ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს. „მარიამ ქვრივიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA). 2021 წლის 21 იანვრიდან მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2021 წლის 18 თებერვლიდან - საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის სამეფოს, ლიბანის რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია. საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო. 2010 - 2012 წლებში ქვრივიშვილი „აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley). კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების - Flynas-ისა დ Salam Air-ის საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და მართვა, ასევე ავიაკომპანიების - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მარიამ ქვრივიშვილს მიღებული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ჯილდო „საქართველოს ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეკონომისტი: ლარის გამყარების სავარაუდო მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინები, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს, ერთი აშშ დოლარი დღეს 3.3056 ლარი ღირს. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.3537 ლარს შეადგენდა. 14 მაისს კი, ერთი დოლარის ფასი 3.4283 ლარი იყო. საქსტატის წინასწარი შეფასებით, ერთწლიანი ვარდნის შემდეგ, მარტში, გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზარდა. პირველი კვარტალის ჭრილში 4,2%-იანი კლება ფიქსირდება, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა იანვარში 11,5%-ით, ხოლო თებერვალში 5,1%-ით შემცირდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5%-ით გაზრდას ელოდებიან. ეროვნული ბანკის პროგნოზით კი, წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ის ფარგლებში გაიზრდება. საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, სადაც ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმზე მოდის, ელჩის განცხადებით, ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს. რან გიდორმა რამდენიმე დღის წინ, Europetime-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. „2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა რან გიდორმა. ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა დარწმუნებულია, რომ ტურიზმი იმაზე სწრაფად აღდგება საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან პესიმისტური პროგნოზებით გვქონდა ნავარაუდევი, მინისტრი 50%-იან ზრდასაც არ გამორიცხავს. ტურიზმის გააქტიურება ვაქცინაციის პროცესთანაც არის დაკავშირებული. 22 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ჯამში 109 395 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებულია 16 323 ადამიანი. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, თსსუ პროფესორმა, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ Europetime-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელი სტატისტიკით, წლის ბოლომდე 60%-ის აცრას ვერ მივაღწევთ და მართლაც ორი წელი დაგვჭირდება, მაგრამ თუ მასიური იმუნიზაციის დროს 15 000 ვაქცინირებული მივიღეთ, ამას სჭირდება ზოგიერთი ქვეყნის პრაქტიკის გათვალისწინება, როდესაც ღია/დახურულ სივრცეებში ატარებენ ვაქცინაციას. ვაქცინაციის გააქტიურების საჭიროებაზე Europetime-თან ინტერვიუში საუბრობს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილიც. _ბოლო პერიოდში ლარის გამყარების ტენდენცია რით აიხსნება? მიზეზებზე გადაჭრით საუბარი რთულია, თუმცა სავარაუდოა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს პოზიტიური მოლოდინების გაჩენა, რომ ზაფხულში ტურიზმის გარკვეული ნაწილი აღდგეს. ასევე, ამ პოზიტიური მოლოდინების გაჩენას შეიძლება, ხელი შეუწყო კომენდანტის საათის გადაწევამ, რაც ცალსახად დადებითად აისახება როგორც ტურიზმზე, ასევე შიდა სარესტორნო ბიზნესზე და ასე შემდეგ. ტურიზმისთვის კომენდანტის საათი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არის ასევე გარკვეული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება, რომ დადებითაც შეფასდეს. ყოველ შემთხვევაში, ასეა გაცხადებული, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულებს ეხმარებიან იმაში, რომ აიცრან და თუ აიცრებიან, რეკლამირებას გააკეთებენ და ასე შემდეგ, ეს გარკვეულ პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. _ვალუტის გამყარების ტენდენციის შენარჩუნებას უნდა ველოდოთ? პროგნოზი რთულია, რადგან ლარი თავისუფალ ცურვაზეა. ლარის კურსს მოთხოვნა-მიწოდების კანონები აყალიბებს და ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება ზაფხულში ტურიზმის და ზოგადად გახსნის კუთხით. რამდენი ვალუტა შემოვა, ამაზე იქნება მათ შორის ლარის კურსი დამოკიდებული. _როგორ უყურებთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივას? ჯერჯერობით, პესიმისტურად, ვაქცინაციის პროცესი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. უფრო დიდი მოთხოვნა რომ გაჩნდა, ვიდრე ვაქცინა იყო, ამან არ უნდა მოგვატყუოს. სინამდვილეში, სიტუაცია ძალიან კრიტიკულია და რაც შეიძლება მალე გვჭირდება მასშტაბური ვაქცინაცია, თორემ სხვანაირად, გამორიცხული მგონია, ეკონომიკის მნიშვნელოვან აღდგენაზე ვისაუბროთ. _ვაქცინაციის გარდა, რამ შეიძლება ბიძგი მისცეს ეკონომიკის აღდგენას, მაგალითად გუშინ, ამერიკის ელჩმა საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოწერისას, რომელიც 5 წლის განმავლობაში 330 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის გაძლიერებას და შექმნის სამუშაო ადგილებს. დიახ, ნებისმიერი, გარედან შემოსული თანხები ეკონომიკას დაეხმარება გაჯანსაღებაში, ეს ცალსახად პოზიტიური ამბავია. უბრალოდ, ჩვენც უნდა შევუწყოთ ხელი და ისევ ვაქცინაციას ვუბრუნდებით. ვაქცინაციის დონის მნიშვნელოვნად ზრდის გარეშე არაფერი არ არის შესაძლებელი. ერთია, ფორმალურად გავხსნათ საზღვრები, მაგრამ თუ ვაქცინირებული ადამიანი არ გვეყოლება, ტურისტი თავს შეიკავებს, არ ჩამოვა. მხოლოდ ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროების თუ რესტორნების თანამშრომლები რომ აიცრან, კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ტურისტი მხოლოდ მათთან არ დადის და შესაძლოა, თავი შეიკავოს ჩამოსვლისგან. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიზეზი არის პანდემია. უბრალოდ, მთავარია, როგორ ხვდებიან და მართავენ მას კონკრეტული მთავრობები. ჩვენ მივიღეთ უმკაცრესი ზომები, უზარმაზარი პერიოდით, 6 თვით კომენდანტის საათი კატასტროფაა. ჩვენი ქვეყანა, რომელიც ღარიბია და ეკონომიკა სუსტია, ასეთ ზომებს ვერ უძლებს. არის არგუმენტები, რომ ევროპაშიც მკაცრი შეზღუდვებია, თუმცა ამას შეიძლება ევროპის ქვეყნების ეკონომიკებმა გაუძლოს, თუმცა ჩვენი ეკონომიკა ვერ გაუძლებს.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭომ საქართველოში ამ კულტურის გაშენებისა და მისგან ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებზე იმსჯელა

ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს გიორგი სვანიძეს და გენერალურ მდივანს აბდელატიფ გედირას შეხვდა, სადაც ქვეყნაში ზეთისხილის პოტენციალზე ისაუბრა და დარგს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე ამბობს, რომ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება. „მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა - ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები, სათანადო ცოდნა, ტრეიდინგი და დარგის სწორად განვითარება. ამაში კი ხელს სწორედ ეს ორგანიზაცია შეგვიწყობს, რომელიც იმავდროულად მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და ამ დარგში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს. მე ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციით უფრო ადრე მივაღწევთ დასახულ მიზანს. თავის მხრივ, დიდი მადლობა მინდა მთავრობას გადავუხადო, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა დელეგაციის ჩამოსვლით. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტმა გაეროს ორგანიზაციის ზეთისხილის საბჭოში საქართველოსადმი კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაზარდა და დარგის განვითარებისთვის ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისმა მხარდაჭერამ ინვესტორებს საქართველოსადმი სურვილი გაუღვივა. ასეთი მხარდაჭერის ფარგლებში კი მათი მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოხდება საქართველოში ამ დარგის სწორედ განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ინვესტორი როდესაც ქვეყანაში ჩადის და ქვეყნის მთავრობა მას გვერდით უდგას და ხელს უწყობს, ის უფრო მეტი ინვესტირებითაა დაინტერესებული. ქართველ მეწარმეებს, ფერმერებს და მათ ვინც ირწმუნა და ზეთისხილის დარგვა მასიურად დაიწყეს, მათთვის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში "დანერგე მომავალი", "აწარმოე საქართველოში" გაცემული დაფინანსება ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობას და საშუალებას აძლევს თავისუფლად განვითარდნენ, მეტი პლანტაცია გააშენონ და მეტი შემოსავალი მიიღონ", - აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი. ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეთისხილის/ ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას. საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს. "26 ნოემბერს საქართველოს მთელი მსოფლიოდან 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი წარმომადგენლები, 27 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა. საქართველოში ტარდება უდიდესი ასამბლეა, სადაც ინვესტორები, ამ დარგში ჩართული კორპორაციებს ჩამოვლენ საქართველოში", - აღნიშნა გიორგი სვანიძემ. "საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსა და ხომალდებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტზე დაყრდნობით, ადგილობრივი მედია ავრცელებს. შეერთებულმა შტატებმა "შავ სიაში" შეიყვანა 13 რუსული ხომალდი, რომლებიც გაზსადენის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ. მათივე ინფორმაციით, “შავ სიაში“ შესული კომპანიები არიან : Academic Chersky, rtemis Offshore, Bakhtemir, Baltic Reseracher, Finval, Captain Beklemishev, Murman, Narval, Sivuch, Spasatel Karev, Umka, Vladislav Strizhov, და Yuri Topchev. ამასთან, სახაზინო დეპარატმენტმა სანქციები დაუწესა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენის პროექტის განხორციელებაში ჩართულ სამ რუსულ კომპანიას: „მორტრანსსერვისს“, „საზღვაო სამაშველო სამსახურს“, სამარის „თერმოენერგეტიკულ ქონებრივ ფონდს“, "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-თან დაკავშირებული სანქციების სიას დაემატა კიდევ ერთი კომპანია „კოკსოხიმტრანსი”, რომელიც უკვე არის აშშ-ის "შავ სიაში" უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-სა და მის აღმასრულებელ დირექტორს, მატიას ვარნიგს სანქციები არ დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ოპერატორისა (Nord Stream 2 AG) და მისი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მატიას ვარნიგისთვის სანქციების გაუქმება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

EUROCONTROL-ი: ევროპაში საჰაერო მოძრაობის ნაკადი COVID19-მდე არსებულ დონეს მხოლოდ 2025 წელს მიუახლოვდება

საავიაციო ორგანიზაცია ევროკონტროლის განცხადებით, ევროპაში საჰაერო ნაკადი COVID19-მდე არსებულ დონეს შესაძლოა, 2025 წლამდე ვერ დაუბრუნდეს. Euronews-ის ცნობით, ამის შესახებ შესაბამის ანგარიშშია აღნიშნული. დღეს გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ბრიუსელში მდებარე საჰაერო მიმოსვლის მართვის სააგენტომ აღნიშნა, რომ ფრენების რაოდენობა ევროპის საჰაერო სივრცეში, მიმდინარე წლის იანვარსა და აპრილში 65 პროცენტით შემცირდა, 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ვაქცინაციის გათვალისწინებით, საუკეთესო სცენარის მიხედვით, შეზღუდვების გაუქმება 2021 წლის ზაფხულისთვის იყო ნავარაუდევი, 2019 წლის დონემდე დაბრუნება კი 2024 წლისთვის. ევროკონტროლის თქმით, თუ ვაქცინის წვდომაზე ევროპაში და გლობალურად პრობლემა იქნება, ეს ხელს შეუშლის ფრენებს, ისევე როგორც მგზავრთა ნდობის საკითხს და შეიძლება, სრული აღდგენა კიდევ უფრო გადაავადოს. „მომავალი წლის ბოლომდე მგზავრთნაკადი ევროპაში მხოლოდ 72%-მდე აღდგება და მხოლოდ 2025 წელს მივუახლოვდებით იმ დონეს, სადაც პანდემიამდე ვიყავით“, - აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმონ ბრენანმა.

ზურაბ აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ: ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი

„ჩემი კოლეგისგან მოვისმინე, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლის აღდგენა არ არის მოსალოდნელი, მაგრამ დღის წესრიგში ეს საკითხი დგას და მისი განხილვა მიმდინარეობს“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ Europetime-ს განუცხადა. „ორივე მხრიდან თუ არ იქნება მზაობა, ავიამიმოსვლას ვერ აღადგენ. თავის დროზე, ეს გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო 2019 წელს. ქართული მხარე მზადაა ავიამიმოსვლის აღსადგენად, რუსეთის მხარე თუ არ იქნება მზად, ვერ აღდგება ავიამიმოსვლა, მაგრამ იყო ასეთი კომენტარი, რომ უახლოეს პერსპექტივაში ეს არ იგეგმება, თუმცა დღის წესრიგში ეს დგას. რუსეთის მხარე დღის წესრიგში ასეთ შესაძლებლობას განიხილავს. თუ აღდგება ავიამიმოსვლა, ეს ადამიანების მიმოსვლას და ტურიზმს ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა. ცნობისათვის, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი 2012 წლის ბოლოდან ამოქმედდა.

კელი დეგნანი: აშშ-ის ახალი დახმარება მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს მთელ ქვეყანაში

„ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამადასტურებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, მოიტანს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და შექმნის სამუშაო ადგილებს მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. დღეს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, აშშ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის 330 მილიონს გამოყოფს. „ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს, ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ეს შესძლებელს გახდის, რომ საქართველოს მოსახლეობას ხარჯები შეუმცირდეს. ამ მიმართულებით ჩვენ ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორის ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიღმა მყოფ საზოგადოებას“, - აღნიშნა ელჩმა. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ განაგრძობს ინვესტიციებს სასკოლო განათლებაში, იმ 7 მილიონის მიღმა, რომელიც აშშ-ის განვითარების სააგენტოს საშუალებით ხორციელდება და რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. USAID-ი დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვლობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ USAID-მა ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარება/გაფართოებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობებში, რომელიც დემოკრატიული ინსტიტუტების და საბაზრო ეკონომიკის განვითარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას ეფუძნება. მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშშ განაგრძობს საქართველოს დახმარებას იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

აშშ მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის $330 მილიონს გამოყოფს

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება გაფორმდა, რომლითაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით. საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა. ცერემონია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გახსნეს. კელი დეგნანი: ძალიან გვახარებს ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ევროატლანტიკურ სივრცეში კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით საქართველოს წინსვლას ეფუძნება მთავრობის ადმინისტრაციაში ღონისძიებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე ელჩმა აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 330 მლნ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. მისი თქმით მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. აშშ ერთგულია საქართველოს წარმატების, რომელიც ვალდებულებებს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით“. „საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაოადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას შესაძლებელს გახდის. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას. ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ-ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო“, - აღნიშნა ელჩმა. ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-სთან საგრანტო შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს, დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას

პიტერ ვიბლერი: საქართველოსთვის გრანტის გამოყოფა არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი

საქართველოსთვის აშშ-ისგან გრანტის გამოყოფა არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი, ვამაყობთ საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობით, – ამის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, ამერიკა და საქართველო არიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები და ხელმოწერით კიდევ უფრო მყარდება ქვეყნებს შორის ურთიერთობა. „მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები USAID-ის სახელით. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას ელჩ კელი დეგნანთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად. ეს არის ჩვენი პარტნიორობის გამყარების ერთ-ერთი საფუძველი. თქვენ იცით, რომ ამერიკა და საქართველო არიან ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორები და ხელმოწერით კიდევ უფრო ვამყარებთ ამ ურთიერთობას. ეს არის ორმხრივი შეთანხმება განვითარების მიზნების შესახებ, რომლის საფუძველზეც, USAID-ი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს. შეთანხმება ჩვენი სტრატეგიის საფუძველზე შეიქმნა. სტრატეგია მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა მოდის ამავე დროს ამერიკელი გადახმდელებისგანაც. ამ ეტაპზე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ერთი არის მავნე ზეგავლენის წინააღდეგ ბრძოლას, რომელიც მოიცავს ენერგოუსაფრთხოებას და ქვეყნის ისე გაძლიერებას, რომ თვითონ ქვეყანამ თავად შეძლოს თავისი განვითარების გამოწვევების გადაჭრა და ჰქონდეს ამის უნარი. ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რაც მოიცავს მედიის თავისუფლებასაც და ანგარიშვალდებულებას მოქალაქეებისადმი. მესამე, ეს არის ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, რომელიც განაპირობებს რეალურად ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს სწორედ ის სამი ძირითადი მიმართულებაა, რაშიც ეს თანხები გამოიყოფა. ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით საქართველოსთან. თქვენთვის ცნობილია ალბათ, რომ USAID-ი გადადის საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ თანამშრომლობისთვის პრემიერ-მინისტრს და ელჩ კელი დეგნანს“, – განაცხადა პიტერ ვიბლერმა. საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

საქართველო აშშ-სგან 67 მილიონ აშშ დოლარამდე გრანტს მიიღებს

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID) ხელი ეწერება საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“. ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 11:00 საათზე გაიმართება. ცერემონიას გახსნიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. შეთანხმებას ხელს აწერენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი. აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონი აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ირაკლი ღარიბაშვილი - პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გავმართავთ ბიზნეს ფორუმს

ჩემი კოლეგა პედრო სანჩესი საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხებზე, ასევე მიმოვიხილეთ ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიც არის კოვიდპანდემიასთან ბრძოლა და ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკის დარგში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და ასევე შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გავმართავთ ბიზნესფორუმს, რათა კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ესპანური კომპანიები საქართველოში არსებული ბიზნესკლიმატით. ჩვენი მონაწილეობა FITUR-ის გამოფენაზე იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მსოფლიო უკვე იხსნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტურისტები საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საელჩო: ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს

ისრაელიდან ტურისტების ჩამოსვლაზე საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს. ისრაელელი ტურისტები უკვე საქართველოში არიან და ადგილობრივი ეკონომიკის გამოცოცხლებას უწყობენ ხელს. ისრაელელები საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტების სიდიდით მეორე ჯგუფს წარმოადგენენ. გასულ თვეს არანაკლებ 10,098 ტურისტისა ჩამოვიდა ისრაელიდან - ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ თურქეთს ჩამორჩება. ამასთან, უცხოელი ვიზიტორების ტოპ 10 ქვეყნიდან მხოლოდ ისრაელია, რომელსაც არ აქვს სახმელეთო საზღვარი საქართველოსთან და არ ყოფილა საბჭოთა კავშირის წევრი. 2019 წელს ისრაელიდან არანაკლებ 200 000 ტურისტისა ეწვია საქართველოს“, - აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში. ამ საკითხთან დაკავშირებით, ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა რამდენიმე დღის წინ, Europetime-თან ისაუბრა. „გასულ თვეში (2021 წლის აპრილი) ისრაელიდან საქართველოში (თურქეთის შემდეგ) ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. 2019 წელს ამ ქვეყანას 200,000-ზე მეტი ჩემი თანამემამულე ეწვია - ეს შემოსავლისა და სამუშაო ადგილების უზარმაზარი წყაროა საქართველოს ეკონომიკისთვის და ჩვენ უნდა გავაგებინოთ ისრაელელებს, რომ საქართველოს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე მხოლოდ ხაჭაპური, ხინკალი და კარგი ღვინო“, - აღნიშნა რან გიდორმა.

აშშ-მა "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის დაწესებული სანქციები გააუქმა

აშშ-მა გაზსადენ Nord Stream 2 -ის პროექტში ჩართულ კომპანიას - Nord Stream 2 AG-ს და მის აღმასრულებელ დირექტორს, მათიას ვარნინგს სანქციები გაუუქმა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც ცნობილია, მათიას ვარნინგი, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი დაზვერვის ოფიცერია, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოკავშირედ მიიჩნევა. ბაიდენის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია 11 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტისთვის სანქციების გაუქმება, რომლის საშუალებითაც, რუსული გაზი ბალტიის ზღვის გავლით დასავლეთ ევროპისთვის გახდება ხელმისაწვდომი. "დღევანდელი ქმედებები აჩვენებს ადმინისტრაციის ერთგულებას ევროპის ენერგოუსაფრთხოებისადმი, რაც შეესაბამება პრეზიდენტის დაპირებას, რომ აღადგენს ურთიერთობებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ევროპაში", - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სიფრთხილე გამოიჩინეთ საკუთარი თანხების განკარგვისას - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს შესაძლო თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. "ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ფინანსური სექტორის მომხმარებლებს, უცხოური ბანკები და ორგანიზაციები სესხის მიღებას გარკვეული თანხის გადარიცხვის სანაცვლოდ სთავაზობენ. გასათვალისწინებელია, რომ შეტყობინებებში მითითებული ორგანიზაციები არ წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს. შესაბამისად, არსებობს ამ სქემით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა სახის თაღლითობის განხორციელების რისკი. აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საკუთარი თანხების განკარგვისას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის შეთავაზება საეჭვო ან გაურკვეველი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციებიდან მოდის. ნებისმიერი შეთავაზების შემთხვევაში, მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ ეს შეთავაზება ლეგიტიმურია და თაღლითობის ნიშნებს არ შეიცავს. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს - 2 406 406" , - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება

Kuwait Airways თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება. 4 ივნისიდან ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Kuwait Airways ელ ქუვეითი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას იწყებს. ზაფხულის სეზონზე ფრენები ყოველ ორშაბათსა და პარასკევს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. Kuwait Airways-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2018 წელს დაიწყო

საქსტატი: 2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით გაიზარდა

2020 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2019 წელთან შედარებით 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 18.5 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. საქსტატის ცნობით, 2020 წელს სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.5 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე), წინა წელთან შედარებით შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.6 პროცენტული პუნქტით. ასევე, დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 1.3 და 1.8 პროცენტული პუნქტით. როგორც საქსტატის ანგარიშშია ნათქვამი, 2020 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წელთან შედარებით გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაზრდილია თბილისის, ქვემო ქართლისა და აჭარის რეგიონებში, შესაბამისად 3.8, 2.8 და 1.1 პროცენტული პუნქტით, აღნიშნული მაჩვენებელი უცვლელია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში უმუშევრობის დონის კლება ფიქსირდება. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში ქალებთან შედარებით. 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 1.3 პროცენტული პუნქტით. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 62.0 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0,3 პროცენტული პუნქტით. უწყების ინფორმაცოით, 2020 წელს დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წელთან შედარებით, შესაბამისად 2.3 და 0.6 პროცენტული პუნქტით.2020 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (43.9 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (7.3 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის დაბალი მაჩვენებელი.

აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, აშშ-სა და ისრაელს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აშშ ისრაელს 735 მილიონი დოლარის იარაღს მიჰყიდის. როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იარაღის მიყიდვის შეთანხმება უკვე დაამტკიცა. შეთანხმების ფარგლებში ისრაელი აშშ-სგან მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და სპეციალურ შეიარაღებას შეიძენს.

კარლ ჰარცელი: მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა

"მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა", - ამის შესახებ ევროკავშის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე განაცხადა, სადაც 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ LGBT უფლებების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერა. "მე შვედეთიდან ვარ, ქვეყნიდან რომელიც LGBT თემის დამცველია, მიუხედავად ამისა, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ კუთხით, ჩვენთანაც პრობლემებია, იქაც იტანჯებიან მოქალაქეები წნეხისგან, რაც სუიციდით სრულდება. კარგია, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება LGBT თემის დამცველია. უდიდეს გამოწვევად კვლავ საზოგადოების აზრი რჩება. გადამწყვეტია ამ მიმათულებით პოლიტიკოსების და მედიის ფუნქცია. ევროკავშირი და ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში თქვენ გვერდით დგას. ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს LGBT თემის მიმართ მხარდაჭერას და სოლიდარობას, ვამჩნევთ ბოლო წელს ამ მიმართულებით განვითარებას, მოვუწოდებთ სამოქალაქო და სასულიერო ლიდერებს, პრიორიტეტად იქცეს დისკრიმინაციასთან და სტიგმასთან ბრძოლა, განათლებით ამ სფეროში", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. (რუსთავი 2-ის თარგმანი)

სებასტიან მოლინეუსი: მოხარული ვარ პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაა

მოხარული ვარ აქ ყოფნით და ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაფორმებით, რომლის მიზანი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებაა, - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა. „ეს პროექტი არის დახმარების დიდი პაკეტის ნაწილი, რომელსაც მსოფლიო ბანკი საქართველოს აწვდის პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის დასახმარებლად, მეორე - მთავრობის დასახმარებლად პროექტების განხორციელების მიზნით და შემდეგ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დასახმარებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის დროს. ასევე მსურს განვაცხადო, რომ ეს პროექტი უფრო მეტ საშუალო და ხანგრძლივ პერსპექტივებს მოიცავს. პოსტკოვიდურ პერიოდში, როდესაც ჩვენ მიმართულები ვართ ვაქცინაციის პროცესზე, დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი უზრუნველყოფს, რომ ციფრული ტრანზაქციების განხორციელება წარმატებულად იქნება შესაძლებელი,“- აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. შეგახსენებთ, დღეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზე პანდემიისგან დაზარალებული საწარმოების მხარდასაჭერად საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მლნ ევროს მიიღებს. როგორც ცნობილია, ფინანსური მხარდაჭერის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიმდინარე წლის 11 მაისს მიიღო.

ნათია თურნავა: იმედია, პირველი ივნისიდან მეტ შემსუბუქებას შევძლებთ და რესტორნების შიდა სივრცეებსაც გავხსნით

დიდი იმედი გვაქვს, რომ 1 ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება. „საკოორდინაციო საბჭომ ტურიზმის სექტორისა და ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მსუბუქდება ღამის საათების შეზღუდვა და შეზღუდვა 23:00 საათზე, ნაცვლად 21:00 საათისა. მინდა დავაზუსტო, რომ სასტუმროებში მოქმედ რესტორნებშიც მოქმედებდა შეზღუდვა და ეს შეზღუდვაც იხსნება. რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების შაბათ-კვირას ფუნქციონირებას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება ამ კვირიდან ღია სივრცეების ფუნქციონირება და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ 1-ლი ივნისიდან უფრო მეტ შემსუბუქებას განვახორციელებთ, უფრო თამამ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით და საერთოდ მოვხსნით ამ აკრძალვას. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.