მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, წელს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად აღვადგინეთ კონტაქტები სომხეთთან. ეს დაგვეხმარება. დღეს პოსტსაბჭოთა სივრცეში უკრაინის არსებობა ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტიაა. მაგალითად, მე მიმიწვიეს მოლდოვის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ურთიერთობების შენარჩუნება და ვამაყობ, რომ მათ ვაშენებთ,“ — აღნიშნა ზელენსკიმ.  

აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამა 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის მუდმივად იმოქმედებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო დეპოზიტის პროგრამის მოთხოვნებს მუდმივს ხდის მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის ფედერალური რეესტრის ცნობით, მოთხოვნები ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც ბიზნესისა და ტურისტული მოგზაურობისთვის გაიცემა. 2025 წელს ამოქმედებული სავიზო დეპოზიტის პროგრამის ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებამ უწყებას საკმარისი მონაცემები მიაწოდა, რათა დაასკვნას, რომ პროგრამა სავიზო პირობების დაცვას ეფექტიანად უზრუნველყოფს და ის მუდმივი გახდეს. საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დეპოზიტის ოდენობა 5000, 10000 ან 15000 დოლარი იყო, თუმცა პროგრამის საბოლოო რეგულაციით 5000 დოლარის ოდენობის დეპოზიტი უქმდება და მისი მაქსიმალური ოდენობა 20 000 დოლარით განისაზღვრება. „საკონსულოს თანამშრომლებმა შეიძლება, არასაიმიგრაციო ვიზებზე განცხადების შემტანებისგან 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოითხოვონ ვიზის გაცემის პირობად, როგორც ეს განსაზღვრულია საკონსულოს თანამშრომლების მიერ,“ - ნათქვამია შეტყობინებაში. აშშ-ის სავიზო დეპოზიტის პროგრამის საბოლოო რეგულაცია 3 აგვისტოს ამოქმედდება. აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხსენებული პოლიტიკის მიზანია ვიზების ვადის გასვლის შემთხვევების შემცირებას. უფლებადამცველების შეფასებით კი, ეს დააბრკოლებს შეერთებულ შტატებში კანონიერად მოგზაურობას. ამასთან, მათივე შეფასებით, „იმიგრაციის კანონების გამკაცრების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აგრესიული ზომები არღვევს სიტყვის თავისუფლებას და სათანადო სამართლებრივ პროცედურას, ქმნის არაუსაფრთხო გარემოს ეთნიკური უმცირესობებისთვის და ხელს უწყობს რასობრივ პროფილირებას. ტრამპი იცავს ამ ზომებს და ამტკიცებს, რომ ისინი აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.“ „თავის მხრივ, ტრამპი აცხადებს, რომ არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვა სურს. მისმა ადმინისტრაციამ გაართულა ლეგალური იმიგრაცია, მაგალითად, გარკვეული ვიზების მსურველთათვის ახალი და ძვირადღირებული გადასახადების დაწესებით და ქვეყანაში უკვე მყოფი განმცხადებლებისა და იმიგრანტებისთვის სოციალურ მედიაში შემოწმებების შემოღებით,“ - წერს Reuters-ი. ცნობისათვის, აშშ-ში თავშესაფრის მაძიებელი ქართველებისთვის ყალბი სავიზო დოკუმენტების შექმნის საქმეზე ბრალდება გასულ თვეს კიდევ 4 ადამიანს წაუყენეს. მანამდე მსგავს საქმეზე პროკურატურამ სამი ადამიანი დააკავა და კიდევ ექვსის მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის თანახმად, "ახალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები" ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოავლინეს. აშშ-ის ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეებს $5 000-დან $15 000-მდე დეპოზიტის გადახდა დასჭირდებათ  

აშშ და ყაზახეთი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობას აძლიერებენ

29 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იერმეკ კოშერბაევმა რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გლობალური ნავთობმომარაგების ჯაჭვების სტაბილურობის საკითხზე მაღალი დონის მოლაპარაკებები გამართეს. „მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, მათ შორის კასპიის მილსადენების კონსორციუმის (CPC) მეშვეობით, რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, ყაზახური ნავთობის საიმედო და შეუფერხებელი ექსპორტი განიხილეს,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტომი პიგოტმა. რუბიომ მადლიერება გამოხატა ყაზახეთის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მხარდაჭერისთვის და გაღრმავებული ეკონომიკური კავშირების მიმართ ინტერესი გამოხატა. ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ საუბარი შეეხო „გაძლიერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას“ და ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის მიერ, დეკემბერში G20-ის სამიტზე აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის მზადებას. დიპლომატებმა დეტალურად შეისწავლეს შავ ზღვაში უსაფრთხოების საფრთხეების შემდეგ ჩინეთის ნავთობის ტანკერების (CPC) გარშემო არსებული სიტუაცია. CHP-ის ცნობით, გასულ თვეში შავ ზღვაში მის ტერმინალთან ახლოს დრონებით თავს დაესხნენ ორ ნავთობტანკერს, რომლებიც იდენტიფიცირებულია, როგორც ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი ASIA და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი NISSOS IOS. CHP ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს ყაზახეთის თენგიზის, კაშაგანის და ყარაჩაგანაკის საბადოებიდან. კონსორციუმმა განაცხადა, რომ 2025 წელს მან 70,5 მილიონი მეტრიკული ტონა ნავთობი გადაზიდა, რომლის 75%-ზე მეტი უცხოელ მწარმოებლებს ეკუთვნით.  

ნაურუმ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ გააუქმა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაურუმ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „დიპლომატიური ურთიერთობები“ გააუქმა. უწყების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს. „საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები და ხელი შეუწყოს საერთო ინტერესების საფუძველზე ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში. ოკუპირებულ აფხაზეთში „ზეწოლად“ აფასებენ ხსენებულ გადაწყვეტილებას.  „აფხაზეთის რესპუბლიკასა და ნაურუს რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის განვითარება ყოველთვის აწყდებოდა წინააღმდეგობას საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ერთობლივი ინიციატივების პრაქტიკულ სფეროში გადასვლისთანავე, ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული გარე ზეწოლის კამპანია დაიწყო. გამოყენებული იქნა დახრჩობისა და იძულების მიუღებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული არჩევანის გადახედვას ისახავდა მიზნად“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.  განახლება: ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს. “ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გაუქმების შესახებ. შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ გააუქმა თავისი დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან. შესაბამის ქვეყნებს ფორმალურად შევატყობინებთ შესაბამისი დიპლომატიური არხებით,” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ნაურუს მთავრობა სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ცნობისთვის, რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის 26 აგვისტოს გამოაცხადა. ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა მხოლოდ 4-მა ქვეყანამ - ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ და სირიამ. ეს ნაბიჯი გადადგეს ვანუატუმ და ტუვალუმაც, მაგრამ მათ საბოლოოდ „აღიარება“ უკან წაიღეს. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.  

NATO-ს მოკავშირეებისა და პარტნიორების, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, საზღვაო-სამხედრო სწავლება Sea Breeze 26-2 იმართება

საზღვო წვრთნები „Sea Breeze 26-2“ გაიხსნა. აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, წვრთნები დღეს პორტლენდში, დიდ ბრიტანეთში დაიწყო და 24 ივლისამდე გაგრძელდება. წვრთნებში ჩაერთვებიან ბულგარეთის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, საქართველოს, საბერძნეთის, იაპონიის, ლატვიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის, თურქეთის, NATO-ს მოკავშირეთა საზღვაო სარდლობის (NATOMARCOM), უკრაინის წარმომადგენლები, ასევე, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის საზღვაო ძალები. Sea Breeze 26-ის მეორე სწავლება ნაღმების საწინააღმდეგო ღონისძიებებზეა ორიენტირებული. მონაწილე ძალები ნაღმების საწინააღმდეგო გემების, ასაფეთქებელი ნივთიერებების განადგურების ჯგუფების, ჩაყვინთვისა და სამაშველო ოპერაციების, უპილოტო წყალქვეშა მანქანებისა და უპილოტო ზედაპირული გემების გამოყენებით ნაღმების მოძიების ოპერაციებს ჩაატარებენ. Sea Breeze 26-2 NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორ ქვეყნებს შავი ზღვის რეგიონში თავსებადობისა და საბრძოლო შესაძლებლობების გაძლიერების შესაძლებლობას აძლევს. ეს მოიცავს საშტაბო დაგეგმვაs, ტაქტიკურ შესრულებას, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მრავალფეროვანი სისტემებისა და შესაძლებლობების ინტეგრირებაზე რთულ, მრავალდომენიან გარემოში. წელს, წვრთნები „Sea Breeze 2026“ ორ ეტაპად ტარდება: „Sea Breeze 26-1“ და „26-2“. „Sea Breeze 26-1-ს“ რუმინეთმა ბაბადაგის საწვრთნელ ბაზასა და დუნაის დელტას მიდამოებში, 2026 წლის 3-19 ივნისს უმასპინძლა. ცნობისთვის, ყოველწლიური მრავალეროვნული საზღვაო-სამხედრო სწავლება Sea Breeze აშშ-ის საზღვაო ძალების მე-6 ფლოტის (U.S. Navy Sixth Fleet – SIXTHFLT) ხელმძღვანელობით ტარდება. მისი მიზანია მონაწილეთა შორის თავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერება. სწავლების დროს ჩატარებული ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციები (მოიცავს ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდების მიერ ნაღმების აღმოჩენის ოპერაციებს, ასაფეთქებელი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფას (Explosive Ordnance Disposal – EOD), წყალქვეშა სამუშაოებსა და სამაშველო ოპერაციებს, უეკიპაჟო წყალქვეშა და საზღვაო კატარღების გამოყენებას. Sea Breeze აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო სარდლობისა და კონტროლის, ასევე უსაფრთხოების ოპერაციების ერთობლივად ჩასატარებლად. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნაღმსაწინააღმდეგო და წყალქვეშა ოპერაციების მიმართულებებს.  

რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტი

ევროკავშირის საბჭოს განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში, ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული 14 პლატფორმა, მათ შორის საქართველოში.  „დღეს, ევროკავშირი მნიშვნელოვნად აფართოებს ქმედებას რუსეთის ფინანსური და საბანკო სექტორის, როგორც რუსეთის ომის მანქანის მამოძრავებლის წინააღმდეგ. [ევროკავშირის] საბჭო აწესებს აქტივების გაყინვას და კრძალავს თანხების ხელმისაწვდომობას 94 ბანკისა და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ასევე, რუსეთის საბანკო სექტორში მნიშვნელოვანი ფიგურისთვის. ის [ევროკავშირი] აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კიდევ 33 რუსულ საკრედიტო და ფინანსურ ინსტიტუტზე. გარდა ამისა, ის აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას ყირგიზული ბანკის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია SPFS-ის (ფინანსურის შეტყობინებების გადაცემის სისტემა) აკრძალვასთან და კიდევ სამი არარუსული ბანკის მიმართ სანქციების გვერდის ავლის გამო. ევროკავშირი სასანქციო სიაში 4 სუბიექტს ამატებს, რომლებიც დაკავშირებული არიან საერთაშორისო A7 ქსელთან, მათ შორის აფრიკაში მის ახალ კავშირებს. ის ასევე აფართოებს ტრანზაქციების აკრძალვას კრიტპივალუტასთან დაკავშირებული 14 სერვის პლატფორმაზე, რომლებიც მდებარეობენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშალის კუძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში,” - ნათქვამია განცხადებაში. სანქციების 21 პაკეტში ასევე მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს, რომელიც 6 თვეში შევა ძალაში. “მეტიც, ევროკავშირი სამიზნეში იღებს ნავთობის სექტორს, კერძოდ კი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს. ის ასანქცირებს 18 იურიდიულ პირსა და 1 ფიზიკურ პირს ნავთობის სექტორში, მათ შორის 3 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთში, დიდ ბელარუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, და ასევე კომპანიას, რომელიც რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გაყიდვისთვის შეიქმნა. დამატებით, [სანქციების] პაკეტი ქმნის შესაძლებლობას, აიკრძალოს ტრანზაქციები რუსეთში და მესამე ქვეყნებში დასანქცირებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან, რომლებიც ამუშავებენ და გადაამუშავებენ რუსულ ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს. ამ ჩარჩოში, ევროკავშირს სატრანზაქციო აკრძალვა შემოაქვს — რომლებიც ძალაში ექვს თვეში შევა — ქართული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობს და მას ამუშავებს ყულევში. მეტიც, ევროკავშირმა ხუთი ნავთობთრეიდერი დაამატა იმ სუბიექტებს, რომლებსაც ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისრათ რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესყიდვაზე აკრძალვის გამო,” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო “გამოხატავს წუხილს“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდნენ  

აშშ-ის საელჩო Sea Breeze 2026-ში საქართველოს მონაწილეობაზე: მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში — „Sea Breeze 2026“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული. „მოხარული ვართ, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღო „Sea Breeze 2026”-ში, აშშ-ის ხელმძღვანელობით გამართულ მრავალეროვნულ საზღვაო-სამხედრო სწავლებაში, რომელიც აერთიანებს NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, თავსებადობისა და საზღვაო უსაფრთხოების გასაძლიერებლად. წლევანდელი სწავლება ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული. მონაწილეებმა გაიარეს წვრთნები ნაღმების აღმოჩენისა და განეიტრალების, წყალქვეშა სამუშაოსა და სამაშველო ოპერაციების, ასევე, ფეთქებადი საბრძოლო მასალის გაუვნებელყოფისა და უეკიპაჟო სისტემების გამოყენების მიმართულებით. სწავლებაში მონაწილეობდა საქართველოს სანაპირო დაცვისა და საქართველოს თავდაცვის ძალების 12 სამხედრო მოსამსახურე. ერთობლივი წვრთნებით მოკავშირეები და პარტნიორები აძლიერებენ რეგიონულ უსაფრთხოებას და ხელს უწყობენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებას,“ - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში.  

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. შესაბამის განცხადებას რუხაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს. "ფეისბუქზე" გავრცელებულ განცხადებაში თინათინ რუხაძე გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს და წუხს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დაუთმოს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს და მისთვის ძვირფასია. რუხაძე მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე, მთავრობის ყველა წევს და სამინისტროს თანამშრომელს და აღნიშნავს, რომ რჩება გუნდის გულშემატკივრად. "პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას. კულტურა არის სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას მოითხოვს. ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს საშუალებას, სათანადო ყურადღება დავუთმო იმ საქმეს, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობა მთავრობის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერდა ჩვენს წამოწყებებს. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისა და ერთგული სამსახურისთვის. ვრჩები თქვენს გულშემატკივრად და გისურვებთ წარმატებებს!,“ - წერს რუხაძე.