სამართალი

ნორვეგიაში კაცი რამდენიმე ადამიანს მშვილდ-ისრით დაესხა თავს

ნორვეგიაში რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და დაშავდა მას შემდეგ, რაც კაცი მათ მშვილდ-ისრით დაესხა თავს. პოლიციამ განცხადებით, თავდასხმა ქალაქ კონგსბერგში, დედაქალაქ ოსლოს სამხრეთ-დასავლეთით, ადგილობრივი დროით 18:30 საათზე (BST 17:30) მოხდა. იუწყება BBC. ეჭვმიტანილი დაიჭირეს და სავარაუდოდ, ის მარტო მოქმედებდა. პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში მკურნალობენ. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია და ვერტმფრენია მობილიზებული.

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შესაძლოა, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გამოიკითხოს

ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს. კერძოდ, საუბარია ცალკე წარმოებად გამოყოფილ გამოძიებაზე, რომელიც დავალებების გამცემი ზემდგომი პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს. „რთული და კომპლექსური პროცესია, ჩვენი მთლიანი აქცენტი დავალების გამცემ პირებზეა, ამ ეტაპზე, დამაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. სახელებთან და გვარებთან მიმართებით ვერ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ ის გაინტერესებთ, შესაძლებელია თუ არა, რაიმე ფორმით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, გეტყვით, რომ გამოძიება გამოყოფილ საქმეზე მიმდინარეობს, აბსოლუტურად ყველა პირი, სახელის და გვარის მიუხედავად, ვისაც ამ საქმესთან რამე შემხებლობა ექნება, ბუნებრივია, დაიკითხება. შესაძლებელია, ეს მიხეილ სააკაშვილიც იყოს, თუ მას შემხებლობა ექნება და არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ეცოდინება. ამ ეტაპზე, შესაძლებლობაზე ვსაუბრობთ", - განაცხადა მიხეილ სადრაძემ. ამავე თემაზე: ივერი მელაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე: ეცდებიან, დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ

ივერი მელაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე: ეცდებიან, დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო სხდომები დღეიდან განახლდება. როგორც სასამართლოში შესვლამდე საქმეში ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, დღევანდლ პროცესზე ეცდებან დავით გარეჯის საქმე მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირონ, რადგან საქმე პოლიტიკურია და მისი გააქტიურება წინასაარჩევნო პერიოდში ხდება. „საქმეზე საკმაოდ დიდხნიანი წყვეტა გვქონდა. დაახლოებით ივნისის შემდეგ სხდომა არ ყოფილა. სტრატეგია გვაქვს იგივე და აქ ეჭვგარეშეა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის საფუძველს მოკლებული. განახლდება ახლა უკვე მოწმეთა გამოკითხვა. საერთოდ, ზოგადად არ ვარ გათვითცნობიერებული, ალბათ ხდება ასეთი სასამართლოთა ისტორიებში, რომ პროცედურულად რაღაც გადაიდოს. მართლაც და ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდს, როდესაც დაგვაკავეს და საქმე აღიძრა, ახლაც წინასაარჩევნო პერიოდია და მაქვს საფუძველი, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია. თქვენ წარმოიდგინეთ, მე შეგნებულად არ მაქვს შეხება დემარკაციის საკითხებთან და ვერიდები, რამდენადაც ვიცი, პროკურატურას აქვს მეორე გამოძიება გამოცხადებული, შეგნებულად ვერიდები კონტაქტებს. ამიტომ, პრესიდან თუ რამე ვიცი, ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაიმე წინგადადგმული ნაბიჯები არ მომხდარა. რომ გითხრათ, რაიმე გარღვევა ყოფილიყო, ასეთი არ მომხდარა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მე სამსახურებრივადაც ჩამოცილებული ვარ სფეროს. მცდელობა, რომ ექნებათ სააკაშვილის ამ საქმესთან დაკავშირების, ეს ეჭვგარეშეა და ეს მცდელობა თავიდანვე იყო. უნდოდათ, წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ, თითქოს რაღაც მოხდა. შესაძლოა, ჰქონდეთ მცდელობა, პრეზიდენტზე გავიდნენ, რომ წინა ხელისუფლების დროს მოხდა ტერიტორიების გადაცემა და ასე შემდეგ“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა. დავით გარეჯის საქმეზე საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე შეიცვალა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, რომელიც 13 ოქტომბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება. "მთავარი აქცენტი ამ გამოძიების არის ის, რომ დავალების გამცემი პირის მიმართულებით ხორციელდება აქტიური მოქმედებები. სწორედ ამ კონტექსტში ვახსენე, რომ აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება, ყველა პირი გამოიკითხება, ვისაც შემხებლობა აქვს ამ საქმესთან და ეს შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილი,"- აცხადებს საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. 2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.

13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს

ხაშურში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე 60 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. დაკავებული ბავშვის ბაბუაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.

შსს: დაკავებულია ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სასულიერო პირის Facebook-ი გატეხა და მის მრევლს საბანკო ბარათების მონაცემები გამოსტყუა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა. ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და ამ ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook-ის გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა. გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.

შსს-მ აშშ-სა და კანადაში უკანონოდ დარჩენისთვის პირობების შექმნის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4 000 ლარი". – ნათქვამია განცხადებაში. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშაულება მარიხუანა, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოსამართლის შეცვლის შემდეგ, 13 ოქტომბერს, კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის(GDI) ცნობით, 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში კარტოგრაფების საქმის განხილვა განახლდება. GDI-ს ცნობით, შეიცვალა საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლე, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით საქმის არსებითი განხილვის ხელახლა დაწყების საფუძველია. სხდომას, რომელიც 13 ოქტომბერს 14:00 საათზეა ჩანიშნული, მოსამართლე ნინო ნაჭყებია გაუძღვება. 2020 წლის 7 ოქტომბერს სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არ გამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს.

შსს დუშეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროებს

უცხო ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული დ.ს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ერთობლივად ჩაატარეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს უკავშირდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში არალეგალურად გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენის მსურველი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც დ.ს., გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საჭირო დოკუმენტებს გადასცემდა, აშშ-სა და კანადაში გამგზავრებისა და უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამის პირობებს უქმნიდა. სამართალდამცველებმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დ. ს.-ის დანაშაულებრივი ქმედების ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება და სატელეფონო მიყურადება განახორციელეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს 16000 აშშ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში არალეგალურად გამგზავრებაში დახმარებას დაჰპირდა და წინასწარ გამოართვა 4000 ლარი. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, საქართველოს მოქალაქის 76 პასპორტი, 3 საბანკო პლასტიკური ბარათი, 2 მეხსიერების ბარათი, კომპიუტერული ტექნიკა, 2 მობილური ტელეფონი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშაულება „მარიხუანა“, დოკუმენტების დასამზადებელი დანადგარი და დოკუმენტები ნივთმტკიცებად ამოიღო. საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღჯვეთას ითვალისწინებს.

პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილი  სამარტოო საკანში მხოლოდ საკუთარი სურვილით იმყოფება

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილი დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით სამარტოო საკანში იმყოფება. „განვმარტავთ, რომ ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს დაწესებულებაში შესახლებისთანავე დაწესებულების ადმინისტრაციამ შესთავაზა თანამესაკნესთან ერთად ყოფნა, თუმცა მან კატეგორიული უარი განცხადა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე, საკანში მარტო მოთავსდა. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, სააკაშვილის თანაგუნდელები მასთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, არის სიცრუე და ამას ადასტურებს თუნდაც დღის განმავლობაში მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილთან განხორცილებული არაერთი ვიზიტი, რომელიც მედიასაშუალებითაც შუქდება. მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს რაც შეეხება, ის გარეშე პირის სტატუსით სააკაშვილთან შესახვედრად რამდენჯერმე უკვე იმყოფებოდა. ამიტომ მან პენიტენციურ სამსახურს ხელახალი ვიზიტის განსახორციელებლად ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად განცხადებით უნდა მიმართოს და დაასაბუთოს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. დადგენილი წესის შესაბამისად, პენიტენციური სამსახური განიხილავს მის განცხადებას და პასუხს აცნობებს“, - აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა. მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ საიდუმლო ინფორმაციის მიყიდვის მცდელობისთვის აშშ-ში წყვილი დააკავეს

ამერიკის საზღვაო ძალების ბირთვულ ინჟინერსა და მის მეუღლეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ფარული აგენტებისთვის, ბირთვული წყალქვეშა ნავების შესახებ ინფორმაციის მიყიდვის მცდელობის გამო ბრალი წაუყენეს. FBI-ის აგენტები თავს უცხო ქვეყნის წარმომადგენლებად ასაღებდნენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ოპერაცია დასავლეთ ვირჯინიაში FBI-მ და საზღვაო კრიმინალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატარა მას შემდეგ, რაც წყვილმა თითქოს გაყიდა ინფორმაცია ბირთვული ენერგიის ამერიკული სამხედრო გემების დიზაინის შესახებ იმ პირებზე, რომლებსაც უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლებად თვლიდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ისინი FBI-ს ფარული აგენტები იყვნენ, ” - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში. დაკავებულები დასავლეთ ვირჯინიის ფედერალური სასამართლოს წინაშე წარდგებიან. იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ჯონათან ტოებე, რომელსაც საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება ჰქონდა, უცნობ ქვეყანაში საიდუმლო მონაცემებს გზავნიდა. „ტოებემ მეხსიერების ბარათი, რომელზეც წყალქვეშა ნავების ბირთვული რეაქტორების შესახებ დოკუმენტები იყო დატანილი, მიწის თხილის კარაქის სენდვიჩში დამალა და ერთ-ერთ შეთანხმებულ ადგილზე დატოვა. ანალოგიური ბარათი საღეჭი რეზინის ყუთში დამალა. კიდევ ერთი მეხსიერების ბარათის დატოვების მცდელობისას კი წყვილი, რომელიც ანაპოლისიდან არის, დააკავეს“, - აღნიშნულია იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისა და ძარცვის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ, გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე ბრალდება ოთხ დაკავებულს (რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი ბრალი ერთ პირს წარედგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულებმა დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და ეს განზრახვა კიდევ ერთ პირს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. „მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 5 პირი გუშინ დააკავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და მისი მეუღლის მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლანჩხუთში ნაციონალური მოძრაობის წევრსა და მის ცოლზე ძალადობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს - გ.ც.-სა და მის მეუღლეს - ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იუსტიციის მინისტრი: საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მთავრობის წევრებთან ერთად, ბათუმში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. „ინფორმაცია გაავრცელა თავად საჯარო რეესტრმა, იყო მათ შორის ინტერვიუც, საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ცხადი რომ გავხადოთ, საჯარო რეესტრი არ არის მშენებლობაზე ნებართვის გამცემი ორგანო. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ყველა კითხვა საჯარო რეესტრთან დაკავშირებით არის არამართებული“- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა პროკურორი: 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა კორპუსის მოსახლეობა არ გააფრთხილეს

პროკურორი: 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა კორპუსის მოსახლეობა არ გააფრთხილეს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის საქმის პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა მათ შენობა ისე დატოვეს, კორპუსის მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ. "გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით," - განაცხადა პროკურორმა. დღეს, სასამართლომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა. კორპუსის ნაწილის ნგრევისა და შედეგად მოქალაქეების გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მუშა ბრალდებას უარყოფს. "არაფერი არ გამომიღია, მაბრალებენ ყველაფერს..." - განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელმაც მცირე კომენტარი მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო შენობის დატოვებისას გააკეთა. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესს სამივე დაკავებული, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები ესწრებოდნენ. პროკურორ ალექსანდრე ძირკვაძის განცხადებით, 8 ოქტომბერს მუშებმა შესაძლო საფრთხის შესახებ უკვე იცოდნენ, თუმცა მათ შენობა ისე დატოვეს და კორპუსის მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ. "გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით," - განაცხადა პროკურორმა. ბრალდებულთა ადვოკატების თქმით, ექსპერტიზის დასკვნამდე ბრალდებულების დაპატიმრება უკანონოა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა

კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული სამი ბრალდებულის საქმეზე, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომა დილის 09:30-ზე დაიწყო. სასამართლომ დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. პროკურატურა სამი ბრალდებულისთვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვს. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში პროკურატურა აღნიშნავს, რომ "ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია, კედლები, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა." ადვოკატები საყრდენი კედლის მოხსნას უარყოფენ. დაკავებულებს - ბინის მეპატრონესა და ორი მუშას, ბრალად ედებათ სამშენებლო წესების დარღვევა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, სამი ბავშვია. გადარჩა მცირეწლოვანი, რომელიც იქვე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილიდან გადმოიყვანეს მაშველებმა ცოცხლად კიდევ ორი ადამიანი ამოიყვანეს, მათგან ერთის, 37 წლის კაცის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ქალი კი, რომლის ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრებიც იპოვეს, ტრაგედიის მეორე დღეს, კლინიკაში გარდაიცვალა. სამძებრო სამაშველო სამუშაო 29 საათის განმავლობაში გრძელდებოდა ბათუმში მომხდარ ნგრევის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ბათუმში მომხდარ ნგრევის ფაქტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია, ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, ზ.ბ. სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ შეუთანხმდა ფიზიკურ პირებს - ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ქ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩა N13-ში მდებარე კორპუსის პირველ სართულზე მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხოციელების თაობაზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქციების (კედლების) მოშლას მოიცავდა. „2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის პერიოდში, ზ.ბ.-სთან შეთანხმებით და მის მიერვე ხელშეკრულების გარეშე აყვანილმა პირებმა - ხ.ს.-მ და გ.ს.-მ, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც ყოველგვარი საინჟინრო და უსაფრთხოების წესების დარღვევით მინდინარეობდა, შესაბამისი საინჟინრო ცოდნის მქონე სპეციალისტის მონაწილეობის გარეშე. ბრალდებულებმა მოშალეს როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც დაირღვა საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა, რამაც გამოიწვია შვიდსართულიანი კორპუსის ნგრევა, რასაც შედეგად მოჰყვა ამავე კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის გარდაცვალება და უძრავი და მოძრავი ქონების განადგურება. პროკურატურამ დაკავებულებს - ზ.ბ.-ს, ხ.ს.-ს და გ.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა (სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია.).პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ბრალდების მხარე დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს და აღნიშნული დანაშაულის მიმართ უმკაცრესი რეაგირება ექნება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერგავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე სამ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

ბათუმში, კორპუსის ნგრევის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით წარუდგინეს, რაც გულისხმობს სამშენებლო წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან 3 ბავშვია. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა. 8 ოქტომბერს, ბათუმში მრავალსართულიანი კორპუსი ჩამოინგრა. ნგრევაში 15 საცხოვრებელი ბინა მოჰყვა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სოფელ კაბალში ბიზნესმენის სახლის აფეთქების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი აფეთქებებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჯგუფურად შეძენის, შენახვისა და ტარების ფაქტებზე, ა.ნ.-ს, რ.ა.-ს და გ.მ-ს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ნ.-მ წარსულში არსებული ფინანსური დავის გამო, ფინანსური და მატერიალური სარგებლის მიღების და დაშინების მიზნით, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები მ.ნ.-ს და ი.მ.-ს საცხოვრებელი სახლების ეზოებში აფეთქების მოწყობა გადაწყვიტა. ბრალდებული შეუთანხმდა რ.ა-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც ფულადი თანხის გადახდის სანაცვლოდ, აფეთქება უნდა განეხორციელებინათ. 2021 წლის სექტემბერში, ა.ნ.-მ ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა რ.ა.-ს, რომელსაც ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანის დროის და ადგილის შესახებ მიუთითა. 2021 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, რ.ა.-მ სოფელ კაბალში მ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში განზრახ ააფეთქა ასაფეთქებელი მოწყობილობა, რითაც დაზიანდა მ.ნ.-ის ავტომობილები და საცხოვრებელი სახლი. მეორე აფეთქების განხორციელების მიზნით, 2021 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რ.ა-მ და გ.მ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა და ასევე ა.ნ.-ს დავალებით, 2021 წლის 4 ოქტომბერს, ი.მ-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ცალი ასაფეთქებელი მოწყობილობა გადააგდეს, რის შედეგადაც ი.მ-ს ავტომობილი და საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სამართალდამცველებმა რ.ა. და გ.მ. 2021 წლის 8 და 9 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურამ რ.ა.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინა. გ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ჯგუფურად) და სსკ-ის 229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა. რაც შეეხება ა.ნ.-ს, რომელმაც საქართველოს ტერიტორია 2021 წლის 18 სექტემბერს დატოვა, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) და 25.229-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) (აფეთქება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ) დაუსწრებლად წარედგინა. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მაშველებმა ბათუმში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

მაშველებმა ბათუმში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ეს ბოლო დაკარგული იყო, რომელსაც ეძებდნენ. სამაშველო ოპერაცია დღის 12 საათიდან მიმდინარეობდა. ბათუმში, კორპუსის ჩამონგრევას სულ 8 ადამიანი ემსხვერპლა. 26 მაისის ქუჩაზე, ბოლოს მაშველებმა კიდევ ორი ადამიანი, დედა-შვილი ამოასვენეს, მანამდე, სულ სამი ადამიანის ძებნა გრძელდებოდა. ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა წუხელ, სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს. ორი კაცი, ორი ბავშვი და ერთი ქალი. ინგა მეკეიძე, რომელიც ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ორ შვილთან ერთად მოჰყვა ნანგრევებში, კლინიკაში გარდაიცვალა. გამთენიისას ნანგრევებიდან მისი შვილების - 1 და 9 წლის ბავშვების ცხედრები ამოასვენეს მაშველებმა. დაღუპულთა შორის არის ახალგაზრდა ქალის მაზლიც. მძიმეა კიდევ ერთი კაცის მდგომარეობა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. „როდესაც სამაშველო ოპერაცია დასრულდება, ექსპერტები შეისწავლიან ფუნდამენტს და ნახავენ, კონკრეტულად რა დაზიანდა და რამ გამოიწვია ეს უბედური შემთხვევა. გამომძიებელი და პოლიციელი ვერ გეტყვით, სახლის ჩამონგრევა დაშენებამ გამოიწვია თუ პირველ სართულზე არასწორმა სარემონტო სამუშაოებმა. ეს უნდა თქვან სპეციალისტებმა. რაც შეეხება ზოგადად დაშენებებს, სამწუხაროდ, ეს 90-იანი წლების უბედურებაა და ეს არამხოლოდ ბათუმს, არამედ თბილისსაც ეხება. ამ პრობლემისთვის საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე ყველა ხელისუფლებას უნდა მიეხედა, თუმცა ბოლო წლებში თბილისში მიშენებები აღარ განხორციელებულა. სამწუხაროდ, დაშენება ამ კორპუსზე 15 წლის წინ განხორციელდა. არ გაგიჭირდებათ შესაბამისი ნებართვების მოძიება და იმის შემოწმება, თუ როდის გაიცა ეს ნებართვები“, - განუცხადა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ გაუცია მშენებლობის ნებართვა ბათუმში, საცხოვრებელ კორპუსში სამუშაოსთან დაკავშირებით. უწყების განმარტებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მხოლოდ არეგისტრირებს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე. „2021 წლის 4 ოქტომბერს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მომართა ზაურ ბუდაგოვმა და მოითხოვა ბათუმში 26 მაისის ქუჩა, N 13, (სარდაფი) უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განაცხადს თან ერთვოდა ნოტარიულად დამოწმებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 100%-იანი კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერდა ამხანაგობის თავმჯდომარე. ასევე, განაცხადს თან ერთვოდა სარდაფის აზომვითი ნახაზი და ზაურ ბუდაგოვის საკუთრებაში არსებული ბინის N1 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კანონით გათვალისწინებულ ოთხი სამუშაო დღის ვადაში მიიღო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, ვინაიდან მოთხოვნილი იყო უძრავი ქონების ცვლილების რეგისტრაცია და არ იყო წარმოდგენილი ბინისა და სარდაფის ერთიანი აზომვითი ნახაზი. განვმარტავთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა განაცხადის განხილვისთვის კანონით დადგენილი ვადა“, - აცხადებენ უწყებაში.