კულტურა

ვინ გახდა ლიტერატურული პრემია „საბა“ - 2022 წლის გამარჯვებული

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2022 წლის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. ინფორმაცია კონკურსის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. გამარჯვებულთა სრული სია: წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:  თემო რეხვიაშვილი – „კურიერის ამბები“; წლის საუკეთესო კრიტიკა: ნუგეშა გაგნიძე – „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“; წლის საუკეთესო პიესა: მანანა დოიაშვილი – „მეცამეტე თვე“; წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა: ლანა ღოღობერიძე – „ვისთვის გალობს შაშვი“; წლის საუკეთესო ქართული თარგმანი: კატია ვოლტერსი – ოლგა ტოკარჩუკის „წიგნები იაკობისა ანუ დიდი მოგზაურობა“; წლის საუკეთესო პოეტური კრებული: ლელა სამნიაშვილი – „ავირეკლოთ“; საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში: დავით ჯიშკარინი – „ბუცები და ტყავის ჩექმა“ ; რუსუდან გორგილაძე – „დიქტატურის გემო“ ; წლის საუკეთესო პროზაული კრებული: რატი რატიანი – „მკვლელობა სადგურის უბანში“; წლის საუკეთესო რომანი: არჩილ ქიქოძე - „ხვლიკი საფლავის ქვაზე”; ირმა ტაველიძე – „ბნელ წყლებში”; ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის: ლიტერატურული გამოცემა „არილი” წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ 20-ედ გაიმართა. 

ვენეციის კინოფესტივალი - „სრული სილამაზე და სისხლისღვრა“ „ოქროს ლომის“ მფლობელი გახდა

ვენეციის საერთაშორისო, 79-ე კინოფესტივალზე 10 სექტემბერს, ჟიურიმ 23 ფილმიდან, „ოქროს ლომი“ ამერიკელი კინორეჟისორის, ჟურნალისტის და პროდიუსერის, ლორა პოიტრასის დოკუმენტურ ფილმს - „სრული სილამაზე და სისხლისღვრა“ მიანიჭა. „ვერცხლის ლომი“ - ჟიურის დიდი პრიზი ფრანგ რეჟისორს, ალის დიოპს, ფილმისთვის - „წმინდა ომერი“ გადაეცა. საუკეთესო რეჟისორად იტალიელი რეჟისორი, ლუკა გიადანინო ფილმისთვის - „ძველები და სხვა ყველაფერი“ აღიარეს. „კოპა ვოლპი“ - პრიზი ქალი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ამერიკელ მსახიობს, კეიტ ბლანშეტს ტოდ ფილდის ფილმში - „ტარი,“ შესრულებული მთავარი როლისთვის ერგო. კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი ირლანდიელი კოლინ ფორელი მარტინ მაკდონაჰის ფილმში - „ინიშერინის ბანშიებში“ შესრულებული როლისთვის გახდა.  

მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი - დღეს ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა

დღეს დიდ ქართველ მაესტროს, ფოლკლორისტსა და „ხმების შემგროვებლ“ანზორ ერქომაიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა.  მისი ყველა საქმე მარადიულობაზე იყო გათვლილი, - იქნებოდა ეს მსოფლიოს ყველა არქივში, თუ საქართველოს არქივებში მიმოფანტული ჩანაწერების ჩამოტანა, მოვლა, გაცოცხლება, აღდგენა, გავრცელება და იქ დაცული უნიკალური შედევრების გადაცემა მომავალი თაობებისათვის; იქნებოდა ეს დიდების თუ ბავშვთა საოცარი ანსამბლების დაარსება, იქნებოდა ეს საოცარი „რუსთავი", რომელთან ერთადაც მან შექმნა ქართული სიმღერისა და საგალობლის შესრულების სრულყოფილი იდეა, სრულყოფილი მოდელი, პარადიგმა, სტანდარტი, რომელზეც ჩვენ ყველას გვაქვს სწორება და რომლითაც მუდამ იამაყებს საქართველო. მისი ყველა საქმე სწორედ მარადისობით იყო ანთებული! ასე შეაფასა დიდი ქართველი მაესტროს ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი მთაწმინდზე წარმოთქმულ გამოსამშვიდობებელ სიტყვაში სვიმონ ჯანგულაშვილმა.  მუსიკოსი, მომღერალი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები და პედაგოგი ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული შვიდი ქართული (გურული) ხალხური სიმღერა. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“. ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“, „შავი შაშვი ჩიოდა“. ანზორ ერქომაიშვილის მიერ ქართულ კულტურაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია. მან მიმობნეული ქართული სიმღერების ჩანაწერები მოიძია და გამოსცა; ის გახლდათ ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი. მან არაერთი ნიჭიერი და საამაყო თაობა აღზარდა. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული გურული ხალხური სიმღერები; მან მიაკვლია 1907 წლიდან 1930 წლამდე შესრულებულ 500-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერის ფონოგრამას და განახორციელა მათი გამოკვლევა და რესტავრაცია; მოიძია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცნობილი მომღერლები, რომელთა შესრულებითაც 100-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა ჩაიწერა. ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივითა და გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) ხელშეწყობით დაარსდა ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი. ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობითა და საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუს“ დაფინანსებით გამოიცა ეროვნული კულტურის შესახებ უნიკალური სამეცნიერო ნაშრომი „საქართველო. ისტორია. კულტურა. ეთნოგრაფია“. ანზორ ერქომაიშვილს მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო და პრემია, მათ შორის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია. ქართული საგუნდო მუსიკის, ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ანზორ ერქომაიშვილი დაჯილდოებული იყო ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. ასევე გაეცანით     არტოს ბაღში მდებარე საკონცერტო დარბაზს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა ,,ანზორ ერქომაიშვილის სახელი კი მარადიულად იბრწყინებს და ასევე - მისი საქმეები, რომლებსაც ის აკეთებდა ისე რომ ისინი ყოფილიყვნენ მარადიულნი" ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭება დიდი ქართველი მოღვაწე, ლოტბარი და კომპოზიტორი ანზორ ერქომაიშვილი 2021 წლის 31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანზორ ექომაიშვილი 2021 წლის 3 აპრილს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

ევროვიზია 2023 დიდ ბრიტანეთში გაიმართება

„ევროვიზია 2023“ უკრაინის ნაცვლად, დიდ ბრიტანეთში გაიმართება. შოუს ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ კონკურსი გამარჯვებულ ქვეყანაში, უკრაინაში, რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ გაიმართება. წელს დიდი ბრიტანეთი მეორე ადგილზე გავიდა, ამიტომ მოლაპარაკებები BBC-სთან დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქალაქი აირჩევა მასპინძლად, გლაზგომ და მანჩესტერმა ინტერესი უკვე გამოხატეს. „ვწუხვარ, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ვერ მოხერხდა ღონისძიების მასპინძლობა უკრაინაში. დიდი ბრიტანეთი ასახავს უკრაინის ბოლო გამარჯვებას ევროვიზიაზე და უკრაინის შემოქმედებითობას“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის კულტურის მდივანმა ნადინ დორისმა.  უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია ჯონსონმა Twitter-ზე დაწერა, რომ დიდი ბრიტანეთი ჩაატარებს ფანტასტიკურ კონკურსს უკრაინელი მეგობრების სახელით.

ფესტივალი „Art-გენი 2022“ იწყება

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება. 16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს „Art-გენი“ პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს.  24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს  „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს. დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“, სახელმწიფო აკადემიურ  ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“ დაეთმობა. მაყურებლის წინაშე ასევე, წარსდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“ , „ქალილო“,  „ძირიანი“. „არტ-გენი 2022“-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.  ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.  

კარლოვი ვარის კინოფესტივალზე, საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი თაკი მუმლაძესა და მარიამ ხუნდაძეს გადაეცათ

კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს ფილმში - „ჩემი ოთახი“ თინას და მეგის როლების შესრულებისთვის გადაეცათ. ქართველი მსახიობები კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ბენისიო დელ ტორომ დააჯილდოვა. ფილმის რეჟისორია, იოსებ ბლიაძე, ნამუშევარი გერმანულ-ქართული ერთობლივი პროდუქციაა. კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთეო ფილმად აღიარეს ირანელი კინორეჟისორის, სადაფ ფორუღის -  „ზაფხული იმედით“.  საუკეთესო რეჟისურისთვის ფესტივალის პრიზი გადაეცა ბეატა პარკანოვას, ჩეხ კინორეჟისორს, ფილმისთვის - „სიტყვა".  

ცხოვრება თავდასხმის ქვეშ - ქეით ბლანშეტმა ხარკოვის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო

მსახიობმა და UNHCR-ის (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი) კეთილი ნების ელჩმა, ქეით ბლანშეტმა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის დროს, ქალაქ ხარკოვში განვითარებული მოვლენების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დოკუმენტური ფილმი თითქმის ერთ საათს გრძელდება. მისი მთავარი გმირები მეხანძრეები არიან, რომლებმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. დოკუმენტურ ფილმში ასევე მოხვდნენ პარამედიკოსები, რომლებმაც არამარტო გადაარჩინეს დაჭრილები, არამედ, ყოველდღიურად ეხმარებოდნენ მათ, ვინც მიწისქვეშეთში, რამდენიმე თვის განმავლობაში ემალებოდნენ რუსეთის იერიშებს. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენები არიან ბავშვები, რომლებიც მიწისქვეშეთში ცხოვრობენ, რათა რუსული რაკეტებით არ დაზარალდნენ. როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი შონ პენი სრულმასშტაბიანი ომის დროს კიევში მეორედ ჩავიდა. ის ომის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

სალომე ზურაბიშვილი: „სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება

„სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს მართავს. ვიდეო „დღეს საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქართული ტრადიციებისათვის ისტორიული საღამოა. „სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება. მადლობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე. სალომე ზურაბიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტი გასულ წელს, მისი ვატიკანში ვიზიტის დროს დაიგეგმა და პაპ ფრანცისკეს მადლობას უხდის. ფოტო: Twitter „შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ დღევანდელი ლამაზი საღამოს დაგეგმვის შესახებ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად. დღეს ემოციური მომენტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჩვენს მოგონებებში დარჩება. ჩემი უდიდესი მადლიერება პაპ ფრანცისკეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში, „სიქსტის კაპელაში“ ქართული საგალობლები შეასრულა.  

ისტორიაში პირველად, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი სიქსტეს კაპელაში კონცერტს მართავს. ვიდეო

სიქსტეს კაპელაში, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით, 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კონცერტს მართავს. საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა და მსოფლიო ხალხებს საშუალება მიეცემათ, კიდევ ერთხელ გაეცნონ ქართულ კულტურას. ეს არის ისტორიული მოვლენა, რადგან სიქსტეს კაპელაში ქართველები პირველად მღერიან. „შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს და ვისაუბრეთ კონცერტის შესახებ, რომელსაც სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი “სიქსტეს კაპელაში” გამართავს. პრეზიდენტი კონცერტს პირადად დაესწრება“, - ნათქვამია პატრიარქის Twitter გვერდზე 25 ივნისს განთავსებულ ინფორმაციაში. თეა წულუკიანი: სიქსტეს კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პრეზიდენტი ვატიკანში, სიქსტეს კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს დაესწერება  

რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრი პირველად გაიხსნა

საპორტო ქალაქ ოდესაში ოპერისა და ბალეტის ეროვნული აკადემიური თეატრი პირველად გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა. იუწყება CNN. ოპერის თეატრის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ პირველი კონცერტი უკრაინის ეროვნული ჰიმნის საზეიმო შესრულებით დაიწყო. „გუშინ, ოდესის ოპერისა და ბალეტის ეროვნულმა აკადემიურმა თეატრმა მაყურებლის წინაშე კარი გააღო“, - განაცხადა უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქს შაბათს ეწვია, დაათვალიერა ფრონტის ხაზი და საავადმყოფო, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობდნენ. საერთაშორისო მედიის ცნობით, ოდესის რეგიონში რუსული დაბომბვის შედეგად სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე შენობა განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მსახიობი ჟან-ლუი ტრენტინიანი გარდაიცვალა

ფრანგი მსახიობი ჟან ლუი ტრენტინიანი 92 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ France-Presse-ს მისმა მეუღლემ, მარიან ჰეპფნერ ტრენტინიანმა განუცხადა. ჟან ლუი ტრენტინიანი მჭიდრო კავშირშია 1960-იანი და 1970-იანი წლების ფრანგული ახალი ტალღის ფილმებთან. 1956 წელს მან ითამაშა ფილმში „და ღმერთმა შექმნა ქალი“ ბრიჯიტ ბორდოსთან ერთად. მან მთავარი როლი შეასრულა კლოდ ლელუშის ფილმში „კაცი და ქალი“ (1966 წ.), რომელმაც მას მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. ტრენტინიანმა ითამაშა ბერნარდო ბერტოლუჩის ანტიფაშისტურ ფილმში „კონფორმისტი“ (1970) და ფრანსუა ტრიუფოს ფილმში „მალე იყოს კვირა“ (1983). მომდევნო წლებში მან ითამაშა კშიშტოფ კიშლოვსკის ფილმში "სამი ფერი: წითელი" (1994) ითამაშა. ასევე შეასრულა მთავარი როლი მიხაელ ჰანეკეს დრამაში "სიყვარული" (2012), რომელმაც მიიღო ოქროს „პალმის რტო“ მოუტანა . ჟან ლუი ტრენტინიანმა 1969 წლის კანის კინოფესტივალზე მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო კოსტა-გავრასის „ზეტაში“ მონაწილეობისთვის მოიპოვა.  

თეა წულუკიანი: სიქსტის კაპელაში სამების საკათედრო ტაძრის გუნდი გამართავს კონცერტს; 29 ივნისს კი, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას, შესრულდება ილია მეორეს „ავე მარია“. ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

26 ივნისს სიქსტის კაპელაში, სადაც უცხოელებს ძალიან იშვიათად უმღერიათ ან კონცერტი გაუმართავთ, სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით 40 მომღერალი-მგალობელი სამების საკათედრო ტაძრის გუნდიდან, მთელი შემადგენლობით, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, გამართავს კონცერტს, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ ეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს არაერთი წლის სურვილი და გეგმა იყო. „ეს ხდება პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ქართველი იმღერებს სიქსტის კაპელაში. მეტიც, 29 ივნისს, როდესაც თავად პაპი აღავლენს საზეიმო მესას წმინდა პეტრესა და პავლეს დღესასწაულზე, წმინდა პეტრეს ტაძარში, სადაც უამრავი მომლოცველი იქნება, საერთაშორისო დელეგაციები, პატრიარქის დაფუძნებული სამების გუნდი მესის დასრულების შემდეგ (მესაში, ჩვენი რწმენიდან გამომდინარე, რა საკვირველია არ ვმონაწილეობთ), რომელსაც თვით პაპი აღავლენს, შეასრულებენ ილია მეორეს „ავე მარია“ და სავარაუდოდ, როგორც ბატონი სვიმონ ჯანგულაშვილისგან ვიცით, „შენ ხარ ვენახიც“. როგორც სიქსტის კაპელაში გამართული კონცერტი, ასევე საზეიმო მესა გადაიცემა კათოლიკურ სამყაროში პირდაპირი ეთერით. ეს არის ისტორიული მოვლენა და, ვფიქრობ, არავინ გვიწყენს, თუ ვიტყვი, რომ ყველა ის თემა, რასაც შეიძლება განვიხილავდეთ, არის უფრო პატარა, ვიდრე ის, რასაც ახლა ველოდებით დიდი სიხარულით“, - განაცხადა წულუკიანმა. მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც პატრიარქის ამ სურვილის ასრულებაში შეიტანა წვლილი.  

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

რეჟისორი თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძის გარდაცვალების შესახებ მისი კოლეგა მანანა ბერიკაშვილი იუწყება. ბიოგრაფიული ცნობები რეჟისორის შესახებ: დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დიმიტრი ალექსიძისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო. 1965-1967 წლებში რეჟისორად მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-1970 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან იყო სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლი, მათ შორის, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრემია, მათ შორის, 2013 წელს ილიას მედალი (მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა) ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის; 2010 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, 1981 – საქართველოს სახალხო არტისტი. 1997 წელს მიღებული აქვს „ოქროს სოფიტი“, სანქტ პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემია ნომინაციაში „რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი“ ჟან ანუის „ანტიგონეს“ დადგმისთვის. თემურ ჩხეიძე იყო საპატიო ნიშნის ორდენის „ოქროს გრან-პრის“ მფლობელი, ასევე, მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემია, საქართველოს თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“ (ორგზის მფლობელი).

პრეზიდენტმა ლექსო თორაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის, მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე ბრწყინვალების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღნილ კლასიკური მუსიკის საღამოზე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო ლექსო თორაძის დას და მეუღლეს პირადად გადასცა და აღნიშნა, რომ  ეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა არამხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ დიდ ადამიანს. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ლექსოს, რამეთუ ეს საღამო მან გვაჩუქა. დღეს არ შევიკრობებოდით აქ  მისი ახლობლები, მეგობრები და მუსიკოსები, რომ არა ლექსო და რომ არა ეს ღიმილი, რომელიც ამ თვალებიდან მოდის და მისი სითბოს ნამდვილობას ასხივებს. რატომღაც ჩემ თავს მის მეგობრად ვთვლიდი, რადგან მას ჰქონდა უნიკალური უნარი - გხვდებოდა როგორც მეგობარს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას და გზა მშვიდობისა! როგორც პრეზიდენტმა კი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ლექსოს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება. შესაძლოა, ასე იყო საჭირო, რომ ეს ჯილდო დღეს, მისი 70 წლის იუბილეზე ყოფილიყო გადაცემული, რადგან ჩვენ ვაჯილდოვებთ არამხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ ძალიან დიდ ადამიანს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო დონის გამოჩენილი ქართველი პიანისტები და მუსიკოსები: ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი.  პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუქარესტის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუმინელ კოლეგასთან, ნიკუშორ დანთან ერთად, მეფე მიჰაი I-ის სახელობის პარკში შოთა რუსთაველის ბიუსტი საზეიმოდ გახსნა. სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ ბუქარესტის მერს დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმის გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. „შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ ეროვნული ეპოსია, თუმცა, ამავდროულად მსოფლიო კულტურის საგანძურია, რომელსაც ნაციონალური საზღვრები არ გააჩნია. რუსთაველმა ევროპაში რენესანსის დადგომამდე ჩამოაყალიბა ევროპული ჰუმანიზმის პრინციპები და შექმნა ტექსტი, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზეა დაფუძნებული. „ვეფხისტყაოსანი“ დამსახურებულად ეწერება დასავლური სამყაროს საგანძურში, რუსთაველი კი ისეთი ავტორების გვერდით, რომლებმაც ევროპული ცივილიზაციისა და კულტურის ჩამოყალიბებას შეუწყვეს ხელი“, - განაცხადა თბილისის მერმა. კახა კალაძემ თბილისსა და ბუქარესტს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას. „საქართველო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი უკვე გააკეთა, რუმინეთის მსგავსად, წარმატებით გაივლის პროცესს და მიიღებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსს. უახლოეს მომავალში საქართველო და რუმინეთი, როგორც მეგობარი ქვეყნები, უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტატუსით შეძლებენ მშვიდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის თანამშრომლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ თბილისის მერიის ცნობით. ბუქარესტის მერის განცხადებით, მათთვის დიდი პატივია, გაიხსნას ძეგლი, რომელიც ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. „ჩვენთვის დიდი პატივია, გავხსნათ ძეგლი, რომელიც ქართული ლიტერატურის ყველაზე დიდებულ წარმომადგენელს, ეპიკური პოემის - „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს ეკუთვნის. როდესაც ვსაუბრობთ წიგნზე, ლიტერატურის ნიმუშზე, ვაქცევთ ყურადღებას, რომ ის მისი დაწერიდან ბევრი წლის შემდეგ იკითხებოდეს, რაც ხაზს უსვამს პოეტის უნივერსალობას, რომელიც გადმოსცემს ერის ღირებულებებს და მის მიერ დაწერილი სიტყვებისთვის პატივისცემას იმსახურებს. ასევე, ხაზს უსვამს და ამტკიცებს, რომ ლიტერატურა და პოემა ეკუთვნის ყველას, მიუხედავად წარმომავლობისა და ეროვნებისა“, - აღნიშნა ბუქარესტის მერმა. ბუქარესტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ცერემონიას კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

უკრაინულ გამნაღმველ ძაღლს კანის კინოფესტივალის პრემია მიენიჭა

მაშველ ძაღლ პატრონს, რომელიც უკრაინაში განაღმვით სამუშაოებში მონაწილეობს, კანის კინოფესტივალზე Palm Dog Award-ი („პალმის ძაღლის პრემია“) გადაეცა. ამ პრემიას აკუთვნებენ კინოკონკურსში მონაწილე ფილმში გადაღებულ ძაღლებს. „დღეს კანში მაშველ ძაღლ პატრონს გადაეცა Palm Dog Award-ი - ეს არის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემია, რომელიც ოთხფეხებს ენიჭებათ. პატრონი მსოფლიო ახალი ამბების ვარსკვლავი ბოლო ორი თვის განმავლობაში გახდა. ჟიურიმ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ჩვენი კუდიანი პიროტექნიკოსი ამ ჯილდოს იმსახურებს", - ნათქვამია კანის ფესტივალიდან მიღებულ შეტყობინებაში. პატრონმა მისი ვარსკვლავის სტატუსის შესახებ დისტანციურად შეიტყო, მაგრამ გამარჯვების შემდეგ, სავარაუდოდ, კანს ესტუმრება. 8 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პატრონი, სამაშველო ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ძაღლი, ამ დრომდე აქტიურად მუშაობს ჩერნიგოვის გამნაღმველებთან.  

მსახიობი რეი ლიოტა გარდაიცვალა

ამერიკელი კინომსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, მსახიობი დომინიკის რესპუბლიკაში, გადაღებებზე იყო ჩასული.  რეი ლიოტას ყველაზე ცნობილი კინოროლი 1990 წელს მარტინ სკორსეზეს კინოფილმ „დიდებულ ბიჭებში“ აქვს შესრულებული.  ლიოტა 1988 წელს ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული. 

ბოსტონში, ცნობილი ქართველი მხატვარი დეივიდ დათუნა გარდაიცვალა

ამერიკაში მცხოვრები ქართველი არტისტი - მხატვარი დეივიდ დათუნა 48 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. დეივიდ დათუნა ბოლო წლებში ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს დაავადებაა. ხელოვანი, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკში ცხოვრობდა, ბოსტონის კლინიკაში 24 მაისს გარდაიცვალა. Business Insider-ის და სხვა მრავალი გამოცემის თანახმად დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი „საქართველო — მილიონთა იმედი“ მან საქართველოს მიუძღვნა.

აშშ-ის საელჩო: ვემშვიდობებით ქართველ-ამერიკელ პიანისტ ლექსო თორაძეს, რომელიც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს ძალიან დააკლდება

მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი. „დღეს ვემშვიდობებით ჩვენი ორი ქვეყნის გამორჩეულ წარმომადგენელს, ქართველ-ამერიკელ პიანისტ ალექსანდრე, ლექსო თორაძეს. მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს და ყველას, ვისაც მისი შემოქმედება შეეხო, ლექსო თორაძე ძალიან დააკლდება. ვუსამძიმრებთ ლექსოს ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და უამრავ მოსწავლეს, მათ შორის აშშ-ის ტრანსპორტირების სახელმწიფო მდივან (და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ) პიტ ბუტიჯეჯს, რომელიც ერთ დროს ინდიანას უნივერსიტეტში თორაძის საფორტეპიანო სტუდიაში ყოველკვირეულად სწავლობდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს სამძიმრის ტექსტში. ლექსო თორაძეს დღეს, დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლისა 11 მაისს გარდაიცვალა. მუსიკოსი 1983 წლიდან აშშ-ში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, სადაც საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ლექსო თორაძე გუშინ საქართველოში ჩამოასვენეს. პიანისტის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართა. ლექსო თორაძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

„ვეფხისტყაოსანი“ აფხაზურ ენაზე გამოიცა

ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ გამოსცა. ახალი გამოცემის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში გაიმართა. სამინისტროს ცნობით, 1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობითა და აფხაზეთის კულტურისა და განათლების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გამოსცა. გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება. რუსთაველის უკვდავი ქმნილების თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის, ხოლო წიგნის რედაქტორი კი გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი სიმონ ჯანაშიაა. წიგნი 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.