ეკონომიკა

მთავრობა ფიტნეს-ცენტრებს სესხებს დაუსუბსიდირებს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სესხები ფიტნეს-ცენტრებსაც დაუსუბსიდირდება. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ტურიზმის ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სპორტ დარბაზებს „აწარმოე საქართველოს“ სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩართავენ. „ფიტნეს კლუბები ის ინდუსტრიაა, რომლის თებერვალში გახსნა არ გვაქვს დაგეგმილი, სამაგიეროდ, დავეხმარებით სესხების პროცენტის სუბსიდირებაში. ეს გადაწყვეტილება მომზადებულია და უახლოეს მთავრობის სხდომაზე გავიტანთ“, - განაცხადა თურნავამ. ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია. თუ რა პირობით ჩაერთვებიან ფიტნეს-ცენტრები სესხების სუბსიდირების სახელწმიფო პროგრამაში.

აშშ-ში ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტის პორტრეტი დაიბეჭდება

აშშ-ში ახალ 20-დოლარიან ბანკნოტებზე აფროამერიკელი აქტივისტის, ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი დაიბეჭდება, რომელიც მონობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამის შესახებ ინფორმაციას, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით, BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის, ჰარიეტ ტაბმენი ბოლო ასი წლის განმავლობაში ამერიკულ ბანკნოტებზე გამოსახული პირველი ქალი იქნება. მანამდე 1891-1896 წლების გამოშვების 1-დოლარიან სერტიფიკატზე ყოფილი პირველი ლედის, მარტა ვაშინგტონის გამოსახულება იყო, 1865-1869 წლებში კი 20-დოლარიან ბანკნოტები ინდიელი პრინცესა პოკაჰონტასის პორტრეტით იბეჭდებოდა. ახლა კი 20-დოლარიან ბანკნოტებზე აშშ-ის მეშვიდე პრეზიდენტის, მონათმფლობელის ენდრიუ ჯექსონის გამოსახულებაა. როგორც ცნობილია, ჯეფერსონის გამოსახულების ტაბმენის პორტრეტით შეცვლა ჯერ კიდევ 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ცვლილების ამოქმედება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაყოვნა. ჯო ბაიდენმა კი განაცხადა რომ მისი ადმინისტრაცია პორტრეტის შეცვლის პროცედურის დაჩქარების გზას ეძებს.

ჯო ბაიდენი აშშ-ის მთავრობის კუთვნილ ავტომობილებს ელექტრომანქანებით ჩაანაცვლებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის მთავრობის თითოეულ ავტომობილს ელექტრომანქანით ჩაანაცვლებს. ჯო ბაიდენი აშშ-ში შექმნილ ელექტრომანქანებზე ხშირად საუბრობს. „ფედერალურ მთავრობას დიდი რაოდენობით მანქანა ჰყავს, რომელიც ბენზინზე მუშაობს. ჩვენ ამ ავტომობილებს ჩავანაცვლებთ გარემოსთვის უსაფრთხო, ახალი ელექტრომანქანებით, რომელიც იქნება ამერიკელების მიერ წარმოებული", - განაცხადა ბაიდენმა. ქვეყნის მასშტაბით 650,000-ზე მეტი სახელმწიფო მანქანაა, აქედან 245,000 სამოქალაქო, 173,000 სამხედრო და 225,000 საფოსტო ოფისის ავტომობილია.

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ჯანეტ იელენის კანდიდატურა დაამტკიცა. ის პირველი ქალი იქნება ამ თანამდებობაზე. აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ჯანეტ იელენი ასევე პასუხისმგებელი იქნება ეკონომიკურ საკითხებში პანდემიაზე რეაგირების მექანიზმის მართვაზე. ის 2014-2018 წლებში აშშ-ის ცენტრალურ ბანკს ხელმძღვანელობდა.

2020 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 32.9%-ით შემცირდა

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში წარმოდგენილიიყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 623.3 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 32.9%-ით შემცირდა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის წინასწარ ანგარიშშია წარმოდგენილი. სტატისტიკის მიხედვით, მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები დაკონცენტრატები 450.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეანავთობი და ნავთობპროდუქტები 412.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4 პროცენტი).

2020 წლის მონაცემებით, საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთია, საიმპორტო - თურქეთი

2020 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 75.9 პროცენტი შეადგინა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ 2020 წლის წინასწარ ანგარიშშია წარმოდგენილი. სტატისტიკის მიხედვით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (476.3 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (441.3 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (441.1 მლნ. აშშ დოლარი). რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი(1 131.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (709.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (572.9 მლნ. აშშ დოლარი).

ნათია თურნავა: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით

„ფრენების აღდგენა არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, იმის მოლოდინი, რომ 1-ლი თებერვლიდან ცხოვრება პანდემიამდელ რეჟიმს დაუბრუნდება, არ უნდა იყოს. „ჩვენც და საზოგადოებასაც არ ჰქონდა ამის მოლოდინი, არც არასდროს გვითქვამს, რომ 1-ლი თებერვლიდან ყველაფერი აღდგება და ცხოვრება დაუბრუნდება პანდემიამდელ რეჟიმს. ხომ გესმით, რომ ეს შეუძლებელია. პანდემია ჯერ არ დამარცხებულა. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია, ისე, რომ არ დავარღვიოთ ის პოზიტიური ტენდენცია ინფიცირებულთა დღიური რაოდენობის კლების, რაც დღეს გვაქვს. მოლოდინი იმისა, რომ ყველაფერი აღდგება 2018-2019 წლის რეჟიმში, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს. პირველი ნაბიჯები იდგმევა იმისთვის, რომ თუნდაც მარტში, როდესაც ჩვენ, თუ გვექნა დადებითობის მაჩვენებელი უფრო მისაღები, უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდეთ ვიზიტორისთვის, ესაც მნიშვნელოვანია. ფრენების აღდგენა ეს არ ნიშნავს, რომ 2 თებერვლიდან ჩვენი ცა აივსება ავიახომალდებით, ამასაც თავისი პერიოდი სჭირდება. კომპანიებმა უნდა გათვალონ როგორ უღირთ, რა სიხშირით უღირთ, თავისი ბიზნეს გეგმა გააკეთონ. ასევე, დაიწყებენ შემოსვლას პირველი ჯგუფის ტურისტები, უფრო უსაფრთხო ქვეყნებიდან, ვაქცინაციის პირობების შესრულებით. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და მოგახსენებთ. ამ პირობებშიც კი შევძლებთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს“, - აცხადებს თურნავა. შეგახსენებთ, რომ 1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა უქმდება.

ტრამპმა წლიურად პენსიის სახით 221 400 დოლარი უნდა მიიღოს

დღეის მდგომარეობით, დონალდ ტრამპმა წლიურად, პენსიის სახით 221 400 დოლარი უნდა მიიღოს. გარდა ამისა, მას სხვა სარგებელიც ეკუთხვნის. თუმცა, თუ მის იმპიჩმენტს სენატმა მხარი დაუჭირა, მაშინ ამ ყველაფერს დაკარგავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, ამერიკული კანონის მიხედვით, პენსიას არ იღებს ის პრეზიდენტი, ვისაც იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. თუ ტრამპის იმპიჩმენტს სენატმა მხარი არ დაუჭირა, მაშინ ტრამპი პენსიის გარდა ისარგებლებს სამოგზაურო შეღავათებით, საოფისე სივრცით, თანამშრომლების ხელფასის უზრუველყოფას წლიურად $1 მილიონამდე. გადასახადის გადამხდელთა ეროვნული ფონდის მიხედვით, 2000 წლიდან ამერიკის ყოფილმა ოთხმა პრეზიდენტმა, რომლებიც ცოცხლები არიან, ჯამში $56 მილიონის ღირებულების სარგებელი მიიღეს. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სარგებელი რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, ეს არის საოფისე ფართის ქირაობა, რომელზეც შეზღუდვები არაა. მაგალითად, გასულ წელს, ბილ კლინტონმა, ჯორჯ ბუშმა და ბარაკ ობამამ ცალცალკე $500 000-ზე მეტი დახარჯეს ოფისის ქირაობაში. ჯიმი კარტერისთვის კი $118 000 დაიხარჯა. კიდევ ერთი სარგებელი, რასაც ყოფილი პრეზიდენტები იღებენ, არის ჯანმრთელობის დაზღვევა. თუმცა, ამისთვის პრეზიდენტს ნამუშევარი უნდა ჰქონდეს ფედერალურ სამსახურში მინიმუმ ხუთი წელი, ასე რომ მას დონალდ ტრამპი ვერ მიიღებს, ისევე როგორც ვერ სარგებლობს ამ შეღავათით ჯიმი კარტერიც. CNN-ის განცხადებით, შესაძლოა დონალდ ტრამპისთვის საპრეზიდენტო პენსია არც არაფერს ნიშნავდეს, ის პრეზიდენტობის დროსაც ხელფასის აღებაზე უარს ამბობდა. ტრამპი და თეთრი სახლი მუდმივად აცხადებდნენ, რომ ის ყოველწლიურად საპრეზიდენტო ხელფასს $400 000 ოდენობით სხვადასხვა სამთავრობო უწყებებს ურიცხავდა.

ჩინეთი მსოფლიოში პირველი ოფიციალური ციფრული ვალუტის ამოქმედებას აპირებს

ჩინეთი მსოფლიოში პირველი ოფიციალური ციფრული ვალუტისამოქმედებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას Economist- ავრცელებს. დიდი შანსია, რომ ციფრული იუანი 2021 წელს შემოვიდეს მიმოქცევაში. ეს არის ვალუტის პირველი ციფრული ვერსია, რომელიც თავდაპირველად, მცირე ცვლილებას გამოიწვევს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, შეცვლის ცენტრალური ბანკების მონეტარულ პოლიტიკას. როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო ბანკმა 100-ზე მეტი პატენტის შესახებ შეიტანა განცხადება და ზედამხედველობას უწევს მთელ რიგ საცდელ ვერსიებს, ელექტრონული იუანის გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე, ექსპერიმენტებმა შეუფერხებლად ჩაიარა და მალე, ჩინეთის მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, ჩამოტვირთოს მთავრობის მიერ შექმნილი ციფრული საფულე. კომერციული პროგრამებისგან განსხვავებით, როგორიცაა WeChat Pay და Alipay, ოფიციალური ვერსია ნაღდი ფულის ექვივალენტური იქნება. მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ სმარტფონს ბარათის ნაცვლად, ეს მხოლოდ ერთი აპლიკაციის მეორეთი ჩანაცვლება იქნება. ზოგი საუბრობს ციფრულ ვალუტაზე, როგორც რევოლუციურ პროდუქტზე, რომელიც შეიძლება ბანკებს საფრთხეს უქმნიდეს, რადგან ხალხი თანხებს შეინახავს არა ბანკში, ანაბრის სახით, არამედ პირდაპირ მათ ელექტრონულ საფულეებში. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის ცენტრალური ბანკი ამ გზით არ ცდილობს მონეტარული პოლიტიკის გაძლიერებას და მისი მიზნები უშუალო გამოწვევებიდან გამომდინარეობს. მობილური გადახდების ზრდის ფონზე, ჩინეთი წუხს, რომ დიდ ტექნოლოგიურ პლატფორმებს ძალიან დიდი ძალაუფლება დაუგროვდათ, ხოლო ჩინეთი ციფრული იუანით მოსახლეობას მათ ალტერნატივას სთავაზობს.ამ ეტაპზე, ჩინეთის მიზანია, შეამოწმოს მუშაობს თუ არა ციფრული იუანის ტექნოლოგია და ხალხს ნამდვილად სურს თუ არა მისი გამოყენება. ფული უკვე 3000 წელია არსებობს, ახლა კი მისი განახლების დროა.

13 ბიზნესასოციაცია  მთავრობას ეკონომიკის გადარჩენის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

13 ბიზნესასოციაცია მთავრობას მიმართავს და კრიზისიდან გამოსვლის 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობს. ბიზნესასოციაციის წევრები შეშფოთებას გამოხატავენ იმის გამო, რომ მთავრობის მიერ დადებული პირობა ლოკდაუნის ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1-ლ თებერვალს მოხსნის წინაშე კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეტიც, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ეპიდემიოლოგები მესამე ტალღასა და კიდევ ერთ ლოკდაუნზე ლაპარაკობენ. "მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია - ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე. გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა)“, - ნათქვამია ასოციაციების გაერთიანებულ განცხადებაში. ისინი აცხადებენ, რომ ქვეყნის საფინანსო ვალდებულებების შესრულების ერთადერთი გარანტი ბიზნესის ყველა სექტორის ამოქმედებაა, რისთვისაც შეზღუდვების დაუყოვნებელი მოხსნა და ფრენების აღდგენაა საჭირო. ბიზნესასოციაციები მთავრობას, ქვეყნის ეკონიმიკის გადარჩენის მიზნით, სთავაზობენ და სთხოვენ: 1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით). გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ; 2. საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა. ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერტაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას. 3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით); სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კერძო სექტორის ტერიტორიებზე. 4. შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები; დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა. 5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება; ასეთი ამუშავების წარმატებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება. 6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზების“, - სთავაზობს მთავრობას დარგთაშორისი ინიციატივას კერძო სექტორი. 13 ასოციაცია აცხადებს, რომ მზად არის, შეასრულოს რეკომენდაციები რეგულაციების პირობებში და ემხრობა მასობრივ ტესტირებას. "ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“, - ნათქვამია საერთო განცხადებაში.

საქსტატი: 2020 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია). საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია. ამასთან, 2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით. რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით. 2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანიმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი),რუსეთი (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ. აშშ დოლარი).

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორედ აირჩიეს

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივნად, საქართველოს წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი კიდევ ერთხელ აირჩიეს. ზურაბ პოლოლიკაშვილი UNWTO-ს 2022 წლიდან 2025 წლის 1 იანვრამდე უხელმძღვანელებს. საქართველოს კანდიდატმა 25 ხმით რვის წინააღმდეგ გაიმარჯვა.მისმა კონკურენტმა ბაჰრეინის წარმომადგენელმა 8 ხმა მოიპოვა. არჩევნები ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში UNWTO-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა. "სულ ახლახანს დასრულდა ხმის დათვლის პროცედურა და მოხარული ვარ გაცნობით რომ - დღეს, 2021 წლის 19 იანვარს, ზურაბ პოლოლიკაშვილს, არჩევნების გზით, კიდევ ერთხელ გამოეცხადა უდიდესი ნდობა აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყნებისგან (უდიდესი უპირატესობით - 25:8) და მომდევნო ოთხი წელი კვლავ უხელმძღვანელებსგაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შედეგად, 2021 წლის სექტემბერში ზურა წარსდგება გენერალურ ასამბლეაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე დასამტკიცებლად ვულოცავ ზურას და სრულიად საქართველოს ამ ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას! ბევრი წარმატება ჩვენს ქვეყანას და ტურიზმის ინდუსტრიას", - წერს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი. ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად, პირველად 2017 წლის 12 მაისს აირჩიეს. 2020 წელი ტურიზმისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და კრიზისული წელი აღმოჩნდა.

ბექა ლილუაშვილი კით კრაჩის განცხადებაზე: ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

"ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი",- ასე გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა ლილუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განცხადებას ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ინვესტიციების თვალსაზრისით გამტარი ხდება. „ეს დაახლოებს საქართველოს საინვესტიციო ჰაბის რეგიონალურ როლთან და ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მათ შორის იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებშიც საუბარია ერთობლივი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციასა და მეტ დასაქმებას“, - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნაც განიხილება. ცნობისთვის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

საქართველომ მანდარინის ექსპორტიდან $17.3 მლნ მიიღო

2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრამდე პერიოდში განხორციელდა 35.4 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი. საქართველომ მანდარინის ექსპორტიდან $17.3 მლნ მიიღო სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 6.3 ათასი ტონით (22%), ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.3 მლნ აშშ დოლარით (16%) აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. როგორც ცნობილია, მანდარინის ექსპორტი ძირითადად რუსეთში განხორციელდა. "2020 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (20.5 ათასი ტონა), სომხეთსა (7.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (5.3 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, ყაზახეთში, ლიეტუვაში, სლოვენიაში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და გერმანიაში", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა

ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონგრესის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქალაქეები დახმარების სახით დამატებით 1400 აშშ დოლარს მიიღებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კი, 440 მილიარდი დოლარი იქნება გათვალისწინებული. ეკონომიკის სტიმულირების გეგმის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას 415 მილიარდი დოლარი მოხმარდება. მათ შორის 20 მილიარდი დოლარი ამერიკელების მასშტაბურ ვაქცინაციასა და ამ მიზნით, რთულად მისადგომ ადგილებშიც კი, ვაქცინაციის პუნქტების მოწყობისთვის იქნება გამოყოფილი. არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, 100 მილიონი აცრა გაკეთდება. მომავალი პრეზიდენტის წარდგენილი გეგმით, 50 მილიარდი დოლარი ვირუსის ტესტირებას, 130 მილიარდი კი, გაზაფხულისთვის სკოლების გახსნის საკითხზე იქნება მიმართული. რაც შეეხება ეკონომიკის ხელშეწყობას ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 11 მილიონი უმუშევარი პირი ყოველკვირეულად 300 დოლარის ნაცვლად, 400 დოლარს მიიღებს. პირდაპირი დახმარების სახით კი ოჯახები, უკვე არსებული 600 დოლარის გარდა, დამატებით 1400 დოლარს მიიღებენ. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს მიმართოს კონგრესს და მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარით განისაზღვროს.

2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა15.9%-ით მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე

2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია ასახული, რომელიც ფულადი გზავნილების სტატისტიკას ასახავს 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით. სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 199.7 მლნ აშშ დოლარი (656.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 15.9%-ით (27.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.8% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 95.0% მოდიოდა. 2020 წლის დეკემბერში კი საქართველოდან საზღვარგარეთ 24.7 მლნ აშშ დოლარი (81.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის დეკემბერის (25.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.4%-ით ნაკლებია.

მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ფინანსურ დახმარებას 28 იანვრიდან მიიღებენ

"ვაგრძელებთ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ სოციალურ დახმარებას", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, უკვე დაიწყო განაცხადების მიღება მოქალაქეებისგან, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ეპიდემიის მე-2 ტალღის შედეგად; 28 იანვრიდან კი დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. "28 იანვრიდან დაიწყება შესაბამისი ფინანსური დახმარების გაცემა. ეს გახლავთ 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში. მე მინდა, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთოს ეს განაცხადი. დღეის მდგომარეობით, ჩვენს პორტალებზე ატვირთულია 45 000 ასეთი განაცხადი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Cushman & Wakefield Georgia: როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება

ჩვენი პროგნოზით, როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში საერთაშორისო ტურიზმი სრულად 2023 წლამდე არ აღდგება, - ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, სადაც 2021 წლის მოლოდინებია მიმოხილული. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის სრულად აღდგენის პროგნოზები 2023 წლამდეა გადაწეული, Cushman & Wakefield Georgia-ში თვლიან, რომ ტურიზმის სწრაფი აღდგენის გარკვეული მოლოდინებიც არსებობს, რასაც შემდეგი ფაქტორებით ხსნიან: „პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დასვენების მიზნით მოგზაურთა წილი საერთო ტურიზმის 40%-43%-ია, ბიზნეს ტურიზმის კი მხოლოდ 6-8%. დასვენების მიზნით მოგზაურობას საფრთხე არ ემუქრება, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნეს ტურიზმზე. გარდა ამისა, საერთაშორისო ტურისტების 70-75% ხმელეთით გადაადგილდება, რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ ავიამიმოსვლის ხარვეზების მიუხედავად, ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება. და ბოლოს, ტურიზმის აღდგენის საწყის ფაზაში, აქტუალური იქნება არახალხმრავალი ადგილები, საქართველოს, კი ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ სასტუმრო სექტორის აღდგენა პირდაპირ კავშირშია ვაქცინის ეფექტურ დისტრიბუციასთან და ამასთან, კრიზისით გამოწვეული პესიმიზმისა და უნდობლობის დაძლევასთან.

დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას ათობით კომპანია წყვეტს

კაპიტოლიუმთან განვითარებული პროცესების შემდეგ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობას ათობით კომპანია წყვეტს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს თანამშრომლობაზე უარი უთხრა გერმანულმა „დოიჩე ბანკმა“. წერს NY ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის მომავალში ტრამპთან საქმეს აღარ დაიჭერს. ამ ეტაპზე ბანკში დონალდ ტრამპის ყველაზე დიდი აქტივები ინახება. ამერიკაში „დოიჩე ბანკის“ ოპერაციების ხელმძღვანელმა ვაშინგტონში განვითარებული მოვლენები დაგმო. პრეზიდენტ ტრამპთან ფინანსურ საქმიანობას აჩერებენ ამერიკული ბანკებიც - „სითი-გრუპი“, „ჩეისის“, Bank of America“, „გოლდმან საქსი“, „ვიზა“, „ამერიკან ექსპრესი“ და „მასტერქარდი“. მათ დონალდ ტრამპის მომსახურებაზე გარკვეული დროის განმავლობაში უარი თქვეს. რესპუბლიკური პარტიის იმ წევრებსაც, რომლებმაც საარჩევნო კოლეგიის შედეგების რატიფიცირებაზე 6 იანვარს უარი თქვეს, მომსახურებას საბაკო სექტორის და სხვა დიდი ბიზნესების წარმომადგენლები უჩერებენ. განცხადებები კომპანიებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს და განაცხადეს, რომ კანონმდებლებს, რომელთა საარჩევნო კამპანიაში ისინი შემოწირულობას გასცემდნენ, პროცესს შეუჩერებენ. „მარიოტი“, „ეი-თი-ენდ-თი“, „ამაზონი“, „ფორდი“, „ბესთ ბაი“, „ბლუ ქროსიც“ აცხადებენ, რომ უჩერებენ შემოწირულობებს იმ კონგრესმენებს რომლებმაც არჩევნების შედეგები არ დაადასტურეს. პოლიტიკური დაფინანსება ასევე შეაჩერეს „ამერიკან ეარლაინსმა“, „ბი-ფიმ“ და „კოკა კოლამ“.

თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელი: სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობაა, რომ თვეში ერთხელ მოხდეს ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება

თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელი: სავაჭრო ცენტრების გახსნის წინაპირობაა, რომ თვეში ერთხელ მოხდეს ყველა თანამშრომლის კორონავირუსზე ტესტირება "სავაჭრო ცენტრების გახსნა არ მოხდება პირველ თებერვლამდე, რაც ნამდვილად ვიცით. თუმცა, პირველ თებერვალს რა იქნება, მაგას დრო გვაჩვენებს", – ამის შესახებ თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელმა, ლევან ყარალაშვილმა განაცხადა. ყარალაშვილის თქმით, გახსნის წინაპირობაა თანამშრომლების ტესტირება თვეში ერთხელ. „რაც შეეხება გახსნის წინაპირობებს, ეს არის სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების ტესტირების საკითხი. თვეში ერთხელ უნდა მოხდეს ყველა თანამშრომლისთვის ტესტირების ჩატარება „კოვიდ-19“-ზე, თუმცა ეს რამდენად ეფექტური იქნება, ამის ახსნა ჩვენ ვერ მოვისმინეთ. იმის მიუხედავად, რომ კოვიდტესტირება მოსახლეობისთვის არის უფასო, ჩვენ, როგორც სავაჭრო ობიექტებმა ჩვენი თანამშრომლები უნდა გავტესტოთ და ეს თავად უნდა გადავიხადოთ. ის რაც დღეს შეხვედრის დროს მოვისმინეთ და გავიგეთ, ის არის, რომ ეს სექტორი არანაირ სახელმწიფო დახმარებას არ იღებს საგადასახადო და სუბსიდირების კუთხით. ასევე, დღევანდელ შეხვედრაზე გავიგეთ, რომ ტესტირების ხარჯი ჩვენი გასაწევია და ამაშიც არანაირი შეღავათი არ იქნება. ასევე, არ არსებობს პასუხი, პირველი თებერვლიდან ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამ სექტორმა, თავად უნდა მოიფიქროს როგორ უშველოს თავს, რაზეც შიდა კონსულტაცია უახლოეს დღეებში გვექნება და ჩვენ მივმართავთ სახელმწიფოს ჩვენი წინადადებით, როგორც ეს ადრეც გავაკეთეთ, რომ იქნებ რაიმე ლოგიკურ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ. თუ რატომ არ იხსნება, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა სექტორები, ამაზე პასუხი დღეს არ არსებობს“, – განაცხადა ყარალაშვილმა.