ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და რაც შეიძლება მეტი დასაქმება

უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში პრემიერ-მინისტრის ახალ მრჩეველს, ვაზილ ჰუდაკს გავაცანით ჩვენი პროგრამები, განსაკუთრებით „აწარმოე საქართველოში“ და ის პოლიტიკა და სტრატეგია, რაც გვაქვს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ვაზილ ჰუდაკთან შეხვედრის შემდეგ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა პროექტებზე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების განვითარებისა და ტურიზმის კუთხით. „აღნიშნულ სექტორებში ჩვენი სურვილია, ძირითადად, დასავლური ტიპის ინვესტორების მოზიდვა. ასევე ვისაუბრეთ მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო უცხოურ პარტნიორებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად ახორციელებს. ამ კუთხით, ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ბატონი ჰუდაკის გამოცდილება, მისი კავშირები ევროპელ ინვესტორებთან ევროპელ ფონდებთან, დონორებთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ. ნათია თურნავას განცხადებით, „მცირე ბიზნესი ყველაზე მეტად მოწყვლადია ეკონომიკური კრიზისის დროს და ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, მცირე საწარმოების სწრაფი დახმარება და რაც შეიძლება მეტი დასაქმება“.

ვაზილ ჰუდაკი: ვფიქრობ, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს

"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის მინისტრთან, რომელზეც განვიხილეთ სხვადასხვა პრიორიტეტები საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ უცხოურ ინვესტიციებს და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას", – განაცხადა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა​, ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის შემდეგ. "ვფიქრობ, რომ საქართველოში ძალიან კარგი შესაძლებლობები არსებობს. ასევე, ეკონომიკის განვითარების ახალმა სტრატეგიამ, რომელიც ახლა შემუშავების პროცესშია, ჩემი აზრით, უნდა უზრუნველყოს ახალი შესაძლებლობები უცხოური ინვესტიციებისა და ინიციატივებისთვის. მოხარული ვიქნები, მხარი დავუჭირო ამ ძალისხმევას და ვითანამშრომლო ეკონომიკის სამინისტროსა და მთავრობასთან, რათა მეტი პერსპექტივა შევქმნათ საქართველოსთვის", - განაცხადა ჰუდაკმა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვაზილ ჰუდაკმა და ნათია თურნავამ შეხვედრაზე განიხილეს უცხოური ინვესტიციების სტრატეგია და მიმდინარე პროექტები ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, უძრავი ქონების განვითარებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით. ​ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად წარადგინა. '

ვაზილ ჰუდაკი: კოვიდის გამო რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა, მაგრამ ეს არის შესაძლებლობების დროც

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობისა და საზოგადოების ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა მრჩეველმა, ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის გამო, ეკონომიკის აღდგენისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ქვეყნებს რთულ პერიოდში უწევთ მუშაობა, თუმცა ეს ახალი შესაძლებლობების პერიოდიც არის. როგორც ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, მისი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მთავრობას სხვადასხვა რესურსის მობილიზაციაში. ამასთან, მან კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. „ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი. ეს არის საქართველოში და მის ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტორი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისთვის, მთავრობის ხელშეწყობისა და საზოგადოების განვითარებისთვის. ჩვენ რთულ პერიოდში გვიწევს მუშაობა კოვიდის გამო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს რთული დრო არის შესაძლებლობების პერიოდიც. შესაძლებლობა გვაქვს, რომ გავიზარდოთ, განვვითარდეთ სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა სფეროს საუკეთესო ხარისხი შევქმნათ, აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების გზით, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც ევროკავშირში. ევროკომისიის და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ვარ მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით, ეს არის გამძლეობის მატებისთვის შექმნილი სპეციალური ინსტიტუტი. 50 მილიარდი ევრო გამოიყო ამ პროგრამისთვის. ორი ძირითადი ასპექტი აქვს ამ პროგრამას, ერთი – გაციფროვნება და მეორე – გარემოსდაცვითი მიმართულება. ეს არის საქართველოს მიმართულებებიც – გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. მიმაჩნია, რომ საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. სხვადასხვა გამოწვევა და საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არ არის საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორიც ჩაერთოს ამ პროცესში. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. დიდი პატივია, ვიმსახურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად, ვემსახურო საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს არის საქართველოს და ევროკავშირის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა და ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დღეს წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით ევროპის საინვესტიციო ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, სლოვაკეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ვაზილ ჰუდაკი კარგად იცნობს საქართველოს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, აღნიშნა, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. „მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ, ამ გეგმაში საქართველოს სამომავალო განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება, მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი ჩვენი მოქალაქეებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევარჩიეთ ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი. მისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ასევე, მინდა გითხრათ, რომ როდესაც ის იყო ევროპის საინვეტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ხშირად სტუმრობდა საქართველოს. ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. იგი კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ ის წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად. ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან. მისი ამოცანა არის ჩვენი ახალი, ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური, საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო ეკონომიკურ სუბიეტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან. ჩვენი დღევანდელი სტრატეგიის გათვალისწინებით, საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების სფეროში ევროპის პოლიტიკას ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს პოლიტიკა სწორედ ვაზილ ჰუდაკის ხედვითა და პროფესიული რჩევებით განხორციელდება. მინდა, მას დიდი მადლობა გადავუხადო შეთავაზების მიღებისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივად მივაღწევთ იმ შედეგს, რომელიც ახლა სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მაისში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები 5 ქვეყნის 9 მიმართულებით შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპასა და ახლა უკვე ცენტრალურ აზიაშიც მოხვედრა პირდაპირი რეგულარული ავიარეისებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, მაისის თვეში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით აახლებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აწარმოებს და ეტაპობრივად ფრენები აღდგება. ცნობისთვის, 18 აპრილიდან Wizz AIR ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლება დაიწყო. თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით სრულდებოდა, თუმცა ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, ავიაკომპანიამ უკვე გაზარდა სიხშირე ვარშავის მიმართულებით და 13 მაისიდან ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქში და პირიქით, მოხვედრა უკვე კვირაში ორჯერ იქნება შესაძლებელი. „14 მაისიდან ავიაკომპანია Wizz AIR ქუთაისიდან რეგულარულ ფრენებს რიგის მიმართულებით განაახლებს, ხოლო 21 მაისიდან დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს რეგულარული პირდაპირი ავიარეისების შესრულებას. უკვე თვის ბოლოს კი ქუთაისიდან პოლონეთის მიმართულებით და პირიქით, კიდევ 2 ქალაქში იქნება პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა შესაძლებელი - 29 მაისიდან კატოვიცე და 30 მაისიდან გდანსკი. როგორც იცით, რომ ჩვენს აეროპორტში 2 მაისიდან ოპერირება ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა დაიწყო, რომელიც პირდაპირ ფრენებს კვირაში ორჯერ სამი მიმართულებით ახორციელებს. ამ ეტაპზე, მაისის თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისებით მგზავრობა 5 ქვეყნის 9 მიმართულებებითაა შესაძლებელი. ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების პარალელურად, მათ არსებული სიხშირეები გაზარდონ და ახალი მიმართულებები დაამატონ“,- განაცხადა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ. ცნობისთვის, საჰაერო გზით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით, ან საზღვარზე კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით შეუძლიათ.

ჩინეთი ავსტრალიასთან ეკონომიკურ დიალოგს წყვეტს

ჩინეთმა ავსტრალიასთან ძირითადი ეკონომიკური დიალოგი "განუსაზღვრელი ვადით" შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩინეთის სამთავრობო კომისიის განცხადებით, ავსტრალიის ზოგიერთმა სამთავრობო პირმა ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური თანამშრომლობის გაწყვეტისთვის რიგი ღონისძიებები გაატარეს, რაც ცივი ომის დროინდელი აზროვნება და იდეოლოგიურ დისკრიმინაციაა. ”ცოტა ხნის წინ ავსტრალიის მთავრობის ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა დაიწყო მთელი რიგი ზომების გატარება ჩინეთსა და ავსტრალიას შორის ნორმალური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის ხელის შეშლის მიზნით,“- აღნიშნულია ჩინეთის ეროვნული განვითარების და რეფორმების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თუმცა, კომისია არ განმარტავს, რა კონკრეტულმა ქმედებებმა უბიძგა მას აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისკენ. როგორც ცნობილია, ავსტრალიის ვაჭრობის მინისტრმა, ჩინეთის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ავსტრალია ღიაა დიალოგისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა უკვე შეწყვიტა ორ ქვეყანას შორის კომუნიკაცია მინისტრთა დონეზე. დიპლომატიური დაძაბულობის გამო, ჩინური ინვესტიციების რაოდენობა ავსტარალიაში უკვე 61 პროცენტით შემცირდა. ქვეყნებს შორის ურთიერთობა 2018 წლის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ავსტრალიამ Huawei-ს 5G ქსელის მშენებლობა აკრძალა. ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა ავსტრალიის მხრიდან კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების დაწყების მოთხოვნის შემდეგ. საპასუხოდ ჩინეთმა რიგ ავსტრალიურ პროდუქციაზე სანქციები დააწესა.

ნათია თურნავა: საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია ყველაზე უსაფრთხო იქნება

საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ტურისტულ სექტორთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ტურისტული სექტორში მომუშავე ასოციაციებისა და სასტუმროების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარია ტურისტული სექტორში მომუშავე თანამშრომელბის დაახლოებით 60%-ზე რომელიც უნდა იყოს ვაქცინირებული, რომ დაწესებულება უსაფრთოხდ ჩაითვალოს. მისივე თქმით, ასეთ დაწესებულებებს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სარგებელი ექნებათ. მაგალითად, სახელმწიფო მათ საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობას საკუთარი ძალებით უზრუნველყოფს. "გუშინ უწყებათაშორისმა საბჭომ გააჟღერა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და პრიორიტეტული ვაქცინაციის ჯგუფებს დაემატა ტურიზმის ინდუსტრია. პრაქტიკულად რამდენიმე ქვეყანაა მსოფლიოში, ვინც ამ პრაქტიკას მიმართავს და საქართველო პირველია რეგიონში, რომელიც აცხადებს, რომ ჩვენი ინდუსტრია იქნება ყველაზე უსაფრთხო და მზად არის ვაქცინირებული თანამშრომლებით უმასპინძლოს საერთაშორისო ტურისტებს. დღეს გვქონდა პირველი ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და მინისტრის მოადგილე მონაწილეობდა. ვსაუბრობდით თუ როგორ გავაკეთოთ ეს პროცედურა სწრაფად, როგორ იყოს მეტად კომფორტული და ოპერატიული. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვთავაზობთ სარგებელს ვაქცინირებულ სასტუმროებს და რესტორნებს, როგორიც არის საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში მონაწილეობა ჩვენი ძალებით, თითოეული ასეთი ობიექტის შესახებ ინფორმაცია ძალიან ფართოდ იქნება მსოფლიოში გავრცელებული. დღეს ტურისტები ეძებენ ასეთ ქვეყნებს, სადაც ტურიზმი არის უსაფრთხო და საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება", - განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სარესტორნო და ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან ვაქცინაციის პროცესისადმი მზადყოფნა დაფიქსირდა. "დღეს დავინახეთ მზადყოფნა, ბევრმა დამსწრე სასტუმრომ თუ რესტორანმა აიტაცა ეს ინიციატივა. ისინი იმუშავებენ თავის თანამშრომლებთან და კონსულტაციებს ჩაატარებენ, რომ ეს ნებაყოფლობითი პროცესია. მათ ნათლად დაინახეს შესაძლებლობა, რომ გარკვეული სარგებელი გავრცელდეს სწორედ ასეთ უსაფრთხო სასტუმროებზე. იყო საუბარი ისეთ დეტალებზე თუ რამდენი პროცენტი უნდა იყოს ვაქცინირებული, რომ ჩაითვალოს ის უსაფრთხოდ, ასევე წამოვიდა იდეა, რომ თუ შეიძლება პრიორიტეტული ვაქცინირება სურვილის შემთხვევაში გავრცელდეს მათი ოჯახის წევრებზეც, რაზეც ჩვენ აღვუქვით დახმარება. რეგიონებში ობიექტების მახლობლად იქნება აცრის პუნქტები მოწყობილი, კვალიფიციური პერსონალის დახმარებით. პრაქტიკულად ეს პროცესი იწყება, თითოეული ობიექტი თავად გადაწყვეტს მიიღებენ თუ არა ამ კამპანიაში მონაწილეობას, თუმცა დავინახეთ სერიოზული ინტერესი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავა: სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე

"სახმელეთო საზღვრის გახსნაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის განცხადებით, მთავრობა ახერხებს, რომ ინფიცირებულთა ოდენობის ზრდის ფონზე, პანდემია ბიზნესის ჩაკეტვის გარეშე მართოს. "ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას - ჩვენ შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი იყო შედარებით მაღალი, ამას ვარეგულირებდით ბიზნესების ჩაკეტვით, საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვები იყო, მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიულ ობიექტებს ეს არ ეხებოდა. წელს ჩვენ იმავე ამოცანას ვახერხებთ, რომ მივაღწიოთ, ანუ ვმართოთ ეპიდემია ჩაკეტვის გარეშე. ჩვენ პარალელურად ვმუშაობთ რომ გაიხსნას და აღდგეს ტურისტული ინდუსტრია და პარალელურად ვმართავთ ეპიდემიას. ეს კეთდება ჩაკეტვის გარეშე. ეს არის ძალიან რთული, მაგრამ შესაძლებელი და ვაქცინაცია დაეხმარება ამას. რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნას, ამაზეც ვმუშაობთ. მიდის მუშაობა, რომ დაახლოებით იმავე წესებით ვმართოთ, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად: ვაქცინირებული ვიზიტორებითვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის გამოყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", - განაცხადა თურნავამ.

რიგა, დორტმუნდი, კატოვიცე, გდანსკი - Wizz Air ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს კიდევ 4 მიმართულებით აღადგენს. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის განცხადებით, ავიაკომპანია ფრენებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკსის მიმართულებით აღადგენს. "მინდა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ამატებს რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე, დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები", - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ნათია თურნავას ინფორმაციით, თანამშრომლების აცრის შემთხვევაში ტურიზმის სფეროს კომპანიებს COVID-უსაფრთხო სტატუსი მიენიჭებათ

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სტუმარ-მასპინძლობის სექტორში მომუშავე კომპანიებს, რომელთა თანამშრომლების უმრავლესობა COVID-19-ის საწინაარმდეგო ვაქცინით აიცრება, “COVID უსაფრთხო” დაწესებულების სტატუსით ისარგებლებს. “ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა სრულიად მსოფლიომ შეიტყოს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს შესაძლებელია სწრაფი ვაქცინაციის გზით. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება, რაც ძალიან სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას. ჩვენ და სამინისტროს სისტემაში შემავალი ტურიზმის ადმინისტრაცია იმმუშავებენ სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცები, რესტორატორთა ასოციაციები, სასტუმროების ასოციაციები, რათა რაც შეიძლება მალე შედგეს სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტურ-ოპერატორი კომპანიების თანამშრომლების სიები და მოხდება მათი ორგანიზებული, ნებყოფლობითი ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტრო ამაში დაგვეხმარება. შედეგად, ის ორგანიზაციები სადაც დასაქმებული პერსონალის უდიდესი უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდ უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად, კომპანიებად და ჩვენ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული საშუალებებით, გავუწევთ პრომოუშენს [რეკლამას] და მსოფლიო შეიტყობს რომ საქართველოში ესა თუ ის სასტუმრო ან რესტორანი არის კოვიდ უსაფრთხო” – ამბობს თურნავა.

USAID-ის მხარდაჭერით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამოგზაურო პლატფორმა Steller-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს, ხოლო აშშ-დან დოკუმენტს ხელი დისტანციურად Steller-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ბრაიანტმა მოაწერა. "მემორანდუმის მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმა Steller საქართველოში პროექტ „Digital Day in the Life of Georgia“-ს მოაწყობს. 26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართება და Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართება. ჯამში საქართველოს 20-მდე ბლოგერი ეწვევა. Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია მიიღო. ”Digital Day in the Life of Georgia” ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებენ. პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის ვებ გვერდებზე აიტვირთება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ქვეყნებში", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. „ მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა Steller-ის და სხვადასხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერები მაისში საქართველოს ეწვევიან. USAID-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. USAID ჩართულია უშუალოდ Steller-ის და ინფლუენსერების საქართველოში ვიზიტის განხორციელებაში. დღეს ჩვენ ვართ ეპოქაში, როდესაც ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვანი ხერხია საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ინფლუენსერებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, რადგან ისინი უშუალოდ ტურისტული პროდუქტის მომხმარებლები არიან.“- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. „ჩვენს ინფლუენსერებს მთელ მსოფლიოში აშშ-ში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მილიონობით მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი სწორ დროს და სწორ სამიზნე აუდიოტრიას საქართველოს შესახებ მოუყვებიან ამბებს, რაც პოსტკოვიდურ რეალობაში ხელს შეუწყობს ტურიტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.“-აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი.

"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორმა ხელფასი 4 600 ლარით, თვითნებურად გაიზარდა

"მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" დირექტორმა ხელფასი 4 600 ლარით, თვითნებურად გაიზარდა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. აუდიტის სამსახურმა "მთის კურორტების განვითარების სააგენტოს" 2018-19 წლების საქმიანობა შეისწავლა. "სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით, კომპანიის დირექტორის შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2,900 ლარის ოდენობით. კომპანიის დირექტორმა ბრძანებით, საკუთარი შრომის ანაზღაურება გაზარდა 7,500 ლარამდე. აღნიშნული ოდენობა ძალაში იყო სააგენტოს მიერ ახალი დირექტორის დანიშვნამდე, რომლის შრომის ანაზღაურებად ისევ 2,900 ლარი განისაზღვრა. დირექტორის ბრძანება შრომის ანაზღაურების 7,500 ლარამდე გაზრდის თაობაზე, გამოცემულია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რამდენადაც ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მიეკუთვნებოდა სააგენტოს კომპეტენციას. კომპანიის განმარტებით, სააგენტოს რეგულარულად ეგზავნება საშტატო განრიგი და აქედან გამომდინარე სააგენტო ინფორმირებული იყო დირექტორის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით", - წერია ანგარიშში. ამასთანავე, 2018-2019 წლებში პრემიები გაცემულია ასევე კომპანიის დირექტორებზე, სააგენტოს გადაწყვეტილების გარეშე, კომპანიის დირექტორის და დირექტორის მოადგილის ბრძანებების საფუძველზე, 7-ჯერ, ჯამში − 43,875ლარი. "2018-2019 წლებში კომპანიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების თანხობრივმა მოცულობამ შეადგინა 133,000 ლარი. ამასთანავე, VIP მომხმარებლებზე უფასოდ გადაცემული აბონემენტების ღირებულების ჯამმა შეადგინა 128,000 ლარი. კომპანიამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტის სახით შექმნილი აბონემენტებით უფასოდ მოსარგებლე პირთა სრული სია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა თანამშრომელთა ოჯახის წევრების და VIP მომხმარებლების იდენტიფიცირება და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის დადგენა", - წერია დასკვნაში.

საფრანგეთის მთავრობისგან მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო 300 000 ევროს მიიღებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს საფრანგეთის მთავრობა, გრანტის სახით, 300 ათას ევროს გადასცემს. „ჩვენ გამოვყოფთ 300,000 ევროს ოდენობის საგრანტო დაფინანსებას მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს მხარდაჭერისათვის. აღნიშნული საგრანტო პროგრამა ხორციელდება საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიწის მართვა წარმოადგენს საკუთრების უფლებების წარმატებით დაცვის გარანტს და კერძო ინვესტიციებისათვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. საფრანგეთი გამოხატავს მზაობას და მხარდაჭერას, რათა უკეთესი მომავლის შექმნა იქცეს რეალურ შესაძლებლობად”, - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლამ შპს ,,დმანისის მეცხოველეობის" ფრანგულ-ქართული ფერმის გახსნის ღონისძიებაზე, სადაც ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.საფრანგეთის მიერ გამოყოფილი გრანტი მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს შესაძებლობების გაძლიერებას მოხმარდება. ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს საფრანგეთის მიწის სააგენტოს და სხვა წარმატებული ევროპული პრაქტიკის გაზიარებას და საქართველოში დანერგვის ხელშეწყობას. თანამშრომლობის ძირითად სფეროებად განსაზღვრულია: მიწის რესურსების აღრიცხვა, მიწის საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება, მიწების კონსოლიდაცია, მიწათსარგებლობის მონიტორინგი და სხვა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს შორის დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეები თანამშრომლობის კონკრეტულ დეტალებზე, ფორმატსა და დღის წესრიგზე შეთანხმდებიან. სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, პროექტში გაიწერება ის მიმართულებები, რომელთა გაძლიერებაც გრანტის სახით მიღებული ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

თამარ გაბუნია: თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით ვიმსჯელებთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ,,სინოვაკის" ავტორიზაცია დაყოვნდა, გამოყენებაზე ეპიდრისკების მიხედვით გაგრძელდება მსჯელობა. ამის შესახებ მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,სინოვაკის თაობაზე ვაქცინაციის საბჭო დამატებით იმსჯელებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის პირობით გვაქვს სინოვაკის გამოყენება - ასეთი გადაწყვეტილებაა საბჭოს მიერ მიღებული. ჯანმოს მიერ მაისის დასაწყისია სინოვაკის ავტორიზაციის თარიღად დასახელებული. თუ გადავადდა და დაყოვნდა, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით იმსჯელებს საბჭო მის გამოყენებაზე. ფართოდ იყენებს თურქეთი, ჩვენს რეგიონში აზერბაიჯანი, ასევე უკრაინა. კეთილსაიმედო შედეგებია სინოვაკის და, რაც მთავარია, სიკვდილობის და მძიმე შემთხვევების მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს", - განაცხადა გაბუნიამ.

„ნამახვანჰესთან" დაკავშირებით მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენელი ჩაერთვება

„მოუთმენლად ველით, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობასთან მუშაობას, რათა მოვძებნოთ გამოსავალი“, - ამის შესახებ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილემ დირკ ბუშლემ „ნამახვანჰესის“ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ენერგეტიკული გაერთიანება მხოლოდ მთავრობათა ან პროექტის განმახორციელებელი კომპანიების გაერთიანება არ არის. „ენერგეტიკული გაერთიანება ყოველთვის ღია იყო სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეებისთვის და ასეთივეა ჩემი პირადი დამოკიდებულება“, - აღნიშნა დირკ ბუშლემ, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის თაობაზე მედიაციის პროცესში უშუალოდ მიიღებს მონაწილეობას. შესაბამისი გადაწყვეტილება ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ონლაინ შეხვედრაზე მიიღეს. მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა წერილობით მიმართეს დირკ ბუშლეს და მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის ჩართვა ითხოვეს. დირკ ბუშლეს განცხადებით, დისკუსიები ნამახვანის პროექტის გარშემო ძალიან კომპლექსურია. „მსურს წარვმართო კომუნიკაციის პროცესი საკითხის სწრაფი და მარტივი გადაწყვეტის მისაღებად. ამასთანავე იმედი მაქვს, რომ ერთობლივი სამუშაო პროცესი თავისთავად აღადგენს ნდობას, რაც მდგრადი გამოსავლის გამოკვლევისა და იდენტიფიცირების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამისათვის ჩვენ შევქმნით ორგანიზებულ პროცესს, სადაც ყველას ექნება აზრის გამოთქმის და ყველა პრობლემური საკითხის განსახილველად გამოტანის საშუალება“, - განაცხადა ბუშლემ. „ამ პროცესის დასაწყებად ვიწვევ ორივე მხარეს - მთავრობას და სხვადასხვა ასოციაციების, სამოქალაქო საზოგადოების და ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს - აირჩიონ და წარადგინონ მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენლები. შემდეგ თითოეულ მათგანს დავუკავშირდებით და მოვისმენთ მათ გამოცდილებას, შეშფოთებას და მოლოდინს. პარალელურად, სამდივნო განიხილავს წარსულში გარემოსდაცვითი პროცედურების დოკუმენტაციის შესაბამისობას ევროპული კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკასთან. აზრთა გაცვლის პირველი რაუნდის დასრულების შემდეგ, მოხარული ვიქნები მოვიწვიო ყველა დაინტერესებული ჯგუფი შეხვედრებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ერთობლივი განხილვებისა და გადაწყვეტილების პოვნის საშუალებას“, - აღნიშნა დირკ ბურშემ. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ენერგეტიკული გაერთიანების შიგნით დავების მოგვარების შესაძლებლობები, ერთი მხრივ, სახელმწიფოებს/ეროვნულ ორგანოებს შორის, და მეორე მხრივ, კერძო პირებს შორის. ასევე განიხილოს კომერციული დავები კერძო პირებს შორის; დავა სახელმწიფოებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის; ან დავები ენერგეტიკული საზოგადოების ხელშეკრულების მხარეებსა და სამდივნოს შორის. ესაა ხანგრძლივი არბიტრაჟის ალტერნატივა, რომელსაც გააჩნია გადაწყვეტილების მიღების მოქნილი მექანიზმი. ცენტრის საქმიანობა ემყარება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს გამოცდილებას. ის სამდივნოს იურიდიულ განყოფილების ნაწილია და მას იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი და სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დირკ ბუშლე ხელმძღვანელობს.

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა

დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. როგორც ცნობილია, დედაქალაქის ბიუჯეტი მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. მათივე ცნობით, თბილისის ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებები სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქის ბიუჯეტი 78 მილიონი ლარით გაიზარდა და მილიარდ 191 მილიონ 310 ათასი ლარით განისაზღვრა. საქალაქო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ გაზრდილი 78 მილიონი ლარიდან 30 მილიონი ცენტრალური ხელისუფლების ტრანსფერია, დანარჩენი კი სხვადასხვა შემოსავლები. როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია და მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას, რაც ჩვენი ქალაქის წინაშე დგას. გიორგი ტყემალაძემ ცენტრალურ ხელისუფლებას ტრანსფერისთვის მადლობა გადაუხადა. „2021 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია. ეს არის მეტი შესაძლებლობები ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ცენტრალურ მთავრობას ამ ტრანსფერისთვის. გაზრდილ ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული პრიორიტეტებზე,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ. "დედაქალაქის გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება შემდეგ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე: ინფრასტრუქტურული პროექტები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებები, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებები, ჯანდაცვის და სოციალური ღონისძიებები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა, სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, ბიუჯეტით განსაზღვრულ ჩამონათვალს დაემატა ახალი პროგრამა - 2015 წლის 13-14 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფინანსთა მინისტრი: ეკონომიკის აღდგენის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფი ტემპით დაიწყო

„ეკონომიკის აღდგენის პროცესის ტემპი იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოლოდინი იყო, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მის კომენტარს სამინისტრო ავრცელებს. „რეალურად პირველი შემთხვევაა პანდემიის დაწყების შემდგომ, როცა დადებითი დინამიკა ფიქსირდება ეკონომიკურ ზრდაში. ზრდა ასევე გამოიხატა დღგ-ის გადამხდელთა ბრუნვების ზრდაში, რომელმაც 20%-ს გადააჭარბა მიმდინარე თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა გრძელდება ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საშულებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დაწყებულია. ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე არაერთჯერადი, შეუქცევადი პროცესი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა.

პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით შემცირდა

წინასწარი შეფასებით, 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალურმა კლებამ 4.2 პროცენტი შეადგინა. 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, დამამუშავებელი მრეწველობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის დაკონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაცია.კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის,ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში. წინა თვეების მონაცემები: იანვარში - მინუს 11.5%; თებერვალში - მინუს 5.1%; მარტში - ზრდა 4% ჯამური ვარდნა პირველ კვარტალში - 4.2%. საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს 3.5%-ით გაიზრდება - აზიის განვითარების ბანკი. საქსტატი: თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა.

ევროპარლამენტმა Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის Brexit-ის შემდგომ სავაჭრო გარიგების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რითიც მოიხსნა უკანასკნელი წინაღობა ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას France24 ავრცელებს. ევროკავშირის დეპუტატებმა სავაჭრო და თანამშრომლობის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს 660 ხმით 5-ის წინააღმდეგ, 32-მა თავი შეიკავა, განაცხადა პარლამენტმა. კენჭისყრა სამშაბათს ჩატარდა, მაგრამ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, შედეგი დაუყოვნებლივ არ იყო ცნობილი. ამ ნაბიჯით მთავრდება ოთხ წელიწადზე მეტხანს გაგრძელებული მოლაპარაკებები და დებატები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა დაასრულა ევროკავშირის 47-წლიანი წევრობა. როგორც ცნობილია, 1 000 გვერდისგან შემდგარი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევა. ევროკავშირის პარლამენტი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ მან უნდა უერთგულოს ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ კავშირებს, კონკურენციის წესებს, თევზაობის წესებს და პოლიტიკის, სამართლის, ტრანსპორტის და ენერგიის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პირობებს.

ავიაკომპანია flydubai ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას ანახლებს

მიმდინარე წლის 12 მაისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია flydubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: • დუბაი - ბათუმი - დუბაი, 12 მაისიდან 29 აგვისტომდე, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. ამასთან, ავიაკომპანია შეასრულებს დამატებით რეგულარულ ფრენებს დუბაი - თბილისი -დუბაის საჰაერო ხაზზე მიმდინარე წლის 13, 14, 16 და 17 მაისს. "საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიენიჭა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.