პოლიტიკა

კახა კუჭავა: მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები

კულტურულად ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს. მისივე თქმით, დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია „გილოცავთ ევროპის დღეს! 1950 წლის 9 მაისს საფუძველი ჩაეყარა ერთიან მშვიდობიან და ძლიერ ევროპას. კულტურულად ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, მშვიდობიან განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობებს გულისხმობს. დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში ეს მხარდაჭერა ფასდაუდებელია და ევროპული სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაზე საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან, ხელშესახებ შედეგებს. ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. საქართველოს პარლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და რეფორმების გატარებით საფუძველს ჩაუყრის საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების ახალ ეტაპს. 2024 წელს საქართველო ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე გააკეთებს განაცხადს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს!“,- აცხადებს კახა კუჭავა.

პრეზიდენტი: ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა

ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა, რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა, – ამის შესახებ საქართველო სპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დღესთან დაკავშირებით აცხადებს. „მთელს ევროპაში ევროპის დღე ევროპელ ხალხთა და ევროპის ქვეყნების ერთიანობის დღედ აღინიშნება. იგი ეფუძნება ევროპულ კულტურისა და ისტორიის შემქმნელ ფასეულობებს. ევროპის ისტორია გვაჩვენებს, რომ ყოველივე დიდ გამოწვევას, ომსა თუ ტრაგედიას მოყვება ახალი შესაძლებლობები, ახალი სიმტკიცე, ახალი ენერგია. ჩვენც ამ მშვიდობიანი მომავლის იმედს ვიზიარებთ დღეს და ყოველივე 9 მაისს. ევროპამ ახლახან გვაჩვენა, რომ მისთვისაც საქართველო მნიშვნელოვანი მოკავშირეა, მისთვის საქართველოს სტაბილურობა, დემოკრატიულობა და წინსვლა თურმე ცარიელი სიტყვები კი არა და რეალური მიზანი და ამოცანა ყოფილა და ამის ნიშნად ყოფნის ევროპის უმაღლესი ხელმძღვანელობის ჩართულობა ჩვენი პოლიტიკური კრიზისის გადასალახავად. ევროპა გვერდში დაგვიდგა. ჩვენი ევროპისკენ მიმავალი გზა არც ადვილი, არც ერთგვაროვანია, თუმცა ჩვენ, ანუ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ ვიცით, რომ ეს ჩვენი წინსვლის რეალური გზაა. ამ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს ევროპელ პარტნიორს, ევროპელ ჩვენს მეგობრებს, ევროპაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს. ეს დღე ჩვენი ერთობლივი დღესასწაულია. გილოცავთ!“,- აცხადებს ზურაბიშვილი.

დავით ზალკალიანი: ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. „დღეს დიდი ევროპული ოჯახი ევროპის დღეს – ანუ ევროკავშირის დაფუძნების იდეას ზეიმობს! საქართველო, როგორც ისტორიულად ევროპული ოჯახის წვერი, ყოველწლიურად აღნიშნავს ამ თარიღს. ოდითგანვე საქართველოს უნიკალური წვლილი შეჰქონდა ევროპული ფასეულობების ფორმირებაში. ისტორიულად საქართველო ყოველთვის იდგა თავისუფლების, დემოკრატიის, უსაფრთხოების, თანასწორობის იდეის დამცველად. სწორედ ეს – საერთო ღირებულებები – განაპირობებს ქართველი ხალხის შეუქცევად არჩევანს გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი! ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ საკუთარი ძალისხმევის, ევროკავშირის და მისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერით მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მხოლოდ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე კომპლექსური რეფორმებით საქართველო ტრანსფორმირდება წარმატებულ ევროპულ დემოკრატიად; ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით ევროკავშირის/შენგენის სივრცეში; სახეზეა მზარდი დინამიკა ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვაში; საქართველო ჩართულია რეგიონისთვის საკვანძო სტრატეგიულ პროექტებში და ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო აქტიურ გამოყენებას ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებითობის იდეის განხორციელების სახით; ჩვენი ქვეყანა გახდა ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი; ღრმავდება საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან ეკონომიკის სხვადასხვა დარგში; გრძელდება ევროკავშირის სააგენტოებთან და პროექტებთან დაახლოება; ფართოვდება თანამშრომლობა უსაფრთხოების სფეროში; საქართველო კვლავ მოწინავე ადგილზეა განათლების სფეროში ევროკავშირთან ურთიერთობების მხრივ, კერძოდ კი ERASMUS პროგრამაში ჩართულობის თვალსაზრისით, რაც ქართველ სტუდენტებს დიდ შესაძლებლობებს უქმნის. და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში. მთავრობის სწრაფვა – 2024 წელს მზად ვიყოთ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ამბიციურ გეგმებს- – მაქსიმალური გავაკეთოთ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის განხორციელებისათვის, რაც შეუქცევადს გახდის ჩვენი ქვეყნის განვითარებას, გააუმჯობესებს თითოეული ჩვენი მოქალაქის ყოველდღიურობას, განამტკიცებს ქვეყნის უსაფრთხოებას და თითოეული მოქალაქის უფლებებსა და დაცულობას. არ შემიძლია, ევროპის დღეს, განსაკუთრებით არ აღვნიშნო, ის მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა აღმოუჩინეს საქართველოს გლობალური პანდემიის და მის შედეგებთან გამკლავების პროცესში. დღეს ევროპას სჭირდება გამოწვევების წინააღმდეგ ძლიერი და მედეგი საქართველო. საქართველოს ევროპული იდენტობის გზაზე, ჩვენი ისტორიული თავდადების, ისევე როგორც თანამედროვე საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გაწეული ძალისხმევის შესახებ, ევროპის დღეების ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უმასპინძლებს ევროპის დღეებს, რა დროსაც ვირტუალურ ფორმატში საშუალება გექნებათ მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეს! ევროპული იდეა უკვდავია!“,- აღნიშნულია დავით ზალკალიანის მიმართვაში.

იერჟი პომანიოვსკი: ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში

„ევროპული ფონდი დემოკრატიისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი იერჟი პომანიოვსკი აცხადებს, რომ ამაყი და ბედნიერია, რადგან ფონდი მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას. „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) თანხა გამოყო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას გირაოსთვის. „ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ფონდი მხარს უჭერს დემოკრატიას საქართველოში. იმედი მაქვს, ეს გზას გაუხსნის უფრო ფართო რეფორმებს“, – წერს იერჟი პომანიოვსკი Tweeter-ზე. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ

ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში აცხადებს. „ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს – ევროკავშირის ელჩს – ბატონ კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში. ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფით ჩვენი ბუნებრივი გარემოს – ევროპული სივრცისაკენ. მჯერა, რომ ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა. „ამ ერთიანობისაკენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. 2014 წელს საკვანძო მოვლენად იქცა ასოცირების ხელშეკრულება. ევროპასთან სავიზო ბარიერის მოხსნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს. ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვისაც უნიკალური შესაძლებლობაა, ისარგებლონ ყველა სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს. საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა. მადლობას ვუხდი ჩვენ ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, ვისი უდიდესი თანადგომის გარეშეც საქართველოს ასეთი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა. 2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ დღევანდელ თაობებს ხვდათ წილად, სინამდვილედ აქციონ ჩვენი წინაპრების ოცნება. ყველას გილოცავთ ევროპის დღეს!“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება

ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება, – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპის დღესთან დაკავშირებით. „დღეს ევროპის დღეა. დღეს ჩვენ ვზეიმობთ იმ იდეის არსებობას, რომელიც ევროკავშირის ფუნდამენტს წარმოადგენს – იდეას, რომ თანამშრომლობას შეუძლია, აჯობოს ომსა და კონფლიქტებს და შექმნას კეთილდღეობა, როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იდეა, ზუსტად 71 წლის წინ გაჩნდა. დღეს ჩვენ, როგორც ევროპელებმა, ვიცით, რომ სწორედ ეს იყო ის გზა, რომელსაც უნდა გავყოლოდით, რომ თანამშრომლობა და პარტნიორობა მართლაც სარგებლის მომტანი ყოფილიყო. ჩვენ ამ ფილოსოფიას ვეყრდნობით ჩვენ საგარეო ურთიერთობებშიც, მათ შორის ისეთ ახლო პარტნიორთან, როგორიც საქართველოა. ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისათვის და მე ვამაყობ, რომ ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს COVID- 19 პანდემიასთან ბრძოლის დროს. ევროკავშირი ქვეყანას უწევდა ფინანსურ დახმარებას, აწვდიდა აღჭურვილობას და საჭირო ცოდნას. სამომავლოდაც, ევროკავშირი საქართველოს განვითარების მთავარ პარტნიორად დარჩება. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ძლიერი, წარმატებული და დამოუკიდებელი საქართველო სარგებელს მოუტანს როგორც თავად ქართველებს, ასევე ჩვენს პარტნიორობას, ზოგადად რეგიონს და, საბოლოოდ ევროკავშირს, ვინაიდან ჩვენ ვაფასებთ ჩვენს მეგობრობას, საერთო ღირებულებებს და მზარდ თანამშრომლობას, სავაჭრო, უსაფრთხოების, კულტურის, ტურიზმის სფეროებში და განსაკუთრებით ჩვენს მოქალაქეებს შორის. ასე რომ, ნება მომეცით, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს სტუმართმოყვარეობისა და მეგობრობისთვის, რადგან ჩვენ 2021 წელს ერთად აღვნიშნავთ ევროპის დღეს“,- აცხადებს კარლ ჰარცელი.

საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები ევროპის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ

საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენლები და პარტნიორები ევროპის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ ვიდეოგზავნილს ქართულ ენაზე ავრცელებენ. ვიდეოგზავნილს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს. „გამარჯობა, საქართველო! დღეს ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ევროპის დღე თანამშრომლობას ნიშნავს. ევროკავშირის ფარგლებში თანამშრომლობამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვექმნა სტაბილური, წარმატებული ერთობა, რომელიც მსოფლიო ლიდერია ისეთ წამყვან სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, გარემოს დაცვა თუ ციფრული ტექნოლოგიები. დღეს, საქართველოში, ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობასაც ვზეიმობთ. საქართველო და ევროკავშირი მჭიდრო პარტნიორები არიან. ჩვენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ვართ პანდემიასთან ბრძოლაში. ჩვენ საქართველოს გადავეცით სამედიცინო აღჭურვილობა და ცოდნა, დავეხმარეთ ვაქცინების მიღებაში და ვეხმარებით ვაქცინაციის პროცესში, გავუწიეთ ფინანსური დახმარება სოციალური მხარდაჭერის და ეკონომიკის აღდგენისათვის. მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ყველა სფეროს აღდგენასა და განვითარებაში. თანამშრომლობას მოაქვს სიძლიერე. ჩვენ, „ევროპის გუნდის“ წევრები, ერთად უფრო ძლიერები ვართ და ჩვენი შრომის შედეგიც უკეთესია. საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან ერთად, ევროკავშირი უფრო ძლიერია. საქართველო უფრო ძლიერია ევროკავშირთან ერთად! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს!“,- აცხადებენ ევროპის გუნდის წარმომადგენლები.

ევროკავშირი და საქართველო ევროპის დღეს აღნიშნავენ

9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. „ამ დღეს ვიხსენებთ 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ერებს შორის ომს წარმოუდგენელს გახდიდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა ევროპულ თანამეგობრობას, რაც შემდგომში დღეს არსებული ევროკავშირის სახით ჩამოყალიბდა, რომელიც 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს. წელს, ევროკავშირი ამ დეკლარაციის მიღებიდან 71-ე წელს აღნიშნავს. „ევროპის დღეს ასევე აღვნიშნავთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობას. საქართველოში 2021 წლის ევროპის დღის თემაა „ევროკავშირთან ერთად უფრო ძლიერები ვართ“, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირსა და საქართველოს ხანგრძლივ პარტნიორობას, საერთო ღირებულებებს და სოლიდარობას, განსაკუთრებით COVID-19 კრიზისის პირობებში“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში. წელს, ევროპის დღის აღსანიშნად და საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ხაზგასასმელად: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი შეასრულებენ საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნებს; ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება ღირსშესანიშნაობები საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის: ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში; საქართველოში ევროკავშირის 19 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი და პარტნიორები, როგორც ევროპის გუნდი, ერთობლივ ვიდეოგზავნილს გაავრცელებენ. ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი განცხადებას გააკეთებს. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირის სოლიდარობა ევროკავშირის საზღვრებს გარეთაც ვრცელდება, ისეთი ახლო პარტნიორების მიმართ, როგორიც საქართველოა. ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიის დროს ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა: ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად დაახლოებით 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება უზრუნველყვეს, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხია. ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც უპრეცედენტო კრიზისის დროს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოხატულ მტკიცე სოლიდარობას ადასტურებს. რაც შეეხება ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პროგრამებს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ: „უკვე 25 წელია ევროკავშირი საქართველოს მხარდამჭერი და უმსხვილესი დონორია. დღეს, ევროკავშირს საქართველოში 200-ზე მეტი აქტიური პროექტი აქვს, რომელთა საერთო ღრებულება 500 მილიონ ევროს აღემატება. ამ პროექტების ფარგლებში ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, ინსტიტუტების გაძლიერებაში, გარემოს დაცვაში, მობილობის და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავებაში. მაგალითად, ქართულ ბიზნესს ევროკავშირის ბაზარზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა, 7,000-ზე მეტმა სტუდენტმა უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამებით ისარგებლა, 40,000-ზე მეტმა ქართულმა ბიზნესმა ევროკავშირისგან მხარდაჭერა მიიღო. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. გასულ წლებში, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ევროპის დღეების აღსანიშნად გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობა 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო“. ევროკავშირის წარმომადგენლობაში ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ემყარება საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცესთან (DCFTA) ერთად 2016 წელს შევიდა ძალაში და რომელიც საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ევროკავშირსა და საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ შეთანხმება მიღებულ იქნა 2016 წლის დეკემბერში და მას შემდეგ, შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილება საქართველოს 500,000-ზე მეტმა მოქალაქემ შეძლო. ეს შეთანხმება უფრო აახლოებს საქართველოსა და ევროკავშირის ხალხს, ასევე აძლიერებს ტურიზმს და ბიზნეს კავშირებს.

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია გაერთიანებული სამეფოს დატოვების მომხრეა

შოტლანდიის რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში, ხმათა უმრავლესობა „შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ“ მოიპოვა, რომელიც შოტლანდიის ბრიტანეთისგან გამოყოფის მომხრეა. BBC-ის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, შოტლანდიის 129-ადგილიან პარლამენტში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიას უკვე 64 მანდატი აქვს. ხმების დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა, ნიკოლა სტერჯენმა პირობა დადო, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასრულების შემდეგ, კვლავ აპირებს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებას. "გაერთიანებული სამეფოს დატოვების შესახებ ახალი რეფერენდუმის მომზადებას გავაგრძელებთ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საპასუხოდ, რომლის თქმითაც, შოტლანდიის გამოყოფასთან დაკავშირებულ კენჭისყრას დაბლოკავს. ლონდონში ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ კენჭისყრის დაბლოკვა აბსურდული იქნება.ერთადერთი ხალხი, ვისაც შოტლანდიის მომავლის გადაწყვეტა შეუძლია, შოტლანდიელი ხალხია და ვესტმინსტერის არც ერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია და არც უნდა დადგეს ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.

ვლადიმერ პუტინი: ტაჯიკეთში რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე ვმუშაობთ

"ტაჯიკეთში რუსეთის 201-ე სამხედრო ბაზა მოქმედებს და მის გაძლიერებაზე ვმუშაობთ", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, ემომალი რაჰმონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პუტინის თქმით ტაჯიკ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილა, ავღანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. „ტაჯიკეთს ყველაზე გრძელი საზღვარი აქვს ავღანეთთან. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან შეშფოთებული ხართ ამ სიტუაციით. რა თქმა უნდა, ეს ლეგიტიმური წუხილია. ჩვენ ვმუშაობთ რუსული სამხედრო ბაზის გაძლიერებაზე, ტაჯიკეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.ამ მიმართულებით გვაქვს ერთობლივი მუშაობა, რამდენიმე წელზე გათვლილი პროგრამა. ყველაფერს გავაკეთებთ მისი დროულად შესრულებისთვის“, – განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ რომ რამდენიმე კვირის წინ ტაჯიკეთს და ყირგიზეთს შორის საომარი მოქმედებები დაიწყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ორი ქვეყნის სასაზღვრო რაიონების მაცხოვრებლებს შორის წყალგამანაწილებელ ობიექტთან დაკავშირებით კონფლიქტი მოხდა. დაპირისპირების მიზეზად ტაჯიკი ჩინოვნიკების მიერ გოლოვნოის წყლის გამანაწილებელ ცენტრში სათვალთვალო მოწყობილობების დამონტაჟება სახელდება, რომელიც როგორც ყირგიზეთი ამბობს, მდებარეობს იმ ადგილას, სადაც სუვერენიტეტი ჯერ განსაზღვრული არ არის.

ვიოლა ფონ კრამონი მელიას გირაოზე: კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროკავშირის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას twitter-ში გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია იმის ნახვა, რომ ყველა პარტნიორმა, მათ შორის ევროკავშირმა, შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ამან გზა უნდა გაუხსნას ყველას საპარლამენტო მუშაობისკენ, 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასარგებლოდ, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, განცხადება დღეს გაავრცელა. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა.

ჩეხეთის პრემიერი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს დაგმოს რუსეთის მონაწილეობა ჩეხეთში, იარაღის საწყობის აფეთქებაში

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშიმ ევროპულ საბჭოს თხოვნით მიმართა, 2014 წელს, ჩეხეთის მიწაზე, იარაღის საწყობში მომხდარ სისხლიან აფეთქებაში, რუსეთის მონაწილეობა დაგმოს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისა ბაბიშიმ აღნიშნა, ევროპულ საბჭოს უკვე მოუწოდა, დაგმოს და მიუღებლად გამოაცხადოს რუსეთის მსგავსი ნაბიჯები და იგივე მოთხოვნის დაყენებას გეგმავს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზეც. "მოვუწოდებ ევროპულ საბჭოს მკაფიოდ განაცხადოს, "რომ ამგვარ ნაბიჯებთან შერიგება შეუძლებელია, და რომ ევროკავშირის ერთ წევრ ქვეყანაზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმად უნდა მივიჩნიოთ",- განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. როგორც რამდენიმე კვირის წინ, ბაბიშიმ განაცხადა, ჩეხეთის დაზვერვის და უშიშროების სამსახურების გამომძიებლებმა "ცალსახა მტკიცებულებები" წარმოადგინეს საიმისოდ, რომ "გონივრული ეჭვი არსებობდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, GRU-ს 29155-ე დანაყოფის წევრების როლზე 2014 წელს, ვრბეტიცეს ტყვია-წამლის დეპოში მომხდარ აფეთქებაში". მოგვიანებით იარაღის საწყობის აფეთქებაში რუსეთი ბულგარეთის პროკრატურამაც დაადანაშაულა და გაანცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ბულგარეთში იარაღის საწყობი მსგავსი სცენარით ააფეთქეს, როგორც ეს ჩეხეთში მოხდა. მომხდარის გამო, ჩეხეთის მთავრობამ ქვეყნიდან გააძევა 18 რუსი დიპლომატი, რომლებსაც ჯაშუშებად მიიჩნევდა - რასაც პრაღასა და მოსკოვს შორის საპასუხო ნაბიჯების სერია მოჰყვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი: მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელები იმისთვის არ იბრძოდნენ, რომ 76 წლის შემდეგ, სხვა ომმა მათი სიცოცხლე შეიწიროს

მეორე მსოფლიო ომის დროს უკრაინელები სხვა ეროვნების ხალხთან ერთად იმიტომ არ იბრძოდნენ, რომ 76 წლის შემდეგ სხვა ომმა ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეიწიროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე განაცხადა. "როდესაც ჩვენ ვამბობთ "აღარასდროს ", პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ, რომ "არასოდეს დავივიწყებთ". კერძოდ, არასოდეს დაივიწყებთ, რომ უკრაინელები ათობით ეროვნების ხალხთან ერთად იბრძოდნენ ნაციზმის წინააღმდეგ - მათ შორის, რუსებთან, პოლონელებთან, ბელორუსებთან, ებრაელებთან, ქართველებთან, სომხებთან, ბრიტანელებთან, ამერიკელებთან, ფრანგებთან და მრავალი სხვა. ეს იმისთვის ნამდვილად არ გაგვიკეთებია, რომ 76 წლის შემდეგ ომმა ჩვენი ხალხის სიცოცხლე შეიწიროს"”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი. ასევე, ზელენსკის განცხადებით, არასდროს უნდა დავივიწყოთ, "რომ ნაციზმი აბსოლუტური ბოროტება იყო" და ვინც მის გამართლებას შეეცდება, მხოლოდ დაგმობის ღირსია.

საია-ს განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნიკა სიმონიშვილის განმარტებით, პროკურატურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში, ნიკა მელიას ციხის დატოვება დღესვე შეუძლია. ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საიამ თბილისის საააღსრულებლო ბიუროს ანგარიშზე თანხა დაახლოებით 15:00 საათზე ჩარიცხა. "შესაძლოა, ეს თანხა ჯერ არ იყოს ანგარიშზე ასახული, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ არცაა აუცილებელი ანგარიშზე თანხის ასახვა. ზოგადად, პირიქით ხდება ხოლმე; ჯერ შუამდგომლობა შედის გირაოსთან დაკავშირებით. დადასტურებულია ევროკავშირის მხრიდანაც და ჩვენ მიერაც, რომ თანხა უკვე გაგზავნილია და გადარიცხულია. ამ პირობებში, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პროკურატურა შუამდგომლობით წავიდეს სასამართლოში და სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება შეცვლასთან დაკავშირებით. შემდეგ, რა თქმა უნდა, ანგარიშზე თანხაც აისახება", - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

ვიოლა ფონ კრამონი: შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს

"შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს", - ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მშვენიერია! კარგია იმის დანახვა, რომ ყველა პარტნიორმა შეასრულა დანაპირები. შემდეგი ნაბიჯი იქნება ის, რომ ბატონი მელია ძალიან მალე დატოვებს ციხეს. ამან ყველას უნდა გაუხსნას გზა რეგულარული საპარლამენტო მუშაობისაკენ“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი. ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და საქართველოს ხელისუფლებას საია-მ გადასცა

ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და საქართველოს ხელისუფლებას საია-მ გადასცა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაოს თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. როგორც წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასარგებლოდ, გირაოს გადახდასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. „დღეს გადახდილი იყო 40 000 ლარის ოდენობის გირაო ბ-ნ მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად, რაც 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით მიღებული შეთანხმების კონტექსტში პოლიტიკური პარტიების მიერ მიღწეულ ურთიერთგაგებას მოჰყვა. გულითად მადლობას ვუხდით ორ დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც დათანხმდა ამ პროცესში მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გაწევაზე: ევროპულ ფონდს დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy), რომელმაც თანხა გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (საია), რომელმაც აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულებისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების მიზნით გადაიდგა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ნაბიჯი მეტად შეუწყობს ხელს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს, რომ შეთანხმებას შეუერთდეს და მის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს, საქართველოს, მისი მოქალაქეების, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისა და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ერთ-ერთ პუნქტი ნიკა მელიას გათავისუფლებას, გირაოს გადახდის შემდეგ ამნისტიის კანონის საფუძველზე ითვალისწინებდა. მას შემდეგ რაც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა დოკუმენტს ხელი მოაწერა, მელია გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებაზე უარს აცხადებდა, თუმცა კონსულტაციების შედეგად, ის საბოლოოდ დათანხმდა.

რას მოუტანს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სტრატეგიული კომუნიკაციის ერთიანი სამოქმედო გეგმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან

როგორც უკვე გაცხადებულია, საქართველო 2024 წელს გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას. მანამდე კი, ცხადია ქვეყანას დიდი ძალისხმევის და სამუშაოს გაწევა მოუწევს. შიდა პოლიტიკურმა კრიზისებმა, რომლებიც ევროკავშირის და უშუალოდ შარლ მიშელის მედიაციით გადაიჭრა, გარკვეულწილად მაინც დატოვა მოზომილი სიფრთხილე და სკეპტიციზმი ევროკავშირში საქართველოს მიმართ. აკი ერთხმად აღნიშნავდნენ ევროდეპუტატები, რომ სასწორზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იდო. ისედაც ფრთხილ და ახლა უკვე პანდემიის გამო საკუთარ პრობლემებში ჩაძირულ ევროპას ნამდვილად მყარი არგუმენტი სჭირდება მისი საზღვრების გასაფართოებლად. ცხადია, რუსეთის მხრიდან გაზრდილი საფრთხეები უმთავრესია, მაგრამ დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე, არჩევანის თავისუფლება, პლურალიზმი, ეს მაინც ის ქვაკუთხედი და კრიტერიუმია, რომლებზეც დემოკრატიული ქვეყნები არასდროს დახუჭავენ თვალს... რუსეთის მხრიდან წარმოებულ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ გარემოში, კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორ კომუნიკაციას სტრატეგიულ პარტნიორებთან, ასევე, საერთო ინტერესებსა და ღირებულებებზე დაფუძნებულ ალიანსებს. სწორედ ასეთი ინიციატივით გამოდიან ევროპარლამენტარები და ექსპერტები, ისინი საქართველოს მოუწოდებენ, გააქტიურონ სტრატეგიული კომუნიკაცია, ამ მხრივ ერთ-ერთ იდეად სახელდება ანალიტიკური/კვლევითი ორგანიზაციის შექმნა ბრიუსელში, ასევე საქართველოს ინსტიტუციური ჩართვა ევროკავშირის სამთავრობოთაშორისო კონფერენციაში, Conference on the Future of Europe. საქართველოს საკითხებზე ერთ-ერთმა წამყვანმა ევროდეპუტატმა, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სჭირდება მეტად ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის ინსტიტუციებში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. იმისათვის, რომ ამ სამმა ქვეყანამ ერთობლივი ძალისხმევით შეძლონ ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარება, ერთ-ერთ იდეად შესაძლოა, განხილული იყოს ერთგვარი ანალიტიკური ცენტრის/პლატფორმის შექმნა, რომელიც ინსტიტუციურ, პოლიტიკურ, სამოქალაქო და ა.შ. წრეებთან თანამშრომლობით, ამ სამი ქვეყნის საგარეო მიზნებს დაუჭერს მხარს. „ჩვენ, ჩვენი მხრივ ვცდილობთ, ვესაუბროთ დედაქალაქებს, ვცდილობთ, ორგანიზება გავუწიოთ გარკვეული სახის ქსელს - think-thank-თან, პოლიტიკურ საზოგადოებასთან, რომ ვისაუბროთ ახალ იდეებზე, რომ წინ წავიწიოთ დაამისთვის, უკრაინელებთან, ქართველებთან, მოლდოველებთან ერთად, ჩვენ გვჭირდება საერთო სამოქმედო გეგმა“, - აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი. ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი, რომელსაც ევროსტრუქტურებში მუშაობის საინტერესო გამოცდილება აქვს და ამჟამად ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამას ხელმძღვანელობს, Europetime-თან ინტერვიუში ხაზს უსვამს საქართველოს მხრიდან ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას. მისი თქმით, საჭიროა დიპლომატიის ჰოლისტიკური სტრატეგია, რაც გულისხმობს პოლიტიკური, დიპლომატიურ და ინსტიტუციურ (მათ შორის აკადემიური/ არასამთავრობო) აქტორებთან თანამშრომლობის მეტ კოორდინაციას. თეონა ლავრელაშვილს მიაჩნია, რომ უნდა გააქტიურდეს თანამშრომლობა ე.წ. think-tank-ებთან და სხვადასხვა ფონდთან და კარგი იქნებოდა, თუკი მართლაც შემუშავდება ხედვა, რომელიც განსაზღვრავს შესაძლებლობას, რომ ბრიუსელში ჩამოყალიბდეს ერთგვარი ცენტრი/ფონდი/think-tank, რომელიც იმუშავებს საქართველოს და/ან რეგიონის მიმართულებით (მსგავსი ფონდი/ორგანიზაცია მართლაც შეიძლება ჩამოაყალიბონ ტრიომ - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, რათა ერთობლივი ძალებით წარმოადგინონ ევროკავშირში ერთიანი პოზიციები, ეს პოლიტიკურად და ფინანსურად იქნებოდა სტრატეგიული ნაბიჯი). ხოლო ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და მიმართულება „ევროპა მსოფლიოში“ ხელმძღვანელი სტივენ ბლოკმანსი ასევე მიესალმება აზრს, რომ კარგი იქნება, თუკი საქართველო ინსტიტუციურად ჩაერთვება „ევროპის მომავლის“ კონფერენციაში და დააფიქსირებს საკუთარ ხედვას ევროგაერთიანების მომავლის შესახებ. მისი შეხედულებით, ეს ინიციატივა არამხოლოდ სტრატეგიულად არის მნიშვნელოვანი საქართველოს იმიჯისთვის ევროპის დონეზე¸ არამედ არის აგრეთვე შინაარსობრივად საინტერესო საქართველოს და მისი მოქალაქეებისათვის, რადგან მათ მიეცემათ შესაძლებლობა, ჩაერთონ ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიმართულებების შექმნის და განვითარების პროცესში.

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პრემიერი ზაზა გახელაძის ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. "მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყონებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკანონო პატიმრობიდან მისი დაუყონებლივ დახსნა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - ნათქვამია ინფორმაციაში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა „მიესაჯა“.

Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი: ნეთანიაჰუმ 30-ჯერ დამირეკა, ერთხელ ღამის 3 საათზეც

როგორც ცნობილია, Pfizer-მა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საკვლევ ქვეყნად ისრაელი აარჩია. Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ Israel's Channel 12-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, რის გამოც კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ინტერვიუში ალბერტ ბრულა ასახელებს ორ მნიშვნელოვან მიზეზს, რის გამოც ისრაელი შეარჩიეს, ერთი - ისრაელი შედარებით პატარა სახელმწიფოა და მეორე - ჯანდაცვის ელექტრონული ჩანაწერების არსებობა, რომლებსაც მოსახლეობის 99% -ზე მეტი ფლობს. მიუხედავად ამისა, ბურლას თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც საბოლოოდ გადახარა ისრები ისრაელის სასარგებლოდ, პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუმს დაჟინებული მოთხოვნა იყო, რასაც ბურლა "აკვიატებას" უწოდებს. "მან 30-ჯერ დამირეკა. ის მეკითხებოდა იმ ვარიანტების შესახებ, რა მონაცემებიც გვაქვს. მე ვეუბნებოდი, "პრემიერ-მინისტრო, ღამის 3 საათია". ის მპასუხობდა, "არა, არა, არ ინერვიულო, მითხარი". ან დამირეკავდა, რომ ეკითხა ბავშვების (ვაქცინაციის) შესახებ, "სკოლების აცრა მჭირდება". ან იმისთვის, რომ ეკითხა ორსული ქალების შესახებ. შესაბამისად, მან დამარწმუნა, გულწრფელად, რომ ყველაფერს გააკეთებდა". – განაცხადა ბურლამ.