სამართალი

შს მინისტრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე: ეს კანონი ყველაზე მოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზეც

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კანონი ყველაზე მოქმედებს. „ადამიანი არღვევდა ვთქვათ 10-ჯერ ამ კანონს, 166-ე ან 173-ე მუხლს და ეს თემა შენიშვნით იფარგლებოდა. ეს ხშირად ხდებოდა და ახალისებდა ზოგ-ზოგიერთებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, როცა აშავებ, უნდა დაისაჯო კიდეც. ხვალ მეც ვიქნები მოქალაქე, ჩემი შვილიც მოქალაქეა და ეს კანონი ყველაზე მოქმედებს. არა მარტო ოპოზიციაზე, როგორც საუბრობენ, არამედ ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის ჩემს შვილზე და ყველაზე“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გერმანიის გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

გერმანიის გარემოს დაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (NABU) ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის წინააღმდეგ ჰამბურგის ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საუბარია ჯერ დაუმთავრებელ მონაკვეთზე უშუალოდ გერმანიის ეკონომიკურ ზონაში. 13 აპრილს ანალოგიური სარჩელი შეიტანა კიდევ ერთმა გარემოს დაცვითმა ორგანიზაციამ - Deutsche Umwelthilfe (DUH). მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციები Nord Stream 2-ის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს. გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას მხარს უჭერს. მან ერთ-ერთ ბოლო განცხადებაში, რომელიც რუსეთს ეხებოდა, თქვა: ვიტოვებთ უფლებას, გავაგრძელოთ სანქციები კონკრეტული პირების მიმართ, მაგრამ ეს ჯერჯერობით არანაირ გავლენას არ ახდენს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებიტ გერმანიის პოზიციაზე“. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა ევროკავშირის უსაფრთხოების მიზნებს ეწინააღმდეგება. სენატორის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან „ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ზე ახალი სანქციების დაწესება ერთ-ერთი საკითხია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, ეს რუსული გაზსადენი, რომლის შეჩერებაც პრეზიდენტს, როგორც ჩანს, არ სურს, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს და ევროპაში ჩვენი მოკავშირეების ეროვნულ უსაფრთხოებას: „კონგრესმა რამდენჯერმე იმოქმედა ორპარტიული პრინციპით, რომ ადმინისტრაციას სწრაფი ნაბიჯები გადაედგა, რათა ეს რუსული პროექტი არ დასრულებულიყო. დრო იწურება, პრეზიდენტმა ბაიდენმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონი უნდა დაიცვას“. უცხოური მედია წერს, რომ ამ გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს, თუმცა გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს აშშ-ის სანქციების გამო შეჩერდა. აშშ და რამდენიმე ევროპული სახელმწიფო აცხადებენ, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას, რომლის ტერიტორიაზე გამავალი ძველი გაზსადენითაც იღებს ევროპა ბუნებრივ აირს. რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ მიერ კონტროლირებადი გაზსადენის მშენებლობის დასრულებისათვის, საჭიროა მილების გაყვანა დანიისა და გერმანიის წყლებზე გამავალ 150 კილომეტრის მონაკვეთზე. ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ ჯეი გრინის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის უფროსი მეცნიერ-თანაშრომელი, დევიდ კრამერი მიიჩნევს, რომ წინააღმდეგობებით აღსავსე და თითქმის დასრულებული „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც გერმანიასა და რუსეთს პირდაპირ დააკავშირებს, უკრაინას სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას დაუკარგავს და გაზრდის ევროპის დამოკიდებულებას რუსულ გაზზე, არამარტო ამერიკასა და ევროპის, არამედ თავად ევროპელებს შორის უთანხმოების გამომწვევია. 2018 წლის ბოლოს ევროპარლამენტმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის საშიშ პოლიტიკურ პროექტად“ შეაფასა. 2021წელს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და უკანანონო დაპატიმრების შემდეგ, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ამ პროექტის შეწყვეტას. შეერთებული შტატების კონგრესმა გაიზიარა ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით და მხარი დაუჭირა მილსადენის მშენებლობაში ჩართულ კომპანიებზე სანქციების დაკისრებას. „2020 წლის აგვისტოში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტების მიერ ნავალნის მოწამლვის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ მერკელის მთავრობა მილსადენის პროექტს შეწყვეტდა, თუმცა ამაოდ. მილსადენის დასრულების გადაწყვეტილებით გერმანიის მთავრობამ უთანხმოების კერა არამარტო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, არამედ შეერთებული შტატების კონგრესის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და ევროპელების დიდ ნაწილთან შექმნა. ეს უთანხმოებები პუტინის რეჟიმისთვის გაკეთებული საჩუქარია. ნავალნის მკვლელობის მცდელობაზე ევროპელთა რეაქციების პირველი ტალღა იმედისმომცემი იყო. ვითარება შეიცვალა შემდგომ ეტაპზე. თუმცა მალევე გაირკვა, რომ ანგელა მერკელი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ბოლომდე მიყვანას აპირებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის შეფი ჟოზეფ ბორელი კი მოსკოვში კონსულტაციებზე ჩადის. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობას ყურადღება არავინ მიაქცია. ეს ნიშნები მიუთითებს, რომ ევროკავშირი რუსეთის მიმართ პოზიციის შერბილებას აპირებს, რაც შეერთებულ შტატებთან აზრთა სხვადასხვაობის კიდევ ერთი მიზეზი იქნება. ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა მოსკოვის მიმართ გაცილებით მკაცრ ფორმებს მიიღებს. საპრეზიდენტო ფუნქციების დაწყებიდან მეორე დღეს ბაიდენმა უსაფრთხოების სამსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლის შესაძლო ჩარევის, ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ჩადენილი ტერაქტებისთვის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაწესებული ჯილდოების და ამერიკულ კომპიუტერულ სისტემებზე რუსული კიბერთავდასხმების საკითხების ხელმეორედ შესწავლა დაავალა. ბაიდენი ამ საკითხებს პუტინთან პირველ სატელეფონო საუბარშიც შეეხო და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაც გამოხატა. ტრამპისთვის ჩვეულ შემრიგებლურ ტონთან კონტრასტი თვალშისაცემია. მოსკოვთან STARTის ხელშეკრულების განახლება ბაიდენის ადმინისტრაციის შეიარაღებათა კონტროლის პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ ინიციატივის ვაშინგტონის რუსეთისადმი პოზიციის შერბილების ნიშნად აღქმა ევროპელთა შეცდომა იქნება. ბაიდენის ადმინისტრაცია „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის საწინააღმდეგო ნაბიჯებს მომავალშიც გადადგამს. შესაბამისი კანონმდებლობა უკვე ძალაშია. დიდია ალბათობა ვიხილოთ მოსკოვზე დაკისრებული სანქციების ახალი პაკეტიც, ამჯერად ნავალნის მკვლელობის მცდელობის გამო. ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენი კრემლში ახალი მეგობრების შეძენას არ აპირებს“, - წერდა კრამერი ერთ-ერთ სტატიაში. ამავე თემაზე: გერმანია აშშ-ს „ჩრდილოეთ ნაკადი 2“- ის მშენებლობასთან დაკავშირებით „ბინძურ გარიგებას“ სთავაზობდა: გერმანული არასამთავრობოს დოკუმენტი

ვენეციის კომისიის დასკვნის ავტორი: პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა რიგი საკითხის გადაჭრა ჯერ კიდევ საჭიროა

ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშრებით სწრაფი დასკვნა/მოსაზრებები რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. დოკუმენტი რიგ პროგრესსა და რეკომენდაციებზეც მიუთითებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც არის საუბარი. ამასთან დაკავშირებით, Europe Time ვენეციის კომისიის წევრს და ამ დასკვნის ერთ-ერთ ავტორს რიჩარდ ბარეტს ესაუბრა. „ეს სენსიტიური საკითხია, რომლის მიზანიც საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელების ხელშესაწყობად, საუკეთესო კანდიდატების მოზიდვა უნდა იყოს. პროცესი ასევე უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე საზოგადოების ნდობის შესანარჩუნებლად. ცვლილებებში პროგრესი შესამჩნევია, უნდა აღინიშნოს კანდიდატების საჯარო მოსმენის დროს ყველა კანდიდატის მიმართ თანაბარი მიდგომა და ასევე პოზიტიურია ის, რომ კანდიდატები, რომლებმაც გასაუბრების დრო საუკეთესო შედეგი მიიღეს, საბოლოო ჯამში კანდიდატთა სიაში მოხვდნენ. ცვლილებების მიხედვით, მისასალმებელია, რომ გასაუბრების დროს მიღებული ქულები, კანდიდატს შეუძლია, საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს. ეს პროცესი სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა რიჩარდ ბარეტმა Europetime-თან საუბრისას. მან „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და ამ მიმართულებთ მიღწეულ პროგრესსა და ნაკლოვანებებზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „მთავარი მიზანი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის ეფექტური და სამართლიანი პროცედურის შექმნაა. ეს ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ყველა კანდიდატის მიმართ პროცედურის სამართლიანად წარმართვა. ამ თვალსაზრისით არსებობს მრავალი გაუთვალისწინებელი საკითხი, რომელთა მოგვარება ჯერ კიდევ საჭიროა, მათ შორის, ცვლილებების მიხდვით საჭიროა, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატისადმი საჩივრით მიმართვისას, ყველა კანდიდატისთვის დანიშვნის მთლიანი პროცედურის შენარჩუნება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გასაჩივრების უფლება არსებობდეს. შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა ასევე უნდა შეიცვალოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა (და ა.შ.) - ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ჩვეულებრივი აცილების პროცედურის დაცვა არ იქნება ადეკვატური. და ბოლოს, ამჟამინდელი ცვლილებები ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ მათ მიღებას მიმდინარე კონკურსის დროს, შეიძლება შედეგები მოჰყვეს ამ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის. მიუხედავად კონკურსის დროს განხორციელებული ცვლილებებისა, კანდიდატებისადმი თანაბარი მოპყრობის უზრუნველსაყოფად, შეიძლება, საჭირო იყოს ამ პროცესში გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ან პროცესის სრული განახლებაც კი. გასაჩივრების მექანიზმთან ერთად შემოთავაზებული გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი, პროცესისადმი ნდობის გაზრდას უნდა დაეხმაროს“, - აღნიშნა რიჩარდ ბარეტმა. ვენეციის კომისია 29 აპრილს გამოქვეყნებულ თავის დასკვნაში მიესალმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია გაითვალისწინეს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა პირველ აპრილს ერთხმად მიღებული ცვლილებების თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყველა კანდიდატი საჯარო მოსმენაზე ინდივიდუალურად უნდა წარდგეს, ხოლო კანდიდატების საჯარო მოსმენა „უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვით“. ვენეციის კომისიას სასწრაფო დასკვნის მოსამზადებლად პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 8 აპრილს მიმართა მას შემდეგ, რაც წინა დღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა განაცხადა, რომ მართალია, ევროკავშირი, ზოგადად, მიესალმება მოსამართლეთა შერჩევის საკანონმდებლო ჩარჩოს ცვლილებისათვის ინიციატივას, ის იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის გარეშე, სახელდახელოდ შეიმუშავა და მიიღო“ ევროკავშირმა სინანულით აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა აქამდეც შეცვალა კანონი „ნაჩქარევად, ვენეციის კომისიისათვის საბოლოო აზრის დროულად მოკითხვის, თუ ამ აზრისათვის დალოდების გარეშე“. ინტერვიუს ინგლისური ვერსია, ამ ბმულზე ნახეთ.

სასამართლომ ნარკოტიკული  საშუალების უკანონო შეძენის, დაფასოებისა და რეალიზაციისთვის 4 პირი დამნაშავედ ცნო

მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ორ მათგანს 11-11 წლით, ერთს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მეოთხე ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. 2019-2020 წლებში სოფელ ფონიჭალაში სისტემატიურად ახორციელებდნენ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენას, დაფასოებასა და რეალიზაციას. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები კონკრეტულ ლოკაციებზე სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ და მას შემდეგ, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შესაძენი თანხა დისტანციურად, ონლაინტოტალიზატორების ანგარიშებზე ჩაირიცხებოდა, კლიენტები ტელეფონის მეშვეობით მითითებულ ადგილებზე მიჰყავდათ. სისტემატიური ნარკოვაჭრობის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის ანგარიშებზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკანონო შემოსავალი იქნა მიღებული. თანხის წარმომავლობის დამალვისა და ლეგალიზაციის მიზნით, ჯგუფის წევრებს გარკვეული პერიოდულობით ჩარიცხული თანხები ანგარიშიდან გადაჰქონდათ ე.წ. ,,თამაშებში“ და მცირე გათამაშებას ახორციელებდნენ, რის შემდგომაც თანხა უკან ბრუნდებოდა და მისი განაღდება როგორც ტოტალიზატორის სალაროებიდან, ისე ე.წ. „ზერო ბარათების“ გამოყენებით, სხვადასხვა ბანკომატიდან ხდებოდა. ასევე დ.ჯ., ფ.ბ., ა.მ. და შ.ვ. ნარკოტიკებით ვაჭრობის შედეგად მიღებული უკანონო შემოსავლებით უძრავ-მოძრავი ქონების შეძენას ახდენდნენ. დ.ჯ.-ს, ფ.ბ.-ს, ა.მ.-სა და შ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ფ.ბ.-ს და ა.მ.-ს 11-11 წლით, ხოლო დ.ჯ.-ს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება შ.ვ.-ს, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა და ხელი შეუწყო მტკიცებულებათა მოპოვებას. აღნიშნულის გათვალისწინებით მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით მსჯავრთან ერთად განესაზღვრა. სასამართლო გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულებს ასევე ჩამოერთვათ ნარკოვაჭრობის შედეგად მიღებული თანხა და უკანონო შემოსავლებით შეძენილი ქონება - ერთი საცხოვრებელი ბინა და 5 სატრანსპორტო საშუალება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურამ  9 მოქალაქის მიმართ, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე დაკავებულ ა.გ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის თებერვლში კომპანია - შპს „ამერიკან ტრანსი“ დაარსდა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილებს ყიდულობდა და საქართველოში ჩამოჰყავდა. 2019 წელს შპს „ამერიკან ტრანს“-სა და მის წარმომადგენელს ა.გ.-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში რეგისტრირებული სხვადასხვა კომპანიის მიმართ სოლიდური დავალიანება დაუგროვდათ და ვინაიდან, ვეღარ მიიღებდა ავტომანქანებს, ა.გ. -მ დავალიანების დაფარვის მიზნით, მოტყუებით, თითქოსდა სასურველ ავტომობილებს ჩამოიყვანდა, ნდობის ბოროტად გამოყენებით, 9 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 336 772,27 ლარს თაღლითურად დაეუფლა. სამართალდამცველებმა ა.გ. 2021 წლის 28 აპრილს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით 72-ხმით მიიღეს. კანონის მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. გარდა ამისა, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები. ცვლილებები შევა სამ მუხლში: 116-ე, 173-ე და 247-ე. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნულ მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ხელმეორედ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით. ახალი რედაქციით ყალიბდება ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა - სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით. რაც შეეხება 247-ე მუხლს, რაც ადმინისტრაციული დაკავების ვადებს გულისხმობს, ცვლილებით დგინდება, რომ დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება. პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა. მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ამასთან, ინიცირებულია ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, შესაბამისად, შესავალ სიტყვაში სამართლებრივ დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ. კონდახიშვილის თქმით, აღნიშნული სასამართლო პროცესი მართლმსაჯულების იმიტაციაა და თავის მოტყუებად მიაჩნიათ, სამართლებრივ დეტალებზე საუბარი. ადვოკატმა პროცესის გადადება იმ ვადით ითხოვა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს შესავალი სიტყვა უნდა წარმოეთქვა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის წინა პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.

ვენეციის კომისია „საერთო სასამართლოების შესახებ“  კანონში ცვლილებებს მიესალმება, თუმცა რიგ საკითხებზე გაუმჯობესების საჭიროებაზე მიუთითებს

ვენეციის კომისია საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ დასკვნაში აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები მისასალმებელია, მაგრამ საჭიროა დადებითი დინამიკა გასაჩივრებისა და თანასწორობის მნიშვნელოვანი უფლების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ Europetime-ს ევროპის საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს. ვენეციის კომისია თავის დასკვნაში მიესალმება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელშიც გაითვალისწინეს მისი რამდენიმე წინა რეკომენდაცია. მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონმდებლობის კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და სამართლიანი მოპყრობა ყველა კანდიდატის მიმართ. რაც შეეხება გასაჩივრების მექანიზმს, ვენეციის კომისია მიესალმება, რომ იუსტიციის საბჭოს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ახლა ღიაა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში შემდგომი გასაჩივრებისთვის. ამასთან, ვენეციის კომისია იმეორებს თავის ადრინდელ რეკომენდაციას, რომ განხილული უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, რომელიც მიიღებს ახალ (მეორე) გადაწყვეტილებას იმავე კანდიდატზე უზენაესი სასამართლოს პალატაში გასაჩივრების შემდეგ. გარდა ამისა, დანიშვნის პროცედურა უნდა გადაიდოს, ვიდრე პალატა მიიღებს გადაწყვეტილებას. „ეს რეკომენდაციები შემუშავებულია, რათა გასაჩივრების მნიშვნელოვანი უფლება იყოს უზრუნველყოფილი“, - აცხადებს ვენეციის კომისია. „არსებულ სიტუაციაში, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას სურს, შეინარჩუნოს მიმდინარე კონკურენცია, რომლის დროსაც პირველადი გასაუბრება უკვე ჩატარდა ძველი წესების თანახმად და ახალი გასაუბრება ახალი წესების მიხედვით იმართება, სიფრთხილეა საჭირო, რადგან იწვევს შეშფოთებას კანდიდატთა მიმართ თანაბარ მოპყრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დასკვნაში. პრესრელიზის ბოლოს მითითებულია, რომ დასკვნა 2021 წლის 8 აპრილს საქართველოს პარლამენტის სპიკერმა მოითხოვა და ის მომზადდა სწრაფი რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.

ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია "ENKA" სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

წყალტუბოს მაგისტრატმა სასამართლომ „ენკა რინიუებზლის“ მიმართ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების დარღვევის გამო, ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია 5 000 ლარით დააჯარიმა. როგორც ცნობილია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კომპანიას ედავება მოსამზადებელი სამუშაოების ისე დაწყებას, რომ არ შეასრულა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული 15 პირობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიუთითა შპს "ენკა რინიუებზლის" მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის 28 თებერვლის #2-91 ბრძანების საფუძველზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებითა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის შესახებ და წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება. სასამართლო პროცესის პარალელურად "რიონის ხეობის მცველები" აქციას მართავდნენ. მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძის მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ აქცია წყალტუბოს მერიასთან გადაინაცვლებს.

პრეზიდენტმა გიორგი რურუა შეიწყალა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტი გამოსცა. „მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემისიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს! ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში! ყველას გისურვებთ წარმატებას“, - წერს პრეზიდენტი

წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე, სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციები მკაცრდება და ჯარიმების რაოდენობა იზრდება. კომიტეტმა საკითხი დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილებები შედის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებში. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ეხება და მოქმედი კანონმდებლობით ითვალისწინებს 500 ლარით ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას. ცვლილებების თანახმად კი, თუ პირი განმეორებით ჩაიდენს წვრილმან ხულიგნობას, ის უკვე 1 500-დან 2 000 ლარამდე დაჯარიმდება. რაც შეეხება 173-ე მუხლს, დღეს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამართალდამცველის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე გათვალისწინებულია ჯარიმა 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე. ცვლილებების მიხედვით - ჯარიმა პირველი სამართალდარღვევის შემთხვევაში განისაზღვრება 2 000-დან 3 000 ლარამდე, განმეორების შემთხვევაში კი, პირი დაჯარიმდება 3 500-დან 4 500 ლარამდე. ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით განისაზღვრება. კანონპროექტის ინიციატორები არიან ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, გიორგი ამილახვარი, გურამ მაჭარაშვილი და კახა კახიშვილი.

ევროკავშირი, ვაქცინის მიწოდებაში წარმოქმნილი შეფერხების გამო, AstraZeneca-ს უჩივის

ევროკომისიამ განაცხადა, რომ ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. "კომისიამ AstraZeneca- ს წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედება გასულ პარასკევს დაიწყო", - განაცხადა ევროკომიის სპიკერმა პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა. "კონტრაქტის ზოგიერთი პირობა არ არის დაცული და კომპანია არ არის მზად, რომ შეიმუშაოს საიმედო სტრატეგია დოზების დროული მიწოდების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა სპიკერმა. ვაქცინის მწარმოებელმა კომპანიამ AstraZeneca-მ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ სარჩელს სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. "AstraZeneca-მ სრულად შეასრულა ევროკომისიასთან დადებული წინასწარი შესყიდვის შეთანხმება და მკაცრად დაიცავს თავს სასამართლოში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დავა არ არის დამსახურება და ჩვენ მივესალმებით ამ შესაძლებლობას, რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ ეს დავა", - განაცხადა ომპანიამ. მათი განმარტებით, აპრილის ბოლომდე კომპანია ევროპის ქვეყნებს ვაქცინის 50 მილიონ დოზას მიაწვდის.

სუსი: 2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო

2020 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 12 საქმეზე, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში ხუთ საქმეზე. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. ალექსი ბატიაშვილის თქმით, დაფიქსირდა მნიშვნელოვან პროცესებზე გავლენის მოხდენისა და არეულობის შექმნის მცდელობები, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით, მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს. „ამასთანავე, გასულ წელს აღნიშნული დეპარტამენტების მიერ მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სხვა საგამოძიებო უწყებებში გამოძიება დაიწყო რამდენიმე ათეულ საქმეზე. ამავე დროს, ცალკეული ქვეყნები, საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, განაგრძობდნენ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე ნეგატიური ზემოქმედების მცდელობებს. საქართველოს თავდაცვის სისტემების NATO-ს სტანდარტებთან მიახლოების პროცესში, აღნიშნული აქტორების განსაკუთრებული დაინტერესების საგანს წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები და თავდაცვის სფეროში მიმდინარე აქტივობები. 2020 წელს უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებისგან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებას“, – აღნიშნა ალექსი ბატიაშვილმა.

თურქეთში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, 532 ადამიანის დაკავების ორდენი გაიცა

Anadolu Agency-ს ინფორმაციით, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის პროკურატურამ 532 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. როგორც ცნობილია, ეჭვმიტანილებს შორის 459 სამხედროა, მათ შორის, 4 პოლკოვნიკი, ერთი ვიცე-პოლკოვნიკი, 9 მაიორი და 24 კაპიტანი. ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. დაპირისპირებას მაშინ 251 ადამიანი ემსხვერპლა, 2 200-მდე კი, დაშავდა.

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სსსკ-ის 126-ე მუხლით, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის, ნიკოლოზ დიასამიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკითხვაზე ორი პირი იმყოფება. მისი თქმით, მოხდება ინციდენტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება. სალხინოს მამათა მონასტრის ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავები რჩებიან. სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში დღეს ხმაური იყო. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ეკლესიის ეზოში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. ბიზნესმენის გამოჩენას გაღიზიანება მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდან, რომლებსაც ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა. ტაძრის ეზოში იყო ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება.

ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფულის მოპარვის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ბ.ხ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ხ.-მ ქალაქ ზუგდიდში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტიდან დიდი ოდენობით ფული მოიპარა და მიიმალა. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული რამდენიმე საათში, ქალაქ ზუგდიდში დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მოპარული ფული. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. დანაშაული 3-⁠დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს და ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ვიდეოკონფერენციის ფორმატის შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან, აგნე ბილოტაიტესთან. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობას 2021-2022 წლებში. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დოკუმენტით განსაზღვრულ სფეროებში, როგორიც არის: საგანგებო სიტუაციების მართვა, პროფესიული განათლება, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოება და სხვ., თანამშრომლობას განახორციელებენ საერთო პროექტებსა და პროგრამებში მონაწილეობის, გამოცდილებისა გაზიარების, სამუშაო ვიზიტებისა და ტრენინგების ორგანიზების გზით. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართ. ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან ღვაჩლიანმა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა, ანდრიუს კალინდრამ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ინტერპოლმა საქართველოს მოქალაქეზე ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოაცხადა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეზე, 21 წლის გოგი დოლიძეზე საერთაშორისო ძებნა ყვითელი ცირკულარით გამოცხადდა. როგორც ცნობილია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-12 კლასის მოსწავლე, გოგი დოლიძე 2017 წელს გაუჩინარდა. ქართველი სამართალდამცველების ინფორმაციით, გოგი დოლიძე 2017 წლის 7 დეკემბერს სოფელ ბობოყვათიდან ქობულეთში გაემგზავრა და მისი კვალი სწორედ იქ გაქრა.

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პროკურატურამ თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, თბილისში, ნასიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების მუხლებით ო.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 20 აპრილს, ქ. თბილისში, მჭიდროდ დასახლებულ სულხან ნასიძის ქუჩაზე, სადაც მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ, ო.ა.-მ შურისძიების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან ლ.ა.-ს მიმართულებით რვა გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ლ.ა.-მ ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო. ო.ა.-ს ქმედებით ასევე საფრთხე შეექმნა სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. სამართალდამცველებმა ო.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება გამოძიების პირველ ეტაპზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში. თბილისში, ნასიძის ქუჩაზე სროლის საქმეზე შსს-მ ერთი პირი დააკავა