სამართალი
თურქეთის თვითმფრინავს, რომელიც საქართველოში ჩამოვარდა, F-16-ების სათადარიგო ნაწილები გადაჰქონდა - მედია
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, თურქეთის სამძებრო-სამაშველო და ავარიების გამოძიების ჯგუფმა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან კოორდინაციით დაიწყო საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ნარჩენების შესწავლა. კატასტროფის შედეგად, თურქეთის საჰაერო ძალების C-130 ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. ნარჩენები ქოლაგირის მონასტრის მახლობლად იყო მიმოფანტული და პირველად ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, საქართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ავიაციის უსაფრთხოების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. გამოძიება კოორდინირებული წესით, თურქეთისა და აზერბაიჯანის პირდაპირი მხარდაჭერით მიმდინარეობს. თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავში C-130, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ასაფეთქებელი ნივთიერებები ან ასაფეთქებელი მოწყობილობები არ ყოფილა. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო apa იუწყება. სააგენტოს მიერ ინფორმირებული წყაროსგან ექსკლუზიურად მოპოვებული ცნობებით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების, F-16 სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ. თურქეთის არმიის F-16-ები 8 ნოემბერს ბაქოში მონაწილეობდნენ ყარაბაღისთვის ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად დაესწრო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც. სააგენტო apa ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი 10 ნოემბერს დაეშვა აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროპორტში, ეკიპაჟს აეროპორტის ტერიტორია არ დაუტოვებია, თურქეთში გაფრენამდე კი, უსაფრთხოების წესების დაცვით ჩატარდა შემოწმების პროცედურა, რაც აეროპორტის ვიდეოკამერებითაა დაფიქსირებული. სააგენტოს წყაროს ცნობით, თვითმფრინავის(მისი ბოლო კაპიტალური რემონტი 2020 წელს ჩატარდა) კატასტროფის მიზეზთა გამოძიება კონცენტრირებულია ორ შესაძლო ვერსიაზე - ხანგრძლივ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტექნიკური გაუმართაობა და კორპუსის შესაძლო კოროზია, რომელსაც მაღალი წნევის ზემოქმედებით შესაძლოა, კონსტრუქციის დაშლა მოჰყოლოდა და ტვირთის არასწორად დამაგრება, რასაც ტურბულენტობის ან მკვეთრი მანევრის დროს შესაძლოა, გამოეწვია ტვირთის გადაადგილება და სერიოზული შიდა დაზიანება. ცნობისთვის, 11 ნოემბერს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ბორტზე 20 პირი იმყოფებოდა. მომხდარს გამოეხმაურა NATO-ს გენმდივანი. "ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთს და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს და ღრმად მადლიერები ვართ ყველაფრისთვის, რასაც თურქეთის შეიარაღებული ძალები და ალიანსის ყველა, ჩვენს სამხედრო ფორმაში მყოფი კაცი და ქალი ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად," - წერს მარკ რუტე X-ზე. დღეს, 12 ნოემბერს, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელები გამოაქვეყნა. The Associated Press-ი თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 20-ვე პირი დაიღუპა. „ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან აფრინდა და ჩვენი ქვეყნისკენ მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა იაშარ გულერმა. ამასთან, თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელებს და ფოტოებს ავრცელებს. რა ტიპის არის თურქეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც, ძებნა-შველის სამუშაო დაიწყო. თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა. ერდოღანი: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“
თურქეთი საქართველოში, სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის
სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას თურქეთი საძიებო-სამაშველო ჯგუფსა და დრონს აგზავნის. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო ავრცელებს. მედია წერს, რომ საქართველოში თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (AFAD) საძიებო-სამაშველო ჯგუფი მიემართება. ვინაიდან, თვითმფრინავი მთიან რეგიონში ჩამოვარდა, საქართველოში განსაკუთრებული ტიპის სამაშველო ჯგუფი მიემართება. ამავე ინფორმაციით, თურქეთმა საძიებო-სამაშველო სამუშაოში დასახმარებლად, Akıncı-ს დრონი გამოუშვა, რომელიც საძიებო სამუშაოს რამდენიმე საათში შეუერთდება. სიღნაღის მუნიციპალიტეტში თურქული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ერდოღანი: „დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა“
„დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა, ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება,“ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. “დღეს დიდი მწუხარებით შევიტყვეთ, რომ ჩვენი C130 სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მოემართებოდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ჩამოვარდა. ნამსხვრევებამდე მიღწევის ჩვენი მცდელობები ეროვნულ ხელისუფლებასთან კოორდინაციაში გრძელდება. ღვთის ნებით, ამ კატასტროფას მინიმალური დანაკარგებით გადავიტანთ. ღმერთმა შეინდოს ჩვენი დაღუპულები და მათთან ერთად ვართ ლოცვებში,” - განაცხადა ერდოღანმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მედიის ცნობით, საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ილჰამ ალიევმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადა. ერდოღანმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა უთხრა სატელეფონო ზარისთვის და გამოთქმული მწუხარებისთვის. „სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები კონტაქტში იმყოფებიან ინციდენტთან დაკავშირებით”, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის თაობაზე ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ესაუბრა და დახმარება შესთავაზა საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის.
დაკავებულია ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილ მინისტრთან ჩხრეკა ჩატარდა
სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ ბრიფინგზე განაცხადა. ახალაიამ აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლიც გაიჩხრიკა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის საქმეს. „ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, რომელიც სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი გახლდათ. ასევე, კომპლექსური ღონისძიების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან - სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე. როგორც უკვე ცნობილია, დაკავებულები იყვნენ სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი, რომლებმაც სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ გირაო შეეფარდათ. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 211 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულები არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები. გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში, ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის კობა გაბუნიას დავალებით სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-იდან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს. აღნიშნულ და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ვაგრძელებთ ინტენსიურ ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს რათა უზრუნველყოფილი იქნას კორუფციულ დანაშაულებში მონაწილე პირთა მხილება, პასუხისგებაში მიცემა და კორუფციული ფაქტების მაქსიმალური პრევენცია,“ - განაცხადა ახალაიამ.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა ერთმილიონიან გირაოს ითხოვს
საქართველოს პროკურატურა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ერთი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს. გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. „ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე, უძრავი ქონებით. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა,“ - განაცხადა გვარაკიძემ. პროკურატურის ცნობთ, ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას და იღებდა არალეგალურ შემოსავლებს - დეკლარაციებში უთითებდა, თითქოს საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს - მისი ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს. განახლება: ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით ერთმილიონიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა. სუს-ი: ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი
სუს-ი: ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი
სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა. ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. სუს-ში აცხადებენ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს როგორც ირაკლი ღარიბაშვილის ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარეობს ინტენსიური, კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებთან დაკავშირებითაც წინა დღეების განმავლობაში ჩატარდა სხვადასხვა, მათ შორის, ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მათთან დაკავშირებული პირების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკები. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე წუთის წინ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე და ხსენებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ერთ-ერთ დაკავებულ პირთან დაკავშირებით. დამატებით, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ, როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას,“ - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ.
სუს-ი: ყოფილი მაღალჩინოსნების სახლების ჩხრეკისას ამოღებულია 7 მლნ დოლარი და ძვირფასეულობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 17 ოქტომბერს ჩატარებულ საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები. სუს-ის განცხადებით, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში, 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით. „გუშინ, დილის 10 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიჩხრიკა 24 ბინა და საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა პირადი ჩხრეკები. ღონისძიება ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე, დედოფლისწყაროს, ვანის, ჩოხატაურისა და ბორჯომის რაიონებში. გაიჩხრიკა მოქალაქეების ირაკლი ღარიბაშილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია, იგივე სანდრო ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები,“ - განაცხადე სუს-ში გამართულ ბრიფინგზე. ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა - პროკურატურა
ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის სახლების და პირადი ჩხრეკა ჩატარდა - პროკურატურა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ რვა პირის საცხოვრებელი ბინების, სახლების და პირადი ჩატარდა. ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. „განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და სისხლის სამართლის საქმეების მნიშვნელობიდან გამომდინარე მსურს საზოგადოებას მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია: საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტებში, სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს დილის 10 საათიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად, ჯამში 22 ლოკაციაზე, მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა. ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის - გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის - ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული, სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების/სახლების და პირადი ჩხრეკები. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ხსენებულ საქმეებზე აქტიურად ტარდება საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე, საზოგადოებას პერიოდულად, დამატებით მივაწვდით ინფორმაციას," - განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.
2008 წლის ომში ჰოლანდიელი ჟურნალისტის დაღუპვის საქმეზე, ევროსასამართლომ რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრა
7 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სტორიმანს-ფერჰულსტი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ დაადგინა, რომ სტან სტორიმანსის წინააღმდეგ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილი. სასამართლომ მომჩივნების სასარგებლოდ, მორალური ზიანისთვის ანაზღაურებისთვის რუსეთის ფედერაციას 10 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ჟურნალისტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისას მოკლეს. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ „არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება შემოიფარგლა ზოგადი უარყოფებითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით.“ ოპერატორი სტენ სტორიმანსი, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორში მოკლეს, კასეტური ბომბის მსხვერპლი გახდა. ეს ბომბი იმ ტიპის რაკეტიდან იყო გამოსროლილი, რომელიც ”მხოლოდ რუსეთის სამხედრო არსენალში მოიპოვება.” ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა, მისი კოლეგები კი, ჰოლანდიელი ჟურნალისტი იერონ აკერმანსი და ისრაელელი რეპორტიორი ცადოკ იეჩესკელი მძიმედ დაიჭრნენ. „ამ ბრალდებების სიმძიმისა და ნიდერლანდების გამოძიების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადადგა არანაირი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და მათი რეაგირება ზოგადი უარყოფითა და დამატებითი მტკიცებულებების მოთხოვნით შემოიფარგლა,“ – განაცხადა სასამართლომ 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილი, რაც გულისხმობს საქმის ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების დარღვევას, და რუსეთს სტორიმანსის ქვრივისა და შვილებისთვის არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ევროს გადახდა დააკისრა. იგივე თანხა უნდა გადაუხადოს რუსეთმა სტორიმანსის ორ კოლეგას, თითოეულს, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპის საბჭოდან 2022 წელს გარიცხეს, ის იურიდიულად ვალდებულია, გადაიხადოს კომპენსაცია მანამდე მომხდარი დარღვევებისთვის. ცნობისთვის, მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია Stichting Justice Initiative-თან ერთად იცავდა.
სუს-მა სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავა, ერთზე ძებნა გამოაცხადა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის და თაღლითობაში დახმარების საქმეზე ხუთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს ,,B.P. TRANS“ - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო შპს „B.P. TRANS“ -ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბ.პ.-ს დაუსწრებლად წარედგინება ბრალდება და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბ.პ, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გარდა ამისა, აღნიშნული საქმის ფარგლებში ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულში თანამონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილების და შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრა/დაზუსტების მიზნით. საზოგადოებას გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენი თვითმიზანი არ არის ადამიანების დაკავება, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ კორუფციული ფაქტების გარანტირებული პრევენცია. შესაბამისად, აქვე შეგვიძლია მივმართოთ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული კორუფციულ გარიგებებში - გამოძიებასთან თანამშრომლობა კანონის ფარგლებში მოქცეული სერიოზული შეღავათი იქნება თითოეული მათგანისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს შეურიგებელ ბრძოლას კორუფციასთან და საზოგადოების ინფორმირებას ამ მიმართულებით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.
პროკურატურა: უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ
საქართველოში დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება 2022-2024 წლებში 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე დამატებით შეკითხვებს არ უპასუხეს. დაკავებულის ვინაობა არ გასაჯაროებულა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთან წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, სისტემატიურად უზრუნველყოფდნენ საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავებით, მოსაზღვრე ქვეყნებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოური ვალუტის შემოტანას და თანხის თავშეყრის ადგილას - ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიწოდებას. პროკურატურის ცნობით, დაკავებულმა ამ გზით შეგროვებული თანხა სხვადასხვა ბანკში მიიტანა, „ვითომ სავალუტო საქმიანობის ფარგლებში მიღებული კანონიერი შემოსავალი, რის დამადასტურებლადაც კომერციულ ბანკებს მიეწოდა წარმომავლობის შესახებ ყალბი მონაცემები“: „ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული თანხები, სხვა პირებზე გადაცემის და შემდგომი განკარგვის, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენის გზით, მიმართული იქნა ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაი.“ დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სუს-ში გაკეთდა. უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. "ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავისთვის და ვ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ - გ.ხ-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა - ვ. ღ. - მ, მინისტრის ახლო ნათესავის - ვ. მ.-ის დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი. ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, რომლის ლეგალურ წარმომავლობას იგი ვერ დაასაბუთებდა, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია.ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით," - განაცხადეს სუს-ში.
ლევან ხაბეიშვილი დააკავეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული. სუს-ში განაცხადეს, რომ „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“ „ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემების თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებებს განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის გადახდას," - განაცხადეს სუს-ში. ლევან ხაბეიშვილის გარდა, მურთაზ ზოდელავაც დაკავებულია. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. „ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადეს სუს-ში.
მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია და ის მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდებულის საბოლოო სიტყვა მოისმინა, რის შემდეგაც მან განაჩენი გამოაცხადა. ცნობისთვის, ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 დემონსტრანტს მოსამართლემ 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლეს მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია, მან პირდაპირ სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა. გალუსტაშვილის განმარტებით, დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. 8 დემონსტრანტის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
რუსთაველზე, აქციაზე 20 პირი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა. შსს-ს ინფორმაციით, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ. „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. „რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 20 პირი დააკავა. აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
8 დემონსტრანტის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი, 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კერძოდ, სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და სცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს. ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. ცნობისთვის, ცნობისთვის, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ გადააკვალიფიცირა ბრალდების მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის ნაცვლად, 353-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გამოიტანა საპატიმრო სასჯელი. დაცვის მხარე ბრალდებულის გამართლებას ითხოვდა. მზია ამაღლობელს ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ეს მუხლი გადააკვალიფიცირა შედარებით მსუბუქი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს მიმართა და განუმარტა, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, „პრეზიდენტს შეწყალების თაობაზე მიმართოს.“