ახალი ამბები

ჯანმოს ხელმძღვანელი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გახარიასთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ კოვიდვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის ძირითადი თემები იყო გლობალურად პანდემიის კუთხით არსებული ვითარება, ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა საქართველოში ვაქცინაციის დროულად დაწყების თვალსაზრისით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს როგორც ვირუსის გავრცელების პრევენციის პირველ ეტაპზე, ისე მეორე ტალღის პირობებში ინფექციის გავრცელებისა და ინფიცირებულთა მართვის თვალსაზრისით. ყურადღება დაეთმო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებას, კლინიკური სასტუმროების როლს და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობას მსუბუქი პაციენტების ბინაზე მკურნალობის პროცესში. ასევე აღინიშნა ინტენსიური ტესტირების პროგრამის მნიშვნელობა ინფიცირებულთა დროული იდენტიფიცირების, იზოლაციისა და ინფექციის გავრცელების შეჩერების პროცესში. საუბარი შეეხო კოვიდვაქცინაციის პროცესის დაწყებას მსოფლიოში და პრემიერ-მინისტრის დავალებით შექმნილი სპეციალური კომისიის საქმიანობას, რომელიც აქტიურ რეჟიმში მუშაობს როგორც საქართველოში ვაქცინის დროული შემოტანის, ისე ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური საკითხების მოგვარების კუთხით. კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურ ფაზაშია მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან, რომელსაც სახელმწიფო, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით აწარმოებს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯანმო მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში, რათა ქვეყანამ ვაქცინის პირველი დოზები რაც შეიძლება ადრე მიიღოს. აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გასულ კვირას შედგა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო პარტნიორობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, როგორც СOVID-19-ის მართვის ნაწილში, ისე ჯანდაცვის სფეროში სამომავლო რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

რომის პაპი: ვაქცინა უნდა მივიდეს პლანეტის ყველა წერტილში

რომის პაპმა ფრანცისკემ საშობაო მიმართვისას მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, უზრუნველყონ რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე შეუფერხებელი წვდომა ყველას ჰქონდეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. პაპის თქმით, ჯანმრთელობა საერთაშორისო საკითხია და ის დაუშვებლად მიიჩნევს „ვაქცინის ნაციონალიზაციას". მეტიც, რომის პაპი იზიარებს გაეროში გამოთქმულ შიშებს, რომ პანდემიური ვითარება გაუარესდება, თუ ღარიბი ქვეყნები ვაქცინებს ბოლოს მიიღებენ. რომის პაპმა ქადაგებაში პანდემია Covid-19-ზე ისაუბრა და დიდ სახელმწიფოებსა და კომპანიებს მოუწოდა, რომ ვაქცინის გაზიარება პატარა და შედარებით დაუცველი ქვეყნებისთვის და მოსახლეობებისთვის მოხდეს. „ისტორიის ამ მომენტში, როცა მსოფლიო ეკოლოგიური და ეკონომიკურ კრიზისშია და კოვიდ19-ის პანდემიის გამო სოციალური დისტანცირების წესები მოქმედებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ძმების და დების აღიარება. მე ყველა სახელმწიფოს მეთაურებს, კომპანიებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ვევედრები, რომ ხელი შეუწყონ თანამშრომლობას და არა კონკურენციას. იპოვონ გამოსავალი ყველასთვის და ვაქცინები განაწილდეს მთელ მსოფლიოში. ვაქცინა უნდა მივიდეს პლანეტის ყველა წერტილში, განსაკუთრებით მათთან - ვინც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და გაჭირვებულია"- ნათქვამია რომის პაპის საშობა ეპისტოლეში.

ქუთაისში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს, ისინი ბაზრის გახსნას მოითხოვენ

ქუთაისში შპს "იმერეთის" ბაზრობის მოვაჭრეები მესამე დღეა ბაზრობის შესასვლელთან არიან თავმოყრილნი, მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ისინი ბაზრობის რამდენიმე დღით გახსნას მოითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, ბაზრობაზე დისტანციისა და ყველა რეგულაციის დაცვაა შესაძლებელი, ამიტომ მთავრობამ მათთვის გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო. აქციის მონაწილეების თქმით, საახალწლოდ ისინი ყველანაირი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ასეულობით ადამიანი იძულებულია ქუჩაში გამოვიდეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ რამდენიმე ათასი ლარის სეზონური პროდუქცია რჩებათ გაუყიდავი, რაც მათ კიდევ უფრო დააზარალებს. მოვაჭრეები ფართომაშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაეროს სამშვიდობოები მოკლეს

გაეროს სამი სამშვიდობო დაიღუპა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში (CAR), როცა მთავრობასა და აჯანყებულ ძალებს შორის დაძაბულობა დაიწყო. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გაეროში განაცხადეს, დაუდგენელმა მებრძოლებმა ორი შეტევა განახორციელეს. დაშავდა კიდევ ორი სამშვიდობო. გაეროს სამშვიდობო ძალები განლაგებულები იყვნენ ცენტრალური აფრიკის ტერიტორიაზე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ ძალადობის ჩასახშობად. ცენტრალური აფრიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ფაუსტინ არქანე ტუადერამ მისი წინამორბედი, ფრანსუა ბოზიზე ამბოხებულ ჯგუფებთან ერთად გადატრიალების წამოწყებაში დაადანაშაულა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი: ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განაცხადებით, ისრაელი, შესაძლოა, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც პანდემიას დაძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael ავრცელებს. „მინდა გითხრათ, რომ ერთი მხრივ, ვაქცინაციის გასაოცარი კამპანიის და მეორე მხრივ, ლოკდაუნის კომბინაცია საშუალებას გვაძლევს, კორონავირუსის პანდემია დავძლიოთ და ჩვენ, სავარაუდოდ, მსოფლიოში პირველი ქვეყანა გავხდებით, რომელიც პანდემიას დაძლევს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელში 27 დეკემბრიდან ლოკდაუნი ამოქმედდება. გამკაცრებული რეგულაციების თანახმად, მოქალაქეებს გადაადგილება სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში შეეძლებათ, თუ საქმე კორონავირუსზე ტესტის ჩაბარებას ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებას არ ეხება.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით, ნიკა მელიამ გაიმარჯვა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში წინასწარი შედეგებით ნიკა მელიამ გაიმარჯვა. - აღნიშნაულთან დაკავშირებით ინფორმაცია პარტიამ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობამ 20 779 შეადგინა. ნიკა მელიამ ხმების 64.9 პროცენტი (13491 ხმა) მიიღო, ხოლო ლევან ვარშალომიძემ 35.1 პროცენტი (7288 ხმა). ამასთან, განცხადება გაავრცელა "ნაციონალურმა მოძრაობამ", რომელშიც ნათქვამია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც არის უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც ორ ათეულ ათასზე მეტი ადამიანი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელს ირჩევს. "ასეთი მაღალი აქტივობა ამ პროცესისა და ზოგადად, მონაწილეობითი, გამჭვირვალე და ფართო ჩართულობით მმართველობისადმი ნდობასა და მხარდაჭერას ადასტურებს. სასიხარულოა, რომ ორივე კანდიდატი, გამარჯვების შემთხვევაში, ანალოგიური დემოკრატიული მექანიზმების განვითარებასა და გაძლიერებას აპირებს. ამავე დროს, სპეციალური ჯგუფი (რომელშიც შედიან ორივე კანდიდატის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლები და გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით) უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს კენჭისყრაში მონაწილე ფეისბუკ პროფილების (გვერდების) მონიტორინგს, რათა ყალბი გვერდებისა და ე.წ. „ბოტების“ მონაწილეობა გამოირიცხოს. ამავე დროს, დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ინფორმაცია სავარაუდო ყალბ პროფილებთან/გვერდებთან დაკავშირებით ან 26 დეკემბერს, 12 სთ-დან, მობრძანდეთ ენმ-ის ცენტრალურ ოფისში (მის. კახეთის გზატკეცილი 45ა) და ჩაერთოთ ხმის მიმცემთა სიის გადამოწმების ღია პროცესში", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა " ავრცელებს. როგორც ცნობილია, კენჭისყრა 21 დეკემბერს დაიწყო და 25 დეკემბერს, 21:00 საათამდე გაგრძელდა. პარტიის თავმჯდომარედ წარდგენილი იყო ორი კანდიდატი - ლევან ვარშალომიძე და ნიკა მელია. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას 2017 წლიდან გრიგოლ ვაშაძე იკავებდა, თუმცა მან 15 დეკემბერს პარტია დატოვა. როგორც მან "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას.

თბილისში გარემოვაჭრეებმა აქცია გამართეს

ცოტა ხნის წინ თბილისში, ბაზრობა "თერგის" მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. აქცია გარემოვაჭრეებმა გამართეს. როგორც ცნობილია, მოვაჭრეები მერიისგან მუშაობის უფლებას ითხოვდნენ. მათი მტკიცებით, დაწესებული შესზღუდვების გამო მათი მდგომარეობა ყოველდრიურად მძიმდება და, თუ ამ დღეებში მათ მერია დახლების გახსნის უფლებას არ მისცემს, მათი ოჯახები ახალ წელს მშივრები შეხვდებია. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს მოვაჭრეებმა პროდუქტი გამოიტანეს გასაყიდად, მაგრამ მერიის წარმომადგენლებმა მუშაობიც უფლება არ მისცეს და მოუწოდეს მოვაჭრეებს დაშლილიყვნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, თუ მათ მუშაობის უფლება არ მიეცემათ, პერმანენტულ აქციებს გამართავენ და გზის გადაკეტვით იმუქრებიან

ელისაბედ მეორის საშობა მიმართვა: შენ არ ხარ მარტო

დედოფალი ელისაბედ მეორე თავის საშობა მიმართვაში ცდილობს დაარწმუნოს ისინი, ვინც შობას მეგობრებისა და ოჯახის წევრების გაერეშე ხვდებიან, რომ მარტო არ არიან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დედოფლის თქმით, ის, რაც საშობაოდ ყველას სურს უბრალოდ ჩახუტება და ხელის ჩაჭიდებაა, მაგრამ ყველაზე ბნელ ღამეებშიც არის განთიადის იმედი. ”რა თქმა უნდა, ბევრისთვის, წელიწადის ეს დრო მწუხარებით იქნება სავსე - ზოგი წუხს იმისთვის, რომ საყვარელი ადაიანები დაკარგა. ზოგი წუხს, რომ უსაფრხოების მიზნით, მოშორებულები არიან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ყველას საშობაოდ რაც სურს, არის უბრალოდ ჩახუტება ან ხელის ჩაჭიდება. თუ თქვენ მათ შორის ხართ, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ."- აღნიშნა დედოფალმა. 94 წლის დედოფალი საშობაო სიტყვაში პანდემიის საკითხსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად გაჭირვებისა, "პანდემიამ დაგვაახლოვა".

უგანდის ტბაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა

უგანდის ტბაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, მინიმუმ 26 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ საინფორმაციოზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს. უბედური შემთხვევა ალბერტის ტბაზე, უგანდასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარზე, მოხდა. ძლიერი ქარის შედეგად გემი, რომელზეც ხალხი იმყოფებოდა, ტბაში ჩაიძირა. აშრაფ ორომოს თქმით, ბორტზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 21 ადამიანი გადარჩენა მოხერხდა. საზღვაო ოფიცრის თქმით, ტბაზე უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების წესების დართვევა და ამინდის სწრაფი ცვლილება გახდა.

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი დაკავებულია

პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორონავირუსი კიდევ 1784 ადამიანს დაუდასტურდა, 4119 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 კოვიდინფიცირებული. ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 220 508-ს. ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 200 339-მდე.

ბოლო 24 საათში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 119 კოიდინფიცირებული.

379 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

379 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 784 ადამიანს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე 17 791 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც, 5 701 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1 013 მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379.

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი მოკლეს

კახეთში თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვ.ზ.-ა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა იყალთოში, ერთ-ერთ ოჯახში, სუფრაზე დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რომელიც ქუჩაში გაგრძელდა. გასროლის შედეგად ხელის არეში დაიჭრა თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი ლევან ბერძენაშვილიც, რომელსაც ჭრილობები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ადგილზე დაუმუშავა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ჰანს კლუგე: covid-19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა

"covid-19-ის ახალი ვარიანტი ევროპის 8 ქვეყანაში დაფიქსირდა" - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ Twitter-ში განაცხადა. „კორონავირუსის ახალი ვარიანტი - VOC-202012/01 - ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – წერს ჰანს კლუგე კლუგეს თქმით, აუცილებელია არსებული დამცავი ზომების გაძლიერება: დისტანცირება , ნიღბები და ძირითადი საყრდენ ბუშტებში დარჩენა.

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი სახეობის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის მოქალაქე 19 დეკემბერს ლონდონიდან დაბრუნდა. მათი თქმით, ინფიცირებული ასიმპტომური იყო და ამჟამად თვით იზოლირებულია სახლში. მამაკაცს ვირუსი დაუდასტურდა 21 დეკემბერს, როცა საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა. შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამის გარცელების გამო, რომელიც უფრო გადამდებია, ინგლისთან მიმოსვლა რამდენიმე ქვეყანამ აკრძალა. მათ შორის საფრანგეთმა. თუმცა, ევროკავშირის განცხადებისა და რეკომენდაციების შემდეგ, რომელიც გულისხმობდა ინგლისთან მიმოსვლის აღდგენას, საფრანგეთმა მიმოსვლის შეზღუდვა მოხსა.

იაპონიაში Covid-19-ის ახალი შტამის 5 შემთხვევა დაფიქსირდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები. ინფორმაციას channelnewsasia ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 18 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე, სანამ იაპონია გააძლიერებდა ბრიტანეთთან სასაზღვრო კონტროლს, ლონდონიდან ხუთი ადამიანი ჩავიდა იაპონიაში, რომლებსაც ვირუსის ახალი სახეობა დაუდასტურდათ. იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის ნორიჰისა თამურას თქმით, ხუთივე მათგანი აეროპორტებიდან პირდაპირ კარანტინში გაგზავნეს. შიგერუ ომი, სამთავრობო ჯგუფის ხელმძღვანელი, ახალი ვარიანტების თავიდან ასაცილებლად იაპონიას საზღვრის კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებს.

აშშ-ის ქალაქ ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა

აშშ-ის ქალაქ ნეშვილის ცენტრში ავტომობილი აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებამ რამდენიმე შენობა დააზიანა. ადგილზე სახანძრო, სამაშველო სამსახური და პოლიცია არის მობილიზებული. უცნობია რამ გამოიწვია აფეთქება. ამ წუთისთვის, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კახა კალაძე ISFED-ზე: ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით",- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ISFED-თან დაკავშირებული მოვლენების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. კალაძის თქმით, თავიდანვე მარტივად დასანახი იყო, რომ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები არასწორ მონაცემებზე საუბრობდნენ. „არ ვიცი საერთოდ, სერბეთი რა შუაშია, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის რევოლუციური სცენარის ნაწილი, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვსაუბრობდით. ელემენტარული მათემატიკა ვინც იცის, ციფრები როცა იქნა გამოქვეყნებული, ძალიან მარტივი დასათვლელი იყო, რომ ეს იყო ცდომილება და პირველივე დღეებიდან შეგიძლიათ ამოიღოთ არქივიდან მასალები, ნახავთ იმ განცხადებებს, რასაც ჩვენ ხაზს ვუსვამდით, რომ არასწორად იყო დათვლილი და მოწოდებული მონაცემები“, - განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისათვის, ბათილი ბიულეტენების რაოდენობის დათვლასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე თამარა სართანია განმარტავს, რომ PVT დაფუძნება მოხდა სერბეთის PVT „სოფთზე“, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სადაც ბათილ ბიულეტენებსაც ათვლიან.

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის მოცულობა მილიარდ 50 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელსაც 2021 წლის იანვარში 50 მილიონი ლარი დაემატება. ჯამში, მომავალი წლის ბიუჯეტი მილიარდ 100 მილიონ ლარზე მეტი იქნება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს დეპუტატებს თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ წარუდგინა და საფინანსო დოკუმენტის ძირითად პარამეტრებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ჯანდაცვისა და სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. „ბიუჯეტის მეოთხე პროექტია, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. მიხარია, რომ არცერთ შემთხვევაში, ეს მილიარდ ლარზე ნაკლები არ ყოფილა. თითოეულ შემთხვევაში, ეს იყო დაახლოებით, მილიარდ 100 მილიონის ოდენობის ბიუჯეტი, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ეს დაპირება შესრულებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ 2020 წელს დაიწყო პანდემია, რამაც საკმაოდ დიდი გავლენა იქონია მთლიანად ეკონომიკურ სექტორზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, ეს გავლენას ახდენს საბიუჯეტო შემოსავლებზეც. 2021 წელი, შეიძლება ითქვას, რომ არის ასევე ის წელი, სადაც ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები საბიუჯეტო შემოსავლებისთვის ისევ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი წარმოდგენილია 1 მლრდ 50 მლნ ლარის ოდენობით, რაც საკმაოდ დიდია. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებს პასუხობს, რაც ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სოციალური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. პირველ რიგში, იგეგმება სოციალურ საჭიროებებზე გათვლილი, შემდეგ კი სხვა მიმართულების ხარჯები. 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით, დაახლოებით, 30 მლნ ლარით მეტია დაგეგმილი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების მიმართულებით, რაც ასევე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. როგორც ცნობილია, 2021 წლის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს მოხმარდება. მათ შორის, საბინაო პროგრამების მიმართულებით, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 425 მილიონი ლარი გამოიყოფა. მომავალ წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. მათ შორისაა, ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნის აღდგენის სამუშაოები, ჭაბუა ამირეჯიბისა და ყიფშიძის ქუჩების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ზღვის უბნის პარკის მოწყობა, რისთვისაც 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ასევე, ახალი პარკი ვარკეთილის ხევში, რისთვისაც ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე გამოიყოფა. 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.