სამართალი

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. დაღუპულია ერთი ადამიანი, ერთი მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ქარხანაში არსებული დანადგარი აფეთქდა, რის შედეგადაც ადგილზე დასაქმებული 60 წლამდე კაცი გარდაიცვალა. შსს-ში განცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

პროკურატურა: 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ, ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს

საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის მუხლით შ.წ.-ს და ზ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიყვანეს. აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ მისამართზე მოხდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის დაკავება. სამართალდამცველებმა შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, კიდევ ორი პირი დააკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილის მიერ ქვეყნიდან გასვლის ფაქტზე უკრაინაში გამოძიება დაიწყო

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით სამსახურეობრივი გამოძიება დაიწყო. ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას უკრაინაში, სამართლებრივ ნონსენსს უწოდებს ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი. იუსტიციის ყოფილი მინისტრის შეფასებით, ექსპრეზიდენტმა სასჯელი საქართველოში უნდა მოიხადოს, რადგან როგორც ცნობილია, უკრაინაში მის მიმართ სისსხლის სამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. მისივე შეფასებით, თუ სააკაშვილი მოწოდებულია, თავი შესწიროს იდეალებს, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, კიევში დაბრუნდეს: „ის უნდა იყოს ჩვენთან ერთად და იბრძოლოს გამარჯვებისთვის“. „ექსტრადიციაზე ვერ იქნება საუბარი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იციან ისეთი რამ, რაც ჩვენ არ ვიცით“, - აღნიშნა წულუკიანმა. „არავითარი სურვილი არ გვაქვს, უკრაინაში მოიხადოს სასჯელი, არავითანი მიზანშეწონილობა ამის არ არსებობს“, - დაამატაკულტურის მინისტრმა. ამავე თემაზე: პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს

ლაგოდეხის სოფელ კაბალში ერთ-ერთ სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს

ლაგოდეხის სოფელ კაბალში ერთ-ერთ სახლს ორი ხელყუმბარა ესროლეს, მათგან ერთი აფეთქდა. სახლის მეპატრონე ბიზნესმენი ემზარ მამედოვია. შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც შესაბამისად, სხვისი ქონების დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე, კიდევ ორი პირი დღეს დააკავეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. „დაკავებულია კიდევ ორი პირი დანაშაულის დაფარვის ფაქტზე. უახლოეს პერიოდში საზოგადოებისათვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გახდება ცნობილი. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის მარშრუტი უკვე ცნობილია და მიმდინარეობს გამოძიება. ასევე დაწყებულია გამოძიება 344-ე მუხლით, რაც გულისხმობთ მიგრანტის სახელმწიფო საზღვარზე უკანონო შემოყვანას და სათანადო პირობების შექმნას”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. ამასთან, ელგუჯა ცომაიას, რომლის ბინაშიც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. „ბრალდების მხარემ დასაბუთებულად წარადგინა შუამდგომლობა ელგუჯა ცომაიას მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. ჩვენი მოთხოვნა ემყარებოდა კონკრეტულ არგუმენტებს, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე. სასამართლომ დასაბუთებულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა ბრალდებულს პატიმრობა”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ცომაიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა. მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ იმ ბინის მეპატრონეს წაუყენა ბრალი, სადაც მიხეილ სააკაშვილი იყო

პროკურატურამ იმ ბინის მეპატრონეს წაუყენა ბრალი, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ, მსჯავრდებულ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით, ე.ც.-ს ბრალდება წარუდგინა. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ე.ც.-მ იცოდა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ. მიუხედავად ამისა, თავისი აქტიური მოქმედებით, 2021 წლის 30 სექტემბერს მას დასამალად და დროებით საცხოვრებლად გადასცა თავის მფლობელობაში არსებული თბილისში მდებარე ბინა. 2021 წლის 1 ოქტომბერს, აღნიშნულ ბინაში ჩატარებული იქნა ჩხრეკა, სადაც აღმოჩნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 25, 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. სამართალდამცველებმა ე.ც. 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამავე თემაზე: შსს: დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებისას იმყოფებოდა

შსს თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ კანონდარღვევის ფაქტებზე, განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ კანონდარღვევის ფაქტებზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც დღეს, ბრიფინგზე, შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა, პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, 200-მდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ.საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. კერძოდ:სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე N30 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.ყვარლის რაიონული სამმართველოში, N10 საარჩევნო უბანთან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, N22 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობას გულისხმობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანში მდებარე N50 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შორის მომხდარ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.სენაკში, N7 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სენაკის პოლიციაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.ასევე, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N83 საარჩევნო უბანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს. გარდაბანში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება , გუშინ საღამოს მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით. ქალაქ ზუგდიდში, N84 საარჩევნო უბანში მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე N24 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გამოძიება დაიწყო. 3 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცულში, N19 საარჩევნო უბანში საარჩევნო ურნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით დაიწყო.მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N 48 საარჩევნო უბანში არაერთგზის ხმის მიცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს ასევე ლანჩხუთში, სოფელ მამათში მომხდარ ძალადობის ფაქტზე და თბილისში, ნაკადულის ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობის ფაქტზე.პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით - 2000 ლარის ოდენობით.პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში - 3 პირი, ასპინძაში - 2 პირი, ლანჩხუთში - 1 პირი და თბილისში 1 პირი.შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურად თანამშრომლობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან", - განაცხდა ბრიფინგზე ქეთევან კოვზიაშვილმა.

საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ბრალს დღეს არ წარუდგენს

პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს, დღეს არ წაუყენებს. ექსპრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს. იხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია: „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეში. ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. 1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ის საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის პირველ ნახევარში, საგანგებო ბრიფინგზე აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია. საღამოს კი, ასევე საგანგებო ბრიფინგზე, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ზვიად კუპრავა ორი მუხლით დააკავეს

"ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზვიად კუპრავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედება ბრალი, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრი 52-ე საარჩევნო უბანთან დააკავეს. ის კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.

შსს მარნეულში #52 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეულში #52 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაჭრის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. "გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც.პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება.ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. „ლეიბორიტული პარტიის“ წევრის, ალი ბადიროვის განცხადებით,მათი პარტიის აგიტატორი, 35 წლის ეივაზ მამედოვი „ქართული ოცნების" აგიტატორმა გურხან რამაზანოვმა მუცლის არეში დაჭრა და მიიმალა.მისი თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. „ქართული ოცნების“ წევრის, მარნეული-გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს კავშირი არ აქვთ. მისი თქმით, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა. „არანაირი მსგავსი ჩვენი მხრიდან, ჩვენი მხარდამჭერების ჩართულობით არ ყოფილა. ჩვენ რაც გავარკვიეთ, ჩვენი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა დაჭრა „ლეიბორისტი“. ჩხუბი იყო, ჯერ უბნის წინ და მერე სხვაგან წავიდნენ ჩხუბი გაგრძელდა და დაჭრა“, - განაცხადა ზაურ დარგალმა.

რუსეთის უმსხვილესი კიბერუსაფრთხოების კომპანიის დამფუძნებელს, რომელიც სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დააკავეს, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება

რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი კიბერუსაფრთხოების კომპანიის, Group-IB-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ილია საჩკოვი ღალატის ბრალდებით დააკავეს. GroupIB-ი 6 კომპანიას, მათ შორის ამსტერდამსა და სინგაპურში რეგისტრირებულებსაც მოიცავს. რუსული მედიის ცნობით, ბრალდებულს სავარაუდოდ, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება. საჩკოვი ხელისუფლებისადმი ერთგულებით გამოირჩეოდა და მრავალი სახელმწიფო კონტრაქტი გააფორმა, მის დაკავებას წინ უძღოდა ჩხრეკა ჯგუფის მოსკოვის ოფისში. საჩკოვის დაპატიმრება უკიდურესად უარყოფითად აისახება ინვესტიციებზე რუსეთის IT სექტორში", - განუცხადა „ინტერფაქსს" მეწარმეების უფლებების დაცვის პრეზიდენტის კომისარმა ბორის ტიტოვმა. კრემლს განსხვავებული შეხედულება აქვს. „საჩკოვის საქმე არაფერს შუაშია ჩვენს ქვეყანაში არსებულ ბიზნესსა და საინვესტიციო კლიმატთან", - განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. „თქვენ ხედავთ, რომ ბრალდებები არ არის დაკავშირებული ეკონომიკასთან, არამედ ღალატთან”, - დაამატა პესკოვმა. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია იმ ბინის მეპატრონე, სადაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებისას იმყოფებოდა

შსს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იყო ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება. აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიერ სამართალდამცველების მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი უდესიანის მიერ, სამართალდამცველების მიმართ, სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოქვეყნებულ მუქარის წერილზე, გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. უდესიანი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, დაემუქრა, სახელისა და გვარების გამჟღავნება მოსთხოვა და დაწერა, რომ მათ კარგი დღე არ დაადგებათ. "აი იმ პოლიციის თუ უშიშროების ჯგუფს რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი დააკავეთ დადევით თქვენი სახელ-გვარები!თქვენ დღე გელოდებათ ავს და მტერს!!ჩათვალეთ ეს გაფრთხილეებაა!!", - დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი უდესიანმა.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. „მსაჯვრდებული მიხეილ სააკაშვილი, დღეს, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით. გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, ,,სოდი“-ს სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. ასევე გასტაცეს ცეცხლსასროლი იარაღი, თანხა და ძვირფასი ნივთი. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით), საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე ,,შარდენ ბარში“ თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება. წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და ასევე, დავით ახალაიას დავალებით, უმოწყალოდ სცემეს და აწამეს. კუდის თანამშრომლებმა დამცირების მიზნით, გაუსაძლის სიცივესა და ყინვაში გააშიშვლეს ლევან ბუხაიძე, ხოლო სანდრო გირგვლიანის გაშიშვლება შეძლეს წელს ზემოთ და მჩხვლეტავი ბასრი საგნის გამოყენებით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს მრავლობითი ჭრილობები, მათ შორის - 12 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა კისრის არეში. გარდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებისა, სანდრო გირგვლიანს მიაყენეს ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა ზედა კიდურის არეში. მას სხეულზე ასევე აღინიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები, რის შედეგად იგი გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლებულნი იქნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გ.ალანია, ა.ღაჭავა, მ.ბიბილურიძე და ა.აფციაური, რომლებიც სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ 2008 წელს შეწყალებულებიც იქნენ. გარდა აღნიშნული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მეორე ნაწილით, (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაციშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება აშშ-ში რეგისტრირებულ მედიამაგნატს „NEWS CORP EUROPE Inc“-ს გადასცა. საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა. 2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იყო თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები. მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. „ტელეიმედის“ მაუწყებლობის გათიშვის ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, საქართველოს გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ივანე მერაბიშვილის ორგანიზებით, განხორციელდა სსიპ „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ წევრების საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ზეწოლის შედეგად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით, კომისიის წევრებმა 2007 წლის 8 ნოემბერს მიიღეს არხის სამაუწყებლო ლიცენზიის მოქმედების დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება. ამის შემდგომ, გიორგი უგულავამ, როგორც ქალაქ თბილისის მთავრობის ხელმძღვანელმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და 2007 წლის 19 ნოემბერს, მისივე ხელმოწერილი დადგენილებით, კანონიერი საფუძვლის გარეშე, გააუქმა ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ შპს „ლინქსთან“ გაფორმებული მთაწმინდის პარკის იჯარის ხელშეკრულება იმ მიზეზით, თითქოს შპს „ლინქსმა“ უარი განაცხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ქირის სრული ოდენობით გადახდაზე. რეალურად, ფირმა პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და 2006-2007 წლებში, მთაწმინდის პარკის რეაბილიტაციისთვის ბადრი პატარკაციშვილის დაფინანსებით განახორციელა 33 637 279 ლარის ღირებულების ინვესტიცია. გიორგი უგულავას ქმედებამ, იურიდიული პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ამასთანავე, საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილის მითითებით, სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის უშუალო მონაწილეობით და ზემოქმედებით, კანონმდებლობის და კომპანიის წესდების მოთხოვნათა დარღვევით, 2008 წლის 19 თებერვალს, ქ.თბილისში ნოტარიუსთან, ბადრი პატარკაციშვილის ნდობით აღჭურვილ პირს ჩამოართვეს შპს „ტელეიმედი“ და შპს „რადიოიმედი“, რითაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი საბოლოოდ ჩამოაშორეს ხსენებული კომპანიების საქმიანობას. უკანონოდ დაუფლებული ქონების რეალური მესაკუთრის შენიღბვის მიზნით, წილების გასხვისების შედეგად იმავე დღეს, შპს „ტელეიმედის“ და შპს „რადიოიმედის“ მესაკუთრეები გახდნენ დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები. 2008 წლის 20 თებერვალს, ტელეკომპანია იმედი 5 წლის ვადით, სამართავად გადაეცა ერთ-ერთ ფირმას, რითაც ტელე და რადიო კომპანია იმედი, როგორც ქონება გადავიდა დავით კეზერაშვილის ფაქტობრივ საკუთრებაში, მოჩვენებით კი, კომპანიების წილების საკონტროლო პაკეტის მესაკუთრე გახდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, ხოლო მმართველი დავით კეზერაშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რითაც შეინიღბა რეალური მფლობელი - დავით კეზერაშვილი. გარდა ამისა, 2008 წლის თებერვალ-მარტში, დავით კეზერაშვილი თაღლითურად დაუფლა პატარკაციშვილების კუთვნილ შპს „ენერგია და ინდუსტრია კომპლექსს’’ (ყოფილი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა). კიდევ ერთი მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით გაფლანგვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას და ოთარ ქველიძის მონაწილეობით, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სდსს-თვის გამოყო თანხები. 2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367.34 ლარი. აღნიშნული ხარჯების ჩამოწერა სდსს-ის უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ხელმძღვანელობით განხორციელდა საიდუმლო დოკუმენტებით, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო’’ უკანონოდ მიენიჭა. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში მტკიცებულებითი სტანდარტის შესაფასებლად საქართველოს პროკურატურის მიერ მოწვეულ იყვნენ უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტები - ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის განყოფილების ყოფილი უფროსი პოლ კოფი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეებში არსებული მტკიცებულებები ქმნიდა საკმარის სტანდარტს მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, მიხეილ სააკაშვილი მოთავსდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში. ამასთან გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შსს: წინასაარჩევნოდ დანაშაულის შესაძლო ფაქტზე 27 საქმეა აღძრული

წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი დანაშაულის შესაძლო ფაქტებზე სისხლის სამართლის 27 საქმეა აღძრული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. საქმეების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის 10 საქმეზე მიმდინარეობს წინაასარჩევნო პროცესში როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე;სისხლის სამართლის 2 საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კუთვნილი ქონების შესაძლო ქურდობის ფაქტებზე;სისხლის სამართლის 9 საქმეზეა დაწყებული გამოძიება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე;ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მომხდარზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები;გამოძიება ასევე დაწყებულია ქარელში, მედიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით შესაძლო დაზიანების ფაქტზე."აქტიურად გრძელდება გამოძიება ცაგერის მუნიციპალიტეტში პარტია "საქართველოსთვის" წევრის ავტომანქანის მიმართულებით სროლის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, 2021 წლის 13 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პოლიტიკური პარტიის „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების სამსახურიდან იძულებით შესაძლო გათავისუფლების ფაქტზე. „მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, უკვე გამოკითხულია 6 პირი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია 23 პირის მოწმის სახით გამოკითხვა. სამწუხაროდ, 6 პირი გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან".

შსს: მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, დავაკავებთ

მიხეილ სააკაშვილი არის ძებნილი და თუ ის გადმოკვეთს საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ“, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადეს, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოვლენილ სხვადასხვა დანაშაულს მიეძღვნა. რაც შეეხება ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდოებს, ამაზე კომენტარს არ აკეთებენ. „აქტიური კომუნიკაცია გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მიხეილ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობს, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. შსს ამას უარყოფს და ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ექსპრეზიდენტის ჩამოსვლაზე შსს-ში პირველი კომენტარი გაკეთდა

ექსპრეზეიდენტ მიხეილ საააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს. ინფორმაციას „იმედი“ ავრცელებს. ამავე თემაზე მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ ბათუმშია მიხეილ სააკაშვილი: დილა მშვიდობისა საქართველო, უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ თინა ბოკუჩავა: პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას

11 დღის წინ გაუჩინარებულ 35 წლის ლევან ბეჟაშვილს ამ დრომდე ვერ პოულობენ

19 სექტემბრის შემდეგ გაუჩინარებული 35 წლის ლევან ბეჟაშვილი პოლიციამ ამ დრომდე ვერ იპოვა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ოჯახის ცნობით, 35 წლის ლევან ბეჟაშვილი, 19 სექტემბერს, თბილისიდან სამარშუტო ტაქსით დედოფლისწყაროში ბრუნდებოდა, ამის შესახებ მან ოჯახს სხვისი ტელეფონით დაურეკა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი ქრება. .

თბილისის საქალაქო სასამართლო: სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილი დაყადაღდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს დავით კეზერაშვილის ტელეკომპანია „ფორმულას“ 51%-იანი წილი დაყადაღდა „მედიასაშუალებებში ვრცელდება სრული დეზინფორმაცია, თითქოსდა ტელეკომპანია ,,ფორმულას’’ სასამართლოს მიერ ყადაღა დაედო, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე დავით კეზერაშვილისა და ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებისგან სოლიდარულად დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სარჩელის ფარგლებში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოთხოვნა სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად აღნიშნულზე სასამართლო ვერც იმსჯელებდა“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძეს შეფასებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, სავარაუდოდ, "ფორმულას" მიერ "ედისონ რისერჩის" კვლევის გამოქვეყნებასთან არის კავშირში და სამართლებრივი პროცესის მთავარი ადრესატი არა დავით კეზერაშვილი, არამედ მის მფლობელობაში მყოფი მედიაა. ტელეკომპანია "ფორმულა" თავდაცვის სამინისტროს სარჩელს, კრიტიკულ მედიასაქმიანობას უკავშირებს თავდაცვის სამინისტრო დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელში ტელეკომპანია "ფორმულას" დაყადაღებას არ მოითხოვს

სუს-ი: გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, თუმცა შესაძლებელია, მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე. როგორც სუს-ში აცხადებენ, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში, დაიბარეს ნიკა გვარამია. „მას მიეწოდა გარკვეული სახის ინფორმაცია და შესაბამისად მიეცა რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით. გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩა მგელაძემ. „დეტალებში ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ვისაუბრეთ დაცვის ღონისძიებებზე და რაღაც კონკრეტული ახალი ინფორმაცია მომცეს იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ ერთი თვის წინ ვილაპარაკეთ თუ არ ვცდები. იმედს დავიტოვებ, რომ რაღაც წინასაარჩევნო „ტრიუკთან“ არ გვაქვს საქმე“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ გამოკითხვის შემდეგ. მოგვიანებით, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განმარტა, რომ „კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც აურძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა“. ნიკა გვარამიას თქმით, ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით, რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. მისი თქმით, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობა ელჩებს და სუს-ს, რომელმაც სპეციალური დაცვა დაუნიშნა, დღეს კი მოულოდნელად უწყებაში დაიბარეს და უთხრეს, რომ ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ დადასტურდა, თუმცა მასთან ერთად, ნიკა გვარამიას თქმით, სუს-ში უთხრეს, რომ იგეგმებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაც. ნიკა გვარამიას განცხადებით, მყისიერი განცხადება და კომენტარი უწყებისგან, რომელიც როგორც წესით კომენტარებს ძალიან იშვიათად აკეთებს, კონკრეტულ მიზანს ემსახურება. მისივე თქმით, სუს-მა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ასე ღიად ისაუბრა ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც არ შეიძლება.