ეკონომიკა

საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

5 თებერვალს გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ზურაბ პატარაძის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან. ინფრომაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს ელჩმა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების მუშაობის გააქტიურებაზე ისაუბრეს შეხვედრის ფარგლებში ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა ორ მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა ყველა სფეროში, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის უმაღლესი დონის პოლიტიკური დიალოგის უწყვეტ რეჟიმსა და ნაყოფიერ ურთიერთობებზე COVID-19 პანდემიის პერიოდში. "მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი ორმხრივ და მრავალმხრივ საპარლამენტთაშორისო ფორმატებში. გამოითქვა სურვილი, რომ 2021 წელს გააქტიურდეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები, მათ შორის უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, შესაბამისი სამთავრობოთაშორისო, როგორც ეკონომიკური ასევე სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების, ბიზნეს-ფორუმების ჩატარების თვალსაზრისით. საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც სამართლებრივად დაადგინა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და ადამიანის უფლებების დარღვევებში. ასევე საუბარი შეეხო ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს. მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, ზურაბ პატარაძემ კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისა და განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ბაიდენის ადმინისტრაციამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი გეგმა შეიმუშავა

ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკის გაუმჯობესების საჭიროებაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებზეც მისი ადმინისტრაცია იმუშავებს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით,160 მილიარდი დოლარი კორონავირუსის ეროვნულ სტრატეგიაში ჩაიდება, რომელიც მოიაზრებს უფრო მეტი დახმარების გამოყოფას: წარმოების, მიწოდებისა და იმუნიზაციის ცენტრებისთვის, რაც ხალხისთვის ვაქცინის მისაწოდებლადაა საჭირო". „ჩვენი უმთავრესი მიზანია ხალხის იმუნიზაცია", - აცხადებს ჯო ბაიდენი. გეგმის ფარგლებში აშშ მოსახლეობას დამატებით 1,400 დოლარით დაეხმარება. ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი გეგმა შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილს, გაზრდის ეკონომიკას და უფრო მეტს გააკეთებს, რათა აშშ უფრო ეფექტური გახდეს". ბაიდენის თქმით, თუ მისი ადმინისტრაცია ახლავე არ იმოქმედებს, „2025 წლამდე ვერ მიაღწევს უმუშევრობის იმ მაჩვენებელს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა უმუშევრობის მაჩვენებელზეც ისაუბრა. „მილიონობით ამერიკელია უმუშევარი, ბევრი მათგანი 6 თვეა, რაც სამსახურის გარეშე დარჩა“, - დასძენს ჯო ბაიდენი.

ეკონომიკის სამინისტრო: ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია

"ENKA-სთვის, რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, რიონის მთელი ხეობა საკუთრებაში არ გადაგვიცია", - ამის შესახენ განცხადებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი თქმით, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას. როგორც სამინისტროში განმარტავენ, კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს კომპანია „ენკას,“ რომელიც „ნამახვანის ჰესების კასკადის“ პროექტს ახორციელებს, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა რიონის მთელი ხეობა. ხაზგასმით განვმარტავთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება დაძაბულობის შექმნას - კომპანიას საკუთრებაში ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა მხოლოდ ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰიდროსადგურის ნაგებობები, რაც ქვეყანაში ჩვეულებრივად მიღებული პრაქტიკაა - როდესაც ინვესტორი ახორციელებს ინვესტიციას, მითუმეტეს, განსაკუთრებით დიდ ინვესტიციას (საუბარია 800 მილიონ დოლარზე), ცხადია, მიწა მას უნდა ჰქონდეს ან საკუთრებაში, ან გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. დამატებით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს მთავრობასა და კომპანიას შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, ჰესების მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულებასთან ერთად, მოიცავს ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის, ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობას კომპანიის ხარჯებით და შემდგომში მის უსასყიდლოდ გადაცემას სახელმწიფოსთვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიას არ აქვს უფლება, მისთვის გადაცემული კონკრეტული მიწები გამოიყენოს სხვა მიზნებისათვის ან გაასხვისოს მესამე პირებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერი: შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, ორგანიზაციები სახელმწიფო მხარდაჭერას და სუბსიდიას ვეღარ მიიღებენ

ორგანიზაციები დაწესებული შეზღუდვების მიზანმიმართული დარღვევის შემთხვევაში, გარდა უმკაცრესი რეაგირებისა, ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებას. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. "ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით", - აღნიშნა პრემიერმა. პრემიერის თქმით, ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც გამოავლენს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობას. „მიზანმიმართული დარღვევა ნებისმიერი ორგანიზაციის მიერ, დაწესებული წესებისა, გარდა იმისა, რომ ამას როგორც შედეგი მოყვება უმკაცრესი რეაგირება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი ორგანიზაციები ვეღარ მიიღებენ მონაწილეობას და ვეღარ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან იმ სუბსიდირებას და დახმარებას, რომელიც გათვალისწინებული იყო პანდემიის წინააღმდეგ ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებებით. გარდა ამისა, ვეღარ მიიღებენ მომავალში სახელმწიფოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მონაწილეობას. ვფიქრობ, ეს არის სამართლიანი, რომელმაც უნდა გამოავლინოს თითოეული მოქალაქის და ორგანიზაციის პასუხისმგებლობა,“- განაცხადა გიორგი გახარიამ. ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ის არსებული საჯარიმო სანქცია, რომელიც არის დაწესებული, კვლავ იმოქმედებს. "ამ თვალსაზრისით, სანქციებია დაწესებული ბიზნესისთვის როგორც შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, ასევე ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, მათ შორის არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც გათვალისწინებული, ასეთი მიზანმიმართული განმრეობითი ქმედებისთვის. ბუნებრივია, თუ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქების, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესების პარალელურად, არ აქვს მნიშვნელობა რა ტიპის იქნება ბიზნესი, ეხება რესტორნებსაც, ბაზრობებსაც და სხვა ბიზნესსუბიექტებსაც, მიზანიმიმართულად აიგნორებს შეზღუდვებს, ჩვენი რეაგირება იქნება კანონის ფარგლებში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. მთავრობის განმარტებით, კორონავირუსით ინფიცირების ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-მდე შემცირდა, ამიტომ შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყება. 15 თებერვლიდან კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ - გარდა შაბათ-კვირისა; მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) - გარდა შაბათ-კვირისა; გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები - გარდა შაბათ-კვირისა; ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან - თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით: ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

იტალიის ახალი მთავრობის ფორმირება ევროპის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბანკირს, მარიო დრაგის დაავალეს

დღეს, 3 თებერვალს, კვირინალების ბორცვზე (როგორც ამ ბორცვზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეს ეძახიან იტალიელები), პრეზიდენტმა მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა და ფაქტობრივად იტალია ჩააბარა. იტალიაში კრიზისის ფონზე, სერჯო მატარელამ დეპუტატთა ქვედა პალატიდან რობერტ ფიკო მიიწვია და ახალი კოალიციის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. ფიკომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება. მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა. მარიო დრაგის, ანუ „სუპერ მარიოს“ ავტოგრაფი ევროს ყველა კუპიურაზეა. დრაგი მსოფლიოში ერთერთი წარმატებული ეკონომისტ-რეფორმატორია. 2002 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე, რამდენიმე წელიწადი სახელმწიფო ხაზინას. 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო. კვირინალებზე მინისტრთა კაბინეტის შერჩევა-დასახელება მიმდინარეობს. იტალიელები სკეპტიკურად უყურებენ დრაგის კანდიდატურას - ეს ბოლო წლებში რიგით მეორე ე.წ. ტექნიკური მთავრობაა. პირველმა, მარიო მონტემ იტალიელები "დასაჯა" და არნახული გადასახადები დაუწესა ბერლუსკონისგან გათამამებულ ხალხს, უბრალო პენსიონერებსაც კი. მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო. ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა

EBRD-ის პრეზიდენტი: მზადად ვართ შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის

EBRD-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან ოდილ ღენო-ბასოსთან, სალომე ზურაბიშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა. ევროპის რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოსთან შავი ზღვის მხრით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა. ოდის ბასომ, შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა და ასევე აღნიშნა, რომ EBRD მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეფორმების დანერგვაში. რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს პანდემიის დროს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესების დახმარების მიმართულებით გაკეთდა.

საქსტატი: იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა

2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.8 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. სტატსისტკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის იანვარში, გასულიწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშეწლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 5.7 პროცენტით განისაზღვრა. "ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.63 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (4.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.3პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.0 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.3 პროცენტი) დაელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (2.1 პროცენტი). წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.06 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (27.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.6 პროცენტი), თევზეული (10.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.9 პროცენტი), პურიდა პურპროდუქტები (7.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები დანატურალური წვენები (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.2 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.7 პროცენტით, რაც 0.76 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.0 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.8 პროცენტიანი მატება, რაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.61 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (26.7 პროცენტი), მინის ჭურჭელი,მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (12.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (12.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი და რემონტი (9.7 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.6 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (7.1 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.45 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასებიგაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (9.1 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 20.5 პროცენტიანი კლება, რაც -1.77 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-33.8პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-28.9 პროცენტი)." - ნათვამია სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია თურნავა: რესტორნების დაუმორჩილებლობას მკაცრი რეაქცია მოჰყვება

"კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია", ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა სარესტორნო ბიზნეს, რომელიც შეზღუდვების მიუხედავად გახსნას აპირებს. ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. "გასაგებია, რომ იმის გამო რომ რესტორნები არა აჭარაში, არამედ დანარჩენ საქართველოში ჯერჯერობით ვერ იხსნება, აქედან გამომდინარე მათ აქვთ უკმაყოფილება. მაგრამ დაუმორჩილებლობა, კანონის დარღვევა, კანონის წესების დაცვის მიმართ დაუმორჩილებლობა არის მიუღებელი, ამას მოჰყვება მკაცრი რეაქცია. ჩემი თხოვნა იქნება და ჩემი იმედიც არის, რომ ასეთი არასწორი, არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მათთან დაკავშირებით გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრამა. ცნობისთვის, გუშინ, სარესტორნო ბიზნესმა პროტესტის განსხვავებული ფორმა დააანონსა. 200-მდე რესტორანი, 6 თებერვალს მუშაობის განახლებას გეგმავს.

თბილისის მერია სწავლას დამატებით კიდევ 1000 სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსებს

"დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება", - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ადრე სარეიტინგო ქულა იყო 70 000 ან მასზე ნაკლები. ამჯერად, მიღებული გადაწყვეტილებით, დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა. "ახალგაზრდების მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წლიდან ფინანსდება ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ან მასზე ნალები. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გაიზარდოს ბენეფიციართა რაოდენობა. დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომლებსაც ერთიან ბაზში 150 000 ან მასზე ნალები ქულა ექნება. ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2 250 ლარი. სემესტრულად-1 125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებულია როგორც ის აკადემიურ მოსრებაზე, კერძოდ სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველტა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე. გარდა ამისა, თბილისის მერია გასცემს სემესტრულ ფინანსურ წახალისებას წარმატებული მაგისტრანტებისთვისაც. ამ მიმართულებითაც გვაქვს სიახლეები. ჩვენი ინიციატივით ეს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება - გაუქმდება კვოტირების სისტემა უნივერსიტეტებისთვის, შესაბამისად, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგდება და წლიურად 600-ზე მეტი მაგისტრანტის დაფინანსება იქნება შესაძლებელი" - განაცხადა კახა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, იმ სტუდენტებს, რომლებსაც 100%-ით აქვთ დაფინანსებული სწავლა, თანხა პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ. პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი სასწავლებელი - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური. „სიახლე გვაქვს ისიც, რომ თუ ადრე ფინანსური წახალისების სტუდენტის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში ეს თანხა იბეგრებოდა, ახლა შესაძლებელი იქნება ამ თანხის პირდაპირ სასწავლებლის ანგარიშზე ჩარიცხვა და ის აღარ დაიბეგრება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მაია ცქიტიშვილი: EBRD-ისგან 4 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება მივიღეთ, წლების განმავლობაში

EBRD-ის დაფინანსებით, საქართველოში 200 პროექტი მიმდინარეობს და მათი ჯამური ღირებულება 4 მლრდ ევროს აღემატება, რომელიც საქართველომ EBRD-სგან მიიღო”, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, EBRD-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, EBRD-ის დახმარებით, საქართველოს 6 ქალაქისთვის, 175 ავტობუსი ჩამოვიდა და უახლოეს მომავალში კიდევ იგეგმება დამატებითი ავტობუსების ჩამოყვანა. „ინფრასტრუქტურის სამინისტროს ძალიან აქტიური თანამშრომლობა აქვს EBRD-თან, რომელიც არის ერთ-ერთი ჩვენი დონორი და აფინანსებს, მათ შორის, ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, მათ შორის, ახალი გვირაბის გაყვანასაც. გარდა ამისა, EBRD-ის ნაწილში აღვნიშნავდი რეგიონებისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ეხება რეგიონებში ახალი ავტობუსების შესყიდვას. გარდა ამისა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაქვს ნარჩენების მართვის საკითხებში, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროექტებისა, რომელსაც EBRD გვთავაზობს. ძალიან აქტიურია EBRD-ის თანამშრომლობა კერძო სექტორთან. მთლიანად, მთელი პორტფელის ნახევარზე მეტი, პრაქტიკულად, კერძო სექტორთან აქვს EBRD-ს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ თვალსაზრისით, რომ კომპლექსური თანამშრომლობაა შესაძლებელი, როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც, რა თქმა უნდა, გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ უკეთესი პროექტები, საინვესტიციო პროექტები აღმოვაჩინოთ, დავაფინანსოთ და შევუწყოთ ხელი, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მხრიდან“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

EBRD-ის პრეზიდენტი: ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე

EBRD-ის პრეზიდენტი ადასტურებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულებას, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ ოდილ ღენო-ბასომ ონლაინ-ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრისას განაცხადა. EBRD-ის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას თბილი მიღებისა და ვიზიტის ფარგლებში წარმართული დიალოგის ხარისხისთვის მადლობა გადაუხადა. „მახარებს ის ფაქტი, რომ EBRD-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი საოპერაციო ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ტარდება. ფორმატი ვირტუალურია, რადგან მობილობის შეზღუდვები არსებობს. მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო, შევხვედროდი მთავრობას და ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. შეხვედრისას განვიხილეთ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტი საქართველოზე, ქვეყნის გამკლავება ამ უპრეცედენტო გამოწვევასთან და ევრობანკის დახმარება კრიზისის დაძლევასა და ისეთი საფუძვლის შექმნაში, რომელიც მდგრად და ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კრიზისის დაძლევის საქმეში. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ევრობანკის გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან ძლიერ საფუძველს, რადგან 2020 წელს ინვესტიციების ჯამურმა ოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - 630 მილიონი ევროს ოდენობის ჯამური ბიუჯეტით 16 პროექტის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ხორციელდება არსებულ და ახალ კლიენტებთან პარტნიორობის გზით“, - განაცხადა ოდილ ღენო-ბასომ. EBRD-ის პრეზიდენტის შეფასებით, ბანკის ინიციატივები მოიცავს მთელ სპექტრს ენერგეტიკიდან ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით, ასევე მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებას, რომლებიც რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია. „ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩააგდო უპრეცედენტო მდგომარეობაში. ევრობანკის რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სოლიდარობის პაკეტი შევიმუშავეთ 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რათა ჩვენს საოპერაციო არეალში წევრ ქვეყნებს დავეხმაროთ ვირუსის გავლენის დაძლევაში. ამას ძალიან ძლიერი მიზანსწრაფულობით ვახორციელებთ საქართველოში და ჩვენი მიზანია ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა. სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას - და სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი - ვისაუბრეთ ევრობანკის ძლიერ პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის გაგრძელების კონტექსტში შემდეგი კომბინაციით: კერძო სექტორის დაფინანსება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით აქტიური დიალოგი დარგობრივი პოლიტიკის და ინიციატივების ნაწილში. ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას, რომელშიც აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ „მწვანე ეკონომიკის“ ხელშეწყობაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სერვისების გაციფრულებაზე“, - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა. მისივე შეფასებით, ევრობანკს პრიორიტეტებად მიაჩნია ქვეყნის კერძო სექტორის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით. „ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გრაფიკით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში, რომელიც შესანიშნავი ჩარჩო დოკუმენტი, გზამკვლევი და კალენდარია სტრუქტურული რეფორმების ნაწილში. ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო მუშაობის გაგრძელებას ამ სტრატეგიის შემუშავების დროს. ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ინვესტორი და მეგობარი. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის მთავრობას ასეთი თბილი მიღებისთვის და ძალიან ნაყოფიერი დისკუსიებისთვის“, - აღნიშნა ოდილ ღენო-ბასომ.

31 იანვრამდე 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 38.0 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, მანდარინის ღირებულებამ 18.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. "აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 7.0 ათასი ტონით (23%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.5 მლნ აშშ დოლარით (15%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. 2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (22.0 ათასი ტონა), სომხეთსა (8.3 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია განცხადებაში.

31 იანვრამდე განხორციელებულმა თხილის ექსპორტმა 79.2 მლნ დოლარი შეადგინა

"2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 15.3 ათასი ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 79.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა". ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლიე მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამისნისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 5.0 ათასი ტონით (49%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 26.8 მლნ აშშ დოლარით (51%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. "ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (4 165 ტონა), იტალიაში (3 766 ტონა), ჩეხეთში (716 ტონა), ლიეტუვაში (442 ტონა), პოლონეთში (376 ტონა), ესპანეთში (430 ტონა), ბულგარეთში (345 ტონა), საფრანგეთში (359 ტონა), ლატვიაში (128 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), სლოვაკეთში (86 ტონა), ლუქსემბურგში (84 ტონა), ბელგიაში (44 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (873 ტონა), რუსეთი (713 ტონა), თურქეთი (530), ბელარუსი (444 ტონა), უკრაინა (290 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), ალჟირი (185 ტონა), კანადა (146 ტონა), საუდის არაბეთი (166 ტონა), შვეიცარია (89 ტონა), მექსიკა (67 ტონა), უზბეკეთი (58 ტონა), სირია (50 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (44 ტონა), იორდანია (38 ტონა), დიდი ბრიტანეთი (35 ტონა), ერაყი (24 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან, აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების შედეგად, თხილის წარმოება (შესაბამისად ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. 2020 წელს მიღებული მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველზე, შესაბამისი სამსახურებისა და ფერმერების მიერ ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგია", -ნათქვამია სამინისტრო განცხადებაში.

31 იანვრამდე განხორციელებულმა ვაშლის ექსპორტმა 4.2 მლნ დოლარი შეადგინა

2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 9.8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 4.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურენეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. "2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 9.4 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში", ნათქვამია განცხადებაში.

2021 წელს ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსება 37%-ით გაიზრდება

2021 წელს ჩქაროსნული მაგისტრალების დაფინანსება 37%-ით გაიზრდება და ზოგადად, 4 წელიწადში, ქვეყნის ინფრასტრუქტურაში, 20 მილიარდის ინვეტიციაა დაგეგმილი - ამის შესახებ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დათვალიერებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადა. პრემიერის ცნობით, პანდემიის მიუხედავად, წელს, მხოლოდ ერთი სამინისტროდან, 2,2 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მისივე თქმით, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე დაიწყო რიკოთის არსებული გვირაბის პარალელური გვირაბის მშენებლობა, რომელიც ქვეშეთი-კობის გვირაბის დასრულებამდე, საქართველოში ყველაზე გრძელი - 1 800 მეტრიანი გვირაბი იქნება. უკვე გაჭრილია 190 მ. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, საერთო ჯამში, ამ დროისათვის რიკოთის საუღელტეხილო გზაზე უკვე გაჭრილია 6 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი - 885 მ. სამშენებლო სამუშაოები 53-დან 39 გვირაბზე და 96 -დან 61 ხიდზე ხორციელდება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ რიკოთს ახლა აქვს უმნიშვნელოვანესი ეტაპი, ამ ჩქაროსნული მაგისტრალის შემდგომი განვითარებისთვის. „ეს გვირაბი, დაახლოებით, იქნება პარალელური, ყველასთვის ცნობილი, რიკოთის გვირაბის და იქნება 1800 მეტრი. ეს დასრულდება 2022 წლის მეორე ნახევარში, საერთოდ დასრულდება 1-ლი ეტაპი ამ რიკოთის მონაკვეთის და იქნება ყველაზე დიდი გვირაბი, სანა ქვეშეთი-კობს დავასრულებთ. ქვეშეთი-კობი, მოგეხსენებათ, რომ იქნება 9 კილომეტრზე მეტი. არც ერთი დღით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, პანდემიის პირობებშიც, გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებშიც არ გაჩერებულა და არ გაჩერდება. აქ, მაგალითად, ამ ეტაპზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ მონაკვეთზე, სულ დასაქმებულია 2 700 ადამიანი, საიდანაც 2 000 არის საქართველოს მოქალაქე. ამას ჩვენთვის, დღეს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, თითოეული სამუშაო ადგილის შენარჩუნებას და არც ერთ შემთხვევაში, არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერდება. ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე - ეკონომიკა გაჩერებულია, ეკონომიკა გაჩერებული არ არის. სამწუხაროდ, ეკონომიკის ზოგიერთი დარგებია გაჩერებული და ეს იძულებით ხდება, რამეთუ ჩვენც გლობალური ეკონომიკის ნაწილი ვართ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. 2020 წელს, ჯამში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საქართველოს 31 000 მოქალაქე იყო დასაქმებული. რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის - 2023 წელს. სამშენებლო სამუშაოები პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა, თუმცა COVID-19-ის გამო გადავადდა ჩინეთიდან სპეციალისტების ჩამოსვლა და ბოლო მონაკვეთზე სამობილიზაციო სამუშაოების დაწყება.

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების გათვალისწინება და რეფორმების გადაწევა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა დღეს, კომიტეტის სხდომაზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისიწნებული რეფორმების განხორციელების ვადებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს, პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებისკენ მოუწოდა. ქვრივიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების გათვალისწინება იმისთვის, რომ არ მოხდეს დამატებითი ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე. მისი თქმით, ის დაგეგმილი რეფორმების გონივრული ვადით გადაწევის მომხრეა, თუმცა, ვადების გადაწევით მეწარმეების პოზიციის გათვალისწინებაზე უნდა მოხდეს ისე, რომ ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი არ დააზიანოს. „ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება გარკვეულწილად საჭიროებს ძირეულ რეფორმებს. ეკონომიკაზე კოვიდ პანდემიის ნეგატიური ეფექტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მეწარმეების პოზიციების მხედველობაში მიღება ამ პროცესში, რათა არ მოხდეს დამატებითი ეკონომიკური წნეხი კერძო სექტორზე. ჩვენ გვესმის, რომ ერთი მხირვ, 2024 წლამდე მნიშვნელოვანია ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულება, თუმცა მაინტერესებს, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების ფონზე რამდენად გვაქვს რესურსი, რომ მოხდეს რეფორმების აღსულების გონივრული ვადით გადაწევა (თუკი კერძო სექტორთან ერთად ამის საჭიროებას გამოვკეთავთ) ისე, რომ ამან არ დააზიანოს ევროკავშირი-საქართველოს დაახლოების პროცესი“, -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

პრემიერი: ქვეყანა აქტიურად ემზადება ტურისტული სეზონისთვის

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანა აქტიურად ემზადება ახალი ტურისტული სეზონის შესახვედრად. როგორც დღეს, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების“ სამშენებლო სამუშაოების დაათვალიერებისას გახარიამ აღნიშნა, სამწუხაროა ზამთრის სეზონის ჩავარდნა, თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, სახელმწიფო ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შეხვდება. "მოქალაქეთა დასაქმება, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მთავრობა მზად არის, მაქსიმალურად დაუდგეს გვერდით ბიზნესს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რათა ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ობიექტების მშენებლობა პანდემიის პირობებშიც გრძელდება და ამ სასტუმროს მშენებლობის პროცესი გაზაფხულზე დასრულდება. პრემიერის თქმით, სამწუხაროა, რომ ზამთრის სეზონი პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ჩავარდა. თუმცა შეზღუდვების დროული დაწესებით და შემდგომ უკვე ეტაპობრივი, გათვლილი მოხსნით, ჩვენ ვემზადებით, რომ ზაფხულის ტურისტულ სეზონს უფრო მეტად გახსნილი შევხვდეთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ 29 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან ტურიზზმთან და კვების სექტორთან დაკავშირებული სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას. "თუ ხელისუფლება სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილებას დროულად არ მიიღებს, რეგულაციებს აღარ დავემორჩილებით და მასობრივი დაუმორჩილებლობას დავიწყებთ" - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. როგორც „ზამთრის კურორტების ასოციაციაში“ განმარტავენ, თუ საკოორდინაციო საბჭო დროულად არ მიიღებს გახსნის გადაწყვეტილებას, ეს ბიზნესი ვეღარ გადარჩება, დაინგრევა იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები და ბიზნესი ვეღარ შეძლებს როგორც კომუნალური გადასახადების, ისე საბანკო ვალდებულებების გადახდას.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, ლევან კარანაძე განმარტავს, რომელი ქვეყნების მოქალაქეები შემოვლენ საქართველოში PCR-ტესტის საფუძველზე. „საქართველოში, საჰაერო გზით შემოსვლის რეგულაციები მსუბუქდება. გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ნეგატიური PCR-ტესტის საფუძველზე, გადმოკვეთონ ჩვენი საზღვარი. ეს ქვეყნებია აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შვეიცარიის, ნორვეგიის, ასევე, საუდის არაბეთის, ემირატების, ისრაელის, ბაჰრეინისა და კატარის მოქალაქეებს შეეძლებათ, PCR-ტესტის საფუძველზე შემოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში და მესამე დღეს გაიტესტონ განმეორებით. გარდა ამისა, იხსნება საზღვარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მოქალაქეებისთვის და ისინი ნეგატიური ტესტის საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა, სავალდებულო იქნება კარანტინში გადასვლა“- განაცხადა ლევან კარანაძემ. 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება. რა შეზღუდვები შემსუბუქდება 1-ლი თებერვლიდან საქართველოში შემომსვლელი მოქალაქეებისთვის.

დიმიტრი ხუნდაძე: 20 ლარიდან 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა სამუშაო ადგილებს შეამცირებს

„მინიმალური ხელფასის გაზრდის საკითხი პარლამენტმა სამომავლოდ აუცილებლად უნდა დააბრუნოს და თავიდან განიხილოს, მაგრამ ახლა ამ სიტუაციაში ამ კანონის მიღება მეტ პრობლემას შექმნიდა ვიდრე სარგებელს მოიტანდა“, - Europetime-სთან საუბრისას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 320 ლარამდე მინიმალური ხელფასის გაზრდა, სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს და სჯობს მეტი ადამიანი იყოს დასაქმებული, ვიდრე ცოტა და მეტი ხელფასი ჰქონდეს. „ვეთანხმები რომ ეს არის აქტუალური და პრობლემური საკითხი. მინიმალური ხელფასი რაც ახლა არის არასაკმარისია, მაგრამ მე ვფიქრობ ამ სიტუაციაში ამ რეალობაში, მითუმეტეს ეპიდვითარებაში ამ კარგმა ინიციატივამ შესაძლოა ხელი შეუწყოს უმუშევრობის ზრდას. ანუ სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, რა ჯობს, 100 დასაქმებული 800 ლარიანი ხელფასით, თუ მხოლოდ 10 დასაქმებული 1000 ლარიანი ხელფასით? მინიმალური ხელფასის ზღვარი რომ დაწესდეს, იმ რაოდენობით რასაც ითხოვდნენ, შესაძლოა დამსაქმებელმა ამას სამუშაო ადგილების შემცირება დაუპირისპიროს და საბოლოოდ მივიღოთ მეტი ხელფასით ნაკლები დასაქმებული, ვიდრე დღეს არის. არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. მინიმალური ხელფასის ოდენობა საზრუნავია, მაგრამ არა ასე პირდაპირ და მხოლოდ ციფრებში. სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდას უნდა შევუწყოთ ხელი. რაც შეეხება, სტატისტიკას, რომ 2019 წელს 100 ლარზე ნაკლები ხელფასი 23 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რა თქმა უნდა, დამსაქმებლის მხრიდან ეს არასწორია. დამსაქმებელმაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება უნდა იკისროს. დღეს ხედავთ, რომ ეპიდემიიდან გამომდინარე მსოფლიო კრიზისია. პანდემიას როცა გადავივლით, საკითხი ისევ დასაბრუნებელია. აუცილებელია ამ საკითხზე მუშაობა. მაგრამ ახლა, ამ ვითარებაში მე ვფიქრობ კიდევ უფრო მეტ რისკს მოიტანდა ვიდრე სარგებელს. თუმცა პანდემია კანონპროექტის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი იყო და არა მთავარი", - განუცხადა Europetime-ს დიმიტრი ხუნდაძემ. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში, თვეში 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა - 23 526 ადამიანს, ხოლო 320 ლარზე ნაკლები ხელფასი - 126 665 დასაქმებულს, რაც დაქირავებით დასაქმებულთა 15%-ს შეადგენდა. 1999 წლის ბრძანებულებით, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულს მხოლოდ 20 ლარი გადაუხადოს. შრომის კოდექსით გათვალისწინებუბული სამუშაო საათების სრული რაოდენობის მიხედვით, საქართველოში მინიმალური ხელფასი საათში 0.13 თეთრი გამოდის. გასულ წლებში პარლამენტმა მინიმალური ხელფასის 320 ლარამდე გაზრდის შესახებ პროფკავშირების ინიცირებული კანონპროექტი არ დაამტკიცა. მოგვიანებით კი დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტის მიღებაზე განაცხადა უარი, რომელიც მინიმალური ხელფასის 500 ლარით განსაზღვრას მოითხოვდა. სტატია ამ თემაზე: მინიმალური ხელფასის ოდენობით, საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე ადგილზეა.

ბიზნესის წარმომადგენლები საყოველთაო დაუმორჩილებლობის დაწყებას არ გამორიცხავენ

"ხელისუფლება პირველ თებერვლამდე სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნის გადაწყვეტილებას თუ არ მიიღებს, რეგულაციებს აღარ დავემორჩილებით და მასობრივი დაუმორჩილებლობას დავიწყებთ" - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციაზე, ტურიზმის და ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს. აქციის მონაწილეები კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას ითხოვენ, მათ შორის სამთო-სათხილამურო კურორტების, რესტორნებისა და სასტუმროების გახსნას. როგორც „ზამთრის კურორტების ასოციაციაში“ განმარტავენ, თუ საკოორდინაციო საბჭო დროულად არ მიიღებს გახსნის გადაწყვეტილებას, ეს ბიზნესი ვეღარ გადარჩება, დაინგრევა იქ განთავსებული შენობა-ნაგებობები და ბიზნესი ვეღარ შეძლებს როგორც კომუნალური გადასახადების, ისე საბანკო ვალდებულებების გადახდას. სასტუმროების და რესტორნების ბიზნესის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მზად არიან გააგრძელონ მთავრობასთან კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებები, თუმცა საჭიროა, ხელისუფლებამ მოკლე ვადებში რეგულაციების დაცვით გახსნას ეს სფეროც. აქციას შეუერთდნენ კვების ობიექტების მფლობელებიც. დღესვე პროტესტის ნიშნად 200-მდე რესტორანმა 24 საათით მიტანის სერვისი შეაჩერა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, ეს არის ერთგვარი მესიჯი ხელისუფლებისადმი, რომ ბიზნესის გაჩერებით არა მხოლოდ კერძო სექტორი, არამედ მთლიანად სახელმწიფო ზარალობს. „ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ, დღეს ქვეყანა არის გაჩერებული. უმარტივესია მოთხოვნა – მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა. 250 000 ადამიანს, რომელიც ამ სფეროში იყო დასაქმებული, მუშაობის შესაძლებლობა არ აქვს. ეს ხალხი ვინც დღეს შეიკრიბა ულუკმაპუროდ არის დარჩენილი. გვინდა, სწორი მესიჯი მივაწოდოთ ხელისუფლებას. ბოიკოტს აცხადებს 206 კვების ობიექტი, რათა ხელისუფლებას მივაწოდოთ მესიჯი, რომ ამ რეალობაში ვიქნებით, თუ არ მოხდება გახსნა და ლიკვიდირებული იქნება ეს სფერო. ჩვენ არ ვემუქრებით არავის, არ ვმოქმედებთ ვიღაცის ჯინაზე. ეს ბოიკოტი არის ხელისუფლების დასანახად. რამოდენიმე დღეში თუ არ ვიმუშავებთ, ეს იქნება რეალობა. არის სასტუმროები, რომელთაც შეუძლიათ სტუმრის მიღება, მათ აქვთ ფიტნეს დარბაზები და რესტორნები. მათი ფუნქციონირება შეიძლება. რა განსხვავებაა ამათ და რესტორანს შორის, თუ ამას ლოგიკურად ვინმე ამიხსნის. გასაგები იქნება ჩემთვის. გამყრელიძეს და იმნაძის ლოგიკას ვერ ვგებულობთ“, – განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.