ახალი ამბები

კორონავირურის ახალი შემთხვევების რიცხვი ისევ შემცირდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 9 812 ტესტის ჩატარების შედეგად, კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 599. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913ადამიანი იმყოფება. გუშინ, ინფიცირებულთა რაოდენობა 2 904-ს შეადგენდა.

საქართველოში 1 104 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა - 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცრების 26 077 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 6 654 საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 901, აჭარაში - 747, იმერეთში - 1 356 მკურნალობს. 1 104-ის მდგომარეობა მძიმეა. მათ შორის, თბილისში - 511, აჭარაში - 138, იმერეთში - 254. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 417 კოვიდინფიცირებული, მათგან თბილისში - 217, აჭარაში - 35, იმერეთში - 63. 1 913 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 695 - თბილისში, 868 - აჭარაში, 126 - იმერეთში. 17 510 სახლში მკურნალობს. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 208 638 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 180 441-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 094 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 481 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 654პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში 1 913ადამიანი იმყოფება.

ისრაელში კორონავირუსის ვაქცინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირველმა გაიკეთა

ისრაელში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აიცრა. „ეს არის პატარა დოზა ადამიანისთვის, თუმცა დიდი ნაბიჯი წინ ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. Pfizer-ის ვაქცინა პრემიერ-მინისტრთან ერთად, პირდაპირ ეთერში გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, იული ედელშტეინმაც. „ჩვენ მილიონობით ვაქცინა ვიყიდეთ ისრაელის პატარა სახელმწიფოსთვის და ვაქცინა ყველამ უნდა გაიკეთოს. ყველა თუ ავიცრებით და წესებს დავემორჩილებით, კორონავირუსს იმაზე მალე დავამარცხებთ, ვიდრე ხალხს ჰგონია“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

საქართველოში EUMM-ის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

ევროკავშირის საბჭომ საქართველოში განთავსებულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი 2 წლით, 2022 წლის 14 დეკემბრამდე გაუხანგრძლივა. როგორც მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, 3 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, საბჭომ 2020 წლის 15 დეკემბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის მისიას 44.8 მლნ ევროს ბიუჯეტიც გამოუყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსდა და ის უიარაღო დამკვირვებლებისგან შედგება, რომლებიც ადგილზე სიტუაციის სტაბილურობას უწყობენ ხელს, თუმცა მათ საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

ბოლო 24 საათში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 39 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. საერთო ჯამი 2 094-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 599 ადამიანი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 180 441-მდე.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

„კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო 20 დეკემბრიდან ლონდონში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ინგლისის ზოგიერთ ნაწილში ე.წ. კოვიდგანგაშის ახალი, მეოთხე დონის სისტემა Tier Four ამოქმედდება“, - ამის შესახებ საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს. ზომები ითვალისწინებს შემდეგს: აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები უნდა დარჩნენ სახლში. გამონაკლისია გადაადგილება განათლებისა და სამუშაო ადგილზე მისვლის მიზნით; სტუმართმოყვარეობის სექტორი დახურულია; სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია; ყველა სახის სავაჭრო ობიექტი და საგანმანათლებლო დაწესებულება, ასევე გამაჯანსაღებელი გასართობი იხურება; პირმა არ უნდა დატოვოს კოვიდგანგაშის მეოთხე ზონა, სადაც შეზღუდვები მოქმედებს და არ უნდა იმოგზაუროს აღნიშნული ზონის ფარგლებს გარეთ; აღნიშნულ ზონაში მცხოვრებ ადამიანებს შობის დღესასწაულზე ეკრძალებათ დანარჩენი სამ დონის სისტემის ფარგლებში მცხოვრები ოჯახისა და ე.წ. მხარდამჭერი წრის წევრების მონახულება; აღნიშნული შეზღუდვები მათი შენარჩუნების/შეცვლის მიზნით 30 დეკემბერს გადაიხედება“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთი ზომებს გაამკაცრებს.

მედია: თვითმფრინავში გარდაიცვალა კაცი, რომელსაც კორონავირუსის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ჰქონდა

თვითმფრინავი, რომელიც ორლანდოდან ლოს-ანჯელესში მიფრინავდა, იძულებული გახდა ავარიულად დაშვებულიყო ახალი ორლეანის აეროპორტში, რადგან ბორტზე მგზავრი გარდაიცვალა. თვითმფრინავში 179 ადამიანი იყო. მგზავრები აღშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ ადამიანს, რომელსაც covid19-ისთვის მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ჰქონდა, ბორტზე ასვლის უფლება მისცეს. „ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ მის გადარჩენას. მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩამოსვლის უფლებაც კი არ მისცეს და ისინი ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ სტრესულ მდგომარეობაში. ზოგიერთმა მგზავრმა კომპანია United-ი დაადანაშაულა უყურადღებობაში“, - წერს იტალიური მედია.

შვედეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადეები საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც გამოიყენონ

შვედეთის მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გამოიყენონ პირბადეები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, რადგან ის ებრძვის COVID-19-ის გავრცელებას. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. როგორც პრემიერ მინისტრმა სტეფან ლოფვენმა განაცხადა, ძალაში შევა სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, იგეგმება იმ ადამიანების რაოდენობის განახევრებაც, რომელთაც რესტორანში შეკრება შეუძლიათ. ალკოჰოლის გაყიდვაზეც შეზღუდვა დაწესდება. როგორც ცნობილია, ადრე რვა ადამიანს შეეძლო ერთად სადილობა, მაგრამ ეს რაოდენობა ოთხამდე შემცირდება, საღამოს 8 საათის შემდეგ კი ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება. ეს უკანასკნელი ძალაში შევა შობის ღამეს, იმ დღეს, როდესაც შვედებს საჩუქრების გაცვლის ცერემონია ექნებათ. აგრეთვე შეიზღუდა სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ დარბაზებში შემსვლელთა რაოდენობაც. შეგახსენებთ, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა, კორონავირუსის ინფექციის გავრცელების გამო, შობის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს. მათ შორის შეზღუდვები გაამკაცრეს გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდებმა.

კარლ ჰარცელი: როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან

„როგორც ფასილიტატორი, ვხედავ, რომ პარტიები ერთმანეთს უფრო შორდებიან, იმის ნაცვლად, რომ დაუახლოვდნენ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა. „ეს ჩემთვის შემაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ვითარება სერიოზულია და ამის გამო, ჩემი მოწოდება ყველას მიმართ იქნება, რომ გამოიყენონ მომენტი, რათა შეაფასონ თუ რა გამოსავალი სურთ პასუხისმგებლიან პარტიებს, რომ ამ ვითარებიდან მიიღონ. როგორც ფასილიტატორები, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ერთი მხრივ მოხარული ვარ, რომ მხარეები ჯერ კიდევ გამოთქვამენ მოლაპარაკებების მზაობას, თუმცა ყველა მხარემ ასევე, უნდა გადაწყვიტოს, რაზე უნდა ისაუბროს და როგორ მიაღწიოს შეთანხმებას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის შეჩერებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივების შეფასებისას კი, ელჩმა აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი ორი საკანონმდებლო ინიციატივა, ვერ ეხმარება მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. „ის იწვევს გარკვეულ შეშფოთებას ჩემში, გულწრფელი რომ ვიყო...რომ დავიწყოთ პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის საკანონმდებლო ინიციატივით, უნდა ვთქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ინიციატივას აქვს ძალიან ცხადი მიმართულება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ერთ-ერთი წამყვანი ოპოზიციური პარტიისკენ. ვფიქრობ, რომ ყოველთვის კითხვის ნიშნები ჩნდება, როდესაც დღის წესრიგშია კანონი, რომელსაც აქვს კონკრეტული მიზნები, მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ამ სახის კანონებს ექნება უფრო ფართო გამოძახილი, რომელზეც ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა მნიშვნელობა ექნება მას პარტიებისთვის მომავალში“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას, კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ იმ პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტაში, რომლებსაც საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, არის გარკვეული ლოგიკა, თუმცა აქ უფრო ფართო განხილვას საჭიროებს ის საკითხი, თუ რას ნიშნავს პარტიები დემოკრატიაში და პლურალისტური გარემოს შექმნის პროცესში. „ჩვენ უკვე მოვისმინეთ არგუმენტები ამასთან დაკავშირებით, რომ პარტიას უნდა შეუწყდეს დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ის არ შევა პარლამენტში, აქ არის გარკვეული ლოგიკა, შეიძლება იყოს მხედველობაში მიღებული, რომ დაფინანსება უნდა მიიღოს პარტიამ, რომელსაც აქვს სურვილი მიიღოს მონაწილეობა და აიღებს პასუხისმგებლობას როგორც პარლამენტის წევრი, მაგრამ ფართო მსჯელობაც შეიძლება ამ საკითხზე და აქ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სინამდვილეში რას წარმოადგენენ პარტიები დემოკრატიულ პროცესში - ეს არ არის მხოლოდ პარლამენტში სივრცის შევსება და საპარლამენტო მუშაობა. როდესაც საქმე ეხება ისეთ ქვეყანას, სადაც ჩვენ გვაქვს კანონები, რომლებიც ადგენს უფრო დაბალ ზღვარს პარტიებისთვის, რათა მათ მიიღონ დაფინანსება, ვიდრე ზღვარს, რომ ისინი პარლამენტში მოხვდნენ, თავის მხრივ არის იმის აღიარება, რომ არსებობს პლურალისტული გარემოს შექმნის ინტერესი. ამ შემთხვევაში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს კანონი იმსახურებს უფრო ფართო განხილვას, ეს იქნება ფუნდამენტური განხილვა იმისა, თუ როგორ ხედავთ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში და ახლა მე ვერ ვხედავ, რომ არის მომენტი, როდესაც სხვადასხვა მხარე ფოკუსირებას მოახდენს იმაზე, რომ რეალურად დაჯდეს და ჰქონდეს ეს ფართო დისკუსია. სიმართლე გითხრათ, ეს მაწუხებს, რადგან ვხედავ, რომ მოკლევადიან პერიოდში ეს კანონი მიმართულია კონკრეტულ დროსა და ვითარებაზე და არა პარტიების დაფინანსების საკითხის ფართო განხილვაზე“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. საკანონმდებლო ინიციატივების თანახმად, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება, ხოლო იმ პოლიტიკურ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდება, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს.

კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების გამო, დიდი ბრიტანეთი ზომებს გაამკაცრებს

დიდი ბრიტანეთი საშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქებას გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის ახალი სახეობის უფრო სწრაფად გავრცელების გამო ზომები გამკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სახეობის სწრაფად გავრცელების შესახებ განაცხადეს. დაიხურება სალონები, ბარები და სპორტდარბაზები. შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და პირველად 30 დეკემბერს გადაიხედება. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, გამონაკლისი ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა.

მაიკ პომპეო: ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისთვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ მათ სიაშია

„ვინ არის მტერი - ამ შეკითხვას მუდმივად მისვამენ და პასუხია, რომ ჩვენი ცხოვრების წესისთვის, ჩვენი რესპუბლიკისთვის და ჩვენი დემოკრატიული პრინციპებისათვის ძირის გამოთხრა ბევრს სურს. რუსეთი უდავოდ მათ სიაშია“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდინავმა, მაიკ პომპეომ „მარკ ლევინის შოუში“ განაცხადა. .„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კვლავ ნამდვილი საფრთხეა მათთვის, ვისაც თავისუფლება უყვარს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ. მაიკ პომპეომ რუსეთს ამერიკულ სახელმწიფო უწყებებზე, არასამთავრობო დაწესებულებებსა და კომპანიებზე განხორციელებულ ბოლო მასშტაბურ კობერშეტევაში დასდო ბრალი.

გოჩა ლორთქიფანიძე: ჩემთვის პატივი იქნება, თუ მოსამართლის უფლებამოსილების მიღებამდე გავაგრძელებ მუშაობას, როგორც იუსტიციის მინისტრი

„ჩემთვის პატივი იქნება, თუ მოსამართლის უფლებამოსილების გადმობარებამდე, საქრთველოს მთავრობის შემადგენლობაში გავაგრძელებ მუშაობას, როგორც იუსტიციის მინისტრი“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მისი თქმით, სასამართლო პრაქტიკით დადგენილ პროცედურებს რამდენიმე თვე სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მისთვის პატივი იქნება, თუ იქნება საქართველოს მთავრობაში, როგორც იუსტიციის მინისტრი. „სასამართლო პრაქტიკა გულისხმობს რამდენიმეთვიან ვადას, რა პერიოდშიც, ჩეხმა მოსამართლემ თავისი უფლებამოსილება უნდა დაამთავროს და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, ესაა რამდენიმე თვე და შესაძლოა, უფრო მეტიც, ჩემთვის პატივი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი მოიწონებს და დაამტკიცებს საქართველოს მთავრობას და ამ გუნდის შემადგენლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრმა, გავაგრძელო ისეთივე პასუხისმგებლობითა და შემართებით მუშაობა, როგორც ადრე“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. ის ასევე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული იყო მის საარჩევნო კამპანიაში. „ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული მოსამართლედ, საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რისთვისაც, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია თუ პროცესი მისი აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა საელჩოს, განსაკუთრებით, ნიუ იორკში ჩვენი მისიის, ყველა დიპლომატისა და თანამშრომლის როლი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია იუსტიციის გუნდი, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე, წარმატებით მისაყვანად“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება. შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ უნდა დაიკავოს.

მაიკ პომპეო: აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე მიტანილ კიბერიერიშზე პასუხისმგებელი რუსეთია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ აშშ-ის რამდენიმე სამთავრობო უწყებაზე მიტანილი კიბერიერიშზე რუსეთია პასუხისმგებელი. იუწყება Reuters-ი. „ვფიქრობ, ახლა ჩვენ შეგვიძლია, საკმაოდ მკაფიოდ ვთქვათ, რომ ამ ქმედებაში რუსები იყვნენ ჩართულნი“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ. კიბერთავდასხმის შესახებ ცნობა პირველად 13 დეკემბერს გავრცელდა. ამ დრომდე ადმინისტრაცია თავს იკავებდა იმის თქმისგან, თუ საიდან მოდიოდა კიბერშეტევა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამ საკითხზე საჯაროდ არ უსაუბრია. უსაფრთხოების სფეროს ექსპერტების თქმით, კიბერშეტევას შესაძლოა ჰაკერებისთვის მნიშვნელოვან სამთავრობო ინფორმაციასა და ქსელებზე მიეცა წვდომა. აშშ-ში რუსეთის საელჩო ამ ფაქტთან კავშირს უარყოფს.

აშშ მზადაა შეიძინოს Moderna- ს 200 მილიონი დოზა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) ამერიკული კომპანია Moderna-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს. FDA-მ აშშ-ში პირველი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენების ნებართვა 12 დეკემბერს გასცა. ამერიკაში დაფიქსიებულია Covid-19-ით გარდაცვალების ყველაზე მაღალი შემთხვევა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 313 500-ზე მეტია. დაახლოებით 17,5 მილიონი ადამიანი კი ინფიცირებულია.

თბილისში საახალწლო განათებები აღარ გამოირთვება

"ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად, ღამის საათებში მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს და დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება." - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას. კახა კალაძის თქმით, ამ განათებებს ნახულობენ ის ადამინები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე, ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან. საახალწლოდ მორთული თბილისი ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. „ყველამ კარგად ვიცით, როგორი მდგომარეობაა ქვეყანაში, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. მთელი მსოფლიო ებრძვის ამ პანდემიას, რა თქმა უნდა, ჩვენც საქართველოში ყველაფერს ვაკეთებთ სპეციალისტების, ეპიდემიოლოგების მოთხოვნების გათვალისწინებით, რომ დავიცვათ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლის უსაფრთხოება. ზოგადად, რა არის ჩვენი მთავარი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის დროს? რა თქმა უნდა, კარგი განწყობა, სულიერი სიმხნევე, ადამიანების სითბო და სიყვარული. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, შეშინებულები და დათრგუნულები? რა თქმა უნდა, არა. ჩვენი მომავლის რწმენა, იმედი, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, ერთმანეთის სოლიდარობა, რა თქმა უნდა, დაასუსტებს ამ უხილავ მტერს. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ხალისი, ბავშვების ჟრიამული, კისკისი არის ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ამ ვირუსს. მას შემდეგ, რაც გამოვთქვი სურვილი, რომ შეზღუდვების საათებში გამოირთოს საახალწლო ილუმინაციები, ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვმართა თხოვნით, რომ შეზღუდვის მიუხედავად ღამის საათებში მაინც დაგვეტოვებინა საახალწლო განათებები. რომ დავფიქრდეთ, ვინ ნახულობს ღამის განათებებს მაშინ, როდესაც საკომენდანტო საათი იწყება? დღესაც მერიაში თანამშრომლებმა ვიმსჯელეთ, როგორ მოვიქცეთ. ამ განათებებს ნახულობენ ის ადამიანები, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ყველაზე სტრესულ მდგომარეობაში არიან. ეს არიან ჩვენი ექიმები, რომლებიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, ეს არიან ჩვენი პოლიციელები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავენ, ასევე ჟურნალისტები და თბილსერვისის თანამშრომლები, ჩვენი მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა გადაუდებელი სამუშაოების გამო ქუჩაში მყოფი თბილისელები, ოჯახები, რომელთა ფანჯრებიდან, აივნებიდან ჩანს იმედიანი ქალაქი, საახალწლოდ მორთული, გამხიარულებული და ულამაზესი თბილისი - თითქოს თბილი და მყუდრო ქუჩები ამ ადამიანების დაღლილობას, სტრესს და მძიმე სამუშაო დღეს მალამოდ დაედება, გაათბობს და იმედით აღავსებს. შესაბამისად, ვითვალისწინებთ ამ მოთხოვნებს, თითოეული თბილისელის სურვილს, დარჩეს ჩვენი ქუჩები განათებული და შესაბამისად, დღეიდან ქალაქში საახალწლო ილუმინაციები არ გამოირთვება. ხაზი გავუსვა იმას, რომ კოვიდი ახალ წელს ვერ მოკლავს, ვერ ჩააქრობს სინათლეს და სიცოცხლეს სურვილს ჩვენს გულებში, იმედს ჩვენს თვალებში, ვერ ჩაგვაბნელებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს 9 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა

თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 9 კოვიდინფიცირებული ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტინ კოჯამ განაცხადა, რომ ხანძარი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩნდა. საავადმყოფო სამხრეთ თურქეთის პროვინციაში, გაზიანეთში მდებარეობს. შვიდი კოვიდინფიცირებული ადგილზე გარდაიცვალა, ერთი - სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. გარდაცვლილთა ასაკი 65-დან 85 წლამდეა.

აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და Microsoft-ზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის ფედერალურ სააგენტოებზე, კერძო კომპანიებსა და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე რუსმა ჰაკერებმა მასშტაბური კიბერთავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ჰაკერებმა ფედერალური სააგენტოებიდან და სხვადასხვა ობიექტიდან ინფორმაციის მოპარვა შეძლეს. მედიის ინფორმაციით, თავდასხმის უკან, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლება იდგეს. რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა მედიამ აშშ-ის სავაჭრო პალატის სერვერზე ჰაკერული თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რის გამოც ფედერალური გამოძიება დაიწყო. აშშ-ის მთავრობაში აღნიშნავდნენ, რომ ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალი იყო და ჰაკერულ თავდასხმას უფრო დიდი მასშტაბები ჰქონდა.

კარლ ჰარცელი: პოლიტიკურ დიალოგი საბოლოოო ჯამში, აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ რეალურად გამოვიდეთ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის აზრით, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საპარლამენტო მანდატების შეჩერებაზე განაცხადი, პოლიტიკური შეთანხმების საკითხზე კარის დახურვა იყო. აღნიშნული განცხადება ელჩმა მიმდინარე კვირის პოლიტიკური მოვლენების შეჯამებისას გააკეთა და პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შესახებ ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროკავშირი რევოლუციურ ნარატივს მხარს ვერ დაუჭერს. ჰარცელის შეფასებით, მოლაპარაკების მხარეები დაახლოების ნაცვლად, კიდევ უფრო შორდებიან ერთმანეთს. "მინდა შევაჯამო ამ კვირის განმავლობაში მომხდარი პოლიტიკური მოვლენები. მიმდინარე კვირა საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმით დაიწყო ოპოზიციური პარტიების მხრიდან, სადაც მე ვიგრძენი, რომ იმ დღეებში იყო გადაჭარბებული ზეწოლა პარლამენტის კონკრეტულ წევრებზე, რათა მათ მიეღოთ მსგავსი გადაწყვეტილება, რამაც, საბოლოოდ, ხელი შეუწყო კარის დახურვის პროცესის დაწყებას იმ შეთანხმების მიღწევაზე მუშაობისას, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ვაგრძელებ ბრძოლას. ამის შემდეგ მოხდა ორი კანონის ინიცირება, რეგისტრაციის მოხსნისა და პარტიების დაფინასების შესახებ. ვფიქრობ, ეს ინიციატივები არ დაეხმარება პროცესს. სიმართლე გითხრათ, გარკვეულ შეშფოთებასაც იწვევს. ზოგადად, რეგისტრაციის მოხსნა, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიმართ, ყოველთვის კითხვებს ბადებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა, როგორც ჩანს, კანონის მიღებას ახლავს გარკვეული განზრახვები“, - აცხადებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. მისივე თქმით პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი ფართო განხილვას საჭიროებს. „ შეიძლება, ზოგიერთებისთვის არსებობდეს ლოგიკა, რომ, თუ არ მონაწილეობს საპარლამენტო ცხოვრებაში და არ იღებს პროცესებში პასუხისმგებლობას, რატომ უნდა მიიღოს დაფინანსება. ამაზე უფრო დიდი არგუმენტი არის ის, რომ უნდა დავფიქრდეთ, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური პარტია დემოკრატიისთვის და რომ პარტია პარლამენტში მხოლოდ სივრცის შესავსებად არ არის. ამ ქვეყანაში იყო ისეთი კანონები რომლებიც ნაკლებ ბარიერს ქმნიდა პარტიების დასაფინანსებლად და პარლამენტში მოსახვედრად. ეს აღიარებული ფაქტია. პლურალისტური დემოკრატიის ნაწილია, რომ პოლიტიკურ პარტიებს, ვისაც აქვს ამბიცია, მოხვდეს პარლამენტში, ან წარმოადგენდეს საკუთარ ამომრჩეველს საკანონმდებლო ორგანოს გარეთ. ვფიქრობ, ეს კანონი საჭიროებს მსჯელობას”, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში. ჰარცელი ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. „ახლა ის დროა, განსხვავებული მხარეები ფოკუსირდნენ ერთ საკითხზე მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს მაწუხებს მე, ეს უფრო მნიშვნელოვანია ახლა, ვიდრე სხვა დანარჩენი. ჩემი, როგორც ფასილიტატორის აზრია, რომ მხარეები ამ ქმედებებით უფრო შორდებიან, ვიდრე უახლოვდებიან და ეს ხდება მაშინ, როცა დრო იწურება. მე მოვუწოდებ ყველას, ეს დრო გამოიყენონ კარგი შედეგის მისაღწევად. ჩვენ მზად ვართ მათ დასახმარებლად. ვითარება სერიოზულია. რაც მახარებს, არის ის, რომ ყველა მხარეს შორის არის მზაობა, მაგრამ ყველა მხარემ უნდა გადაწყვიტოს, თუ რაზე ისაუბრებს და როგორ მიაღწევენ შეთანხმებას. მეხუთე რაუნდამდე უნდა მივიდეთ. ფასილიტატორები ვფიქრობთ, რომ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. წინასწარი მოლოდინები არ მაქვს. რაც მოხდა, ეს პარტიების პოზიციებს ერთმანეთს უფრო აშორებს. რევოლუციური ნარატივი არ დაეხმარება პროცესს, ამის მხარდაჭერა ჩვენგან ვერ იქნება. ქუჩის პროტესტი და აზრის გამოხატვა დემონსტრაციის გზით და თუკი ის მშვიდობიანია, მისაღებია. იმედი მაქვს, პროტესტი არ ჩააანაცვლებს მოლაპარაკებების პროცესს. დიალოგისთვის ყველაზე დამაზიანებელი არის ნდობის არარსებობა. არ ვიცი, როდის იქნება მეხუთე რაუნდი, შეიძლება ხვალ, ან - შემდეგ კვირას," - აცხადებს კარლ ჰარცელი.

გიორგი გახარია: გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგაში უფლებამოსილების შესრულებას რამდენიმე თვეში შეუდგება, მანამდე ჩვენს გუნდში გააგრძელებს საქმიანობას

პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გახარიას განცხადებით, გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლე გახდა როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, ლორთქიფანიძე რამდენიმე თვეში შეუდგება ჰააგის სასამართლოს მოსამართლის საპატიო და საპასუხისმგებლო უფლებამოსილების შესრულებას, მანამდე კი, საქართველოს მთავრობის გუნდში გააგრძელებს საქმიანობას. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 დეკემბერს, პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა დასამტკიცებლად. მთავრობის ახალ შემადგენლობაში გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატია. 2013 წლიდან კი იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გახდა ცნობილი - გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის კვოტით. სწორედ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში.ამაყი ვარ ამ უდიდესი მიღწევით და დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით ის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამართლე იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში", - განაცხადა გიორგი გახარიამ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლედ 18 დეკემბერს აირჩიეს.

სენატორი ჯიმ რიში: ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება უნდა ჰქონდეს

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში ეხმაურება. „ამერიკის ხმის" შეკითხვაზე პასუხად სენატორი აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არ უნდა დაუშვას ოპოზიციური პარტიების ხმის ჩახშობა. „ძლიერი დემოკრატია მოიცავს სიტყვის თავისუფლებას. საქართველო უკვე ძალზედ დაზიანდა პოლიტიკური ანგარიშწორებით და ამის მსგავსი კანონპროექტები უთანასწოროს ხდის პირობებს, რომლებითაც ყველა პოლიტიკურმა მონაწილემ უნდა ისარგებლოს. მმართველი პარტიები ოპოზიციური ხმის ჩახშობის მცდელობებისგან თავს უნდა იკავებდნენ და პირიქით უნდა ეცადონ, რომ ყველა მხარეს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობის თანასწორი საშუალება ჰქონდეს", - ​ამბობს სენატორი, "ამერიკის ხმასთან" წერილობით კომენტარში. სენატორმა 31 ოქტომბრის არჩევნებისა და მიმდინარე პოლიტიკური მოლაპარაკებების შესახებ განცხადება არ გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში ინიცირების სახით შევიდა საკანონმდებლო პროექტების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას და შეწყვეტას იმ პარტიებისთვის, რომლებიც სრულად არ ითვისებენ საპარლამენტო მანდატებს, ან არასაპატიო მიზეზით არ დაესწრებიან საპარლამენტო სხდომებს. მეორე კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას, რომლის წინასაარჩევნო აგიტაციაში პოლიტიკური ლიდერის რანგში მონაწილეობას მიიღებს პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს. ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ბოიკოტს აგრძელებენ.