ეკონომიკა
თანამშრომლების ტესტირება შესაძლოა, რესტორნებისთვისაც სავალდებულო გახდეს
"რესტორნებისთვის, შესაძლოა, სტაფის ტესტირება სავალდებულო გახდეს", - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ეკონომიკის მინისტრა განაცხადა, ამ და სხვა საკითხებზე ის რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმსჯელებს, რომელიც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი. „მუშაობის პროცესი მიმდინარეობს და ვერ ვიტყვი წინასწარ რაზე ვმსჯელობთ, თუმცა, სტაფის სავალდებულო ტესტირება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ეს არა მარტო სამედიცინო მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, კარგი მარკეტინგული სვლაც იქნება რესტორნებისთვის, რადგან მომხმარებელი, მათ შორის უცხოელებიც უფრო ესტუმრებიან რესტორანს და სასტუმროს, რომელშიც ეცოდინებათ, რომ თანამშრომლები პერიოდულად იტესტებიან. ეს უცხოეთში უკვე მიღებული პრაქტიკაა. ამის შესასრულებლად ყველაფერი გვაქვს, მათ შორის სახელმწიფოს მხარდაჭერაც“, - განაცხადა თურნავამ. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თანამშრომლების სავალდებული ტესტირებას სავაჭრო ცენტრები და ბაზრები ახორციელებენ.
ნათია თურნავა: ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს
ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნების არსებობს. მისი თქმით, შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს ყეველაფერს და აჯარიმებს დამრღვევებს. „ჩვენი ამოცანაა, რომ დღევანდელი ვითარება მინიმუმ შევინარჩუნოთ და არ გაუარესდეს. სავარაუდოდ, 10 დღე დაგვჭირდება, რომ დავინახოთ, რა შედეგი მოგვცა ისეთი დიდი მობილობის მაგენერირებელი სფეროების გახსნამ, როგორიც არის მაგალითად მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების გახსნა. დღეს ყველანი შეამჩნევდით ტრანსპორტის მოძრაობა რამდენად ინტენსიური გახდა, ეს არის საკმაოდ გაბედული ნაბიჯი. გარდა ამისა, ვაჭრობის სფერო გაიხსნა, მათ შორის ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და სხვათა შორის, ბაზრობებთან დაკავშირებით შენიშვნები არსებობს და არ არის ყველაფერი ისე მარტივად. შრომის ინსპექცია მაქსიმალურად აკონტროლებს და აჯარიმებს და აქედან გამომდინარე გამოჩნდება უკვე შემდეგი მოქმედების ნაბიჯები. მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ბიზნესი და საზოგადოება, რომ თითოეული ჩვენგანის ხელშია რეგულაციების შემსუბუქების კალენდარი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
პოლიციელებმა ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს
პოლიციელებმა "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ბარი დალუქეს. ბარის ორი თანამშრომელი კი გამოკითხვაზე წაიყვანეს. "საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, მენეჯერი და სტაფი წაიყვანეს გამოსაკითხად უბრალოდ და გამოუშვებენ, 248-ე მუხლის მიხედვით. ის [ბარი] დალუქულია",. - განაცხადა ადგილზე მყოფმა შსს-ს თანამშრომელმა. საქართველოს სისხლის სამართლის 248-ე პრიმა მუხლი ითვალისწინებს იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევას. ბარში პოლიცია და შრომის ინსპექცია ღამის საათებშიც მივიდა. ზურა ჯაფარიძის თქმით, შრომის ინსპექციამ გადაამოწმა არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის განმეორებითობა, რის შესახებაც ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეწოდება. ზურაბ ჯაფარიძემ ბარი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გასაპროტესტებლად 13 თებერვალს გახსნა. შრომის ინსპექციამ ის 2 000 ლარით დააჯარიმა განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.ის აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ. მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.
დღეიდან კვების ობიექტები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ
დღეიდან კვების ობიექტები, კაფე-ბარები და რესტორნები სტუმრების მიღებას მხოლოდ ღია სივრცეებში შეძლებენ. ამის შესახებ გადაწყვეილება სააკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. შეზრუდვა არ უქმდება შაბათ-კვირას. ღია სივრცეში სკამების და მაგიდების განთავსება შეუძლია ნებისმიერ კვების ობიექტს. მათ საკუთრების წინ მდებარე ტერიტორიაზე ღია სივრცის მოწყობას კვლავაც სთავაზობს თბილისის მერია. თუმცა, შეღავათი კაფეებისა და რესტორნების მიმდებარედ რაიმე სახის კონსტრუქციის მონტაჟს არ ითვალისწინებს.
ისრაელი მარტიდან რესტორნების გახსნას იწყებს
Reuters-ის ცნობით, ისრაელი მარტიდან ეკონომიკის აღდგენას იწყებს. მსოფლიოში ვაქცინირებულთა ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებლით, ისრაელი თებერვლიდან სასტუმროებსა და სავარჯიშო დარბაზებს გახსნის. დაწესებულებების მომსახურების მისაღებად მოქალაქეები უნდა იყვნენ აცრილნი, ან კორონავირუსი გადატანილი ჰქონდეთ. აცრილი მოქალაქეები „მწვანე საშვით“ ისარგებლებენ, სადაც მათი მონაცემები შეინახება. ნაჰმან აშის თქმით, 9 მარტიდან რესტორნები და კაფეები გაიხსნება. „ბიზნესები თანდათან გაიხსნება, რათა ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვა არ გახდეს საჭირო“, - აცხადებს პანდემიასთან გამკლავების კოორდინატორი. ისრაელის მოსახლეობის 30%-ზე მეტი უკვე აცრილია, მომავალი თვითვის ქვეყანაში მოსახლეობის ნახევრის აცრას ელოდებიან.
Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით
სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი - 5.8%-ით. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ანგარიშშია აღნიშნული, ანგარიშის მიხედვით, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად "BB" დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა. სააგენტოს თქმით, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით მაღალი იქნება. (4,0% - 2021 წელს და 3,7% - 2022 წელს). სარეიტინგო სააგენტო მთავარ რისკებს შორის კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას და ვაქცინაციის ეფექტიანობას ასახელებს. ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის ოფიციალური პროგნოზითაც, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება. 2020 წლის განმავლობაში კი, ეკონომიკა მთავრობის მიერ პროგნოზირებულ 5%-ზე მეტად შემცირდა და კლებამ ჯამურად 6.1% შეადგინა.
დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 1709 წლის შემდეგ რეკორდულად შემცირდა
პანდემიის გამო, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა 2020 წელს რეკორდულად შემცირდა. ინფორმაციას ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ცენტრი ავრცლეებს. წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს სამსახური 2 მილიონამდე ადამიანმა დაკარგა, ქვეყნის ეკონომიკა კი 9.9%–ით შემცირდა. მსგავსი ვარდნა ბოლოს 1709 წელს დაფიქსირდა, როცა ევროპას გამყინვარების ტალღამ გადაუარა. ეკონომიკის სტიმულირებისთვის გამოყოფილი 300 მილიონი ფუნტის მიუხედავად, ქვეყნის მასშტაბით დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკა 2013 წლის ნიშნულს დაუბრუნა. მომსახურების სექტორი, რომელიც ქვეყნის მშპ–ს 80%–ს ქმნის, 8.9%–ით შემცირდა. რაც შეეხება ტურიზმს, ერთ–ერთი კვლევის მიხედვით, ინდუსტრიაში არსებული ბიზნესების 50%–ს ფულადი ეკვივალენტი მხოლოდ მომდევნო 3 თვეს ეყოფა.
აუდიტი: სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს ასეულობით ათასი ლარის დაუსაბუთებელი თანხა აქვთ აღებული
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რამდენიმე ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, სამუშაო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, ასეულ ათასობით ლარი აქვთ აღებული. რამდენიმე მუნიციპალიტეტის შესახებ გამოქვეყებულ დასკვნაში წერია, რომ სამუშაო ხარჯები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო შეხვედრებზე გაწეულ ხარჯებს უკავშირდებოდა, თუმცა ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები, აუდიტმა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ მოიპოვა. Europetime აუდიტის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ანგარიშიდან ამოკრეფილ მონაცემებს გთავაზობთ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 170.2 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. გარდაბანის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2018-2019 წლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ 264.2 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანაგრიშშია აღნიშნული. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, იგივე პერიოდში ვანის საკრებულოს არათანამდებობის წევრებს ხარჯების ანაზღაურების სახით მიღებული აქვთ სულ 159.2 ათასი ლარი. „მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.თანხების გაცემის საფუძვლად მითითებულია საკრებულოს თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათები საკრებულოს წევრებისათვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი არ აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს. შესაბამისად, საკრებულოს წევრებზე თანხების გაცემა ვერ ჩაითვლება წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურებად, რადგან საფუძვლად არ უდევს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ანალოგიური სქემით, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ, 190 ათას ლარზე მეტი აქვთ აღებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტი საკრებულოს არათანამდებობის პირებს, შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს (არათანამდებობის პირები), 2018-2019 წლებში ხარჯების ანაზღაურების სახით სულ მიღებული აქვთ 107.0 ათასი ლარი, მათ შორის, 2018 წელს – 60.7 ათასი, ხოლო 2019 წელს – 46.3 ათასი ლარი. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქედის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გასცა 100,800 ლარი. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ხულოს მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობისპირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით, გასცა სულ 104,915 ლარი. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო შუახევის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ 124,725. „ადგილობრივითვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამარჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ შემთხვევაში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, გაწეული სამუშაო ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროსაც. „თუმცა მუნიციპალიტეტებმა არ გაითვალისწინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და კანონშეუსაბამობა კვლავ ფიქსირდება", - აცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
UNICEF-ი: იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება
იემენში 2.3 მილიონამდე ხუთ წლამდე ბავშვს 2021 წელს შიმშილი ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო-ს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. გაერო-ს ინფორმაციით, იემენში 400 000-ზე მეტ ბავშვს ემუქრება შიმშილი და მკურნალობის გარეშე შესაძლოა, დაიღუპოს. ეს იემენში შიმშილის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ომი დაიწყო. როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენლმა, სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, ჰუმანიტარული დახმარების რეაგირების 3.4 მილიარდიანი გეგმა მხოლოდ 1.9 მილიარდი დოლარით არის დაფინანსებული.
ახალქალაქში მილიონობით სახელმწიფო თანხის საეჭვო ხარჯვის ფაქტები აუდიტმა პროკურატურას მიაწოდა
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის საეჭვო და არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები გამოვლინდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან მასალები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. აღსანიშნავია, რომ ასეულობით ათასი ლარის ფარგლებში მსგავსი ტიპის დარღვევები დაფიქსირდა გარდაბნის მუნიციპალიტეტში და პროკურატურაში აღნიშნული მასალებიც უკვე გადაგზავნილია. ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ობიექტების შესრულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. გამოვლინდა, რომ 38 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 7,982.6 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებს აღენიშნება სხვადასხვა ხარვეზი და პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია გაცემული გამარტივებული ტენდერებით. ხშირ შემთხვევაში პროექტები, რომლებზეც მილიონობით და ასიათასობით ლარი დაიხარჯა, დაუსრულებელია, ან იმდენად ხარვეზიანად არის შესრულებული, რომ ვერ ფუქნციონირებს და ახლიდან რეაბილიტაციას, დაპროექტება-განხორციელებას საჭიროებს. ხელშეკრულების დამრღვევი კომპანების და პირების მიმართ, არა თუ არ დამდგარა სამრთელბრივი პასუხსიმგებლობის საკითხი, ახალქალაქის მერიას ამის ინიცირებაც კი არ მოუხდენია. საკრებულოს დაუსაბუთებელი ხარჯები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 170.2 ათასი ლარი გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე. აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას საკრებლო დოკუმენტურად ვერ ადასტურებს. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროსაც, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და კანონშეუსაბამობა კვლავ ფიქსირდება. სახელმწიფო ქონების გაქირავება არაუფლებამოსილი პირების მიერ და სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისება აუდიტის ანგარიშით ასევე ირკვევა, რომ სახელმწიფო ქონების გაქირავებით, შემოსავალს იღებენ არაუფლებამოსილი კერძო პირები. 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სხვადასხვა მოიჯარის მიერჯამურად გადაუხდელი საიჯარო ქირა შეადგენს 84.9 ათას ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ქონებით მოსარგებლეები არ ასრულებდნენ ხელშეკრულებების პირობებს, მუნიციპალიტეტს მათ მიმართ არ გამოუყენებია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია და არც სათანადო ღონისძიებები გაუტარებია კუთვნილი თანხების მისაღებად. გზების და სხვა ინფრაქტრუქტურულ ობიექტების რებილიტაციის დროს გამოვლენილი დარღვევები 2018 წელს მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფ. ბარალეთი - სოფ. კოჩიოსგზის მოასფალტების სამუშაოები,12 ღირებულებით – 913.7 ათასი ლარი. მერიამ ობიექტი ჩაიბარა ექსპერტის მიერ გაცემული დადებითი დასკვნების საფუძველზე, რომლებმაც დაადასტურა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ხარისხი. დათვალიერებისას გამოვლინდა, რომ მოწყობილი გზა მთელ სიგრძეზე იყო დაზიანებული. მიმწოდებელს მის აღსადგენად ჩატარებული ჰქონდა დამატებითი სამუშაო, თუმცა გზა არ იყო აღდგენილი სათანადოდ. ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა აღდგენილ მონაკვეთებსაც. პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ხარვეზი გამოწვეულია სამშენებლო ნორმების დარღვევით. აღსანიშნავია, რომ საგზაო სამუშაო დასრულდა 2018 წლის დეკემბერში, დაზიანება კი გამოვლინდა ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული მიუთითებს უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე, რისი პრევენციაც მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო. ანალოგიური მდგომარეობა გამოვლინდა სოფლების ბავრა - კარტიკამი - აბულის და ბარალეთი - იხტილას დამაკავშირებელი გზების დათვალიერებისას. პროექტების ჯამური ღირებულებაა 1,897.7 ათასილარი. ობიექტები დაზიანდა მოწყობიდან მოკლე დროში და მიმწოდებლების მხრიდან საჭირო გახდა რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, რაც სამუშაოს უხარისხობაზე მიუთითებს. გარდა აღნიშნული მაგალითებისა, დათვალიერებით ასევე გამოვლინდა 5 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ხარვეზებით შესრულებული ჯანმრთელობის დაცვის, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურული პროექტები. ანგარიშის ერთ-ერთ ნაწილში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში არსებული ხარვეზების შედეგად, მუნიციპალიტეტმა ობიექტების რეაბილიტაციაში არაეფექტიანად დახარჯა 243.5 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით დასახულ მიზნებს. მიმწოდებლებს დასრულებული აქვთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, თუმცა ობიექტები არ ფუნქციონირებს, რადგან საჭიროებს დამატებით სამუშაოებს, ინვენტარის შეძენას, კომუნალური კომუნიკაციების მოწესრიგებას და სხვ. მაგალითად:- მუნიციპალიტეტმა შეისყიდა სოფელ ვარევანში კლუბის რეაბილიტაციის სამუშაო, ღირებულებით 15.9 ათასი ლარი. ხელშეკრულება მოიცავდა მხოლოდ სახურავის შეცვლას, კიბის ბაქანის მოწყობას და კარ-ფანჯრების ბლოკების დაყენებას. მუნიციპალიტეტმა სამუშაო ჩაიბარა 2019 წლის პირველ ივლისს. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ შენობა არ ფუნქციონირებს, დამატებით ესაჭიროება შესაბამისი ინვენტარი, შიდა რემონტის ჩატარებადა სხვა სამუშაო. მიუხედავად იმისა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გასულია ერთ წელზე მეტი, მუნიციპალიტეტს დამატებითი სამუშაოს შესრულება არ დაუგეგმავს და ობიექტი არფუნქციონირებს. ასევე, დათვალიერებით გამოვლინდა, რომ არ ფუნქციონირებს ობიექტები, რომელთა რეაბილიტაციაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 227.6 ათასი ლარი:- ორი კლუბი; - ორი მინისტადიონი; - ორი სოფლის წყალსადენი; - სამი ამბულატორიის შენობა. ანალოგიური ნაკლოვანება გამოვლენილია წინა აუდიტის დროს, თუმცა მუნიციპალიტეტმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია და ხარვეზი კვლავ ფიქსირდება. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა სოფელკუმურდოს საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზის მოასფალტებისა დასოფელ ბარალეთის იუსტიციის სახლის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოს შესყიდვისათვის, ღირებულებით 114.4 ათასი ლარი. წყალმომარაგების პროექტების განხორციელებისას გამოვლენილი დარღვევები 2017 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ი/მ გევორგ ღალივონჯიანისგან შეისყიდა სოფელ ალათუმნის სასმელი წყლის ახალი წყალსადენის გაყვანის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია, ღირებულებით 1.5 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტის შესაბამისმა კომისიამ საპროექტო დოკუმენტაცია შეაფასა დადებითად. აღნიშნული პროექტის საფუძველზე, გამოცხადდა ტენდერი და მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა ი/მ გარიკ ზარმარიანთან. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 196.0 ათასი ლარი შეადგინა. სამუშაოს დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ წყლის სისტემა არ მუშაობდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ალათუმნის წყალსადენზე შექმნილი პრობლემა არასწორი საპროექტო გადაწყვეტილების შედეგი იყო და მუნიციპალიტეტს დაევალა თანხის სრულად ანაზღაურება შემსრულებელი კომპანიის მიმართ. მიუხედავად ამისა, მერიას არ გაუტარებია სამართლებრივი ღონისძიებები პროექტის შემდგენი პირის მიმართ. საპროექტო ხარვეზები ასევე დაფიქსირდა სოფელი ხორენიის წყალსადენის ახალი მაგისტრალის გაყვანის სამუშაოების შესყიდვისას. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვისას მუნიციპალიტეტის დანერგილმაკონტროლის მექანიზმებმა ვერ უზრუნველყო უხარისხო საპროექტოდოკუმენტაციის შესყიდვის პრევენცია. შედეგად, მერიამ 197.5 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი გასწია ობიექტზე, რომელიც საერთოდ არ ფუნქციონირებს, ხოლო 184.1 ათასი ლარისღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურას აღენიშნება დაზიანებები. ამასთანავე, მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებს არ გაუტარებიათ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები საპროექტო ორგანიზაციის მიმართ. 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტმა წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე დახარჯა 724.8 ათასი ლარი. მონიტორინგით გამოვლინდა, რომ წყლის სისტემების მოწყობა რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. იმის გარდა, რომ მუნიციპალიტეტმა სოფელ ალათუმანში 197.5 ათასი ლარით დააფინანსა წყალგაყვანილობის პროექტი და დღემდე საერთოდ არ ფუნქციონირებს, გადაცდომები დაფიქსირდა სხვა პროექტებზეც. სოფლებში: აფნია, აბული, ბუზავეთი, ასევე ქ. ახალქალაქში, წმინდა ნინოსქუჩაზე წყლის სისტემების რეაბილიტაციისთვის დახარჯულია 50.8 ათასი ლარი. სამუშაო შესრულებულია უხარისხოდ და აღენიშნება სხვადასხვა დაზიანება. შესყიდვების პროცესში არსებული ხარვეზები ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილ პერიოდში შესყიდვა. შედეგად, იძულებული გახდა გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეესყიდა 502.6 ათასი ლარის სამუშაო. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სამუშაოების შესყიდვისას მერიამ არ გამოაცხადა ტენდერი, რითაც დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. სატენდერო კომისიამ დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია განახორციელა კანონმდებლობის დარღვევით და დაკარგა 9.8 ათასი ლარის სატენდერო ეკონომია. შესყიდვების პროცესის მართვის ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა დაუსაბუთებლად გაზარდა მიწოდების ვადა, ვერ მიიღო 16.1 ათასი ლარის კუთვნილი საჯარიმო თანხები.
თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული 24 500 კგ დაავადებული კარტოფილი უკან გააბრუნეს
11 თებერვალს საქართველოში ,,სარფის“ გავლით თურქეთის რესპუბლიკიდან 24 500 კილოგრამი კარტოფილი შემოვიდა, რომელიც ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კარტოფილი დაავდებულია. „კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ კვლევისთვის აღებულ ნიმუშში საკარანტინო მავნე ორგანიზმის (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა", - ნათქვამია განცხადებაში.
სერგეი ლავროვი: ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტისთვის მზად ვართ, თუ სანქციები ჩვენს ეკონომიკას შეეხება
„მსოფლიოსგან იზოლირება არ გვსურს, მაგრამ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში. „ქვეყანა ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტისკენ მიდის თუ არა ?", - ჰკითხა სერგეი ლავროვს ჟურნალისტმა. „თუ კვლავ დავინახავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან სანქციებს გვიწესებენ ისეთ სფეროებზე, რომლებიც ჩვენი ეკონომიკისთვის აუცილებელია, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების გაწყვეტისთის", - აცხადებს ლავროვი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე დასძენს, რომ ქვეყანამ უკვე შეძლო, რომ სამხედრო თვალსაზრითი სრულიად დამოუკიდებელი იყოს სხვებისგან. მისი თქმით, ახლა მსგავს შედეგს უკვე ეკონომიკაშიც უნდა მიაღწიონ.
ევროკომისია: 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა 5,2%-თ გაიზრდება
ევროკომისია 2021 წელს მსოფლიო (EU–ს გარეშე) ეკონომიკის 5.2%–იან ზრდას ვარაუდობს, მაგრამ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენას შორეულ პერსპექტივად განიხილავს. ინფორმაცია ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშშია მოხსენიებული ევრობლოკის ეკონომიკა როგორც 2021, ასევე 2022 წლებში 3.8%–ით გაიზრდება, ხოლო კონკრეტულად ევროკავშირისა – 3.7% და 3.9%–ით. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას (EU–ს გარეშე), დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს 5.2%–იან ზრდას უნდა ველოდოთ, 2022–ში კი – 3.8%-ს. შემოდგომის პერიოდის ანალოგიურ დოკუმენტში 2021 წელს მსოფლიოს მშპ–ის (EU-ს გარეშე) ზრდა 4.7%–ით იყო განსაზღვრული, 2022 წელს კი – 3.7%–ით. დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს ტურიზმი პანდემიამდელ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდება. წლის განმავლობაში დაგეგმილი მასობრივი ვაქცინაციის მიუხედავად, აღდგენის პროცესი ბევრად ხანგრძლივი იქნება.
საქართველოში თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება
საქართველოში თურქული ნედლეულით დამზადებული პროდუქცია, ევროკავშირში ექსპორტისას გადასახადებისგან გათავისუფლდება. შესაბამისი დოკუმენტის რატიფიკაცია თურქეთის პარლამენტმა 10 თებერვალს მოახდინა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. დოკუმენტის თანახმად საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის ფარგლებში მოხდება. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს „თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების ცვლილებების შეტანის შესახებ", თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე
თურქეთის პარლამენტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს „თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტმა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების ცვლილებების შეტანის შესახებ", თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის N1/2016 გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც დამატებით შესაძლებლობას გაუხსნის თურქეთისა და საქართველოს ბიზნესებს, რათა გაზარდონ ერთობლივი ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე. აღნიშნული დოკუმენტით, ასევე, გათვალისწინებულია საქართველოში თურქულ ნედლეულზე დამზადებული პროდუქციის გატანა ევროკავშირის ბაზარზე, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით. ხსენებული შეთანხმება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი და რომლის მიხედვითაც, მოგებული დარჩება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის ბიზნესი. ამასთან, შეთანხმების ამოქმედება წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმდებიან
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ - ეს საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან შეხვედრაზე განიხილა. გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: _მოქალაქეობა: საქართველო; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში;ფიზიკური ჯანმრთელობა;მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი ისეთი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას იწვევს; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი.სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდე. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8-10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი - 9,50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. _რეგისტრაციის შემდეგ, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები, კონკრეტული ვაკანსიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უკავშირდებიან დასაქმების მსურველებს. სერვისცენტრში მისვლისას მსურველს თან უნდა ჰქონდეს პირადობის ელექტრონული მოწმობა და/ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი. კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა შესახებ მონაცემები მიეწოდება გერმანელ დამსაქმებელს. დასაქმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გერმანელი დამსაქმებელი. გადაწყვეტილება ეცნობება თითოეულ მსურველს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, დამსაქმებელი მუშაობის დაწყების მსურველს უგზავნის შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს - (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს, დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის. შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეების დროებითი ლეგალური დასაქმება შრომითი და სოციალური უფლებების დაცვით. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.
აშშ მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციებს დაუწესებს
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც მიანმარის სამხედრო ხუნტის ლიდერებს სანქციები დაუწესდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. აშშ-ს მთავრობამ სანქციების დაწესების შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მინამარში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები შეეხებათ როგორც სამხედრო ძალების ლიდერებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ბიზნესებს. ამავდროულად, სამხედრო ხუნტას შეეზღუდება აშშ-ში არსებულ სამთავრობო ფონდებზე, დაახლოებით 1 მილიარდ აშშ დოლარზე წვდომა. "მიანმარელმა ხალხმა ხმა აიმაღლა და მსოფლიო ამას ხედავს. პროტესტის ზრდასთან ერთად ძალადობის გამოყენება მათ წინააღმდეგ, ვინც საკუთარ დემოკრატიულ უფლებებს იყენებს, მიუღებელია და ჩვენ ამას მუდმივად აღვნიშნავთ. ჩვენს გავამკაცრებთ კონტროლს ექსპორტზეც, გავყინავთ აშშ-ში არსებულ ყველა ანგარიშს, რომლიდანაც მიანმარის მთავრობას შეუძლია სარგებლობა, თუმცა, ამავდროულად მივაწვდით დამხმარებას სამედიცინო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას და სხვა სფეროების წარმომადგენლებს, რაც პირდაპირ მიანმარელ ხალხს დაეხმარება". - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენის სამხედრო ხუნტას მოუწოდებს გაათავისუფლონ დაკავებული ლიდერები, მათ შორის აუნ სან სუ ჩი და სხვა პოლიტიკოსები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის უფრო მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.
საქართველოსა და კორეას შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის მიხედვით, საქართველოს ავიაკომპანიები კორეის უმსხვილეს საერთაშორისო აეროპორტებში, ხოლო კორეული ავიაკომპანიები საქართველოს აეროპორტებში რეგულარული ფრენების განხორციელებას შეძლებენ. „შეთანხმების გაფორმებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა შეიქმნა, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის პირდაპირი რეგულარული ფრენების განხორციელებას, ხელს შეუწყობს ფრენის არეალის გაფართოებას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში. უწყების ინფორმაციით, 2018 - 2019 წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის რამდენიმე ჩარტერული რეისი შესრულდა, რომლებიც თბილისსა და სეულს შორის ავიაკომპანია “Korean Air”-მა განახორციელა. შესრულებული ფრენების ფარგლებში 1 500-მდე მგზავრი იქნა გადაყვანილი. ბოლო წლებში, პანდემიის დაწყებამდე, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობაში კორეის რესპუბლიკიდან შემოსული ვიზიტორების მკვეთრი ზრდა ფიქსირდებოდა. კერძოდ, 2019 წელს საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან 16 642 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 25.3%ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 112.2%-ით მეტია.
მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია, დაახლოებით, 3.5 მლნ ლარი დაჯდება
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება „მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი აგვისტოში დაიწყო. ამ ეტაპზე, ვესტიბიულს კაპიტალურად არემონტებენ და ბაქნის გადახურვის სამუშაოები ხორციელდება. ასევე, მიმდინარეობს სამხარაულის ექსპერტიზა ბაქნის მდგრადობაზე და შემდგომი ექსპლუატაციის უსაფრთხოებაზე. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, გადაიდგმება შემდგომი ნაბიჯები და სამუშაოებს სავარაუდოდ, სამი თვე დასჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციის პროექტი დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარის ღირებულებისაა. 8 თებერვლდან თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგა. მეტროსადგური "გოცირიძე" მგზავრებს სამი თვის განმავლობაში ვერ მოემსახურება.
საარჩევნო რეფორმა და მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევები: ევროკავშირის ანგარიში საქართველოზე
ევროკომისიამ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს მიერ 2020 წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნეს. ევროკავშირის ანგარიში ამბობს, რომ რეფორმების დინამიკის გასაგრძელებლად მთავარი ყურადღება პოლიტიკური კომპრომისის მიღწევას უნდა დაეთმოს. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. ამასთან, საჭიროა შემდგომი ძალისხმევა, განსაკუთრებით მართლმსაჯულების რეფორმირების სფეროში და პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვისთვის. ეს ის ძირითადი დასკვნებია, რომლებიც ევროკავშირის მიერ დღეს გამოქვეყნებულ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშშია მოყვანილი. ანგარიში გამოქვეყნდა ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 16 მარტს გაიმართება და ასახავს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას ბოლო ერთი წლის განმავლობაში. „ვაფასებთ საქართველოს უწყვეტ წინსვლას რეფორმების გზით, ისევე, როგორც იმ ერთგულებას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ იმოქმედოს ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში, რათა საერთო ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსვლის გზა გამონახოს. ეს საშუალებას მისცემს საქართველოს პარლამენტს, მიიღოს გადამწყვეტი ზომები მდგრადი აღდგენისთვის კორონავირუსის პანდემიის შემდეგ და განახორციელოს უფრო ფართო რეფორმების დღის წესრიგი. „ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ასევე კარგად ვთანამშრომლობთ ასოცირების განახლებული დღის წესრიგის შესათანხმებლად, რომ მომავალი წლებისთვის მოვემზადოთ”, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა. ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ კი განაცხადა, რომ ევროკავშირი პანდემიის დასაწყისიდან ქართველ ხალხს გვერდში ედგა. „გასულ წელს საქართველოს დასახმარებლად 183 მილიონი ევროს გრანტების სახით მობილიზება მოვახდინეთ კორონავირუსის პანდემიის დასაძლევად. გარდა ამისა, ევროკავშირმა საქართველოთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება გამოყო. გავაგრძელებთ საქართველოს დახმარებას მისი ეკონომიკური აღდგენისთვის და რეფორმების დღის წესრიგის წინ წასაწევად, იმისთვის, რომ მოხდეს ასოცირების შესახებ შეთანხმების სრულად განხორციელება და მისგან სარგებელის მიღება. კავშირების და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებს და მნიშვნელოვანია ინვესტიციების გაზრდისათვის”. ძირითადი დასკვნები საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში ჩანს, რომ საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების და წამოწყებების ერთგულია. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონთა კრებულთან (acquis) და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მუშაობა ეფექტიანად მიმდინარეობდა. ამასთანავე, კვლავ არსებობს გამოწვევები საარჩევნო რეფორმისა და სასამართლო რეფორმის სფეროებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არსებული ვითარება ცხადყოფს შემდგომი დემოკრატიული კონსოლიდაციის საჭიროებას, მათ შორის, ეუთო / ოდირის საბოლოო რეკომენდაციების გათვალისწინებით, ინკლუზიური დიალოგის საშუალებით, დროულად, 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის. მოკლევადიან პერიოდში, საჭიროა ინკლუზიური პოლიტიკური შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს პარლამენტში მუშაობა ფართო რეფორმების დღის წესრიგის განსახორციელებლად. უფრო ფართო კონტექსტში, ქართულ პოლიტიკასა და მედიაში პოლარიზაციის განმუხტვა კვლავ პრიორიტეტია. მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გამოწვევები რჩება. არსებითია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი სრულად შეესაბამებოდეს ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის ყველა რეკომენდაციას, გამჭვირვალედ განხორციელდეს და უზრუნველყოს პროცესის ჭეშმარიტი დამსახურების შესაბამისად წარმართვა, შემდგომი დანიშვნების დაწყებამდე. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ამიტომ სავაჭრო ნაკადების ხელშესაწყობად ქვეყანამ კანონმდებლობა ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან მეტ შესაბამისობაში მოიყვანა. სამომავლოდ, უმნიშვნელოვანესია კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ინკლუზიური, ეკოლოგიურად დაბალანსებული და მდგრადი დაძლევის უზრუნველყოფა და შემდგომი წინსვლა ციფრული კომპეტენციების გასაძლიერებლად და ციფრული წიგნიერების ასამაღლებლად. სტრუქტურული რეფორმები კვლავ მნიშვნელოვანია, რადგან ისინი აუმჯობესებენ საქართველოს საინვესტიციო კლიმატს და სავაჭრო პოტენციალს და ქვეყნის ეკონომიკა ნაკლებად მოწყვლადი ხდება გარე ფაქტორებთან მიმართებაში. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით“, - აღნიშნულია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ანგარიშში.