ეკონომიკა

CEBR-ი: ისტორიაში პირველად, მსოფლიო ეკონომიკა 2022 წელს $100 ტრილიონს გადააჭარბებს

ისტორიაში პირველად 2022 წელს მსოფლიო ეკონომიკა $100 ტრილიონს გადააჭარბებს. ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის ცენტრის ანგარიშის მიხედვით (CEBR), 2030 წლისთვის ჩინეთი აშშ-ს გადაასწრებს და მსოფლიოს პირველი ეკონომიკა იქნება. ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, პანდემიის ეფექტიდან გამოსვლის პარალელურად, გლობალური მშპ გაიზრდება, მომავალ წლებში მთავარი გამოწვევა კი ინფლაცია იქნება. თუ ადეკვატური ზომები არ იქნება მიღებული, ანალიტიკური ცენტრის პროგნოზით, 2023-24 წლებისთვის მსოფლიო რეცესიისთვის უნდა მოემზადოს.

ქართული თაფლი, მწვანე ჩაი და სხვა პროდუქტები თურქეთში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავა

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ფართოვდება. საქართველოში თაფლის, ხილის წვენებისა და ჯემების, კონსერვების, ჩირეულის, მწვანე ჩაის და სოფლის მეურნეობის სხვა მთელი რიგი პროდუქციის მწარმოებლები შეძლებენ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანონ ან გაზარდონ პროდუქცია თურქეთის ბაზარზე. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის დელეგაციებს შორის შედგა, რომლის მიზანი სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაცია იყო. შეხვედრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფარგლებში 2016 წლიდან მიმდინარეობდა. დელეგაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მუსტაფა თუზჯუ ხელმძღვანელობდნენ. უწყების ინფორმაციით, 2022 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები, რომლის დროსაც შეთანხმების ტექსტში ცვლილები ოფიციალურად შევა. "დელეგაციების ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ორმხრივი ერთობლივი კომიტეტის ფორმატის მნიშვნელოვან მიღწევას - 2021 წლის აპრილში საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამმხრივ ვაჭრობას და ხელს შეუწყობს ექსპორტის სტიმულირებას ახალ სექტორებში. აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომსახურებით ვაჭრობაზე გავრცელების მიზნით. შეხვედრაზე განხილულ იქნა ტრანსპორტის, ფიზიკურ პირთა გადაადგილებისა და ელექტრონული კომერციის მომსახურების დანართის ტექსტები. მხარეთა გადაწყვეტილებით, კომიტეტის მომდევნო შეხვედრამდე მოლაპარაკებები ექსპერტების დონეზე გაგრძელდება", - ვკითხულობთ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ილონ მასკი აცხადებს, რომ  წელს გადასახადებში $11 მილიარდზე მეტს გადაიხდის

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამაარსებელმა, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ წელს გადასახადებში 11 მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის. ამ კვირის დასაწყისში, დემოკრატმა სენატორმა ელიზაბეტ უორენმა დაწერა ამავე ქსელში, რომ მასკმა უნდა შეწყვიტოს „სხვების ხარჯზე“ ცხოვრება. „მათთვის, ვისაც აინტერესებს, წელს 11 მილიარდ დოლარზე მეტ გადასახადს გადავიხდი“, - უპასუხა მილიარდერმა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ახლახან ჟურნალმა Time-მა 2021 წლის ადამიანად დაასახელა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მისი ქონება 243 მილიარდ დოლარს შეადგენს, Tesla კი დაახლოებით ერთ ტრილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო SpaceX-ი 100 მილიარდ დოლარად.

ნათია თურნავა: აუდიტის დასკვნაში ასახული ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია

ეკონომიკის მინიტრმა სახელმწიფო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ტექნიკური შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია. ნათია თურნავას თქმით, რაიმე„განსაკუთრებით კრიტიკული არაფერია“. „აუდიტის სამსახურის დასკვნები და მიგნებები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მაქსიმალურად ვითვალისწინებთ მათ; რამდენადაც ვიცი, დასკვნაში საუბარი არის პანდემიის პერიოდში სხვადასხვა სამეურნეო საკითხთან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიც არის ინვენტარიზაცია, ანგარიშგება და ა.შ. რაიმე ისეთი, განსაკუთრებით კრიტიკული, რაც განსაკუთებულ რეაგირებას საჭიროებს, არ იკითხება, თუმცა რა ტექნიკური შენიშვნებიც არის, გაცნობილებიც ვართ და უკვე არსებითად გათვალისწინებულიც არის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს სამრეწველო-ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა და როგორც ადმინისტრაცია იუწყება, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილს, კერძოდ, სოფელ წეროვანში მდებარე 232635.00 კვ.მ. ფართობს განსაკუთრებული რეგულირების ზონის სტატუსი და სამრეწველო - ეკონომიკური სტატუსი მიენიჭება. ეს სტატუსი ტერიტორიას საერთაშორისო სტანდარტების ,,ბ’’ კატეგორიის ლოგისტიკური პარკის მშენებლობის ხელშეწყობისთვის მიენიჭა. პროექტის თანახმად, რომელსაც შპს ,,თუში ქოლექშენი“ განახორციელებს, ლოგისტიკური პარკი 60 000 კვ.მ ფართობზე მოეწყობა. პროექტი მოიცავს 6 სასაწყობე შენობას, ტერიტორიაზე ასევე განთავსდება ინფრასტრუქტურა საოფისე სივრცეებისა და სასტუმროსთვის, ასევე ავტოსადგურებისთვის. ამასთან, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში, კომპანია ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ დედალაურში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 მიწის ნაკვეთზე, ჯამური ფართობით - 108,07ჰა, ყოველწლიურად ჩაის მოყვანა განხორციელდება. ამ მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას აღნიშნული მიწები იჯარის უფლებით, 25 წლის ვადით, სარგებლობაში გადაეცემა.

ნათია თურნავა ჟურნალისტს: გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში?

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უტიფრობას უწოდებს და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ პრესკონფერენციაზე ეკონომიკის მინისტრმა მედიის კითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ალბათ „ვიღაცისთვის სასიამოვნო არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს“ და აქცენტი სხვა მიმართულებით ამიტომ გადააქვთ. „ჩემი გადადგომის შესახებ ყოვლად დაუსაბუთებელ ინფორმაციას უტიფრად ავრცელებთ. როგორც ჩანს, ვიღაცისთვის სასიამოვნო არ არის საუბარი იმის შესახებ, რომ ეკონომიკის აღდგენა მიმდინარეობს და გნებავთ, რომ აქცენტი პიროვნებაზე გადაიტანოთ. ეს გასაგებია, მაგრამ არაფერს მოიტანს. მაინტერესებს, ის ტელევიზიები, რომლებიც ამ ინფორმაციას უტიფრად ავრცელებთ... გათენდება ახალი წელი და კვლავ მოგევლინებით ეკონომიკის მინისტრის ამპლუაში, მზად ხართ თუ არა, რომ საჯაროდ მომიხადოთ ბოდიში, თქვენი კოლეგების თანდასწრებით. თქვენი ინფორმაცია, როგორც საპნის ბუშტი რომ გასკდება, მომიხდით თუ არა ბოდიშს, იფიქრეთ ამ პასუხზე“, - მიმართა ეკონომიკის მინისტრმა ჟურნალისტებს.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი: ახალი ინსტრუმენტი დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში

ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ახალი ინსტრუმენტი კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ამ მნიშვნელოვან რეგიონთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში დაგვეხმარება. რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“, - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა. შეგახსენებთ, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. ოლივერ ვარჰეი: ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ახალი ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა

ოლივერ ვარჰეი: ვაჭრობისა და ინვესტიციებისთვის შექმნილი ახალი ინსტრუმენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტის ამოქმედებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „ეს პლატფორმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალებაა“. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ჩვენ მიერ მომზადებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ევროკავშირსა და რეგიონს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ევროკავშირთან ვაჭრობის ხელშეწყობას. ეს პლატფორმა არის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის მხარდაჭერის პრაქტიკული საშუალება ჩვენს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებში - აღდგენა, მდგრადობა და რეფორმებში დახმარების გაწევა“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ. ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და კომისარმა ვაჭრობის საკითხებში ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“. „აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის მხარდაჭერის სამსახური ამ მნიშვნელოვან რეგიონთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებაში დაგვეხმარება. რეგიონი ევროკავშირის 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია, ხოლო ევროკავშირი მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, რომელზეც რეგიონის ვაჭრობის მთლიანი მოცულობის თითქმის მესამედი მოდის. ეს ინიციატივა კიდევ უფრო გააფართოებს ევროკავშირის კომპანიების, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობებს და დიდ წვლილს შეიტანს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდაში“, - განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა. შეგახსენებთ, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა.

ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მიმდინარეობისას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდამჭერი ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, Helpdesk-ი ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იმპორტიორებსა და ექსპორტიორებს ბაზრის ახალი შესაძლებლობების მოძიებაში და საჭირო მოთხოვნებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღებაში. „ახალი პლატფორმა არის ევროკომისიის იმ ძალისხმევის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს მცირე ბიზნესის დახმარებას ვაჭრობის გაფართოების კუთხით. ის მცირე ბიზნესს, ვაჭრობის ექსპერტებისა და ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების ქსელის დახმარებით, ინდივიდუალური რჩევებით უზრუნველყოფს. Helpdesk-ი წარმოადგენს ბაზარზე ხელმისაწვდომობის მონაცემთა ბაზის დანამატს, რომელიც ევროპულ კომპანიებს ეხმარება სავაჭრო შეთანხმებებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში რთული სავაჭრო წესების პრაქტიკული და მათზე მორგებული ინფორმაციის უზრუნველყოფის გზით. Helpdesk-ი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Business ინიციატივის აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის Helpdesk პროექტსა და საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის (ITC), როგორც განმახორციელებელი პარტნიორის, თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. აღმოსავლეთ პარტნიორობის ვაჭრობის helpdesk-ი სამ პრინციპზეა აგებული: 1. შესაძლებლობების გამოვლენა: მომხმარებლების დახმარება რეგიონში და ევროკავშირთან ვაჭრობის ყველაზე პერსპექტიული ბაზრებისა და პროდუქტების გამოვლენის მიზნით. ბაზრისა და დარგების მიხედვით რეგიონში და ევროკავშირთან სავაჭრო მაჩვენებლებისა და პოტენციური ვაჭრობის შედარებით, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ბიზნეს გადაწყვეტილებებში დარწმუნება. 2. საბაზრო ინფორმაცია: მომხმარებლებისათვის ბაზარზე წვდომის იმ პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომლებიც მათ უნდა შეასრულონ კონკრეტულ ბაზარზე საკუთარი პროდუქციის გასატანად, აგრეთვე მათი დაკავშირება შესაბამის პარტნიორებთან თავიანთ ქვეყანაში ან სამიზნე ბაზარზე. 3. დახმარების ცენტრი: მომხმარებლების მხარდაჭერა პლატფორმიდან მაქსიმალური სარგებლის მისაღებად, დამატებითი რესურსების მოსაძიებლად და შესაძლო კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით შესაბამის ადგილობრივ უწყებებთან დასაკავშირებლად. ცნობისთვის, 2009 წლიდან, აღმოსავლეთ პარტნიორობა (EaP) მუშაობს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებაზე ევროკავშირს, მის წევრ სახელმწიფოებსა და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ექვს პარტნიორ ქვეყანას: სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკას და უკრაინას შორის. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, აერთიანებს სახელმწიფოების/მთავრობების მეთაურებს. ის წარმართავს შემდგომ პარტნიორობას და მომავალ წლებში თანამშრომლობისთვის პრიორიტეტებს ადგენს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილონ მასკმა ვიდეოზარი გამართეს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს და კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი ამერიკული კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა ვიდეოზარი გამართეს. მხარეებმა მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის ციფრულ ეკონომიკასა და თურქეთის ეროვნულ კოსმოსურ პროგრამაზე ისაუბრეს. თურქული მედიის ცნობით, ილონ მასკმა და ერდოღანმა სხვადასხვა სფეროში თურქეთის სახელმწიფო, კერძო სექტორსა და მასკის კომპანიებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ელექტრომობილებს, კოსმოსურ ტექნოლოგიებს, გრძელვადიან ინვესტიციებს და არსებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადასადგმელ ნაბიჯებს. ასევე ისაუბრეს თურქეთის საკომუნიკაციო თანამგზავრის Turksat 5B ორბიტაზე გაშვების პროცესზე. თურქეთმა იანვარში SpaceX-ის მეშვეობით კოსმოსში თანამგზავრი Turksat 5-A გაუშვა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი ახლახან ჟურნალმა Time-მა 2021 წლის ადამიანად დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილი: 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა

2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. „სამწუხაროდ, პოლიტიკურთან ერთად, მწვავე ეკონომიკური კრიზისიც დამხვდა. გლობალურმა პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც წარმოშვა, რაც ბუნებრივია, საქართველოზეც მძიმედ აისახა. უამრავმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ბევრმა ბიზნესსუბიექტმა შეაჩერა ფუნქციონირება და ეკონომიკური საქმიანობის რიგი სფეროები გაჩერდა. საქართველოში არაფორმალური ეკონომიკის წილი მთლიან შიდა პროდუქტში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია და ამ პრობლემამ სახელმწიფო განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, რადგანაც კრიზისის შედეგად შექმნილი ზიანის რეკომპენსირება არაფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის რთულად ადმინისტრირებადი აღმოჩნდა. გუნდთან ერთად, არსებულ შეზღუდვებს ხელახლა გადავხედეთ და ჯანმრთელობის დაცვისა და ეკონომიკურ ინტერესებს შორის სწორი ბალანსის დაცვით, ეკონომიკის აღდგენას და სტიმულირებას შევუწყვეთ ხელი, რამაც ხელშესახები შედეგები მოგვცა. ეკონომიკა რამდენიმე თვეა სწრაფი აღდგენის გზაზე დგას და ამ ნაბიჯების შედეგად, ლარის კურსიც ეტაპობრივად გამყარდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იანვარსა და თებერვალში მინუსებში იყო, მარტიდან კი ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა და ბოლო რვა თვიდან ოთხ თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, წლის ბოლოს ჩვენი პროგნოზით ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც არამარტო რეგიონის, არამედ ევროპის მასშტაბითაც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ. ვფიქრობ, საზოგადოება ეკონომიკის მართვის მიდგომებსა და შედეგებს შორის კონტრასტს, ბოლო პერიოდში არსებული პარამეტრების გაუმჯობესებას ნათლად ხედავს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, რათა დადებითი ტენდენციები თითოეულმა ოჯახმა საკუთარ თავზე იგრძნოს. 2022 წელს დაგეგმილი გვაქვს მინუმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ხოლო ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 65 მილიარდი ლარი იქნება, რაც ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის გადაანგარიშების მიხედვით ისტორიულ მაქსიმუმზე გაგვიყვანს და 5500 დოლარს გადააჭარბებს. ამავდროულად, სახელმწიფო ვალსა და საბიუჯეტო დეფიციტსაც შევამცირებთ”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებსაც აშშ-მ სანქცია დაუწესა, „დელტას“ უფროსს სპეციალისტთან აქვთ კავშირი - ამერიკის ხმა

საქართველოში და თურქეთში რეგისტრირებული სამი კომპანია, ROV Solutions, SAEROS Safety ERO Company და Gensis Engineering, რომლებსაც აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიურომ (BIS) სანქციები დაუწესა - საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წამყვან სპეციალისტს, ლევან კოტიაშვილს და მის მეუღლეს ეკუთნით. დირექტორი კი ლევან კოტიაშვილის შვილია. ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company-ის იურიდიულ მისამართად, თბილისში, კოტიაშვილების საცხოვრებელი სახლის მისამართია მითითებული - იოსელიანის 2. BIS-ის ცნობით, ამ მისამართს იყენებს Gensis Engineering-ის ქართული ფილიალიც, თავად Gensis Engineering კი თურქეთში, სტამბულის რაიონში, პენდიკშია რეგისტრირებული, ასევე საცხოვრებელ სახლში. ამერიკული მხარის ცნობით, საქართველოში და თურქეთში რეგისტრირებული ეს სამი კომპანია საექსპორტო კონტროლს არღვევდა, კერძოდ, მათი საშუალებით ხორციელდებოდა "ან იყო მცდელობა" - ირანის თავდაცვის ძალების სამხედრო პროგრამებისთვის, ამერიკული წარმოების ტექნიკის ან ტექნოლოგიის არალეგალური გზებით მიწოდებისა. ლევან კოტიაშვილმა „ამერიკის ხმას“ დაუდასტურა, რომ ამ კომპანიებში, მისი პარტნიორი ნამდვილად იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, თუმცა ირანისთვის ამერიკული წარმოების ტექნოლოგიების გადაცემას კოტიაშვილი უარყოფს. "ჩემი პარტნიორი ამ კომპანიებში იყო ირანის მოქალაქე, სახელად გოჩინ, გვარი არ მასოვს, მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო. იგი უბრალოდ კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ჩანდა, თუმცა წლებია მათთან ურთიერთობა არ მქონია..შეიძლება, იმათთმა, თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“. ჩემი პარტნიორი ამ კომპანიებში იყო ირანის მოქალაქე, სახელად გოჩინ, გვარი არ მახსოვს, მას ჰქონდა ტურისტული სააგენტო. იგი უბრალოდ კომპანიების სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში არ ჩანდა, თუმცა წლებია მათთან ურთიერთობა არ მქონია“- განუცხადა ლევან კოტიაშვილმა ამერიკის ხმას. კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ამ ფიქტიური კომპანიების საფარქვეშ შესრულებულიყო უკანონო ოპერაციები - ირანის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ, კოტიაშვილმა გვიპასუხა - „ალბათ, შეიძლება, იმათთმა, თუ რამე აწარმოეს ან გააკეთეს უჩემოდ ამ კომპანიებით, ეს არ ვიცი“. კოტიაშვილი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ერთი ოპერაცია აქვს შესრულებული ირანელ პარტნიორებთან ერთად. „2013 წელს შემოვიტანეთ კომპიუტერის აქსესუარები, ეს იყო და ეს, ისიც ირანიდან არ შემოგვიტანია.“ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წამყვანი სპეციალისტი კატეგორიულად უარყოფს, რომ ირანელი პარტნიორების დაინტერესება მისი პერსონით, შესაძლოა, „დელტაში“ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს. „მე ეს ხალხი გავიცანი მანამდე, სანამ დელტაში დავიწყებდი მუშაობას“ - ამბობს ლევან კოტიაშვილი. ლევან კოტიაშვილის მიერ 2012 წელს, თბილისში დაფუძნებულ კომპანია ROV Solutions-ს, რომელსაც ოფისის მისამართად, ტაშკენტის ქუჩა 12ა აქვს მითითებული, საკუთარ ვებ გვერდზე უწერია, რომ კომერციული-ტექნიკური დაივინგის სფეროში ოპერირებს, ნავთობისა და გაზის სექტორში წყალქვეშა სამუშაოებისა და ინსპექტირებისთვის. ასევე ჰყავს აგენტები ტაილანდსა და ჰონკონგში. კომპანიის მითითებულ ნომერზე არავინ პასუხობს, ეს ნომერი სატელეფონო ბაზებში რეგისტრირებული არ არის. სატელეფონო ინტერვიუს დროს ლევან კოტიაშვილს ვკითხეთ, იცოდა თუ არა ROV Solutions საქმიანობის შესახებ, ამ დროს საუბარი მოულოდნელად გაწყდა, რესპოდენტმა მობილური ტელეფონი გამორთო და მასთან დაკავშირება ვეღარ შევძელით. „ამერიკის ხმა“ დაუკავშირდა, საქართველოში ერთ-ერთ ცნობილ დაივინგის კომპანიის მეპატრონეს, რომელიც ქვეყანაში უკვე წლებია მუშაობს და გამოცდილება კომერციული დაივინგის მიმართულებითაც აქვს. ის აცხადებს, რომ ROV Solutions-ის შესახებ არაფერი სმენია. დელტა“, რომელიც ქართული სამხედრო მრეწველობის ცენტრია, თბილისის საავიაციო ქარხანასთან ერთად, შემდეგ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს აერთიანებს: ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტს; რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს; მიკრო და ნანო ელექტრონიკის ინსტიტუტს; გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტს; სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს და ინსტიტუტ „ოპტიკას“. ლევან კოტიაშვილი აკადემიური დოქტორის ხარისხს ფლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე ლექციებს კითხულობს. ეს ინფორმაცია სტუ-ში დაადასტურეს. ამავე დროს, ის მჭიდროდ თანამშრომლობს ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტთან, რომელიც „დელტას“ შემადგენლობაშია. 2016 წელს, მეცნიერთა ჯგუფს, რომელშიც ლევან კოტიაშვილიც შედიოდა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევისთვის გრანტი გამოუყო. პროექტის სახელწოდებაა „ლოკალიზებული პლასტიკური არეებისა და პლასტიკური ზონის კვლევა, ბირთვულ ენერგეტიკაში და მრეწველობაში გამოყენებული მარტენსიტული კლასის Cr-იან ფოლადებში, დაბალციკლური დაღლილობითი დეფორმაციისას“. ლევან კოტიაშვილს, ქართველ მეცნიერთა ჯგუფთან ერთად, რამდენიმე ტექნიკურ გადაწყვეტილებაზე (გამოგონებაზე) პატენტი აქვს მიღებული, მეტალურგიაში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, რომელიც დღეს რუსეთის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ ცენტრ - როსპატენტშია დაცული. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს უსაფრთხოებისა და მრეწველობის ბიუროს გადაწყვეტილებით, თბილისში რეგისტრირებული ROV Solutions და SAEROS Safety ERO Company და თურქეთში რეგისტრირებული Gensis Engineering, რომელსაც ქართული ფილიალი აქვს (და „დელტას“ უფროსს სპეციალისტთან არის დაკავშირებული), აშშ-ის საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამავე მიზეზით, აშშ-მ „შავ სიაში“ შეიყვანა კიდევ 37 კომპანია და საწარმო, რომლებიც ჩინეთში, მალაიზიასა და თურქეთშია რეგისტრირებული. სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს. უწყებას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიოლა ფონ კრამონი: საერთაშორისო მეგობრები საქართველოს პრეზიდენტს ეთანხმებიან. უფრო მეტია მოსალოდნელი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებას გულისხმობს, Twitter-ზე ეხმაურება. „საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, კიდევ მეტია მოსალოდნელი“, - წერს ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. პრეზიდენტმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე 16 დეკემბერს უმასპინძლა. ამავე თემაზე: პრეზიდენტი: ვალდებულებების შესრულება არასაკმარისი იქნება, თუ არ ვიპოვით პოლარიზაციის დაძლევის გზას - პირობას ვდებ, წამოვიწყებ ინკლუზიურ პროცესს

2022 წლის 19-მილიარდიანი ბიუჯეტი დამტკიცებულია

პარლამენტმა 2022 წლის ძირითად ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირა. პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 78 ხმით, ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტს 15 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე განიხილეს, კენჭისყრაზე დღეს დადგა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად ისევ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური პროგრამები, განათლების სფერო და ინფრასტრუქტურული პროექტებია. მომავალი წლისთვის დაგეგმილია როგორც სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასების მატება, ასევე პენსიების ზრდა და ომისა და სამხედრო ვეტერანებისთვის სახელმწიფო გასაცემლების ოდენობის მატებაც. ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ის ოდენობით და ნომინალში 65 მლრდ. ლარს შეადგენს. დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი - 4 643 მლნ. ლარით, მიმდინარე ხარჯები - 14.8 მლრდ. ლარით, ხოლო კაპიტალური ხარჯები - 5.9 მლრდ. ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსულობებს, მისი ოდენობა, 19 362,6 მლნ. ლარით განისაზღვრა. საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე განხილვის შემდეგ, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საბოლოოდ დამტკიცდა. ჯანდაცვის სამინისტრო: 6.09 მილიარდი ლარია. ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 2.8 მილიარდ ლარს; განათლების სამინისტრო: 1.68 მილიარდი ლარი; ეკონომიკის სამინისტრო: 932 მილიონი ლარი; იუსტიციის სამინისტრო: 310 მილიონ ლარს; ფინანსთა სამინისტრო: 105 მილიონი ლარი. საგარეო საქმეთა სამინისტრო 176 მილიონი ლარი; თავდაცვის სამინისტრო: 1 მილიარდ ლარს; შსს-ს დაფინანსებაა 865 მილიონი ლარი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 593 მილიონი ლარი.

აშშ-მ საქართველოში მოქმედ სამ კომპანიას სანქცია დაუწესა

დღეს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ (BIS) ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული და საგარეო ინტერესების მიმართ საფრთხეების გამო, ბიოტექნოლოგიის და აშშ-ის სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენების აღსაკვეთად, ზომები მიიღო. სიაში მოხვდა საქართველოში მოქმედი სამი კომპანია: Gensis Engineering-ი, ROV Solutions-ი და SAEROS Safety ERO Company-ი. კერძოდ, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ BIS-ი ზომებს იღებს ჩინეთში, საქართველოში, მალაიზიასა და თურქეთში მოქმედი სუბიექტების წინააღმდეგ, ირანის სამხედრო პროგრამებში ამერიკული პროდუქციის მოხვედრის ან ასეთი მცდელობისთვის. BIS-ის ეს ქმედებები განხორციელდა 2018 წლის ექსპორტის კონტროლის რეფორმის აქტისა და მისი განმახორციელებელი რეგულაციების, ექსპორტის ადმინისტრირების რეგულაციების (EAR) ფარგლებში. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც BIS-ი იყენებს, რათა შეზღუდოს EAR-ს დაქვემდებარებული საქონლის ექსპორტი, რეექსპორტი და ქვეყანაში გადაცემა იმ პირებზე (ფიზიკები, ორგანიზაციები, კომპანიები), რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ იყვნენ ჩართულნი, ან წარმოადგენენ ასეთი ჩართვის მნიშვნელოვან რისკს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ან საგარეო პოლიტიკური ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში.

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში სოფლების ინტერნეტიზაციისთვის 34 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს

ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადი აღდგენის ხელშეწყობის საკითხში ევროკავშირისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს სახელმწიფოების ხელმძღვანელებს უერთდება. გასულ დღეს გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროპის საინვესტიციო ბანკმა ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, რეგიონში რამდენიმე ინვესტიციის ჩადებას მოაწერა ხელი. ამასთან, ინვესტიციები მოიცავს ჯამში 171 მილიონ ევროს, რომელშიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში საინვესტიციო ბანკის სესხები და ევროკავშირის გრანტებია გათვალისწინებული. აღნიშნული ინვესტიციები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ხელს შეუწყობს გაციფრულების, ენერგოეფექტურობის, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის და განათლების განვითარებას. ამასთან ერთად, ინვესტიციები ხელს შეუწყობს კორონავირუსის პანდემიისგან მცირე და საშუალო ბიზნესის აღდგენისთვის ახალი წყაროების მოძიებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ცნობით, საინვესტიციო ბანკის აქტივობა მიმართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შექმნილი ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის მხარდასაჭერად, რომელიც 2021 წლის ივლისსში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ წარადგინა. საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტის, ვერნერ ჰოიერის განცხადებით, ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ახლახან განხორციელდა, აძლიერებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერას და „ევროპის გუნდის“ ძალისხმევას, პარტნიორობის მდგრადი და სოციო-ეკონომიკური განვითარებისთვის. მისი თქმით, „ევროპის გუნდი“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მომავალი თაობისთვის უსაფრთხო, წარმატებული და მწვანე გარემოს შექმნაში საერთო ხედვას იზიარებენ, რომელიც ასევე მოიცავს სამუშაო ადგილების, უსაფრთოხებისა და სუფთა გარემოს განვითარებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ევროპის საინვესტიციო ბანკი სთავაზობს გრძელვადიან დაფინანსებას, რომლის გარანტი თავად ევროკავშირია, ისევე როგორც ტექნიკურ რჩევებს საბანკო პროექტების მოსამზადებლად. მათივე ცნობით, საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს 34 მილინი ევროს ინვესტირებას, რომელიც მოიცავს ძნელად მისადგომ სოფლებსა და რაიონებში მცხოვრები, დაახლოებით 500 ათასი ადამიანისთვის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდებას. სესხით დაფინანსდება დაახლოებით ხუთი ათასი კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების დამონტაჟება და საქართველოს ტელეკომის ოპერატორებისთვის ღია წვდომის ინტერნეტის ინფარსტრუქტურით უზრუნველყოფა. „ინვესტიციები ხელს შეუწყობს საქართველოში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, შექმნის შესაძლებლობებს ახალი ბიზნესისთვის და გაზრდის კრიზისის მიმართ საქართველოს მდგრადობას. ამასთან, ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში მხარს დაუჭერს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის, კოვიდპანდემიისგან აღდგენის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და გაციფრულების დაფინანსებას. 2020 წლიდან საინვესტიციო ბანკმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის 1, 52 მილიარდი ევროს ღირებულების კრედიტი გამოყო ევროკავშირის პრიორიტეტებისა და ძირითადი ინვესტიციების მხარდასაჭერად. ინვესტიციები მოიცავს სამუშაო ადგილების სწრაფ შექმნას, მცირე და საშუალო ბიზნესის კოვიდპანდემიისგან აღდგენის მხარდაჭერას, კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლას, გაციფრულების, სწრაფი ინტენერნეტის გავრცელების ხელშეწყობას და რეგიონის მასშტაბით სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის პროექტების დაფინანსებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკონომიკის მინისტრი: წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა

„წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას და მაგალითად, მოიყვანა „ნამახვანჰესის“ პროექტის ჯერ შეჩერება, ხოლო შემდეგ ინვესტორის მიერ გაკეთებული განცხადება პროექტიდან გასვლის შესახებ. „მართალია, მთელ მსოფლიოში მსგავს მსხვილ და სტრატეგიულ პროექტებს თან ახლავს ანალოგიური სირთულეები; საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ამ ფაქტმა დაგვანახა მთელი რიგი სიღრმისეული პრობლემა, ზოგი ახალი, ზოგი ისტორიულად დაგროვილი და სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხები, დაწყებული უფრო დროული კომუნიკაციის დაწყების აუცილებლობით და ჩვენ ვაღიარეთ, რომ ამ კუთხით ჩავარდნა გვქონდა, დასრულებული ზოგადად ენერგოუსაფრთხოებაზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებით. ამაზე მოსახლეობასთან უნდა ვისაუბროთ”, - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრი: საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პანდემიამ, მსოფლიოს მსგავსად, სიღარიბის პრობლემა საქართველოშიც გაამძაფრა, თუმცა „ისიც მართალია, რომ ქვეყანაში პანდემიის ფონზეც კი მოხერხდა მოსახლეობის შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, რასაც ხელი შეუწყო პანდემიის პერიოდში ანტიკრიზისულმა ღონისძიებებმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პაკეტმა“. „ინფლაციისგან განსხვავებით, სიღარიბე მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა, რომელშიც თავისი წვლილი შეიტანა სხვადასხვა დროს მომხდარმა ომმა, შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა, სტრუქტურულმა პრობლემებმა და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით საქართველომ საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის გადაინაცვლა, რეალობა ისეთია, რომ ევროპულ სივრცესთან შედარებით, საქართველო ჯერ კიდევ შედარებით ღარიბი ქვეყანაა და ეს პრობლემა, ცხადია სრულად ვერ აღმოიფხვრებოდა ვერც 10 და ვერც 20 წელიწადში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კობა გვენეტაძე: 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს

"2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება", - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიმდინარე წელს რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად, 8%-დან 10.5%-მდე გაზარდა, მათ შორის ბოლო სხდომაზე 0.5 პროცენტული პუნქტით. იმისათვის, რომ ფასების დროებითი ფაქტორებით გამოწვეულმა ზრდამ ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი გავლენა არ მოახდინოს, ეროვნული ბანკი ხანგრძლივად შეინარჩუნებს მკაცრ პოლიტიკას ან/და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გაამკაცრებს მას. ამგვარი პოლიტიკით და ზემოთაღწერილი ერთჯერადი ეგზოგენური ფაქტორების მოსალოდნელი მილევის ფონზე, არსებული პროგნოზით, 2022 წელს ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და მის საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი დინამიკა დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორ გაგრძელდება ეპიდემიური მდგომარეობა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. ვაქცინები ხელმისაწვდომია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია, თუმცა ვირუსის ახალი შტამების გავრცელება კვლავ მნიშვნელოვან რისკად რჩება. ამის ფონზე ბუნდოვანია გლობალურად მობილობის სრულად აღდგენის და პანდემიურ მდგომარეობამდე დაბრუნების ტემპი. შესაბამისად, მაკროეკონომიკური პროგნოზებიც განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. დღევანდელ სიტუაციაში მაკროეკონომიკური პროგნოზები განსაკუთრებული გაურკვევლობით ხასიათდება. პროგნოზები, დიდწილად, პანდემიის ხანგრძლივობასა და ვაქცინაციის სისწრაფეზეა დამოკიდებული. მსგავსი რისკები კი ინფლაციური ხასიათისაა და ჩვენც მკაცრი მონეტარული პოლიტიკისკენ მიმართული ვრჩებით“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღე ნათია თურნავას მოუსმენენ

16 დეკემბერს პარლამენტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას მოუსმენს. თურნავას პარლამენტის ტრიბუნა „მინისტრის საათის“ ფორმატში დაეთმობა. მინისტრი პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს, რის შემდეგაც მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელება.