სამართალი
"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრ ბორის ყურუასა და "ახალის" წევრ ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ
პარტია „ახალის“ წევრს ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ნოდარ ჩაჩანიძის განცხადებით, თავდამსხმელებს მანქანა ელოდებოდა და ადგილი მისი საშუალებით დატოვეს. „ორი ადამიანი მელოდებოდა სადარბაზოსთან, ორი ადამიანი კიდევ მანქანაში იჯდა. წამოვიდნენ ორი მხრიდან. მე და ჩელე ერთად წამოვედით და მასაც დახვდნენ და მეც. მირტყეს წიხლები, წავიქეცი და რამდენიმე წამში წავიდნენ. ძალიან მალე მოხდა ყველაფერი. ხალხი იყო ირგვლივ ბევრი და ვერ შეძლეს ცემის დიდხანს გაგრძელება,“ - განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ. თავს დაესხნენ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრს, ბორის ჩელე ყურუასაც. ის Facebook-ის გვერდზე წერს, რომ რამდენიმე პირმა სცემა. დაშავებულის ფოტოებს პარტია ავრცელებს. ის კლინიკაში გადაიყვანეს. 9 მაისს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში 4 ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრს, გიორგი მუმლაძეს. მისი თქმით, თავდამსხმელები მის საცხოვრებელ სახლთან ავტომობილით იდგნენ და უთვალთვალებდნენ, თავს კი მას შემდეგ დაესხნენ, რაც დაინახეს, რომ მათ ტელეფონით უღებდა ფოტოს და ვიდეოს. გასული 24 საათის განმავლობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ ამავე პარტიის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, დიპლომატ გია ჯაფარიძეს, აქტივისტ ლაშა ღვინიანიძეს, მუსიკოს გიორგი შენგელიას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“
ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს
პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა. უცნობია, სად გადაიყვანეს ბლოგერი. პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს. ადგილზე იმყოფებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომელთაც ბლოგერის სახლთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ. თავად უჩა აბაშიძეც კანონპროექტის აქტიური კრიტიკოსი და მოწინააღმდეგეა. ადვოკატის განცხადებით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. „იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო,“ - განაცხადა ადვოკატმა.
შსს-ს განცხადებით, 8-9 მაისის აქციებზე ექვსი პირია დაკავებული
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს. ყველა დაკავებულს ბრალი ედება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულებში, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ნივთის დაზიანებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თამაზაშვილმა განაცხადა, რომ „აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში ისროდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.“ თამაზაშვილის თქმით, 15 აპრილიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ცკპდ-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა. საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებდა თვალს, რომ მიმდინარე აქციების პერიოდში, პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს. აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები. საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერებსა და თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთს. აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8-9 მაისს 6 პირი დააკავა. კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო. ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი. 1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები. 1-ელ მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა. ასევე, პირველ მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება," - განაცხადა თამაზაშვილმა. ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის შეფასებით, თბილისში გამართული აქციები მშვიდობიან ხასიათს ატარებს და პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა უკანონოა, ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ თავს დაესხნენ
ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრი დიმიტრი ჩიქოვანი აცხადებს, რომ მას თბილისში, საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ. ფოტოებზე ჩანს, რომ ის ნაცემია. დიმიტრი ჩიქოვანი მასზე ძალადობას მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ამ პარტიის მიერ ინიციირებული „აგენტების კანონის“ გაპროტესტებას უკავშირებს. შეგახსენებთ, პოლიციელებს ძალადობაში ასევე ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის“
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას შეისწავლის. ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ავრცელებს. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ბოლო დღეების განმავლობაში, უცნობი პირები პირად სატელეფონო ნომრებზე უკავშირდებიან მოქალაქეებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის უცნობი პირების მიერ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების დამუშავების კანონიერებას,” - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 7 მაისიდან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან მათთან შედის სატელეფონო ზარები, რომლებიც ე.წ. "რუსულ კანონს" უკავშირდება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. საია მოუწოდებდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებულიყვნენ ამ მოვლენით. „2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება. პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით. ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება. მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, და, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია,” - წერია საია-ს განცხადებაში.
შსს აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ თბილისში ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარე აქციები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იშლება. უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მან დეზინფორმაცია უწოდა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებაზე. მისი საუბრის დროს, ბრიფინგის ოთახში დადგმულ მონიტორზე გადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში აქციის დაშლისას გადაღებული კადრები, რომლებიც სამართალდამცველთა მიერ გამოყენებულ ზომებს ასახავდა. კუპატაძის თქმით, „ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება, კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.“ „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის განცხადებით, „როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ. ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა. განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით. ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს. ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული," - განაცხადა კუპატაძემ. ომბუდსმენი: პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო პრეზიდენტი შს მინისტრს მოუწოდებს, დაუყონებლივ შეწყვიტოს „შიშველი ხელებით მოსული ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა“
შსს განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ „გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება.“ როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „დაგეგმილი იყო ასევე, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა.“ „გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალები და აქციების ორგანიზატორები გეგმავდნენ მოეწყოთ ე.წ. პერფორმანსი, კერძოდ, მოეხდინათ ვითომდა სამართალდამცველების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ინსცენირება, ასევე, აპირებდნენ, რომ ჩაეცვათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების ფორმა და გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების მონაწილეები შეკრება-მანიფესტაციის დროს, ასევე, სხვადასხვა მედიის საშუალებით მიმართავენ პოლიციელებს და მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ მათ პროტესტს. იმის გამო, რომ მათ მიერ დასახული მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, აქციის მხარდამჭერები სხვადასხვა სოციალურ ქსელში ღიად სვამენ კითხვებს, იმის თაობაზე თუ როგორ არის შესაძლებელი პოლიციის უნიფორმისა და ეკიპირების მოძიება. მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, აქციის ორგანიზატორებსა და მსგავსი განზრახვის მქონე პირებს, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართალდამცველთა პროფესიულ საქმიანობას,“ - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს პარლამენტმა სადავო კანონპროექტი მეორე მოსმენით ოთხშაბათს, 2 მაისს, დაამტკიცა. თბილისში ხალხმრავალი პროტესტი გრძელდება. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს.
გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა
2 მაისის საღამოს და 3 სამი მაისის ღამეს, ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 მოქალაქე დააკავა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველა დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ცნობილია, რომ 2 მაისს გმირთა მოედანზე დაკავებულთა შორის არიან მუსიკოსები, ჯგუფ "ქვემეხის" წევრი სანდრო ქერაული და ჯგუფ Bedford Falls-ის წევრი მიხო კალანდარიშვილი. ომბუდსმენი გმირთა მოედანზე გამართულ აქციაზე: ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა
პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე, პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ჩიტაძის ქუჩაზე, „წიწაკის სპრეი“ და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.“ „მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეების გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება, ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, მშვიდად გამოხატონ პროტესტი, არ დაუშვან ძალადობრივი ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მითითებას. კანონდარღვევის ნებისმიერ ქმედებებზე პოლიცია სამართლებრივ რეაგირებას მოახდენენ,“ წერს შსს. საღამოს 8 საათისთვის პარლამენტმა მეორე მოსმენითაც მიიღო სადავო კანონპროექტი. მოსმენა მოსმების თარიღი ჯერ დაუზუსტებელია. პლენარული სესიის პარალელურად საპროტესტო დემონსტრაცია დაიწყო. საღამოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა უსაფრთხოდ დატოვეს პარლამენტის შენობა, ხოლო პოლიციამ „სრულად დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.“ 30 აპრილისა და პირველი მაისის ღამით, რუსთაველის გამზირზე, დაძაბულობისა და დაპირისპირების შემდეგ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ხმაურის ფონზე გრძელდება. მმართველი პარტია მწვავე საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, სადავო კანონის დაცვას განაგრძობს. შსს-მ განაცხადა, რომ „კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება" მას შემდეგ დაიწყო, რაც „აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს" და მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი. სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მის ხელისუფლებას მოვუწოდებ, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყოს“ - პარტნიორების გამოხმაურება
შს მინისტრის მოადგილე: აქციაზე დაკავებულია 63 ადამიანი, დაშავდა 6 პოლიციელი
რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, 166-ე და 173-ე მუხლებით, 63 პირი დააკავეს,“ - განაცხადა დარახველიძემ. ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ „პარლამენტის შენობასთან გამართული აქცია არ ჯდებოდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში და მოქალაქეები ხელოვნურად კეტავდნენ საგზაო მოძრაობას სხვადასხვა ქუჩაზე ღამის განმავლობაში.“ მისი თქმით, დაშავდა 6 სამართალდამცველი. "კადრებში კარგად ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როდესაც ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება. ლევან ხაბეიშვილი დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას,“ - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას. მისივე განმარტებით, პოლიციელების დაზიანებების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლით გათვალისწინებულ დანაშაულს იძიებს, თავად პოლიციელების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს კი სავარაუდოდ შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. „საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, სახალხო დამცველის შეფასებით, პოლიციამ მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება, აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტის დარღვევით დაიწყო. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეეწყვიტა თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი აქციის დაშლა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
შსს აქციაზე „სპეციალური საშუალებების გამოყენებას“ ადასტურებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აქციაზე სპეციალური საშუალებები გამოიყენა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა ტიპის ნივთიერებაზეა საუბარი. როგორც მედიასაშუალებების მიერ გავრცელებლი ვიდეოდან ირკვევა, პარლამენტის უკანა მხარეს, ძმები ზუბალაშვილებისა და ჭიჭინაძის ქუჩის კვეთაზე, 9 აპრილის პარკთან, ვითარება დაიძაბა. პოლიციელებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომელბიც ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტს აპროტესტებენ, სპეციალური საშუალება გამოიყენეს. შსს აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მათ სხვადასხვა საგანი ესროლეს. მედიაში გავრცელებული ცნობით, პოლიციის მხრიდან სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგად, მოქალაქეებს პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე. მიუხედავად ადგილზე მყოფი პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებისა, რომ გაეთავისუფლებინათ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის საკანონმდებლო ორგანოს გამოსასვლელები, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ასევე, მათი მიმართულებით ისროლეს სხვადასხვა საგანი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, პოლიტიკურ ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერს შსს. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეები, რომლებიც მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებოდნენ, კვლავ პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ. ადმინისტრაციის შესავლელთან რჩებიან პოლიციელები, ასევე ეზოში მობილიზებულია სპეცრაზმი. აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მსვლელობით მივიდნენ, მათ გადაკეტილი ჰქონდათ ინგოროყვასა და სულხან საბას ქუჩა. დემონსტრანტები გზის სავალ ნაწილზე ისხდნენ და ავტომობილებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ. დღეს, პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავდა სადავო კანონპროექტს. მოსმენა ხვალ გაგრძელდება.
შსს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. შესაბამის განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, სამართალდამცველები მობილიზებულები არიან და იცავენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას.საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარშემო შეკრებილნი არიან აქციის მონაწილეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების პარლამენტის შენობიდან უსაფრთხოდ გადაადგილებისა და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთანაც იმყოფებიან და მოუწოდებენ შეკრებილებს, გაათავისუფლონ პარლამენტის შენობის შესასვლელი და გამოსასვლელი სივრცეები. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება, აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და თითოეულ მონაწილეს მოუწოდეს, არ დაარღვიონ კანონი, დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებას და უზრუნველყონ, რომ აქციამ ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში. კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება მოჰყვება,“ წერს შსს. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. დღეს, 21:00 საათზე, რეგლამენტით დადგენილ დროს დასრულდა პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც „აგენტების კანონს“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავდნენ. 30 აპრილს 11 პუნქტისგან შემდგარი კანონპროექტის მხოლოდ სამი მუხლზე მსჯელობა დასრულდა. კანონპროექტის განხილვა პირველ მაისს გაგრძელდება. სხდომის განმავლობაში კანონპროექტის მომხსენებელ ანრი ოხანაშვილსა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის არაერთი სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
სასამართლომ 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობის საქმეზე დედას 3 წლით, ბიძას კი, 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა
14 წლის აითაჯ შახმაროვას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილის გადაწყვეტილებით, ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ ცნეს. 13 წლის აითაჯ შახმაროვას ქორწინების იძულებისთვის დედასა და ბიძას 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი, ნატიკ მაგარამოვს 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეგანა მაგარამოვს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დიდმა სასჯელმა მცირე სასჯელი შთანთქა და საბოლოოდ ბიძას, 3 წლითა და 6 თვის ვადით, დედას კი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ნატიკ მაგარამოვმა საბოლოო სიტყვაში განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას დედას, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ამ საქმეში უდანაშაულო, უფრო მეტიც, დაზარალებულია. „ამ საქმეში დაზარალებული ვარ, რომელ დედას ენდომებოდა შვილი ასე გამოსცლოდა? ამ საქმეში უდანაშაულო ვარ, 7 თვეა, რაც უდანაშაულოდ ვზივარ, ჩემი შვილი სადაა დაკრძალული, ესეც არ ვიცი, მის საფლავზეც არ მივსულვარ. ბავშვი ჩემი გაზრდილი იყო, რა სიმწრით გავზარდე შვილები, ეს ვინ იცის, ჩემი შვილების გამო სიკვდილზეც წამსვლელი ვიყავი. ჩემზე მეტად დაზარალებული არავინაა," - განაცხადა მაგარამოვამ. საქმის პროკურორი, ხატია გოგრიჭიანი აცხადებდა, რომ საქმეზე ბრალდებულების წინააღმდეგ როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებები არსებობს, რომლებიც ბრალდებულების მხრიდან 13 წლის ბავშვის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს - ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას უტყუარად ადასტურებენ. აითაჯ შახმაროვას დედისა და ბიძის ადვოკატები ბრალდების მხარისგან განსხვავებით, გამამართლებელ განაჩენს ელოდებოდნენ. ცნობისთვის, მოკლული აითაჯ შახმაროვას დედა და ბიძა, პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებენ. მათი განმარტებით, გოგონა საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე გათხოვდა. რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას მკვლელობას, აღნიშნულზე ალიმ სადიკოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მოკლული არასრულწლოვანი წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან იყო.
აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი გაათავისუფლეს
ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა. მორიგი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ მაისს, 12:00 საათზე დანიშნა. „სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს, მიუხედავად იმისა, უამრავ ვიდეოკადრშია დაფიქსირებული ჩემი მცდელობა, რომ სიტუაცია ნორმალიზებულიყო და მოწესრიგებისკენ ყოფილიყო მიმართული. ამ ვითარებაში მოხდა ჩემი დაკავება, რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი, უსამართლო და უკანონო იყო,“ აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა გათვისუფლების შემდეგ მედიასთან. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ალექსი პეტრიაშვილი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია
"რონდელის ფონდის" უფროსი მკვლევარი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილის ღამეს "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო ხალხმრავალ აქციაზე პარლამენტის შენობასთან დააკავეს, კვლავ წინასწარი დაკავების იზოლატორშია. სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ალექსი პეტრიაშვილმა "სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა." „სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა 28 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც, სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა. უნდა აღინიშნოს, რომ გარეგნული დათვალიერებით ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებების კვალი არ ემჩნევა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. პეტრიაშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს. 28 აპრილს რუსთაველზე, პარლამენტის წინ, "აგენტების კანონის" წინააღმდეგ უწყვეტი პროტესტის ფარგლებში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. მეორე მოსმენა სესიაზე ხვალ იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით
შსს: ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 18 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორი. შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციაში წერია, რომ დაკავებული პირები, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. უწყების ცნობით, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებები, როგორებიცაა: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო - ზემო სვანეთის, იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის 8 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1987 წელს დაბადებული ა.ო., 1990 წელს დაბადებული ნ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ლ.ს., 2002 წელს დაბადებული გ. მ., 2001 წელს დაბადებული ქ.ყ., 1989 წელს დაბადებული მ.ა., 1982 წელს დაბადებული მ.ე., და 1996 წელს დაბადებული რ.ო. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის, საქართველოში უკანონოდ შემოტანის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1992 წელს დაბადებული მ.მ., 1967 წელს დაბადებული ა.მ., 1992 წელს დაბადებული გ.გ., 1991 წელს დაბადებული მ.ჭ., 2002 წელს დაბადებული დ.ა., 1996 წელს დაბადებული ბ.ხ., 1999 წელს დაბადებული ნ.დ., 1993 წელს დაბადებული ა.ო., 1971 წელს დაბადებული ა.ა. და 1999 წელს დაბადებული თ.ხ. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცების სახით ამოიღო, ასევე, ამოღებულია სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი“, „მდმა“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, "მარიხუანა" და ნარკოტიკულ საშუალების შემცველი მცენარე კანაფი. ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 262-ე, 265 და 273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპის ბიბლიოთეკებიდან წიგნების ძარცვის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. უწყების ცნობით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. პროკურატურის განცხადებით, ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი. „ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და 3 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება ჩატარდა. მათივე ცნობით, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს. ფართომასშტაბიან ღონისძიებაში, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, ევროკავშირის ქვეყნების და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების და მათთან დაკავშირებული წიგნების სარეალიზაციო ადგილების ჩხრეკა განხორციელდა. ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა და ასეულობით წიგნი, მათ შორის, ერთ-ერთი დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი. ამ ეტაპზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. ამისათვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრები იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებსა და გვარებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ - ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ. ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საქმეზე გამოძიება საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით. საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფში ჩართული ქვეყნების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ასევე, აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის - ევროჯასტისა და ევროპოლის შესაბამის წარმომადგენლებს. ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სუს-მა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ერთი კი, ამხილა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც ხელს შეუშლიდა შესაბამის სამსახურებს, პირი ქვეყნიდან გაეძევებინათ.“ „გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს. გამოძიების მიმდინარეობისას შესაძლოა გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე,“ წერს სუს-ი.
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის #8 დაწესებულება დატოვა. გრიგორიადისის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება 12 აპრილს გამოაცხადა და მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე დღეს ცნობილი გახდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ის გრიგორიადისს შეიწყალებდა. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით,“ განუცხადა მან მედიას. გრიგორიადისი მიიჩნევს, რომ მოსამართლემ მის საქმეზე პოლიტიზირებული განაჩენი გამოიტანა. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ აღბნიშნა, რომ ის არ ნანობს საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა 12 აპილს მიიღო. პრეზიდენტი შეწყალების აქტს ვერ გამოსცემდა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის არქონის გამო - მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის მოსამზადებლად და მხარეებისთვის გადასაცემად მაქსიმალური ვადა, 14 დღე აიღო. მოსამართლემ ადვოკატებს განაჩენი დღეს გადასცა. პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი დღესვე გამოსცა.
შსს: აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა
შსს მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 15 აპრილიდან, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირზე დაწყებული აქციების პარალელურად, მონაწილეები აწყობენ მსვლელობებს სხვადასხვა ტერიტორიის მიმართულებით, რაც აფერხებს საავტომობილო მოძრაობას. ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით და ორგანიზატორებთან შეთანხმებით ხდებოდა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა. ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის საჭიროება არ არსებობს, თუმცა, აქციაზე მყოფი პირები ხანგრძლივი დროით ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურ გადაკეტვას ახორციელებენ. გზის ხელოვნური გადაკეტვა იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას, გარდა ამისა, ლახავს იმ პირთა უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხელს უშლის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას. შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და 11 (პრიმა) მუხლის თანახმად, აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე, აკრძალულია ტრანსპორტის გადაადგილებისათვის განზრახ დაბრკოლებების შექმნა. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, სამართალდამცავი უწყების მხრიდან მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ასევე, იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ. სამართალდამცველების მიერ მათ მიმართ შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება,“ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით