პოლიტიკა

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა შეხვედრისას

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ კონფერნციაზე იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას განიხილა. "განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს. შევეხეთ ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას - ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში ორი ქვეყნის მთავრობის წევრებთან ერთად გაგრძელდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში. გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებთან ერთად მონაწილეობდნენ: სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სერენ პაპიკიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, სომხეთს რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციების და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი, სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ხოლო, საქართველოს მხრიდან: ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ამავე თემაზე: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა

ჩვენი და სომხეთის საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშიანიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. „ჩემთვის დიდი პატივია ნიკოლ ფაშინიანის მასპინძლობა საქართველოში. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ბატონ პრემიერ-მინისტრს არჩევნებში გამარჯვება, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ დაიწყოს ახალი ერა სომხეთისა და სომეხი ხალხისთვის. მე გავეცანი ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, რომელიც სომხეთის განვითარებას და სომეხი ხალხის კეთილდღეობას უკავშირდება. რა თქმა უნდა, ყარაბაღის ომი ჩვენი რეგიონისთვის იყო რთული გამოწვევა, მაგრამ ახლა, გავეცანი რა ბატონი პრემიერის ახალ ხედვას, მჯერა, რომ აღნიშნული გამოწვევა გარდაიქმნება ახალ შესაძლებლობად. შესაძლებლობად, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას სომხეთსა და სომეხ ხალხს. რა თქა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ სტაბილურობას. და ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად რეგიონის სტაბილურობასთან. შესაბამისად, ჩვენს საერთო რეგიონულ მიზანს სამ სიტყვაში ჩავატევდი - მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა, რომელიც რეგიონის სამივე ქვეყანას გვაერთიანებს. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ყოველთვის იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის და თანაცხოვრების მომხრე. ჩვენ ეს რამდენიმე ხნის წინ საქმით დავამტკიცეთ. რამდენიმე თვის წინ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოს, კერძოდ ჩემი მედიაციით, ბატონი პრემიერის უშუალო მონაწილეობით, მონდომებით, ასევე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევით, ჩვენ, სამმა ქვეყანამ, სამმა ლიდერმა მოვახერხეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდებოდა სომეხი ტყვეების დაბრუნებას სამშობლოში და ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის, რუკების გადაცემას. ეს წარმატებული პრეცედენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ. ასე რომ, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე სრული მზადყოფნა იმისა, რომ საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი იმისთვის, რომ აღდგეს ნდობა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის საფუძველთა საფუძველია. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ახალი თანამშრომლობის იდეები, ახალი პროექტები. განვიხილეთ საკითხები, რომელიც უკავშირდება ეკონომიკას, ვაჭრობას, ტრანსპორტს, დაკავშირებადობას, მათ შორის მასშტაბური პროექტების თაობაზეც ვისაუბრეთ, რომელიც ბატონ პრემიერს აქვს, ტურიზმს, ენერგეტიკას, კულტურას, განათლებას - ეს ის საკითხებია, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და რომელზედაც ჩვენ აბსოლუტური თანხვედრა გვაქვს. მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს საინტერესო სატრანზიტო პოტენციალი. ამის თაობაზეც გვქონდა ჩვენ განხილვა. სრულად უნდა იყოს გამოყენებული, ათვისებული ყველა ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნია. მინდა აღვნიშნო, რომ რეგიონში, სადაც არაერთი კონფლიქტი მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, სავსე იყო და ჯერ კიდევ არის მოუგვარებელი კონფლიქტებით, ჩვენი საერთო ხედვა და ძალისხმევა უნდა იყოს ის, რომ ეს რეგიონი ეტაპობრივად გარდავქმნათ ახალი შესაძლებლობების, განვითარების და მშვიდობის რეგიონად. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ხედვა და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას",- განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამავე თემაზე: ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია

შარლ მიშელმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს. პუტინთან სატელეფონო საუბრისას შარლ მიშელმა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დაადასტურა. "პრეზიდენტ პუტინთან ერთად ავღანეთში ბოლოდროინდელი მოვლენები და უფრო ფართო რეგიონზე მათი გავლენა განვიხილეთ. ევროკავშირი და რუსეთი რეგიონის სტაბილურობის ინტერესს იზიარებენ. ჰუმანიტარული კატასტროფის პრევენცია, ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა, მათ შორის ქალების, გოგონებისა და უმცირესობების უფლებები - პრიორიტეტია. უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა დავადასტურე. ასევე ვისაუბრეთ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დარეგულირების პერსპექტივებზე", - წერს შარლ მიშელი.

ირაკლი კობახიძე: ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა შეთანხმებას და უარს ამბობდა

„ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ 100 დღის განმავლობაში ხელს არ აწერდა და ამ შეთანხმების ხელმოწერაზე უხეში ფორმით უარს ამბობდა. ეს მათი მხრიდან შეცდომა იყო, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობამ“ 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი და შედეგად პოლარიზაციის დასრულება გამორიცხული იყო. ასეთ დროს კი მათ ალტერნატივა აღარ დარჩათ. ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება შეთანხმების ანულირება იყო. „ჩვენ არ გვინახავს შეწუხება და გაბრაზება, როდესაც 100 დღის განმავლობაში არ აწერდა ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ და უხეში ფორმით ამბობდა უარს ამ შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს იყო შეცდომა მათი მხრიდან. ჩვენ ასეთ ნაბიჯზე წავედით, ისე რომ ამის არავითარი საფუძველი ობიექტურად არ არსებობდა, გარდა ამ საბოტაჟისა, რაც იყო ნეგატიური მოვლენა ოპოზიციის მხრიდან. არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, იყო თავისუფალი და კონკურენტული. არაფერი გვაიძულებდა ჩვენ ამ შეთანხმების ხელმოწერას. ამის მიუხედავად, ჩვენ შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ და მთავარი მხარე, ვინც უნდა ყოფილიყო ამ შეთანხმების ოპოზიციის მიმართულებით... პოლარიზაციის დასრულება იყო ამ შეთანხმების ამოცანა და თუ ჩვენ გვინდა დოკუმენტის საფუძველზე პოლარიზაცია დავასრულოთ, ბუნებრივია, (პოლიტიკურად დაპირისპირებული) ორი მხარე უნდა აწერდეს ხელს. 100 დღის განმავლობაში რომ ერთი მხარე არ აწერს ხელს და შენ ხარ ერთადერთი მხარე, პოლარიზაციის დასრულება კი არის გამორიცხული, ასეთ დროს ჩვენ ალტერნატივა არ დაგვრჩა. ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება იყო შეთანხმების ანულირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გაუგებარი იყო, როდესაც დოკუმენტის ანულირების შემდგომ პარტნიორები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერას მიესალმნენ. ასევე გაეცანით: კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მესამე წარუმატებლობა ამ ორი თვის განმავლობაში ამერიკის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი კახა კუჭავასთან შეხვედრაზე ადგილობრივი არჩევნების საკითხს შეეხო

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მარგარეტა ცედერფელტი მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. კახა კუჭავა ავსტრიაში იმყოფება, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში იღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოსა და ასამბლეას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „პრეზიდენტი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ აირჩიეს, ჩვენი ქვეყნის მეგობარია. ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმდინარე საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. საუბარი შეეხო არამხოლოდ რეფორმებს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების გეგმებს, არამედ არჩევნებსაც, რომელსაც ოქტომბერში ჩავატარებთ, ასევე, ოდირის წარმომადგენლობას, რომელიც დაესწრება არჩევნებს და ანგარიშებს მოამზადებს. მათთვის საინტერესო იყო, მოესმინათ რეკომენდაციების შესრულების პროცესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში უკვე ავსახეთ და მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი იმ კუთხით, რომ ამას მხარი დაუჭირა არამხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ შემუშავდა და მიღებულია ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. ეს მათთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

„თალიბანმა“ ავღანეთის ახალი მთავრობა დააკომპლექტა

„თალიბანმა“ ავღანეთის დროებითი მთავრობა შექმნა და ქვეყნის სახელწოდებად „ისლამური საამირო“ გამოაცხადა. დროებით მთავრობას მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი მოლა ჰასან ახუნდი უხელმძღვანელებს, რომელიც გაეროს მიერ შავ სიაშია შეყვანილი. თალიბანმა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა სარაჯუდინ ჰაქანი, რომელიც აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ძებნილთა სიაშია. „თალიბანმა“ ქვეყნის უმეტეს ნაწილზე კონტროლი 15 აგვისტოს დაამყარა. ამავე თემაზე: ბოლო ამერიკელი სამხედრო, რომელმაც ავღანეთი დატოვა რატომ ადარებენ „თალიბანის“ ქაბულში გამარჯვებას, ვიეტნამში, საიგონის დაცემას? კონდოლიზა რაისი: ავღანელ ხალხს არ აურჩევია „თალიბანი“. ისინი იბრძოდნენ და დაიღუპნენ ჩვენ გვერდით ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ამერიკის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მმართველი პარტიის კიდევ ერთი გატეხილი პირობა

დღეს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება, რომელიც მიზნად ისახავდა მთავარი პროკურორის დანიშვნისთვის ფართო, მრავალპარტიულ მხარდაჭერას, კიდევ ერთი გაშვებული შესაძლებლობაა, საქართველოს ჰქონდეს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. ამ შინაარსის განცხადებას ამერიკის საელჩო ავრცელებს. „პარლამენტის მიერ მოთხოვნილი ანგარიშით დანიშვნის პროცესში შემოთავაზებულ ცვლილებას რეკომენდაციას უწევდა ვენეციის კომისია - სამართლის ექსპერტთა საერთაშორისო ორგანო, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტიამ, რომელმაც ხელი მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, მათ შორის „ქართულმა ოცნებამ“, ვალდებულება აიღო, განეხორციელებინა ეს ცვლილება, რათა გაზრდილიყო საზოგადოების ნდობა მთავარი პროკურორის მიმართ და უზრუნველეყო პოლიტიკური ზეგავლენისგან მისი დამოუკიდებლობა. მხედველობაში ვიღებთ ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელთა განცხადებებს, რომ მათ ვერ შეძლეს, მხარი დაეჭირათ მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რათა შეენარჩუნებინათ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, სრულად პროპორციულ არჩევნებთან, ორპროცენტიან ბარიერსა და ფრაქციებთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ უარი, მხარი დაეჭირა მთავარი პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის, ეწინააღმდეგება პარტიის მიერ 28 ივლისს განმეორებით გაცხადებულ ნებას, გაეტარებინა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა და მიეღო საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს წარმოადგენს მმართველი პარტიის კიდევ ერთ გატეხილ პირობას, მართლმსაჯულების სისტემის მეტად საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, რომლის მიღების პირობაც „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა თავისი ნებით დადეს. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს მიუკერძოებელ, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, რომელსაც არ გამოიყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის პირობებში საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ არჩევნები ჩატარდება სამართლიანად, ბიზნესდავები მიკერძოებულად არ გადაწყდება და პოლიტიკური ოპონენტები არ გახდებიან არასამართლიანი დევნის სამიზნენი. პროკურატურასა და ზოგადად, მართლმსაჯულების სისტემაში დასაქმებულ კვალიფიციურ თანამშრომლებს უფლება უნდა ჰქონდეთ, დაიცვან კანონი პოლიტიკური ზეწოლის გარეშე. საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესის რეფორმირებას ახდენდა ამ მიზნის განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა პირობა დადეს, რომ განაახლებდნენ ძალისხმევას და ერთობლივად იმუშავებდნენ პარლამენტში მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე. მათ უნდა შეასრულონ თავიანთი პირობა და განახორციელონ სასამართლო რეფორმის წინა ტალღების ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული შეფასება და შეიმუშავონ მართლმსაჯულების სისტემის გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდისკენ მიმართული ინიციატივები. ეს რეფორმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის და, რაც მთავარია, უზრუნველყოფს ისეთი მიუკერძოებელი, პროფესიონალური მართლმსაჯულების სისტემის შექმნას, რომელსაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში. ამავე თემაზე: კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მესამე წარუმატებლობა ამ ორი თვის განმავლობაში პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

რა ინფორმაცია მიაწოდეს შეხვედრისას ოპოზიციის ლიდერებმა კონგრესმენებს

საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ კონგრესმენებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ „ევროპული საქართველოს“, „ლელოსა„ და „დროას“ ლიდერები. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა პრობლემას, მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდს, მედიას, რუსეთს. „იყო საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები ქვეყნის ბედისთვის, პირველ რიგში ეს არჩევნები ეხება ამ ქვეყნის კურსს, გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას თუ დავბრუნდებით რუსეთის წიაღში, ყველა პრობლემაზე იყო საუბარი, მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით. მედიასთან დაკავშირებით, ძალაუფლებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აინტერესებდათ რუსეთთან მიმართებით ქვეყანას ახლა რა მდგომარეობა აქვს და რა განსხვავებაა არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, განსახილველ საკითხებში იყო 5 ივლისის მოვლენები, მედიაზე ზეწოლა, საქართველოს პროდასავლური კურსის საფრთხის ქვეშ არსებობა, ამერიკული და დასავლური დახმარების ფეხქვეშ გათელვა. „ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ოქტომბრის რეფერენდუმი არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლის მიუხედავად, 43% არსად გამქრალა“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა რუსეთის გავლენის ზრდის თემაზე გაამახვილა ყურადღება. „მთავარი საკითხი კონგრესმენების ამ დელეგაციასთან იყო მაინც რუსეთის გავლენის ზრდა და რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა ნიშნავს რუსეთის მეტ გავლენას. 5 ივლისის მოვლენები, როდესაც რუსეთთან ღიად დაკავშირებულ ექსტრემისტებს უბოძა დაუსჯელობის გარანტია ღარიბაშვილმა. საქართველოს საგარეო პოლიტიკის დე ფაქტო, მნიშვნელოვანი ეროზია. ბევრნაირად შეიძლება ამ გავლენის გაზომვა. ამ კონგრესმენებს წინა პერიოდში საქართველოსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია არ ჰქონიათ. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმგვარად წარმოჩენა რეალობისა, რომელიც მათთვის უფრო გასაგებად წარმოაჩენდა მთელ კონტექსტს, რომ საით მიექანება, საით მიათრევს „ქართული ოცნება“ საქართველოს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა. თავის მხრივ, „დროას" ლიდერი აცხადებს, რომ საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ ძლიერდება რუსეთის გავლენა საქართველოში. „ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ პრობლემაზე რაც არის არჩევნებთან დაკავშირებული, სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებული, დემოკრატიასთან დაკავშირებული და საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე, თუ როგორ ძლიერდება აქ რუსეთის გავლენა. მათ დიდი ინტერესი აქვთ, თუ საით მიდის საქართველო", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საუბარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თემაზე. „ავუხსენით, რომ ქვეყანა დგას გზის გასაყარზე, რომ დასავლეთის ვექტორს ექმნება პრობლემა. ასევე ავუხსენით ის მძიმე მდგომარეობა, რაც უცხოურ პირდაპირ ინვესტიციასთან არის დაკავშირებული. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ ამერიკული კომპანიების შესახებ, რომლებიც ანაკლიის პროექტში იყვნენ ინვესტირებულები და შესაბამისად, მათი ინვესტიცის ექსპროპირება მოხდა. ისინი დაინტერსდნენ ამ საკითხით და გაყვებიან ამ თემას. დარწმუნებული ვარ, პესრონალური სანქციები ამოქმედდება მათ მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლას შეუშალა ხელი“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, კონგრესმენები საქართველოში 9 სექტემბრამდე დარჩებიან. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). ამავე თემაზე: საქართველოში ვიზიტით მყოფი კონგრესმენები თავისუფალ ვაჭრობის და პირდაპირი ამერიკული ინვესტიციების საკითხებით ინტერესდებიან

კარლ ჰარცელი საკონსტიტუციო ცვლილებაზე: მესამე წარუმატებლობა ამ ორი თვის განმავლობაში

დღეს, პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილულ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს. „დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა რიგ მნიშვნელოვან საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილის შეთანხმების მიღწევის შემდეგ იყო წარდგენილი. სამწუხაროდ, უარი ითქვა ძირითად ცვლილებაზე გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ცვლილება შეეხებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესს, რომელიც მიზნად ისახავდა მარტივი უმრავლესობის კვალიფიციურ უმრავლესობამდე გაზრდას დანიშვნებისთვის ყველა პოლიტიკური პარტიის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად და მომავალში მხოლოდ ერთი პარტიის მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის შესაძლებლობის რისკის შესამცირებლად. ეს იყო კიდევ ერთი საშუალება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ხარისხის გაზრდას. პრინციპები, რომლებიც ამ ცვლილებას საფუძვლად ედო, ვენეციის კომისიის დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რეკომენდაციას ასახავდა. „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ ჩვენ ასევე ვითვალისწინებთ, რომ მან 28 ივლისს საჯაროდ აიღო განახლებული ვალდებულება იმისა, რომ სასამართლო რეფორმების განახორციელება და ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიიღება მაინც მოხდებოდა. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ დღეს მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ვალდებულებას. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების შემდგომ დანიშვნებს, ისევე როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ დანიშვნებს, ეუთო/ოდირის შეფასებით „აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა“. წინა კვირას, ევროკავშირის 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების არგადახდის კონტექსტში, ევროკავშირმა აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ შეძლო, საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი. ამრიგად, საქართველოს მიერ აღებული სასამართლო სისტემის რეფორმირების ვალდებულებების თვალსაზრისით დღევანდელ ცვლილებაზე უარის თქმა მესამე წარუმატებლობაა ამ ორი თვის განმავლობაში. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანონის უზენაესობის სფეროში გარანტიების გაძლიერებას კვლავაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებისათვის. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა პარტიას გაზრდილი ძალისხმევით ერთად იმუშაონ პარლამენტში ინკლუზიური პროცესის საშუალებით სასამართლო სისტემის ძირითადი რეფორმების განსახორციელებლად. ვიმეორებთ - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავ სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი. ამავე თემაზე: პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა კოვიდრეგულაციების დამრღვევებისთვის ამნისტია დაამტკიცა

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და “ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომელიც პარლამენტს მთავრობამ წარუდგინა, პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” პროექტი მიზნად ისახავს 2021 წლის 23 ივნისამდე ჩადენილ ყველა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისა და სახდელისგან პირების გათავისუფლებას, რომელიც იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევას მოიცავს. რაც შეეხება „ამნისტიის შესახებ“ პროექტს, ის როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ამავე თემაზე: კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

126 ხმით, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო ფრაქციების შექმნისთვის დაწესებული პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხამდე მცირდება. ასევე ცვლილებების მიხედვით, მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის დგინდება 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი; საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი უნდა ყოფილიყო ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, რომელსაც უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამჟამად ანულირებულია, ასევე გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება, თუმცა რადგან წარმოდგენილი ცვლილება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს და ვერც ოპოზიციამ წარმოადგინა მისი მიღების არგუმენტები, შესაბამისად, კანონპროექტის მე-13 პუნქტის კენჭისყრა დღის წესრიგიდან მოიხსნა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 6 წლის ვადით ირჩევს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტიდან, გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული საკითხების ამოღება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მმართველ ძალას არ სურს სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებზე პოლიტიკური კონტროლის შემცირება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ხვალ ეწვევა

8-9 სექტემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ნიკოლ ფაშინიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალზე გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს. ამავე თემაზე: საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა

დონბასის კრიზისზე მოლაპარაკებებში აშშ ჩაერთვება - უკრაინის ვიცე-პრემიერი

შეერთებული შტატები დონბასის კრიზისის დარეგულირების პროცესში მონაწილეობას მიიღებს, განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინმა. მანვე აღნიშნა, რომ ახლა მოლაპარაკებები გაიმართება არამხოლოდ ნორმანდიის ფორმატში, არამედ უფრო ფართო ფორმატში, რომელშიც შეერთებულ შტატებიც მიიღებს მონაწილეობას. „არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებული შტატები ხედავს თავის მთავარ როლს დონბასში კონფლიქტის მოგვარებასა და ყირიმის დაბრუნების საკითხში. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს თვეებში არაერთი ვიზიტი შედგება. იქნება დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრების, უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე “, - განაცხადა სტეფანიშინმა უკრაინული არხის ეთერში. მისი თქმით, შეერთებული შტატები მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესებში. ასევე წაიკითხეთ: აშშ-მ უკრაინას თავდაცვის სფეროსთვის 60 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო პირველ სექტემბერს, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფოს შესახებ გამოაცხადა. აშშ აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 2.5 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო. უკრაინელი პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ორი პრეზიდენტის შეხვედრა უკრაინა-ამერიკის ურთიერთობებში გარღვევა იყო. ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლპოდიმირ ზელენსკიმ აპრილში განაცხადა, რომ დონბასის კრიზისზე მოლაპარაკებებში აშშ-ის, კანადის და დიდი ბრიტანეთის ჩართვა სურს. მისი თქმით, არსებობს ორი ვარიანტი, პირველი გულისხმობს მინსკის ფორმატის შეცვლას, ან ჩასწორებას. მეორე კი, სხვა ფორმატის განხილვის შესაძლებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, მინსკის პროტოკოლს, რომლის მიზანიც დონბასში ომის დასრულება, ხელი 2014 წელს მოაწერეს უკრაინამ, რუსეთმა, ეუთომ და უკრაინის სეპარატისტულმა რეგიონებმა, ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ და ე.წ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ.

გვინეაში სამხედრო გადატრიალება რუსი მაგნატის ოლეგ დერიპასკას „ალუმინის იმპერიას“ საფრთხეს უქმნის

გვინეაში სამხედრო გადატრიალება რუსი მაგნატის ოლეგ დერიპასკას „ალუმინის იმპერიისთვის“ შესაძლოა, მტკივნეული დარტყმის მიზეზი გახდეს. ალუმინის უმსხვილესმა მწარმოებელმა Русал-მა შესაძლოა, მისი პროდუქციის მესამედი დაკარგოს, რადგან ის გვინეიდან მარაგდება. განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“. გვინეა, სადაც მოსახლეობის 43% სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბოქსიტის რეზერვებით, რაც მსოფლიო წარმოების 20%-ს უზრუნველყოფს, ნედლი მასალის 45%-ს კი რუსულ კომპანიას აწვდის. ”პრაქტიკულად არ არსებობს სხვა წყარო, რომელიც ანაზღაურებს ამ დანაკარგებს, რადგან რუსეთში არ არის ბოქსიტის ახალი საბადოები", - განუცხადა წყარომ რია ნოვოსტის. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო RBC წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ კონაკრის პორტში (გვინეის დედაქალაქი), „რუსალისთვის“გადაზიდვები 5 სექტემბრიდან უკვე შეჩერებულია. გვინეაში განვითარებული მოვლენების გამო, ალუმინის ღირებულებამ 2008 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია (ტონაზე 2,761 ათასი დოლარი). ცნობისთვის, გვინეაში შეიარაღებულებმა სამხედრო გადატრიალების დაწყების შესახებ განაცხადეს და ქვეყნის პრეზიდენტი ალფა კონდე დააპატიმრეს. სხვადასხვა წყარო იუწყება, რომ გადატრიალებას არმიის ელიტური დანაყოფი უწევს ორგანიზებას, რომელსაც ყოფილი ფრანგი ლეგიონერი, ლეიტენანტ-პოლკოვნიკი მამადი დუმბოია ხელმძღვანელობს. BBC-ის ცნობით, სამხედროების ჯგუფი, რომლებიც საკუთარ თავს „შერიგებისა და განვითარების ეროვნულ კომიტეტს“ უწოდებს, აცხადებს, რომ გვინეის კონსტიტუცია გაუქმებულია და ახალი, უფრო ყოვლისმომცველი კონსტიტუციისთვის კონსულტაციები იწყება. სამხედროების ნაწილმა სატელევიზიო მიმართვისას ქვეყნის პარლამენტი დაშლილად გამოაცხადა. ამბოხებული სამხედროების განცხადებით, გადატრიალების მიზეზი ყოვლისმომცველი კორუფცია, არასწორი მართვა და სიღარიბეა.

მევლუთ ჩავუშოღლუ: ქაბულის აეროპორტის მართვის მიზნით ყატართან და აშშ-სთან ვმუშაობთ

თურქეთის რესპუბლიკა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის მართვის საკითხებში ყატართან და აშშ-სთან თანამშრომლობს. აღნიშნულის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ქაბულის აეროპორტის მართვის მიზნით ყატართან და შეერთებულ შტატებთან ვმუშაობთ. ამჟამად თვითმფრინავებს აეროპორტში აფრენა-დაფრენის განხორციელება შეუძლიათ. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენები განაახლა“, - აღნიშნა თურქმა დიპლომატმა. ამავე თემაზე: ქაბულის აეროპორტში შიდა ფრენები განახლდა

ვლადიმერ პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზადაა, თუმცა ყირიმის საკითხის განხილვას არ აპირებს

ვლადიმერ პუტინი მზად არის, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, თუმცა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ აპირებს, ყირიმის საკითხის განხილვას. კრემლს მიაჩნია, რომ „პრეზიდენტები უნდა შეხვდნენ, რადგან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „უნდა გამოსწორდეს“, მაგრამ კიევი ამისთვის პოლიტიკურ ნებას არ აჩვენებს“. პუტინის პრესსპიკერმა ასევე განაცხადა, რომ ჯერჯერობით, მცირე პროგრესია ზელენსკისა და პუტინს შორის პირადი შეხვედრის ორგანიზების საკითხში. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პოზიციას, როგორც მან რამდენიმე თვის წინ განაცხადა, ყველაფერი იქით მიდის, რომ ეს შეხვედრა შედგება, „უკვე დავავალე ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რომ პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციას დაეკონტაქტოს, რათა მათ იპოვონ ტერმინები და ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ შეხვედრას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. თავდაპირველად, შეხვედრის ინიციატივით ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა, როდესაც პუტინს დონბასში შეხვედრა შესთავაზა. ვლადიმერ პუტინმა მაშინ განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის პრეზიდენტს მოსკოვში ნებისმიერ დროს შეხვდეს.

დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტის მეორე საშემოდგომო სესია გაიხსნა

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სხდომის დასაწყისში, სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, კოლეგებს 7 სექტემბერს, 12.00 საათიდან, პლენარული სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას ბრძანება გააცნო. 2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღევანდელი პლენარული სხდომის შემდეგ, პლენარული სხდომები არჩევნებამდე აღარ გაიმართება.

კიევში რუსეთ-უკრაინის მეგობრობის ძეგლი აიღეს

კიევში, უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დედაქალაქებს შორის მეგობრობის მემორიალური ნიშანი აიღეს, რომელიც 2001 წელს დამონტაჟდა. ამის შესახებ კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა ალინა მიხაილოვამ განაცხადა. მიხაილოვას თქმით, ამჟამად, მემორიალური ნიშანი რეგიონალურ სახელმწიფო ადმინისტრაციაში ინახება და მომავალში იგეგმება მისი გადატანა "ტოტალიტარიზმის მუზეუმში". მისივე განცხადებით, ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობა შეუძლებელია მანამ, სანამ "რუსეთის პრეზიდენტი მუხლებზე დაცემული უკრაინელ ხალხს ბოდიშს არ მოიხდის". "მეგობრობა არ გულისხმობს მკვლელობას, ტყუილს. მეგობრობა, თუკი ოდესმე არსებობდა, დაასრულა სევასტოპოლის, დონეცკის და ლუგანსკის ოკუპაციამ. მომავალში მეგობრობა შეუძლებელია მანამ, სანამ რუსეთი არ დატოვებს უკრაინის მიწას, არ აანაზღაურებს ზარალს და სანამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ბოდიშს მუხლებზე დაცემული არ მოუხდის", - წერს მიხაილოვა facebook-ზე.

ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზას სექტორზე ავიადარტყმები განახორციელეს,- ამის შესახებ ინფორმაციას, თავდაცვის ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით, Time of Israel-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ავიაიერიში განხორციელდა ჰამასის ანკლავიდან საჰაერო ფეთქებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ, რის შედეგადაც ანკლავთან მოსაზღვრე ტერიტორიაზე ხანძრის სამი კერა გაჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ავიადარტყმები განხორციელდა ხან იუნისში, რადიკალური მოძრაობა "ჰამასის" რაკეტების საწარმოსა და საწვრთნელ ბანაკზე. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

გიორგი გახარია ნარკოტესტის ჩაბარებაზე კახა კალაძის მოწოდებას პასუხობს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია მზად არის, თვითმართველობის არჩევნებამდე ნარკოტესტი ჩააბაროს. ამის შესახებ მან "რუსთავი 2-ის" ეთერში განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მას ნარკოტესტი რამდენჯერმე ჩაუბარებია და ამის პრობლემა არ აქვს. "ნარკოტესტთან დაკავშირებით, მე საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს. რამოდენიმეჯერ ჩამიბარებია. რა თქმა უნდა, როგორც კი თავისუფალი დრო მექნება მე ამას გავაკეთებ... რა მნიშვნელობა აქვს როდის ჩავაბარებ, ვინმემ უნდა განმისაზღვროს მე ხვალ უნდა გავაკეთო ეს, თუ ზეგ?! როცა დრო მექნება, არჩევნებამდე გავაკეთებ. კახამ ხომ ჩააბარა კოკაინზე ტესტი, ახლა ძალიან მაინტერესებს დებატების ტესტს როგორ ჩააბარებს. მე ჩემს ტესტს როგორმე მივხედავ", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამავე თემაზე: კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს კახა კალაძემ ნარკოტესტის ჩააბარა