პოლიტიკა
აღარ აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა, განბაჟება გაძვირდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, აღარ აიკრძალება ქვეყანაში 6 წელზე ძველი ავტომობილების შემოყვანა. ნაცვლად ამისა, დაწესდება გაზრდილი საბაჟო საფასური. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების განბაჟება ახალი ტარიფით ძალაში პირველი აპრილიდან შევა. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით. გვინდა, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი. შესაბამისად, ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახევი ის გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რაზეც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში,“ - განაცხადა პრემიერმა. 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება - ინიციატივა
ფაშინიანი: ნამდვილად გვაშფოთებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაცია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტრასბურგში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ხსენების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვას, ქართული მხრიდან იყო თუ არა თხოვნა ევროპარლამენტში გამოსვლისას ეთქვა, რომ „ევროკავშირში სომხეთის ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა.“ „თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ საერთო დღის წესრიგი გვაქვს, რომელზეც ვმუშაობთ. მე ევროპარლამენტში ტრიბუნიდან ჩემი წუხილი გამოვთქვი, რადგან, ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით. ეს გვაწუხებს,“ - განაცხადა ფაშინიანმა. ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა, ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა, ჩვენი თხოვნაა, კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს
ოთხშაბათს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტარებს სიტყვით მიმართა, სადაც ხაზი გაუსვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების მნიშვნელობას და მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. ფაშინიანმა თავისი გამოსვლა დაიწყო იმით, რომ 2023 წელს ევროპარლამენტში მისი ბოლო ვიზიტის შემდეგ, სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში საუკუნოვანი - თუ არა ათასწლოვანი - მნიშვნელობის ცვლილებები მოხდა. „ამ ცვლილებებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება, რომელიც ოფიციალურად დადასტურდა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის მთავრობის განზრახვას, გადადგას შემდეგი ნაბიჯები აშშ-ის შუამავლობით დაფინანსებული TRIPP ინფრასტრუქტურის პროგრამის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას და აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებას. ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების საკითხს - კანონის მიღებას, რომლებიც სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ასახავს (...) „ახლა, ამ კანონის მიღების შემდეგ, სომხეთში ბევრი სვამს კითხვას: როდის გახდება სომხეთი ევროკავშირის წევრი? ჩვენი პასუხი ძალიან ნათელია: ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი მისი სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, გავაგრძელოთ რეფორმების გზა ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით და პირველ რიგში, ობიექტურად დავაკმაყოფილოთ ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმები.“ მან ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. „საქართველო ჩვენთვის ევროკავშირისკენ მიმავალი გზაა და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხელშესახები გახადა და ჩვენი მოლოდინი და თხოვნაა, რომ ევროკავშირი-საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა. მან იმედი გამოთქვა, რომ რეგიონში მშვიდობა მოკლე ვადაში აღდგება და ხაზი გაუსვა სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყნებისა და ხალხების კეთილდღეობისთვის. შეხვედრაზე ასევე „ისაუბრეს საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებზე.“ საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს
ფაშინიანი: ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის
სომხეთი მზადაა, არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის საგზაო კავშირი კორნიძორ-გორისის-ეღეგნაძორის, ერასხის მარშრუტით. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოთხშაბათს, სტრასბურგში, საფრანგეთის დედაქალაქში, ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას. დღეიდან მზად ვართ, უზრუნველვყოთ ტრანზიტი აზერბაიჯანიდან თურქეთში და პირიქით, რადგან ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი არსებული საგზაო ქსელით. ჯერჯერობით არც აზერბაიჯანს და არც თურქეთს არ გამოუყენებიათ ეს შესაძლებლობა. ვვარაუდობ, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შეაფერხოს TRIPP პროექტის განხორციელება. მე ამ ტრიბუნიდან ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სომხეთს არ აქვს არც განზრახვა და არც მიზეზი, დააყოვნოს TRIPP პროექტის იმპლემენტაცია, რადგან ეს პროექტი სრულად შეესაბამება სომხეთის რესპუბლიკის მოკლევადიან, საშუალო და გრძელვადიან ინტერესებს. ის არავითარ შემთხვევაში არ ლახავს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან იურისდიქციას. ასევე მსურს ვთქვა, რომ სომხეთი დღეიდან მზად არის, უზრუნველყოს საგზაო კავშირი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კორნიძორის, გორისის, ეღეგნაძორის და ერასხის გავლით აზერბაიჯანის დასავლეთ რეგიონებსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის. ეს წინადადება არავითარ შემთხვევაში არ ისახავს მიზნად ვაშინგტონის შეთანხმებების დაყოვნებას, ჩაშლას ან დავიწყებას, და ამას ოფიციალურად ვამბობ. ჩვენ ამ წინადადებით გამოვდივართ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის რკინიგზას ოდნავ ალტერნატიული გზით ვიყენებთ. ისევე როგორც აზერბაიჯანი ელოდება კავშირის დამყარებას სომხეთის გავლით ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, ჩვენც ასევე ველოდებით სარკინიგზო კავშირის დამყარებას სომხეთის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის ნახიჩევანის ტერიტორიის გავლით. ამ რკინიგზას სომხეთისთვის ალტერნატივა არ გააჩნია. სომხეთის მთიანი რელიეფი სხვა გზით ქვეყნის სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სარკინიგზო კავშირის საშუალებას არ იძლევა. როგორც ხედავთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოლოდინები ამ თვალსაზრისით ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ჩვენ ასევე ვაპირებთ, გამოვიყენოთ საქართველო-აზერბაიჯანის რკინიგზა ექსპორტისთვის. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანი სომხეთისთვის საექსპორტო მიმართულებაც გახდება. სომხეთი უკვე ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს აზერბაიჯანიდან, რამაც გამოიწვია ნავთობპროდუქტების ფასების დაწევა ჩვენს ბაზარზე და დაამსხვრია ათწლეულების განმავლობაში არსებული მონოპოლიები ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სარკინიგზო კავშირისა და ზოგადად სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. „ისტორიული შესაძლებლობაა, დავძლიოთ პრობლემები“ - რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა
კოშტა და ალიევი: ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებენ
ევროკავშირი და აზერბაიჯანი პოლიტიკურ დიალოგს და თანამშრომლობას გააღრმავებენ, მათ შორის, უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი კოშტას ბაქოში ვიზიტის შემდეგ ავრცელებენ. განცხადების თანახმად, თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებადობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში. “ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობის ხაზგასმით პრეზიდენტებმა ერთგულება გამოხატეს კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, რაც ბოლო დროის მაღალი დონის შეხვედრების დადებით იმპულსს დაეყრდნობა. ეს თანამშრომლობა ორივე მხარის ერთობლივ ინტერესს ასახავს და წვლილი შეაქვს უფრო ფართო - შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში მშვიდობის, სტაბილურობის, დაკავშირებულობისა და მდგრადი განვითარების წინ წაწევაში… პრეზიდენტებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს ერთგულება ახალ, ყოვლისმომცველ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების სწრაფად ბოლომდე მიყვანისადმი, რაც მყარ იურიდიულ ჩარჩოს შექმნის, ურთიერთობების შემდგომი განვითარებისადმი,” - ნათქვამია განცხადებაში. ერთობლივი განცხადების თანახმად, პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს განახლებული “აზერბაიჯანი-ევროკავშირის პარტნიორობის პრიორიტეტების” მიღების მნიშვნელობას, ასევე, დიალოგის არსებული მექანიზმების, მათ შორის “ევროკავშირი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს” სრულად გამოყენებას, რათა კიდევ უფრო წინ წაწიონ ორმხრივი დღის წესრიგი ყველა სფეროში. მხარეები მიიჩნევენ, რომ "ენერგოუსაფრთხოება ორმხრივი თანამშრომლობის ქვაკუთხედია" და რომ აზერბაიჯანს უკავია "ცენტრალური ადგილი" ევროკავშირის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის დივერსიფიკაციაში, რაც აქტუალური გახადა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანმა ომმა. დღეს კი, ირანში ომის ფონზე, აზერბაიჯანის როლი ამ მხრივ კიდევ უფრო იზრდება და ევროკავშირი დაინტერესებულია ამ ქვეყანაში ინვესტიციების ხელშეწყობაში: "ირანში ომის გამო ენერგობაზრების რყევის ფონზე, ჩვენი პარტნიორობა ენერგოსფეროში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი მზად არის აზერბაიჯანის ენერგოტრანზიტის მხარდასაჭერად კერძო ინვესტიციებისა და ფინანსების მობილიზაციისთვის." საუბარი იყო შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, რაც კოშტას შეფასებით, "სტრატეგიული შესაძლებლობაა ახალი სატრანსპორტო კავშირებისთვის" და რომ ამ კონტექსტში არსებით მნიშვნელობას იძენს ბაქო-ნახიჩევანის სარკინიგზო კავშირი." ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობას და აზერბაიჯანის როლს: "ევროკავშირი იზიარებს აზერბაიჯანის მიზანს მშვიდობიან, სტაბილურ, ურთიერთდაკავშირებულ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიაზე. სომხეთთან სამშვიდობო პროცესში მიღწეული პროგრესი ისტორიული მნიშვნელობისაა. აზერბაიჯანის რეგიონული როლი იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა." 2028 წელს აზერბაიჯანი უმასპინძლებს ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტს. მომდევნო თვეებში კი ის ბრიუსელშია მიწვეული.
ო’სალივანის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა, - ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს გაუგზავნა. „ძვირფასო მინისტრო ბოჭორიშვილო, მადლობას გიხდით 2026 წლის 18 თებერვლის წერილისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის გაგზავნილი დოკუმენტისთვის ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით, რომლის მიღებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. დღემდე, ევროკავშირმა სიაში შეიყვანა 605 გემი, კერძოდ, ტანკერები, რომლებიც მაღალი რისკის მატარებელ და შეცდომაში შემყვან გადაზიდვის პრაქტიკას იყენებენ. გავაგრძელებთ იმ გემების მიზანში ამოღებას, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სანქციების გავლენას, მათ შორის, სანქციების მე-20 პაკეტში 40-მდე გემის დამატებით. გემები სანქცირდება საბჭოს (EU) 833/2014 რეგულაციის შესაბამისად, იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომ ეს ტანკერები მაღალი რისკის გადაზიდვის პრაქტიკაში იყვნენ ჩართულნი. ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომლისთვისაც ევროკავშირს შეუძლია გემების მიზანში ამოღება. სხვა საფუძვლები მოიცავს გემებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ სანქცირებული საქონელი ან ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ახორციელებენ“, - აღნიშნულია წერილში. დევიდ ო’სალივანი განმარტავს, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების დასანქცირებით; ის მოითხოვს ყოვლისმომცველ მიდგომას, რომელიც მიმართულია მთელ ლოგისტიკურ ჯაჭვზე და უფრო ფართო ეკოსისტემაზე. „ევროკავშირი მუშაობს რუსული ენერგეტიკაზე დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირებაზე და რუსეთისგან ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვის მცდელობების გაძლიერებაზე. ამ მიზეზით, ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში მდებარე ინფრასტრუქტურა, რომლებიც მხარს უჭერენ ამ საქმიანობას და საფრთხეს უქმნიან ჩვენი სანქციების ეფექტურობას მათი გვერდის ავლის გზით. ამ მხრივ, თავდაპირველად შემოთავაზებული იყო საქართველოში მდებარე ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო ჩართვა რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლის გამო. ეს საწყისი პოზიცია ხელახლა შეფასდა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები აიღეს. მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების პორტებში შესვლას ან მომსახურების მიღებას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებებს, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის რუსული ნედლი ნავთობისა და ასეთი ნავთობისგან დამზადებული რაფინირებული პროდუქტების ფასების ლიმიტისა და ევროკავშირის მიერ იმპორტის აკრძალვების დაცვით. ეს ვალდებულებები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ჩვენს მიერ სიტუაციის განხილვის პროცესში და საბოლოოდ განაპირობა ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტში არ შეყვანა“, - აღნიშნულია წერილში. წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით. „აღვნიშნე, რომ თქვენი ხელისუფლება უკვე დაუკავშირდა კომისიას ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით კონსულტაციის მოთხოვნით და ვაფასებ, რომ თქვენ ამ გემს უარი უთხარით საქართველოს პორტში შესვლაზე. იმედი მაქვს, რომ ოპერატიულ დონეზე აზრთა გაცვლა-გამოცვლა გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ჩრდილოვანი ფლოტის გადაადგილებას და ამას მომავალშიც გააგრძელებს. რაც შეეხება სავაჭრო შეზღუდვებს, ევროკავშირში მაღალი პრიორიტეტის მქონე საქონლის (Common High Priority – CHP) და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (Economically Critical Goods – ECG) რეექსპორტის მონიტორინგი და შეზღუდვა კავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. ეს საქონელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო ან სამრეწველო კომპლექსისთვის და მათი გადამისამართების თავიდან აცილება ჩვენი ზომების ეფექტიანობისთვის აუცილებელია. ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ კუთხით და გთხოვთ, გააგრძელოთ იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული ასეთი სენსიტიური საქონლის რუსეთში ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის“, - აღნიშნულია წერილში. წერილში აღნიშნულია, რომ ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები მესამე ქვეყნებში არსებული იმ ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სანქციების სიაში შესატანად, რომლებიც რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს იყენებენ. „ევროკავშირს აქვს ინსტრუმენტები, რათა ჩამონათვალში შეიყვანოს მესამე ქვეყნების ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტები, რომლებიც იყენებენ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლის მიზნით შექმნილ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს, როგორიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდების სისტემა (SBP) და რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემა (MiR), ან უფრო ზოგადად ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებს ჩვენი სანქციების მოქმედებას ან მხარს უჭერს რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. ამ წერილით ასევე მსურს, გაგაფრთხილოთ, რომ ასეთი ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში მათ შეიძლება, ევროკავშირში ტრანზაქციების აკრძალვა დაეკისროთ. თქვენი ვალდებულება, თავიდან აიცილოთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიაზე მომავალშიც ყურადღებით გაკონტროლდება და ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ვიმოქმედოთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენს სანქციებს ძირი არ გამოეთხაროს. გთავაზობთ, რომ რუსეთის სანქციებთან მომუშავე ჩვენმა ტექნიკურმა ექსპერტებმა ვიდეოკონფერენცია მოაწყონ ზემოთ ხსენებულ ყველა საკითხზე ინფორმაციის გასაზიარებლად. მადლობას გიხდით თქვენი ძალისხმევისთვის და მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას,“ - აღნიშნულია წერილში.
ფაშინიანი: არ მახსოვს, მეთქვას, რომ ჩვენ დასავლეთისკენ მივემართებით, მე ჩვეულებრივ ვამბობ, რომ არსად მივდივართ
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ამოცანა არასდროს დაუსახავს და ერევნის მიდგომაა, იხელმძღვანელოს სომხეთის სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ სომხეთი არც მომავალში დაისახავს მიზნად რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭების ან რუსეთის ინტერესების დაზიანებას. „სომხეთის მიდგომა ყოველთვის არის შემდეგი: იხელმძღვანელოს ექსკლუზიურად სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ინტერესებით,“ - განაცხადა ფაშინიანმა, როდესაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეუერთდება სომხეთი ევროკავშირს, თუ დღის წესრიგში რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის საკითხი არ დგას. ჟურნალისტის სიტყვებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ სომხეთი მიდის დასავლეთისკენ, სომხეთის პრემიერი ასე გამოეხმაურა: „მე არ მახსოვს, ოდესმე განმეცხადებინოს, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. ჩვეულებრივ, მე ვამბობ, რომ ჩვენ არსად არ მივდივართ...დიახ, სომხეთმა მიიღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, და მე ამ საკითხზე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კონტექსტშიც გამომითქვამს აზრი: ჩვენ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ჯერ კიდევ გზის იმ წერტილში არ ვართ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას კეტავდეს. როდესაც დავინახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა ჩვენს თვალთახედვას ბლოკავდეს, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ ვიმოძრაოთ, რომ თვალთახედვის პრობლემა არ გვქონდეს,“ - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
აზერბაიჯანი იუწყება, რომ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ტერორისტული გეგმები აღკვეთა - სამიზნეებს შორის იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (SSS) პარასკევს განაცხადა, რომ მან აღკვეთა დაგეგმილი ტერორისტული და დივერსიული ოპერაციების სერია, ასევე, სადაზვერვო საქმიანობის შეგროვების აქტივობები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მიერ იყო ორგანიზებული. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სამიზნეებს შორის იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ისრაელის საელჩო ბაქოში. განცხადების მიხედვით, სამიზნეებს შორის იყო სინაგოგა და ებრაული თემის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ალიევი: ირანმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა
ევროკავშირმა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა
დღეს ევროკომისია საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლას აჩერებს. ახლა მათ შენგენის ზონაში ოფიციალური მიზნით შესვლისას ვიზა უნდა ჰქონდეთ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმი გამოიყენება. ეს გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ მიიღეს. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, ვიზის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდა „საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობადი დარღვევის საპასუხოდ.“ გარდა ამისა, კომისიამ დღეს მიიღო სახელმძღვანელო მითითებები წევრი სახელმწიფოების საკონსულო უწყებებისა და საზღვრის დაცვის წარმომადგენლებისთვის, რათა წევრ სახელმწიფოებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ეფექტიან განხორციელებაში დაეხმაროს. უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერება ძალაში შევიდა დღეს და 12 თვის განმავლობაში — 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.
„ისტორიული შესაძლებლობაა, დავძლიოთ პრობლემები“ - რაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. 4 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე, ისაუბრა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კეთილმეზობლური ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე, რეგიონში ქვეყნების "გარშემო შექმნილი რთული ვითარების" ფონზე. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვამ რომ "საქართველო ძალისხმევას არ დაიშურებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყიბად.“ თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად, არსებობს ისტორიული შესაძლებლობა. მინდა, ვუსურვო საქართველოს ხანგრძლივი მშვიდობა და იმ საკითხების მოგვარება, რაც მისთვის აქტუალურია ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვენი რეგიონის გამოწვევები არ არის მარტივი. ჩვენ გვაქვს ისტორიული შესაძლებლობა, დავძლიოთ არსებული პრობლემები და ეს გამოწვევები. იმედი გვაქვს, რომ ეს შესაძლებლობები გამოყენებეული იქნება. დეტალური ინფორმაცია მივაწოდე ჩემს ქართველ კოლეგას იმის თაობაზე, თუ რა ხდება სომხეთში, რეგიონული საერთაშორისო დღის წესრიგის ფარგლებში. მე მას მოვახსენე, თუ რა ხდება TRIPP-ის პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის პროცესის და თურქეთთან ურთიერთობებში. 2025 წლის 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონში შედგა სამშვიდობო სამიტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით, რომელზეც ხელი მოეწერა როგორც სამმხრივ, ასევე, ორმხრივ შეთანხმებებს. ამავე სამიტზე გამოცხადდა სატრანსპორტო დერეფნის პროექტი სახელწოდებით „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP). ასევე, მოვუყევი მას სომხეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მიმაჩნია, რომ ჩვენ საერთო ინტერესები გვამოძრავებს იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჩვენი რეგიონი და ევროკავშირი ჰქვია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობების კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველო ჩვენთვის. ეს ის საკითხია, რაზეც გვქონდა ასევე საუბარი და იმედი მაქვს, რომ ეს ის საკითხია, სადაც ვითანამშრობლებთ მომავალშიც და ხელშესახები შედეგებიც გვექნება,“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. „ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“ - ირაკლი კობახიძე უფრო ადრე, „პირისპირ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას ვითარების დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში,“ - იუწყება ქართული მხარე. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო-სომხეთს შორის არის მაღალი დონის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და, ამ თვალსაზრისით, სომხეთი საქართველოს პარტნიორების ათეულშია. „სომხეთი სტაბილურად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. რაც შეეხება ვიზიტორების რაოდენობას სომხეთიდან საქართველოში, ამ თვალსაზრისით, სომხეთი მთავარ სამეულშია. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიღმა, ჩვენს გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, განათლება, კულტურა, ხალხთაშორისი ურთიერთობები, სტრატეგიული მიმართულებები. ამ ყველაფრის ფონზე, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ყველა მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მოხარულნი ვართ იმ ტენდენციებით, რომლებიც განვითარდა ბოლო დროის განმავლობაში ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც გაფორმდა თქვენსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ყველაფერი იძლევა ძალიან კარგ საფუძველს, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ჩვენი რეგიონის გაძლიერებასა და განვითარებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „რაც შეეხება ტურიზმსა და ვიზიტორებს, ამ კუთხით, სომხეთი სამეულში იკავებს ადგილს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენთვის ძალიან ღირებულია თანამშრომლობის ეს ასპექტი, სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, ტურიზმის მიმართულებით გაცვლა. მოხარულნი ვართ, რომ ტურიზმის მიმართულებით არის სულ უფრო მზარდი ინტერესი საქართველოს მოქალაქეებში, ესტუმრონ სომხეთს და მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, ამ კუთხით, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას,“ - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. თავის მხრივ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. მისივე თქმით, საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება, ის ეფუძნება არსებულ ხანგრძლივ ტრადიციას. „არავისთვის არის უცხო, რომ სომეხი ტურისტებისთვის საქართველო იყო, არის და იქნება ყველაზე სასურველი ადგილი დასვენებისთვის და ვიზიტებისთვის. საქართველოდანაც იზრდება ტურისტების რაოდენობა სომხეთში. ჩვენ ეს მზარდი ტენდენცია გვახარებს. მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა, ეს ცხადყოფს, რომ ჩვენი აქტიური პოლიტიკური მეგობრობა, კულტურის, სპორტის, ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების სფეროებში აისახება ხალხთაშორის ურთიერთობებზე,“ - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შეხვდა
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ენდრიუ ბეიკერს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, „მხარეებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა იყო.“ „ჩვენ ვისაუბრეთ იმ ინტრესზე და მზაობაზე, რომელიც ქართულ მხარეს აქვს. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები, რა საკითხები შეიძლება, იყოს წამყვანი, ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით,“ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. „შეხვედრაზე საუბარი შეეხო უსართხოების გამოწვევებს, მათ შორის, ირანში მიმდინარე მოვლენებსა და მათ გავლენას როგორც საქართველოზე, ისე, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე. საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო „შუა დერეფნის“ განვითარება და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი. ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეებზე. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა და ის სულისკვეთება, რომლითაც იგი წარიმართა, მომავალში წარმატებული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას მოგვცემს,“ - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე ჩარლზ ჯეი მაკლაფლინ IV. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ფაშინიანი საქართველოს ეწვევა
3-4 მარტს, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. „სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძისა და ნიკოლ ფაშინიანის თანათავმჯდომარეობით, საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსი არაიკ ჰარუთიუნიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი ჟანა ანდრეასიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ხუდატიანი, ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი არიან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს მოქალაქეებისთვის, ომანიდან და საუდის არაბეთიდან სპეციალური ავიარეისი ინიშნება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის. “საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: 🇴🇲 მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო) 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით) 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით) რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო) 04.03.2026, 19:00 (ადგილობრივი დროით) საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335 ტელეფონი: +971 2 553 36 83 ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071 ტელეფონი: +974 44 739 499 ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის,” - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს
საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა „სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს.“ „სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად,“ - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას. უწყების მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზი ჰქონდა გასმული "დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად." მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ამის შესახებ კობახიძემ Faceboook გვერდზე დაწერა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს კობახიძემ "დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან" და გამოხატა "გულწრფელი სოლიდარობა" და იმედი გამოთქვა, "რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება." "ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან,” - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით, ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.
„აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის მოდელია“ - მინისტრი
თურქეთი და საქართველო აზერბაიჯანის უცხოური ინვესტიციების სტრუქტურაში წამყვან პოზიციებს იკავებენ, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მიკაილ ჯაბაროვმა კახეთის რეგიონში გამართულ აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის თურქეთის ელექტროენერგიის ბაზარზე შესვლისა და 870 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურის შეძენის შემდეგ, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ორმხრივი ინვესტიციები 21 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა. აზერბაიჯანის ინვესტიციები საქართველოში 3.1 მილიარდ დოლარს აჭარბებს, სადაც SOCAR-ი წამყვან როლს ასრულებს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამმხრივი ენერგეტიკული თანამშრომლობა რეგიონული განვითარების ერთ-ერთ საყრდენად იქცა. „დღეს ჩვენ წვლილი შეაქვთ საქართველოს, თურქეთის და კიდევ 14 ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რომლებიც ძირითადად დასავლეთში მდებარეობს. აზერბაიჯანი ბუნებრივ გაზს 16 ქვეყანას ამარაგებს, რომელთაგან 10 ევროკავშირის წევრია და მსოფლიოში პირველ ადგილზეა მილსადენებით მომარაგების გეოგრაფიის მხრივ,“ - აღნიშნა ჯაბაროვმა. მინისტრის თქმით, ერთობლივად განხორციელებული სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი ინფრასტრუქტურას გასცდა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცა: „აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშრუტი უკვე ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, განვიხილოთ საინვესტიციო შესაძლებლობები და გავაგრძელოთ ჩვენი როლი, როგორც საქართველოს ეკონომიკური ეკოსისტემის ბუნებრივი ნაწილისა. მე მჯერა, რომ ეს ორივე ერის ინტერესებს ემსახურება,“ - ჯაბაროვმა ასევე აღნიშნა სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობა, მათ შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის და შუა დერეფნის განვითარების. მინისტრის თქმით, რეგიონული კავშირის გაღრმავება, ყარს-ნახჭევანის პროექტის განხორციელება და ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის გაფართოება აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში ეკონომიკური ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
დიდმა ბრიტანეთმა „იმედი“ და „POSTV“ დაასანქცირა
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV-ს“ სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს.“ დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების გაყინვას, ტრასტული მომსახურების [მომსახურება, როცა ერთი პირი ან კომპანია მართავს სხვის ქონებას, აქტივებს ან უფლებებს მის ნაცვლად, შეთანხმებული პირობებით] აკრძალვას, დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას. სანქცირების საფუძველზე საუბრისას დიდი ბრიტანეთის მთავრობა აღნიშნავს, რომ ხსენებული მედიასაშუალებები ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, ძირითადად საქართველოში მყოფი აუდიტორიისთვის - ინფორმაციას, რომელიც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც ახდენს უკრაინის დესტაბილიზაციას ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას.“ ბრიტანეთის მთავრობა ასევე მიუთითებს, რომ ორივე ტელევიზია რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას.“ ცნობისთვის, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. განახლება: დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას განცხადებით გამოეხმაურა „იმედი.“
კალასის დოკუმენტში, რომელიც უკრაინასთან მოლაპარაკების დროს რუსეთის მხრიდან დათმობებს ეხება, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის მოთხოვნაზეც არის საუბარი
„ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დოკუმენტი გავუზიარე იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთის მხრიდან უნდა ვნახოთ,“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „თუმცა პირველი საკითხია ის, რომ რუსეთმა პატივი სცეს უკვე არსებული საერთაშორისო შეთანხმებებით აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ჯარების გაყვანას ითვალისწინებს,“ - განაცხადა კაია კალასმა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, სულ მცირე, 30 შეთანხმება და ვალდებულებაა, რომლებსაც რუსეთი ახლა არ ასრულებს. „მოლდოვაში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას დიდი ხნის წინ დათანხმდნენ. ასევე, იგივე მდგომარეობა გვაქვს საქართველოშიც და სხვაგანაც,“ - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. კალასის განცხადებით, სიმართლეა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს ბევრი ტერიტორია და მათი ძალები განლაგებულია სხვადასხვა ნაწილში — იქნება ეს საქართველო, თუ იქნება ეს მოლდოვა. ამიტომ, ევროპელი დიპლომატის შეფასებით, ცხადია, რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის საჭიროა, მათ დატოვონ ყველა ის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც იმყოფებიან. მისივე შეფასებით, ევროკავშირის ეს მოთხოვნები საჭიროა მოლაპარაკებებში სიტუაციის ოდნავ დასაბალანსებლად და ფოკუსის რეალურ პრობლემაზე გადასატანად, რაც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას. უფრო ადრე, მედია წერდა, რომ ევროკავშირის მოთხოვნები მოიცავს რუსული ჯარების დონის შემცირებას და მათ გაყვანას მეზობელი ქვეყნებიდან, რეპარაციების გადახდას და საზოგადოების დემოკრატიზაციის აუცილებლობას. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისადმი ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა ითვალისწინებს ბელორუსში ბირთვული იარაღის არარსებობას და რუსეთის სამხედრო ყოფნისა და განლაგების აკრძალვას ბელორუსში, უკრაინაში, მოლდოვას რესპუბლიკაში, საქართველოსა და სომხეთში.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი, რომლის მონაწილე საქართველოა, ახალ ეტაპზე გადავა
მარტის დასაწყისში, სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი, რომელშიც საქართველო მონაწილეობს, ახალ ეტაპზე გადავა. ინიციატივა მიზნად ისახავს რეგიონში განახლებადი ენერგიის ტრანზიტისა და ექსპორტის გაძლიერებას. კერძოდ, თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა ისაუბრა „მწვანე ენერგიის დერეფნის“ დაგეგმილ პროექტზე, რომელშიც აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და ბულგარეთი მონაწილეობენ. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR დიდი ხანია, თურქეთისთვის მთავარი მომწოდებლები არიან და რომ უახლესი შეთანხმება უზრუნველყოფს ენერგეტიკული ვაჭრობის გაგრძელებას 2030 წლის შემდეგაც. მანვე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობა მხოლოდ ბუნებრივი აირით არ შემოიფარგლება. „არსებობს „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მონაწილეობით, რომელიც ითვალისწინებს, კერძოდ, ნახჩივანში განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტს თურქეთსა და ევროპაში. პირველი ხელმოწერები უკვე გაკეთებულია. სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებულ შეხვედრაზე, მარტის დასაწყისში, ჩვენ ვგეგმავთ პროექტის გადაყვანას შემდეგ ეტაპზე,“ — განაცხადა ბაირაქტარმა. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესში ენერგეტიკის სფეროში პოტენციური თანამშრომლობის შესახებ კითხვაზე ბაირაქტარმა განაცხადა, რომ სომხეთიც შეიძლება, გახდეს „მწვანე დერეფნის“ ინიციატივის ნაწილი. „როდესაც ნორმალიზაციაზე ვსაუბრობთ, ასევე ვგულისხმობთ ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზაციას.“ „ჩვენ შეგვიძლია, ენერგეტიკის სფეროშიც განვავითაროთ თანამშრომლობა. შესაძლოა, იქ კარგი შესაძლებლობები იყოს. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი ყველასთვის სასარგებლო გზით წავა,“ - განაცხადა ალპარსლან ბაირაქტარმა. ბაქო იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან
ბაქო იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან
აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ იტალია და სლოვენია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტს შეუერთდებიან. ამის შესახებ აზერბაიჯანის ელჩმა იტალიაში რაშად ასლანოვმა რომში გამართულ კონფერენციაზე [ „კავკასიიდან ხმელთაშუა ზღვამდე“] განაცხადა. „დღეს აზერბაიჯანი სულ უფრო მიმზიდველი ქვეყანა ხდება [როგორც პარტნიორი - რედ.] თუ რუკას დააკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ ევროპის კავშირი აზიასთან, ჩინეთთან და ცენტრალურ აზიასთან გარდაუვლად გადის აზერბაიჯანზე. ჩვენ აქტიურად ვავითარებთ ინფრასტრუქტურას. საქმე მხოლოდ ნავთობსა და გაზს არ ეხება, არამედ, ელექტროკაბელის პროექტსაც, რომელიც მომავალში ცენტრალურ აზიას კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, რუმინეთთან და უნგრეთთან დააკავშირებს, შემდეგ კი, ვიმედოვნებთ, მას სლოვენია და იტალია შეუერთდებიან. ეს მნიშვნელოვანი პროექტია და მის შეფასებაში მონაწილეობს მილანში დაფუძნებული იტალიური კომპანია CESI,“ - განაცხადა ელჩმა. კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი 2023 წლის 25 ივლისს მოეწერა ხელი საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინიციატივაა, რომელიც პირდაპირ აკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს; სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგოსისტემებს. წყალქვეშა კაბელი 1,155 კმ-ზე მეტ სიგრძეზე იქნება გადაჭიმული - მათ შორის 1,115 კმ წყალქვეშ და 40 კმ ხმელეთზე - 525 კვ ძაბვით და 1,300 მეგავატი სიმძლავრით. შავ ზღვაზე წყალქვეშა ელექტროკაბელის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვისაა დაგეგმილი.