პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის. ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ „სამოქალაქო კლინიკა პანაცეა არ არის“, ეს უფრო საკითხის პოლიტიზებული შემოთავაზებაა, ვიდრე პაციენტის ინტერესზე ორიენტირებული. მიხეილ სარჯველაძის თქმით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხი უნდა იყოს გასათვალისწინებელი. „მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება, შიმშილობის შეწყვეტა იქნება, რაც შეეხება გადაყვანა-არგადაყვანას, ეს საკითხი არ მინდა ის წარმოჩინდეს, რომ პოლიტიკურ იდეაფიქსად იქცეს ვინმესთვის, ეს არ არის მიზანშეწონილი. საჭიროების შესაბამისად უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, - განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს. #18 დაწესებულებაში დეპუტატებთან ერთად იუსტიციის მინისტრიც იმყოფებოდა. ამავე თემაზე: დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სააკაშვილის მკურნალობის შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი

მიხეილ სააკაშვილი: თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონში ყველა პროდასავლური ლიდერისთვის

ციხეში მყოფმა და მოშიმშილე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დახმარებისთვის მიმართა აშშ-ს და გააფრთხილა, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა უხვევს პროდასავლურ გზას, რომელსაც 18 წლის წინ დაადგა. Bloomberg-ი ასე წარადგენს ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ინტერვიუს. „თუ აშშ არ დამიცავს, ეს იქნება საშინელი სიგნალი რეგიონის ყველა პროდასავლური ლიდერისთვის და მოსახლეობისთვის“, - აცხადებს სააკაშვილი Bloomberg--თან წერილობით ინტერვიუში, რომელიც ადვოკატების მეშვეობით შედგა.

იუსტიციის მინისტრი N18 დაწესებულებაში მივიდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე N18 დაწესებულებაში მივიდა. დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო. 18 ნოემბერს, საღამოს, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, რომ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. „ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან. მის ამ კომენტარს წინ უძღოდა ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით წაიქცა“ და გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

დიმიტრი ხუნდაძე სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ: ქმნის აურზაურს და ქვეყანა დაძაბა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ აცხადებს, რომ სააკაშვილი აურზაურს ქმნის. „პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც ამ პროცესს უწყობს ხელს და რა თქმა უნდა, თვითონ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ქმნის აურზაურს და რომელმაც მთელი ქვეყანა დაძაბა მისი ამ აბსოლუტურად უსაფუძვლო გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან. 18 ნოემბერს, საღამოს, რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად სტაბილურია. ექიმმა ე.წ. გლდანის ციხესთან მედიას განუცხადა, რომ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი და ახლა პაციენტი არის აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში. „ჰემოდინამიკა ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები არის ნორმის ფარგლებში. იყო სინკოპეს ეპიზოდი, დღეს მოვედი იმიტომ, რომ მენახა პაციენტი, სანახავად მოვედი და ასეთი რამ მოხდა. მცირე რენიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა რეანიმატოლოგმა გულიკო ქილიფთარმა მედიასთან. მის ამ კომენტარს წინ უძღოდა ადვოკატ ბექა ბასილაიას მიერ მედიისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ „მოსხლეტით წაიქცა“ და გონება დაკარგა. მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი სომხეთს ეწვია

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი სამუშაო ვიზიტით ერევანს ეწვია. ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის დედაქალაქში მიშუსტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EEU) მთავრობათაშორის საბჭოს სხდომას დაესწრება. „ამ შეხვედრის დღის წესრიგში დგას EEU-ს ფარგლებში ინტეგრაციის გაღრმავების აქტუალური საკითხები“, - წერს მედია რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ 17 ნოემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც ისმოდა მოწოდება: „რუსეთო, წადი სახლში! ამერიკა, ამერიკა!“. 16 ნოემბერს, სომხეთი და აზერბაიჯანი საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ, რაც ასევე გააპროტესტეს აქციაზე.

ლოიდ ოსტინი: უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდებით

აშშ უკრაინის საზღვართან სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთს მოუწოდებს, უფრო გამჭვირვალე იყოს თავის განზრახვებთან დაკავშირებით და მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად ზომები მიიღოს. „რაც შეეხება უკრაინის საზღვართან რუსეთის ძალების კონცენტრაციას, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას. ჩვენ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, თუ რა მიზანი აქვს პრეზიდენტ პუტინს, თუმცა ძალების გადაადგილება ჩვენს ყურადღებას იპყრობს. რუსეთს მოვუწოდებ, უფრო გამჭვირვალე იყოს თავის განზრახვებთან დაკავშირებით და მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად ზომები მიიღოს. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია“ , - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საზღვართან დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცია

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა და ხვალ მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე ელოდება

ოპოზიციამ სამოქმედო გეგმა შეცვალა და ხვალ მხარდამჭერებს რესპუბლიკის მოედანზე, 15:00 საათზე ელოდება. ამის შესახებ „ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ, ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა ნიკა მელიამ. ცნობისთვის, 19 ნოემბერს, სამი ლოკაციიდან უნდა გამართულიყო მსვლელობა, თუმცა როგორც ცნობილია, დღეს დამძიმდა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობა. მან გონება დაკარგა და ახლა რეანიმაციაშია. რეანიმატოლოგის ცნობით, ის პაციენტის მოსანახულებლად მივიდა და ასეთი ფაქტი მოხდა. თავდაპირველად, ინფორმაცია მედიას სააკაშვილის მდგომარეობაზე მისმა ადვოკატმა მიაწოდა. ბექა ბასილაიას თქმით, სააკაშვილი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ წაიქცა.

კახა კალაძის განცხადებით, მე-18 დაწესებულებას ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, თუ როგორ უნდა უმკურნალოს შიმშილობის შემდეგ პატიმრებს

"ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს. „ერთადერთი კლინიკაა მე-18 დაწესებულება, რომელსაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს, როგორ უმკურნალონ შიმშილობის შემდეგ პატიმრებს. შეგიძლიათ მოიკვლიოთ რამდენ პატიმარს უმკურნალეს და გაართვეს თავი. თუ რაიმე დასამატებელია ამ კლინიკაში, ექიმებმა თქვან და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახური, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება დაცული იყოს", - განცხადა კალაძემ.

აშშ-მ რუსეთი და ჩინეთი იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, სადაც აღმსარებლობის თავისუფლება უხეშად ირღვევა

შეერთებულმა შტატებმა დაასახელა 10 ქვეყანა, მათ შორის ჩინეთი, პაკისტანი, რუსეთი და საუდის არაბეთი, რომლებიც აღმსარებლობის თავისუფლებების დარღვევის გამო განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევენ. ოთხი ქვეყნის გარდა, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა შავ სიაში ასევე შეიყვანა ერიტრეა, ირანი, მიანმარი, ჩრდილოეთ კორეა, ტაჯიკეთი, პაკისტანი და თურქმენეთი, „რელიგიის თავისუფლების სისტემატურ, მიმდინარე და უხეში დარღვევის“ გამო. „აშშ არ უღალატებს თავის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებას ყველასთვის და ყველა ქვეყანაში“, - ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში. „მსოფლიოში, ძალიან ბევრ ადგილას, ჩვენ კვლავ ვხედავთ, რომ მთავრობები ავიწროებენ, აპატიმრებენ, ემუქრებიან და კლავენ ადამიანებს მხოლოდ იმის გამო, რომ ცდილობენ, იცხოვრონ თავიანთი რწმენის შესაბამისად“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა. ყოველწლიურად, სახელმწიფო მდივანს ეკისრება პასუხისმგებლობა, გამოავლინოს მთავრობები და არასახელმწიფო აქტორები, რომლებიც რელიგიური თავისუფლების დარღვევის გამო იმსახურებენ აღნიშვნას რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო აქტის მიხედვით.

ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის შეხვედრა ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართა. ვირტუალური შეხვედრის დაწყებისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმის უზრუნველყოფაზე, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „მე მიმაჩნია, რომ ჩვენი, როგორც ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში, განზრახ თუ გაუთვალისწინებლად“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა მოლაპარაკებებისას ადამიანის უფლებების საკითხი წამოჭრა. თავის მხრივ, სი ძინპინმა ჯო ბაიდენს „ძველი მეგობარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ და ჩინეთი მრავალი გამოწვევის წინაშე ერთად დგანან და უნდა გაზარდონ კომუნიკაცია და თანამშრომლობა. ჩინეთის ლიდერთან მოლაპარაკებები ბაიდენის ინიციატივით შედგა. მხარეებმა ბოლოს მოლაპარაკებები ტელეფონით სექტემბერში გამართეს. აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას COVID19-ის წარმოშობისა და სავაჭრო საკითხებზე უთანხმოების გამო გამწვავდა.

პიტერ სტანო: ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს

ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს, - ამის შესახენ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ექსკლუზიურად Europetime-ს განუცხადა. პიტერ სტანოს თქმით, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას უჭერს მხარს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერის თქმით, ევროკავშირი აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. ევროკომისიამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერების ახალი ინიციატივა ივლისში წარადგინა, რომელიც 2,3 მილიარდი ევროს ოდენობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას მოიცავს. პიტერ სტანოს თქმით, ყოვლისმოცმველი გეგმის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაჭრობის, ეკონომიკური ზრდის გაძლიერება, სამუშაო ადგილების შექმნა, კავშირის სფეროში ინვესტირება, დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის გაძლიერება, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციების მხარდაჭერა, სამართლიანი, გენდერულად თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობა. „აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზანია, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. ინიციატივა ეფუძნება ხუთ გრძელვადიან მიზანს და ფოკუსირებულია ჩვენი მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე, რომელთა მიზანია ხალხისთვის ხელშესახები შედეგების მოტანა. ეს ყოვლისმომცველი დღის წესრიგი მოიცავს ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ინვესტიციებს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, მწვანე და ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, სამართლიანი, გენდერული თანასწორობით, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობას. მიღებული ინიციატივა მოიცავს რეგიონულ ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმას, რომლის ღირებულებაა 2,3 მილიარდი ევრო და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კორონავირუსის შემდგომი ეკონომიკური აღდგენისა და გრძელვადიანი მდგრადობისკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა პიტერ სტანომ. შეგახსენებთ, საინვესტიციო გეგმის განხორციელების საკითხი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ 15 ნოემბერს ბრიუსელში განიხილა. ექსკლუზივი: ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით

ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ

"მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, განსაკუთრებით ელენე ხოშტარია. სააკაშვილს რომ კაცობა და ღირსება ჰქონდეს "ფეიკ" შიმშილობას შეწყვეტდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძე მოშიმშილე დეპუტატების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. "მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. მას შეუძლია შეწყვიტოს თავის "ფეიკ" შიმშილობა და ამ შემთხვევაში ეს ბუნებრივია, პირდაპირ აისახება ამ ადამიანების ჯანმრთელობაზე. მას რომ ჰქონდეს კაცობა და ღირსება ამას გააკეთებდა, თუმცა, ნულოვანი კაცობა და ღირსება აქვს. მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებელია ყველაფერზე, მათ შორის, იმაზე, რომ სხვები შიმშილობენ, ელენე ხოშტარია განსაკუთრებით, რადგან შიმშილობს უკვე 2 კვირაზე მეტია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რისკის ქვეშ, მიხეილ სააკაშვილი არის ამაზე პასუხისმგებელი პირდაპირ. მას რომ ჰქონდეს კაცობა, ამის გამო შეწყვეტდა მარტო ამ შიმშილობას, მაგრამ მის კაცობასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩვენი წარმოდგენა და ეს წარმოდგენა არის მყარი. ჩვენი პასუხისმგებლობა არის ზრუნვა იმაზე, რომ ადამიანების ჯამრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთე. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს,"- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: წამოვიდგინოთ, „ფეიკდასკვნას“ ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია. ამ შემთხვევაში შეიძლება, ომბუდსმენისა და ზოგიერთი ექიმის პასუხისმგებლობა დადგეს

„რაც ე.წ. კონსილიუმმა გააკეთა, „ფეიკია", - ამით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კონსილიუმის დასკვნა შეაფასა. ირაკლი კობახიძე პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე მიუთითებს. „წამოვიდგინოთ, რომ ამ „ფეიკდასკვნას“ გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია - ამ შემთხვევაში, ეს მორიგი „ფეიკი“ ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს. სინამდვილეში მათ დასკვნა შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით უნდა მოემზადებინათ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური მოთხოვნა აღარ აქვს, ის პოლიტიკური მოთხოვნით აღარ შიმშილობს. მისი ერთადერთი მოთხოვნა ეს არის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. მისი თქმით, თუ მას შიმშილობის შემდგომი სათანადო მკურნალობა უზრუნველყოფილი ექნება, შიმშილობას წყვეტს. ე.წ. კონსილიუმს უნდა მოემზადებინა დასკვნა არა შიმშილობის მკურნალობასთან დაკავშირებით, არამედ შიმშილობის შემდგომ მკურნალობასთან დაკავშირებით და ეს რომ არ გაკეთდა, კონსილიუმის პოლიტიკური მიკერძოებულობის მარტივი დასტურია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ ხელისუფლებისგან გონივრულ ქმედებებს ველოდოთ

"სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, თუმცა ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე ხელმძღვანელობს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, ხელისუფლებისგან გონივრულ ნაბიჯებს არ ელის. "ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა ექსპერტების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის მიხედვით სააკაშვილის გადაყვანა და მისი მკურნალობის გაგრძელება მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში არის აუცილებელი. მანამდე მსგავსი დასკვნა მოსმენილი გვქონდა თავად ხელისუფლების მიერ შექმნილი კონსილიუმისგან. ამ დაწესებულების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ჯგუფმა ცალსახად დაადგინა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიზანია სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ბუნებრივია, ეს დიდი ხანი გაკეთებული ექნებოდათ, მაგრამ ისინი სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმძღვანელობენ არა რეალური საჭიროებებიდან, არამედ მათი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ გვაქვს, რომ მათგან გონივრულ ნაბიჯებს, ან ქმედებებს ველოდეთ”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

საიას თავმჯდომარე: ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. როგორც სიმონიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს. „როდესაც ხელისუფლების მხრიდან ვისმენთ არგუმენტებს, რომ ეს ადამიანები პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან, ფაქტია, რომ ეს საკითხი ასე კომპლექსურად არ შესწავლილა. შეისწავლა მხოლოდ ამ კონსილიუმმა და არ გავქვს იმის საფუძველი, რომ ეს დასკვნა ეჭვქვეშ დავაყენოთ. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ განსხვავებული პოზიციები უნდა ჰქონდეთ, მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს, თუმცა რასაც ვხედავთ, ფაქტია, რომ საფუძველი არაა, რომ ამ დასკვნაში ეჭვი შევიტანოთ. მეტიც, ვფიქრობთ, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იყოს“,- განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანა „რთული განსახორციელებელია“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კლინიკაში ექსპრეზიდენტის გადაყვანის შემთხვევაში საფრთხეებზე მიუთითებს. „ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ვხედავთ

კახა კალაძე: პირველად გავიგე, პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა, მსგავსი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა

პატიმრის პრივილეგიებით სარგებლობა პირველად გავიგე, ეგეთი რაღაც თუ არსებობდა მსოფლიოში, არ მეგონა. ყველა პატიმარი არის პატიმარი, - თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე ჟურმალისტების შეკითხვას უპასუხა. თბილისის მერის თქმით, მე-18 დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მისი ჯანმრთელობის დაცვისთვის ყველანაირი პირობაა დაცული. „შესაბამისი სამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადებები. დღეს ასევე მთავარი ექიმის განცხადება მოვისმინეთ, რომ მე-18 დაწესებულებაში, სადაც პატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ყველანაირი პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ მკურნალობა ჩატარდეს თუ ამის აუცილებლობა იქნება. ტექნიკური შესაძლებლობებით ყველანაირად აღჭურვილია. გარდა ამისა შესაბამისი ბრიგადებია, რომლებიც მორიგეობენ, თუ რაიმე საჭიროება და აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, მზად არის შესაბამისი სამსახური, რომ დახმარება გაუწიოს და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, როგორც ყველა პატიმრის“, - განაცხადა კახა კალაძემ. კახა კალაძე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებზე საუბრისას ამბობს, აღნიშნული ფორმით საკანში გადაყვანა, მის მიერ წინააღმდეგობის გაწევის გამო მოხდა. „მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ წინააღმდეგობას უწევდა და ამის გამო იძულებული იყვნენ, რომ ამ ფორმით შეეყვანათ საკანში. ეს კადრები მოთხოვნილი იყო პირველ რიგში თქვენი, ჟურნალისტების მხრიდან, შესაბამისად, შესაბამისმა სამსახურმა ეს კადრები გაავრცელა “, - განაცხადა კახა კალაძემ. ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, მოშიმშილე ადამიანს ეკისრება, რადგან „არავის დაუვალებია შიმშილობა “. „პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოშიმშილე ადამიანები, რადგან მათთვის არავის არ დაუვალებია შიმშილობა. რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით

პრეზიდენტი: ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით

საქართველოს პრეზიენტის განცხადებით, სამწუხაროა, რომ კონსილიუმს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მიეცა. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს მკურნალობის უმაღლესი სტანდარტებით. პრეზიდენტის შეფასებით, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრება ძალიან დიდი გამოწვევაა. დიდი გამოწვევაა სასამართლო სისტემისთვის, პენიტენციური სამსახურისათვის, ხელისუფლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის. ამასთან, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. პრეზიდენტის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, ყოფილი პრეზიდენტის დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. „ეს მას კარგად გააზრებულიც ჰქონდა და მიუხედავად ამისა ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ. კანონის წინაშე ყველა ერთია“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. „იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა - ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რეგულარულად იღებდა და იღებს ინფორმაციას ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი უწყებებისგან. მაგალითად მან სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორი, იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის სამინისტრო დაასახელა. „პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც ამ ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია. საზოგადოებას კარგად ახსოვს თუ როგორ ექცეოდნენ პატიმრებს ყოფილი პრეზიდენტის სასამართლოსა და პენიტენციურ სისტემაში. ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლება არ შეიძლება რამეში დაემსაგვსოს წინამორბედს. ამიტომ, გულგრილობა, დაცინვა, ქილიკი და შეურაცხყოფა მიუღებელია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ, დარწმუნებული ვარ, მთელი საზოგადოებისთვის. ასევე, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ინფორმაცია პრეზიდენტის, თუ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიეკუთვნება სხვა კატეგორიას, საჯარო და არა პირად მონაცემებს. იწვევს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ ინტერესს, რამეთუ ყველა კარგად ხვდება, რომ მათი [პრეზიდენტების] ჯანმრთელობა პირდაპირ თუ ირიბად სახელმწიფოს ეხება და შესაძლოა, გავლენა იქონიოს მის სტაბილურობაზე. ასევე ყველას გვესმის, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტი შეიძლება გახდეს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება და თავად ცდილობს მართოს ეს პროცესი, ეს არ ხსნის და არც ამცირებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. ლოგიკურად ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებით ყველაზე დაინტერესებული ხელისუფლება უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ არის კიდევაც. თავის მხრივ, საზოგადოებას უფლება აქვს, ჭორების, ცრუ და ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის და სპეკულაციის ნაცვლად, ყოველდღიურად მიიღოს სრულყოფილი, მიუკერძოებელი, სანდო და დეტალური ინფორმაცია - შიმშილობის, კვების, ანალიზების შესახებ. ეს არის ხელისუფლების ვალდებულება და მივმართავ მას, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს ამ ვალდებულების სრულად და არა ნაწილობრივად შესრულებას. ისმის მოთხოვნა, რომ ექსპრეზიდენტი, როგორც სხვა რიგითი პატიმრები, გადაყვანილი იყოს, სამოქალაქო მულტიფუნქციურ კლინიკაში. ამ სიტყვებს იმეორებს ერი და ბერი ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური წარმოდგენა თუ რას ნიშნავს ეს, ან რა საფრთხეებთანაა დაკავშირებული. თუ ვთანხმდებით, რომ ექსპრეზიდენტი რიგითი პატიმარი არაა და ვერ იქნება, მაშინ ასევე უნდა შევთანხმდეთ, რომ ის შესაძლებლობა, რაც ეძლევა რიგით პატიმრებს, რომ გადაყვანილი იყვნენ სამოქალაქო სივრცეში, სწორედ ამ განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, უფრო რთულად განსახორციელებელია, მრავალი შესაძლო საფრთხეებიდან გამომდინარე რისი დაზღვევაც ურთულესია. ამავე დროს, ექსპრეზიდენტი უნდა სარგებლობდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, რათა არ გაჩნდეს არანაირი კითხვა თუ ეჭვი, რომ რამე დააკლეს მის მკურნალობას - შიმშილობისას, თუ არანაკლებ საშიშ ეტაპზე, ანუ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ. ამიტომ, ამ მიმართულებითაც ნათელი უნდა მოეფინოს ობიექტურ საჭიროებებს და პრეტენზიებს: რა სტანდარტების დაცვა მოეთხოვება უცხოეთში პენიტენციური სისტემის კლინიკებს, სადაც მკურნალობენ მოშიმშილე პატიმრებს. ანუ, სამედიცინო დანადგარების ნუსხა, რითიც უნდა იყოს აღჭურვილი დაწესებულება, სადაც პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებას ევალება, რომ საზოგადოებას აცნობოს კონკრეტულად არსებული დაწესებულება აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს, კიდევ ერთხელ ნუსხა არის საჭირო, და თუ არა, მოინახოს ალტერნატიული და უსაფრთხო გამოსავალი, ვინაიდან საზოგადოებაში ეს საკითხი იწვევს დიდ მღელვარებას. ამასთან, ხელისუფლებას ევალება ყველა იმ ზომის მიღება, ყველა იმ ინფორმაციის გაცემა, ყველა იმ საფრთხის გათვალისწინება, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს საზოგადოების თუ ქვეყნის სტაბილურობაზე. „ასეთ დროს სამწუხაროა, რომ არსებულ კონსილიუმს არ მიეცა შესაძლებლობა თავისი საქმიანობის გაგრძელების თუმცა, აღსანიშნავია, სახალხო დამცველის ინიციატივა, რომ ექიმების ჯგუფის მიერ შეფასდეს არსებული მდგომარეობა და საზოგადოებას მიეწოდოს დამატებითი ინფორმაცია, რამეთუ ინფორმაციის ნაკლებობა თავისთავად კვებავს მღელვარებას. არ შეიძლება, ამ ვითარებაში არ გამოვთქვა წუხილი, რომ ინფორმაციის და მოზომილი კომენტარების მაგივრად ზოგი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული გამომწვევი განცხადებები საზოგადოებაში იწვევს მეტ გაუგებრობას, დაძაბულობას თუ გაღიზიანებას. ქვეყნის სიმშვიდისა და დეპოლარიზაციისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად იქნეს გააზრებული ნებისმიერი სიტყვა თუ ქმედება, რათა თავიდან იყოს ყველა შესაძლო პროვოკაცია აცილებული და დაპირსიპირების მცდელობები. ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია და რომლის მიზანიც ევროინტეგრაციაა, განსაკუთრებული დაკვირვებისა და საფრთხის ქვეშაა. ამიტომ, ნებისმიერი პროვოკაცია, სპეკულაცია და დესტაბილიზაცია, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს, ითხოვს მყისიერ, დაფიქრებულ და გონივრულ რეაგირებას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

ევროკავშირი 3+3 ფორმატზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით

Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანოს Europetime-მა 3+3 ფორმატთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. „სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატზე წინადადების შესახებ ცნობები და განცხადებები ევროკავშირისთვის ცნობილია. ჩვენი მხრიდან, ჩვენ მხარს ვუჭერთ სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. ევროკავშირი მშვიდობიანი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის მხარდასაჭერად მუშაობას განაგრძობს და აქტიურად არის ჩართული მშვიდობის მშენებლობასა და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის პროცესში. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პატიმრების გათავისუფლებასა და „ნაღმების რუკების“ გადაცემაში. ევროკავშირმა ასევე დაუჭირა მხარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს, რაც მოიცავს 17 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის განაღმვის სამუშაოსა და ადრეული აღდგენისთვის. ევროკავშირი ასევე მზადაა, ტექნიკური დახმარების გზით დაუჭიროს მხარი საზღვარზე დეესკალაციას და დელიმიტაციას, როგორც ეს მხარეებს ესაჭიროებათ. სამხრეთ კავკასიაში ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ კავშირების და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მომავალში, ყოვლისმომცველი შეთანხმება სამ ათწლეულზე მეტი ხნის კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელია. ამ მიზნის მისაღწევად, ევროკავშირი საერთაშორისო პარტნიორებთან, განსაკუთრებით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან აქტიურ კონტაქტს განაგრძობს და მათი მანდატის შესრულებას სრულად უჭერს მხარს, რაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან მუშაობით, ყველა გადაუჭრელი საკითხის ყოვლისმომცველ მოგვარებას გულისხმობს“, - განაცხადა პიტერ სტანომ Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში. შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება 3+3 ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს 3+3 ფორმატთან დაკშვირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო უწყება: 3+3 ფორმატის ამოქმედების საკითხი თურქეთთან განვიხილეთ

ბენ ჰოჯესი ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე: საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროპის ნაწილი

Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში), საქართველოს ექსპრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს შეეხო. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, ბენ ჰოჯესი აღნიშნავს, რომ „შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით“. „ზოგადად, ვერიდები სხვა ქვეყნების საშინაო პოლიტიკაზე კომენტარის გაკეთებას, განსაკუთრებით ისეთი მეგობრის, როგორიც საქართველოა. თუმცა, შეშფოთებული ვარ ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ საშინელი და უპატივცემულო მოპყრობით. მიუხედავად იმისა, ბრალი ედება თუ არა მას დანაშაულში, საჯაროდ მისი ასე დამცირება შეუფერებელია იმ ერისთვის, რომელსაც სურს პატივი სცენ და სურს, იყოს ევროპის ნაწილი. იმედგაცრუებული ვარ ამ სამარცხვინო საქციელით“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი. ინტერვიუს სრულად ამ ბმულზე წაიკითხავთ