ინტერვიუ
რა ნიშნულამდე გამყარდება ლარი
ეროვნული ბანკის მიერ 6 ივლისს გამართული ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.28 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9038 ლარი გახდა. ქართული ლარი Bloomberg-ზე ვაჭრობისას დილიდან 0.95%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9105 იყო. რატომ მყარდება ლარი რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში 2022 წლის აპრილიდან ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებით, 3-ის ნიშნულს 4 ივნისს ჩამოცდა. ერთი თვის შედეგ კი, უკან მოიტოვა 2.90 -იანი ზღვარი. 5 ივლისს ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8762 ლარი შეადგინა, 6 ივლისს კი 2.8710 ლარი. Europetime-თან კომენტარში, ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ლარის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ET: რა ფაქტორები განსაზღვრავს დღეს აშშ დოლართან მიმართებით, ლარის გამყარების ტრენდს? ლარი გამყარების ტრენდს ინარჩუნებს. 1აშშ დოლარის ღირებულება რამდენიმე დღის წინ მეორად ბაზარზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.85 ლარსაც გაუტოლდა. დღეს ლარი მცირედით ისევ გაუფასურდა, თუმცა სამომავლოდ ლარი პოზიციებს დაიბრუნებს. დღეს ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები. ივნისში ემიგრანტებმა $500-ზე მეტი გადმორიცხეს, რაც 1,5 მილიარდი ლარია. ეს ის თანხაა რაც დაფიქსირდა საბანკო სისტემაში. Ჩათვალეთ, რომ კიდევ უცხოური ვალუტის 70% ხელზე შემოდის და საბანკო არხებში არ ფიქსირდება. მთელი ეს თანხა მიემართება ლარის მოთხოვნაზე, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორია. ასევე ეხმარება ეკონომიკას მოთხოვნის გენერირებაში. ET: ლარის დადებით ტრენდზე კონომიკური ზრდა რამდენად ახდენს გავლენას? მაისში ეკონომიკურმა ზრდამ –11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ეკონომიკური ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. მთავრობა ზეიმობს და ლარის აღმავალ ტრენდში, ეკონომიკური ზრდის გავლენას ხედავს, თუმცა ეს, ივნისში გადმორიცხული ფულადი გზავნილების გავლენაა. ჩამორიცხული თანხა მოსახლეობაში ინტენსიურად ნაწილდება. მიემართება სავაჭრო სექტორში, უძრავ ქონებაში, დაქირავებისა და გაქირავების სექტორებში და ამოძრავებს ეკონომიკას. ივნისში საქართველოს, 445 894 საერთაშორისო მოგზაური ეწვია ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი ET: ხელისუფლებამ, დღეს ტურიზმის სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ცნობილია, რომ ეს სექტორი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა. სტატისტიკურ მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ივნისში ტურისტული ვიზიტების 64,1%-ია აღდგენილი. ახდებს თუ არა ეს ფაქტორი გავლენას ლარის დადებით ტრენდზე? ომია რეგიონში. საქართველოში რუსეთის ბელორუსის და უკრაინის მოქალაქეები შემოვიდნენ და აქ ფულს ხარჯავენ. Რაც შეეხება ტურიზმს, ეს სექტორი 2019 წლის პარამეტრებს 3-4 წლის შემდეგ დაუბრუნდება. ET: როგორია თქვენი პროგნოზი? სად არის ლარის წონასწორობის წერტილი და როდემდე შენარჩუნდება ეროვნული ვალუტის აღმავალი ტრენდი? მიმდინარე ტენდენცია აჩვენებს, რომ ლარის გამყარების ტერნდი აშშ დოლართან მიმართებით მაქსიმუმს ამ ორ თვეში მიაღწევს. ეს არის 2.8 და 2,85. ნიშნული. შემდეგ კი ეროვნული ბანკი ისევ განახორციელებს ინტერვენციებს. რესურსის შესავსებად აშშ დოლარის შესყიდვას დაიწყებს და ამით გამყარების მეორე ტალღა გადაივლის და ლარი 3-ის ნიშნულს დაუბრუნდება. ლარის კურსის გამყარების ტენდენცია ნოემბრამდე შენარჩუნდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის 10 მარტს ლარი აშშ დოლართან ყველაზე მეტად გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3,40 ლარი შეადგინა. აპრილიდან აშშ დოლართან ლარის გამყარების ტრენდი დაიწყო და ბოლო ორი დღეა რაც ლარი 2,90-ის ნიშნულს ჩამოცდა.
ირაკლი მაკალათია: სიღარიბე მცირდება მხოლოდ ციფრებში. მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით
2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო სიღარიბე შემცირდა. 2022 წლის 5 თვეში კი ეკონომიკურმა ზრდამ 11,2% შეადგინა. „საქართველო მყარად ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას 2022 წელსაც“ - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმედოვნებს, რომ 2022 წელს ეკონომიკა დაგეგმილზე უფრო მაღალ ნიშნულამდე გაიზრდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და არის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პროგნოზი შეიცვლება. მოახდენს თუ არა დადებითი გავლენას ორნიშნა ეკონომიკურ ზრდა 2022 წელს უმშევრობასა და სიღარიბეზე. საქსტატი: 2021 წელს უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით, 2.1%-ით გაიზარდა საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის 17,5 % სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა საქსტატი: შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 4.1 ლარით გაიზარდა და 245 ლარი გახდა უმუშევრობა და სიღარიბე ციფრებში საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, სიღარიბის დონე სოფლად უფრო მაღალია ვიდრე დიდ ქალაქებში. 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 22.7 პროცენტი შეადგინა (-3.7 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ჯგუფში - 17.3 პროცენტი (-3.9 პროცენტული პუნქტი), 65 წლის და უფროსი ასაკის ჯგუფში - 11.9 პროცენტი (-3.5 პროცენტული პუნქტი). აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი როგორც ქალებში ისე კაცებში შემცირებულია 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 17.1 და 17.9 პროცენტს შეადგენს. აბსოლუტური სიღარიბე განისაზღვრება, როგორც რესურსებისა და საშუალებების სრული ნაკლებობა, რაც საჭიროა ცხოვრების ყველაზე ძირითადი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ 2012-დან 2021 წლის ჩათვლით საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე 5,1%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობა 12,5%-ით. საქსტატის მონაცემებითვე - 2021 წელს სამუშაო ძალას 1 533.6 ათასი ადამიანი შეადგენდა, აქედან უმუშევარი იყო 316.2 ათასი ადამიანი. 829.4 დაქირავეებული იყო, ხოლო 387.1 თვითდასაქმებული. ამასთან, უმუშევრობის შემცირების დედებითი ტრენდი 2021 წელს შეჩერდა და ზრდამ 2020 წელთან შედარებით 2,1% შეადგინა. ივნისში საქართველოში ინფლაციამ 12.8% შეადგინა - საქსტატი რა პროდუტები გაძვირდა და გაიაფდა ივნისში - საქსტატი Რატომ მცირდება სიღარიბე მაშინ, როცა უმუშევრობა იზრდება? რა გავლენა ექნება 2022 წელს დაფიქსირებულ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ამ მაჩვენებლებზე? ამ და სხვა საკითხებზე Europetime ეკონომიკის დოქტორ ირაკლი მაკალათიას ესაუბრა. ET: საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბე 21,3%-დან 17,5%-მდე შემცირდა. როგორ ფიქრობთ რამ გამოიწვია 4,2% კლება? Რას ნიშნავს ეს რიცხვებს მიღმა? აქ მთავარი საკითხი ისაა, რომ სიღარიბის აბსოლუტური ზღვარი რასთან მიმართებით ითლება. სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი ფულადი ფორმით არაა განსაზღვრული. აბსოლუტური სიღარიბე 17,5%-ია მაგრამ მოსახლეობის ამ რაოდენობას რამდენ ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს ეს არაა ნახსენები. 2004 წლამდე, სიღარიბის ზღვრად ითვლებოდა საარსებო მინიმუმი. ანუ აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვევით იყვნენ ადამიანები, რომელთაც საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავალი ჰქონდათ. ამ შემთხვევაში არაა განსაზღვრული ამ 17,5% რა ფულადი შემოსავალი აქვს. ამიტომ ეს არის ზოგადი მაჩვენებელი და კონკრეტულ შედეგზე ვერაფერს ვერ იტყვი. შეიძლება ითქვას, რომ სიღარიბის შემცირება ტრენდია ციფრებში, მაგრამ ზუსტად რა მცირდება ამის თქმა ძნელია. ET: როგორ ავხსნათ, რასთან გვაქვს საქმე მაშინ, როცა სიღარიბე მცირდება და უმუშევრობა იზრდება? სოციალური მდგომარეობა რომ შევაფასოთ, ერთია, რომ სიღარიბის დონე შემცირდა, მაგრამ უმუშევრობასთან ერთად გაიზაედა ინფლაცია, რაც მაღალი მაჩვენებელია. უკვე ერთწლიან დინამიკაში ინფლაცია ორნიშნაა. ეს ნიშანავს, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა მცირდება და უფრო უძვირდებათ ცხოვრება. აქ საინტერესოა, სიღარიბის საერთაშორისო ზღვრები, რაც გაეროს მიერაა შედგენილი. სიღარიბის დონე $5,5 მიმართებით. ანუ მოსახლეობის რა პროცენტს აქვს $5,5 -ზე ნაკლები შემოსავალი დღეში. 2020 წლის მაჩვენებელი ცნობილია. 2021-ის ჯერ არ გამოქვეყნებულა. 2020 წლის მონაცემები, მოსახლეობის 46,6% დღეში $5,5 შემოსავალი აქვს. ეს რომ ლარში გადავიტანოთ, დაახლოებით გამოდის, რომ მოსახლეობის 46,6%-ს ყოველთვიურად ჰქონდა დაახლოებით 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი. ეს საკმაოდ დაბალი Მმაჩვენებელია, საშუალო ხელფასის დონეს თუ შევადარებთ. გაზრდილია უმუშევრობის დონე, გაზრდილია ინფლაციის მაჩვენებელი, რაც აისახება რეალური შემოსავლების დაბალ დონესთან. ეს მიუთითებს იმაზე რომ სოციალური ფონი ქვეყანაში სახარბიელო არ არის. ET: 2022 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა, ხოლო იანვარი-მაისის საშუალო ზრდა 11.2%-ით განისაზღვრა. რატომ არ მცირდება სიღარიბე და უმუშევრობის დონე? წინა პერიოდებში მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოწვეული იყო იმით, რომ 2020 წელს კლება იყო ორნიშნა, ამიტომ მივიღეთ ასეთი ეკონომიკური ზრდა. Თანაც, ეკონომიკური ზრდა ეგრევე არ აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე. Ჩვენ გვჭირდება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან პერიოდში, რომ მოსახლეობამ Რრეალურად იგრძნოს ცხოვრების დონის ზრდა. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და როდესაც მცირე გარდასახვები ხდება და ახალი პროდუქტები ემატება, ეს იწვევს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამ შემთხვევაში ეს მხოლოდ რიცხვებია და ჩვენთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით, ქვეყნების რეიტინგში ასეულს მიღმა ვართ, ვერ ვმდიდრდებით. ET: როგორ გავმდიდრდეთ? რაშია ჩვენი პოტენციალი? ეკონომიკური ზრდა ყოველთვის გვექნება, იმიტომ რომ რაღაცა ყოველთვის იქმნება. მაგრამ სწორება უნდა გავაკეთოთ იმაზე, თუ რა პოტენციალი გვაქვს და რამდენად ავითვისეთ. ათვისებული პოტენციალი კი დაბალია. მთლიანი ეკონომიკური აქტივები, ეს იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწები, ურბანული მიწები შენობებით, წყლისა და ტყის რესურსი, სახელმწიფო საწარმოები ..., დაახლოებით 70-80% დღეს სახელმწიფო საკუთრებაშია. Რაც ნიშნავს, რომ ეს აქტივები გაჩერებულია, სახელმწფოს ხელშია და ეკონომიკაში არაა ჩართული... არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, არ ასაქმებს ადამიანებს. რეალურად თუ გვინდა მართლა დასავლური ეკონომიკის ქვეყანა გავხდეთ და იმ ტენდენციებს გავყვეთ, ეს აქტივები უნდა იყოს კერძო საკუთრებაში. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩაერთვება ეკონომიკაში, ახალი პროდუქტები შეიქმნება, ბიზნესი დაიწყება და ცხადია ეს დასაქმების დონეზეც დადებითად აისახება. ესაა ერთად-ერთი გამოსავალი რომ ეკონომიკა განვითარდეს. სხვა სამთავრობო პროგრამები ფურცელზეა დაწერილი და რეალურ შედეგებს ვერ მოგვცემს. ET: ვინ სარგებლობს დღეს ეკონომიკური ზრდიდან მიღებული დივიდენდებით? ისინი ვინც ბაზარზე არიან და ქმნიან ეკონომიკურ დოვლათს. ცხადია ახალი დამატებული ღირებულებებიც ემატება, იქმნება ახალი კომპანიები, მაგრამ ძირითადად ვინც უკვე ფუნქციონირებს ისინი ზრდიან ეკონომიკას, ახალ პროდუქციას ქმნიან, ახალ მომსახურებას. სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა მცირე ტემპით იზრდება, იმისთვის რომ მოსახლეობამ ეს საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს. P.S. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე 2012-2021 წლები (საქსტატი) უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%. აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%. ამავე თემაზე: ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე
მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი აქტიურდება. „საქართველოს რკინიგზის“ პროგნოზით, ჩინეთიდან ევროპისკენ საქართველოს გავლით, სავარაუდოდ, 15 000 კონტეინერი გადაიზიდება
ექსკლუზივი Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო კომპანია 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით აკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას. რა არის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რა სარგებელს მიიღებს საქართველო? Europetime-მ ამ საკითხთან დაკავშირებით, „საქართველოს რკინიგზას რამდენიმე შეკითხვით მიმართა. ET: რას ნიშნავს მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი და რით განსხვავდება სხვა სავაჭრო დერეფნებისგან? აღნიშნული პროექტი 2019 წლის ბოლოს შეიქმნა. 6 ქვეყნის სარკინიგზო ადმინისტრაცია მარშრუტზე - ჩინეთი-თურქეთი-ევროპა და პირიქით (ყირგიზეთის; უზბეკეთის; თურქმენეთის; აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით) საკონტეინერო ბლოკმატარებლების ოპერირებაზე შეთანხმდნენ. მათ საკონტეინერო გადაზიდვების ახალი პირობები შეიმუშავეს და ერთიანი გამჭოლი ტარიფები დააწესეს. ეს არის მულტიმოდალური გადაზიდვები, რადგან მარშრუტი საავტომობილო (ჩინეთიდან ყირგიზეთის სარკინიგზო სადგურამდე) და საზღვაო (კასპიის ზღვა) გადაზიდვებს მოიცავს. ET: რა როლი აქვს ამ პროექტში საქართველოს? აღნიშნული მარშრუტზე, პროექტის შექმნის დღიდან საქართველოს რკინიგზას აქვს გადაზიდვების მზარდი ტენდენცია. საქართველოს რკინიგზა არის მარშრუტის შემადგენელი მხარე და მისი როლია დაიცვას ერთობლივი პირობები/შეთანხმებები და გადაზიდვები შეუფერხებლად აწარმოოს. მეტიც, პროექტის შექმნის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია სწორედ „საქართველოს რკინიგზის“ ინიცირებით ქალაქ თბილისში გაფორმდა. ET: რა უნდა გააკეთოს უშუალოდ „საქართველოს რკინიგზამ“ სამომავლოდ,[რეფორმები, ან ცვლილებები] რომ ეს პროექტი შეუფერხებლად გაგრძელდეს? პროექტი წარმატებით მიმდინარეობს მისი დაარსების დღიდან. აღნიშნული მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარება საჭირო არ არის. მონაწილე მხარეების სარკინიგზო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ყოველწლიურად იკრიბებიან, იმართება სამუშაო შეხვედრები. მხარეები არსებული მოცულობებისა და სამომავლო პერსპექტივების გათვალისწინებით, გადაზიდვის პირობების გაუმჯობესების საკითხებს განიხილავენ. ET: როგორია მოლოდინი, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე გადაზიდვების სეგმენტის ტრაექტორია შეიცვალა. მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტიდან რა სარგებელს მიიღებს „საქართველოს რკინიგზა“ და შესაბამისად სახელმწიფო? საქართველოს რკინიგზის ვარაუდით, ამ მარშრუტზე წლიურად 15 000 ტეუ (პირობითი კონტეინერი) გადაიზიდება, რაც კომპანიისთვის დაახლოებით 4,5 მლნ ლარის შემოსავალია. ამას გარდა, დამატებით შემოსავალს შავი ზღვის პორტებიც მიიღებენ. P.S ივნისიდან მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო. ყირგიზეთის ეროვნული კომპანია „ყირგიზ თემირ ჟოლუს“ დირექტორის მოადგილის დასტან უსუბაკუნოვის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს შერეული ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში, პროექტში მონაწილე ქვეყნების ტერიტორიების გავლით: „პროექტის თანახმად, ტვირთის უმეტესი ნაწილის მიწოდება საკონტეინერო მატარებლებით, სარკინიგზო გზით იგეგმება“, - აღნიშნა უსუბაკუნოვმა. საქართველო 6 ქვეყანასთან ერთად, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში მონაწილეობს ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა
ხავიერ კოლომინა: განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს საქართველოზე მორგებული მხარდაჭერა და ველოდებით მის დამტკიცებას NATO-ს სამიტზე
ექსკლუზივი NATO-ს ისტორიულ სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, Europetime-მა ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე, ხავიერ კოლომინასთან. მადრიდის სამიტზე, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, უკრაინაში რუსეთის ომზე, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროცესზე, თურქეთსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime ხავიერ კოლომინასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. ET: რას გვეტყოდით უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და NATO-ზე მის გავლენებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორ უყურებთ ამ შედეგებს და ზოგადად, როგორ ხედავთ ალიანსის ურთიერთობას რუსეთთან? რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ყველაზე დიდი საფრთხეა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მან ევროპაში მშვიდობა დაარღვია და უზარმაზარ ადამიანურ ტანჯვასა და ზარალს იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ კიევის წინააღმდეგ წარუმატებელი შეტევის შემდეგ, პრეზიდენტი პუტინი ძალების კონცენტრირებას აღმოსავლეთ უკრაინაში ახდენს. რუსეთი ახლა ჩართულია გამანადგურებელ ომში, სადაც ორივე მხრიდან დიდი რაოდენობითაა მსხვერპლი. რუსი სამხედროები განურჩევლად ახორციელებენ უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ აგრესიას. სკოლები, საავადმყოფოები და საცხოვრებელი ადგილები განადგურებულია და ჰუმანიტარული მდგომარეობა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე უკიდურესად მძიმეა. გარდა ამისა, პრეზიდენტ პუტინის ომი ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და მთელ რეგიონებში დესტაბილიზაციას იწვევს. ეს არის ცინიკური და დესტრუქციული ქმედება, რის შედეგადაც მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ხალხი ზარალს განიცდის. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკადა; მოკავშირეები ბევრს მუშაობენ, ასევე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, რათა გადაწყვეტის გზები მოძებნონ. ამ ფონზე NATO ორი პარალელური პრიორიტეტის განხორციელების მიზნით, მუშაობას განაგრძობს. პირველ რიგში, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მეორე მხრივ, ვიცავთ რა, NATO-ს ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენ ვზრუნავთ, რომ არ მოხდეს ამ ომის ესკალაცია მოკავშირეთა ტერიტორიაზე. NATO-ს მოკავშირეები მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს უკრაინას, მათ შორის აღჭურვილობით, ფინანსური მხარდაჭერითა და ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცის წვრთნით. მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უკრაინას მილიარდობით დოლარის ლეტალური და არალეტალური აღჭურვილობა, ასევე, ჰუმანიტარული დახმარება უკვე მიაწოდეს. ყოველივე ეს ცვლის სურათს ბრძოლის ველზე, ეხმარება უკრაინას, უზრუნველყოს თავდაცვის უფლება, რომელსაც გაეროს წესდება ითვალისწინებს. მოკავშირეები ასევე უზრუნველყოფენ უმნიშვნელოვანეს ჰუმანიტარულ დახმარებას, მათ შორის მილიონობით ლტოლვილის მიღების გზით. უკრაინა მრავალი სახის მსუბუქი და მძიმე სამხედრო ტექნიკით ძლიერდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრისადმი ჩვენი პასუხი სწრაფი და ერთიანი იყო, რათა დაგვეცვა ჩვენი ერები. 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი ამჟამად იმყოფება NATO-ს უშუალო მეთაურობის ქვეშ, რომელსაც ძირითადი საჰაერო და საზღვაო ძალები უჭერს მხარს. ეს არის რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავება, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, მიზნად ვისახავთ არა კონფლიქტის პროვოცირებას, არამედ, მის აღკვეთას და მშვიდობის აღდგენას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, გაიყვანოს თავისი ჯარები და კეთილსინდისიერად ჩაერთოს დიპლომატიურ პროცესში. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენ ვწუხვართ ამის გამო, ეს არ არის ჩვენი არჩევანი. ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ყოველთვის ასეთ დონეზე არ იყო. ბერლინის კედლის დაცემამ რუსეთთან პარტნიორობის ახალ ერას მისცა ბიძგი. მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენ განვიხილავდით ჩვენს საერთო უსაფრთხოებას NATO-რუსეთის საბჭოში. ჩვენ ვთანამშრომლობდით საერთო ინტერესების სფეროებში - კონტრტერორიზმი, შეიარაღების კონტროლი, და, მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ავღანეთში. რუსეთმა ამ პარტნიორობიდან გასვლა გადაწყვიტა. ქართველებმა კარგად იციან, რომ უკრაინის ომი და რუსეთის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება დიდი ხნის სქემის ნაწილია, რომელსაც ის თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ET: რაც შეეხება NATO-საქართველოს ურთიერთობებს. უკრაინაში ომის პირობებში, რა არის ის საფუძვლები, რომლებსაც ალიანსი მომავალი გადაწყვეტილებების მიღებისას დაეყრდნობა? შეიცვალა რაიმე ძირეულად? უპირველეს ყოვლისა, არსებული უსაფრთხოების გარემო კიდევ უფრო ძლიერს და მჭიდროს ხდის საქართველოსთან NATO-ს პარტნიორობას. ჩვენ გავააქტიურეთ დიალოგი ბოლო თვეებში: საგარეო საქმეთა მინისტრმა დარჩიაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ბურჭულაძემ მონაწილეობა მიიღეს NATO-ს კოლეგებთან სხვადასხვა შეხვედრაში; პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი მაისში NATO-ს გენერალურ მდივანს შეხვდა; და, სამხრეთ კავკასიას აპრილში თავად ვსტუმრობდი. ჩვენ ასევე ვინარჩუნებთ პრაქტიკული თანამშრომლობის ძლიერ დონეს, მარტში ჩატარებული NATO-საქართველოს მესამე ერთობლივი წვრთნით და მრავალი სხვა მიმდინარე აქტივობით NATO-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ქოლგის ქვეშ. უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის და უსაფრთხოებაზე მისი გავლენების საპასუხოდ, მათ შორის შავი ზღვის რეგიონისთვის, მოკავშირეები შეთანხმდნენ, საქართველოსთვის პრაქტიკული დახმარება გააძლიერონ. ჩვენ ამჟამად განვიხილავთ, რას უნდა მოიცავდეს ეს დახმარება და ველით, რომ მეტი დეტალი გახდება ცნობილი მომავალ კვირას, მადრიდში, NATO-ს სამიტზე. საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ NATO-ში ინტეგრაცია კვლავაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მთავარი მიზანია. ჩვენ ველით, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას რეფორმების მიმართულებით ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა, სასამართლო სისტემა, მედიის თავისუფლება და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულება. ჩვენი მხრიდან, NATO-ში გაწევრიანების მიმართულებით საქართველოს მისწრაფებებთან დაკავშირებით, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვრჩებით. ურყევი რჩება ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილის აღიარებას. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ჩვენს მისიებში ავღანეთში და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2021 წლის ზაფხულში ევაკუაციის ძალისხმევაში. როგორც იცით, საქართველო შეუერთდა NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს და ახლახან მასპინძლობდა NATO-საქართველოს წვრთნებს, რომლებშიც 600-მდე ჯარისკაცი მონაწილეობდა. ET: რა სისტემა ან ინსტრუმენტი შეიძლება, დაინერგოს საქართველოსთვის მორგებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად გაძლიერებული საფრთხეების პირობებში? როგორ შეიძლება, ალიანსი გადავიდეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, თუნდაც შესაძლოა, განიხილებოდეს რაიმე ახალი ფორმატი? როგორც აღვნიშნე, უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის ფონზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ გაზარდონ დახმარება ისეთი პარტნიორებისთვის, როგორიცაა, საქართველო, რომელიც NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მრავალი წლის განმავლობაში განიცდის რუსეთის ჰიბრიდულ საფრთხეებს და ზეწოლას. ახალი ინსტრუმენტების ან სისტემების შექმნის ნაცვლად, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ NATO-საქართველოს არსებით პაკეტს და გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ სიტუაციური ცნობიერების, უსაფრთხო კომუნიკაციების, მედეგობისა და კიბერ სფეროებში. ჩვენ ამჟამად საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ, თუ რას უნდა მოიცავდეს ეს ზომები უფრო დეტალურად და ველოდებით მათ მიღებას მადრიდის სამიტზე. ET: რა იქნება სამიტის მთავარი აქცენტი და რას იტყვით უკრაინაზე? მომავალ კვირას მადრიდში, NATO-ს სამიტზე მივიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შეკავებას და თავდაცვას; დავეთანხმებით უკრაინის მხარდაჭერას გრძელვადიან პერსპექტივაში; შევთანხმდებით NATO-ს მომავალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მომავალი ადაპტაციის გეგმას გაზრდილი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში ავტორიტარულ ძალებთან, როგორიცაა ჩინეთი; და ჩვენ შევთანხმდებით, რომ რისკის ქვეშ მყოფ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი, მათზე მორგებული დახმარება გავუწიოთ. ჩვენ ვალდებულებას ავიღებთ, კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს პარტნიორებთან აზია-წყნარ ოკეანეში და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე განვიხილავთ პროგრესს ტვირთის განაწილების მიმართულებით, რადგან ცხადია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ინვესტიციები ჩვენს თავდაცვაში და ერთად უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ NATO-ში. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპას, რომლებიც ერთად მუშაობენ ძლიერ NATO-ში, შეუძლიათ ჩვენი მილიარდი ადამიანის დაცვა უფრო საშიშ სამყაროში. NATO-ს პარტნიორების მონაწილეობა ასევე იქნება ჩვენი სამიტის გამორჩეული მახასიათებელი ნიშანი მადრიდში. პრეზიდენტი ზელენსკი მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებს სიტყვით მიმართავს და პრემიერი ღარიბაშვილიც იქნება მიწვეული ერთ-ერთ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რაც ცხადყოფს ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელობას. მონაწილეობის მოსაწვევები ასევე გაეგზავნათ ფინეთს, შვედეთსა და ევროკავშირს, ასევე, ჩვენს აზია-წყნარი ოკეანის პარტნიორებს, ავსტრალიას, იაპონიას, ახალ ზელანდიას და კორეის რესპუბლიკას. ET: რას ფიქრობთ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესზე? როგორ ფიქრობთ, თურქეთის შეშფოთების მიზეზები სამიტამდე შეიძლება, რომ აღმოიფხვრას? ფინეთისა და შვედეთის განაცხადები ჩვენს ალიანსში გაწევრიანების შესახებ, ისტორიულია. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, „ისინი აგზავნიან მკაფიო გზავნილს: დაშინება არ მუშაობს; და NATO-ს კარი ღია რჩება“. ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება ორივე ქვეყანას უფრო უსაფრთხოს გახდის. ეს ასევე გააძლიერებს NATO-ს, იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი და შვედეთი არიან ძლიერი დემოკრატიები და მედეგი საზოგადოებები, აქვთ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები - მათ შორის მნიშვნელოვანი რეზერვები და მოწინავე თვითმფრინავები, და, საზღვაო ძალები. შეუძლიათ, NATO-სთან ერთად იმუშაონ. ისინი არიან დიდი ხნის კონტრიბუტორი NATO-ს წინა და მიმდინარე მისიებში (ავღანეთში, კოსოვოში და ერაყში), ასევე, NATO-სა და მოკავშირეების წვრთნებში. როგორც გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა, ჩვენ ახლა განვიხილავთ შემდეგ ნაბიჯებს ფინეთისა და შვედეთის გზაზე, რათა შეუერთდნენ ჩვენს ალიანსს; როცა ამას ვაკეთებთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს; როდესაც მოკავშირე აყენებს შეშფოთების მიზეზებს, ჩვენ მათ სერიოზულად ვეკიდებით და ვპოულობთ საერთო ენას; ასე რომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ თურქეთის უსაფრთხოების სერიოზულ შეშფოთებებთან მიმართებით, მათ შორის ტერორიზმთან დაკავშირებით. თურქეთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა, სტრატეგიული მდებარეობით, მთავარ როლს ასრულებს შავ ზღვაში, სირიასა და ერაყს ესაზღვრება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თურქეთი ასევე არის NATO-ს მოკავშირე, რომელმაც განიცადა ტერორისტული თავდასხმები, მათ შორის PKK-ის მიზეზით გამოწვეული. ჩვენ ახლა ერთად ვმუშაობთ, კონსტრუქციული სულისკვეთებით, რათა ვიპოვოთ ერთიანი გზა. ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ NATO-ს კარი ღიაა, რომ გაფართოება იყო ისტორიული წარმატება და რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ერთად დგომა, რადგან თაობის უდიდესი უსაფრთხოების კრიზისის წინაშე ვდგავართ. ნება მომეცით დავამატო, რომ უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე, ფინეთი და შვედეთი ახლა უკეთეს მდგომარეობაში არიან, ვიდრე განაცხადების მიღებამდე იყვნენ. ბევრმა მოკავშირემ უკვე აიღო მკაფიო ვალდებულებები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების მიმართ; და NATO-მ გაზარდა ჩვენი ყოფნა ბალტიის ზღვაში, მათ შორის მეტი წვრთნით; მაგალითად, ფინეთი და შვედეთი ჩაერთნენ რამდენიმე მოკავშირეთა წვრთნებში ბოლო კვირების განმავლობაში, მათ შორის BALTOPS-ში, რომელიც აერთიანებს 7500 პერსონალს 14 მოკავშირიდან - მათ შორის თურქეთიდან. ეს არის NATO-ს ერთგულების აშკარა დემონსტრირება ამ რეგიონის მიმართ.
რატომ ვერ ვითარდება მზესუმზირის ზეთის ადგილობრივი წარმოება - მიზეზები
მზესუმზირის ზეთი სამომხმარებლო კალათაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი პროდუქტია. 2022 წლის ივნისში საქსტატმა გაასაჯაროვა ინფლაციის მონაცემები, (13,3%) რომელშიც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების წილი 6,88%-ია და ზეთი და ცხიმები კიდევ 17,7%-ით გაძვირდა. რატომ ძვირდება მზესუმზირის ზეთი ადგილობრივი ბაზარი ზეთის იმპორტზე თითქმის სრულადაა დამოკიდებული. Europetime-ს მიერ „საქსტატიდან“ გამოთხოვილი მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის ძირითადი იმპორტიორი რუსეთია. მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემები: რუსეთი - $3,460.5 ათასი - 2,055.6 ტონა; აზერბაიჯანი - $1,976.9 ათასი - 1,040.3 ტონა; უკრაინა - $ 416.1 ათასი - 239.3 ტონა; იტალია - $ 16.0 ათასი, 5.2 ტონა; სომხეთი - $ 5.9 ათასი - 3.2 ტონა; გერმანია - $ 4.8 ათასი - 1.8 ტონა; ბელგია - $ 0.3 ათასი - 0.1 ტონა; თურქეთი - $ 0.1 ათასი - 0.1 ტონა; ამასთან, საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტისთვის ქვეყნიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა გადის. 2019 წელს საქართველოში $38,284.6 ათასის ღირებულების მზესუმზირის ზეთი იმპორტირდა, 2020 წელს ამ პროდუქტის იმპორტისთვის ქვეყნიდან $45,650.7 ათასი გავიდა, 2021 წელს - $47,280.0 ათასი, 2022- 4 თვეში $ 5,881.6 ათასი. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, კომპანია „ქარვა“ რომელსაც ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებდა და შეიძლება ითქვას, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე იყო, გაჩერებულია. როგორც კომპანიაში გვითხრეს ადგილობრივი და იმპორტირებული ნედლეულით მზესუმზირის ზეთის წარმოება ჯერ კიდევ პანდემიამდე ფინანსური პრობლემების გამო შეწყვიტეს. წარმოებას ნაწილობრივ უკრაინიდან მზესუმზირას იმპორტით აბალანსებდნენ. „ახლა კი უკრაინაში ომია და შესაბამისად ნედლეულის ეს ბაზარიც ჩაიკეტა“, - აცხადებენ კომპანიაში. ამ დროისთვის, ბაზარზე ადგილობრივი ნედლეულით მხოლოდ მცირე, ოჯახური ზეთის სახდელები მუშაობენ. ისიც, მხოლოდ სეზონურად. ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი ნიკა ბაგალიშვილი, რომელიც სიღნაღის რაიონში, წნორში მზესუმზირისგან ბიოზეთს აწარმოებს, Europetim-თან ინტერვიუში ამბობს, რომ საწარმოო სიმძლავრის ზრდას მზესუმზირი მოსავლის დაბალი მაჩვენებელი აფერხებს. „მზესუმზირას სჭირდება წყალი და ძირითადად ამინდზე ხარ დამოკიდებული. ამიტომ მზესუმზირის წარმოება მცირეა. მცენარე ძირითადად იმ ტერიტორიებზე ითესება, სადაც ურწყავი მიწებია“, - ამბობს ბეგალიშვილი. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებულთან შედარებით მაღალი ფასის მიუხედავად, მზესუმზირის ზეთის რეალიზაციის პრობლემა არ დგას. „ერთ ჰექტარზე სამ ტონამდე მზესუმზირის მოსავალი მივიღე. წარმოებამ 300-400 ლიტრი შეადგინა. პროდუქტი ადგილობრივ მომხმარებელზეა გათვლილი, ლიტრის ფასი 15 ლარია. ზეთს მცირე 350 გრამიანი დაფასოებით ვყიდი, რომლის ფასიც 6 ლარია“- ამბობს ბიომეურნეობა „სამყურას“ დამფუძნებელი. მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში: 2016 წელი - 3.7 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3.2 ათასი ტონა; 2017 წელი - 4.6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,2 ათასი ტონა; 2018 წელი - 2,9 ათასი ჰექტარი - მოსავალი 3 ათასი ტონა; 2019წელი - 2,6 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 2,5 ათასი ჰექტარი - მოსავალი 1,9 ათასი ტონა; 2021 წელი - 3.0 ათასი ჰექტარი - მოსავალი 2,1 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები საქართველოში საკმაოდ მცირეა. რატომ ვერ ვითარდება ქვეყანაში მზესუმზირის ადგილობრივი წარმოება? არსებობს თუ არა შანსი, რომ მზესუმზირის ზეთის იმპორტი ადგილობრივი წარმოების ხარჯზე მომავალში მაინც მცირედით შემცირდეს? სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი Europetime-თან ამბობს, რომ მზესუმზირა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის არასდროს ყოფილა ძირითადი კულტურა. ამასთან, მისი განვითარება და მასშტაბები არასდროს ყოფილა შთამბეჭდავი და ვითარება არც მომავალში შეიცვლება. „მზესუმზირა, საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოებისთვის იყო ჩანაცვლებადი კულტურა იმისთვის, რომ მიწას დაესვენა და მონაცვლეობის თემა დალაგებულიყო, ამიტომ მზესუმზიროს ნათესი ფართობის მასშტაბი არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი. ძირითადად, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ზოგადად მარცვლეულის წარმოების განვითარებაზე, უფრო მეტი აქცენტი კეთდება ხორბალზე, როგორც სასურსათო უზრუნველყოფის სეგმენტზე, ქერზე და სიმინდზე, როგორც მეცხოველეობა-მეფრინველეობის დარგის განვითარებისთვის საჭირო მარცვლეულზე. რა თქმა უნდა კარგია, რომ მზესუმზირის ნათესი ფართობები გავზარდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, მზესუმზირას განსხვავებით ხორბლისა და ქერისგან სჭირდება მორწყვა და სასურველია დაითესოს მიწის ისეთ ნაკვეთებზე, რომელიც ირწყვება. სადაც დღეს მზესუმზირა იწარმოება, (პატარა შირაქი, კასრისწყალი და ა.შ.) ყველგან ურწყავი ფართობებია, ამიტომ ნათესი ფართობების მასშტაბების გაზრდაზე დღეს ძალისხმევის მიმართვა არაეფექტური და არასწორი იქნება. მაშინ ეს მიწები პირველ რიგში უნდა გასარწყავიანდეს. დღეს, რომ მზესუმზირის წამახალისებელი პროგრამა გვქონდეს, დავხარჯავდით ფულს, მაგრამ ის ადგილები ვერ ირწყვება და შესაბამისად შედეგი არ იქნება. ახლა ვნერგავთ მიწის ნულოვანი დამუშავების ტექნოლოგიას, რაც მზესუმზირის მოსავლიანობას გაზრდის, თუმცა საქართველოში ვერასოდეს მოვიყვანთ იმდენ მზესუმზირას, რომ ზეთზე მოსახლობის მოთხოვნა 100% დაკმაყოფილდეს. ადგილობრივი მცირე ზეთის სახდელები კახეთშია და მათი წარმადობა იმ მასშტაბის ადეკვატურია, რა რაოდენობის მზესუმზირაც იწარმოება. დედოფლის წყაროში ძალიან ბევრი ზეთსახდელია, რომელიც ამარაგებს ქვეყანას კახეთში წარმოებული რაფინირებული ზეთით. ეს პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე წარმატებულად იყიდება“- აცხადებს გელა ხანიშვილი. P.S.ივნისის მონაცემებით, ბაზარზე და სავაჭრო ქსელებში იმპორტირებული მზესუმზირას ზეთის ფასი, ბრენდისა და ხარისხის მიხედვით 8,5 -ლარიდან 12 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ადგილობრივ ოჯახურ საწარმოებში დაწურული მზესუმზირას ზეთის ფასს, 1 ლიტრის ღირებულება ადგილზე 10 ლარია, ხოლო საკოლმეურნეო ბაზრებში 15 ლარს შეადგენს.
რატომ ვერ ამბობს უარს საქართველო, რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტზე
ერთი თვის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დარგში და რამდენად რეალურია რისკები სურსათის უსაფრთხოების კუთხით Europetime საკითხით დაინტერესდა. შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად ხორბლის წარმოების მონაცემები ბოლო ხუთი წელია მცირედით იზრდება, თუმცა ამ პროდუქტის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში ისევ დაბალია. ხორბლის წარმოება საქართველოში 2017-2021 წლები 2017 წელი - 97,9 ათასი ტონა; 2018 წელი - 107,1 ათასი ტონა; 2019 წელი - 100,6 ათასი ტონა; 2020 წელი - 102,4 ათასი ტონა; 2021 წელი - 139,9 ათასი ტონა; საქსტატის მონაცემებით, ხორბალი შემდეგ რეგიონებში მოდის: კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და სხვა რეგიონები (აჭარა, იმერეთი მცხეთა-მთიანეთი). ციფრები ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით წამყვანია კახეთი, სადაც ხორბლის მოსავლის 80% მოდის, მეორეა ქვემო ქართლი, შემდეგ შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები) ხორბალი 15%; სიმინდი 68%; კარტოფილი 92%; ბოსტნეული 63%; ყურძენი 145%; ხორცი 49%; რძე და რძის პროდუქტები 81%; კვერცხი 97%. Europetime- თან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფია ამბობს, რომ საქართველოსთვის 2022 წელს რუსეთი ხორბლისა და ფქვილის მთავარი იმპორტიორია, რაც სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკების შეიცავს. „აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს“, - ამბობს ფიფია. ეს სურათი საქსტატიდან მიღებულ ციფრებშიც იკვეთება. ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2022 წელი: ავსტრია - 0,30 ათასი ტონა; გერმანია - 0,30 ათასი ტონა; ხორბლისა და მესლინის იმპორტი 2021 წელი: რუსეთი - 337 694.72 ათასი ტონა; აშშ- 24 355.52 ათასი ტონა; სომხეთი - 2 493.50 ათასი ტონა; ყაზახეთი - 2 000.01 ათასი ტონა; თურქეთი - 71.00 ათასი ტონა; ავსტრია - 44,37 ათასი ტონა; საბერძნეთი - 43.00 ათასი ტონა; სლოვაკეთი - 20.01 ათასი ტონა; უკრაინა - 20.00 ათასი ტონა; საფრანგეთი - 3,20 ათასი ტონა; სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2021 წელს რუსეთი საქართველოში ხორბლისა და მესლინის მთავარი იმპორტიორი იყო. 2022 წელს ბაზარზე რუსეთ-უკრაინის ომისა და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის ზრდის გამო, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეჩერდა. მცირე პარტიების იმპორტი გერმანია-ავსტრიიდან განხორციელდა. რა ვითარებაა საქართველოში ხორბლის მარაგების კუთხით, რას გეგმავს და აკეთებს სახელმწიფო, ხორბლით უზრუნველყოფის კოეფიციენტის გასაზრდელად, ამ და სხვა საკითხებზე Europetime სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილს ესაუბრა. ET: თვეზე მეტია, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები შემცირდა. რა ვითარებაა დღეს ამ კუთხით? ვიდრე რუსეთი ხორბალზე ექსპორტის გადასახადს შემოიღებდა, ფასიდან და ლოგისტიკიდან გამომდინარე ყველზე ეფექტური იყო და მიუხედავად ამისა დღესაც ეფექტურია რუსეთიდან ხორბლის შემოტანა. საქართველოს მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ პრობლემაზე მუშაობს და აკვირდება მოვლენების განვითარებას. რა თქმა უნდა სჯობს და სასურველია, რომ ქვეყანაში სასურსათო მარაგები იქმნებოდეს ხორბლის და არა ფქვილის სახით. თუმცა, საქართველოს მთავრობამ აირჩია პოლიტიკა, რომ მოსახლეობას ჰქონდეს იაფი პური, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად იაფი ფქვილი შემოვიდეს. ET: ჩვენთან ინტერვიუში სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიამ განაცხადა, რომ ხორბლისა და ფქვილის ერთ იმპორტიორზე დამოკიდებულება საქართველოსთვის სურსათის უსაფრთხოების კუთხით რისკებს შეიცავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას? რაც დღეს ხდება საქართველოს ხორბლის ბაზარზე, ეს რეალურად რუსეთის პოლიტიკის შედეგია. ხორბლის ექსპორტზე ამ ქვეყანამ შემოიღო გადასახადი. შედეგად იმპორტირებული ხორბლის შემთხვევაში, საქართველოში მნიშვნელოვნად ძვირი ფქვილი იწარმოება. შალვა ფიფიას ვეთანხმები, რომ მარაგები ყოველთვის სასურველია იყოს ხორბალში, რადგან რისკები ნაკლებია. მაგრამ დღეს, მსოფლიოში, ხორბლის ახალი მოსავლის პირობებში ყალიბდება ახალი ვითარება. სამწუხაროდ, მომავალი კვირიდან კიდევ უფრო იზრდება ექსპორტის გადასახადი რუსულ ხორბალზე და ტონაზე უკვე $146 მიაღწია უკვე. ხორბალზე მსოფლიო ფასების ასეთი ზრდა ისტორიას არ ახსოვს. რისკები გაამძაფრა ომმა, რომელიც რუსეთმა დაიწყო. ჩვენ სამეზობლოში ხორბლის მწარმოებელ ორ დიდ ქვეყანაში მიდის სრულმასშტაბიანი ომი, ამიტომ ბევრი გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. საქართველოს მთავრობა ცდილობს პრობლემებს თავისი პროგრამებით გაუმკლავდეს. ET: რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს და იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს? დღეს ჩვენ უკვე ვიმყოფებით მოსავლის აღების პირობებში, ამინდი გვიშლის ხელს, თორემ ხორბლისა და ქერის პირველი მოსავალი უკვე აღებული უნდა იყოს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მიმდინარე წელს, თუ რამე კატაკლიზმები არ მოხდა, უკეთესი მოსავალი გვექნება. იგეგმება ახალი პროგრამების შეთავაზება ფერმერებისთვის, რომელიც საპილოტე იქნება, ერთის მხრივ, უნდა მოვსინჯოთ ახალი სერტიფიცირებული სათესლე მასალა. ვცადოთ ხორბლის წარმოების მასშტაბების გაზრდა და მეტი ინტერესი გავუჩინოთ ფერმერებს. ET: რა შედეგზე აპირებთ გასვლას? ბუნებრივია არსებობს შესაბამისი გათვლები. ხორბლის თვითკმარობის კოეფიციენტის ზრდა უნდა მოხდეს გრძელვადიან პერიოდში, ესაა 5-დან 10 წლამდე პერიოდი, ეს არ არის საკითხი, რომელიც ერთ წელიწადში გადაიჭრება. უნდა მოხდეს ნიადაგის შესაძლებლობების გაძლიერება, ახალი სათესლე მასალის შემოტანა, მეტი აგრონომიული ცოდნა და მეტი მექანიზაცია, უნდა დაიხვეწოს მოსავლის აღების ტექნიკა. ესაა კომპლექსური და მრავალ ათეულმილიონიანი პროგრამა. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამების განხორციელების ფონზე, საქართველოს ექნება შესაძლებლობა, სასურსათო ხორბალზე საკუთარი მოხმარების 50%-60% (პარალელურად იზრდება საფურაჟე და სათესლე ხორბლის რაოდენობა) დაიკმაყოფილოს. ET: გეგმავს თუ არა ხელისუფლება ხორბლის მარაგების შევსებას და ბაზრის დივერსიფიცირებას? ხორბლის მარაგების შევსება დღეს ძალიან მარტივია. უბრალოდ იმპორტირებული ხორბლისგან წარმოებული ფქვილი იმდენად ძვირი იქნება, რომ მეწარმეს პურის მკვეთრად გაძვირება მოუწევს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს გარდამავალი პერიოდი გავიაროთ და ვნახოთ მსოფლიო ბაზარი როგორ ეკონომიკურ ვითარებას შემოგვთავაზებს. პური რომ ხელმისაწვდომი იყოს, ქვეყანაში იაფი ფქვილი უნდა შემოვიტანოთ. ეს მიდგომა წისქვილებისთვის არაა სარგებლის მომტანი, ამიტომ ამ ბიზნესს ხელს ვუწყობთ, რომ ისინი გახდნენ ფქვილის მსხვილი იმპორტიორები. ბუნებრივია ბაზრის დანარჩენ მოთამაშეებთან ერთად. წისქვილკომბინატები ახლაც მუშაობენ. ივლისში ქვეყანაში 5 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა. უბრალოდ ის მასშტაბები არ არის, რომ მარაგები შევქმნათ, როგორც ამას გასულ წლებში ვაკეთებდით. ბუნებრივია იწყება ადგილობრივი ხორბლის აღება, რომელიც მალე მიეწოდება ბაზარს. დღეს ბაზრის დივერსიფიცირება პრობლემა არ არის, უბრალოდ იქნება ბევრად უფრო ძვირი ხორბალი, ვიდრე შეიძლება რუსეთიდან შემოვიტანოთ. დღესაც სარკინიგზო და სახმელეთო გზით და მცირე რაოდენობით ზღვით ხორბალი რუსეთიდან იმპორტირდება. ყველაზე დიდი მოცულობა შემოდის ლარსის საბაჟოს გავლით.
ევროპარლამენტარი მიჰაილ გალარი: რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას
Europetime-მა ევროპარლამენტარ მიჰაილ გალართან (EPP, გერმანია) ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. გერმანელმა პოლიტიკოსმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და ამ კონტექსტში 2 ოქტომბერს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების როლი შეაფასა. რა გზავნილი იქნება ევროპისთვის საქართველოს მიერ ჩატარებული არჩევნები, ქვეყნისგან, რომლის ხანგრძლივი პოლიტიკური კრიზისის მოგვარებაში ევროკავშირი იყო ჩართული და ბოლო პერიოდში მისგან არაერთი კრიტიკული შეფასება დაიმსახურა, მიჰაილ გალარმა ამის საპასუხოდ რეფორმების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ევროპარლამენტარი ასევე საუბრობს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის პერსპექტივასა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის „საქართველოს ამბიციურ მიზნებზე“. _ ბატონო მიჰაილ, რა როლი აქვს ამ არჩევნებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში? ჩვენ გვაქვს ყოვლისმომცველი ჩარჩო საქართველოსთან - ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ინტეგრაციის, თანამშრომლობისა და რეფორმის უზარმაზარ სპექტრს უზრუნველყოფს, ხოლო რეფორმა არის საკვანძო საკითხი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობას და სასამართლო სისტემას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამ სამეზობლოს სხვა ქვეყნებშიც. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ რეფორმების რეალურ პროცესს. მე ვფიქრობ, როდესაც ქვეყანას აქვს ამბიცია, განაცხადი გააკეთოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მისი განვითარების გზაზე უნდა იყოს წარმატებული და ვშიშობ, ბოლო თვეები ძალიან არ დაგეხმარათ თქვენი საქმეების წარმოჩენაში. ამიტომაც მივმართავთ ქართველ პარტნიორებს, შეაფასონ სიტუაცია და იპოვონ წინსვლის გზები ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ვცდილობთ, განვმუხტოთ დაძაბულობა და ვიპოვოთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის გზები საქართველოში საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენ ხელს ვუწყობთ ყველა ნაბიჯს, რომელიც სწორი მიმართულებით გადაიდგმება. ჩვენ განვახორციელეთ უზარმაზარი ძალისხმევა და ამის დასტურია ევროპული საბჭოს არაერთი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, რაც არ არის ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, მაგრამ ასევე კონსტრუქციულნი ვართ ჩვენს მიდგომებში. _როგორ შეაფასებთ ასოცირებული ტრიოს ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ამბიციურ მიზნებს? მათ აქვთ ამბიციური დღის წესრიგი და ჩვენ ამას მივესალმებით, განცხადების გაკეთება ან ამბიციური მიზანი პარტნიორებთან ერთად, ასევე კარგია, მაგრამ ამას არ ახლავს პოზიტიური განვითარებები სხვადასხვა სფეროში, მაგალითად დავასახელებდი სასამართლო სისტემას, როგორც ერთ ძალიან მნიშვნელოვან პუნქტს. _თქვენ ახსენეთ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? პერსპექტივა ჯერჯერობით არ არის ისეთი მკაფიო, როგორც ამას ეს სამი ქვეყანა ისურვებდა. ჩვენ გვაქვს 41-ე მუხლი, ყველა ევროპული ქვეყანა შეიძლება, გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს მათთვის, ვინც წევრობისკენ ისწრაფვის და უბრალოდ მუშობს ამ უზარმაზარ და ყოვლისმომცველი თანამშრომლობის დღის წესრიგზე. და, თუ ქვეყანა დაინტერესებულია და ნამდვილად მიაღწევს განვითარების ისეთ დონეს, რომ ჩვენ გვექნება რაღაც სათქმელი - „ხედავთ, როგორი წინსწვლა აჩვენეს, როგორ განვითარდნენ“, ასეთ შემთხვევაში ჩვენგან არ იქნებოდა გამართლებული, ასეთი მიმზიდველი ქვეყნები ჩვენთან არ გვყოლოდა. მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ამ სიტუაციაში. ასე რომ, ჩვენ მხარს გიჭერთ, თუმცა უკანასკნელი თვეების და გასული წლის მოვლენები, დაპირისპირება არ წაადგა სასარგებლოდ თქვენს საქმეს. ამიტომაც ჩვენ, საქართველოს მეგობრები, მივმართავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაითვალისწინონ ეს. ჩვენ ვართ მეგობრული პარტნიორები, სხვები არ არიან მეგობრულები და ეს ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული.
სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის აღქმა განსხვავებულია და ეს უნდა გავიაზროთ - გიორგი გობრონიძე
ანალიზი სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა განსხვავებულია ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის, ჩვენ მიმართ სოლიდარობა უფრო მეტია და ეს კაპიტალი უნდა გამოვიყენოთ Europetime-თან ინტერვიუში, საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი გიორგი გობრონიძე განიხილავს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ ევროკავშირს არ შეუძლია, მოლდოვა და უკრაინა ერთმანეთისგან გამიჯნოს. საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა. რას ნიშნავდა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება იმ დროს, როდესაც საქართველო დასავლური ინტეგრაციის საკითხს შავი ზღვის რეგიონის, აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკის კონტექსტში განიხილავს? საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი, საგარეო საკითხებში ექსპერტი, გიორგი გობრონიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი პირველ რიგში, გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამოვიდა და არა გეოგრაფიული. სპეციალისტი განმარტავს, რომ ეს ორი განსხვავებული ცნებაა ერთმანეთისგან. „გეოპოლიტიკა გულისხმობს პოლიტიკას, რომელიც ტარდება გარკვეულ გეოგრაფიულ არენაზე, როდესაც შეგიძლია თქვა - აქ არის სხვა გეოპოლიტიკური მოცემულობა, იქ - სხვა. რა თქმა უნდა, მათი გადმოსახედიდან, დემოკრატიული რეფორმები, როგორც კრიტერიუმი საქართველოსთვის, დღის წესრიგშია. გავიხსენოთ, ჯერ იყო საკმაოდ კრიტიკული რეზოლუცია, ამის შემდეგ, ევროკომისიის დასკვნაში ამ რეზოლუციის რეფლექსიას ვხედავთ და პრაქტიკულად, ეს რეზოლუცია ევროკომისიის დოკუმენტში აირეკლა. ამ ყველაფერს, საფრანგეთის დასაბუთებაში დაემატა გეოპოლიტიკური მოცემულობა. რა თქმა უნდა, მიზეზების ძებნაც იქნება, მოდით, ასე შევხედოთ - იგივე საფრანგეთი თუ გერმანია, სამხრეთ კავკასიის არეალს მათი ბუნებრივი ინტერესების კონტექსტში არ განიხილავს. შესაბამისად, რა არის აქ მთავარი გამოწვევა - უნდა გავიაზროთ, როგორია ჩვენ მიმართ ევროპისეული აღქმა და მეორე, როგორია, ევროპისეული აღქმის მიღმა ის პრობლემები, რომელთა წინაშე ჩვენი ქვეყანა დგას, რადგან ჩვენ სამწუხაროდ, გაცილებით მეტი ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე იგივე მოლდოვას, რომ გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს. თუნდაც, გავითვალისწინოთ მოცემულობა, რომ პრაქტიკულად, დღის წესრიგიდან არ გამქრალა რუმინეთთან მოლდოვის ინტეგრაციის საკითხი და შესაბამისად, ჩვენ, თვისობრივად განსხვავებულ მოცემულობაში ვართ. აქედან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ჩვენი საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგი იმ მოცემულობას მოერგება, რომელშიც ახლა ვართ“, - მიიჩნევს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი. საგარეო საკითხებზე მომუშავე ექსპერტის აზრით, უნდა გავიაზროთ, რომ ზოგადად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ე.წ. ბებერი ევროპის, კონტინენტური ევროპის აღქმა მცირედით განსხვავებულია. „ისინი ჩვენ არც განგვიხილავენ „როგორც პოლიტიკურ, ისე გეოგრაფიულ ევროპად“ და მეორე - საუბარი იყო მაკრონის მხრიდან, არა გეოგრაფიულ მოცემულობაზე, რომ საქართველო არ არის ევროკავშირში, არამედ, განსხვავებულ გეოპოლიტიკურ მოცემულობაზე, რომელიც იმავდროულად, ერთობლივ ჭრილში სომხეთთან და აზერბაიჯანთან განიხილება. გარკვეულწილად, საუბარია, რომ დიახ, არის სამი ქვეყანა, რომლებსაც აქვთ განსხვავებული ვექტორები, შესაბამისად, ეს ქმნის სხვა გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელშიც მაგალითად, დღეს არ არიან უკრაინა და მოლდოვა. უკრაინა არის პირდაპირი რუსული აგრესიის მსხვერპლი და მოლდოვის მიმართ რისკებს ევროკავშირი უფრო მეტად აფასებს, ვიდრე - საქართველოსთან დაკავშირებულს. საფრანგეთის პრეზიდენტმა იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ეს ქვეყნები არიან უსაფრთხოების ერთი დღის წესრიგის ნაწილი, ჩვენ ვართ მეტწილად, განსხვავებული უსაფრთხოების დღის წესრიგის ნაწილი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გარკვეული დათმობებია ევროკომისიის რეკომენდაციებში უკრაინისა და მოლდოვის მიმართ. ჩვენ შემოგვთავაზეს განსხვავებული პირობები - ვიდრე მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, უნდა დავაკმაყოფილოთ გარკვეული მოთხოვნები, იქნება ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლება, დემოკრატიული რეფორმები, ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ - ჩამოგვითვალეს, რა პრობლემებიც გვაქვს. უკრაინას აპატიებენ მის პრობლემას, რადგან იქ 200 000 რუსი სამხედროა შეჭრილი, შეიძლება, ინსტიტუციურად წინ ვიყოთ უკრაინაზე, მაგრამ უკრაინა დღეს ომის მსხვერპლია და არ შეიძლება, დღეს მათ შევედაროთ. უკრინას ევროკავშირი სხვა დონეზე უჭერს მხარს, უკრაინა არის ევროკავშირის მოსაზღვრე სახელმწიფო. ევროპა არ არის ჩვენ მიმართ იმდაგვარად მგრძნობიარე, როგორც უკრაინის და მოლდოვის მიმართ, რადგან ერთი სივრცეა, ერთი რეგიონი, მოსაზღვრე ქვეყნები არიან. ჩვენ ვართ რეგიონულად დაშორებული და წარმოვადგენთ სხვა მოცემულობას. ჩვენ არ ვართ ფრონტისპირა რეგიონი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენმა დიპლომატიამ დღის წესრიგიდან გარკვეულწიდან მოხსნა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოშიც არის ოკუპირებული ტერიტორიები და სამი საერთაშორისოდ აღიარებული ეთნიკური წმენდა განხორციელდა ქართველების წინააღმდეგ და დღეს, ყოველდღიურ რეჟიმში აპარტეიდის რეჟიმში მუშაობენ ქართველები ოკუპირებულ რეგიონებში. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ იცვლება აღქმები“, - თვლის გიორგი გობრონიძე. აისახება თუ არა საფრანგეთისეული ხედვა მთლიანად ევროპაზე. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ, კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე კი, ეს აღქმა გავრცელდება. „მთლიანად ევროპაზე არა, თუმცა კონტინეტური დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილზე აისახება ეს აღქმა. ასეთია აღქმა გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში - კიდევ შეიძლება, ნეიტრალურია. პორტუგალიაში - კიდევ უფრო ნეიტრალური. აღმოსავლეთ რეგიონში, როგორიცაა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, სხვანაირად ხედავენ ამ პროცესს გამომდინარე იქედან, რომ მათ საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი რუსულ აგრესია, რუსული საფრთხეები და სოლიდარობის მომენტი ევროკავშირის ახალგაზრდა წევრ სახელმწიფოებს შორის ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, უფრო მეტია ჩვენ მიმართ და ეს არის ის კაპიტალი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, - განუცხადა Europetime-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარმა. ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი ევროკომისიის რეკომენდაცია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე 16 ივნისი. ემანუელ მაკრონის შეფასება „ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ უნდა გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას, გადაწყვეტილების მიღებამდე, მიანიჭონ თუ არა მათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. ვფიქრობ, რომ არ შეგვიძლია, მოლდოვა უკრაინისგან გავმიჯნოთ იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. ემანუელ მაკრონის განცხადებით, საქართველო ასევე იქნება მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ მდგომარეობაშია“. „არსებობს კატეგორია ქვეყნებისა, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შემადგენლობაში შედიან და რომელთა უსაფრთხოება, გეოპოლიტიკური სიტუაცია განსხვავებულია. „საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ძალიან ახლო მეგობარი ქვეყნები არიან, მაგრამ გეოპოლიტიკურად და გეოგრაფიულად თუ დავაკვირდებით, ისინი დღეს იმავე მდგომარეობაში არ იმყოფებიან“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ - კახა გოგოლაშვილი
სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო პერიოდში ევროკავშირს არც უკრაინასთან და არც მოლდოვასთან ჰქონია ისეთი მძაფრი კომუნიკაცია, როგორც - საქართველოს მთავრობასთან. ექსპერტის შეფასებით კი, მთავარი, რითაც იხელმძღვანელა კომისიამ პოლიტიკური კრიტერიუმია - კერძოდ, ჩამორჩენა დემოკრატიული განვითარების გზაზე. Europetime-თან საუბარში კახა გოგოლაშვილი ფუნდამენტურ საკითხზე მიუთითებს, რის გამოც ევროკომისია კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ვერ გასცემდა. „ისინი კმაყოფილები იყვნენ ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობით, მათ მიერ მიღწეული პროგრესით, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოზე. აქ არის ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომლის გამოც კანდიდატის სტატუსს ვერ მისცემდნენ საქართველოს და ეს არის ძალიან ძლიერი პოლარიზაცია საზოგადოებაში. მისი დაძლევა შესთავაზა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანას, მაგრამ დოკუმენტი გააუქმა მმართველმა ძალამ, თუმცა ოპოზიციამაც (ყოველ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“), ითამაშა ნეგატიური როლი, როდესაც ხელს არ აწერდა შეთანხმებას. ევროკავშირისთვის კი მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოება, რომელიც კომპრომისებს და კონსენსუსს ეძებს. სხვანაირი საზოგადოება მათ აშინებთ, რადგან ყოველთვის არის დესტაბილიზაციისა და რეგრესის საშიშროება. ასევე - დემოკრატიის გაუარესების. შეიძლება - სამოქალაქო ომისაც. მნიშვნელოვანია, რომ პროგრესი არ შეინიშნებოდა“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. რაც შეეხება პირობების შესრულების საკითხს, რა შეიძლება იქცეს გამოწვევად ქვეყნისთვის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, შარლ მიშელის შეთანხმება იქცა უკვე გამოწვევად: რომ პარლამენტში უმდა მომხდარიყო ძალაუფლების გაყოფა; სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარებულიყო; საუბარი იყო იმაზე, რომ არ დაენიშნათ მოსამართლეები, ვიდრე კანონს არ შეცვლიდნენ, თუმცა მთავრობამ ეს შეთანხმება „დახია“ და უზენაესშიც დანიშნა მოსამართლეები“. „სასამართლო რეფორმა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასევე, მედიის თავისუფლების თვალსაზრისით შესაძლო, დასჭირდეთ ქმედითი ღონისძიების გატარება. იმისთვის, რომ მედიასივრცეში უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, რადიკალური ჯგუფების ალაგმვა უნდა მოხდეს“. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად დასკვნის სახით, საბოლოო ჯამში, კახა გოგოლაშვილი თვლის, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებაა ევროკომისიის მხრიდან, რადგან არც მოლდოვას და არ უკრაინას ჰქონიათ ასეთი მძაფრი და წინააღმდეგობრივი ურთიერთობა ევროკავშირის ინსტიტუტებთან. „ნდობა ვეღარ დაიმსახურა საქართველომ, მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული შესაძლებლობები საკმარისი აქვს. ვიცით, რომ საქართველო ბევრი მიმართულებით მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ ევროკავშირი იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან და არ ედავება მას; ატარებს რეფორმებს, რომლებსაც ისინი თვლიან სწორად. ამაში ჩვენ ჩამოვრჩებოდით მოლდოვასაც და უკრაინასაც. მათი დიპლომატია უფრო ეფექტიანი და ბევრად უფრო დადებითი მუხტის შემცველი“. „ჩვენ რაც მოგვცეს, ისიც ბევრია. ევროპული პერსპექტივის მიღებაზე ვომობდით ბოლო წლებში და არ გვაძლევდნენ და ახლა გაგვიხსნეს პერსპექტივა ასე მარტივად. მოგვცეს საშუალება, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი უკვე პირობების შესრულების გზით. ამაზე საერთოდ არ იყო ადრე საუბარი. ასე რომ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით და მოსალოცად გვაქვს საქმე, თუმცა უკმაყოფილო უნდა ვიყოთ ჩვენი მთავრობის მუშაობით, რომ ასეთი შანსი ბოლომდე ვერ გამოიყენეს“, - თვლის ექსპერტი. აქვე, კახა გოგოლაშვილი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხს, შეიცვლება თუ არა რიტორიკა მთავრობის მხრიდან, ევროკომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. „რიტორიკა იყო ამპარტავნული და შეურიგებელი, კრიტიკის მიმართ და მგონია, რომ ვინმემ უნდა აუხსნას მათ, რომ მთავარია, კრიტიკაზე არ იყოს მწვავე რეაგირება, არამედ, იყოს დაფიქრება და შეიძლება, იყოს დიალოგი და არა ტრიბუნიდან მოსახლეობის გასაგონად საუბარი - რა სულელები არიან ევროპარლამენტარები, თუ ეს რიტორიკა გაგრძელდა, ჩვენ იმასაც დავკარგავთ, რაც გვაქვს“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ევროკომისიის რეკომენდაციაა, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს შემდგომში შესასრულებელი პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. შეგახსენებთ, ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ სავალდებულოდ, შესასრულებელი პირობებით, საქართველომ ჯერ კონკრეტული პირობები უნდა შეასრულოს და წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი ამის მიხედვით გადაწყდეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა საუბარი უკრაინით დაიწყო და განაცხადა, რომ უკრაინა იმსახურებს ევროპულ მომავალს. რაც შეეხება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ წინ წაიწია, შექმნა ანტიკორუფციული ორგანიზაციები. რაც შეეხება ოლიგარქებს, ძალიან ძლიერი კანონი მიიღო დეოლიგარქიზაციის და ეს გახლავთ ერთადერთი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტრნიორობისა, რომელმაც აღნიშნული ნაბიჯი გადადგა. აღსანიშნავია, რომ დეოლიგარქიზაციის პირობა ჩადებულია იმ რეკომენდაციებში, რომლითაც ევროკომისიამ საქართველოს მიმართა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი მკაფიო დასტურია, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ არსებობს. ასევე ადასტურებს იმას, რომ ნებისმიერი გავლენისგან უნდა იყოს თავისუფალი მმართველობა.
უილიამ კორტნი: შესაძლებელია, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად წვრთნები კიდევ უფრო გააძლიეროს
ექსკლუზივი NATO-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, აშშ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე Europetime-მა საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან ინტერვიუ ჩაწერა. უილიამ ჰარისონ კორტნი არის ამერიკელი დიპლომატი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენლად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში მსახურობდა. 1997 წელს, კორტნი პრეზიდენტ ბილ კლინტონის დროს რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებს უფროსი ხელმძღვანელის რანგში კურირებდა. მანამდე, უილიამ კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი იყო. უფრო ადრე კი, იგივე პოზიცია ყაზახეთში ეკავა. ET: რას გვეტყოდით NATO-ს სამიტამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე. როგორ ფიქრობთ, თანამშრომლობის ახალი ინსტრუმენტი ხომ არ უნდა შესთავაზოს ალიანსმა საქართველოს, რა ხელშესახები შედეგის მოლოდინი შეიძლება, ჰქონდეს ქვეყანას? NATO-ს მადრიდის სამიტი, სავარაუდოდ, უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად ალიანსის ერთიანობას გააძლიერებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად, არც უკრაინაა NATO-ს წევრი, მოკავშირეები დიდსულოვნებას იჩენენ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით. სამი ათწლეულის განმავლობაში უკრაინაში დემოკრატიული განვითარება, მისი ხალხის საბრძოლო უნარები და მიზანდასახულობა დაეხმარა დასავლეთს, რომ უკრაინის მიმართ ასეთი ძლიერი მხარდაჭერა დაეფიქსირებინა. ET: შეერთებული შტატები მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის მოდერნიზაციის ძალისხმევას მხარი დუჭიროს. ამ მიზნით, 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა ორმხრივი თავდაცვის კონსულტაციები გამართა საქართველოსთან. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს აშშ-მ საქართველოს უსაფრთხოებისთვის რუსეთის პოტენციური აგრესიისგან თავის დასაცავად? როგორც ჩანს, უკრაინის სამხედრო ძალების გასაოცარი წარმატება, ერთი მხრივ, განპირობებულია აშშ-სა და NATO-ს სხვა მოკავშირეების მიერ, რვა წლის განმავლობაში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ჩატარებით. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინული ძალები იყენებენ დეცენტრალიზებულ და მოქნილ ტაქტიკას, რასაც სწორედ ჩემ მიერ ხსენებული პროგრამა უსვამს ხაზს. ისინი უპირისპირდებიან საბჭოთა სტილის ტაქტიკას, რომელსაც რუსული ძალები მიმართავენ. ამ გაკვეთილების გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ქართულ ძალებთან ერთად, სწავლება და წვრთნები ნაყოფიერად განაგრძოს ან კიდევ უფრო გააძლიეროს. ET: რას ფიქრობთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? ქვეყანა ელოდება ევროკომისიის დასკვნას ქვეყნის მიერ შედგენილ კითხვართან დაკავშირებით. დროთა განმავლობაში, საქართველო ევროკავშირთან, დანარჩენ ევროპასთან, სავარაუდოდ, უფრო და უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაზე საქართველოს უარმა, შესაძლოა, ქვეყნის პროგრესი ევროკავშირთან შეაფერხოს. ზოგიერთმა ევროკავშირში, შეიძლება, დასკვნები გამოიტანა, რომ საქართველოში პოლიტიკური ვითარება მეტად არასტაბილურია კანდიდატისთვის, რომელიც წევრობისკენ მიისწრაფვის.
შალვა ფიფია: ხორბლის წარმოება უნდა გაიზარდოს, რადგან რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება სურსათის უსაფრთხოების რისკებს გაზრდის
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო სასურსათო ბაზარზე ვითარება შეიცვალა. ორი ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულის მიწოდების სეგმენტში მსხვილი მოთამაშე იყო, ომის გამო კრიზისშია. რუსეთი და უკრაინა საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორები არიან. რა გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოს სურსათის უსაფრთხოებაზე ამ და სხვა საკითხებზე Europetime USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის CNFA ხელმძღვანელის მოადგილეს შალვა ფიფიას ესაუბრა. ET: როგორ შეაფასებთ დღეს მსოფლიოში სურსათის უსაფრთხოების კუთხით შექმნილ ვითარებას? სად არის ყველაზე სუსტი რგოლი? სურსათის უსაფრთხოებაზე ოთხი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს - ესაა სურსათის არსებობა, ხელმისაწვდომობა, მოხმარება და ამ სამი ფაქტორის სტაბილურობა. სურსათის არსებობა - ნიშნავს, რომ წარმოება არის ქვეყანაში, ან არის მარაგები, ან არის სხვა ქვეყნებიდან იმპორტის საშუალება. სურსათზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს - ფინანსურ და ფიზიკურ ხელმისაწვდომობას. სურსათის მოხმარებაში იგულისხმება ის, რომ პროდუქტი პირველ რიგში უნდა იყოს უვნებელი, ასევე უნდა იყოს ხარისხიანი და რაც მნიშვნელოვანია სწორად დაბალანსებული საკვები ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მეოთხეა ამ სამი ფაქტორის სტაბილურობა. ET: ამ ოთხი ძირითადი ფაქტორიდან, რომელიც დღეს ყველაზე პრობლემური? უკრაინაში შექმნილი ვითარების შედეგად, ყველა ამ ფაქტორს შეექმნა პრობლემა. შავი ზღვის აკვატორიაში პორტების ბლოკადამ ვითარება კიდევ უფრო გაართულა. უკრაინის პორტებში - ოდესაში, ნიკოლაევში, ბერდიანსკსა და მარიუპოლში, რომლებიც რუსეთის კონტროლქვეშაა, მნიშვნელოვანი მოცულობის მარცვლეულია დაბლოკილი. საუბარია ხორბალსა და სიმინდზე, რომლის მოცულობაც დაახლოებით 40 ათასი ტონაა. შესაბამისად ეს ქმნის კრიზისს და პოტენციურ პრობლემებს სურსათის უსაფრთხოების კუთხით. ამას ემატება კიდევ ის მომენტი, რომ რუსეთისა და უკრაინის გარდა ბელორუსი სათესლე მარცვლეულის და მინერალური სასუქების მსხვილი ექსპორტიორია. რუსეთისა და ბელორუსის შემთხვევაში სანქციების გამო ამ პროდუქტებზე ემბარგო ვრცელდება. პრობლემა ექმნებათ აფრიკულ ქვეყნებს, რადგან დამოკიდებულნი არიან ამ სამი ქვეყნიდან არა მხოლოდ სასურსათო მარცვლეულის იმპორტზე, არამედ, მათ შეექმნათ წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტი. ამ ქვეყნებში წარმოების შემცირება, ავტომატურად ნიშნავს მოთხოვნის ზრდას მარცვლეულზე, რადგანაც იძულებული გახდებიან, რომ დეფიციტი იმპორტით ჩაანაცვლონ. ET: ჩვენზე რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი? სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ღიად თქვა, რომ ხორბლის მარაგი შემცირდა, თუმცა ფქვილის იმპორტის პრობლემა არ არსებობს. დაახლოებით ორი წელია, [2020-2021 წლის სექტემბერ] რუსეთმა შემოიღო ხორბლის იმპორტზე მცოცავი ბაჟი. ამით ირიბი გზით გადამამუშავებელი ინდუსტრიის წახალისებასა და ხელშეწყობას ახდენენ. ანუ საექსპორტო ბაჟი არსებობს ხორბალზე, მაგრამ არ არსებობს ფქვილზე. შესაბამისად ამ ბაჟის გადახდის შემთხვევაში ბიზნესებისა და კომპანიებისთვის ნაკლებად მიმზიდველია რუსეთიდან ხორბლის იმპორტი და ინტერესი გადადის ფქვილზე. ჩვენ თუ ვნახავთ 2022 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებს, ამ პერიოდში საქართველოში ხორბლის იმპორტი განახევრებულია, დაახლოებით 12-ჯერ გაიზარდა ფქვილის იმპორტი. ET: ხორბლის იმპორტის შემცირება საქართველოსთვის რა პოტენციურ რისკებს შეიცავს? აქ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია - პირველი -ჩვენ შემოგვაქვს ფქვილი და ნაკლები რაოდენობით ხორბალი, რაც საფრთხეს უქმნის წისქვილებს, რომლებიც რაღაც მომენტის შემდეგ გაჩერდნენ კიდევაც. რეალურად ვიდრე საკუთარ მოსავალს არ მივიღებთ, მათ არ ექნებათ ბევრი საქმე. რისკებზე საუბრისას, მეორე ფაქტორია ის, რომ ფქვილის შენახვის ვადა გაცილებით მცირეა. ხორბლის შენახვა შესაბამისი პირობების დაცვით რამდენიმე ათწლეულია შესაძლებელი, ფქვილის შენახვის ვადა 6-8 თვეა. აქ მთავარი და მნიშვნელოვანი რისკი ისაა, რომ ჩვენ ხორბლისა და ახლა უკვე ფქვილის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსულ იმპორტზე. თვითკმარობის კოეფიციენტი ხორბალში საკმაოდ დაბალია და 2021 წელს 15%-ს შეადგენდა. ქვეყანაში ხორბლის მოხმარება წელიწადში 700 ათასი ტონის ფარგლებშია, ხოლო წარმოება 100-150 ათას ტონას შეადგენს. შესაბამისად დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე და ასევე ფქვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება, იდეაში გრძელვადიან და საშუალოვადიან პერიოდში შექმნის სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. ET: ეკონომიკურ რისკებს გულისხმობთ თუ პოლიტიკურს? ეკონომიკური მოტივებით აქ პრობლემა არ შეიქმნება, თუმცა პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ჩემი აზრით საფრთხის შემცველია მხოლოდ ერთ, რუსულ ბაზარზე ასე მიბმა. მაგალითად, ქათმის ხორცზე ჩვენი თვითკმარობის კოეფიციენტი 35%-ია. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი იმპორტი მეტად დივერსიფიცირებულია, ვიდრე ხორბლის შემთხვევაში. რაც შეეხება ზეთს, აქაც იმპორტი გადანაწილებულია. მნიშვნელოვანი რაოდენობის ზეთი შემოდიოდა რუსეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან. ET: როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და რა არის აქედან გამოსავალი? სახელმწიფომ დააანონსა, რომ დაიწყება ხორბლის ხელშეწყობის პროგრამა. დეტალები არ ვიცი, თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ ეს პროგრამა, იყოს ორიენტირებული არა სახნავ-სათესი ფართობების გაზრდაზე, არამედ მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთეს, ჰექტარზე მოსავლიანობის ზრდაზე. რადგან ჩვენთან ერთ ჰექტარზე ხორბლის მოსავალი 2-2,5 ტონაა და 4-4,5 ტონაზე ასვლა სავსებით რეალურია სწორი აგროტექნიკის, სათესლე მასალის, სასუქებისა და ქიმიკატების გამოყენების შემთხვევაში. თუ ხორბალზე ჩვენი თვითკმარობის კოეფიციენტი 15% -დან 30%-მდე გაიზრდება, ეს მოგვცემს მეტ მოქნილობას იმისთვის, რომ ქვეყანაში ხორბლის კონტროლი სწორად განხორციელდეს. ET: ეს სამომავლო პერსპექტივაა და რა უნდა გაკეთდეს პრობლემის უფრო სწრაფად გადასაჭრელად? მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, სხვა პოტენციური მომწოდებლების მოძებნა. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ხორბლის 3 ძირითადი მომწოდებელი გვყავდა - რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. სამწუხაროდ უკრაინისა და ყაზახეთის შემთხვევაში ხორბლის იმპორტი პრობლემურია. ყაზახეთმა კვოტა დააწესა და 2022 წელს 1 მილიონ ტონა ხორბალსა და 300 000 ფქვილზე მეტს არ გაყიდიან. რაც შეეხება უკრაინას, საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ზუსტად იმ ტერიტორიაზე, სადაცა ქვეყნის ბეღელია და ძირითადად ზამთრის ხორბლის მოყვანა ხდება. შესაბამისად აქაც მაღალია რისკები. ამიტომ საქართველომ შესაძლოა, რუსულ მარცვლეულსა და ფქვილზე დამოკიდებულება სრულად ვერ მოხსნას, მაგრამ იმპორტი სხვა ქვეყნებზე გადაანაწილოს. ET: როგორ შეაფასებთ სურსათის უსაფრთხოების კუთხით ვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში? ერთნაირი ვითარებაა. დამოკიდებულება რუსულ პროდუქტებზე არსებობს ყველგან. თუმცა აზერბაიჯანი ჩვენზე მეტ ხორბალს აწარმოებს და მეტსაც მოიხმარს. ყველაზე მეტი რისკები არის იმ ქვეყნებში რომლებიც დამოკიდებულნი იყვნენ, არა მხოლოდ საფურაჟე და სასურსათო ხორბალზე, არამედ ხორბლის წარმოებისთვის აუცილებელ იმპორტზე. მაგალითისთვის გამოდგება ეგვიპტე, რომელიც 80%-ით დამოკიდებული იყო რუსული და უკრაინული ხორბლის იმპორტზე. ET: თქვენი პროგნოზით, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები და რამდენად რეალურია დღეს მარცვლეულის ბაზარზე განვითარებული კრიზისის დაძლევა? გარდა იმისა, რომ ხორბლის დიდი მარაგები დღეს გაჩერებულია, ასევე პრობლემას მოლოდინები ქმნის. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა და მარცვლეულის მოსავლის თვალსაზრისით ვითარების გაუმჯობესება ნაკლებად სავარაუდოა. ასევე ვიცით, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა ხორბლის ექსპორტი მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდეს. მათ შორის ინდოეთმა , რომელიც მსოფლიო ბაზარზე 7 მილიონი ტონა ხორბლის გამოტანას გეგმავდა. ინდოეთი ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია მსოფლიოში, თუმცა წელს გვალვამ მათი ექსპორტი შეაფერხა, თუმცა იგრძნობა შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გავლენაც. შესაბამისად, პოტენციურ რისკებშია ხორბალზე ფასის ზრდა. ET: FAO (სურსათის მსოფლიო ორგანიზაცია) ფასების ზრდას უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც პროგნოზირებდა. რამდენადაა კავშირში სურსათზე და მარცვლეულზე ფასების ზრდა მხოლოდ ომთან? ეს ტენდენცია არაა მხოლოდ ომთან დაკავშირებული. საქართველოში 2022 წლის მაისში გასულ წელთან შედარებით ფასები გაზრდილია 22%-ით. ხორბალზე დეფიციტის გაჩენა კიდევ უფრო იმოქმედებს ფასებზე. ესაა პოტენციური რისკი, თუმცა ამ რისკის ჩანაცვლება ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია შიდა წარმოების წახალისებით, თუმცა ეს წელს სამწუხაროდ ვერ მოესწრება. ET: ჩვენ ვისაუბრეთ სურსათის უსაფრთხოებაზე და იმპორტზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ექსპორტი. აქაც საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და უკრაინა არიან. რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ამ მიმართულებით? ჩვენ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული რუსეთსა და უკრაინაზე ექსპორტის კუთხით. მიუხედავად იმისა, სახელმწიფო ბოლო 10-12 წელია ადგილობრივი ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიცირებას ცდილობს, ამის მიუხედავად, მაინც რუსეთია საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. 26% აგროიმპორტისა და 34% აგროექსპორტისა ამ ბაზარზე მოდის. რუსეთში საქართველოდან ძირითადად გადის ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყალი და ტკბილი გაზიანი წყლები - ლიმონათი. ამ პოზიციაზე გვაქვს შემცირება ექსპორტში. ალკოჰოლიან სასმელებზე კლება 40%-ია, დანარჩენზე 12%-ი. რაც შეეხება უკრაინას, აქაც მნიშვნელოვანი შემცირებაა. რთული სათქმელია ეს ვითარება როგორ აისახება ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტზე, რადგან აქაც ჩვენი პარტნიორები უკრაინა და რუსეთი იყვნენ. სამწუხაროდ, შემცირებული ექსპორტი ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, სოფლის მეურნეობის სექტორისთვის და შესაბამისად მათთვის სურსათზე ფინანსური ხელმისაწვდომობა გაუარესდება.
ზვიად ჭუმბურიძე: ევროკავშირის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის იდეალურია და სტაბილური, სარისკო ექსპორტი რუსეთში კი, კომპანიების განვითარების დონეს აფერხებს
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) 2014 წლიდან საქართველოს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზარი გაუხსნა. როგორია ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა სავაჭრო შეთანხმებიდან 8 წლის შემდეგ? რა ბარიერს აწყდება ბიზნესი და რამდენად ეფექტურად იყენებს საქართველო DCFTA-ით მოცემულ შესაძლებლობას, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურ მდივანს ზვიად ჭუმბურიძეს ესაუბრა. როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ TOP 10 პროდუქტი, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ყიდის ET: როგორ შეაფასებთ საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებს, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებიდან (DCFTA) 8 წლის შემდეგ? ასოცირების ხელშეკრულებამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გაცილებით მეტი პერსპექტივა მისცა ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკას. გააჩინა შანსი, ჩვენი მოკრძალებული ნიშა დავიკავოთ ევროკავშირის ბაზარზე. ამავე დროს 2017 წელს მიღებულმა სავიზო რეჟიმმა, პრაქტიკულად იდეალური საშუალება მისცა ქართულ ბიზნესს, რომ თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყვნენ ევროპელ პარტნიორებთან და დამატებითი სტიმული მისცა უფრო გააქტიურებულიყო ვაჭრობა ევროკავშირთან. საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა. ET: DCFTA-ის გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ადგილობრივი ბიზნესი ამ ბაზარზე ექსპორტზე უფრო მარტივად გავიდოდა. თქვენი შეფასებით როგორია რეალობა? რატომ ვერ ავითვისეთ ამ მიმზიდველი ბაზრის უფრო დიდი ნიშა? DCFTA-ის გაფორმებიდან 8 წელი გავიდა. უფრო მეტის მოლოდინი გვქონდა, რომ ადგილობრივი ბიზნესის ინტერესი უფრო მაღალი იქნებოდა, ევროკავშირის მიმართულებისკენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ET: ეს ბიზნესის მენტალური პრობლემა უფროა თუ ტექნიკური? აქ სავაჭრო ბარიერებს და ბაზრის რეგულაციებს ვგულისხმობ. სამწუხაროდ აღმოჩნდა ისე, რომ სწორედ ის რეგულაციები, ის მოთხოვნები და სტანდარტები, რაც ევროპულ ბაზარს აქვს, ქართულმა ბიზნესმა ასე მალე ვერ დააკმაყოფილა. ესაა ურთულესი პროცესი, როცა ეკონომიკის სრულ ტრანსფორმაციას ახდენ. ვფიქრობ, რომ ტემპი არაა მაღალი, მაგრამ მაინც სტაბილურად მივდივართ ამ ბაზრისკენ. რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები უფრო მაღალი ყოფილიყო. სავაჭრო ხელშეკრულებამდე, ბრუნვა დაახლოებით $400-600 მილიონი იყო, რომელიც განსაკუთრებულად არ გაზრდილა. ესაა პროცესი და როგორც კი დავიკავებთ იმ ნიშას, რომელიც ჩვენი ეკონომიკისა და ბიზნესის ინტერესშია, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება სტაბილური ბაზარი საქართველოსთვის. შემდგომ გაცილებით მეტი ინტერესი გაჩნდება, როცა ჩვენი და ევროპული ბიზნესკომპანიების თანამშრომლობა მზარდი გახდება. ET : თქვენ თქვით, რომ ეკონომიკის ტრანსფორმაცია რთული და ხანგრძლივი პროცესია. ყველაზე მეტად, რა ბარიერებს აწყდებიან ადგილობრივი კომპანიები, ევროკავშირის ბაზარზე შესვლისას? ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებით, მთავრობასთან, ბიზნესთან, ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონტაქტისას დაპირისპირების ორი პოლუსი აღმოვაჩინეთ. ერთი - ესაა ევროკავშირის ბაზარი, რომელიც პრაქტიკულად იდეალურია, სტაბილურია და იქ შესაძლებელია ხანგრძლივი ვადით დამკვიდრება და მეორე მხრივ რუსული ბაზარი - მოკლევადიანი, რეგულაციებისა და კონტროლის გარეშე. ევროპულ განზომილებას, სადაც ითხოვენ სერტიფიცირებას, სურსათის უვნებლობას, სტანდარტიზაციას და სტანდარტებს საქართველოში წარმოებული პროდუქტისთვის. აი ამ მოთხოვნებს უპირისპირდება რუსული ბაზარი, რომელიც უკონტროლოა და აგდებს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივას... დაბლა სწევს ბიზნესკომპანიების ამბიციებსა და განვითარების დონეს. სამწუხაროდ, ბევრი ქართული კომპანია ვითარების შესაბამისად ცდილობს იქ თავისი პროდუქცია მარტივად გაყიდოს, თუმცა ნაკლებად ფიქრობენ იმაზე, რომ ეს მათთვის დამაზიანებელია, რადგან აქტიური ვაჭრობა რუსეთთან, მაღალ რისკებს შეიცავს. ET: რატომ ვერ თმობს ადგილობრივი ბიზნესი რუსეთის ბაზარს? ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ შეიძლება რაღაც დონეზე ვერ ჩაჭრას და ჰქონდეს კომუნიკაცია ბიზნესს რუსეთის ბაზართან... მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ღვინის კომპანიები დღეს რთულ ვითარებაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდნენ. უკრაინის ბაზარი დაიხურა, რუსეთში ვითარება სანქციების გამო დამძიმდა. აღმოჩნდა, რომ ეს ბიზნესები დადგნენ ფინანსური პრობლემების წინაშე. უნდა მოხდეს ბაზრის დივერსიფიკაცია და მოიძებნონ ის პარტნიორები და ბიზნესკომპანიები, რომლებიც მათი პროდუქციის ევროპაში რეალიზებას შეძლებენ. რას ყიდის საქართველო ევროკავშირში - TOP 10 პროდუქტი მადნები და კონცენტრატები სპილენძის - $119,479.1 (44,907.1 ტონა) თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა) ფეროშენადნობები $ 16,544.0 (9,574.2 ტონა); სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9 (27,373.6 ტონა); მსუბუქი ავტომობილები (ცალი) $12,996.4 (272 ტონა); ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933 ლიტრი); მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $ 7,555.7 (2,170.7 ტონა); ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა); ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8 (31.7 ტონა); ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა); დანარჩენი საქონელი - $56,132.0 ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ შეზღუდული პროდუქციითა წარმოდგენილი. ექსპორტი ამ ბაზარზე ძირითადად მსხვილ ბიზნესს გააქვს. რით არის ეს გამოწვეული? სხვა პროდუქტისთვის და ბიზნესისთვის რატომ ვერ იხსნება ეს ბაზარი? სამწუხაროდ, 30 წელი დამოუკიდებლობისთვის საკმარისი ვერ აღმოჩნდა. როგორც პოლიტიკური კულტურა ვერ დალაგდა ქვეყანაში, ზუსტად ისე ეკონომიკაც. რა ვითარებაცაა ქვეყანაში ისე ვითარდება ეკონომიკა, თორემ როგორ შეიძლება სხვა სექტორები არ იყოს წარმოდგენილი. არაა აუცილებელი იგივე მძიმე ინდუსტრიაზე ვილაპარაკოთ, წარმოდგენილი უნდა იყოს მსუბუქი მრეწველობის დარგებიც, რადგან მართლა გვაქვს ამის შესაძლებლობა და მოტივაცია. სამწუხაროდ ეს ჯერ ვერ მოხერხდა და ლიმიტირებული შეთავაზებებით ვართ შესული ევროკავშირის ბაზარზე. რიგი პროდუქტები შიდა ბაზარზეც არ არის თვითკმარი. ვფიქრობ, ჯერ ადგილობრივ ბაზარზე უნდა მომაგრდეს კომპანია, უნდა გახდეს ცნობადი და შემდეგ იფიქროს ევროკავშირის ბაზარზე გასვლა. ET: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს რა როლი აქვს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარებაში? ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დანიშნულებაა, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, რომელიც ქართულ ბიზნესს ბაზრის დივერსიფიკაციაში დაეხმარება. 29 ივლისს აზერბაიჯანში ვატარებთ აზერბაიჯანულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმს, ეს მნიშვნელოვანია, რადგან უშუალოდ ბიზნესკომპანიები შეხვდებიან ერთმანეთს. ჩვენთვის მთავარია ევროპული განზომილება. მაგალითად, ვფიქრობთ, რომ სექტემბერში ნიდერლანდებში ჩავატაროთ ბიზნესკონფერენცია, რომელშიც სხვადასხვა სექტორის ბიზნეს კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. ET: ბუნებრივია ევროპის ბაზარზე გასვლის სურვილი უნდა ჰქონდეს ბიზნესს, მაგრამ რა როლი აქვს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს, ხელისუფლებას? საჭიროა ხელისუფლების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა. იმ კომპანიების წახალისება, ვინც ევროპულ ბაზარზე შედის. რა თქმა უნდა ყველა გადასახადიდან კომპანიას ვერ გაათავისუფლებ, მაგრამ საგადასახადო შეღავათები აუცილებლად უნდა დაწესდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ და გადიან ევროპის ბაზარზე. მცირე შეღავათიც რომ გაუკეთდეს ესეც მოტივაციაა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს წევრია 100-მდე კომპანია, აქედან 30-35%-ს გააქვს პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ევროკავშირთან ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები, მხოლოდ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ძალისხმევით ვერ მოხერხდება. საჭიროა მეტი მოტივაცია ბიზნესისთვის, რეალურად ყველაზე მეტად გამოიკვეთა, რომ ადგილობრივმა ბიზნესმა ევროკავშირის ბაზარზე სერტიფიცირების და სტანდარტიზაციის საკითხი ვერ დაძლია, ჩვენი ბიზნესი ამისთვის მზად არ იყო. არის პრობლემები ლოჯისტიკის საკითხებში, ერთ-ერთია მწირი ფინანსები, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი და თანამედროვე ტექნოლოგიების არ არსებობა.
ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
ექსკლუზივი გზავნილები ევროპარლამენტიდან საქართველო ევროკომისიის დასკვნის მოლოდინში და ევროდეპუტატების მიმართვა საქართველოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების განცხადებებიდანაც ირკვევა, რომ ამ საკითხზე ბლოკში ერთიანი პოზიცია არ არის. ტრადიციულად, არიან სკეპტიკოსი ქვეყნები. მაკრონს სურს, შეიქმნას ახალი ევროპული გაერთიანება ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან კონკრეტულად, საქართველოსთან მიმართებით, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ გზავნილში დააფიქსირა პოზიცია ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. ბრიუსელს სჯერა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს“. რა განწყობებია ევროპარლამენტში და რა გზავნილები აქვთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტარებს. ამ საკითხის გარკვევას Europetime შეეცადა. ევროკავშირისგან კითხვარის მიღებას უკრაინას უნდა ვუმადლოდეთ - პრეზიდენტი წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო?! მხოლოდ რუსეთი - პრემიერი საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ელჩი ჰარცელი ევროპარლამენტარები ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი) მარკეტა გრეგოროვა აღიარებს, რომ არსებული პოზიციების გათვალისწინებით, ამ ეპატზე ბუნდოვანია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების საკითხზე, თუმცა ჩეხი პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ქვეყანამ მიზნისკენ სწრაფვა უნდა განაგრძოს. მარკეტა გრეგოროვა მიიჩევს, რომ სკეპტიციზმი არ ცვლის ფაქტს, რომ საქართველოს პარტნიორებს სურთ, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან ევროპარლამენტი მხარს უჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის - განცხადების პროექტი უპირველეს ყოვლისა, მინდა, ერთ საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. მიუხედავად ინსტიტუციური მდგომარეობისა, ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით, ვიდრე საქართველოს სურს ჩვენ გვერდით დგომა. მინდა, ასევე აღვნიშნო, რომ შეიძლება, ახლა გარკვეულწილად, ბუნდოვანი და გაურკვეველი იყოს, როგორ გადაწყვეტენ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, თუმცა ეს არ აკნინებს ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და ამ დრომდე მიღწეულ პროგრესს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ჩვენ გვინდა, საქართველო ჩვენს ევროპულ ოჯახში რაც შეიძლება მალე ვიხილოთ“, - განუცხადა Europetime-ს მარკეტა გრეგოროვამ. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია Europetime-ის ინფორმაციით, საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ კომისია შეკრიბა, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება წარმოედგინა. ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი Europetime-თან ამბობს, რომ ევროკომისიაში კარგად ესმით, რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მოსახლეობა კანდიდატის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას და კომისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ამასთან, ევროკომისიის ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის გზაზე შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები წევრი სახელმწიფოების მიერ მიიღება. ევროპარლამენტარის, ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრიუს კუბილიუსის შეფასებით, ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს აპლიკანტი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება“, - აღნიშნავს კუბიულიუსი. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ექსკლუზიური ინტერვიუ მარინა კალიურანდთან: უნდა დაარწმუნოთ სკეპტიკოსები, რომ იმსახურებთ მომავლის საკითხის გადაწყვეტას და პოლიტიკურ კონსენსუსს ევროკავშირში როგორც ცნობილია, ევროპარლამენტში საქართველოში მედიის უფლებებთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე დღეს იმსჯელებენ. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატები 8 ივნისს იმართება. ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციის პროექტი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების წინადადებას მოიცავს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე ევროკომისიის დასკვნას დაახლოებით ერთ კვირაში ელის. მმართველი გუნდი თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატობაზე უარის თქმის არავითარი მიზეზი არ აქვს. 30 მაისს, ევროკავშირის გზავნილი გაახმოვანა ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე უარი იქნებოდა ისეთივე ალოგიკური, როგორიც უკრაინის მიერ ელჩის გაწვევა იყო - ირაკლი კობახიძე საქართველოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი რას ნიშნავდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის გზავნილი ევროკომისიის შეფასებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა მოლოდინების საფუძველს იძლევა ეს შეფასება, პირველ რიგში რაზე ამახვილებს ყურადღებას ევროკავშირი, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები, ამ და სხა საკითხებზე, Europetime „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ივანე ჩხიკვაძეს ესაუბრა. ივანე ჩხიკვაძე თვლის, რომ ევროკავშირის ელჩის განცხადება საყურადღებოა იმ თვალსაზრისით, თუ რა პერიოდშიც წამოვიდა ეს გზავნილი. აქედან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ ევროკომისიის მიერ დადებულ დასკვნაში გარკვეულწილად იქნება გაზიარებული ის პათოსი, რაზეც ელჩმა ისაუბრა, რადგან ეს არის ის ინფორმაცია, რომელსაც საელჩო აგროვებს და შემდეგ ბრიუსელს აწვდის. „შესაბამისად, მე ვფიქრობ, შეიძლება, ყველაფერი არა, მაგრამ მისი შეფასებების ნაწილი აისახოს ევროკომისიის დასკვნაში. რაც შეეხება იმას, თუ როგორი შეიძლება, იყოს დასკვნა, ჯერჯერობით რთულია ამის პროგნოზირება. შეგვიძლია, რამდენიმე ვარიანტზე გავამახვილოთ ყურადღება: პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მინიჭება; პირობებით კანდიდატის ან პოტენციური კანდიდატის სტატუსის მინიჭება; კანდიდატის სტატუსი და პირობები“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი და მიუთითებს ძირითად კრიტერიუმებზე, რომელსაც ევროკავშირისგან ექცევა ყურადღება, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „სულ არის სამი კრიტერიუმი - პოლიტიკური, ეკონომიკური, სექტორალური. როცა საუბარია ქვეყნისთვის კანდიდატის სტასუსის მინიჭებაზე, ამ ორი კრიტერიუმიდან ყველაზე დიდი ყურადღება გადატანილია პოლიტიკური ნაწილზე. შესაბამისად, ევროკავშირის ელჩის გამოსვლაც იყო პოლიტიკურ ნაწილზე საუბრით გაჯერებული. თუ გადავხედავთ პირობებს, რომლებიც მაგალითად, ალბანეთს, ასევე, ბოსნია და ჰერცოგოვინას შესთავაზეს, ყველა პირობა არის წმინდად პოლიტიკური. მაგალითად, არჩევნების ჩატარება, ომბუდსმენის დანიშვნა და ასე შემდეგ. ანუ, ქვეყანაზე მორგებული პირობებია“. სხვა ქვეყნების მაგალითი ივანე ჩხიკვაძე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მაგალითს გამოყოფს. „ევროკავშირისკენ მიმავალი ყველა ქვეყნის გზა განსხვავებულია. ალბათ, ამ კუთხით საყურადღებოა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ამ თვალსაზრისით, თუ შეიძლება ითქვას, ყველაზე კარგი ისტორია აქვს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც 2005 წელს, კანდიდატის სტატუსი ყოველგვარი პირობების გარეშე პირდაპირ მიანიჭეს. არის ისტორია, რომელიც უკავშირდება სერბეთს და მონტენეგროს, რომელთაც ასევე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსები, ოღონდ - პირობებით. და, ითქვა, რომ შემდგომი წინსვლისთვის პირობები უნდა დააეკმაყოფილებინათ. ასევე, პოტენციური კანდიდატის სტატუსი ჰქონდა ალბანეთს - მან დააკმაყოფილა პირობები, შემდგომ წავიდა წინ, დღეს უკვე კანდიდატია და მოლაპარაკებების გახსნას ელოდება. ბოსნია და ჰერცოგოვინას დღემდე არის პოტენციური კანდიდატი და ასევე, კოსოვო ჯერჯერობით ითვლება პოტენციურ კანდიდატად, მაგრამ მასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია, როგორ განვითარდება მისი და ევროკავშირის ურთიერთობები, იმიტომ, რომ ევროკავშირის 5 ქვეყანა კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ცოტა განსხვავებულია თურქეთის შემთხვევა (23 წლის წინ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. რედ.) იქედან გამომდინარე, რომ თურქეთის მხრიდან ნაკლებია ინტერესი და ენთუზიაზმი, რომ ევროკავშირისკენ წავიდეს. ნამდვილად განსხვავდება დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისგან, იგივე ჩრდილოეთ მაკედონიისგან, რომელიც ილტვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. „ასოცირებული ტრიოს“ მიზნები და რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ამ შემთხვევაში ივანე ჩხიკვაძე რეგატას, შეჯიბრებითობის პრინციპის შემოტანას ელის. „მაგალითად, ზოგიერთი ქვეყანა წინ წავა, შემდეგ შეიძლება, სხვა დაეწიოს და გაასწროს მას. ტრიოს დაშლას მე არ ველოდები. უბრალოდ, სხვადასხვა დონეზე იქნებიან. მაგალითად, მოლდოვა იყო პირველი, რომელმაც ვიზალიბერალიზაცია მიიღო, მას მიჰყვნენ საქართველო და უკრაინა. მოწინავე ქვეყნის სტატუსი ერთი პერიოდი ჰქონდა მოლდოვას, მერე - უკრაინას, საქართველოს. სამწუხაროდ, ჩვენ ეს სტატუსი დავკარგეთ და გადაიბარა სხვამ. ამაში ტრაგედია არაფერია, უკეთესია შეჯიბრებითობის პრინციპის არსებობა, რასაც ხშირად იყენებს ხოლმე ევროკავშირი, როდესაც რეგიონულ პოლიტიკას აწარმოებს. ასე იყო ვიშეგრადის, ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაშიც. ეს არის მიდგომა, რომელსაც ევროკავშირი ყოველთვის იყენებდა და ვფიქრობ, ამას ასოცირებული ტრიოს შემთხვევაშიც გამოიყენებს“, - მიიჩნევს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. დასკვნა „მოლოდინი ძალიან მაღალია - პირველ რიგში საინტერესოა, რა გადაწყვეტილება იქნება და შემდეგ - რამდენად შევძლებთ ამ მოლოდინების ზუსტად მართვას, რომ იმედგაცრუება არ გამოიწვიოს, ეს იქნება ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში - უარი გამორიცხულია, ყველა ვარიანტში პირობები იქნება ჩადებული დასკვნაში. მთავარია, რა პირობებს მივიღებთ და როგორ. მე ვფიქრობ, რომ იქნება ერთგვარი საგზაო რუკა, რომლის შესრულებაც გადაგვადგმევინებს შემდგომ ნაბიჯს ევროკავშირისკენ. ვფიქრობ, პასუხები მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებული იქნება, თუმცა - დიდად არა. დიფერენციაცია მოსალოდნელია. განსაკუთრებით, უკრაინას თუ ავიღებთ, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს კიდეც საუბრები, რომ გარკვეული დიფერენციაცია მოსალოდნელია. როცა ვერსალის დეკლარაცია მიიღო ევროპულმა საბჭომ, იქაც კი უკრაინა იყო გამოკვეთილი. ამრიგად, ეს დიფერენციაცია მოსალოდნელია და ამის მოლოდინი ჩვენ უნდა გვქონდეს, ყოველ შემთხვევაში ეს გვესმის დედაქალაქებიდან, მათ შორის ბრიუსელიდან, სახელმწიფო მეთაურების დონეზე“, - აღნიშნავს „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ივანე ჩხკივაძე. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
ევროკომისიის დასკვნა მხოლოდ ჩვენი მისამართით შეფასება არ იქნება. ეს გარკვეულწილად იქნება ევროპელების პასუხი ევროპის მომავალზე - ინტერვიუ ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან
რუსეთ-უკრაინის ომზე, რეგიონში შექმნილ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საქართველოს როლსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან. ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი თვე გავიდა. ომის დასრულების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, უფრო მეტიც, დასავლეთის სახელმწიფოები ამბობენ, რომ შესაძლებელია, მისი დასრულება დროში გაიწელოს კიდეც. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს შეიძლება, გასტანოს ამ ომმა და ლენდ-ლიზის აქტი რა როლს ითამაშებს მის დასრულებაში? რუსეთ-უკრაინის ომი ძალიან ბევრი დასკვნის და არაერთი გაკვეთილის საშუალებას უკვე იძლევა არამარტო სამხედრო ჭრილში, არამედ პოლიტიკურ თვალსაზრისით. თავდაპირველად, მოლოდინი იყო, რომ ამ ომს მალე მოეძებნებოდა დასრულების გასაღები, თუმცა ბოლო პერიოდში გვესმის, რომ ომმა შესაძლოა, ხანგრძლივი ხასიათი შეიძინოს. სამხედრო ასპექტები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განაპირობებს, მაგრამ მოდით, ცოტა ხნით გადავდოთ სამხედრო ასპექტი, რომელიც არ არის უმნიშვნელო და უფრო პოლიტიკურ თემაზე გადავიდეთ, რაზეც ჩვენს სივრცეში ნაკლებად მიმდინარეობს საუბარი. პირადად ჩემთვის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ორი პირობითი იდეოლოგიის დაპირისპირების კიდევ ერთი ტესტია. ერთი არის იდეალიზმი, მეორე - რეალიზმი. ყველას გვახსოვს ცივი ომის პერიოდი, როდესაც კეთილი ებრძოდა ბოროტს და გასაგებია, ვის უკავშირდებოდა სიკეთე და ვის - ბოროტება. იგივე, სიკეთის მხარეს, როგორც წარსული გვიჩვენებს, არაერთი ბუნდოვანი და ბნელი ფურცელია ისტორიულად. ცივი ომის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებით აჭრელდა სურათი ამ მხრივ და მე ვფიქრობ, რომ დღეს მკვეთრი გამყოფი ხაზი ამ ორ მცნებას შორის არ არსებობს. რა თქმა უნდა, არავინ დაობს, რომ რუსეთი აგრესორია, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და წესრიგს, მაგრამ მე მინდა, პრობლემას მედლის მეორე მხრიდან შევხედოთ და ვთქვათ ისიც, რამდენად საკმარისი გაკეთდა და შეიძლებოდა თუ არა რაიმე გაკეთებულიყო, რომ ევროპას ეს ომი თავიდან აერიდებინა და რამდენად საკმარისად იღწვის ახლა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. რაც შეეხება პირველ ნაწილს, აქ შეიძლება, რამდენიმე ელემენტს შევეხოთ. შესაძლებელი იყო თუ არა კომპრომისების მოძებნა? ალბათ, გარკვეულწილად, კომპრომისები შესაძლოა, გასულიყო „მინსკი ორის“ შეთანხმებაზე, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ როგორც „მინსკი ერთი“, ასევე, „მინსკი ორი“ საკმაოდ გაუმართავი დოკუმენტებია და ვისაც ეს დოკუმენტები წაუკითხავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ შემხვედრი ვალდებულებების თვალსაზრისით, მხარეები ძალიან საორჭოფო სიტუაციაში მოექცნენ. ტექსტი განსაკუთრებით „მინსკი ორისა“, მისი არაერთაზროვნად წაკითხვის საშუალებას იძლევა. მაგრამ პარადოქსი იმაშია, რომ როდესაც ვსაუბრობთ უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო ფორმულაზე, ეს ფორმულა ორ ძირითად ელემენტზე გადის - ერთი - უკრაინის მხრიდან უარის თქმა NATO-ს სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე და მეორე - ტერიტორიული საკითხი. პარადოქსი სწორედ იმაში გამოიხატება, რომ ეს ის საკითხებია, რომლებიც საკუთრივ ომის დაწყებამდე უკვე იდგა დღის წესრიგში. როგორი ვითარება მივიღეთ ახლა? პრაქტიკულად, დიპლომატია დუმს, მუშაობენ ქვემეხები, იღვრება სისხლი, ინგრევა ქალაქები და თურმე, პოლიტიკური მოლაპარაკებების თემა შეიძლება, კონცეტრირდეს იმ ორ საკითხზე, რომლებიც თავდაპირველად იდგა დღის წესრიგში. ეს არის საკუთრივ პროცესის ტრაგედიაც და ადამიანების ტრაგედიაც. მით უმეტეს, როდესაც უკრაინის ხელისუფლებამ გამოთქვა მზაობა, რომ ქვეყანამ უარი თქვას NATO-ში გაწევრიანებაზე. შესაბამისად, მოგეხსენებათ, ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს საკითხი დღეს არის გამოკიდებულ ვითარებაში. პოლიტიკური პროცესი, დიპლომატიური მოლაპარაკება პრაქტიკულად შეჩერებულია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ომის ტრანსფორმაციაზე, დღეს პრაქტიკულად, 100% ყურადღებისა, რესურსებისა, ძალისხმევისა, სწორედ სამხედრო ასპექტზე არის გადატანილი. დიპლომატია დუმს, პოლიტიკური დინამიკა თაროზე არის შემოდებული. რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხს, აქ ალბათ მხარეთა შორის გაცილებით უფრო დიდი მანძილია შეთანხმების მისაღწევად. საკითხი გადის ორ გეოგრაფიაზე - ერთი არის დონბასი და მეორე - ყირიმი. აქაც იყო სხვათა შორის, სხვადასხვა ფორმა გადაწყვეტისა, მაგალითად, დონბასში საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ რეფერენდუმის ჩატარება, ოღონდ იმ პირობით, რომ ამ რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებდა დონბასის სრული მოსახლეობა; ვგულისხმობ, მათ, ვინც ახლა იმყოფებიან დონბასის ტერიტორიაზე და ასევე - რომლებმაც დატოვეს საომარი მოქმედებების პირობებში. მოგეხსენებათ, ასეთი სტატუს კვოს აღდგენას პირდაპირი და ობიექტური გავლენა შეიძლება, ჰქონდეს რეფერენდუმის შედეგზე. მეორე - ყირიმთან დაკავშირებით, როდესაც თითქოსდა მხარეები თანხმდებოდნენ, რომ ყირიმის საკითხზე გარკვეულწილად, მორატორიუმი იქნებოდა გამოცხადებული, კერძოდ, 15-წლიან პერიოდზე იყო საუბარი. ესეც იმიტომ, რომ ტერიტორიული საკითხი არ ყოფილიყო დაბრკოლება სხვა საკითხების გადასაწყვეტად. ამდენად, ვამბობ ხშირად, რომ პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც საუბარია პოლიტიკურ დღის წესრიგზე, თითქოსდა, ჩვენ ყველანი წრეზე ვტრიალებთ. ამოვდივართ ერთი საწყისიდან და იმავე საწყისს ვუბრუნდებით, მაგრამ ამ დაბრუნების პროცესში, დაბრუნების საფასური არის სწორედ ის ტრაგედია, რომელიც ჩვენ თვალწინ ტრიალდება და ის უბედურება, რომელიც ადამიანების მხრებზე გადადის. მართალია, ვსაუბრობთ რუსეთ-უკრაინის ომზე, მაგრამ ეს არის გაცილებით უფრო დიდი კონფლიქტი და სამხედრო დაპისპირება. მოგეხსენებათ, საერთაშორისო ურთიერთობებში არის ტერმინი „proxy war“ - არაპირდაპირი ომი. პრაქტიკულად, დღეს დასავლეთი ჩართულია ამ ომში არაპირდაპირი გზით, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამხედროები უშუალოდ, საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, მაგრამ ყველა სხვა ელემენტი, დაწყებული სადაზვერვოთი და დამთავრებული სამხედრო აღჭურვილობით, ამოქმედებულია. აქედან გამომდინარე, ამ ომს გაცილებით მეტი დატვირთვა ეძლევა. დაპირისპირების ხსენებული ფორმატის გათვალისწინებით საკითხავია, თუ როგორ შეიძლება დასავლეთის მხრიდან მისი იმგვარი მართვა, რომ აგრესორსაც ეფექტიანად დაპირისპირდე, და თანაც არ გასცდე ისეთ ზღვარს, რომლის შედეგად პროცესი გავა კონტროლიდან და შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ეს მინიშნებები, პირდაპირი განცხადებები რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე, სწორედ იმ წითელი ხაზის აღნიშვნაა, რომლის იქეთაც გადასვლა გამოუსწორებელი შედეგების მომასწავებელი იქნება. ამ შეკითხვას იმით დავასრულებ, რომ ვაცნობიერებთ შეკითხვების სიმრავლეს, სადაც ყველა შეკითხვაზე მზა პასუხი არ არსებობს. ასეთ ვითარებაში მწყობრი რეცეპტის შეთავაზებაც ძალინ რთულია, ჩვენ აბსოლუტურად სხვა ფენომენთან გვაქვს შეხება რუსეთის ფედერაციის სახით. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული სამხედრო პოტენციალისა და მსოფლიო ეკონომიკასთან შეზრდის ხარისხის მქონე ქვეყანა. ისიც ფაქტია და ცხადზე ცხადი, რომ არც ცივი ომის პერიოდში და არც მისი დასრულების შემდეგ, ამგვარი ხასიათის კრიზისი, ამგვარი ხასიათის დილემა დასავლური სამყაროს წინაშე რეალურად არ მდგარა. ამდენად, გამოწვევაც სწორედ ისაა, თუ როგორ შეიძლება, დასავლეთმა მოაგვაროს პრობლემა ისე, რომ პირველი: საკუთარი მოსახლეობა - არ დააზიანოს ამ გლობალურ ეკონომიკურ ომში და მეორე - ეს სამხედრო მოქმედებები არ გადაიზარდოს ისეთი მასშტაბის კონფლიქტში, საიდანაც უკვე დამარცხებულსა და გამარჯვებულზე საუბარი ზედმეტი იქნება, რადგან აპრიორი ყველა დამარცხებული იქნება. ET: უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მარცვლეულის ექსპორტი მაისში 63%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. თქვენი აზრით, ემუქრება თუ არა სასურსათო კრიზისი ბევრ ქვეყენას, რომელიც ამ ექსპორტზე იყო დამოკიდებული და აქედან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება, დასავლეთმა რაიმე კომპრომისი დაუშვას სანქციებთან დაკავშირებით? როდესაც ქართულ სივრცეში ჩვენ ვსაუბრობთ სანქციებზე, ხშირად მრჩება წარმოდგენა, რომ სიტყვა სანქციების იქით არც გვინდა გავიხედოთ. არადა, სანქცია არის ერთგვარი მეცნიერება და სასანქციო პოლიტიკის გატარებას აქვს თავისი პრინციპები და საფუძვლები. მაგალითად, ერთ-ერთი პრინციპია, როდესაც იწყებ სანქციების განხორციელებას, შენ სწორედ უნდა გქონდეს გააზრებული, რა არის შენი მიზანი, როგორ უნდა მართო წნეხი, გაზომო სანქციების წარმატებულობა, ისევე როგორც, დასაწყისშივე წარმოდგენა უნდა გქონდეს, თუ რა პირობების, რა ეტაპზე დადგომის შემთხვევაში უნდა დაიწყო სანქციების ჩახსნა. საქნციების პროცესი რამდენიმე ფაზისგან შედგება. ხოლო, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასანქციო პოლიტიკის წარმატების ალბათობაზე, ეს პროცესი შენ თავიდან ბოლომდე - როგორც ათვლის წერტილიდან, ისე მისი დაბოლოებით უნდა გქონდეს გააზრებული. სწორედ ეს სირთულე განაპირობებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სხვადასხვა სახის სანქციას, როგორც სტატისტიკა ამბობს, მხოლოდ 30-დან 35%-მდე სასანქციო ღონისძიებებს ჰქონია ესა თუ ის წარმატება. ვიმეორებ, ეს რთული მეცნიერებაა, სადაც შედეგის სიზუსტე ყოველთვის გარანტირებული როდია. მით უმეტეს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსული ეკონომიკა, მისი ენერგეტიკის სექტორი, ისეთ სინერგიაში მოექცა დასავლურ ენერგოსექტორთან. ამდენად, ეს ორი ეკონომიკური-ენერგეტიკული ბლოკი მაღალი ხარისხის ურთიერთდამოკიდებულებითა და ურთიერთკავშირებით გამოირჩევა. როგორ გინდა შენ, ისე ფილიგრამულად ჩახსნა ერთი, რომ მეორემ არსებით ზიანი აირიდოს? თანაც ისე, რომ სანქციებმაც დასახულ მიზნებს მიაღწიოს? აღსანიშნია, რომ დასავლურ მედიაში, საექსპერტო წრეებში ხშირია საუბარი, რომ ხომ არ არის დრო, რუსეთს მიეწოდოს გზავნილი, თუ რა შემთხვევაში მოხდება სანქციებში დეესკალაცია, რა პირობების დაკმაყოფილებისას. აქ, დაახლოებით, მათრახისა და კვერის პრინციპის მსგავსი მიდგომაა... ამდენად, სანქციას არამარტო დასჯის ეფექტი უნდა ჰქონდეს, არამედ, გამოსწორების, წესრიგის დამრღვევის „რესოციალიზაციის“: როდესაც სჯი, უნდა მისცე ძალიან მკაფიო გზავნილი, თუ რა შემთხვევაში შემსუბუქდება ან ჩაიხსნება სასჯელი. სხვაგვარად, თუ სანქციას მხოლოდ უპირობოდ დასჯითი ფუნქცია ექნება და მხოლოდ ამ დატვირთვას აძლევ, მაშინ წარუმატებლობის სტატისტიკას რომელზეც ვსაუბრობდი, შეიძლება, ახალი შემთხვევები დაემატოს. დღეს ბევრი მსჯელობაა, თუ რა ვითარებაშია რუსული ეკონომიკა. რა თქმა უნდა, რუსულმა ეკონომიკამ განიცადა ძალიან დიდი დარტყმა. აქვე იმასაც ვხედავთ, რომ ჯერჯერობით, სასანქციო პოლიტიკამ მყისიერი ეფექტი არ იქონია: ომი გრძელდება, ხოლო რუსული სამხედრო მანქანა იკვებება ფინანსური რესურსებით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის მეექვსე სასანქციო პაკეტზე უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება იყო ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით, რამაც წევრ სახელმფწიფოებს შორის კომპრომისი გარდაუვალი გახადა. აღარაფერს ვამბობთ ბუნებრივ აირზე, ეს უკვე შემდეგი გაცილებით რთული ეტაპი იქნება. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ დასავლეთი ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, მაგრამ ეს რომ ვერ იქნება ერთი და ორი დღის ამოცანა, ფაქტია. ფაქტია, აუდიტორიის დიდ ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ საქციების ამოქმედებისთანავე ომი თუ არ დასრულდებოდა, სამხედრო მოქმედების ხასიათი მკვეთრად შეიცვლებოდა. არადა, ეს იმდენად დელიკატური და რთული თემაა, აქ არც სტერეოტიპული შეძახილი კმარა და არც სადღეგრძელოების დონეზე მისი დაყვანა. რა არის სანქცია - ეს არის შუალედური გაჩერება დიპლომატიასა და ომს შორის. როცა დიპლომატია უძლურია საკითხის გადასაწყვეტად და შენ აღიარებ, რომ დიპლომატიამ ვერ იმუშავა, თუმცა ამავე დროს, არ გაქვს ნებელობა და მზაობა, რომ პირდაპირ ღია, სამხედრო კონფრონტაციაში შეხვიდე. სანქცია ამ მხრივ არის გამოწვევისადმი, პრობლემის გადაწყვეტისადმი შუალედური მიდგომა. მისი გამოყენება ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვინდა შემდგომი ესკალაცია და მაქსიმალურად ვერიდებით კონფლიქტის გაფართოებას, მის განვრცობას. ამავდროულად, სანქციებმა რომ მაქსიმალური შედეგი გამოიღოს, აუცილებელია მათთან ერთდროულად დიპლომატიის აქტიური მუშაობაც. ერთი არის იდეალიზმი, ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთან, მაგრამ მეორეა პრაქტიკული შედეგი. თუ ჩვენ გვინდა, დასრულდეს ის, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, ამისკენ გზა მიდის ძალიან პრაქტიკულ, არაპოპულარულ და ხშირად მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე. EU: ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატი ქვეყნის სტატუსობამდე - რა მოლოდინები არსებობს? მოგეხსენებათ, სამმა ქვეყანამ შეიტანა განაცხადი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია დასაბუთებულად, რომ როდესაც ჩვენ შევადარებთ რეფორმირების პროგრესს ამ სამივე ქვეყანაში, საქართველო არის აშკარად დაწინაურებული. ამდენად, თუ ჩვენ გამოვალთ ობიექტური შეფასებებიდან, ჩვენი მოლოდინიც აბსოლუტურად სამართლიანია. სხვა საკითხია, უკრაინის ომმა რა ცვლილება შეიძლება, შეიტანოს სურათში - ამასთან დაკავშირებით, არაერთხელ ითქვა, და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ არ შეიძლება, ომი იქცეს ერთგვარ, ვთქვათ, საშვად ამა თუ იმ სტატუსის მოსაპოვებლად თუ ამა თუ იმ პოლიტიკურ კლუბში გასაწევრიანებლად. ალბათ, საკითხის ასე დაყენება დაუშვებელია და ამორალურიც. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ საკუთრივ უკრაინა, მისი შიდა პოლიტიკური სისტემა თუ რა ხარვეზებით გამოირჩეოდა და იმასაც, თუ როგორ „დააწინაურა“ ქვეყანა ომმა (ვაცნობიერებ, რომ ეს სიტყვა ბოლომდე შესატყვისი არ იყოს, მაგრამ...პროცედურულად დააწინაურა) მე ვთვლი, რომ ეს ის უპირატესობაა, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, „უპირატესობად“ ვერ მივიჩნევთ. და თუ ამაზე ვთანხმდებით არა მხოლოდ ქართველები, არამედ ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც, მაშინ საქართველოს მოლოდინი არის აბსოლუტურად სწორი და ობიექტური. სხვა საკითხია კიდევ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის მოლოდინი პასუხისა - „კი ან არა“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პასუხი შეიძლება, იყოს შუალედური, ასე მაგალითად, შეიძლება, ევროკომისიამ თავის დასკვნაში მოგვანიჭოს - „პირობადებული კი“. ეს ნიშნავს იმას, რომ მზაობასთან, პოზიტიურ პასუხთან ერთად იყოს გარკვეული ვალდებულებები, გარკვეული საგზაო რუკა, რომლის შესრულების შემთხვევაში ეს „კი“ ჩვენ უფრო განგვიმტკიცდება. ასევე, კიდევ ერთი გარემოება მოგეხსენებათ, არის ის, რომ საქართველო ასოცირების შეთანხმების შესრულების რეჟიმშია. სწორედ რომ ამ შეთანხმების წარმატებით რეალიზებას უკავშირდება ის მოლოდინიც, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ - გავხდეთ ევროკავშირში წევრობაზე კანდიდატი ქვეყანა. EU: საზოგადოებაში შექმნილია მუდმივი მოლოდინი ,,კი და არა’’-სი ზოგადად, თუნდაც, იგივე NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებითაც. როგორ ფიქრობთ, ხომ არ ახალისებს ეს პრორუსულ ნარატივებს? საერთოდ, ერთი რამაა ხელშემშლელი ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში... უნდა აბსოლუტური კატეგორიებით მსჯელობა. არადა ნათქვამია, რომ სიმართლე სადღაც შუაშია. ამიტომ, ურთიერთობებში მხოლოდ ორი ფერის - შავი და თეთრის არსებობაზე, დროა, უარი ვთქვათ. ამ ორს შორის უამრავი შუალედური ფერის არსებობა კომპრომისებით საუბარს გვასწავლის, ინტერესების თანხვედრაში დაგვეხმარება, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ინტერესებისა და მოლოდინების დანახვაში. გავითვალისწინოთ, რომ თვით ევროკავშირიც საკმაოდ რთული ბიუროკრატიული სტრუქტურაა, სადაც მხოლოდ ზეეროვნული ინსტიტუტების დონეზე არ მიიღება გადაწყვეტილებები, არამედ, კავშირის ყველა წევრ ქვეყანას თავისი დამოკიდებულება აქვს გაფართოების პოლიტიკასთან მიმართებით. ამ კუთხით არსებობენ უფრო „ღია და მეგობრული“ ქვეყნები, მაგრამ არიან „ჩაკეტილი“ ქვეყნებიც. შედეგად, უამრავი დინება და ტენდენციაც. ამდენად, ისეც ნუ წარმოვიდგენთ, თითქოს, მხოლოდ ჩვენ ვაბარებთ ამ გამოცდას. ფიგურალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთრივ ევროკავშირიც აბარებს გამოცდას საკუთარი თავის წინაშე, - რამდენად ღიაა ის გაფართოვებასთან მიმართებით, რამდენად მოქნილი, მტკიცე, კეთილმოსურნე და კეთილხმოვანი. მეტიც, პასუხი, რასაც ჩვენ ველით, აგრეთვე იქნება ევროპელების პასუხი საკუთარ მომავალზეც. როდესაც ვსაუბრობთ გაფართოების საკითხზე, უნდა გავითვალისწინოთ ისიც - და ევროპელებსაც შევახსენოთ, - რომ რა თქმა უნდა, იდეალები კარგია, მაგრამ მისაღები გადაწყვეტილებები დროსთან და პრაქტიკულ ინტერესებთან თანხვედრაში უნდა იყოს. თუ მათ უნდათ, რომ ეს სივრცე, რასაც საქართველო ჰქვია, არ გავიდეს მათი ყურადღების არეალიდან და პროცესები შეუქცევადი არ გახდეს საზოგადოებრივი განწყობების კუთხით, რა თქმა უნდა, მათგან გაბედული და შემხვედრი ნაბიჯები დროულად უნდა გადაიდგას. ამიტომ, კიდევ ერთხელ, ძალიან კოლეგიალური და მეგობრული შეხსენებაა ჩვენი ევროპელი კოლეგების მიმართ: მეტად მკაცრი კრიტერიუმებით ნურც საკუთარ თავს განსჯიან და ნურც ჩვენ შეგვაფასებენ. დაე, იმსჯელონ დროისა და შექმნილი რეალობის შესაბამისად, არსებული გეოპოლიტიკური რეალიების ადეკვატურად. მე მგონი, ახლა იმდენად იდეალიზმზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დრო არ არის, რამდენადაც - რაციონალური და პრაქტიკული შედეგზე მორგებული გადაწყვეტილებებისა. ET: 2022 წლის NATO-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, რა მოლოდინები შეიძლება, გვქონდეს? მოლოდინები ფრთხილია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მადრიდის სამიტი ივნისში იმართება და არანაირი მინიშნება არ არის იმის, რომ რაღაც ფუნდამენტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ალბათ, ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ NATO-მ მოახდინოს ღია კარის პოლიტიკის დეკლარირება და ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ ერთგული ვრჩებით საგარეო პოლიტიკაში ჩვენი ევროატლანტიკური კურსის. თუმცა აუცილებლად აღსანიშნია, რომ მე პირადად, წინა სამიტთან დაკავშირებით, მაქვს გარკვეული უკმაყოფილება, როდესაც NATO-მ გააკეთა ჩანაწერი, რომ საქართველო გაწევრიანდება NATO-ში მხოლოდ ინდივიდუალური წევრობის გეგმის რეალიზების პირობით (ე.წ. MAP). მიმაჩნია, რომ ეს არ არის ადეკვატური ჩანაწერი და ავხსნი რატომ. ხსენებული გეგმით გათვალისწინებული მექანიზმი, რომელიც 1999 წელს ამოქმედდა და რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში აქტუალობას ინარჩუნებდა, ახლა აბსოლუტურად ამოვარდნილია მიმდინარე პროცესების კონტექსტიდან. ამიტომ, ვთვლი, რომ ეს ჩანაწერი წარმოადგენს ზედმეტ და არაპრაქტიკულ პროცედურულ დატვირთვას. ერთ-ერთ ეთერში ვთქვი კიდეც, რომ ჩვენზე ამ პირობის დაწესება მოსაცდელ ოთახში გაურკვეველი ვადით ჩარჩენის მცდელობის გამართლებას მაგონებს. მეტიც, ინდივიდუალური წევრობის პროგრამა, თავისი კრიტერიუმებითა და საზომით, საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანი და ზოგადია. სხვა საკითხებთან ერთად, აქ საუბარია პოლიტიკურ რეფორმირებასა და სამხედრო საკითხებში რეფორმაზე. სამხედრო მდგენელს რაც შეეხება, სხვადასხვა პროგრამის გამოისობით, - და ჩვენი NATO-ელი კოლეგებიც ამასვე აღნიშნავენ - პრაქტიკულად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და NATO-ს წევრი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ძალიან მაღალი დონის თავსებადობაა და ამ მხრივ, წესით, პრობლემა არ ასებობს. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგენელს, მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, დღეს რაც ინსტიტუტებთან და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ სირთულეეებს მხოლოდ ჩვენ არ განვიცდით; ამ მხრივ და ამ დროში მნიშვნელოვან გამოწვევებს განვითარებული დემოკრატიებიც განიცდიან. არაერთი ქვეყნის მაგალითი შეგვიძლია, მოვიყვანოთ, სადაც პროცესმა არასასურველი მიმართულება შეიძინა. ამიტომ, ვთვლი, რომ ასეთი, სტატუსებში მექანიკური დაყოფა - აი, შენ მუდმივად ჩემი მასწავლებელი იქნები, მე კიდევ შენი მოსწავლე, გვაცლის ორივე პარტნიორულ მხარეს საშუალებას, რომ ერთმანეთისკენ მიმავალი პრაგმატული გზები ვეძებოთ. ამიტომაც, განვმეორდები, რომ ამა თუ იმ საკითხის გაიდეალიზება, ჭრელად გაფერადების მცდელობა, მის აბსურდიზმის ხარისხში აყვანა, რეალურად ხელს შეგვიშლის საქართველოს და მის პარტნიორებს, რომ პრაქტიკული შინაარსისა და დროზე მორგებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, განსაკუთრებით ახლა არის ყველაზე გაბედული და პირდაპირი გადაწყვეტილებების მიღების დრო. თუმცა ვაღიაროთ, რომ თანაბრად შესაძლოა, უკრაინის ომმა NATO-ს გაფართოების კუთხით შეიძლება, ფაქტობრივი წითელი ხაზი გაავლოს. დასაშვებია ისიც, რომ ეს წითელი ხაზი არ აისახოს არცერთ სამართლებრივ-პოლიტიკურ დოკუმენტში, მაგრამ რეალურად გაფართოებაზე დაუწერელ მორატორიუმად იქცეს. დღეს საკმაოდ რთულია, დამაჯერებლად ვისაუბროთ, თუ როგორი იქნება უკრაინაში ომის გადაწყვეტის პოლიტიკური ფორმულა. ხოლო თუ ისე მოხდა, რომ ამ პოლიტიკური ფორმულის ერთ-ერთ პრინციპად ე.წ. უკრაინული ნეიტრალიტეტი იქცა, ეს საკითხი დიდი ალბათობით, ჩვენც შემოგვიბრუნდება დღის წესრიგში. შეიძლება, არც შემოგვიბრუნდეს, მაგრამ მაღალი ალბათობაა, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. „ბუფერულ“ სახელმწიფოებზე (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო), რომლებიც გეოპოლიტიკურად, ასე ვქვათ, მაინც გამოკიდებულ ვითარებაში არიან, უკრაინულ ფორმულას, უკრაინულ გადაწყვეტას კრიზისისა, დიდი ალბათობით, პირდაპირი შემხებლობა ექნება ჩვენს საკითხთან. თუ მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის გაწევრიანება ალიანსში, დღეს არ არის მიზანშეწონილი და გონივრული, ან რომ ეს ხელს უშლის ევროპაში ახალი წესრიგის დამყარებას, მაშინ, ასეთ მიდგომას სავარაუდოდ, ჩვენზე ექნება გავლენა. NATO-ს სამიტზე ჩვენ ასევე მოლოდინში ვიქნებით ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტისა, რომელსაც 2030 NATO-ს სტრატეგიული კონცეფცია ჰქვია. კერძოდ, ვვარაუდობ და სურვილია, რომ შავ ზღვასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი დავინახო. მართალია, ბოლო პერიოდში შავი ზღვა ფიგურირებს NATO-ს დოკუმენტებში, მაგრამ მაინც არასაკმარისად და ამ მხრივ, ჩვენ ალბათ, თემის მეტი განვითარება უნდა ვიხილოთ. ET: როგორ უყურებთ აშშ-ის მხრიდან შავი ზღვის ფართო რეგიონის მიმართ ერთიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების შესაძლებლობას? რაც შეეხება შავ ზღვასთან დაკავშირებით ერთიან კონცეპტუალურ დოკუმენტს, დიახ, ჩვენ მოლოდინში ვართ, რომ ჩვენი პარტნიორი აშშ სხვა დასავლელ პარტნიორებთან ერთად ასეთ დოკუმენტს შეიმუშავებს. თუმცა, აქვე ასეთი კითხვა: რატომ ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი მხრიდან ჩვენივე ხედვა წარვუდგინოთ? ზოგიერთისთვის, შესაძლოა, რიტორიკული კითხვა არის, მაგრამ რატომ არ შეიძლება, ოფიციალურმა თბილისმა მოახდინოს საკითხზე მსჯელობის დაინიცირება? მეტიც, შესაძლოა, რომ საქართველოსთან ერთად თანაინიციატორებად რუმინეთი და ბულგარეთი გამოვიდნენ. საინტერესო იქნება უკრაინის ხედვაც, ხოლო ათმაგად მნიშველოვანი თურქეთის პოზიცია.... ET: რა როლი აქვს თურქეთს რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრაში, მით უფრო, რომ ის ჩვენს სახმელეთო სამეზობლოში NATO-ს ერთადერთი წევრი ქვეყანაა? თურქულ საგარეო პოლიტიკას ყოველთვის ახასიათებდა ასეთი პრინციპი, რომ ეს ქვეყანა იქცევა ისე, როგორც მის საუკეთესო ინტერსებშია. ამიტომაც, თურქეთი არის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული წევრი მისი NATO-ელი პარტნიორებისათვის. თურქეთს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ეჭირა და გამორჩეულად განსაკუთრებული ამ დროშიც აქვს. აი ახლაც, რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით თურქეთის პოლიტიკა „მრავალპოლუსიანია“. მას არ ერიდება თქვას, რომ თურქული ინტერესი, თურქული დღის წესრიგი მისთვის უფრო მნოშვნელოვანია, ვიდრე საერთო დღის წესრიგი. სხვათა შორის, მკაფიო ხაზის არსასებობა არამარტო თურქეთს ახასიათებს; ჩვენ, რამდენიმე სხვა ქვეყანაც შეგვიძლია, დავასახელოთ, რომელთა მხრიდან უკრაინაში ომისადმი გაცილებით ცალსახა მიდგომის მოლოდინში ვიყავით. თურქეთს რომ დავუბრუნდეთ, ნებისმიერ შემთხვევაში ქართული გადმოსახედიდან მერამდენედ აუცილებლად უნდა ითქვას: თურქეთი არის ჩვენი არათუ მეზობელი, არამედ, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყანა და სხვათა შორის, როდესაც NATO-ში ჩვენს, წევრობაზე ვსაუბრობთ, თურქეთი არის ერთ-ერთი გამორჩეული, რომელიც დაუფარავად, ხმამაღლა გვიჭერს მხარს. ამდენად, ისეთ რთულ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასია და დიდი შავი ზღვის რეგიონია, რა თქმა უნდა, თურქეთთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნება ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ის, თუ როგორია თურქეთის დამოკიდებულება სამხრეთ კავკასიისა და დიდი შავ ზღვის რეგიონისადმი, განსამზღვრელია და ხშირად, გადამწყვეტიც. შავ ზღვას ის მიიჩნევს, როგორც საკუთარი ეროვნული ინტერესების საციცოცხლო არეალს, სწორედ ამას უკავშირდება ცნობილი მონტრეს კონვენცია, რომლითაც თურქეთი ფაქტობრივად აკონტროლებს შესასვლელებს შავ ზღვაში. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, თურქეთი არ შეელევა ამ პოლიტიკურ-სამართლებრივ ბერკეტს, არ შეასუსტებს მასზე მოჭიდებას. ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთსა და თურქეთს შორის ახლად აღმოცენებულ პარტნიორობას. თუმცა ეს პარტნიორობა, უფრო ტაქტიკური, ვიდრე სტრატეგიული ხასიათისაა. ეს არცაა გასაკვირი, რამეთუ, ზოგადად, რუსულ-თურქული ურთიერთობების ისტორიულად რთულია და აღმავლობისა და დაღმავლობის ეტაპების მონაცვლეობით ხასიათდება. ახლა თითქოსდა აღმავლობის ეტაპია. მაგრამ ესეც შედარებითია, ვინაიდან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ორი ლიდერის თითქოსდა კეთილმოსურნე შეხვედრების უკან რეალურად ერთმანეთისადმი უნდობლობა არის. მიჭირს იმის წარმოდგენაც, თუ რამდენად სტაბილური იქნება თურქულ-რუსული პარტნიორობა გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით, კომპლექსური რეგიონული კონტექსტის პირობებში. სიტყვა „რეგიონული“ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ უკავშირდება, არამედ, აქ თანაბრად მოიაზრება ცენტრალური აზია და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილი - ყველა ის არეალი, სადაც ამ ორი ქვეყნის ინტერესი საკმაოდ უხერხულად იკვეთება. ET: საქართველოს ისტორიული როლი, იყოს დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის, შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ვგულისხმობ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებსაც. გაზრდილია ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან საქართველოს გავლით. რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომ უფრო მეტად პოზიციონირდეს ამ კუთხით და უფრო მეტად წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობებიც? ჩვენ რა თქმა უნდა, თავს მივიჩნევთ დასავლური ცივილიზაციის ნაწილად, მაგრამ აუცილებლად, ეკონომიკურად მიმღებლობა უნდა შევინარჩუნოთ და გავზარდოთ აღმოსავლეთის მისამართით. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც მცირე სახელმწიფოს როლზეა საუბარი ახალ მსოფლიო წესრიგში. ეს როლი უნდა უკავშირდებოდეს არა რუკაზე მის ნომინალურ არსებობას განსხვავებულ ფერში, არამედ ფუნქციურ სარგებლიანობას. საკითხი მინდა, ორიოდე სიტყვით განვავითარო იმიტომ, რომ იგივე გასული საუკუნის 90-იანებში, როდესაც ბაქო-ჯეიჰანს, ბაქო-სუფსას და ბაქო-ერზერუმს ჩაეყარა საფუძველი, ეს არ იყო მხოლოდ მილსადენების მშენებლობა და ენერგორესურსების გატარების დაგეგმარება. ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ძალიან გამჭრიახი ნაბიჯები, რომ ქვეყანას სხვების თვალში ეს ფუნქციონალური საჭიროება და სარგებლიანობა შეეძინა. მაგრამ მსოფლიო იცვლება, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობები განიცდის ძალიან სწრაფ ტრანსფორმაციას, ამიტომ, ჩვენ ასეთი ფუნქციონალური სარგებლიანობის, მისი მუდმივ განახლების ძიებაში უნდა ვიყოთ. უკვე მოძველდა რიტორიკა ბაქო-ჯეიჰანზე, მოძველდა რიტორიკა ბაქო-ერზერუმზე. შესაბამისად, ახალი გადაწყვეტების, ახალი ტრანსასაზღვრო პროექტების დროა. ამიტომ, ვთქვი, რომ ეს საკითხები ეკონომიკურ სიბრტყეშიც აქტუალურია, ისევე როგორც ზოგად ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ინტეგრირების თვალსაზრისით. სხვაგვარად გაგვიჭირდება ჩვენს სარგებლიანობასა და ჩვენს თვითკმარობაზე საუბარი. ამ ყველაფერს კი უსაფრთხოების საკითხამდე მივყავართ. როცა შენ სასარგებლო ხარ, როცა შენ შენი ფუნქციური დატვირთვა გაქვს, ბუნებრივია, შენი უსაფრთხოების კუთხით, შენი სტაბილურობის კუთხით, გარე მოთამაშეთა მხრიდან მეტი ზრუნვა და მეტი ფრთხილი დამოკიდებულება არის. ამიტომ, გავიაზროთ უნდა, რომ მხოლოდ, ასე ვთქვათ, გარკვეული სახელმწიფოთა ან პოლიტიკური გაერთიანების წევრობა, ან სამხედრო ალიანსის წევრობა არ კმარა, თუ შენ არ ხარ თვითმყოფადი და თვითკმარი. საჭირო სინჯის თვითმყოფადობა და თვითკმარობა კი საერთო საქმესა და ინტერესეში შენს ეროვნულ კონტრიბუაციაზე - ინტელექტუალური, ეკონომიკური თუ სხვა - არის დამოკიდებულია. სხვაგვარად, დღევანდელი სამყარო იმგვარად ეგოისტურია, რომ ვერც ვერავის დავავალებთ და ვერც ვერავინ დაივალებს ჩვენს მიმართ სამისდღეშიო გეოპოლიტიკური ძიძის როლს. დღეს უკვე დიდი ქვეყნებიც კი დაუფარავად ამჟღავნებენ მიდგომებში მათთვის ხელსაყრელ საკუთარ ეგოიზმს. და თუ მაინცდამაინც ეგოიზმზე მიდგა, ჩვენც ჩვენსავე ეროვნულ ეგოს მივმართიოთ, მაგრამ გავაკეთოთ ეს ფრთხილად, პასუხისმგებლიანად. თანამედროვე ეპოქაში საკუთარი სახელმწიფოებრიობის კონკურენტუანარიანობა ქართული ისტორიული მეხსიერების კოდის არდავიწყებასთან ერთად სრულიად ახლებური, ინტერესებში პრაგმატიზმსა და მართველობაში ტექნოკრატიაზე დაფუძნებულ მიდგომებს მოითხოვს.
რა გავლენა ექნება მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს საქართველოზე
უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები გაშიშვლდა. ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის კონფრონტაციამ, სავალუტო ბაზარზე რყევები, ხორბლის დეფიციტი და სურსათის გაძვირება გამოიწვია. ქვეყანა დიდწილადაა დამოკიდებული იმპორტზე და უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სურსათის მიწოდების მოშლის ნეგატიური გავლენა აქაც იგრძნობა. სამი პროდუქტი, რომელიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში ხორბლის მარაგის შემცირებას ადასტურებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის ნიშნებიც კი არ შეინიშნება საქსტატის თანახმად, მაისის მონაცემებით, წლიური ინფლაცია 13,3%-ია, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 22.0 პროცენტითაა გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ყველაზე მეტად ერთ წელიწადში ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტით), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტით),ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტით,) რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტით), შაქარი, (15.4 პროცენტით), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი) გაძვირდა. საქართველოში ყველაზე მოთხოვნად სასურსათო პროდუქტებზე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი - 2020 წელი (IFAD მონაცემები) ხორბალი 15%; სიმინდი 68%; კარტოფილი 92%; ბოსტნეული 63%; ყურძენი 145%; ხორცი 49%; რძე და რძის პროდუქტები 81%; კვერცხი 97%. ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანას მოსახლეობის გამოსაკვებად და დეფიციტის შესავსებად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტების იმპორტირება სჭირდება. რა გავლენა ექნება საქართველოზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მსოფლიოში მოსალოდნელ სასურსათო კრიზისს? რა ვითარებაა ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით და სად არის ამ მიმართულებით ყველაზე სუსტი რგოლი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილმა ისაუბრა. ET: სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით ოთხი ძირითადი კომპონენტიდან - სურსათის არსებობა, სურსათზე ხელმისაწვდომობა, სურსათის გამოყენება და სტაბილურობა, რომელია საქართველოსთვის ყველაზე სუსტი რგოლი? საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც შესაძლოა მწვავედ დადგეს სასურსათო უსაფრთხოების საკითხი, რადგან წარმოება მცირეა და იმპორტი მზარდი. თვითუზრუნველყოფა სულ რამდენიმე მიმართულებაში გვაქვს სრულად, ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. იქაც კი, სადაც თვითკმარ პროდუქციას ვაწარმოებთ, ნედლეული შემოგვაქვს.საქართველოში აგროსასურსათო პროდუქტების იმპორტი წლების მანძილზე, სტაბილურად, ღირებულებითი მაჩვენებლით 3,5-ჯერ, ხოლო რაოდენობრივი მაჩვენებლით 2,6-ჯერ და მეტად აღემატება ექსპორტს, რაც ძირითადად განპირობებულია ამ პროდუქტების წარმოების დაბალი მოცულობით და შესაბამისი სექტორის სუსტი კონკურენტუნარიანობით უცხოელ მწარმოებლებთან შედარებით. პროდუქტების ხელმისაწვდომობის პრობლემის წინაშე უკვე დავდექით და დაიწყო ალტერნატიული ბაზრების ძიება. სამწუხაროდ საქართველოში პრევენციულად არ არსებობს კრიზისის განეიტრალებისთვის საჭირო ალტერნატიული გეგმა და როდესაც ხელისუფლება ფაქტის წინაშე დგება იწყება ძიება. გარე სამეზობლო გვილაგებს სიტუაციას. როგორი ვითარებაც იქმნება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, იმ ვითარებას ვერგებით. ET: საქართველოში ხორბლის მარაგი თითქმის ამოიწურა. ეს რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამაც დაადასტურა, თუმცა აცხადებენ, რომ ქვეყანაში ფქვილის და შესაბამისად პურ-პროდუქტების დეფიციტი არ შეიქმნება. რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ, როცა ქვეყანას ხორბლის მარაგები არ აქვს? სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერ გადაწყვეტა ხორბლის საკითხი. ფქვილი დიდწილად რუსეთიდან შემოგვაქვს. ხვალ, რომ პოლიტიკური ნიშნით რუსეთმა ფქვილის მოწოდება შეგვიწყვიტოს, რას ვიზამთ? სამწუხაროდ ახლა არ გვაქვს არანაირი ალტერნატივა. ამ ფაქტმა აჩვენა, რომ სახელმწიფო კრიზისების მართვის კუთხით უფრო მობილური უნდა გახდეს და სწრაფად მიღოს გადაწყვეტილებები. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ ერთ წელიწადში საქართველოში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული (51,1%) გაძვირდა, ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის 63%-ს აკმაყოფილებს. რამდენად მოსალოდნელია რომ ამ მიმართულებით კრიზისი შეიქმნას? წელს თურქეთმა ამ მიმართულებით ჭარბწარმოების შესახებ განაცხადა. გარკვეულწილად გვიშველა იმან, რომ უკრაინის ომის გამო, იმპორტში შექმნილი დეფიციტის შევსებაში ჩაერთო თურქეთი. თუმცა ამ ფაქტმა ფასებზე გავლენა უკვე მოახდინა. არის სხვა საფრთხეებიც, რომ ამ ქვეყნიდან შემოსული სოფლის მეურნეობის იაფი პროდუქტი ბაზარს სრულად დაიკავებს და ადგილობრივი ფერმერების წილს შეამცირებს. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი გაიზარდა. ეს რით არის გამოწვეული? ეს გარკვეულწილად რუსეთში შექმნილმა ვითარებამ გამოიწვია. მაგალითად საქართველოდან რუსეთში გავიდა კარტოფილი და სხვა პროდუქტებიც. ამ მიმართულებით იქ გაჩენილი დეფიციტის შევსება დავიწყეთ. მაგრამ რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი და კონცენტრირება სხვა მიმართულებებზე გვჭირდება. ET: მსოფლიო მარცვლეულის ბაზარზე განვითარებული მოვლენები, საქართველოში რომელი დარგისთვის იქნება ყველაზე კრიზისული? ვფიქრობ მეცხოველეობისთვის....საძოვრები არაა საკმარისი. მარცვლეულის მოსაყვანად ტერიტორიები მცირეა და რაცაა ათვისებული იქ მოყვანილი მოსავალი, შიდა მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შინაური პირუტყვის გამოსაკვებად ძირითადად იმპორტირებული მარცვლეული გამოიყენებოდა, მათ შორის ხორბალიც, სოიო რომელიც 100% იმპორტირებულია, ასევე სილოსის მისაღები მასალა. ჯამში სოლიდურად გაძვირდა ერთი პირუტყვის შენახვაზე დანახარჯები. რძის ჩაბარების ფასი ოდნავ აწიეს გადამამუშავებელმა საწარმოებმა, მაგრამ როგორც ჩანს მეტის რესურსი არ აქვთ, რადგან მომხმარებლის გადახდისუნარიანობა დაბალია. სამწუხაროდ, დადგება დრო, როცა საწარმოები შეამცირებენ ნედლი რძის გამოყენებას და ნედლეულს ფხვნილით ჩაანაცვლებენ. ET: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ რომ ქვეყანაში სურსათისა და მარცვლეულის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გაიზარდოს? არის დარგები, რაშიც შეგვიძლია ვიყოთ თვითკმარი, მაგრამ აქ მიზანმიმართული მოქმედებებია საჭირო. სახელმწიფომ უნდა შეამციროს უაზრო სუბსიდირება, მათ შორის სოციალური სუბსიდიები და მაქსიმალური დანახარჯები გაიღოს ტექნოლოგიებისთვის. რით შეგვიძლია ვაჯობოთ სხვებს? ტექნოლოგიებით, რომ ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა გავზარდოთ. სოფლის მეურნეობა გრძელვადიანი დარგია, მაგრამ არ შეიძლება მუდმივად პოლიტიკურ პოპულიზმზე იყოს მიბმული ხარჯები. ამიტომ ის კრიზისები, რის წინაშეც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები დგანან, ჩვენ უფრო მწვავედ შეგვეხება.
ინვესტორებმა 2021 წელს $1 მილიარდზე მეტი შემოიტანეს - რატომ არ მცირდება საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე
საქართველოში უმუშევრობა და სიღარიბე გაზრდილი ინვესტიციების კვალდაკვალ, შემცირების ნაცვლად იზრდება. ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ სტრატეგიულად განხორციელებული პირდაპირო უცხოური ინვესტიციები, ავტომატურად ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებსა და შემცირებულ სიღარიბეს. საქსტატიდან მიღებული მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2021 წელს ამ მაჩვენებელმა $1,152,817.6 შეადგინა, 2020 წელს ქვეყანაში ინვესტორებმა $571,963.3 შემოიტანეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემოსული კაპიტალი არ მოქმედებს უმუშევრობის დონესა და სიღარიბეზე. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს მოსახლეობის 17.5% აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იყო, ხოლო უმუშევრობის დონე 18.5%-დან 20.6%-მდე გაიზარდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით 2021 წელს გაერთიანებული სამეფო — $596,6 მლნ; ნიდერლანდები — $125,9 მლნ; ჩეხეთი — $81,8 მლნ; თურქეთი — $64,7 მლნ; რუსეთი — $58,6 მლნ; ლუქსემბურგი — $41 მლნ; არაბთა გაერთიანებული საამიროები — $34,8 მლნ; გერმანია — $31,6 მლნ; მარშალის კ-ები — $21,3 მლნ; სეიშელები — $19,8 მლნ; დანარჩენი ქვეყნები — $76,7 მლნ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2021 წელს: საფინანსო სექტორი — $443,3 მლნ; გართობა, დასვენება და სხვა სახის მომსახურება — $230,5 მლნ; ენერგეტიკა — $157 მლნ; დამამუშავებელი მრეწველობა — $143 მლნ; უძრავი ქონება — $84,1 მლნ; ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება — $28,2 მლნ; მშენებლობა — $27,6 მლნ; სოფლის მეურნეობა, თევზჭერა — $9 მლნ; სასტუმროები და რესტორნები — $7,7 მლნ; ტრანსპორტი — $4,7 მლნ; დანარჩენი სექტორები — $17,5 მლნ. რა როლი აქვს უცხოურ ინვესტიციებს ეკონომის განვითარებაში? როგორ აისახება საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე უცხოეთიდან მოზიდული კაპიტალი? ამ და სხვა საკითხებზე Europetime-თან ანალიტიკოსმა და ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა ისაუბრა. ET: 2021 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა $1 მილიარდს გადააჭარბა. როგორ ფიქრობთ იგრძნობა ამ სოლიდური კაპიტალის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე? ვფიქრობ, ჩვენთან ძალიან დილეტანტურია ამ საკითხისადმი მიდგომა. აქ მთავარია, რომ ინვესტიცია შემოვიდეს და არ აქვს მნიშვნელობა სად, რომელ სექტორში განთავსდება, რა პასუხისმგებლობა ექნება ინვესტორს და რა შედეგი უნდა მოიტანოს. ინვესტორი იმიტომ არ შემოდის საქართველოში, რომ ფილანტროპია. ის ფულს დებს იმისთვის, რომ მოგება მიიღოს და კაპიტალი უკან გაიტანოს. საქართველოში არ არსებობს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად არ არის სტრატეგია, რა სფეროებშია საჭირო ინვესტირება. უნდა დაისვას კითხვები: ინვესტორი რომ შემოდის, რა კაპიტალი შემოაქვს? აქვს თუ არა მას ვალდებულება, რომ ადგილობრივები დაასაქმოს? ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა მისცეს თუ არა რამე სარგებელი? მაგალითად, თუ რომელიმე ოფშორიდან შემოდის ინვესტიცია და განთავსდება, რომელიმე ეკონომიკურ ზონაში, სადაც გადასახადები დაბალია - ჩვენ რა სარგებელს ვიღებთ? შეიძლება, ინვესტორებმა ადგილობრივი მუშა-ხელიც კი არ დაასაქმონ. ET: სხვა ქვეყნებში როგორია მიდგომა ამ საკითხთან მიმართებით? თუ გადავხედავთ იგივე განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად, აშშ-ს, ევროპას თუ ჩინეთს, ყველგან აქვთ კონკრეტული სტრატეგია უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებით. განსაზღვრულია დარგები, სადაც ინვესტორის შესვლა პრიორიტეტულია და აქვთ დამატებითი ბონუსები. ამასთან ერთად, ქვეყანაში კაპიტალის შემომტანს აქვს დამატებითი ვალდებულებები. მაგალითად, თუ შემოდის მაღალტექნოლოგიური კომპანია, სთხოვენ რომ მაღალი ტექნოლოგიები შემოიტანოს და დანერგოს ადგილობრივ ბაზარზე. კადრები გადაამზადოს და თუნდაც დასაქმებულთა 80% მაინც იყოს ადგილობრივი. ET: ჩვენთაც ხომ აქვს უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები ინვესტორს. ეს ჩანაწერი გვხვდება საინვესტიციო შეთავაზებაში. ეს ჩანაწერი ხშირად ფორმალურია, ამის მაგალითებიც არსებობს. ჩვენ შემოსული კაპიტალის სტატისტიკას ვითვლით, მაგრამ სად მიდის ის ინვესტიციები, რა შედეგები მოაქვს და რამდენად სასარგებლოა ეკონომიკისთვის - ეს კითხვის ნიშნის ქვეშაა. ამ დონემდე არც კი მიდის შეფასება. ციფრს ვიგებთ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა, მაგრამ სად და რა სარგებელი მოიტანა ამას არ ვიკვლევთ. ერთადერთი მნიშვნელობა ენიჭება საგარეო ინვესტიციებს. შიდა ინვესტიციებს თითქმის არცაა საუბარი. შესაძლოა, შიდა ინვესტიციები ბევრად უფრო სარგებლის მომტანი იყოს. ET : 2021 წელს, ყველაზე დიდი წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საფინანსო სექტორს აქვს. შემდეგ მოდის გართობა-დასვენება, სხვა სახის მომსახურება, ენერგეტიკა და დამამუშავებელი მრეწველობა, ჯანდაცვა. რატომ არის წლებია საქართველოში საფინანსო სექტორი ინვესტორების სამიზნე? ყველაზე კარგი მაგალითია, რომ დავფიქრდეთ იმაზე თუ, რატომ დებენ ფინანსურ ინსტიტუტებში უცხოელები ფულს. იმიტომ, რომ საქართველოს ბანკების მომგებიანობის ეფექტურობა მსოფლიოში ტოპ ხუთეულშია. ანუ ფულს ჩადებენ, მოგებას მარტივად იღებენ და უკან გააქვთ კაპიტალი. ინვესტორებისთვის მიმზიდველია ის სექტორი, სადაც ფულს სწრაფად და მაღალი პროცენტით მოიგებენ. მაგალითად, რატომ არ შემოდის ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სექტორში? ინვესტორების პორტფელში ამ სექტორში შემოსული კაპიტალის 1%-იც კი არ არის. ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარია დასაქმებული. ჩვენთვის უფრო საინტერესო უნდა იყოს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში ჩაიდოს კაპიტალი, ვიდრე საფინანსო სექტორში, რადგან აქ უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული და ამ დარგს სჭირდება ტექნოლოგიური განვითარება. ET: 2021 წელს შემოსული $1 მილიარდზე მეტი კაპიტალიდან ინვესტორებმა $9 მილიონი თევზჭერის განვითარებაში ჩადეს. $9 მილიონის ინვესტირება ამ დარგში შემოსული $1 მილიარდიდან ძალიან მინიმალურია. სამწუხაროდ, არ გვაქვს საინვესტიციო სტრატეგია. მაგალითად, იგივე შიდა კაპიტალს საპარტნიორო ფონდი სასტუმროების განვითარებისკენ მიმართავს. ტურისტულ სექტორს არ სჭირდება ამ მოცულობის დახმარება. მაგალითად, თუ გვექნება სტრატეგია, რომ ვინც სოფლის მეურნეობაში ფულს ჩადებს, იქ რაღაც შეღავათს მიიღებს და საფინანსო სექტორში თუ ჩადებს პირიქით გადასახადი უნდა გადაიხადოს, მეტ ბიძგს მისცემს ინვესტორებს, რომ სოფლის მეურნეობისკენ წავიდეს ფინანსური ნაკადი. ET: საქართველოს მოსახლეობის განწყობა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებით უარყოფითია. ბოლო მაგალითია ნამახვან ჰესის ამბავი. როგორ ფიქრობთ ეს რამ გამოიწვია? რადგან არ გვაქვს არანაირი საინვესტიციო სტრატეგია, შესაბამისად ხდება კაპიტალის პოლარიზება კონკრეტული მიმართულებებით. საფინანსო სექტორი და ენერგეტიკა და აქ შემოსული ინვესტიციები სარგებელს არ აძლევს მოსახლეობას და შესაბამისად, ვიღებთ იმას, რომ ვერც ეკონომიკა და ვერც საზოგადოების ფართო ფენები ვერ გრძნობენ აქედან მიღებულ სარგებელს. გარკვეულწილად ამითაა გამოწვეული ხალხის პროტესტი ინვესტორებთან მიმართებით. მოსახლეობამ წლებია ვერავითარი სარგებელი ვერ მიიღო. ვერ ხვდება, რატომ უნდა გადასცეს იჯარით ინვესტორს მიწა? ხდება ამ ინვესტიციების მიმართვა იმ სექტორებში, სადაც მოგების მაღალი მაჩვენებელია და ის სექტორები, რაც რეალურად უნდა გვაინტერესებდეს კვლავ განვითარების დაბალ დონეზე რჩება. ადამიანმა თუ არ მიიღო სარგებელი, მაშინ რისთვის გვინდა ინვესტიცია? კაპიტალდაბანდების მიზანი და მნიშვნელობა ისაა, რომ ეკონომიკა გაიზარდოს, შემცირდეს უმუშევრობა და მოქალაქეების 17.5% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იყოს. ამ პოლიტიკით, ინვესტიციების სარგებელი არ მიდის ინდივიდებამდე. ET: და მაინც, სად უშვებს სახელმწიფო შეცდომას? აი, მაგალითად ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც დიმიტრი ქუმსიშვილი იყო მინისტრი, თავისი შენობა გაყიდა არაბ ინვესტორზე, რომელსაც იქ სასტუმრო უნდა აეშენებინა. უწყება გადავიდა ნაქირავებ შენობაში. 2015 წელს ეს შენობა $9 450 000 გაიყიდა. 7 წელი გავიდა და დღემდე არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს შენობა და იმ ფულიდან სოლიდური წილი ქირაში დახარჯეს. უწყების ძველ შენობაში დღესაც არაფერია. ინვესტორს პრობლემები შეექმნა და მისთვის ვადის გაჭიანურების გამო, ჯარიმებიც არ დაუწესებიათ. რა იყოს ამაში პოზიტიური? მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მონაცემებში აისახა. საბოლოოდ, სარგებელი კი არ მოიტანა ამ ინვესტიციამ, პირიქით - დაგვაზარალა.
რუსეთთან მნიშვნელოვანი დიალოგის და კონსტრუქციული თანამშრომლობის ეპოქა დასრულდა - მეთიუ ბრაიზა
ექსკლუზივი 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - სამი თვე უკრაინის ომიდან - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მიმოიხილავს არსებულ სურათს უკრაინაში რუსეთის ომიდან სამი თვის შემდეგ: ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცი გასამართლდა მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაშია NATO-ში გაწევრიანებას ფინეთი და შვედეთი ცდილობენ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან განიხილავს. ამერიკელი დიპლომატი საუბრობს, თუ რა აჩვენა მსოფლიოს ამ ომმა. „ამ ომმა გვაჩვენა, რამდენად სუსტი და კორუმპირებულია რუსული ჯარი. ასევე, რამდენად არაკომეტენტურები არიან სამხედრო მეთაურები, რამდენად კორუმპირებულია მთელი სისტემა. რუსეთის ჯარი დემორალიზებულია. ასევე ვნახეთ, რომ მთელი უკრაინა, მთელი საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ჯარისკაცები საოცრად მებრძოლები არიან. როდესაც იბრძვი, შენარჩუნო შენი ქვეყნის არსებობა, ასეთი საოცარი სიმამაცით შეგიძლია, დაამარცხო მსოფლიოს უდიდესი არმიაც. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები კრეატიულები აღმოჩდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელმა ხალხმა იმაზე მეტი სიძლიერე და სიმტკიცე აჩვენა, ვიდრე ამას თავად უკრაინელები ელოდნენ“, - აღნიშნავს ბუშის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. პოლიტიკური კონტექსტის განხილვისას, ამერიკელი დიპლომატი, რუსეთის მიმართ უცხოელი აქტორების დამოკიდებულებებში მნიშვნელოვან ცვლილებაზე მიუთითებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რაც დავინახეთ, ისაა, რომ გერმანია, რომელიც თავდაპირველად გულუბრყვილობას იჩენდა, გამოფხიზლდა, გააცნობიერა, რომ ცდებოდა. კანცლერმა შოლცმა გააცნობიერა, როგორ იყენებს რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკურ იარაღად. ახლა ევროკავშირი ცდილობს, რუსულ გააზე დამოკიდებულება წლის ბოლომდე ორი მესამედით შეამციროს. ბევრმა ევროპელმა გააცნობიერა პუტინის მხრიდან საფრთხე; გააცნობიერეს, რომ გულუბრყვილო დამოკიდებულება ჰქონდათ მის მიმართ და რომ ახლა საჭიროა, რუსეთის იზოლაცია, მისი დასუსტება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ეკონომიკა აღარ იქნება ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, როგორც ეს აქამდე იყო. თქვენ ვერ ნახავთ რუს ბანკირებს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ეს დასრულდა. ისინი იზოლაციაში არიან. ეს უდიდესი ცვლილებაა“, - ამბობს ამერიკელი დიპლომატი. მეთიუ ბრაიზა, რუსეთთან ჩინეთის პარტნიორობის გადახედვასაც პროგნოზირებს. „კიდევ ერთი ცვლილება, რომელსაც ვხედავთ, ისაა, რომ ჩემი აზრით, ჩინეთი რუსეთთან თავის პარტნიორობას გადახედავს. ვფიქრობ, ჩინეთის მთავრობა აცნობიერებს, რომ არ სურს ისეთი მოწინააღმდეგე ტაივანში, როგორიც რუსეთს ჰყავს უკრაინაში. ჩინეთი ხედავს, რა შედეგები მოაქვს შეჭრას და ვფიქრობ, ჩინეთს არ სურს, იზოლაციაში მოექცეს და რუსეთის მსგავსად, დასუსტების სამიზნე გახდეს. ვწუხვარ, რომ უამრავი აქტორი, მათ შორის ევროპასა და შეერთებულ შტატებში ალბათ დაიწყებს უკრაინაზე ზეწოლას, რომ დანებდეს. ეს არასწორია, ეს უკრაინის გადასაწყვეტია. მორალური და სტრატეგიული თვალსაზრისითაც, უკრიანის გადასაწყვეტია, როდის დაასრულებს ომს, ბრძოლას. უკრაინის ხელისუფლება მკაფიოდ აცნობიერებს არსებულ სიტუაციას, აქედან გამომდინარე, მას სურს, რუსეთი გაძევებული იყოს უკრიანის ტერიტორიიდან, - აღნიშნავს მეთიუ ბრაიზა. უკრაინის მაგალითზე, ამერიკელი დიპლომატი საქართველოს შიგნით სოლიდარობის და ერთიანობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. „ბოლოს დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლა შეუძლია საქართველოს. უკრაინაში ყველა გაერთიანდა, არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ ოპოზიციას თუ მთავრობას, ყველა ერთიანია. ამას ხედავენ ევროპაშიც. უკრაინა ევროპისთვის ფასეულია. რეალურად, მათი ინტეგრაციის პროცესი ახლა დაჩქარებულია და მალე, მას შეუძლია, მიიღოს ეკონომიკური სარგებელი. რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს მსგავსი შესაძლებლობა. საქართველოც ძვირფასია ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის, თუმცა რაც ახლა საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ხდება, საშინელებაა. ამდენად, საქართველოს აქვს უდიდესი შესაძლებლობა, შიდა პოლიტიკური ბატალიების მიღმა იმოქმედოს. ვგულისხმობ ორივე მხარეს, როგორც ოპოზიციას, ასევე, მთავრობას. დროა, საქართველომ ამ მხრივ, ვითარება გამოასწოროს. საქართველოს მთავრობა რა თქმა უნდა, იაზრებს, რომ თქვენ, ისტორიის არასწორ მხარეს არ იქნებით. უკრაინას სჭირდება საქართველოს მხარდაჭერა და ის იწყებს საქართველოდან მეტი მხარდაჭერის მიღებას. ეს კარგია. სოლიდარობა, ერთად დგომა, ქვეყნის გაერთიანება, პოლიტიკური განსხვავებების გადალახვა, საქართველოსაც შეუძლია და ახლა ამის დროა. როგორც აღვნიშნე, ამ ომმა ბევრი რამ გვაჩვენა, თუმცა პირველ რიგში - ტრანსატლანტიკური საზოგადოების გულუბრყვილობა რუსეთთან მიმართებით. თუ ადრე ვინმე ფიქრობდა რუსეთთან მნიშვნელოვან დიალოგზე, ახლა მის იზოლაციასა და დასუსტებაზეა საუბარი, რათა რუსეთმა ვერასდროს შეძლოს იმის გაკეთება, რაც გააკეთა უკრიანაში და ასევე, საქართველოში - 2008 წელს. ჩვენ ასევე გულუბრყვილოდ გამოვიყურებოდით რუსეთის შემოჭრის წინ საქართველოში, როდესაც ჩემს ხელმძღანელებს აშშ-ის მთავრობაში და კოლეგებს ევროპის მასშტაბით, რუსეთის პროვოცირებაში, საქართველოს და კონკრეტულად, სააკაშვილის დადანაშაულება სურდა. რაც საქართველოს და სააკაშვილს სურდათ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩვენ, სააკაშვილს ვადანაშაულებთ რუსეთის შემოჭრაში საქართველოში და შემდეგ, უკრაინელებს მოვთხოვეთ 2014 წელს, დონბასსა და ყირიმში განვითარებული მოვლენების დროს, უფრო მეტი სიმტკიცე ეჩვენებინათ... საბოლოო ჯამში, ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ამრიგად, რთულად ვისწავლეთ ეს გაკვეთილი. კარგად გამოჩნდა, რომ პუტინის მიმართ გულუბრყვილობას ვიჩენდით; რომ ვფიქრობდით, თითქოს, რუსეთთან ერთად უნდა გვემუშავა; საქართველოს ვადანაშაულებდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდა. დასკვნის სახით რომ გითრათ, რუსეთთან არამხოლოდ თანამშრომლობის სურვილის, არამედ მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული დიალოგის ეპოქა დასრულდა“, - მიიჩნევს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. Forbes: რუსეთს უკრაინის 20% აქვს ოკუპირებული რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გიორგი ბადრიძე: თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა
უკრაინის ომის პარალელურად, მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი ყალიბდება. გეოპოლიტიკური ფუნქციის და უსაფრთხოების გასაძლიერებლად, გარკვეული ქვეყნები საერთაშორისო საზოგადოებას ინიციატივებს და პროექტებს სთავაზობენ. სად არის საქართველოს როლი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში? დასავლელი პარტნიორების შემოთავზებული მხარდაჭერის გარდა, რა საკითხების ინიცირებას უნდა ახდენდეს საქართველო? გეოპოლიტიკურ ფუნქციასთან ერთად, გაზრდიდა თუ არა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს ანაკლიის პორტი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული განხორციელება? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის უფროსს მკვლევარს, საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსს, გიორგი ბადრიძეს ესაუბრა. გიორგი ბადრიძე: უკრაინის ომის შედეგი არის ის, რომ უკრაინულად და რუსულად მოსაუბრე მოქალაქეები გაერთიანდნენ, უკრაინელი ერის კონსოლიდაცია მოხდა. მივიღეთ კონსოლიდირებული, გაერთიანებული, გაძლიერებული ერი, რომელსაც ძალიან დიდი მომავალი აქვს. გარდა ამისა, მივიღეთ დანარჩენი მსოფლიო, რომელმაც საბოლოო ჯამში, ხშირად ამორალურობასთან ზღვარზე მყოფი ფლირტი რუსულ რეჟიმთან საბოლოოდ დაასრულა. უფრო მეტიც, არამარტო დასავლურმა დემოკრატიამ ჩამოაყალიბა საბოლოოდ პოზიცია, არამედ რუსეთის პოტენციური მოკავშირე ავტოკრატიული რეჟიმებიც მთელ მსოფლიოში კარგ ხასიათზე არ უნდა იყვნენ, რაც რუსეთმა გააკეთა და თან წარმატებასაც ვერ მიაღწია. წარმატების შემთხვევაში, რუსეთის და ირანის თანამშრომლობა სამხედრო სფეროში უფრო გაძლიერდებოდა. დღეს ეს თანამშრომლობა მინიმუმზეა. ჩინეთს რაც შეეხება, აშშ-ის მთავარ მეტოქედ, კონკურენტად მიიჩნევს თავს, მაგრამ მისთვისაც არ არის მისაღები რუსეთის პირდაპირი შეტევა არა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე, არამედ, სწორედ წესებზე დამყარებულ საერთაშორისო სისტემაზე. ჩინეთს ეს არ აწყობს. იმიტომ, რომ მისი მთავარი არგუმენტი ტაივანის შემთხვევაში არის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი. სწორედ ამ პრინციპს შეუტია რუსეთმა და მგონია, რომ კბილებს იტეხავს. ET: რუსეთის წინააღმდეგ სანქცია და ბევრი სახის დახმარება რაც უკრაინამ მიიღო, ინიცირებული იყო თვითონ უკრაინის მხრიდან. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ საქართველო და მოლდოვაც საფრთხის წინაშე არიან. უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად, საქართველომ რა საკითხების ინიცირება უნდა გააკეთოს, გარდა იმისა, რასაც, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები თვითონ გეგმავენ და გვთავაზობენ? ომის დაწყებამდე უკრაინული დიპლომატია უკიდურესად პროაქტიური იყო. მაგალითად, პოლონეთთან და ბრიტანეთთან ერთად, ახალი რეგიონული ალიანსის ჩამოყალიბება ომამდე გამოცხადდა. საქართველომ ამ ახალ რეგიონულ ალიანსთან, არათუ შეერთებაზე არ გამოიჩინა ინიციატივა, ან ინტერესი, საერთოდ კითხვებითაც არ მიუმართავს ამ სამი ქვეყნის მთავრობებისთვის. რას წარმოადგენს ეს ალიანსი, რა შინაარსით არის დატვირთული. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს ყველა ის საფრთხე ემუქრება, რომლის წინაშეც უკრაინა მოქმედებდა. მეორე, როდესაც ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პეზიდენტ ზელენსკის უკრაინიდან ევაკუაციას სთავაზობდნენ, მან ალბათ პირველად გააოცა დანარჩენი მსოფლიო, როცა გამოაცხადა, ევაკუაციაში დახმარება არ მჭირდება, თქვენგან მხოლოდ იარაღით დახმარებას მივიღებ, რადგან არასად არ მივდივარ და ჩემი ერის დაცვას ვუდგები სათავეშიო. უკრაინამ რაღაც პერიოდი მარტომ იბრძოლა. მართალია მას პარტნიორებისგან უკვე მიღებული ჰქონდა გარკვეული თავდაცვითი შეიარაღება, თუმცა საკმაოდ მარტივი. მიუხედავად ბარიერებისა, რომლებიც იარაღის მიღებას ხელს უშლიდა, გმირულად, პროფესიონალურად დაიცვეს თავიანთი ქვეყანა. იარაღის მწარმოებელი ქვეყნები, საკუთარ მაღალტექნოლოგიურ იარაღს სხვა სახელმწიფოს მარტივად ვერ ანდობენ. ნდობა უნდა დაიმსახურო. უკრინამ აჩვენა, რომ არამარტო შეიძლება, ანდონ ეს იარაღი, არამედ, ის ყველაზე საუკეთესო ფორმით იქნება გამოყენებული. ამ ფონზე, საქართველო უკრაინასთან ცივი ომის მდგომარეობაში იმყოფება. ამის მერე, ვინც მომიყვება რომ ჩვენ უკრაინელებს მხარს ვუჭერთ, ძალიან სამწუხარო ფაქტები შემიძლია, დავუდო. ერთადერთი გამონაკლისი, არის ხმის მიცემა საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ქართველი ხალხის მხარდაჭრის მიუხედავად, საქართველოს მხრიდან, ოფიციალურად, არამარტო მხარდაჭერა არ გამოხატულა, უკრაინის ხელისუფლებასთან პრაქტიკულად, ცივი ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ათას სხვადასხვა წვრილმან თუ სერიოზულ საკითხში მათი დადანაშაულება ხდება. მართლაც რომ არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მიმდინარე მოვლენების ფონზე ყველაფერი გვერდზე უნდა გადადებულიყო. პირველ რიგში, მორალური და ზნეობრივი პოზიციიდან, მეორე - წმინდა სტრატეგიული მოსაზრებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს ბედი უკრაინასთან ასე პირდაპირ არის მიჯაჭვული. უკრაინას იმ სამ დღეში, რომ წაეგო ომი, როგორც ეს რუსეთს წარმოედგინა, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ საქართველოში ღია პრორუსული რეჟიმი გვექნებოდა. დღეს თუ რაღაც შეფარული პრორუსულობა გვაქვს, დახურული სატელეფონო არხებით საუბრობენ, მგონია, რომ უკრაინის მარცხის შემთხვევაში, პირდაპირ რუსული რეჟიმი გვექნებოდა აქ. ET: საექსპერტო საზოგადოებას რა ინიციატივები აქვს, თქვენი აზრით, რას უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში, უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით? პირველ რიგში ვიტყვი, რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, რაც აქამდე უნდა გაეკეთებინა. ომის დაწყებამდე, როდესაც იძაბებოდა ვითარება, ეროვნული უსაფრხოების საბჭოს სხდომის მოწვევაზე კატეგორიული უარი განაცხადა. ეს რაზე მეტყველებს? საქართველოს ხელისუფლება ვერანაირ სერიოზულ ვითარებას ვერ ხედავდა, რომ საჭირო იქნებოდა, ჩვენი, სხვადასხვა უწყების და პოლიტიკური ინსტიტუტის ერთმანეთთან კოორდინაცია და აზრების შეჯერება?! მეორე საკითხი - როდესაც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაკადის მოზღვავება დაიწყო, ასევე, კატეგორიული უარი განაცხადა, რომ არანაირი დამატებითი კონტროლის მექანიზმს არ შემოიღებდნენ. იმაზე ლაპარაკი, რომ ჩვენ შარშანაც გვქონდა რუსი ტურისტების დიდი რაოდენობის შემოდინება, არის აბსურდი დაძალიან სულელ ადამიანებზე გათვლილი. თუ თვითონ არ ესმით, მაშინ მე უნდა გავაგებინო, რომ ეს ხალხი არა ტურისტები, არამედ, რუსი მიგრანტები არიან, რომლებმაც თვითონაც არ იციან, უკან როდის დაბრუნდებიან. არ იციან შემოსავალი გაუგრძელდებათ თუ არა და შეძლებენ თუ არა დაქირავებული ბინების ქირის გადახდას გარკვეული დროის შემდეგ. მათ შორის, ვინ რას წარმოადგენს, ამის გარკვევას სჭირდება ელემენტარული კონტორლის მექანიზმი, თუნდაც, ელექტრონული ვიზის შემოღება. მესამე - საბაჟო პროცედურების რაიმე ახალი ფორმის დამატებითი კონტროლის დაწესება. ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ბელორუსის ნაცვლად, ახალი რომელიმე დერეფანი სჭირდება? არ იცის, რომ რუსეთი საქნცირებული ტვირთების შესატანად და გამოსატანად ახალი დერეფნის გამოყენებას ეცდება? სხვადასხვა ფინანსური თუ სერვისების განსახორციელებლად, რუსეთი აშკარად ეცდება საქართველოს გამოყენებას. როდესაც კატეგორიულად ამბობ, რომ რუსეთთან საბაჟო კონტროლზე არაფერს შეცვლი, ამით რა სიგნალს უგზავნი საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ, პირველად არის ასეთი მობილიზებული, რუსეთისგან მისი დემოკრატიული მეზობლების დასაცავად. 1991 წლიდან 2014 წლამდე ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, სწორედ ის იყო, რომ რუსეთს ბევრი რამ გასდიოდა, ჩვენ მიმართ და სხვა მეზობელების მიმართ, რადგან დასავლეთში რუსეთის პრიორიტეტი არსებობდა. ჯერ ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთი დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნებოდა და ამაში უნდა დახმარებოდნენ. 1996 წლის არჩევნებზე ბორის ელცინის პოზიციების შესანარჩუნებლად, რომლის მთავარი მოწინააღმდეგეც კომუნისტების ლიდერი იყო, ბევრ რამეზე თვალს ხუჭავდნენ, ან არ ესმოდათ. მერე, პუტინს სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ უბედავდნენ და ყველაფერი შერჩა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორც იქნა, პირველად, 2014 წელს, პუტინს სანქციები დაუწესეს. სწორედ მაშინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისგან და უკრაინული სანქციებისგან აქტიური გამიჯვნა. ეს მაშინ, როდესაც უკრაინაში სააკაშვილის ფაქტორი ჯერ არ არსებობდა. იმის ძახილი, რომ ჩვენ უკრაინასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ ჩვენი ოპოზიციონერები შეიფარეს, თუნდაც ძებნილები და ა.შ, აბსოლუტურად მოკლებულია რაიმე შინაარსს. უკრაინისგან დისტანცირება და ანტიუკრაინული პოლიტიკა, სახელმწიფო პოლიტიკად, ჯერ კიდევ სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლამდე იქცა. ახლა რაც ჩამოვთვალე, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასავლეთისთვის არაფრის მოთხოვნა და ინიცირება არ სურს. ნორმალური ქართული ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წელს, ორივე ხელით ჩაეჭიდებოდა დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ შეცვლილ პოზიციას და უკრაინასთან საერთო ბლოკის შექმნას შეეცდებოდა. ამ შემთხვევაში სანქციებს დაუწესებდნენ არამხოლოდ უკრაინის გამო, არამედ საქართველოს გამოც. უკრაინაში ახალი არაფერი გაუკეთებია, რაც მანამდე საქართველოში არ ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ მიზანმიმართულად გავემიჯნეთ 2014 წლის სანქციებს. ამასთან დაკავშირებით, 2014 წლის ივლისში, ირაკლი ღარიბაშვილმა BBC-ის კორესპოდენტს სრულიად გასაგებად ჩამოუყალიბა პოზიცია. პროდასავლური ხელისუფლება აქტიურად შექმნიდა ბლოკს უკრაინასთან და აქტიურად მოითხოვდა იმას, რასაც დღეს უკრაინა დასავლეთისგან. თუ ამის ადრე მიხვედრა გაუჭირდა, ომის და დასავლეთის პოზიციის ფონზე მაინც უნდა მოეხერხებინა და აქტიური კონსულტაციები უნდა დაეწყო ბრიტანულ-პოლონურ-უკრაინულ ბლოკთან, ევროკავშირთან და აშშ-ის ადმინისტრაციასთან. პირველ რიგში, უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე, ვიდრე საქართველო NATO-ში გაწევრიანებას შეძლებდა. შემდეგ, იმ ბარიერების გადალახვაზე დისკუსიებს დაიწყებდა, რომელიც ჩვენ, NATO-ს წინაშე აღმოგვაჩნდა. თუ ჩვენ დავრწმუნდებოდით, რომ NATO რეალური პერსპექტივა არ არის, მაშინ სხვა ტიპის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოგვეთხოვა, რომელთანაც დღეს უკრაინა ბევრად უფრო ახლოს არის, ვიდრე ჩვენ. ET: ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, საქართველოს რას მოუტანდა ანაკლიის პორტის და ნაბუქოს, ახლა უკვე „სამხრეთ დერეფნის“ გაზსადენის მსგავსი პროექტები? პატარა სახელმწიფოების ერთ-ერთი მთავარი თავისებურება არის ის, რომ მხოლოდ ისეთი მცირე სახელმწიფოები ახერხებენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რომლებსაც საერთაშორისო ფუნქცია აქვთ. გეოგრაფიულად, საქართველოს ეს ფუნქცია მინიჭებული აქვს, დამაკავშირებელია კასპიის ზღვის რეგიონსა და შავი ზღის რეგიონებს შორის. თეორიულად, თუ თეირანი დასავლეთან ურთიერთობებს მოაგვარებს, შესაძლოა, ირანისთვისაც კი, შავ ზღვაზე გასასვლელი დერეფანი გავხდეთ. ჯერჯერობით, ირანი ისევ სანქციებშია და ვნახოთ. შეიძლება, რუსეთის ამბებმა გეოპოლიტიკური ვითარება ბევრ ადგილას შეცვალოს. ამის იმედად ვერ ვიქნებით და ვერ დაველოდებით. საქართველოს უნდა ჰქონოდა უნარი დიდი ოკეანური კონტეინერმზიდები მიეღო, ღრმაწყლოვან პორტში. რომელიც დიდი ალბათობით, ამ ხელისუფლების შეგნებული პოლიტიკის გამო არ გვაქვს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროექტი არ შემდგარიყო. მეორე, როდესაც შენ ხარ ერთადერთი გასასვლელი შავ ზღვაზე, აზერბაიჯანისთვის სომხეთისთვის და იქით ცენტრალური აზიის ქვეყებისთვის, რომელთა ეკონომიკა, დიდწილად შეფერხებულია იმის გამო, რომ რუსულ სატრანსპორტო კავშირებზე არიან მიჯაჭვული; როდესაც რეგიონში შავ ზღვაზე გასასვლელის მხრივ, მონოპოლისტი ხარ, ამ დროს შენი რკინიგზის სისტემა ბანკროტია, უვარგისი, ჩამოშლილი, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი მავნებლობის შედეგი. საქართველოს აქტიურად უნდა ემუშავა საკუთარი ინფრასტრუქუტურის განვითარებაზე, ასევე, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებთან მათი ტვირთების მოსაზიდად, რაც მარტო ეკონომიკურს კი არა, პოლიტიკურ შედეგებსაც მოიტანდა. ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, სამხრეთ კავკასიის დერეფანი რაც უფრო მეტად იქნება გახსნილი, მათი რეალური პოლიტიკური სუვერენიტეტი რეალური შინაარსით დაიტვირთება. ვიდრე ისინი ეკონომიკურად, ექსპორტის დერეფნით, რუსეთზე არიან დამოკიდებულნი, ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ დარჩებიან. ჩინეთმა ამ ქვეყნების არჩევანს ბევრი არაფერი შემატა. ვიდრე ცენტრალური აზიის ქვეყნები, რეალურ სანდო დერეფანს მოიპოვებენ, ასეთ მდგომარეობაში დარჩებიან. უზარმაზარი პერსპექტივა აქვს ამ საკითხს და ძალიან უნდა გინდოდეს რომ ეს არ შედგეს. უფრო გამართული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა რომ გვქონოდა, რაში გამოგვადგებოდა ეს - როდესაც შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდიოდა, ავღანეთიდან მილიონობით ტონა ტვირთი წამოვიდა და ჩვენ პრაქტიკულად, ვერ შევასრულეთ ერთ-ერთი გადამზიდავის ფუნქცია, რომელიც საქართველოს უზარმაზარ შემოსავალს და გეოპოლიტიკურ ფასეულობას მოუტანდა აშშ-ის თვალში. ბევრ სხვადსხვა პროექტზე შეიძლება საუბარი, მაგრამ ერთ მთავარზე შევთანხდეთ, ანაკლიის პორტის პროექტი არამარტო გადადებულია, არამედ, მოკლული, რაც საქართველოს უმცირებს იმ საერთაშორისო ფასეულობას, რომელზეც ვისაუბრეთ. ამის გარეშე საქართველო ჩვენი პარტნიორებისთვისაც არ იქნება იმდენად ფასეული, როგორც სხვა შემთხვევაში. მარტო ის რომ, ჩვენ ვატარებთ ნავთობს და გაზს, კი მნიშვნელოვანია, თან ამ ფუნქციის გაზრდაც შეგვიძლია, თუკი გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან, თურქმენეთთან და ევროპელ პარტნიორებთან, თურქმენული გაზის ყაზახური ნავთობის დასამატებლად, ჩვენი გავლით საერთაშორისო ბაზარზე გასატანად, მაგრამ ნავთობის და გაზის ხანა დიდხანს არ გასტანს. ჩვენ ამისთვის უნდა დაგვემატებინა სახმელეთო დერეფანი ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტვირთებისთვის, რომელიც შეიძლება, ჩინური ტვირთების მარშუტად განიხილებოდეს. უზარმაზარი შესაძლებლობები გვაქვს ხელიდან გაშვებული და რის გამო? არაფრის გამო! იმისათვის, რომ ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას, თავის მომკვდარუნების პოლიტიკას. რა იმედით? რუსეთის მიზნები შეიცვლება საქართველოს მიმართ?! იმის ძახილი, რომ აი, ნახეთ თავს არ გვესხმის. ასევე ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება იყოს, როდესაც რუსეთი არ გერჩის. ესეიგი მისი სცენარით მოქმედებ და რეალურად, უპერსპექტივობაში მიდიხარ. ET: ანაკლიის პორტის აშენება, იგივე სახმელეთო სტრანსპორტო დერეფნის მასშტაბების გაზრდა, გაზრდიდა თუ არა საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების გარანტიებსაც? რა თქმა უნდა! მთავარი აზრი სწორედ ამაშია. იმისთვის, რომ მცირე ზომის სახელმწიფომ მოკავშირეების მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს, ამისთვის რაიმე ფასეულობას უნდა წარმოადგენდეს. როგორც წესი, სწორედ ამგვარი ფასეულობის გამო, ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი სატრანზიტო, სატრანსპორტო ფუნქციის შესრულების გამო, საქართველო შეიძლება, ყოფილიყო უფრო ფასეული პარტნიორი და იგივე ჩვენი დასავლელი პარტნიორები, უფრო აქტიურად შეძლებდნენ საკუთარი ამომრჩევლის დარწმუენბას, თუ რატომ იმსახურებს საქართველო სამხედრო უსაფრთხოების და ფინანსურ დახმარებას. დასავლეთის ქვეყნების მთავრობები ასე მარტივად ვერ წყვეტენ მსგავს საკითხებს. დემოკრატიულ სახელმწიფოებში მთავრობები საკუთარი ამომრჩევლის წინაშე არიან ანგარიშვალდებულები. მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ უნდა დაიცვან საქართველო რუსეთის აგრესიისგან. აქ ორი მთავარი საკითხის კომბინაციაა. ერთი, რომ საქართველო გეოპოლიტიკურად და გეოეკონომიკურად რაღაც ფასეულობას წარმოადგენს და მეორე, იმიტომ, რომ იმსახურებს როგორც დემოკრატიული სახელმწიფო და დემოკრატიული საზოგადოება. ბოლო წლებში, ორივე ამ კომპონენტში გავქვს სრულიად გამოკვეთილი და მიზანმიმართული უკუსვლა. ჩვენი ინფრასტრუქტურა დღეს დიდი მოცულობის ტვირთების გადაზიდვის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებს და მეორე, ჩვენი დემოკრატია რეგიონშიც კი მოწინავე აღარ არის. ET: ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, როგორ ვითარდება აშშ-საქართველოს ურთიერთობები და რა ეტაპზეა? საქართველო აშშ-ის ფინანსურ დახმარებას მრავალი წლის განმავლობაში იღებდა. ზოგჯერ, 100 მილიონსაც აჭარბებდა. განსაკუთრებულ პერიოდებში, მაგალითად, 2008 წლის შემდეგ ბევრად უფრო დიდი დახმარება მივიღეთ. მაგრამ წლების განმავლობაში ამ დახმარების შემცირებას ვხედავთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველო უნდა იყოს აქტიური თავისი დიპლომატიური ურთიერთობებით და იმის ჩვენებით, რომ მისი დემოკრატიული რეფორმები, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფასეულობა ასაბუთებს იმ დახმარებას, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს უნდა სთხოვოს. ჩვენ ამის არგუმენტები არ გვაქვს. უფრო მეტიც, მე ვივარაუდებ, რომ შეერთებულ შტატებში განსაკუთრებულად აკვირდებიან იმას, თუ რა კონტაქტები აქვს საქართველოს რუსეთთან, სულ მცირე რუსულ ბიზნესებთან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებასთანაც. აკვირდებიან, საქართველოს გარკვეული სტრუქტურები და ცალკეული ადამიანები სანქციების პირობებში ხელის მოთბობას ხომ არ ცდილობენ.
ზურაბ ბატიაშვილი: შესაძლებელია, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის მსგავსი ალიანსი შეიქმნას
უკრაინის ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური პროცესების ცვლილება, ჩვენს რეგიონშიც შეინიშნება. მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში თავისი გეოპოლიტიკური ფუნქციების გაზრდას და გაძლიერებას სახელმწიფოები უკვე აქტიურად ცდილობენ. როგორი შეიძლება, იყოს მსოფლიოს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტურები? რა როლი უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ არქიტექტურაში და რა სახის ახალი ალიანსები შეიძლება, შეიქმნას? ამ და სხვა საკითხებზე Europetime რონდელის ფონდის ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. ET: უკრაინის ომში რა მოცემულობა გვაქვს დღეს, არსებული სიტუაცია რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა? - სიტუაცია იქითკენ მიდის, რომ გარკვეულწილად, ჩიხური მდგომარეობა შეიქმნა და არცერთ მხარეს, გადამწყვეტი უპირატესობა არ აქვს. კარგი ის არის, რომ დრო უკრაინის მხარეს მუშაობს, რომელიც დასავლურ შეიარაღებას და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას იღებს. ეს შეიარაღება დიდი რაოდენობით, უკრაინაში მაისის ბოლოსკენ იქნება. რაც უკრაინულ მხარეს, კონკრეტულ ადგილებზე კონცენტრირების შესაძლებლობას მისცემს, შემდგომში საარტილერიო დუელების გასამართად. ძალიან მარტივად პროგნოზირებადია, რომელი მხარე გაიმარჯვებს. ერთმანეთს უპირსპირდება მე-20 საუკუნის საბჭოთა ტექნიკა და 21-ე საუკუნის დასავლური ტექნოლოგიური მიღწევები. ძნელი გამოსაცნობი არ არის უპირატესობა, რომელ მხარეს ექნება. შემდგომში, სწორედ ამ უპირატესობის რეალიზაცია იქნება საჭირო, ანუ, ისევ იმ ტანკებით და იმ ჯავშანმანქანებით შეტევა მოხდება, რომელსაც ასევე დასავლეთი მიაწვდის უკრაინას. რეალურად, სადღაც მომავალი ერთი თვე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია ასეთი იქნება. რუსეთი, რა თქმა უნდა, ახალი ძალების მოზიდვას შეეცდება. ეს შეიძლება, გააკეთოს მობილიზაციის სახით, ან გამოუცხადებელი ფარული მობილიზაციის სახით, მაგრამ ესეც ჩვეულებრივი „საზარბაზნე ხორცის“ გამოყვანა იქნება და მეტი არაფერი. დასავლურ ტექნოლოგიურ მიღწევებს ვერ გაუჩერდება, მით უმეტეს, ძველი შეიარაღებით და ნაკლებად მოტივირებული ჯარით. უკრაინელებმა რუსეთს კარგად მომზადებული სამხედრო ნაწილები უკვე გაუნადგურეს და ახლა ვისაც გამოიყვანს, ნაკლებად მომზადებული სამხედრო ნაწილებია. რაც დრო გავა, კიდევ უფრო ნაკლებად მომზადებული სამხედრო დანაყოფების გამოყვანა მოუწევს. ამიტომ, შეიძლება, ომის მესამე ეტაპიც დაიწყოს. მესამე ეტაპი რუსეთის სამხედრო ნაწილების სასაკლაო იქნება. ET: ამერიკული დაზვერვა გაჭიანურებულ ომზე მიანიშნებს. რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს შეშლილი მეთაურის და სახელმწიფო მანქანის მოქმედებების პროგნოზირება რა თქმა უნდა, რთულია. ყოველ შემთხვევაში, რასაც ვხედავთ, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებენ, ამის ნიშნები არ ჩანს. ომი მინიმუმ რამდენიმე თვე გაგრძელდება, ვიდრე ვიღაც რუსეთში პუტინის წინააღმდეგ არ იტყვის რამეს და არამხოლოდ იტყვის, ქმედებებსაც დაიწყებს. ET: როგორი შეიძლება იყოს მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა, სად არის საქართველოს ადგილი და როგორ უნდა მოიპოვოს ეს ადგილი? ომი ისევ მიმდინარეობს და მსოფლიო უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჯერ მხოლოდ კონტურებს ვხედავთ, რომელიც ამ ომის შემდეგ შეიქმნება. ძირითადად, ეს იქნება ის, რაზეც უკრაუნული მხარე საუბრობს ხოლმე. ეს არის მცირე ალიანსების საკითხი, როგორიცაა, ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი, რომელიც მომავალში, შეიძლება გაიზარდოს. ასევე, უსაფრთხოების ის გარანტიები, რომლებსაც უკრაინა ითხოვდა და ითხოვს - როდესაც რამდენიმე ძლიერი ქვეყანა უსაფრთხოების გარანტად გამოდის და მასზე თავდასხმიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ვალდებულებას იღებს, უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრაში, ყველანაირად დაეხმაროს. ვამბობ ამ არქიტექტურის მონახაზს. ეს ახალი არქიტექტურა რა სახის იქნება, ჯერ არავინ იცის. საუბარია იმაზე, რომ რუსეთს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივ წევრობიდან გარიცხავენ, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ასევე საუბარია იმაზეც, რომ გაერომ საბოლოოდ ამოწურა თავისი თავი. ახალი ალტერნატიული გაერთიანების შექმნაც განიხილება. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „ერთა ლიგა“ შეიქმნა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი, ამ ლიგამ თავის თავი ამოწურა და გაერო შეიქმნა. რუსეთ-უკრაინის ომიც, ამ მასშტაბის მოვლენაა. უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზეც სწორედ ამიტომ საუბრობენ და სრულიად შესაძლებელია, ახალი ასეთი ორგანიზაციები შეიქმნას, რომლის მთავარი მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება. ვნახეთ, გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა საკუთარი შესაძლებლობებით ეს უსაფრთხოება ვერ უზრუნველყვეს. უსაფრთხოების სფეროში შექმნილ გამოწვევებს ვერ უპასუხეს. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, საქართველოს რისი გაკეთებაც შეუძლია, არის ის, რომ საგარეო პოლიტიკაში, უფრო მეტად აქტიური იყოს და არა პასიური. რაც შეიძლება ხშირად გაიტანოს ის თემა, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი საქართველოდან დაიწყო, ჯერ აფახაზეთის ომით, მერე 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომით და სწორედ ამის გაგრძელებაა უკრაინის ომი. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო მუდმივად მსოფლიო დღის წესრიგში იყოს. მუდმივად უნდა ვითხოვდეთ დეოკუპაციას და იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩაბმას, რომელიც ჯერ არ შექმნილა, მაგრამ სულ ახლახან დაიწყო მასზე საუბარი. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურები უნდა ვიყოთ. თუ როგორი იქნება უსაფრთხოების ამ არქიტექტურის კონტურები, შემდგომში ის დაგვანახებს, საქართველომ უფრო კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს. ერთი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს და აუცილებლად იქნება, არის ის, რომ საქართველო ახალ ფუნქციას შეიძენს, თუნდაც, ტვირთების ტრანსპორტირების საკითხში და ანაკლიას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. ანაკლიის პორტი აუცილებლად გასაკეთებელი იქნება. ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩქარდება. შექმნილმა სიტუაციამ ეს შესაძლებლობა მოგვცა და საქართველოსთვის ძალზედ ბევრი პერსპექტივა შეიძლება, შეიქმნას, რომლისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. მხოლოდ იდეები კი არ უნდა გამოვთქვათ, არამედ, მთელი სახელმწიფო მანქანა, დიპლომატიური კორპუსი მზად უნდა იყვნენ ამ საკითხების გასატანად და დასაყენებლად. ET: აზიის ქვეყნები, ევროპისკენ სახმელეთო, სარკინიგზო ტვირთგადაზიდვებისთვის, ძირითადად, რუსეთის სატრანსპორტო დერეფანს იყენებდნენ. ამ ომის შემდეგ, რა იცვლება სატრანსპორტო დერეფნების კუთხით და საქართველომ ეს პერსპექტივები როგორ უნდა გამოიყენოს? რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განეხორციელებინა და მომავალში რა უნდა განახორციელოს? ეს რეალურად შეცვლილიც არის, ბოლო პერიოდში საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა 28 პროცენტით გაიზარდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გავლით, აზიური ტვირთების გადამისამართება უკვე ხდება. რუსეთი-ბელორუსის გავლით ტვირთების გადაზიდვა უსაფრთხო აღარ არის. თან უკვე რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციებიც მოქმედებს, ამიტომ, სხვა ალტერნატივა არც რჩებათ. ტვირთების გადამისამართება ჩვენს ქვეყანაზე გავლით ხდება. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც უფრო მეტად დაიტვირთა, რა თქმა უნდა, ჯერ სრულად არა, უფრო დიდი პოტენციალიც აქვს. დღეს თუ შევხედავთ, მსოფლიოში, აშშ-ის გარდა, ორი დიდი ეკონომიკური ბაზარია, რომელიც ვითარდება - ჩინეთი და ევროპა, მათ შორის დამაკავშირებელი უმოკლესი და სწრაფი გზა კი საქართველოზე გადის. ეს გზა გაცილებით უფრო სწრაფია, ვიდრე საზღვაო გადაზიდვები. ET: იყო საუბარი იმაზე, რომ თუ ამერიკამ ირანს დაწესებული სანქციები მოუხსნა, შესაძლოა, ირანმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფნად გამოყენება მოისურვოს. რამდენად რეალურია და ამის დადებითი და ასევე, საფრთხეების შემცველი მხარეები რა შეიძლება იყოს? -ჯერ ადრეა საუბარი იმაზე, რომ ირანმა და აშშ-მ მოლაპარაკება შეძლონ. მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ძალზედ მძიმედ. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, ხელშესახები პროცესი არ არის. ირანს სანქციებს თუ მოუხსნიან, საქართველო ამით მხოლოდ იხეირებს, არამხოლოდ ტრანსპორტის მიმართულებით, თუნდაც ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის ექსპორტის მხრივ, ირანს დიდი პოტენციალი აქვს. ET: როდესაც ევროპა რუსული გაზის და ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას ცდილობს, შესაძლოა, მოლაპარაკებებს ამ ფაქტორმაც შეუწყოს ხელი? რამდენად შეიძლება, იქონიოს გავლენა, ირანთან მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და სანქციების მოხსნაზე? ეს მნიშვნელოვანია ფაქტორია, მაგრამ ეს ვერ იქნება ისეთი ფაქტორი, რომლის გამოც სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე თვალის დახუჭვას შეძლებენ. დასავლეთის მხრიდან სერიოზული ეჭვია, ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის დროს, ხომ არ ხდება მისი სამხედრო დანიშნულებითაც გამოყენება. დასავლეთს და მის მოკავშირე ისრაელს არ სურს, რეგიონში, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფო გაჩნდეს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი თემაა და ამის ხარჯზე სანქციების შემსუბუქება ვერ მოხდება. ET: უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით, თურქეთის პოზიცია რას ცვლის რეგიონში? ომის შემდგომ, ჩვენს რეგიონში თურქეთის როლი როგორი შეიძლება იყოს და საქართველომ რა პოზიცია უნდა დაიკავოს? რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ, თურქეთის პოზიციასთან დაკავშირებით, ორი რამ არის გასათვალისწინებელი. თურქეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა, რომელსაც შავ ზღვაზე თავისი ინტერესები აქვს და ასევე, საბჭოთა კავშირის აღდგენაც არ სურს. აქედან გამომდინარე მოქმედებს. ამიტომ, უკრაინას მხარს უჭერს და შეიარაღებასაც აწვდის. ეს ერთი განზომილებაა. მეორე განზომილებაა, რომ თურქეთს ახლა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვს. ამიტომ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან ვაჭრობის შეწყვეტა არ სურს. ამასთან, ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებულია. ასევე, ტურიზმის სფეროში, რუს ტურისტებზეა დამოკიდებული. მეორე საკითხია, რამდენად შესაძლებელი გახდება ომის პერიოდში ეკონომიკური ურთიერთობების წარმართვა. ამიტომ, თურქეთი ყოველთვის სამშვიდობო ინიციატივებით გამოდის და ერთ-ერთი შეხვედრაც თურქეთში გაიმართა. მიუხედავად სამშვიდობო ინიციატივებისა, საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოქმედებს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა და ჩაკეტილი აქვს როგორც დარდანელის, ასევე, ბოსფორის სრუტე, რის გამოც, სირიაში ბაზირებული რუსული სამხედრო ფლოტი, შავი ზღვის გავლით ომში რუსეთის დახმარებას ვერ ახერხებს. ამ ომის შემდეგ, რეგიონში სიტუაცია რა თქმა უნდა შეიცვლება. ზუსტად არავინ იცის, როგორი კონფიგურაცია იქნება, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ყველას ახალ რეალობაში მოუწევს არსებობა, ფიქრი და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა, სადაც თურქეთს რა თქმა უნდა, თავისი როლი ექნება. იმისთვის, რომ ამ ახალ არქიტექტრაში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ თურქეთთან ერთად მუშაობა აუცილებლად მოგვიწევს. მეზობელი ქვეყნები ვართ, NATO-ში გაწევრიანება გვსურს, თურქეთი კი NATO-ს წევრი ერთადერთი უშუალო მეზობელ ქვეყანაა. ამიტომ, მასთან მჭიდრო თანამშრომლობა გვჭირდება. იმ ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის თვალსაზრისით, რომელიც ამ გეოგრაფიულ გარემოში უნდა არსებობდეს, თურქეთის და საქართველოს მონაწილეობით, შესაძლებელია ისეთივე ალიანსი შეიქმნას, როგრიც არის ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსი. თურქეთთან ერთად ახალ ალიანსში, შეიძლება, იყოს ბრიტანეთიც. ამას უბრალოდ იდეის დონეზე ვამბობ, ან შეიძლება უკვე არსებულ ამ სამი ქვეყნის ალიანსს მიუერთდეს თურქეთიც და საქართველოც. ET: რაც შეეხება 3+3 ფორმატს. ამ ომის შემდგომ, შესაძლოა თუ არა, ამ ფორმატის იდეაც შეიცვალოს და ახალი მოცემულობა მივიღოთ, რუსეთის გარეშე? 3+3 საქართველოსთვის, ყოვლად მიუღებელი ფორმატი იყო, რადგან რუსული პროექტია და რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ ითვალისწინებდა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, მაშინ სხვადასხვა ფორმატზე მოლაპარაკება და ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება, მაგრამ ვიდრე ეს არ მოხდება შეუძლებელია. რაც შეეხებ რუსეთის გარეშე რაიმე ფორმატს. რუსეთის გარეშე, მის გარეშე ყველა ქვეყანასთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და ამ ურთიერთობებს რაიმე ფორმატი რომ არ დავარქვათ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია პრინციპები. რა პრინციპებზე იქნება აგებული ეს თანამშრომლობა. თუ რომელიმე ქვეყანა, შენს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, მაშინ როგორ უნდა მიიღო მასთან თანამშრომლობა. თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, კი ბატონო, მაშინ შეიძლება საუბარი და ასევე შეიძლება საუბარი იმაზეც, რომ 3+3 ფორმატს, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები დაემატონ - ევროკავშირი ან აშშ. თუმცა, აქ პრობლემა არის ის, რომ ირანი სანქცირებული ქვეყანაა და მასთან ამ ეტაპზე ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობის წარმოება შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენი ყოველწლიური ვაჭრობა ირანთან, სიმბოლურ ხასიათს ატარებს. 80 მილიონია, თურქეთთან სავაჭრო ბრუნვა კი, 2 მილიარდია. ირანსაც აქვს იმის პოტენციალი რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ამ დონეზე გაიზარდოს. თუმცა ეს ვერ მოხდება, ვიდრე სანქციების ქვეშ არის, სანქციები პოლიტიკურ ურთიერთობებსაც განსაზღვრავს. ამ რეგიონული თანამშრომლობის სხვა ხელის შემშლელი ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, სომხეთსა და თურქეთს შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ ისევ არ არის დამყარებული. საკითხები და პრობლემები ბევრია. ET: სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები რა ეტაპზეა? - ამ წუთას მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება. კარგი ის არის, რომ თუ აქამდე მათი შეხვედრები რუსეთის სპონსორობით ხორციელდებოდა, ახლა ბოლო შეხვედრა, ბრიუსელში, ევროკავშირის ეგიდით შედგა. ამ შეხვედრის შემდეგ, საინტერესო რამ მოხდა. ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღიაროს, რასაც სომხეთში პრობლემები მოჰყვა. დღესაც გამოსვლებია და ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, რადგან მის ამ განცხადებას ყარაბაღის ჩაბარებად მიიჩნევენ. სომხეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის მხარეებს შორის, ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი დაწყებულია და შედეგებს დაველოდოთ, ვნახოთ. პრობლემები, სირთულეები ბევრია, მაგრამ მეზობლებს ალტერნატივა არ აქვთ. თუ მეზობელთან არ საუბრობ და არ თანამშრომლობ, მაშინ მისი ალტერნატივა ომია. ომი კიდევ არავის გვაწყობს. რეალისტები უნდა ვიყოთ, რეალურად შევხედოთ მოვლენებს. ვფიქრობ მათ შორის აზერბაიჯანის და სომხეთის ხელმძღვანელობაც ყველაზე ლოგიკურ შედეგამდე მივლენ. ET: ევროკავშირის ეგიდით გამართული შეხვედრის შემდეგ, ფაშინიანის ეს განცხადება ხომ არ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს ახლა სომხეთისთვის ნაკლებად სცალია და სომხეთი, კონკრეტულად კი ფაშინიანი, ამით სარგებლოს? რა შეიძლება, შეცვალოს ამ გარემოებამ? რუსეთის მხარდაჭერის გარეშე ფაშინიანის ოპოზიცია რამდენად შეძლებს მოლაპარაკების ამ პროცესის შეფერხებას? რუსეთს სომხეთისთვის ახლა ნაკლებად სცალია, მაგრამ სომხეთში მაინც არიან პორუსულად განწყობილი ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობენ და ფაშინიანის წინააღმდეგ, საპროტესტო პროცესი მაინც დაწყებულია. თუმცა მეორე მხრივ, ყველა უყურებს და აკვირდება როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი. ამ ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული მათ შორის რუსეთის ახლო სამეზობლოდ მიჩნეული ტერიტორიებზე შემდგომი კონფიგურაცია. ისევე როგორც ამ ომის შემდეგ სრულიად ახალი მსოფლიო გვექნება. ET: მიმდინარე მოვლენების პარალელურად, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციის გასაზრდელად რა უნდა გაკეთებულიყო აქამდე და რა უნდა გაკეთდეს მომავალში? რა შესაძლებლობები დავკარგეთ და რა პერსპექტივების გამოყენება შეგვიძლია ჯერ კიდევ? ბევრი რაღაცისთვის მზად არ ვიყავით, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. კონკრეტულად, აზიიდან წამოსული ტვირთების ტრანსპორტირებას რაც შეეხება, პირველ რიგში, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტი და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააკეთოს. ჩვენს მთავარ გეოპოლიტიკურ ფუნქციას სატრანსპორტო დერეფანი წარმოადგენს და ამ დროს, უკვე რამდენი წელია, საქართველოს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე გზა ვერ გავაკეთეთ. 21-ე საუკუნეში ვსაუბრობთ იმაზე, რომ სატრანსპორტო ფუნქცია უნდა გვქონდეს და ქვეყნის ერთი ბოლოდან, მეორე ბოლომდე შესაბამისი გზა ჯერ კიდევ არ გვაქვს.